| ქალი და მამაკაცი |

მას შემდეგ, რაც დელამ და პერიმ პოლიციის სამმართველო დატოვეს, ეს უკანასკნელი სატელეფონო ჯიხურში შევიდა და დრეიკის კანტორაში დარეკა.
– პოლ, უკვე იცი, ფარგოს რაც მოუვიდა?
– ჩემმა აგენტმა მითხრა. მერე იქ სხვებიც გავგზავნე.
– შენ თუ გამიგე რამე?
– რაღაცეები კი. თუ ჩემთან მოხვალ, ყველაფერს გეტყვი.
– პოლ, ამჯერად უფრო ფარგოს საყვარლის ვინაობა მაინტერესებს.
– ეს უკვე გაგიგე. სელინდა ჯილსონია. ფარლოუს მრავალბინიან სახლში ცხოვრობს და "ოქროს ბატში" მუშაობს ფოტოგრაფად. მასთან ვიზიტს აპირებ?
– აუცილებლად, ტრაგს რომ დავასწრო. შენ კი დელას გამოგიგზავნი და დანარჩენი მას მოუყევი.
* * *
მეისონმა სადარბაზოს კარზე, სიაში, სელინდა ჯილსონ–ლარიუ იპოვა და მის გასწვრივ ღილაკს თითი დააჭირა. გვარი "ლარიუ" გადახაზული იყო, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
მხოლოდ მეორე ზარის შემდეგ მოისმა დინამიკში ქალის ნამძინარევი ხმა:
– ვინ არის?
– მეგობარი, – მიუგო ადვოკატმა.
– რა გნებავთ?
– მინდა, მანამდე დაგელაპარაკოთ, ვიდრე პოლიცია მოვა.
თითქმის მაშინვე გაიღო კარი და მეისონი სადარბაზოში შევიდა.
სელინდა ჯილსონი მესამე სართულზე ცხოვრობდა და სტუმარს კარი პირველი დაკაკუნებისთანავე გაუღო.
– რაზე უნდა მელაპარაკოთ? – თქვა ახალგაზრდა ქალმა ოდნავ დამცინავი ღიმილით და თან თვალები მოიფშვნიტა.
– ფარგოზე.
ქალი წამით შექანდა, მერე კი გვერდზე გადგა:
– შემოდით.
მეისონი ოთახში შევიდა და კარი მიხურა.
ბინა პატარა იყო და უღიმღამო: ერთი ოთახი, სამზარეულო და სააბაზანო ტუალეტით.
სელინდა საწოლზე ახტა, ზეწარი აიფარა, ხელები მოკეცილ მუხლებზე შემოიწყო, თავი ბალიშს მიადო და თქვა:
– აი, იმ სკამზე დაჯექით და თქვით, რა გინდათ.
ადვოკატი მითითებულ სკამზე ჩამოჯდა და პირველი შეკითხვა დასვა:
– იცით, ფარგო რომ ცოლიანია?
– ვიცი.
– ეს კაცი ბოლოს როდის და სად ნახეთ?
– გუშინ საღამოს "ოქროს ბატში", სადაც მე ვმუშაობ. იქ თქვენც იყავით ვიღაც ქალიშვილთან ერთად. თქვენ პერი მეისონი ხართ, ადვოკატი. ჩემთან ფარგოს ცოლმა გამოგგზავნათ?
– მაგას ვერ გეტყვით.
– მაშინ თქვენ შემეკითხეთ და მე გიპასუხებთ.
– კარგით. ასე იყოს. მითხარით, თქვენ ფარგოს ახლო მეგობარი ხართ?
– ინტიმს თუ გულისხმობთ, ჰო, – თამამად აღიარა სელინდამ.
– რამდენი ხანია?
– ნახევარი წელი იქნება.
– შეგპირდათ, ცოლად შეგირთავთო?
– რა სისულელეს მეკითხებით? მას ხომ ცოლი ჰყავს!
– ცოლთან ბედნიერია?
– არა.
– იცით, ფარგო რომ მოკლეს? – თითქოს სხვათა შორის შეეკითხა მეისონი.
ქალი ადგილზე შეტოკდა:
– მატყუებთ.
– მართლა მოკლეს.
– ამას მირტლი იზამდა.
– ანუ მისი ცოლი?
– რა თქმა უნდა!
– რატომ?
– ერთმანეთს ვეღარ იტანდნენ და იმიტომ. ასე ხშირად ხდება. ცოლ–ქმარს თავიდან ერთმანეთი ძალიანაც უყვართ, მერე კი, თანდათან, ეს გრძნობა ქრება და იწყება ჩხუბი, თავიდარაბა.
– ეს თავადაც გამოსცადეთ?
– სწორად მიმიხვდით. ამიტომ გადავშალე ქვემოთ მისი გვარი.
– უკვე გაყრილები ხართ?
– ფორმალურად არა. თუ სათანადოდ გადამიხდის, გაყრაზე მერე დავთანხმდები.
– ჭკვიანურად მსჯელობთ.
– ვცდილობ, – შეიფერა ქალმა, – ახლა თქვენ მითხარით, არტმანის ცოლი სად არის?
– როგორც ვიცი, დღეს დილით საკრამენტოში გაფრინდა თავის დედასთან.
– დარწმუნებული ვარ, არტმანი მან მოკლა.
– მითხარით, თქვენი რესტორანი როდის იკეტება?
– ღამის ორ საათზე.
– შინ როდის დაბრუნდით?
– დაახლოებით ხუთისთვის.
– და მაშინვე დაიძინეთ?
– რა თქმა უნდა.
– ორიდან ხუთამდე რას აკეთებდით?
ქალმა თავი გააქნია:
– რა თქვენი საქმეა? ჩემს პირადულში რატომ იჭრებით?
– მაშ, მარტო არ ყოფილხართ.
– ან რატომ უნდა ვყოფილიყავი? თაყვანისმცემლები ბუზებივით მახვევია და ზოგიერთი კარგადაც მიხდის.
– თქვენი გულწრფელობით მოხიბლული ვარ, – გაიღიმა მეისონმა, – და მაინც. დაახლოებით დილის თერთმეტის ნახევარზე ფარგოს სახლის ჩაკეტილ საძინებელში იყავით?
– არა, მაგ დროს აქ ვიყავი.
– ფარგოს გარაჟიდან კადილაკი თქვენ გამოიყვანეთ?
– რა სისულელეა!
– რატომ ფიქრობთ, რომ არტმანი ცოლმა მოკლა?
– არ უყვარდა და იმიტომ.
– მას სხვა კაცი ჰყავდა?
– რა თქმა უნდა.
– იქნებ იცით, ვინ?
– წარმოდგენა არ მაქვს და ეს არც არტმანს ეცოდინებოდა.
– მოდით, პირდაპირ გეტყვით. ეჭვი მაქვს, რომ საძინებელში თქვენ იმალებოდით და კადილაკსაც თქვენ მიაქროლებდით, როცა მე დაგედევნეთ, საბარგულში კი მირტლ ფარგოს ცხედარი იყო. აღიარეთ, ეს სიმართლეა?
სელინდამ ზეწარი შემოიხსნა, საწოლიდან გადმოხტა, ხალათი შეისწორა და შესძახა:
– რაკი რესტორანში ვმუშაობ და საყვარლებიც მყავს, გგონიათ, ავანტიურისტი ვარ?! კარგით, ასე იყოს. რაც გინდათ, ის იფიქრეთ. არ მაინტერესებს.
მეისონმა სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, კარზე რომ დააკაკუნეს, მერე კი კაცის ხმაც მოისმა:
– თქვენ, ეი, გააღეთ!
მეისონი წამოდგა:
– ეს ხმა მეცნობა. გმადლობთ, რომ მომისმინეთ.
სელინდამ კარი გააღო. ზღურბლზე ლეიტენანტი ტრაგი იდგა, მის უკან კი ჩამოქალაქო ტანსაცმლიანი დეტექტივი.
– ჯანდაბას! – შესძახა ტრაგმა მეისონის დანახვაზე, – ყველგან თქვენ მასწრებთ! იქნებ მითხრათ, თქვენი იდუმალი კლიენტი ეს ქალბატონია?
– არა, – თავი გააქნია ადვოკატმა.
– მაშინ, კეთილი ინებეთ და დაგვტოვეთ.
– სიამოვნებით, – მიუგო მეისონმა და ოთახიდან გავიდა.
* * *
სამი საათი იქნებოდა, როცა თავის კაბინეტში შესულმა მეისონმა დივანზე მსხდომი და ერთმანეთთან მოსაუბრე პოლ დრეიკი და დელა სტრიტი დაინახა.
– ჰელოუ, – თქვა მეისონმა მხიარულად, – შეთქმულებს ჰგავხართ. აბა, პოლ, ახალი რა არის?
– მისის ფარგოს დედა მართლა საკრამენტოში ცხოვრობს. როცა დავურეკეთ, გვითხრა, ჩემი გოგონა ახლა "პასიფიკ გრეიჰაუნდის" ავტობუსშია და ჩემკენ მოემგზავრებაო.
– ძალიან მეეჭვება, – თქვა მეისონმა, – ავტობუსი აქედან როდის გავიდა?
– ცხრას რომ თხუთმეტი აკლდა.
მეისონი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, მერე შეჩერდა და თქვა:
– მისის ფარგოს აუცილებლად უნდა დავუკავშირდეთ.
– რატომ? – შეეკითხა დრეიკი.
– პოლ, მას კარგი ალიბი სჭირდება, ტრაგმა რომ ვერ დაადანაშაულოს. ამიტომ იმ მგზავრების გვარ–სახელები უნდა გამიგო, რომლებიც დაადასტურებენ, მირტლ ფარგო რომ იგივე ავტობუსში იყო, – ადვოკატი მდივანს მიუბრუნდა, – დელა, სასწრაფოდ კერძო თვითმფრინავი შეუკვეთეთ სტოქტონში მოსახვედრად, იქ რომ ავტობუსს ჩავასწროთ. თან ყველანაირი საბუთების წამოღება არ დაგავიწყდეთ.
– რატომ სტოქტონი? – იკითხა დრეიკმა.
– პოლ, შენ საკრამენტოში შენს ფილიალს უნდა დაუკავშირდე, მირტლ ფარგოს დედაც სტოქტონში ჩამოიყვანონ, თანაც სასწრაფოდ. იმ დროისთვის ჩვენც იქ ვიქნებით და თავის ქალიშვილს გაგვაცნობს. ამასობაში შენი აგენტი ავტობუსში ავა და მგზავრებს გამოჰკითხავს. ჩვენ მოწმეები გვჭირდება, ბევრი მოწმე.
– გასაგებია, – თქვა დრეიკმა, დელა კი ტელეფონზე უკვე ნომერს კრეფდა თვითმფრინავის შესაკვეთად.
* * *
საკრამენტოსკენ მიმავალი ავტობუსი ახალი ჩამომდგარი იყო, როცა ადვოკატს ორმოცდაათს გადაცილებული, ხმელ–ხმელი მამაკაცი მიუახლოვდა:
– მისტერ მეისონ?
თანხმობის ნიშნად ადვოკატმა თავი დაუკრა.
– მე დრეიკის სააგენტოს საკრამენტოს ფილიალიდან ვარ. მისის ინგრემიც აქ არის. ავტობუსი თითქმის სავსეა, ამიტომ მხოლოდ ორი ბილეთის შეძენა შევძელი.
– ორივე თქვენთვის დაიტოვეთ, ავტობუსში ადით და მგზავრების ვინაობები და მისამართები ჩაიწერეთ, პირველ რიგში კი იმათი, ვინც ლოს ანჯელესიდან მოდის და გზაში იმ ქალს გამოელაპარაკა, რომელსაც ახლა დაგანახვებთ.
– აი, მგზავრებიც გამოჩნდნენ, – თქვა ხმელ–ხმელმა.
– მაშინ მისის ინგრემსაც უხმეთ, რადგან...
მეისონს სათქმელი დამთავრებული არ ჰქონდა, როცა მასთან სამოცს მიღწეული ქალი მიიჭრა და აღელვებით ალაპარაკდა:
– როგორც ვხვდები, თქვენ მისტერ მეისონი უნდა იყოთ, ადვოკატი, თანაც კარგი, ამიტომ მისმინეთ. ჩემი მირტლი ძალიან კარგი გოგოა, ძალიან. ის ცუდ რამეს არ ჩაიდენდა, მე კი აქ მომათრიეს, ოღონდ არ ვიცი, რატომ...
– დედა, აქ რა გინდა? – მოისმა ამ დროს უკნიდან.
მისის ინგრემი იქით შეტრიალდა:
– ო, მირტლ! როგორ შემაშინეს...
– ეს შენ შემაშინე, დედა. აქ რას აკეთებ?
– არ ვიცი. ამათ ეცოდინებათ, – მისის ინგრემმა ხელი მეისონისკენ და სტრიტისკენ გაიშვირა.
– მისტერ მეისონ! – თვალები გაუფართოვდა მისის ფარგოს, – ეს თქვენ ხართ?
– მაშ, მიცნობთ?
– ჰო... გუშინ დამანახვეს თქვენი თავი... ასე არ არის, მის სტრიტ? ეს რესტორანში მოხდა...
– ამაზე მერე, – თქვა მეისონმა, – მისის ფარგო, თუ შეიძლება, თქვენი ბილეთი მაჩვენეთ.
მირტლ ფარგომ ხელჩანთიდან ბილეთი ამოიღო და ადვოკატს გაუწორდა. მეისონმა ის დაათვალიერა და ქალს შეეკითხა:
– იქნებ ამიხსნათ, ზედ გუშინდელი თარიღი რატომ არის?
– ბილეთი გუშინ ვიყიდე და იმიტომ. საერთოდ, ბილეთს წინასწარ ვიძენ ხოლმე, მერე რომ არ ვინერვიულო, – სწრაფად მიუგო ფარგომ.
– კარგით. ავტობუსში სად იჯექით?
– მეორე რიგში მარცხნივ, ფანჯარასთან.
– გახსოვთ, თქვენთან ვინ იჯდა?
– აი... აი, ის ქალი, გაზეთების კიოსკთან რომ დგას.
– ლოს ანჯელესიდან რომ გამოხვედით, უკვე ავტობუსში იყო?
– მაგას ვერ ვიხსენებ. ბოლო დროს შევნიშნე მხოლოდ.
– მისის ფარგო, თქვენ თვითმფრინავით მგზავრობას აპირებდით?
– არა, ვინ გითხრათ?
– არც ქმარს მიუცილებიხართ აეროპორტამდე?
– რა სისულელეა!
– ეს თქვენმა ქმარმა მითხრა.
– ალბათ გაგეხუმრათ. მან კარგად იცის, ყოველთვის ავტობუსით რომ ვმგზავრობ. ასე არ არის, დედა?
– მგონი ჰო, შვილო, – დაემოწმა დედა.
– მისის ფარგო, ეს თქვენ დამირეკეთ აფთიაქიდან?
ქალმა ნელა გააქნია თავი და ჩაილაპარაკა:
– ეს რა შუაშია?
– ნუ მატყუებთ, – გაბრაზდა მეისონი, – საქმე სერიოზულადაა!
– რას გულისხმობთ?
– თქვენი ქმარი მოკლეს!
– რააა?! – შესძახა მისის ინგრემმა.
მირტლ ფარგო ოდნავ შებარბაცდა და თვალები გაუფართოვდა:
– არტმანი მოკლეს? როგორ? რატომ?
– დღეს დილით, დანით, თავის სახლში. ამაზე არაფერი იცოდით?
– ცხადია, არა! ეს რომელ საათზე მოხდა?
– დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე.
– კიდევ კარგი. ამ დროს ხომ ავტობუსში ვიჯექი!
– ვინმეს ელაპარაკეთ?
– ჰო.
– გადის ავტობუსი საკრამენტოსკენ რეისით 320. მგზავრებს ვთხოვთ, ადგილები დაიკავონ, – გამოაცხადა მონოტონურმა ხმამ.
– დედა, ჩემთან ერთად წამოხვალ, ხომ? – შეეკითხა მირტლი.
– ჩვენ, ყველანი, მანქანით წავალთ, – თქვა მეისონმა, – ახლა კი მითხარით, ვის ელაპარაკეთ.
– ჯერ ერთ ჯენტლმენს, რომელიც ბეკერსფილდში ჩავიდა, მერე ვინმე მისის ოლანტას, რომელიც საკრამენტოში ქალიშვილის განქორწინების პროცესს უნდა დასწრებოდა. მისი ქალიშვილი გვარად პელჰემია, სასამართლო კი ხვალ დილით უნდა შედგეს. მგონი, ასე თქვა.
– კარგით, ახლა წავიდეთ, თორემ მძღოლი გველოდება, – თქვა მეისონმა და მისის ფარგოს მიუბრუნდა, – მაშ, აფთიაქიდან თქვენ არ დაგირეკავთ?
– უკვე გითხარით, რომ არა, მაგრამ თუ ჩემი ქმარი მართლა მკვდარია და ამის გამო ალიბი მჭირდება, გთხოვთ, ჩემი ადვოკატი იყოთ, რადგან, როგორც ამბობენ...
– მირტლ! – გააწყვეტინა დედამ, – ადვოკატი რაში გჭირდება? შენ ხომ არაფერი დაგიშავებია!
– დაწყნარდით, მადამ, – თქვა მეისონმა, – უკვე მოვედით. შეგიძლიათ ჩასხდეთ.
* * *
მანქანა გაჩერდა. ავტობუსის მოსვლას ათი წუთი აკლდა. როცა ოთხივე გადმოვიდა, მეისონმა მირტლს მიმართა:
– თქვენ შეგიძლიათ დედათქვენის სახლში დამელოდოთ. მე ავტობუსს დავუცდი, მერე კი თქვენთან მოვალ.
– მისტერ მეისონ, გაინტერესებთ, არტმანი ვინ მოკლა? – შეეკითხა მირტლი.
– რა თქმა უნდა.
– მისმა საყვარელმა.
– დარწმუნებული ხართ?
– რასაკვირველია, – თავი დააქნია ქალმა, – აბა, სხვა ვინ მოკლავდა, როცა უერთმანეთოდ საერთოდ ვერ ძლებენ?
– იცით, ვინ არის?
– დაახლოებით. გუშინ რესტორანში ფოტოგრაფ ქალს თვალებს ისე უკარკლავდა, თითქოს შეჭმას უპირებსო. მერე...
– მირტლ! რეებს ლაპარაკობ?! ეს ხომ უცხო კაცია! – ისევ გააწყვეტინა დედამ.
– კარგით. ახლა წადით, – თქვა მეისონმა, – ავტობუსი გვიახლოვდება. შევეცდები, თქვენი ალიბი მოვიპოვო და შინ მოგართვათ.
* * *
როცა მარტონი დარჩნენ, დელამ მეისონს ქსოვილის ნაჭერი გაუწოდა:
– ეს მისის ფარგოს ცხვირსახოცია, რომელიც მისი ხელჩანთიდან ამოვაძვრე.
– მერე რა?
– ის, რომ მასაც იგივე სუნამოს სუნი ასდის, რაც კონვერტში ჩაწყობილ ფულს.
– დალახვროს ეშმაკმა! მაშ, ის არის... – შესძახა მეისონმა და სწრაფად შეტრიალდა, მაგრამ მისის მირტლ ფარგო და მისის ინგრემი უკვე აღარსად ჩანდნენ...
ავტობუსი გაჩერდა. მგზავრებს აგენტი გამოეყო და მათკენ წამოვიდა.
– აბა, რა ქენით? – შეეკითხა მეისონი.
– ყველაფერი ჩავიწერე და წერილობითი ჩვენებებიც ჩამოვართვი. აი, აიღეთ.
მეისონმა ფურცლები პალტოს ჯიბეში ჩაიდო და თქვა:
– ეს კარგია.
– არც ისე, – შენიშნა აგენტმა.
– რას გულისხმობთ?
გაგრძელება შემდეგ ნომერში

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 






































































































