asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თავდასხმა სტალინზე
თავდასხმა სტალინზე
თავდასხმა სტალინზე

2011-06-13 14:47:11



დასაწყისი წინა ნომრებში

25

როდესაც ძერჟინსკი გავიდა, სტალინმა თავისი საყვარელი ჩიბუხი ამოიღო და გააბოლა.

– მაშ ასეე...

ის, რომ საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა იყო, მან ძერჟინსკის გარეშეც კარგად იცოდა. საქართველოს დაკარგვის საფრთხე ასეთი რეალური ჯერ არ ყოფილა. მაშინ, 1918–ში, დამოუკიდებლობაზე მხოლოდ პატარა ჯგუფები თუ ფიქრობდნენ. ნოე ჟორდანია კარგა ხანს თავს იკავებდა, ამიტომაც საქართველო, განსხვავებით ლიტვის, უკრაინასა და ბელორუსიისაგან, არ ჩაერთო ე.წ. "ბრესტის სამშვიდობო პროცესში". რუსეთში კი სამოქალაქო ომი ძლიერდებოდა. ძველი რუსული არმია დაიშალა, ჯარისკაცები ნაწილ–ნაწილ ტოვებდნენ საქართველოს. სამაგიეროდ, ამიერკავკასიისკენ თურქები მოიწევდნენ. სწორედ ამან უბიძგა ჟორდანიას, რომ გერმანიისთვის მიემართა. გერმანელებმა უთხრეს, დაგეხმარებით, თუკი დამოუკიდებლობას გამოაცხადებთო. ამის შემდეგ ჟორდანიამაც გადადგა ეს ნაბიჯი, თუმცა თვალთაგან ცრემლი სდიოდა:

– ჩვენ რუსულ დემოკრატიას ვღუპავთ!

დიახ, ასე ფიქრობდა ჟორდანია, საქართველოში ყველაზე ძლიერი და გავლენიანი პარტიის ლიდერი. მართალია, მენშევიკებს შორის იყვნენ დამოუკიდებლობის მომხრენი, მაგრამ უმრავლესობა ამას არ იზიარებდა. შემდეგ რა მოხდა? თანამდებობები გაუტკბათ? დავუშვათ, ასეა, მაგრამ ხალხს რა დაემართა? ინტელიგენცია კიდევ გასაგებია, მას თავში მუდამ ქარი უქროდა, მაგრამ მუშები და გლეხები? მას, სტალინს, თბილისში სწორედ ქართულმა პროლეტარიატმა დაუსტვინა და რატომ?! იმიტომ, რომ რუსულად მიმართა! ჩოლოყაშვილისა თუ სხვა ბანდიტების რაზმებშიც ხომ ძირითადად გლეხები იბრძვიან! მუშები და გლეხები! ნუთუ ე.წ. "დამოუკიდებლობის" ოთხმა წელიწადმა ქართველი მშრომელები შოვინიზმის ბაცილით დააავადა?

შოვინიზმი არა მხოლოდ ხალხში, თვით საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტშიც არსებობს. რად ღირს თუნდაც ბუდუ მდივანი და მისი ჯგუფი! ორჯინიკიძეს სისხლი გაუშრეს, იქამდე მიიყვანეს, რომ სერგომ ერთ–ერთ მათგანს სახეში სთხლიშა. ნამდვილად კარგად მოიქცა, იმ არამზადებს მეტი ეკუთვნოდათ, თუმცა ინციდენტი ლენინის ყურამდე მივიდა. ილიჩმა სასტიკად გააკრიტიკა ორჯონიკიძე. მასთან ერთად ის, სტალინიც, რომელმაც სერგოს მხარი დაუჭირა, ძერჟინსკიც, რომელმაც სტალინს დაუჭირა მხარი. ლენინი მოხუცდა და ვითარებას ალღოს ვერ უღებს, ვერ ხვდება, რომ შექმნილ ვითარებაში ორჯონიკიძის დასჯა კი არა, მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ლენინი ავადაა და მას აღარავინ არაფერს ეკითხება. მთავარი ახლა ისაა, თუ მის შემდეგ რა მოხდება, აგრეთვე, რა მოხდება საქართველოში. ყველას ახსოვს, რომ სტალინი ქართველია. ამიტომ საქართველო მისთვის ერთ–ერთი მთავარი გამოცდაა. თუ წარმატებით ჩააბარებს, ეს მის პოზიციებს მნიშვნელოვნად განამტკიცებს. ამიტომაც საქართველო უნდა გადაიხნას, დაუნდობლად გადაიხნას, ქართველთა მთელმა თაობებმა თავიდან უნდა ამოიგდონ დამოუკიდებლობაზე ოცნებაც კი!

ბერია ერთადერთი იყო, რომელმაც სუფრაზე ყველას თანდასწრებით განაცხადა, საქართველოს გადავხნავთო. სტალინმა უმალ შეკრიბა მასზე ცნობები: ბერიამ კარგად იმუშავა აზერბაიჯანში, კარგად მუშაობს საქართველოშიც. ახლა ვნახოთ, როგორ გადახნავს მას. სტალინის პროტექციამ განაპირობა კიდეც ლავრენტის მაღალ პოსტზე დანიშვნა. გადავხნავო, ამბობ? ჰოდა, გადახანი, ძმაო, ჰა ბურთი და ჰა მოედანი!

თავის მოხსენებაში ძერჟინსკიმ საგანგებოდ აღნიშნა ბერიას ღვაწლი. სტალინს თავისი ინფორმატორები ჰყავდა, ამიტომაც იცოდა, რომ ლავრენტიმ წარმატებით ჩაატარა რამდენიმე ოპერაცია, იცოდა ისიც, რომ ბერიას ბელგიაში წასვლა სურდა, რათა ინჟინერ–მენავთობის პროფესია აეთვისებინა.

– არავითარი ბელგია! განუმარტეთ, რომ შექმნილ სიტუაციაში ეს დეზერტირობაა! ამიტომაც, დაისჯება, როგორც დეზერტირი!

საქართველოს გადახვნა ბერიასთვის მთავარი გამოცდაა. იმაზე, თუ როგორ ჩააბარებს მას, ბევრი რამაა დამოკიდებული, ანუ ის, თუ როგორი იქნება მისი და სტალინის ურთიერთობა.

26

არტუზოვის ჩამოსვლამ ბერიას გეგმებში კორექტივები შეიტანა. მოსკოველ უფროსს არც დღე და არც ღამე გვერდიდან არ შორდებოდა. ღმერთმა დაიფაროს, რომ არტუზოვი ტერაქტის მსხვერპლი გახდეს, ასევე ღმერთმა დაიფაროს, რომ კონტრდაზვერვის შეფმა მოსკოვში მასზე ცუდი ამბები ჩაიტანოს!

– ხომ არ დაიღალეთ, არტურ ქრისტიანოვიჩ? დაბრძანდით, მოისვენეთ.

ბერია საოცრად ყურადღებიანი იყო, არტუზოვს თვალებში შესციცინებდა და მზად იყო, მისი ყოველი სურვილი გამოეცნო. ლავრენტის ყოველი სიტყვა, ყოველი ჟესტი გულდასმით ჰქონდა გათვლილი, ზუსტად იცოდა, როდის ელაპარაკა საქმეზე და როდის გაეშალა სუფრა. არტუზოვს ასეთი ყურადღება სიამოვნებდა. ბერიამაც შენიშნა, როგორ გაიელვა კონტრდაზვერვის შეფის სახეზე ღიმილმა.

– რატომ წუხდებით, ლავრენტი პავლოვიჩ?

– რას ბრძანებთ, რა შეწუხება, რის შეწუხება!

კონტრდაზვერვის შეფის ყველა შეკითხვას ბერია მოკლედ და ამომწურავად პასუხობდა. ხელმძღვანელობას უყვარს, როცა ხელქვეითი არ მიედ–მოედება და ყველაფერს გასაგებად პასუხობს.

– ლავრენტი პავლოვიჩ, ხომ არ გეჩვენებათ, რომ აჯანყება უკვე შორს არაა? საქართველოში ყველაფერი დუღს.

– სამწუხაროდ, ასეა, არტურ ქრისტიანოვიჩ. ვერაფერს ვაკეთებთ ამის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ...

– ნამდვილად, – დაუდასტურა არტუზოვმა, – თუმცა ალბათ აქ კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო.

ბერიამ ყველაფერი გააკეთა, რათა არტუზოვი კმაყოფილი დარჩენილიყო. ლავრენტიმ მიზანს მიაღწია.

– დიდი მადლობა, ლავრენტი პავლოვიჩ.

– ვემსახურები რევოლუციას, – პათეტიკურად წარმოთქვა ბერიამ.

– ჰო, ჩვენი რევოლუციის იდეალები აქ მართლაც საფრთხეშია, – არტუზოვმა ფიქრიანად გააქნია თავი, – კარგად ბრძანდებოდეთ, ლავრენტი პავლოვიჩ და წარმატებას გისურვებთ.

27





– ნინო, მაპატიე, ძალიან დაკავებული ვიყავი.

– არა უშავს, ლავრენტი.

ნინო იღიმებოდა. ბერიასაც უნებლიეთ გაეღიმა. "როგორ უხდება ღიმილი, – გაიფიქრა ლავრენტიმ, – როგორ უხდება."

– თამრიკო გიგონებდა, – ნინომ ეშმაკურად გაიღიმა, – იცი, რა? მგონი, შეუყვარდი.

– ჰო.

"თამრიკო კარგი გოგოა, მაგრამ ნინო უფრო ლამაზია. მოიცა, მოიცა, იქნებ სწორედ ნინო გახდეს ჩემი ცოლი? ბელგიაში წასასვლელად ხომ ცოლია საჭირო! მართალია, არ მიყვარს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს! ლამაზია, წესიერი, კარგი დიასახლისი და კარგი დედაც დადგება! თუ ნამდვილ სიყვარულს დავუცდი, ბევრი წყალი ჩაივლის. მე კი ცოლი ახლა მჭირდება!"

– ჰო, თამრიკოს ჩემგან მოკითხვა გადაეცი, – მექანიკურად თქვა ლავრენტიმ.

– თეატრში როდის წავალთ?

იქნებ ცოლად თამრიკო ითხოვოს! გარეგნობით არც ის დაიწუნება. ესაა ოღონდ, რომ ლავრენტის არ უყვარს, არც ის უყვარს და არც – ნინო.

– როგორც კი ოდნავ მოვიცლი, მაშინვე წავალთ.

– იცი რა? – ნინომ ეშმაკურად გაიღიმა, – ჩემი აზრით, უმჯობესია, თუ შენ და თამრიკო თეატრში მარტონი წახვალთ, შემდეგ კაფეში შეისეირნებდით, იქიდან კი...

– არა, არა, – ბერიამ თავი გააქნია, – თუ წავალთ, სამივენი ერთად წავალთ, კარგი?

28

ამთას ხილვისას ლავრენტის გული უჩქროლდებოდა. ქალის მზერაში რაღაც საოცარი განწირულობა იგრძნობოდა. ბერიასაც ერთი სული ჰქონდა, ეთქვა: წადი, თამთა, სახლში, აღარ შეგაწუხებ, წადი, შენს ოჯახს მიხედე!

"ვაგლახ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება!"

ლავრენტიც ცდილობდა, არაფერი შეემჩნია. თამთას მონათხრობს თავაზიანი ღიმილით უსმენდა, ხვალ აქ, ამ ბინაში, გიორგის შეხვდება და მის პატაკსაც მოისმენს. მაშ ასე, ცოლი ქმარს ჯაშუშობს და პირიქით.

"რა საზიზღარია ჩვენი ცხოვრება!"

თამთამ მისი ემოციები ვერ უნდა შენიშნოს. რაც უნდა იყოს, ახლა ბერიას აგენტია. ლავრენტი მისთვის ძალის, სიმშვიდის განსახიერება უნდა იყოს. აგენტი მხოლოდ ამ შემთხვევაში გეყოლება მაგრად გამოჭერილი.

– გუშინ ჩვენთან ერთი კაცი მოვიდა, ამბობს, უკრაინიდან ვარო.

– უკრაინიდან?

– ჰო, აქ ჩოლოყაშვილის რაზმთან დასაკავშირებლად მოავლინეს.

– რა ჰქვია დაუპატიჟებელ სტუმარს?

– ალექსეი კორნიენკო, ასე გაგვაცნო თავი.

– თქვენს სახლს როგორღა მიაგნო?

– ჩვენი მისამართი საზღვარგარეთ მისცეს. ჩვენს ემიგრაციას ხომ უკრაინელებთან მჭიდრო კავშირი აქვს.

– მდაა...

ბერია ჩაფიქრდა.

– დათა ორ დღეში აქ იქნება, როგორ მოვიქცე?

– როდესაც მოვა, უკრაინელი სტუმარი წარუდგინე. დანარჩენი თვითონ გადაწყვიტოს.

– როგორ, მანამდე ჩემს სახლში უნდა იყოს?!

– აუცილებლად.

თამთა გაფითრდა.

– ირას რაღა ვუთხრა? ის ხომ ჩვენსას კვლავ დადის.

– ლებედევის გაქცევის შემდეგ რას ამბობს?

– არაფერს, ისეთი გოგოა, ზედმეტ კითხვებს არ სვამს.

– მაშ არც ახლა დასვამს.

– რომ მკითხოს, ეს კაცი ვინააო, რა ვუპასუხო?

– უთხარი, ნათესავია–თქო.

– რა ნათესავი, რის ნათესავი! ქართულად ერთი სიტყვაც არ იცის.

– მაშინ რამე მოიგონე, უთხარი, ომის დროს მამაჩემთან მსახურობდა და ახლა სტუმრად გვეწვია–თქო, ერთი სიტყვით, რამე მოიგონე.

წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

– მითხარით, ეს ყველაფერი რას ნიშნავს? ვინაა ირენი? ან ამ უკრაინელის გამოჩენა რას ნიშნავს?

– ირენი თეთრგვარდიული ტერორისტული ორგანიზაციის ემისარია. თქვენი გაცნობა შემთხვევითი არ ყოფილა. ის საგანგებოდ შენი ქმრის ჯგუფში მიავლინეს. დაგიმეგობრდა, გაგიშინაურდა, აკვირდებოდა ყველაფერს, რაც შენს სახლში ხდებოდა, შემდეგ ყოველივე საზღვარგარეთ თავისიანებს აცნობა. მისმა პატრონებმაც ჩათვალეს, რომ მართლაც საბჭოთა ხელისუფლებასთან ჭეშმარიტი მებრძოლები ხართ. სიტყვამ მოიტანა და გიორგის დაჭერის შემდეგ მასზე ბევრ ქართველს ეჭვი შეეპარა. ირენი თქვენ გამოწმებდათ, შემოწმებამ კარგად ჩაიარა.

– ღმერთო ჩემო, ეს რა ბინძურ თამაშებში ვართ გარეული, – წაიჩურჩულა გაფითრებულმა თამთამ.

– მართალია. ახლა ხომ ხედავ: საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სინამდვილეში მხოლოდ ავანტიურაა. რა დაუჯდება ის ჩვენს ერს? შენს ოჯახს?

– პოზნიაკოვა ირენის ნამდვილი გვარია?

– დიახ. მისი მამა და ძმა მართლაც თეთრგვარდიელები იყვნენ და დაიღუპნენ. თავისი ბიოგრაფიიდან მხოლოდ ის დამალა, რომ თეთრების კონტრდაზვერვაში მსახურობდა და ხალხს აბეზღებდა. შემდეგ მათ ხვრეტდნენ.

– ღმერთო ჩემო, რა საზიზღრობაა.

– ბოლშევიკებმა მას მამა და ძმა მოუკლეს. ისიც შურისძიების გრძნობამ შეიპყრო. ასეთები ყველაფერზე მიდიან.

– როგორ თუ ყველაფერზე?

– დაბეზღებაზე, მკვლელობაზე, ყველაფერზე. ასე რომ, ფრთხილად. ირენთან ურთიერთობა ჩხრიალა გველთან ურთიერთობის ტოლფასია. თუ რაიმე არ მოეწონა, გიკბენს, მისი ნაკბენი კი სასიკვდილოა. ირენი ტყვიას ტყვიაში სვამს, ცივ იარაღსაც ვირტუოზულად ფლობს, ასე რომ, ფრთხილად!

– ის სიმპათიური ინტელიგენტი მოხუცი ქალი მართლა დედამისია?

– ჰო. ქალიშვილის ჭეშმარიტ საქმიანობაზე არაფერი იცის. როცა ოქტომბრის რევოლუცია მოხდა, პოზნიაკოვები მოსკოვში ცხოვრობდნენ. ბრესტის ზავის დადების შემდეგ ირენის დედა კიევში ნათესავებთან გაგზავნეს, იქ ხომ მაშინ გერმანელები და ჰეტმანი სკოროპადსკი ბატონობდნენ. თავად ირენი იატაკქვეშა მონარქისტული ორგანიზაციის წევრი გახდა. მამა და ძმა კი მოხალისეთა არმიაში იბრძოდნენ. მათი ოჯახი ნამდვილი გველების ბუდეა, კონტრრევოლუციონერი გველების ბუდე. თუმცა ეს ყველაფერი არაა.

თამთას თვალები გაუფართოვდა.

– ჩეკამ ხსენებული ორგანიზაცია ამხილა. ირენმა შეძლო გაქცევა, მოსკოვიდან გააღწია. 1919–ში უკვე კიევში ჩნდება და თეთრების კონტრდაზვერვაში თანამშრომლობს. მისი დახმარებით, თეთრებმა არალეგალური ბოლშევიკური ცენტრის ერთ–ერთი ხელმძღვანელი შეიპყრეს, აწამეს და დახვრიტეს. ამის გამო იატაკქვეშელებმა მას სიკვდილი მიუსაჯეს. ირენზე მოეწყო თავდასხმა, მაგრამ სროლისას მან ორი ჩვენიანი მოკლა, თავად კი უვნებლად გადარჩა.

თამთამ თვალები დახუჭა.

– შემდეგ ირენი კიევიდან გაუჩინარდა. ერთხანს ოდესაში ჩნდება. როგორც ჩანს, საქართველოშიც იქიდან ჩამოვიდა. ხელისუფლებაში იმხანად ჯერაც მენშევიკები იყვნენ. მამაჩემი რუსი ოფიცერია და ბოლშევიკებს ებრძვის, მე მოხუც დედასთან ერთად აქ ჩამოვედი, – ასეთია მისი ლეგენდა. სინამდვილეში ის ჯაშუშია, რუსი თეთრგვარდიელების ჯაშუში.

– თუკი ეს იცით, რატომ არ აპატიმრებთ?

– იმიტომ, რომ ჯერ ადრეა.

– არაფერი მესმის.

– ალბათ ისიც გაოცებს, ლებედევის გაქცევას ხელი რატომ არ შევუშალეთ?

– რა თქმა უნდა.

– ლებედევიც დიდი მასშტაბის გარეწარია. რევოლუციამდე სამხედრო კონტრდაზვერვაში მსახურობდა, შემდეგ – დენიკინთან. გამოირჩეოდა საოცარი სისასტიკით. დაპატიმრებულ ბოლშევიკებს თვალებს თხრიდა, ზურგზე წითელ ვარსკვლავს ამოუწვავდა ხოლმე.

– ღმერთო ჩემო! – შეიცხადა თამთამ.

– საქართველოში ისიც ჯაშუშობისთვის შემოაგზავნეს, მაგრამ ჩავარდა. დასახვრეტი იყო და უნდა დაეხვრიტათ. ამიტომაც როვს–ის წარმომადგენელმა ქართული ემიგრაციის ხელმძღვანელებს მისი დახსნა სთხოვა. ლებედევი ხომ როვს–ის ერთ–ერთი ლიდერის, გენერალ კუტეპოვის ნათესავია.

– თქვენ ჩემს შეკითხვას არ უპასუხეთ: რატომ დაუშვით ლებედევის გაქცევა? რატომ არ აპატიმრებთ ამ ირენს? რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

ბერიამ გაიღიმა.

– აკი შევთანხმდით, რომ ერთმანეთს შენობით მივმართავდით. ჩვეულებრივ, მსტოვრები ასეთ შეკითხვებს არ მისვამენ. გეუბნებიან და გააკეთე, ჯამაგირსაც ხომ ამისთვის გაძლევენ. თუ ჩვენი ურთიერთობა არა მეგობრული, არამედ ოფიციალურია, მაშინ...

– გემუდარებით, მითხარით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, გემუდარებით, – თამთას ხმაში არნახული სასოწარკვეთა ჟღერდა.

– კარგი, გეტყვი, – ბერიას ღიმილი გაუქრა, – საქართველოში, ჩემო თამთა, შეიარაღებული ბრძოლა არ წყდება. თუ ამ ავანტიურას მალე არ დაესვა წერტილი, ჩვენს ერს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება. რუსები ამას არ გვაპატიებენ.

– მაშ გინდათ, მითხრათ...

– მე და ჩემი მეგობრები ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სისხლისღვრა შეწყდეს და საქართველოს საფრთხე ავარიდოთ, – განაგრძობდა ლავრენტი, – არ დაგიმალავ, გიორგის ჯგუფში ბევრი აგენტი მყავს. ამიტომაც ხელმძღვანელობას შევთავაზე, ირენს ჯერჯერობით ხელი არ ვახლოთ და ლებედევის გაქცევაც დავუშვათ–თქო, ამით გიორგის და მისი ჯგუფის პოზიციებიც მომძლავრდება. შედეგად კი შეიარაღებული ბანდიტების განადგურებაც გაადვილდება. მხედველობაში მყავს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისთანები. ომი საქართველოში რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს! ჩვენ პატარა ერი ვართ და ასეთი ავანტიურების უფლებას თავს ვერ მივცემთ, მით უმეტეს, რომ გამარჯვება გამორიცხულია. ვერც ჩოლოყაშვილი და ვერც სხვები ვერ გაიმარჯვებენ.

– მართლა?

– მართლა. პარტიზანულ ომში მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებ, როცა საზღვარგარეთიდან მხარდაჭერა გაქვს. დღეს კი ეს არ არსებობს! თურქეთი, რომლის სათავეშიც მუსტაფა ქემალი დგას, საბჭოთა რუსეთის მეგობარია. ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რომ ქართველ პარტიზანებს დაეხმარონ, თავიანთ ტერიტორიაზე ბაზები მისცენ. ინგლისსა და საფრანგეთს კი საკუთარი პრობლემები ხრავს. ოთხწლიანი მსოფლიო ომით დაქანცულებს საქართველოს თავი აღარ აქვთ. თანაც ევროპა შორსაა, რუსეთი კი აქვეა, ყურის ძირში, – ნაღვლიანად დაამთავრა ბერიამ.

– მაშ გამოდის, რომ...

– ჰო, თამთა! ისინი, ვინც დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, განწირულნი არიან. მათ შორის ბევრი გულწრფელი პატრიოტია, როგორც, მაგალითად, შენი ქმრის ბიძაშვილი დათა. ჩოლოყაშვილი და მისთანები ჭირს წაუღია, დათა კი უნდა გადარჩეს, დათაც, გიორგიც, სხვებიც. საქართველოს ასეთი მამულიშვილები ჰაერივით ესაჭიროება. დამეხმარები?

თამთა სდუმდა. მერ თქვა:

– ბატონო ლავრენტი, მეტი აღარ შემიძლია.

– აკი შევთანხმდით, რომ ბატონოს არ დამიძახებ.

– ვგრძნობ, რაღაც საშინელება უნდა მოხდეს და ჩემს ოჯახს...

– ყველაფერს გავაკეთებ, რათა შენს ოჯახს არაფერი დაემართოს, – ბერია წამით გაჩუმდა, – მაგრამ თუ არ დამეხმარები, არაფერი გამომივა.

– რა უნდა გავაკეთო?

– ის, რასაც აქამდე აკეთებდი. დამიჯერე და ყველაფერი კარგად იქნება.

29

ალექსეი კორნიენკო მაღალი, ბრგე და შავგრემანი კაცი იყო. თავი მორიდებულად ეჭირა. თამთას მამა ამხნევებდა:

– ქალიშვილივით ნუ იქცევით, გადაიღეთ რაიმე, თუმცა არა, ჯერ ღვინო გასინჯეთ, ნამდვილი ქართული ღვინოა.

– გმადლობთ, არ ვსვამ.

– ერთი ჭიქა მაინც დაისხით. აი, ასე. აბა, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს ოჯახში. გაგიმარჯოთ, ალექსეი!

– თქვენც გაგიმარჯოთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, და ბედნიერებას, – კორნიენკომ ჭიქა პირთან მიიტანა, მაგრამ მხოლოდ ერთი ყლუპი მოსვა.

– სად მსახურობდით, ალექსეი?

– პრაპორშჩიკთა სკოლის დამთავრების შემდეგ რიგაში გამაგზავნეს. რევოლუციამაც იქ მომისწრო, – კორნიენკომ ამოიოხრა, – იქვე შევიტყვე კიევში ცენტრალური რადის შექმნის თაობაზე. მალე უკრაინიზაციაც დაიწყო.

– თქვენც შინ დაბრუნდით, არა?

– არა. იქ, სადაც ვმსახურობდი, უკრაინიზებული ნაწილები არ არსებობდა. მეც გადავწყვიტე, მიღებული ფიცი არ დამერღვია.

– მეფის ერთგული იყავით? – ჩაერია საუბარში გიორგი.

– აბა, როგორ აგიხსნათ... ის, რომ მეფე მტარვალია, უკვე სიყმაწვილეში ვიცოდი. 14 წლისა თავს უკრაინელად აღვიქვამდი, უკრაინელად და არა – მალოროსად.

– ამ ორ გაგებას შორის რაიმე განსხვავებაა? – შეეკითხა თამთა.

– რა თქმა უნდა. უკრაინელი ისაა, ვისაც ეროვნული ღირსება გააჩნია, მალოროსი კი დაკომპლექსებული და ჩამორჩენილი ადამიანია, რომლისთვისაც ძეხვი და სალა უფრო ძვირფასია, ვიდრე ეროვნულობა.

– განაგრძეთ, ყმაწვილო, – თქვა თამთას მამამ.

– ჩემ გარშემო უკრაინელი პატრიოტები რომ ყოფილიყვნენ, სხვა საქმეა. მაგრამ მეც ვერ გადავწყვიტე, ჩემს თავზე ასეთი რამ ამეღო. ამიტომ დავრჩი იქ, სადაც ვმსახურობდი. არმია კი დღითიდღე იშლებოდა. ბოლშევიკები ღიად აწარმოებდნენ ძირგამომთხრელ მუშაობას, ხელს არავინ უშლიდათ. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ რიგა გერმანელებს ჩააბარეს. მეც ალყაში მოვყევი და გერმანელებს ტყვედ ჩავბარდი.

– ასე, – თქვა თამთას მამამ.

– ბრესტის ზავის შემდეგ, როგორც უკრაინელი, სამშობლოში დამაბრუნეს. ჩავედი მშობლიურ სოფელში და რას ვხედავ: გერმანელებმა ცენტრალური რადა გარეკეს, მთელი ძალაუფლება ჰეტმან სკოროპადსკის გადასცეს. ის კი მსხვილი მემამულე და მეფის არმიის ყოფილი გენერალია. თავის დროზე სკოროპადსკები რუსეთის მეფეს მიემხრნენ და ამის გამო დიდძალი პრივილეგიები მიიღეს. პავლო სკოროპადსკიც, თავისი წინაპრების მსგავსად, მეფის სასახლეში მსახურობდა, ნიკოლოზ მეორის პირადი მეგობარი იყო. ომის დაწყებისთანავე ფრონტზე წავიდა და კორპუსს მეთაურობდა. მისგან ისეთივე ჰეტმანი გამოვიდა, როგორც ჩემგან ბალერინა. ჯერ ერთი, უკრაინული არ იცოდა, მეორეც, ჰეტმანად არავის აურჩევია. ძალაუფება გერმანელთა მხარდაჭერით მოიპოვა.

– რატომ ამჯობინეს გერმანელებმა რადას სკოროპადსკი? – ჩაერია გიორგი.

– იმიტომ, რომ გერმანიას უკრაინული პური და ქვანახშირი ჰაერივით სჭირდებოდა, – მიუგო კორნიენკომ, – რადა, ანუ პარლამენტი, ამას არ არ დათანხმდებოდა. ერთ კაცთან კი მოლაპარაკება ადვილია. გერმანელებიც სკოროპადსკის გაურიგდნენ.

– შემდეგ რა მოხდა?

– სკოროპადსკი მემამულე იყო, ამიტომ მემამულეთა ძალაუფლება კვლავ აღადგინა. მემამულეები ჩვენთან რუსები ან გარუსებული უკრაინელები არიან, ოდესღაც კაზაკურ ელიტას რომ წარმოადგენდნენ და რუსეთის მეფეს მიეყიდნენ. სკოროპადსკები, ლიზოგუბები, კოჩუბეები, ახლა რუს თავადებთან ერთად ისევ თავზე წამოგვაჯდნენ. უკრაინული არ იციან და არც უნდათ, რომ ისწავლონ. ტეტიებს გვეძახიან და მათრახს გვირტყამენ. უკრაინის დამოუკიდებლობა მათთვის დროებითი მოვლენაა. ამას იმიტომ დათანხმდნენ, რომ რუსეთში ბოლშევიკები არიან და თუ რუსეთის შემადგენლობაში დავრჩებოდით, თავიანთ მამულებსაც დაჰკარგავდნენ.

– აქ რისთვის ჩამოხვედით?

– საქართველო დღეს ერთადერთი დაუმორჩილებელი კუნძულია. თუკი ასე გაგრძელდა... ჩრდილოეთ კავკასიაში ხომ ჩეჩნების პარტიზანული ბრძოლა არ წყდება, არც სომხეთსა და აზერბაიჯანში უნდათ საბჭოთა ხელისუფლება.

– და რისი იმედი გაქვთ?

– იმისა, რომ კოცონი, რომელიც საქართველოშია დანთებული, დიდ ხანძრად გადაიქცევა და მთელს კავკასიას მოედება. მაშინ უკრაინაც აღსდგება, სადაც ბრძოლა მხოლოდ დროებით შეჩერდა.

– გასაგებია.

– გასულ წელს ჩვენებმა პოლონეთში მიმავლინეს, – კორნიენკო წამით გაჩუმდა, – საზღვარზე არალეგალურად გადავედი და ვარშავაში ჩავედი. თქვენი ჩოლოყაშვილის სახელმა უკვე იქამდეც მიაღწია. ძალიან მინდა პოლკოვნიკთან შეხვედრა, – და უკრაინელმა გიორგის მრავლისმეტყველი მზერა მიაპყრო.

– მარტო თქვენ გინდათ თუ ეს პეტლიურას სურვილიცაა?

– შეგიძლიათ პეტლიურას სრულუფლებიან და საგანგებო წარმომადგენლად ჩამთვალოთ.

– გასაგებია. ხვალ აქ ჩოლოყაშვილის კაცი მოვა და შეგახვედრებთ, – გიორგიმ პაუზა გააკეთა, – ახლა კი მისმინეთ, აი, რა უნდა გითხრათ...

30

ბერია კონსპირაციულ ბინაში იმყოფებოდა. აგენტი ზ–12 წუთი წუთზე უნდა მოსულიყო.

მდგომარეობა რთულდება. ამას გიორგის, თამთასა და სხვა მსტოვრების პატაკებიც ადასტურებენ. აგენტების ნაკლოვანებას ჩეკისტები ნამდვილად არ უჩიოდნენ, მაგრამ განა ეს საკმარისია, როდესაც მთელ ხალხთან გაქვს ომი?

პეტლიურას ემისრის ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინეს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა. ჩვენი პატარა ქვეყანა დიდი ამბების ეპიცენტრში მოექცა. შესაბამისად, საფრთხეც უზარმაზარია, რუსი ხომ ამას არ გაპატიებს.

ქართული ემიგრაციის წრეებში ჩეკისტებს თავიანთი აგენტურა ჰყავდათ. ლავრენტიმ იცოდა, რომ ახლა ემიგრაციის შეურიგებელი ნაწილი ყოფილი შს მინისტრ ნოე რამიშვილის გარშემო იყო დარაზმული. საქართველოს ბოროტი გენია – რამიშვილს ასე ტყუილად როდი შეარქვეს. მის სახელთანაა დაკავშირებული საგანგებო რაზმების შექმნა, 1918–21 წლებში ყველას თავზარს რომ სცემდნენ. სწორედ რამიშვილი ითხოვდა დაპატიმრებული ბოლშევიკების მკაცრად დასჯას, სწორედ რამიშვილის ბრძანებით დახვრიტეს ქურდები. ჟორდანია რბილი და ინტელიგენტური გახლდათ, რამიშვილი – მკაცრი და სასტიკი. ამიტომ დღეს ემიგრაციის ყველა შეურიგებელი ელემენტი მის გარშემოა დარაზმული. ნოე რამიშვილი ყველა ანტისაბჭოთა შეთქმულების ავან–ჩავანია და თუ საქართველოში სისხლი დაიღვრება, ეს მთლიანად მის სინდისზე იქნება.

ამ დროს ნაბიჯების ხმა გაისმა. გაიჩხაკუნა კარმა. წამიც და ზღურბლზე აგენტი ზ–12 გამოჩნდა.

31

ჩოლოყაშვილის რაზმამდე ალექსეი კორნიენკო თავად დათამ მიაცილა. მანამდე უკრაინელს დიდხანს ესაუბრა. გიორგი მართალია. კორნიენკო საიმედო კაცია. თუმცა დათამ თავი ვერ შეიკავა და ჰკითხა:

– რატომ გძულთ ასე რუსები? უკრაინელი და რუსი ვინ გაჰყო.

კორნიენკოს თვალები რისხვით აევსო, უკრაინელმა ხელები დამუშტა, მაგრამ თავი შეიკავა და კბილებში გამოსცრა:

– იცით, რას გეტყვით? თქვენ მე ახლა მაწყენინეთ, ძალიან მაწყენინეთ.

სახეზე ისეთი გააფთრება ეხატა, რომ დათამ უმალ ბოდიში მოუხადა.

– მაპატიეთ, არ მინდოდა.

– რამდენადაც ვიცი, თქვენთვის, ქართველებისთვის, დედის გინება ყველაზე დიდი შეურაცხოფაა, არა? – კორნიენკოს თვალები უელავდა.

– დიახ.

– ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, კი ყველაზე დიდი შეურაცხოფა ისაა, როცა გვეუბნებიან, თქვენ და რუსები ერთი ხალხი ხართო.

– არ ვიცოდი, კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას.

რაზმამდე მშვიდობიანად ჩააღწიეს. დათამ თავად წარუდგინა ქაქუცას უკრაინიდან ჩამოსული სტუმარი, შემდეგ კორნიენკოს იდაყვი წაჰკრა:

– აი, ესაა ჩოლოყაშვილი.

კორნიენკო გაიჯგიმა, ქუსლი ქუსლს შემოჰკრა და წამოისროლა:

– პან პოლკოვნიკო! ნება მიბოძეთ, წარმოგიდგეთ: უკრაინის სახალხო რესპუბლიკის არმიის სტარშინა ალექსეი კორნიენკო!

– თავისუფლად! – ნელა წარმოთქვა ქაქუცამ.

ის რამდენიმე წამს მდუმარედ იდგა და სტუმარს ყურადღებით ათვალიერებდა.

– ბატონო პოლკოვნიკო, შეიძლება მოგმართოთ?

– მომმართეთ.

– მაქვს პატივი გადმოგცეთ წერილი, რომელიც უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა სიმონ ვასილის ძე პეტლიურამ...

– ჯარში რამდენ ხანს მსახურობთ? – შეაწყვეტინა ქაქუცამ.

– 1914–დან. პრაპორშჩიკთა სკოლა დავამთავრე, შემდეგ...

– პირველი მსოფლიო ომის დროს სად იბრძოდით?

– რიგასთან.

– უკრაინულ არმიაში როდიდან მსახურობთ?

– 1918 წლიდან, როცა გერმანელებისა და ჰეტმანის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო.

ქაქუცას ერთი მებრძოლი მიუახლოვდა და რაღაც ჩასჩურჩულა. შემდეგ ჩოლოყაშვილი სტუმარს მიუბრუნდა:

– სუფრა უკვე გაშლილია. გთხოვთ, ბატონო კორნიენკო, და ასე ნუ იჯგიმებით, მე ეს არ მიყვარს.

32

აგენტი წავიდა. ბერია მაგიდასთან გაუნძრევლად იჯდა. შემდეგ გრაფინიდან წყალი დაისხა და ხარბად შესვა.

"საშინელებაა! ნუთუ ასეთი საზიზღრობა უნდა გავაკეთო?"

ზ–12 მისი ერთ–ერთი მთავარი აგენტი გახლდათ. მასთან საუბრისას ბერია გრძნობდა, როგორ იპყრობდა შიში. აგენტმა უკვე კარგა ხანია, გადააბიჯა იმ ზღვარს, რასაც ადამიანობა ჰქვია. დავალებას ვირტუოზულად, ყოველგვარი ემოციის გარეშე, ასრულებდა. გამოცდილი მეძავიც ასე მუშაობს. ემოციები მისთვის უცხოა. მხოლოდ ის აინტერესებს, რამდენს გადაუხდიან.

– ღმერთო ჩემო, ოდესმე ეს საშინელება დამთავრდება თუ არა?! – დაიკვნესა ბერიამ.

ლავრენტიმ თავზე ხელები შემოიდო.

33

ბატონო კორნიენკო, – ქაქუცამ ჩაახველა, – ბატონი პეტლიურა იწერება, რომ თუ კავკასია იარაღით ხელში აღსდგება, უკრაინა აუცილებლად მხარს დაუჭერს. ეს რას ნიშნავს? ქართულ აჯანყებას მხარს არ უჭერთ?

– ჩვენ უდიდესი დანაკარგები განვიცადეთ. ამიტომ საეჭვოა, მხოლოდ ქართველების აჯანყებას უკრაინელთა მასობრივი გამოსვლები მოჰყვეს. ბუნებრივია, ჩვენი ხალხი დივერსიისა და საბოტაჟის აქტებს ჩაატარებს, მაგრამ ეს სხვაა, მასობრივი აჯანყება კი – სხვა.

– გამოდის, უკრაინა რომ აჯანყდეს, საერთო კავკასიური ანტიბოლშევიკური გამოსვლაა საჭირო?

– 1918–22 წლებში ჩვენ წითელი და თეთრი რუსების წინააღმდეგ გააფთრებულნი ვიბრძოდით. ჩვენი არმია მშიერ–ტიტველი იყო. ჯარისკაცები ბრძოლაში ფეხშიშველნი მიდიოდნენ. შემდეგ ამას პარტახტიანი ტიფის ეპიდემიაც დაემატა. ქვეყანა სისხლისგან დაიცალა. მასობრივი გამოსვლებისთვის მუხტია საჭირო. ასეთი კი სწორედ საერთო–კავკასიური ანტიბოლშევიკური გამოსვლაა.

– მაგრამ ჩვენი პატარა ქვეყანაც სისხლისგან იცლება, – ქაქუცამ ბრაზით მიმოიხედა გარშემო, – მესამე წელია, რაც ამხელა გველეშაპს ვებრძვით.

– საქართველო ერთადერთი ამბოხებული კუნძულია, – კვერი დაუკრა კორნიენკომ, – კავკასია და პოლონეთი რუსებისთვის მუდამ ცხელი წერტილები იყო.

– თუ დღეს უკრაინაც აღსდგებოდა, ეს ჩვენს მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა.

– დამიჯერეთ, მე ეს გულით მინდა, მაგრამ ჩვენ უდიდესი მსხვერპლი გავიღეთ, ბევრად მეტი, ვიდრე სხვამ. ამას გარდა, ბოლშევიკები უდიდეს დათმობებზე წავიდნენ. გლეხობას მიწა მისცეს, დაიწყო ფართომასშტაბიანი უკრაინიზაცია, ჩვენმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ ლეგალური სტატუსი მიიღო...

– ავტოკეფალური ეკლესია? განა უკრაინულ ეკლესიას ავტოკეფალია გააჩნია?

– ქრისტიანობა პირველად კიევის რუსეთში გავრცელდა. პატრიარქიც პირველად კიევში იჯდა. ასე რომ, ავტოკეფალია ნამდვილად გვეკუთვნის.

– და როდის შეიქმნა თქვენი ავტოკეფალური ეკლესია?

– 1919 წელს. ბოლშევიკებიც და თეთრებიც მას სასტიკად სდევნიდნენ. ბოლოს ლენინი დათანხმდა: დაე ავტოკეფალიაც გქონდეთ, უნივერსიტეტიც, თეატრებიც, ყველაფერი, ოღონდაც საბჭოთა კავშირში დარჩითო.

– და თქვენ მოხვედით, რომ საერთოკავკასიური ხანძარი დაანთოთ?

– მე მოვედი, რომ ქართველ ძმებთან ერთად გავიზიარო ლაშქრობის სიმძიმე, გამარჯვების სიხარული, რათა ჭირშიც და ლხინშიც თქვენთან ვიყო!

34

– ნინო, შენთან საქმე მაქვს, – ბერიამ ტუჩი მოიკვნიტა.

– გისმენ, ლავრენტი.

– აქ არა, ეგებ სადმე სხვაგან შევხვედროდით.

– სხვაგან?

ნინო ყურადღებით მიაჩერდა მას. შემდეგ ეშმაკურად გაიღიმა:

– სიყვარული გინდა ამიხსნა?

– არა.

– აბა, რა გინდა?

– ხომ გითხარი, აქ ვერ გეტყვი–მეთქი.

– რაშია საქ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სტალინი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online