asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლელა + ლევანი
ლელა + ლევანი
ლელა + ლევანი

2011-06-17 17:08:54



21

დედაჩემი ერთ საყვედურს არ მეტყოდა, თუმცა ისეთი დარდიანი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ვენანებოდი და ცოცხალს მგლოვობდა.

ჩუი სიხარულით მეგებებოდა, ფეხებში მებლანდებოდა, იატაკზე გაგორდებოდა და მოფერებას მთხოვდა.

ინეზას, ნონას და ხათუნას ხშირად ვნახულობდი. ისე მექცეოდნენ, თითქოს დაკარგული ვიყავი და ჩემი პოვნა უხაროდათ. ხათუნას ჰოლანდიაში მიტოვებისთვის გულწრფელად მოვუბოდიშე. მაგაზე აღარ იდარდოო, მეგობრულად დამამშვიდა; თითქოს ყველა ყველაფერს მპატიობდა, შემწყნარებლურად მექცეოდნენ – ლევანს კი თავდაჭერით ახსენებდნენ, ელენე არ გავანაწყენოთო. დედაჩემის გარემოცვაში ყოფნა არასოდეს მბეზრდებოდა, თუმცა ზოგჯერ ვიწყენდი და მოსვენებას ვკარგავდი, თითქოს ეკლებზე ვიჯექი, ლევანთან მინდოდა.

მასთან ყოველთვის საკუთარ თავს ვგრძნობდი, დედაჩემთან კი – გაორებას.

მშობელს ხშირად უჩვეულო შეშფოთებას ვატყობდი. "შენ გამო ვშიშობ, წუხელ ცუდი სიზმარი ვნახე!.." ამოოხვრით მეტყოდა ხოლმე. "კარგი რა, დედა! – მსუბუქად ვსაყვედურობდი, – რისიც გეშინოდა, ის უკვე მოხდა, ლევანზე გავთხოვდი!" სინანულით შემომხედავდა, "შენი დაკარგვის შიში მაქვს, შვილო!" – ამოჩემებულივით მიმეორებდა და ჩემს გაკვირვებას იწვევდა. ლევანს იშვიათად ახსენებდა, არც საყვედურობდა და არც მასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამდა. ზოგჯერ გაურკვეველი ეჭვი მიპყრობდა, ადამიანს, რომელიც მე მიყვარს, რატომ არ ენდობა–მეთქი. თუმცა მომავლის იმედს ვიტოვებდი, ჯვრისწერა გვექნებოდა და ამ გაუგებრობას ბოლო მოეღებოდა.

ლევანს თითქოს ბედი სწყალობდა – ცოტაოდენ ფულს შოულობდა. კანონს არ ვარღვევ და შემოსადავებელსაც არაფერს ვაკეთებო, მარწმუნებდა. "09" მარკის ჟიგული იყიდა, ინსტიტუტშიც მივყავ–მოვყავდი და დედაჩემთანაც მაკითხავდა. თითქოს არაფერი გვიჭირდა, მშვიდად ვცხოვრობდით, მაგრამ ზოგჯერ გაუთვითცნობიერებული შიში მიპყრობდა და მასთან უსიამოვნო საუბარი მქონდა – უნებურად უაზრო კამათში ვიწვევდი.

დედაჩემს ლევანის მოხერხებულობა თითქოს მოსწონდა, კაცი ოჯახის მარჩენალია და სარჩოს მოსაპოვებლად კლდეზეც უნდა აცოცდესო. ოქროს სამკაულებიც ფარული კმაყოფილებით შეათვალიერა და, ვგრძნობდი, სიამოვნებდა, მანქანით რომ დამატარებდა, ექიმთან კონსულტაციაზე დავყავდი და საორსულო კაბებსაც თვითონ მირჩევდა.

იმ დღეს ბედმა გვიმუხთლა: მანქანით ვაკის პარკისკენ მივსეირნობდით, მოულოდნელად გზაზე ბიჭუნამ გადაგვირბინა, ლევანი სატერფულს დააწვა და მანქანა დაამუხრუჭა, უნებურად გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კაპოტით ჭადარს შეასკდა, მუხლი გადავიყვლიფე და შესამჩნევი ნაკაწრი დამეტყო.

მეორე დღეს დედაჩემთან მივედი, სამწუხაროდ, შარვლის ჩაცმა დამავიწყდა, ნატკენი შენიშნა, ფერი დაკარგა, სავარძელში ჩაეშვა, თავი საზურგეს მიაყრდნო და გამომცდელად მკითხა: "სად იტკინე?" არ დავბნეულვარ და არც ფერიფური შემცვლია, კიბეზე წავიბორძიკე და საფეხურს მივარტყი–მეთქი, დამამშვიდებლად ვიცრუე. "არა, მატყუებ... აშკარად მატყუებ... ეს იმასთან ერთად შეგემთხვა... მითხარი, მანქანა დაამტვრია, ხომ?!" თვალებში მომაჩერდა, თავი სინანულით გაიქნია. "ისეთი არაფერი მომხდარა, დედა, ბიჭმა გადაგვირბინა და ხეს შევეჯახეთ..." დარწმუნებული ვიყავი, ვიღაცამ ამბავი მოურბენინა. "ღმერთო ჩემო, ხომ ვამბობ, ცუდი წინათგრძნობა მაქვს–მეთქი!" შეიცხადა და სიგარეტს უჩვეულო დაძაბულობით მოუკიდა. "როგორ, ამის შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყვე?" გაკვირვებით ვკითხე. "რა თქმა უნდა, წინდაწინ ვიცი, მის ხელში კარგი დღე არ მოგელის... მას სიგიჟემდე უყვარხარ თუ არა, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს... დაუდევარია, ხიფათიანია და ძალაუნებურად დაგღუპავს... ამას მთელი არსებით ვგრძნობ და, გგონია, მისი სიყვარულისთვის გეწინააღმდეგები?.." თვალზე ცრემლი მოადგა, ლამის აქვითინდა. გაოგნებული მივჩერებოდი, თითქოს მის გონებას მაგიური ძალა მართავდა – ეშმაკი შეჩენოდა და ცუდ ამბებს უწინასწარმეტყველებდა, ჩემს დაღუპვას უქადდა, ხოლო ბოროტების მთავარ მიზეზად ლევანს უსახავდა და სიმშვიდეს აკარგვინებდა. "შენმა წინათგრძნობებმა დამღალა!" – მობეზრებით წარმოვთქვი და, ცოტა არ იყოს, ირონიულად მივაჩერდი. შეცბა, ჩემგან ასეთ სისასტიკეს არ მოელოდა, ნაწყენი მზერა მომაპყრო – მომეჩვენა, თითქოს სულიერად ვერ იყო კარგად – განწირულივით წამჩურჩულა: "ფრთხილად იყავი, შვილო, ფრთხილად!.." და ცრემლები ჩუმად მოიწმინდა. შემებრალა, გული დამეწვა, მუხლებთან ჩავუცუცქდი, კალთაში თავი ჩავუდე და გულწრფელად დავარწმუნე, რომ ყოველთვის ფრთხილად ვიქნებოდი. ისიც დავძინე, ლევანი ხელისგულზე მატარებს–მეთქი.

ამგვარი ყოფა, მოთმინების შენარჩუნება და ურთიერთგამომრიცხავი წინააღმდეგობების დაძლევა თანდათან მღლიდა და საგონებელში მაგდებდა.

ადგილი, სადაც ყველაზე მშვიდად ვგრძნობდი თავს, მხოლოდ ჩვენი აივანი იყო, სადაც საათობით ვიჯექი ხოლმე და იდუმალებით მოცულ საფლავებს გადავყურებდი – უსიცოცხლო მდუმარებით შეპყრობილი სამყაროს შეგრძნება თითქოს სიცოცხლის სიყვარულს მიმძაფრებდა. როცა ლევანი კარს გააღებდა და ცხოვრებისკენ პირს ვიბრუნებდი, მოუსვენრობა მეუფლებოდა, ამქვეყნიური მღელვარება სიყვარულის დაკარგვით მემუქრებოდა. სააქაოსა და საიქიოს ზღვართან მდგომი სიკვდილისგან უფრო მეტ დანდობას ვგრძნობდი, ვიდრე სიცოცხლისგან. სიკვდილი სიყვარულში არ მეცილებოდა და, დაკარგვას კი არა, მარადიულობასთან ზიარებას მიმანიშნებდა. სიცოცხლე კი სადარდებელს მიქმნიდა, სიყვარულის გაუფასურებასა და მომავლის შიშს მიქადდა.

ოთხი თვის თავზე ექოსკოპიაზე გამაშუქეს და სიამოვნებით გვამცნეს, ვაჟი გეყოლებათო. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ბავშვის სახელის შერჩევაზე საათობით ვკამათობდით, ერთმანეთს არ ვუთმობდით, ბოლოს ვზავდებოდით, შეთანხმებას ვაღწევდით, ჯერ ქვეყანას მოევლინოს და ამაზე მერე ვილაპარაკოთო.

ერთხელ ლევანის დაბრუნების მოლოდინში ვიყავი, აივანზე ვიდექი და სასაფლაოს გადავყურებდი. ჩემი ყურადღება ერთ–ერთ საფლავთან მოახლოებულმა წყვილმა და პატარა ბიჭმა მიიპყრეს; ქალი და კაცი ცოლ–ქმარი ჩანდნენ, ხოლო ის ბავშვი – მათი ვაჟი, თუმცა წყვილი გვერდზე გადგა, ბიჭუნამ კი ცოცხალი ყვავილებით საფლავი შეამკო და თავი დახარა. მისმა საქციელმა უცნაურად ჩამაფიქრა, დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა აღმიძრა.

მას შემდეგ მსგავსი ფაქტი არაერთხელ განმეორდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე, დაბლა ჩავედი, ვიწრო ბილიკს დავადექი და მალე შავი მარმარილოთი მოპირკეთებულ საფლავს მივუახლოვდი – ქვაზე გამოხატული ლამაზი ქალის პორტრეტის წინაშე აღმოვჩნდი, რომელიც ოცდაერთი წლის ასაკში გარდაცვლილიყო. სიბრალულისგან დავიწვი, ღმერთმა როგორ გაიმეტა–მეთქი, წუხილით გავიფიქრე. ამ დროს სასაფლაოს მომვლელი ქალი მომიახლოვდა, ღიმილით მომესალმა, ისე დამაკვირდა, თითქოს ჩემი აზრები ამოიკითხა და დედაკაცური წუხილით დაიწყო: "მშობიარობას გადაჰყვა, ქმარმა წლისთავზე სხვა ქალი შეირთო, აქ რომ ბიჭუნა მოდის და ყვავილები მოაქვს, მისი დედაა... – სინანულით გაიქნია თავი, – ხშირად აივანზე გხედავ!.." თითი გაიშვირა და, სვეტლანა დეიდას მეძახიანო, მეგობრულად გამეცნო.

მზე ნარიყალას ფერდობებს მოეფარა და ვერის სასაფლაოზე დავანებულმა მყუდროებამ ღამის მოახლოება მამცნო.

ცოტა ხნის შემდეგ ისევ აივანზე ვიდექი და რატომღაც იმ გარდაცვლილი ქალის ბედზე ვფიქრობდი: "მალე მეც ოცდაერთის გავხდები და მშობიარობას რომ გადავყვე?" გამიელვა თავში და უნებლიეთ ლევანი სხვა ქალთან ერთად წარმოვიდგინე, ჩვენს ვაჟს საფლავთან რომ მოაცილებდა – ტანში ჟრუანტელმა დამიარა და სულელივით ავტირდი, საკუთარი თავი შემებრალა, ნევრებს ავყევი და კინაღამ ისტერიკაში ჩავვარდი.

გონს მაშინ მოვეგე, როცა მუცელთან ლევანი ჩამიცუცქდა და გაკვირვებით ამომხედა. დავმშვიდდი, ცრემლი მოვიწმინდე და მერე გამახსენდა, რისთვისაც ვტიროდი, ლევანი საყვედურით გავირიდე და კვლავ ავქვითინდი: "მშობიარობას რომ გადავყვე, შენ სხვა ქალს შეირთავ!" – პირდაპირ დავადანაშაულე. ერთხანს გამოთაყვანებული მიყურა, მერე გამოფხიზლებულივით დამაკვირდა, ორსულობამ ცუდად ხომ არ იმოქმედაო, ეს თუ იფიქრა და, ფრთხილად მკითხა: "საიდან მოიტანე?" ლოყაზე მაკოცა, ცრემლი მომწმინდა. "მიპასუხე, ასე რომ მოხდეს, სხვა ქალს შეირთავ?!" ამჯერად ჯიქურ ვკითხე და ქვითინი გავაგრძელე. "რამე რომ დაგემართოს, თავს არ ვიცოცხლებ!" ისეთი გამომეტყველებით მითხრა, მაშინვე თავს ვუსაყვედურე, გიჟივით ვიქცევი–მეთქი. ბოლოს მაინც გამოწვევით წარმოვთქვი: "თავს არ მოიკლავ, შვილს უპატრონოდ არ დატოვებ!" ჩაფიქრდა, მოაჯირისკენ შებრუნდა და იდუმალების ბურუსში გახვეულ სასაფლაოს დიდხანს უცქირა. "უშენოდ არც შვილი მინდა და არც სიცოცხლე!.." თითქოს უხილავმა ხმამ დუმილი დაარღვია, მომიბრუნდა, ხელში ამიტაცა და იმდენი მეფერა, ვიდრე არ გამაცინა.

იმ ღამეს საფლავების მომვლელი ქალის მონათხრობი გავანდე. გულისყურით მისმენდა, მრავლისმეტყველი სინანულით ეღიმებოდა, მიცვალებულის ასაკისა და ვინაობის შესახებ ერთხელაც არ დაინტერესდა. ბოლოს ნაღვლიანად დაიწყო: "იმ სვეტლანას მთავარი რამ არ სცოდნია... ქალიშვილს თანდაყოლილი გულის მანკი ჰქონდა და ექიმებისგან ადრიდანვე გაფრთხილებული იყო, მისი მშობიარობა სიკვდილს გამოიწვევდა. სკოლა რომ დაასრულა, ერთი ბიჭი შეუყვარდა, ცოლად გაჰყვა და დაორსულდა, მუცლის მოშლა არც უფიქრია, არავის დაუჯერა, საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დადო... სიყვარულის ნაყოფს ვერ მოვიშორებო და დედობას შეეწირა". დადუმდა, თითქოს წარსულში ჩაიძირა. "საიდან იცი?" ფრთხილად დავურღვიე მყუდროება და აშკარად ვიგრძენი, იმ საბრალო ქალიშვილის გამბედაობით მოვიხიბლე. "ჩემს სკოლაში სწავლობდა, ორი წლით უფროსი იყო!" ხელის ჩაქნევით მითხრა და მკლავები მომხვია.

დილით წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში წავედი და ლოცვას დავესწარი. ინსტიტუტიდან დედაჩემს მივაკითხე. მოგვიანებით ლევანმა გამომიარა და გზაში სასიამოვნო ამბავი მამცნო: "ტატოს მამამ სამსახური მიშოვა მთაწმინდის რაიონის გამგეობაში, ეკონომიკური განყოფილების თანამშრომლად მომაწყო... ხელფასი სამოცი ლარი მექნება!" სიცილით დასძინა. "მაინც სამსახურია!" გული არ გავუტეხე.

სამედიცინო ინსტიტუტის მოსწავლეები ახალი ჭორით იქცევენ თავს: რუსკას ბორჯომელ ზაზასთან ბავშვი და საყვარელი მამაკაცი თითქმის ერთდროულად გაუჩნდა. პატარას მომვლელი ქალი აუყვანეს, საფენებსა და საჭირო საკვებს ზაზა მოარბენინებს, საქმეს დროზე მიხედეო, წარამარა ახსენებს ცოლი და ერთ–ერთი კომპანიის მენეჯერს ურეკავს, ინსტიტუტის შესასვლელთან დამელოდეო. ზურგს უკან ყველა დასცინის, საბრალო ბორჯომელს რქოსანს ეძახიან, მე კი რუსკას მაგივრად მრცხვენია და თანაც მიკვირს, მის არსებას ასეთი რა მაცდუნებელი ძალა მართავს, საკუთარი გრძნობები სათამაშოდ რომ გაუხდია – არც დედობა აოკებს და არც ოჯახის პასუხისმგებლობა. ჩვეულებრივად ვესალმები, რჩევის მიცემასა და გადარწმუნებას აზრი არ აქვს, ყველამ საკუთარ უკანალს მიხედოსო, მკვახედ მეტყვის.

წუხელ ლევანმა სამასი დოლარი მომცა. გამიკვირდა, "აკი ხელფასი 60 ლარი მაქვსო?.." გამომწვევად შევახსენე. უკმაყოფილოდ შემომხედა, "60 ლარი ბენზინის ფულადაც არ მყოფნის!"

– რომელმა ბიზნესმენმა ან მევალემ გიწილადა?! – გამაღიზიანებლად მივაჩერდი.

– თუ ვინმე რამეს მიწილადებს, ღმერთს მადლობა შესწირე!.. – ნიშნისმოგებით მითხრა, – არაფერს ვაშავებ! – ისეთი დარწმუნებით დასძინა, წესით, ხმა არ უნდა ამომეღო.

ვიცოდი, ვერელ ძმაკაცებთან ერთად ფულიან საქმეებში ერეოდა და ხანდახან კაზინოშიც დადიოდა.

– ქუჩას ჩამოშორდი და ახლა კაზინოებში გადაინაცვლე? – უკან არ ვიხევდი, ვგრძნობდი, მოთმინებიდან გამომყავდა.

ირონიულად შემომხედა.

– აბა, კალთაზე ხომ არ ჩამოგეკიდები?.. ცხოვრება მოულოდნელ სიურპრიზებს მთავაზობს, იძულებული ვარ, თბილისური საზოგადოებისთვის მისაღები წესებით ვიარსებო...

– კაზინოსა და რესტორანში დაკარგულ დროს რითი აინაზღაურებ?.. შენ ხომ ჩვენს სიყვარულს უმოწყალოდ ძარცვავ?.. – ამ დროს დედაჩემის სიტყვები გამახსენდა, თვალებში სიბრაზე გამიკრთა.

– გეყოფა... უაზრო კამათს ყოველდღიურ საქმედ ნუ ხდი... ტყუილუბრალოდ ნერვიულობ, შენს მდგომარეობას გაუფრთხილდი! – დაყვავებით დასძინა და მუცელზე სიყვარულით შემავლო თვალი.

მოვლბი.

ასე იყო ყოველთვის, თითქოს სხვაგვარად არ შეგვეძლო, დაძაბულობიდან სასიყვარულო ურთიერთობაზე გადავდიოდით, ცხოვრებას ვებრძოდით – უკუღმართობას, ყოველ წვრილმანს და მსხვილმანს, უკმაყოფილების ტალღას ცოლქმრული პასუხისმგებლობით ვუმკლავდებოდით – მომავალს ვებღაუჭებოდით და მოულოდნელად წამოჭრილი პრობლემების დაძლევას ვცდილობდით.

აივანზე დგომა და ვერის სასაფლაოს იდუმალება კვლავ უჩვეულო სიმშვიდეს მგვრიდა. ხანდახან დაბლა ჩავდიოდი და სვეტლანა დეიდას საფლავების დასუფთავებაში ვეხმარებოდი, გარდაცვლილთა შესახებ გულში ჩამწვდომ ისტორიებს ვისმენდი.

ბოლო დროს უჩვეულო სიზმარს ვნახულობდი: თითქოს მე და ჩემი პატარა ბიჭი ვერის სასაფლაოზე გავრბოდით, საფლავებს უკან ვიტოვებდით და ხასხასა მინდორზე გავდიოდით. სადღაც შორს მზის ჩანჩქერივით ეშვებოდა თვალისმომჭრელი შუქი, მთელი არსებით მისკენ მივისწრაფოდით... ფეხდაფეხ ლევანი მოგვდევდა, ხმამინავლული გვეძახდა, არ მიმატოვოთ, დამელოდეთო, ხელით გვანიშნებდა... ჩვენ მაინც გავრბოდით, თითქოს მოკაშკაშე ჩანჩქერისთვის უნდა მიგვესწრო...

22

ლელას იდუმალი შიში არ ასვენებდა: შარს არ გადავყროდი, საზოგადოების წინაშე თავი არ შემერცხვინა და მისიანების გასაკიცხი არ გავმხდარიყავი. როცა მშვიდად ვკითხავდი, ჩემში რატომ ეპარებოდა ეჭვი, სინანულით შემომხედავდა, შენ კი არა, იმ საზოგადოებას არ ვენდობი, რომელშიც ტრიალებ და, რომელსაც სწორედ ალალმართალი, სიყვარულისთვის თავდადებული ადამიანების დაღუპვა ძალუძსო. რასაც გულისხმობდა, კარგად მესმოდა და ყოველთვის ვცდილობდი, შიში არ ჰქონოდა – ვარწმუნებდი, ისეთ საქციელს არასოდეს ჩავიდენდი, კანონის წინაშე პასუხი მეგო და ჩემი დაუფიქრებლობით განსაცდელში ჩამეგდო. ზოგჯერ მასთან შეკამათებას თავს ვარიდებდი და პატარასავით ვუყვავებდი, ვეფერებოდი – ყველაფერს მის ფეხმძიმობას ვაბრალებდი, ბებიაჩემის მოსაზრებას ვიხსენებდი: ყველა ორსული ქალი ჭირვეულიაო.

ბებია თითქმის აღარც გვახსოვდა. ზოგჯერ თვითონ შეგვახსენებდა თავს, დაგვირეკავდა, თბილად მოგვიკითხავდა, ერთმანეთს გაუფრთხილდითო, ჭკუას დაგვარიგებდა და სახარჯო ფულს გვიგზავნიდა. "შენ მანდ წელებზე ფეხს იდგამ და კიდევ ჩვენზე ფიქრობ?" ვსაყვედურობდი და ფული აღარ მჭირდება–მეთქი, ალალად ვარწმუნებდი.

დედამისთან ჩემი ცოლის მისვლა–მოსვლას ისევ ვერ შევგუებოდი. ის ქალი რაღას მერჩოდა, ვეღარ ვხვდებოდი – ცოლ–ქმარს თითქოს ხელს გვიწყობდა, მე კი სათოფეზე არ მიკარებდა, ამის გამო ლელას ახლობლებიც მერიდებოდნენ, რაღაცას არ მპატიობდნენ, აშკარად მაგრძნობინებდნენ, ბოლომდე არ გენდობითო.

ზოგჯერ მოთმინებას ვკარგავდი და ლელასთან დავიჩივლებდი, შენიანებს ისეთი რა დავუშავე, ჩემთან ურთიერთობა არ სურთ–მეთქი. ეცინებოდა, ცოტაც მოვითმინოთ და ყველაფერი მოგვარდებაო, მამშვიდებდა. როცა ამას მეუბნებოდა, ისეთი გულუბრყვილო თვალები ჰქონდა, მისი მოფერების სურვილით ვინთებოდი, ყველაფერი მავიწყდებოდა.

მთაწმინდის გამგეობაში ცოტა ხნით გამოვჩნდებოდი, მერე ჩემს ნებაზე მივდიოდი, კაციშვილი არაფერს მავალებდა და არც არაფერს მეკითხებოდა. თითქმის ყველა თანამშრომელს საკუთარი ბიზნესი ან ფარული საშოვარი გაეჩინა – ზოგი სახელმწიფო კანცელარიაში დაძვრებოდა, ზოგსაც რომელიღაც სამინისტროსთან დაეჭირა საქმე, ვინ სასამართლოში ჩალიჩობდა და ვინ კიდევ – პროკურატურაში.

სულ იმას ვფიქრობდი, ნეტავ ამათი ცოლები ლელასავით თუ ნერვიულობენ და ქმრებს საყვედურობენ–მეთქი.

ხალხის საკეთილდღეოდ თითქმის არავინ ზრუნავდა და, საკვირველი სწორედ ის იყო, სახელმწიფო საერთოდ როგორ არსებობდა. ზოგჯერ იმის შიში მიპყრობდა, ცხოვრებას ვერსად გავექცევი და მეც ამათ დავემსგავსები–მეთქი. ასეთ სულიერ გადაგვარებას ნამდვილად ვერ შევეგუებოდი – ამას სიკვდილი მერჩია. ბედნიერი ვიყავი იმით, ლელა მიყვარდა და არსებობის საყრდენს ვპოულობდი, ზნეობრიობას ვინარჩუნებდი...

იმ დღეს ერთი მეიდნელი ებრაელი, აბელ თაითმელაშვილი დამიკავშირდა, სინაგოგასთან დამითქვა შეხვედრა, შენთვის სარფიანი საქმე მაქვსო. ებრაელს "პირიმზედან" ვიცნობდი, ადრე კოკარდიან ქუდებს კერავდა. ჰალსტუხსა და შარვალ–კოსტიუმში გამოწკეპილი გამეჩითა, ვიფიქრე, სამოდელო სახლის დირექტორი გამხდარა–მეთქი. მანქანაში ჩავისვი, ამიკო და კიაზო გავაცანი; ერთხანს გაურკვევლად ილაპარაკა, მიედ–მოედო, თითქოს წინდაწინ თავი მოგვიქონა და ბოლოს შეპარვით დაიწყო: "ბიჭებს დავენაცვლე, ვისა აქვს გადასაყრელი მაყუთი, ნათესაობაში სამოცი ათასი ამერიკული მწვანე მოვკრიბე, საბურთალოელმა ზურაბ თოფჩიშვილმა, სომხეთში იაფად ვიღებ ოქროს და თავი თავზე დაგვრჩებაო. მივუცუნცულე, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი–მეთქი... მას შემდეგ დაიკარგა, არც ფული ჩანდა და არც ოქრო. ბაიყუშივით ველოდი, მოგებას ვინღა ჩიოდა, ნასესხებ დოლარებს მივსტიროდი, ჩაილურის წყალი დალია–მეთქი, თავ–პირში მჯიღებს ვიცემდი, ლამის ინფარქტი ავიკიდე... – აბელმა ხელი მკერდზე მიიდო, გამომცდელად მოგვათვალიერა, რამდენად გაითვალისწინეს ჩემი გულისტკივილიო, – წელიწადნახევარი მამაზეციერის იმედმა გამაძლებინა, ბოლოს, როგორც იქნა, თოფჩიშვილი გამოჩნდა, აქეთ შემომედავა, სომხეთში დამიჭირეს, ათი კილოგრამი ოქრო წამართვეს და ციხეში მიკრეს თავიო, ამბავიც არ გიკითხავს, მოგებას ხარბად რომ ელოდი, წაგებაშიც უნდა წამოხვიდეო... გავგიჟდი, რას მესარჩლები, მე ხომ არ ჩამიშვიხარ–მეთქი, ბრაზი მომერია. თავანი ფული მოვთხოვე, სულ ამიხირდა, ვიღაც შავები დამახვედრა, ძიაჯან, ზურა ჩვენი უფროსი მეგობარია და სულის მოთქმა უნდა აცალოო. ამასობაში მოვკვდები, დაგენაცვლეთ, მერე ფულს რა თავში ვიხლი–მეთქი, დავიჩივლე და იმ პატიოსან ხალხს ნასესხები დოლარების ამბავი ვაუწყე. ძიაჯან, კარგი კაცი ჩანხარ, მაგრამ, თუ ოფოფი არ არის, როგორ ააფრენო. ერთმა წითურმა ისიც კი მითხრა, მოგება და წაგება ძმები არიან, გული ნუ გწყდებაო. ამდენი ფული იმიტომ ვივალე, ამ ოჯახაშენებულს მოეგო და ჩემთვისაც ეწილადა, თორემ წაგებისთვის თითს როგორ გავანძრევდი–მეთქი, ცოტა არ იყოს, გავწიწმატდი. მოკლედ, ჩემი მოთხოვნა ყურიდან ყურში გაუშვეს და მშრალად გამომისტუმრეს!.." – დაასკვნა აბელმა და მოჩვენებითი სიბრალულით დადუმდა. "ჩვენგან რა გინდა?" გადაჭრით ჰკითხა ამიკომ. ებრაელი შეცბა, საცოდავი თვალებით მომაჩერდა, "ლევანს დავენაცვლე, ჩემს ხელში გაზრდილი ხარ! – ამიკომ გაკვირვებით გადმომხედა, მე კი გამეღიმა, – ამ საქმეში სხვების ჩარევა არ მინდა, ეს ფული ამაღებინეთ და ოცდაათი ათასი თქვენი ფეშქაში იყოს!.." – ხან მე შემომხედავდა, ხან კიაზოს და ხანაც ამიკოს.

– შენ რა, ოცდაათ ათასად გვქირაობ? – ვეღარ მოითმინა ამიკომ.

კიაზო ნერვებმომშლელად დუმდა, განგებ არ იღებდა ხმას.

– არა, დაგენაცვლეთ, ვინ გაკადრათ... კაცურად გავტეხოთ–მეთქი, სხვა არაფერი მიგულისხმია! – თავი იმართლა ებრაელმა, უკმაყოფილოდ შემომხედა, ეს რა ხალხს გადამკიდეო.

თვალით ვანიშნე, მოუსმინე–მეთქი.

– მანქანიდან ჩადი, აბელ, შენი გასატეხი რა გვჭირს, კაპიკი ვერ აგიღია, მთლიანი თანხა უნდა გამოვქაჩოთ და რამდენსაც გვინდა, იმდენს მოგცემთ...

– ეგ როგორ?.. – თვალები აემღვრა აბელს და კარი ოდნავ შეაღო, ამ გიჟებს დროზე გავეცალოო.

– როგორ და ჭრელად... დახმარება გინდა, ჩვენი თავი გენაცვალოს, შევძლებთ, სამოცივე ათასს ხელში ჩაგიდებთ, მერე გსურს ნახევარი მოგვეცი და, გსურს მარტო მადლობით გაგვისტუმრე... ჩვენ ფულზე არ ვიყიდებით, აბელ!.. – აუხსნა ამიკომ და ებრაელს მანქანიდან გადასვლა ანიშნა.

აბელი გონს მოეგო. "თქვენი შეურაცხყოფა აზრად არ მომსვლია! – თაფლივით დადნა, – ასეთ საქმეში უვიცი ვარ და გამოუცდელი!" საკუთარი თავი გაკიცხა, ათასჯერ მოგვიბოდიშა და, თოფჩიშვილის ჯავრს მიწაში ნუ ჩამაყოლებთო, ნათესავივით შემოგვჩივლა.

თოფჩიშვილი იმ დღესვე მოვძებნეთ, საკუთარ გარაჟში წავაწყდით, იაპონურ "ჯიპში" ჯდებოდა და აბელის ვალზე სულ არ ფიქრობდა. მისვლის მიზეზი შევატყობინეთ, დიდად არ შეწუხებულა, გაურკვევლად გველაპარაკა, ვიღაც უშიშროების თანამშრომელი გვიხსენა, მერე შავებსაც გადასწვდა, ეს საქმე უკვე გარჩეულია, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვითო. ბოლოს იმ ბიჭების ვინაობით დავინტერესდით, აბელს რომ შეახვედრა. თოფჩიშვილს აშკარად ესიამოვნა, იფიქრა, სასწორი ჩემს მხარეს იხრებაო და მათი ვინაობა დაგვისახელა.

ორი მათგანი ბახტრიონელი აღმოჩნდა, მალე შევხვდით, საერთო ნაცნობები გამოვნახეთ და ერთმანეთს ადვილად გავუგეთ. თოფჩიშვილი უნდო და გაიძვერა კაცი იყო, იმათაც დაგვიდასტურეს, ჩვენ გვერდს ვერ აგვივლისო და პასუხისმგებლობა თავიანთ თავზე აიღეს. საბოლოოდ ყველაფერზე შევთანხმდით, თოფჩიშვილს დაარწმუნებდნენ, ფული გადასახდელია და ამას არავინ გაპატიებსო, ებრაელის "ნაფეშქაშარს" კი შუაზე გავიყოფდით.

როცა აბელს სამოცი ათასი დოლარი მივუტანეთ, ფერფური ეცვალა, ხომ არა მეჩვენებაო, ფულს სინანულით დახედა და ნაძალადევად გაიღიმა, "ალალია თქვენზე!" მოჩვენებითი გულწრფელობით ჩაილაპარაკა და დოლარები შუაზე გაყო. ამიკო ეხუმრებოდა, ფრთხილად, აბელ, ჩვენკენ ზედმეტი არ გადმოგყვესო.

მე, ამიკომ და კიაზომ ოთხ–ოთხი ათასი გავინაწილეთ, ათას–ათასი კი თავზე შემოვივლეთ და კაზინოში ისე სწრაფად წავაგეთ, კოპწია და თვალჟუჟუნა დილერის კარგად შეთვალიერებაც ვერ მოვასწარით.

ლელას სულხან–საბა ორბელიანის ქუჩაზე მივაკითხეთ, მერე ამიკოს ცოლ–შვილს გავუარეთ, ბავშვი ქეთის დედასთან დავტოვეთ, რიყეზე ჩავედით და რესტორან "სარაჯიშვილში" მდიდრული სუფრა გავშალეთ – კიაზო თამადად დავნიშნეთ და დარდიმანდულად მოვულხინეთ: ღვინომ, მუსიკამ და თბილმა ატმოსფერომ თავბრუ დაგვახვია...

მე და ლელას მეორე დღეს შინიდან ფეხი არ გაგვიდგამს, ქალაქის გარეუბანში პატარა სახლის ყიდვაც კი დავგეგმეთ.

საღამოს კიაზომ დამირეკა, სასწრაფოდ გამოდი, აუცილებელი საქმე მაქვსო. აღელვებული ჩანდა, ავფორიაქდი, ვიდრე ჩავიცვამდი, ათასი სისულელე წარმოვიდგინე – მანქანა დავქოქე და ბელინსკის ქუჩაზე გავჩნდი. ამიკო ნერვიულად სცემდა ბოლთას, საგონებელში ჩავარდნილივით დუმდა და თვალს მარიდებდა, თითქოს ჩემ წინაშე დანაშაული ჩაედინა.

– ხვალ "ფლამინგოში" ათი ათასი გვაქვს მისატანი!.. – კიაზომ შურისმაძიებელივით გამოცრა.

დილით ერთმანეთს შეხვედრიან, "პახმელიიდან" გამოვიდეთო, არაყი და ლუდი დაულევიათ, შეზარხოშებულან, ამიკოს კაზინოში შესვლა დაუჩემებია, ისეთი წინათგრძნობა მაქვს, უეჭველად მოვიგებო. თავდაპირველად ორი ათასს იგებდა, კიაზოსთვის ყური არ უთხოვებია, ნელ–ნელა შეუტოპავს, მოგებული თანხაც წაუგია და ოთხასიც ჯიბის ფული მიუყოლებია – შინ წამოსულა, დოლარებით მიბრუნებულა, ისიც წაუგია, ისევ წამოსულა და ისევ მიუტანია და, ერთი სიტყვით, ნაწილ–ნაწილ, მთელი თანხა ჩაუშვია და კიაზოს წილიც ზედ მიუყოლებია. კაზინოში კარგად იცნობდნენ, ენდობოდნენ, მეორე დღის მოსატანზე უთამაშია და ათი ათასი დოლარიც დაუმატებია.

კარადა რომ გამოვაღე და მთელი ფული ჯიბეში ჩავიდე, ლელამ გაკვირვებით შემომხედა. როცა ყველაფერი ავუხსენი და ძმაკაცი გულწრფელად გავკიცხე, მობეზრებით ჩაიქნია ხელი, აივანზე გავიდა და ვერის სასაფლაოს ნაღვლიანად გახედა.

მივდექ–მოვდექით, ათი ათასი დოლარი შევაკოწიწეთ და ღამის თორმეტ საათამდე დათქმული თანხა კაზინოს მეპატრონეს ჩავაბარეთ.

თამაშის აზარტით შეპყრობილმა ამიკომ მოსვენება დაკარგა, რევანში უნდა აეღო, ამისთვის კი ფული იყო საჭირო. სამი დღის შემდეგ ბედმა გაუღიმა, დიღმის გზატკეცილზე მდებარე ერთ–ერთი ბენზინგასამართის მფლობელმა ფულიანი საქმე შესთავაზა, გვერდში დავუდექით და ჩვენ წილად სამ–სამი ათასი გვერგო, იმ კაზინოს, რომლის მეპატრონესთან არასოდეს შეგვირცხვენია თავი, მყარი გადაწყვეტილებით მივადექით, თუ ამჯერად არ გაგვიმართლებდა, სათამაშო სახლში ფეხს არასდროს შევდგამდით.

პოკერის მაგიდას მივუჯექით, ათას–ათასი წავაგეთ და ახლა ბლეკ–ჯეკზე გადავინაცვლეთ. აქაც არ გაგვიმართლა, თითქმის იმდენივე დავყაჭეთ. ამიკო ნერვიულობდა, მაგრამ იმედს არ კარგავდა, დღეს უეჭველად მოვიგებთო, უტყუარ ყისმათს იშველიებდა. ბოლოს "რულეტკას" მიადგა და ფსონების ჩასვლაში ხელი არ შემიშალოთო, საქმიანად გაგვაფრთხილა – აზარტულად თამაშობდა და ციფრიდან ციფრზე ინაცვლებდა, იგებდა და აორმაგებდა, სასწაულებრივად უმართლებდა. შვიდ ათასამდე დაწინაურდა, "სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!" რისკიანად თქვა და მთელი თანხა 33–ზე დადო; "ეშმაკის ბორბალი" გულისშემაღონებლად დატრიალდა, ჯადოსნური ბურთულა თავბრუდამხვევად დაბზრიალდა, ბოლოს ძალაგამოლეულივით გარაკუნდა, ჭრილში ჩაგორდა და 33–ზე გაჩერდა. მოთამაშეები პირდაღებულნი მოგვჩერებოდნენ, დილერი დაბნეულად ითვლიდა წაგებულ ფიშკებს და წინ გორასავით გვიხვავებდა. ამიკომ რამდენიმე ხელი კიდევ ითამაშა, სიმბოლური თანხა წააგო და სათამაშო მაგიდას გამოეცალა.

სალაროსთან მოუსვენრად ვცქმუტავდით, ოვალურად გამოჭრილი სარკმლიდან ორმოცი ათასი დოლარის განაღდებას ველოდით. მოლარე ქალი რატომღაც თავს იკავებდა, თითქოს ყოყმანობდა, უხერხულად გამოგვხედავდა, ვიღაცას ტელეფონით ეკითხებოდა, ამდენი ფული არ მაქვს და კლიენტებს რა პასუხი გავცეო.

დავიძაბეთ.

ამ დროს კაზინოს დაცვის ერთ–ერთი თანამშრომელი მოგვიახლოვდა, გულგრილად გაგვიღიმა, მოურიდებლად დაგვირღვია მყუდროება და, "აქ გაჩერება გეყოფათ, წამოდით, კაზინოს მეპატრონე გელოდებათ!" ისე მოგვაყვედრა, თითქოს სალაროსთან დგომის გამო ფული უნდა გადაგვეხადა.

მდიდრულ კაბინეტში კაზინოს მეპატრონე დაგვხვდა, ტყავის სავარძლიდან წამოიწია, დივანზე ჩამოსხედითო, მეგობრულად შემოგვთავაზა. დაცვის ორ თანამშრომელს, ქორივით რომ მოგვჩერებოდა, ხელით ანიშნა, გასასვლელში დამელოდეთო. "მარლბორო" მოგვაწოდა, ფულის მოგება მოგვილოცა, მელოტ თავზე ხელი მოისვა და ცბიერად გვკითხა:

– რატომ ჩქარობთ, იქნებ მოგება გაგეზარდათ? – ამიკოს გამომწვევად მიაჩერდა.

– გულივერ, დღეს საკმარისია, აღარ ვარ თამაშის გუნებაზე... რაც მოვიგე, გამინაღდე! – ყველა გზა მოუჭრა ამიკომ.

– წაგებულს რომ გადახდა უნდა, ამაში არავინ გედავება, მაგრამ ჩაბარების დრო თქვენთვისაც ხომ მომიცია?.. არ დამიხრჩვიხართ!.. – რატომღაც მე გამომხედა, თითქოს ნათქვამს დავუდასტურებდი.

– ჩვენ წინასწარ გითანხმდებით, პირობას გიდებთ, ახლა კი ნაღდი ფულით გავრისკეთ... იქნებ სხვა კაზინოში თავანი გვაქვს მისატანი, მაყუთი მაიტა!.. – მეც გადაჭრით მოვთხოვე გულივერს და კოვზი ნაცარში ჩავუგდე.

– რომელი კაზინოს ვალი გაქვთ?.. – გამოცოცხლდა გულივერი, გადავავადებინებო.

– ეს ჩვენი საქმეა, შენ შენი გააკეთე! – ამიკო მოთმინებას თანდათან კარგავდა, კიაზო ბოროტად დუმდა.

– ფულს ზეგისთვის მიიღებთ... გუშინ საგადასახადომ გამწეწა, სალარო დამიცარიელა, რაღაც შემომივა და... – მობეზრებით გვითხრა გულივერმა, თითქოს დავიღალე თქვენთან მორიგებითო.

– შენ რა, ტუფტაზე გვეთამაშებოდი?.. ფული მოიტა–მეთქი!.. – ხმას აუწია ამიკომ.

ოთახში დაცვის თანამშრომლები შემოლაგდნენ.

– ოცი ათასი რომ გაგიხერხოთ და დანარჩენის ფიშკა მოგცეთ? – ჩვენი თამაშში ჩათრევა განიზრახა კაზინოს პატრონმა.

– ნუ გვევაჭრები, რაც გვერგება, გადაგვიხადე და ჩვენს გზაზე წავალთ! – ახლა კიაზომ დაარღვია დუმილი და ხმაში მუქარა გაერია.

დაცვის თანამშრომლები გუშაგებივით გვითვალთვალებდნენ, ოთახში სხვებიც შემოვიდნენ და კაზინოს პატრონს გაწვრთნილებივით მიაჩერდნენ.

– გითხარით, სალარო ცარიელი მაქვს, ზეგ მოდით!.. – ცოტა არ იყოს, უკმაყოფილოდ მოგვიგო გულივერმა.

– მე გეუბნები, არ მაინტერესებს და ფული მოიტა!.. – ვეღარ მოითმინა ამიკომ და ფეხზე წამოდგა, ჩვენც იგივე გავიმეორეთ.

დაცვის თანამშრომლები გამაფრთხილებლად მოგვიახლოვდნენ, საბრძოლო პოზიცია დაიკავეს – ერთ–ერთმა მკაცრად გვითხრა: "კაბინეტი დატოვეთ!" ხმაში მუქარა გაერია.

გულივერს ყოვლისშემძლესავით გაეღიმა, ერთხანს ვიღაცას ტელეფონით ელაპარაკა, ბოლოს მოგვიბრუნდა და, ვითარება რომ არ გაემწვავებინა, დაყვავებით, თითქო

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online