asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლელა + ლევანი
ლელა + ლევანი
ლელა + ლევანი

2011-06-09 16:19:18



19

ორი დღე–ღამე შინიდან არ გავსულვართ, ამქვეყნად თითქოს არავინ გვახსოვდა – საბოლოოდ მივხვდით, ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე არ შეგვძლებია.

ბათუმში გამგზავრება გადავწყვიტეთ, ღამის მატარებელში ჩავსხედით და დილაადრიან უკვე შავი ზღვის სანაპიროზე ვიყავით. ტაქსი მამაჩემის სახლის წინ გაჩერდა. გული ამიჩქროლდა, ვიდრე ჭიშკარს შევაღებდი, ლევანს მოვუბოდიშე, ფიჭური ტელეფონი ამოვიღე და განზე გავდექი, დავრეკე, რამდენიმე წამის შემდეგ დედაჩემის ლოდინით დაღლილი ხმა მომესმა.

– დედა, მე ვარ... მაპატიე... დედა... სხვაგვარად არ შემეძლო... მე ის მიყვარს, დედა... – ყელში ბურთი გამეჩხირა, ლევანს ვუყურებდი, მღელვარება არ შემატყოს–მეთქი. დედაჩემის პასუხს, როგორ განაჩენს, ისე ველოდი, მარტო ქვითინი და სასოწარმკვეთი ამოოხვრა მესმოდა. ვგრძნობდი, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა, თითქოს ჩემი იმედი ჰქონდა, სიტყვას შევაშველებდი, – ახლა ბათუმში ვარ, დედა!.. – დავარღვიე დუმილი და გავიტრუნე.

– მომენატრე, ლელა!.. – კარგა ხნის შემდეგ გამოცრა და ისევ ატირდა, ოღონდ თავშეკავებით, ცრემლებს ყლაპავდა და მძიმედ სუნთქავდა, – ყველაფერს ბათუმი არჩიე? – სულ სხვა რამ იგულისხმა დედამ, ღრმად ამოისუნთქა, – ღმერთმა კარგად გამყოფოს, შვილო! – დასძინა და ვიდრე რაიმეს თქმას მოვასწრებდი, ტელეფონი გათიშა.

ლევანს თვალცრემლიანი მივუახლოვდი, ლოყაზე ვაკოცე და ეზოში შევუძეხი.

მამაჩემი მოულოდნელობისგან ბავშვივით დაიბნა, სტუმარი თუ მოგყავდა, წინდაწინ რატომ არ გამაფრთხილეო, მსუბუქად მისაყვედურა. "სტუმარი კი არა, ჩემი ქმარია!" – მორიდებით ვამცნე და კისერზე მოვეხვიე. გაუხარდა, ლევანს გაუღიმა და ხელი გაუწოდა: "კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ოჯახში!"

იმ ღამეს პატარა წვეულება გაგვიმართა, რამდენიმე ახლო ნათესავი და მეზობელი მოიპატიჟა. მზიულიმ მევლუდი მოიყვანა. ქალი შესაშურად გამოიყურებოდა, ეტლში მოკალათებული მევლუდი ცოტას უხერხულობდა, ლევანს თითქოს გული მოულბო და მალე დაუმეგობრდა. მე და მზიული ცალკე ოთახში გავედით და ცოტა წავიჭორავეთ.

– რა მექნა, სამსახურში არ გავსულიყავი, პურის ფულს ვინ მოგვაწვდიდა?!. – თავის მართლებასავით დაიწყო მზიულიმ, – უთენია ვდგები, მევლუდს ვბან, ვაცმევ, ვაჭმევ და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ, შესვენებაზე უკან გამოვრბივარ, ვანაყრებ და სამსახურში ვბრუნდები... შაბათ–კვირის გარდა, ყოველი დღე გაწამებული ვარ... ზის საბრალო მევლუდი ეტლში და ჩემს ლოდინში თვალები ამოღამებია... ჰოდა, ამას წინათ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა, – მზიულიმ სინანულით გაიქნია თავი, მერე ჩაეცინა, მეც ავყევი და გულწრფელად დავინტერესდი, ასეთი რა უნდა მომხდარიყო... – სამსუნ–ბათუმის ერთობლივ კომპანიაში ვმუშაობ... თურქი მენეჯერი, ოცდაათი წლის სევიდი გადამეკიდა, მომწონხარ და, გინდა თუ არა, ჩემი საყვარელი გახდიო. სიცილით მოვკვდი, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ რა ურთიერთობაზეა ლაპარაკი, როცა ქმარი მყავს და ასეც რომ არ იყოს, შენზე ცამეტი წლით უფროსი ვარ–მეთქი. არ ვიცი, ქალი ვარ და იქნებ კაცის შემოთავაზება გულში კიდეც მესიამოვნა და სარკის წინ ჩვეულებრივზე დიდხანს დავყოვნდი... იმ დილით მევლუდი კარებში მაჩერებს, თვალებს ძლივს მისწორებს და დამნაშავესავით მეუბნება: "ორმოცი წელი შენნაირი ლამაზი ქალისთვის არაფერია, მე არ მეწყინება, ვინმეს თუ გაიჩენ!" გავშტერდი, ასეთი რა შემატყო–მეთქი, ჩემს თავზე გავბრაზდი და გაჩენის დღე დავიწყევლე, ერთხანს გაოგნებული ვიდექი, მერე მის აწყლიანებულ თვალებს ვეღარ გავუძელი და მოთმინება დავკარგე, კარი მოვიჯახუნე და სამსახურში წავედი – იმ დღეს მისთვის სადილი არ მიჭმევია... ქალს ის მეამაყება, ყველაფერი მას შევწირე–მეთქი, ამან კიდევ შემიბრალა: საყვარელი გაიჩინეო... უბრალოდ, ეშინია, ოღონდაც არ მიმატოვოს და, როგორც ენებოს, ისე მოიქცესო... შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და სამი დღე ხმა არ გამიცია, ყველაფერს უგერგილოდ ვუკეთებდი... ბოლოს მიხვდა, დამიძახა და პატიება მთხოვა... – მზიულის ხმა აუკანკალდა, ტირილი აუტყდა, მეც მომერია ცრემლი და უბედური წყვილის სიბრალულით დავიწვი.

მალე სუფრას შემოვუსხედით.

მამაჩემის გვერდით ერთი სომეხი მესაფლავე, ხანშიშესული კარაპეტა იჯდა; მას ჩვენი ოჯახი ძალიან უყვარდა და ბაბუაჩემს ხშირად ნარდს ეთამაშებოდა. სასმელით რომ შეზარხოშდა, თამადისგან სიტყვა ითხოვა და უჩვეულო სადღეგრძელო წარმოთქვა: "როგორც ცოცხლებს შორის გამოირჩევიან ადამიანები, ასევე მიცვალებულებიც განსხვავდებიან... მესაფლავეები ხანდახან გარდაცვლილი ცოლ–ქმრის განსასვენებელთან შევიყრებით ხოლმე და სიყვარულის სადიდებელს ვამბობთ... მოხუცები თურმე სიცოცხლის ბოლომდე ცალკე ცხოვრობდნენ, დაოჯახებული და სოციალურად უზრუნველყოფილი შვილები სტუმრად იშვიათად თუ მოაკითხავდნენ. ერთმანეთს სულს უბერავდნენ, თვალებში შესციცინებდნენ... ერთხელ დედაკაცმა, ქმარი არ შევაწუხოო, ტალავერის ბოძს კიბე მიაყუდა და ვენახის გასხვლას შეუდგა. უცებ ფეხი დაუცურდა, ძირს ჩამოვარდა და ცუდად დაეცა, იქვე განუტევა სული. ბერიკაცი აბღავლდა, ხელი თავში წაიშინა, მე მოგკალიო, საყვარელი ცოლის ცხედარს დაატირა და ეზოდან გადავიდა... ზღვას მიუახლოვდა, ერთხანს დაბნეული იდგა, მერე თითქოს გონს მოეგო და წყალში ყელამდე შევიდა, თავი ჩარგო და ბოლომდე აღარ განძრეულა, ასე ეზიარა სიკვდილს... მოხუცი ცოლ–ქმარი მთელმა ქალაქმა დაიტირა... მოდით, მოხუცების სიყვარულს გაუმარჯოს!" – დაასრულა კარაპეტამ და თვალზე მომდგარი ცრემლი მჯიღით მოიწმინდა, როტომღაც მე და ლევანს შემოგვხედა და სასმისი გამოცალა.

ამბობენ, ძია კარაპეტას ახალგაზრდობაში ერთი ქართველი ქალი უყვარდა, მშობლებს კი ის ქალი სხვაზე გაუთხოვებიათ. მერე იმ სხვას ცოლი მიუტოვებია და რუსეთში გადახვეწილა, შეურაცხყოფილ ქალს ბევრი უდარდია და მალე გარდაცვლილა. უიღბლო კარაპეტას რახან ცხოვრებაში არ გაუმართლა, ბედის ძიებაზე ხელი ჩაუქნევია და მესაფლავეობა დაუწყია, მკვდარში მაინც ვერავინ შემეცილებაო და მას შემდეგ თურმე შეყვარებული ქალის საფლავს ერთადერთ ჭირისუფალივით უვლის.

მეორე დღეს კომეტა დავიქირავეთ და ფოთამდე გავისეირნეთ. მზიანი ამინდი იდგა, ზღვის სანაპირო დამსვენებლებით გავსებულიყო. კიჩოსთან ვიდექით და შუაზე გაპობილი ტალღების ტყლაშუნით ვერთობოდით. "მწვანე კონცხს" ავუარეთ და ქობულეთის სანაპიროს გავუსწორდით, ლევანმა გიჟი მურთაზისა და ბერძენი ვიოლას ტრაგიკული სიყვარული გაიხსენა: "ჭკუიდან შეშლილი ზოგჯერ ზღვას ევედრება, სატრფო დამიბრუნეო".

ბათუმში ერთი კვირა დავყავით, ბედნიერები ვიყავით, ზოგჯერ მომავალზე ვფიქრობდით და ქვეცნობიერად ვჩქარობდით, ცხოვრება უნდა მოგვეწყო და მშვიდი სამკვიდრო შეგვექმნა – ყოფითი პრობლემები ძალაუნებურად თავს გვახსენებდა, ერთმანეთის სიყვარული უჩვეულო ძალას გვმატებდა და გამარჯვების იმედს გვინერგავდა...

თბილისში დავბრუნდით. ლევანის ბებიამ ოქროს ბეჭედი მისახსოვრა, თითზე წამომაცვა და ჩემს სახელზე ატარეო, ალალად მითხრა. ორი დღის შემდეგ გირაოს თანხა დაიბრუნა, თითქმის მთლიანად გადმოგვცა, ბინა დაიქირავეთო. ბოლოს ბილეთი აიღო და რუსეთში გასამგზავრებლად გაემზადა. გული არ გაიტეხოთ, მთავარია, ერთმანეთი გიყვარდეთ და ყველაფერს ეშველებაო, დაგვმოძღვრა და დაგვაიმედა, ჩემი დეიდაშვილი რაღაც სამუშაოს გამიხერხებს და ხელს იქიდანაც გაგიმართავთო. "ოღონდაც კარგად იყავი, იმ რუსეთში არაფერი მოგივიდეს!" ამშვიდებდა ბებიას ლევანი და წასვლას არ ურჩევდა – ბოღმა ახრჩობდა, ამხნის ქალს დასაკარგავში გისტუმრებ და იძულებული ვარ, შენთან განშორებას შევეგუოო.

"ტვირთად ვერ დაგაწვებით, ბავშვებო!" – ამბობდა თვალცრემლიანი მერი და ერთი სული ჰქონდა, აეროპორტში წასვლის დრო როდის მოახლოვდებოდა.

ვიდრე ახალ ბინაში გადავბარგდებოდით, ლევანმა გვანცა გამაცნო. გოგონამ მუშტრის თვალით შემომხედა, "ლამაზი შეყვარებული გყოლია!" მრავლისმეტყველი ღიმილით ჩაილაპარაკა და მსწრაფლ გაგვეცალა. "შეყვარებული კი არა, ცოლი, გვანცა", მსუბუქად მივადევნე და ლევანი გავკენწლე: "ამ ეზოში უშედეგოდ არ გიცხოვრია!" ლევანს ისე ჩაეცინა, დიდებს ბავშვების ახირებაზე რომ ჩაეცინებათ.

სევასტოპოლის ქუჩაზე ერთოთახიანი ბინა ვიქირავეთ. ჩვენი აივანი ვერის სასაფლაოს გადაჰყურებს. იქაურობა მივალაგ–მოვალაგეთ და ჩვენს გემოზე მოვეწყვეთ, მაცივარი რამდენიმე დღის სანოვაგით გამოვავსეთ და გარე სამყაროს კარი გამოვუკეტეთ – მდუმარე სასაფლაოსა და სიცოცხლით სავსე ქალაქს შორის თავი შევაფარეთ, თითქოს ორ გარდაუვალობას, სიცოცხლესა და სიკვდილს დავემალეთ და საოცნებო გარემო შევქმენით – ერთმანეთის სიყვარულით ვტკბებოდით და თავი სამოთხეში გვეგონა. ჯვრისწერაც დავგეგმეთ, დედაჩემს წყენა გაუვლიდა, მეც მაპატიებდა და ლევანზეც გული მოულბებოდა, ახლობლებს მოვიწვევდით, ნეფე–პატარძლის შესაფერისად შევიმოსებოდით და პრესტიჟულ რესტორანში ქორწილს გავმართავდით.

მომავალზე ოცნებამ ისე გაგვიტაცა, დღესა და ღამეს ვეღარ ვარჩევდით. ვინ იცის, რამდენ ხანს გასტანდა დაუოკებელი სურვილებითა და ოცნებებით გალამაზებული წუთები, ჩვენი მყუდროება მოულოდნელად კარზე კაკუნს არ დაერღვია... აბაზანიდან ახალგამოსული ვიყავი, თმას ვივარცხნიდი, ლევანი წვერს იპარსავდა და თავისთვის ღიღინებდა – მოშვებული ონკანის ხმაურში არაფერი ესმოდა. სწრაფად მოვწესრიგდი, ვიფიქრე, ბინის პატრონს რა ბუზმა უკბინა, ასე გაუფრთხილებლად მოგვაკითხა–მეთქი და, ცოტა არ იყოს, გავბრაზდი. კართან მივედი და ფრთხილად გამოვაღე, ზღურბლთან ზორბა, თვალებგადმოკარკლული კაცი შემომეფეთა. გაოცებული მივაჩერდი. უცნობმა ფორმალურად მომიბოდიშა და ოთახში შემოსვლა დააპირა. ქმარს გავძახე და მოულოდნელი სტუმარი შიგნით შევიპატიჟე. ვიდრე ლევანი აბაზანიდან გამოვიდოდა, ზორბამ გამომცდელი ღიმილით მკითხა: "წუხელ სროლის ხმა ხომ არ გაგიგიათ?" მივხვდი, მაძებარი უნდა ყოფილიყო და ზრდილობის გულისთვის დავფიქრდი, წინა ღამეს გონების თვალით გადავწვდი და ღიმილით მივუგე: "არაფერი გაგვიგია!" ამ დროს ოთახში წელზემოთ შიშველი ლევანი გამოჩნდა, ერთხანს დაეჭვებით უყურა სტუმარს, ხომ არ მეჩვენებაო და ბოლოს გაკვირვებით აღმოხდა:

– აქ რა გინდა, ბაბილოძე?!

მაძებარმა ისე დააღო პირი, თითქოს დამნაშავე აღმოაჩინა.

– ახ, ლევანს ვახლავარ!.. – წარბები აზიდა და რატომღაც ეჭვით შემათვალიერა, – ამ უბნის ინსპექტორი ვარ! – ძალაუფლების დემონსტრირებით დასძინა.

– მე ამ ბინაში ცოლთან ერთად ვცხოვრობ! – ცივი, მუქარანარევი ხმით მიუგო ლევანმა, მაძებარმა კი ისევ ეჭვით ამათვალიერ–ჩამათვალიერა, მართალს მეუბნება თუ არაო.

– ძალიან კარგი... მახსოვს, ერთხელ ვიღაც მწერალმა გადაგარჩინა, იმ ამბავს ვივიწყებ და დღეიდან მეგობრები ვიყოთ!.. – მოძალადესავით შესთავაზა ბაბილოძემ და ბოლო სიტყვა ნერვებმომშლელად გაწელა.

მივხვდი, რომელ ამბავსაც გულისხმობდა და ჯერ უკმაყოფილების ნიშნად ზურგი ვაქციე, მერე შემოვტრიალდი და გაპანღურების სურვილით მივაჩერდი.

– ბაბილოძე, ვიღაც ქაჯი არ გეგონო, საკუთარი ლანდის რომ ეშინია, წადი, ძმაო, ბოროტმოქმედებს სდიე... ჩემთან ნუ იქექები, თორემ ქათამმა რაც გამოქექა, კარგად მოგეხსენება!.. – თავის კანტურით უთხრა ლევანმა და თვალები გაუსწორა.

– ყოჩაღ, ლევან, დამუქრებაც გცოდნია! – უკან დახევა ამჯობინა ზორბამ და დაყვავებით დასძინა, – დამშვიდდი, იმაზე მიპასუხე, წუხელ სროლის ხმა ხომ არ გაგიგია?

– არა!

– ესე იგი, მოწმედ არ გამოდგები!.. – დაცინვით წარმოთქვა ბაბილოძემ.

მაძებრის ბინიდან მიბრძანების სურვილი კვლავ შემომიჩნდა, მაგრამ ხმას არ ვიღებდი, ლევანი ლაპარაკში ჩარევას არ მომიწონებდა, თავზე რატომ მახტებიო.

– რა მოწმეობაზეა საუბარი, არაფერი გამიგია–მეთქი! – მშვიდად მიუგო.

– კეთილი და პატიოსანი... – ფამილარულად გამოცრა მაძებარმა და კარისკენ შებრუნდა, – გაბედნიერებას გილოცავ, ლევან... და გირჩევ, ხელში არ ჩამივარდე!

– მოლოცვისთვის მადლობთ... რჩევით კი, პირიქით გირჩევ, ამ ბინის არსებობა საერთოდ დაივიწყე, მყუდროება არ დამირღვიო!.. – მტკიცედ მიუგო ლევანმა და ზღურბლთან შეყოვნებულ ბაბილოძეს შემოტრიალება აიძულა.

– ღამის სამ საათზე თქვენი სადარბაზოს წინ ორი ვერელი ბიჭი მანქანაში ჩაცხრილეს, ჭურში გეძინათ?.. – გამომწვევი ირონიით იკითხა მან და გულისყური ისე ფაქიზად მოგვაპყრო, თითქოს ხავსს მოეჭიდა.

ლევანს ჩაეცინა.

– ჭურში კი არა, ლოგინში გვეძინა და ვერც იმ მიზეზს აგიხსნით, რაც გარეთ ხდებოდა, რატომ არ გვაინტერესებდა!..

მაძებარს უნდილად ჩაეღიმა, თავი გაიქნია, "ყველაფერი გასაგებია!" ჩაიბურდღუნა და სადარბაზოში გაუჩინარდა.

ორივეს გაგვეცინა.

– ცხოვრებამ მყუდროება დაგვირღვია და საეჭვო განზრახვის მქონე უბნის ინსპექტორი მოგვივლინა! – სინანულით ჩაილაპარაკა ლევანმა და ხელი მომხვია.

მეორე დღეს სახლიდან გავიდა, მივდგებ–მოვდგები, საქმეს გამოვნახავო.

ეს იყო ჩემი ქმრის პირველი ნაბიჯი, რასაც პირველი ლოდინი და დაძაბული ფიქრები მოჰყვა, რომელიც, ალბათ დღითიდღე გახშირდებოდა...

20

სევასტოპოლის ქუჩაზე უამრავი ხალხი ირეოდა. მაძებრებს საქმიანი გამომეტყველება ჰქონდათ. შემთხვევითი გამვლელები კი სინანულით აქნევდნენ თავს, სისხლიან ასფალტსა და მიმოფანტულ მინის ნამსხვრევებს ჩვეული ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ.

ტატოს დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. მანქანით მომაკითხა, გაბედნიერება მომილოცა და პირდაპირ მცხეთისკენ გამაქანა. როცა სიტყვა სამსახურზე ჩამოვუგდე, კმაყოფილებით შემომხედა და – "ცოტა უნდა მადროვო, მამაჩემს იქნებ მერიაში გავახერხებინებო რამე!" მეგობრულად შემპირდა. "ცოდნით თავი ნამდვილად არ მისკდება და არც დიპლომი მიობდება კარადაში, მაგრამ რასაც დამავალებენ, ვეცდები, თავი არ შევირცხვინო", – დამნაშავესავით ჩავილაპარაკე და მტკვრის ხეობას გავხედე. ტატოს ჩაეცინა, "ცოდნა და დიპლომი ჩვენ დროში რა საჭიროა, მთავარია, კომპიუტერი იცოდე, ძმაო!.." მხიარულად თქვა და მანქანა მტკვარზე გადამდგარი რესტორნის წინ გააჩერა.

მცხეთიდან კიაზოსთან შევიარე. მოტოციკლს არემონტებდა, მხიარულად შემხვდა, "ახლა უღლიანი ბიჭი ხარ!" სიცილით მითხრა და ცოლის შერთვა მომილოცა, სახლში შემიპატიჟა, ამოიჩემა, თითო ჭიქა დავლიოთო. არ ვქენი, ლელა მარტოა, შეეშინდება, დაღამებამდე სახლში უნდა მივიდე–მეთქი.

ლელამ დიდი ხნის მონატრებულივით გამიღო კარი, კისერზე ჩამომეკიდა, "იცოდე, დიდხანს არ დამტოვო!.." პატარა გოგოსავით ჩამჩურჩულა და თვალებში გამომცდელად მომაჩერდა, თითქოს დანაშაულში უნდა ვემხილე.

ტატოსთან შეხვედრის შესახებ ვუამბე, მამამისი ქალაქის მერია და სამსახურს შემპირდა–მეთქი.

გვიან ჩაგვეძინა. რაღაც უსიამო სიზმარმა გამომაღვიძა. სარკმელს გავხედე, სიჩუმისა და სიბნელის მიხედვით დავასკვენი, შუაღამე უნდა ყოფილიყო. ვერის სასაფლაოზე უჩვეულო დუმილი სუფევდა, ქარი ხის ტოტებს უმწეოდ არხევდა.

ლელას ჩემს მკლავზე ედო თავი და მშვიდად ეძინა. ეღიმებოდა, თითქოს სიზმარში მფარველ ანგელოზს ხედავდა. ფიქრებმა წამიღო, ერთი მხრივ, თავს ბედნიერად ვგრძნობდი, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდებოდი, ამ ბედნიერებამ დიდი საზრუნავი გამიჩინა და ამაფორიაქა. ადრე სულ ვოცნებობდი, ოღონდაც ლელა ჩემი გამხდარიყო და არაფერს შევუშინდებოდი, მეგონა, ყველაფერს მოვაგვარებდი და ცხოვრებას ადვილად გავუმკლავდებოდი. ახლა კი აშკარად ვხედავდი, ჩვენი სიყვარული გარკვეულწილად ყოფითსა და სოციალურ პირობებზეც იყო დამოკიდებული, ძალ–ღონე არ უნდა დამეშურებინა და მომავლის უზრუნველსაყოფად ყირაზე დავმდგარიყავი. ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, საგონებელში ჩავვარდი – განა თავს დავზოგავდი ან შრომას ვითაკილებდი, წყალში ჩავდგებოდი და მოშურნის გულს არ გავახარებდი. ლელას სიტყვები გამუდმებით მახსენდებოდა: თუ ჩვენი სიყვარული გინდა შეინარჩუნო, თადარიგი დროზე დაიჭირე და ცხოვრებას ალღო აუღეო. კი ავუღებდი ალღოს, მაგრამ ქვეყანაში არეული ვითარება იყო, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, პატიოსანი კაცი თავს და ბოლოს ვერ იგებდა.

ჩემს ქონებრივ თუ სოციალურ შესაძლებლობებს რომ გადავხედე და ქალაქის რჩეულ საზოგადოებას თავი შევადარე, წინსვლის სურვილი თითქოს დავკარგე, ჩემი საკეთებელი ვერაფრით წარმოვიდგინე. ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილს ძნელად იშოვიდი, ხელისუფლებაში მოხვედრის სურვილით გააქტიურებულ ახალგაზრდებში კი, სხვადასხვა პარტიაში რომ ერთიანდებოდნენ და დაპირისპირებისა თუ ლანძღვა–გინების მეტს არაფერს აკეთებდნენ, ვერაფრით გავერეოდი.

"ღმერთო ჩემო, შევძლებ? – ტანში უსიამოდ გამაჟრჟოლა, – სიყვარული რომ დავკარგო?" შიშმა ელვასავით დამიარა და ლელას დავხედე. ბავშვივით ამოიხვნეშა, თითქოს ჩემი შეშფოთება იგრძნო და გულუბრყვილოდ გამიღიმა. "თუნდაც სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს, იმედი არასოდეს გაუცრუო!" იდუმალმა ხმამ ყურში ჩამწივლა და უნებლიეთ სინდისის ქენჯნა ვიგრძენი: თურმე მწარედ ვცდებოდი, ცხოვრება ადვილი მეგონა და ამაში ლელასაც ვარწმუნებდი.

ხელი გამოვაცურე და მძინარეს ბალიში გავუსწორე – უხმაუროდ წამოვდექი, აივანზე ფეხაკრეფით გავედი და სიგარეტს მოვუკიდე. იდუმალებით მოცულ სასაფლაოს ფიქრიანად მივაჩერდი და რატომღაც მესაფლავე კარაპეტას უიღბლო სიყვარულის ამბავი გამახსენდა, მერე თითქოს მისი სადღეგრძელოც ყურში ჩამესმა და ერთმანეთის მოსიყვარულე, მოხუცი ცოლ–ქმრის ბედი ვინატრე. ამ დროს ოთახიდან ფაჩუნი მომესმა, ვიდრე გონს მოვეგებოდი, წელზე ლელას ხელები ვიგრძენი. თავი ზურგზე მომადო და ისე გაიტრუნა, თითქოს ძილი ჩემს ბეჭებზე განაგრძო – უჩვეულო სითბომ დამიარა, უსიამო ფიქრები მაშინვე დამავიწყდა, საყვარელ არსებას ფრთხილად მოვუბრუნდი, წამოვზიდე, ხელში ავიყვანე და ერთხანს ვარწიე, თითქოს აკვანში ვაძინებდი, მერე შეზლონგზე დავაწვინე და ნაზად ვაკოცე – ჩემზე ბედნიერი ადამიანი ამქვეყნად არ არსებობდა, სასაფლაოზე დავანებული მყუდროება და უსიცოცხლობა მთელი არსებით მაღიზიანებდა – მიცვალებულთა გამოფხიზლებისა და მათი სიმშვიდის დარღვევის სურვილი მიპყრობდა, მკვდარსაც მინდოდა გაეგო: მე და ლელა სიყვარულში პირველები ვიყავით და ვერავინ გვეცილებოდა, დიდება და სიმდიდრე არაფრად გვიღირდა...

აივანს გრილი ნიავი უქიქინებდა, თითქოს ჩვენს სუნთქვას აძლიერებდა – ჩვენი სხეულები სიკვდილ–სიცოცხლის ზღვართან მიახლოებას გრძნობდა და შიშის დაძლევას ცდილობდა. მერე ჩვენი სულების იდუმალი შერწყმა დაიწყო და მალე დაამებული ტკივილიდან მარადიულობის წამიერ გაელვებაში გადაეშვა, ყველაფერი სიყვარულის შეცნობით დასრულდა...

დილით, ვიდრე სახლიდან გავიდოდი, ლელამ შემაყოვნა, მკერდზე მომეხუტა და მორიდებით მითხრა:

– გუშინ ინეზამ დამირეკა... – ვიცოდი, დედამისის დაქალი იყო, – ელენე შეუძლოდ არისო... – მრავლისმეტყველად ამომხედა, ხომ არაფერი ეწყინაო.

უხერხულად შევიშმუშნე.

– მერე და ინახულე. როცა გინდა, დამიკავშირდი, მოგაკითხავ და შინ წამოგიყვან... – მშვიდად მივუგე, ვაკოცე და გარეთ გამოვედი.

ტროტუარს ფეხით მივუყვებოდი, ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს ჩემი და ლელას სიყვარული მალე დასრულდებოდა – დედამისი ჩემთან აღარ გამოუშვებდა, გონებას აუმღვრევდა, ჩემი საყვედურებით აავსებდა... მოკლედ, უაზრო ეჭვებმა შემიპყრო და მოსვენება დამაკარგვინა. უკან მივბრუნდი, უჩემოდ ვერსად გავუშვებ–მეთქი, დავასკვენი. კარი შევაღე და ოდნავ გაკვირვებულს გამომცდელად მივაჩერდი. მისმა თვალებმა დამარწმუნა, არასოდეს მიმატოვებდა. "რა მოხდა?!" შიშით მკითხა და ჩემკენ გამოექანა. "არაფერი, მინდა, გაკოცო!" დამნაშავესავით მივუგე და მთელი არსებით ვიგრძენი, ამქვეყნად სხვა არაფერი მინდოდა. შვებით ამომხედა და ჩემს მკლავებში მომწყვდეულმა კისერი ნებიერად გადაკიდა...

თითქოს ცხოვრების გაუტანლობას ერთმანეთის ალერსით ვებრძოდით, მე მის არსებაში საკუთარი თავის დამკვიდრებას ვცდილობდი და ამით ყოველგვარ შიშს ვძლევდი. ლელა ბოლომდე მენდობოდა, მამშვიდებდა, სიყვარულს უშურველად მინაწილებდა და ცხოვრებასთან შეგუებას უმტკივნეულოდ მაჩვევდა.

მთავრობის სასახლის წინ ათასობით ადამიანს მოეყარა თავი. მიტინგს რევოლუციური პათოსი გასდევდა, ვიღაცას რეპროდუქტორი მოემარჯვებინა, არსებულ ხელისუფლებას თავისუფალი სიტყვისა და სამართლიანი ტელევიზიის დისკრეტიზაციაში ადანაშაულებდა – ვიდრე მთავრობა უკან არ დაიხევს, ერთად ვიდგეთო, მომიტინგეებს მოუწოდებდა.

ქვაშვეთის ტაძარს გვერდი ავუარე, ერთიანი სულისკვეთებით თავშეყრილ ადამიანებს რაღაცნაირი შურით გავხედე და სინანულით გავიფიქრე: "რა ბედნიერები არიან, თითქოს სხვა საზრუნავი არ აქვთ, ცხოვრებას საპროტესტო გამოსვლებით ებრძვიან. სინამდვილეში თავს იტყუებდნენ, მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმატებისთვის ირჯებიან, ყვირილის მეტი არაფერი შერჩებათ!" მე კი თავის მოტყუება არ შემეძლო და მსგავსი "უპირატესობით" ვერ ვისარგებლებდი.

ბაჩოს მივაკითხე, გაუხარდა, თემო რუსთავის კოლონიაში გადაიყვანესო, მითხრა და სასაუზმეში შემიპატიჟა, თითო ჭიქა დავლიოთო. ბავშვობა მოვიგონეთ და გურამჩიკას ხსოვნის სადღეგრძელო შევსვით – სიყვარულზე ვილაპარაკეთ. მალე უსტო შემოგვიერთდა, "ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება ცოლის შერთვაა!" სიცილით მითხრა და მხარზე ხელი მომხვია. სასაუზმეში კარგა ხანს დავყავით და საგრძნობლად შევზარხოშდით.

ლელამ დამირეკა, ლაღიძის წყლებთან გელოდებიო. ბიჭებს გამოვეთხოვე, ჯვრისწერაზე აუცილებლად მოგიწვევთ–მეთქი და რუსთველის გამზირისკენ გავუყევი.

ვერის აღმართი ფეხით ავიარეთ. პირველად მხედავდა ნასვამს, არაფერს იმჩნევდა, ფარულად მაკვირდებოდა, ცუდი სიმთვრალე ხომ არ იცისო – დედამისის მეგობრების ამბავს მიყვებოდა, ინეზამ სიცილით დაგვხოცაო.

ვუსმენდი და მიწაზე კი არა, ღრუბლებში დავაბიჯებდი, ყველა სადარდებელი მავიწყდებოდა, ცხოვრების ხმაურსა და გაუტანლობას უკან ვიტოვებდი, ნაბიჯ–ნაბიჯ იმ სასურველ ბუნაგს ვუახლოვდებოდი, სადაც სიყვარული და თავდავიწყება მელოდა...

ასე გადიოდა ხანი, დღე დღეს მისდევდა და ღამე – ღამეს. დილით სახლიდან გავდიოდი, ხან კიაზოს ვაკითხავდი, ხანაც – ამიკოს, ერთი–ორჯერ ტატოც ვინახულე, "არაფერი შემახსენო, გულმავიწყი არ გეგონო, მამაჩემი საქმის კურსშია და ყველაფერს გაგიკეთებს!" იმედიანად მითხრა და მოთმინებისკენ მომიწოდა.

ლელა დედასთან ხშირად დადიოდა, ხელცარიელი არასოდეს ბრუნდებოდა, სანოვაგე და ოჯახისთვის საჭირო ნივთები მოჰქონდა. დედა–შვილის ურთიერთობას წინ ვერაფრით აღვუდგებოდი, ცალკერძ კი ვნერვიულობდი, კანში ვერ ვეტეოდი, როცა მასთან წავიდოდა, თავს გარიყულად ვგრძნობდი – თითქოს ჩემსა და ელენეს შორის იდუმალ ქიშპობას ბოლო არ უჩანდა, "რა მოხდებოდა, მეც მათთან ერთად ვიყო?.." ნაღვლიანად ვფიქრობდი და ძალაუნებურად ლელას ვადანაშაულებდი. როგორც კი ჩემ გვერდით დავიგულებდი, წყენას ვივიწყებდი და მისი სიყვარულით ვივსებოდი.

ორი თვის შემდეგ სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ: ლელა ფეხმძიმედ იყო!.. უნდა გენახათ, როგორი ბედნიერები ვიყავით, უაზროდ ვმხიარულობდით, ოცნების კოშკებს ვაგებდით. მუცელს, რომელშიც ჩვენი სიყვარულის ნაყოფი ფეთქავდა, წმინდა ადგილივით დავჩერებოდით, ყურს ვუგდებდით და ხელით ვსინჯავდით, იქნებ შვილის არსებობა შევიგრძნოთო – გასაოცარ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით და ქვეცნობიერად მშობლობისთვის ვემზადებოდით.

ლელას ბოლო დროს სიზანტე დაეტყო, ფეხით სიარული აღარ მეხალისებაო, ჭირვეულობდა, უკვე დედამისის სადარბაზოსთან ვაკითხავდი და შინ ტაქსით მომყავდა – ჩემი ყურადღება და სიფრთხილის გამოჩენა ბავშვივით სიამოვნებდა. არაფერს ვიმჩნევდი, ისე, გულზე ვსკდებოდი, ელენე აივნიდან გადმოიხედავდა, ლელას რაღაცას შეახსენებდა, მე კი არაფრად მაგდებდა, თითქოს არც მამჩნევდა. მის გულგრილ დამოკიდებულებას მოთმინებიდან გამოვყავდი. თითქოს ლელაც მის მხარეს იჭერდა, ამ გაურკვეველ უთანხმოებაზე საყვედურის თქმას ერიდებოდა. პირველ ნაბიჯს მე გადავდგამდი, ელენეს ხელს გავუწვდიდი და ყველაფრისთვის პატიებას ვთხოვდი, მაგრამ ამის საშუალებას არავინ მაძლევდა – თითქოს შეუწყნარებელი ცოდვა ჩამედინოს.

"ჯვრისწერამდე მოვითმინოთ, ბავშვიც გვეყოლება და დედაჩემთან თავსთავად მოგვარდება ყველაფერი!" მეუბნებოდა ლელა და დამამშვიდებლად მიღიმოდა.

ბებიაჩემის დატოვებული ფული თანდათან შემოგველია. ზოგჯერ ლელა სახარჯო ფულს დედამისს ართმევდა. გასაჭირს არ იმჩნევდა, არ წუწუნებდა, ჩემი იმედი ჰქონდა და მშობლის გადაჭარბებულ ყურადღებას დასაყვედრებლად არ იხდიდა. ვერ ვეწინააღმდეგებოდი, დედაშენის დახმარება არ გვინდა–მეთქი და, ვერც გამოუვალ მდგომარეობას ვუმკლავდებოდი – უხერხულად ვდუმდი და სირცხვილით ვიწვოდი, სიდედრის კმაყოფაზე როდემდე უნდა ვყოფილიყავი...

იმ დღეს ამიკოს მივაკითხე. უგუნებობა შემატყო, კიაზოსთან ერთად საქმეზე მივდივარ და ხომ არ წამოხვიდოდიო, მეგობრულად შემომთავაზა და ისე შემწყნარებლურად შემომხედა, საკუთარი თავი შემეცოდა. მალე კიაზოც მოვიდა და ჩემი წაყვანის სურვილი იმანაც გამოთქვა. "ერთ ვაზისუბნელ კაცს ჩემი ნათესავი ქალის ფული მართებს, ათი ათასი დოლარი ხელიდან ხელში აუღია, საქმეში დაგიბანდებ და მოგებიდან ყოველთვიურ სარგებელს გადაგიხდიო, გაუბრიყვებია თაღლითს!.." მიყვებოდა კიაზო და ამიკოს აჩქარებდა, დროზე, თორემ დაგვაგვიანდებაო. მოკლედ, წინა კვირას ამიკოს და კიაზოს ის კაცი უნახავთ. ორი წელია უკვე ამ ქალის ფულით ცხოვრობ, სარგებელს არ გთხოვთ, თავი ფული მოიტანე, თუ არ გინდა, შენმა ცოლ–შვილმა დაინვალიდებული გიხილოსო, დამუქრებიან. რუსეთში ხუთი ვაგონი დაბეჭდილი ღვინო უნდა გაგვეგზავნა, მაგრამ ერთმა სახელმწიფო მოხელემ გადაგვაგდოო, ატირებულა კაცი. ბიჭებს წაუყრუებიათ, ამ ქალბატონის ფულს როდის გადაიხდიო, მკაცრად უკითხავთ. რადგან სარგებელს არ მთხოვთ, თავ ფულს უსიკვდილოდ დაგახვედრებთო, ორი კვირა უთხოვია იმას.

– მერე, მე რა საჭირო ვარ? – თავშეკავებით ვიკითხე.

– თუ იმ ქალმა რამე გვიწილადა, ძმურად გავიყოთ, თუ არადა, ღმერთმა შეარგოს! – მომიგეს ბიჭებმა და მაიძულეს, ამაზე სიტყვა აღარ დამცდენოდა.

ამიკოს მანქანაში ჩავსხედით, თავისუფლების მეტროსთან კიაზოს ნათესავი ქალი გველოდებოდა, გავუარეთ და ვაზისუბნისკენ გავეშურეთ. მეუხერხულებოდა, საქმეში არავითარი წვლილი არ მიმიძღვოდა – გულის სიღრმეში კი ხარბივით ვფიქრობდი, ნეტავ ის კაცი ფულს გადაიხდიდეს და ეს ქალი კიდევ გულუხვობას გამოიჩენდეს–მეთქი.

მანქანა ცხრასართულიანი კორპუსის სადარბაზოსთან გაჩერდა. ბიჭები ქალთან ერთად ძირს გადავიდნენ; მე მანქანაში დავრჩი და სიგარეტს მოვუკიდე, მობეზრებით გავაბოლე – ბოლომდე მოწეული არ მქონდა, მანქანის კარი გაიღო და კიაზო გვერდით კმაყოფილი სახით მომიჯდა. "სიტყვის კაცი ყოფილა!" ირონიულად გამოცრა. ამიკომ მანქანა ადგილიდან დაძრა. კმაყოფილი ქალი ლერმონტოვის ქუჩაზე მივიყვანეთ, მანქანიდან გადასვლის წინ მადლობა გადაგვიხადა და კიაზო ცალკე გაიხმო, რაღაც უნდა გითხრაო. მანქანაში დარჩენილები უჩვეულო მოლოდინით ვდუმდით, წუწუნს, რა თქმა უნდა, არ მოვყვებოდით, მაგრამ იმედის გაცრუების შემთხვევაში ხასიათი ნამდვილად წაგვიხდებოდა.

კიაზომ მანქანის კარი გამოაღო და, რიყეზე, რესტორანში წავედით, ძმებოო, მხიარულად თქვა.

ვიდრე ოფიციანტი სუფრას გააწყობდა, ბიჭებმა 1500 დოლარი გადმომცეს და ალალად მოიხმარეო, მითხრეს. თვალებს არ დავუჯერე, ამდენი რა საჭიროა–მეთქი, ყოყმანით წარმოვთქვი. "იმ ქალმა 3000 ათასი გვიწილადა, ჩვენ ამის ნახევარს ვიმყოფინებთ, ახალმოყვანილი ცოლი გყავს და უპირატესობას განიჭებთ!" ღიმილით მომიგეს და საყვედურით მომაჩერდნენ, ფული ჯიბეში ჩაიდეო.

გვიანობამდე მოვილხინეთ.

მეორე დღეს ლელას ოქროს ყელსაბამი და ბრილიანტის ბეჭედი ვუყიდე. სარკის წინ აღტაცებული ტრიალებდა, ხან ბეჭედს დახედავდა, ხან – ყელსაბამს, თითქოს სიზმარ–ცხადში იყო.

მეც უზომოდ ბედნიერი ვიყავი.

ბოლოს, თითქოს გონს მოეგო, სარკიდან მრავლისმეტყველი ღიმილით გამომხედა, გამომცდელად მკითხა: "ეს ძვირფასეულობა საიდან?!" და ოქროს ყელსაბამი ფრთხილად მოიხსნა.

ყველაფერი ვუამბე.

მოწყენილი გაეცალა სარკეს და თვალებში გაუთვითცნობიერებული შიში ჩაუდგა.

– იმ კაცს პოლიცია რომ დაეხვედრებინა? – კარისკენ ისე გაიხედა, თითქოს მაძებრების თავდასხმას ელოდა.

გამეცინა.

– პოლიცია რა შუაშია, როცა ფულის პატრონი თან გვახლდა!.. – ავუხსენი.

– ასე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online