| ქალი და მამაკაცი |

ფარგო ადვოკატს დაჟინებით მიაჩერდა:
– ამ სახლს ხომ არ იყიდით? თავისი ნაკვეთიანად.
– არა მგონია, ისეთი ფასი მითხარით, მე რომ მაწყობდეს.
– 18 ათასი ბევრია?
– ჩემთვის – კი.
– 17 ათასი თავისი ავეჯიანად?
– ეს უკვე ნორმალურია, მაგრამ მე...
– მაშინ 16 ათასი და არც ერთი ცენტით ნაკლები.
– კარგით, თანახმა ვარ. ახლა სახლს დამათვალიერებინებთ?
– რა თქმა უნდა. წავიდეთ.
პირველი სართულის დათვალიერების შემდეგ ისინი მეორეზე ავიდნენ. ფარგო ერთ–ერთი კარის წინ გაჩერდა, იქვე გაჩერდა მეისონიც.
– იცით, – დაიწყო ფარგომ, – ეს ჩემი ცოლის საძინებელია და შიგ ვერ შევალთ, რადგან საშინელი არეულობაა. მიზეზი ის გახლავთ, რომ დღეს დილით, ექვსსაათიანი რეისით საკრამენტოში გაფრინდა დედამისის სანახავად, ოთახი კი, სიჩქარის გამო, დაულაგებელი დატოვა.
– საკრამენტოში?
– ჰო. რატომ გაგიკვირდათ? აეროპორტში თავად მივიყვანე.
– კარგით. სხვა ოთახებს ხომ მაჩვენებთ?
– რასაკვირველია.
მეორე სართულის დათვალიერების შემდეგ ისინი ქვევით ჩავიდნენ და უკანა ეზოში გავიდნენ. ფარგომ მეისონს ჯერ სარდაფი აჩვენა, მერე კი გარაჟთან მიიყვანა. შიგ კადილაკი იდგა გადახდილი თავით, კიდევ ერთი მანქანის ადგილი კი თავისუფალი იყო.
– კარგი მანქანაა, – შენიშნა მეისონმა, – თქვენია?
– ჰო, ოღონდ ცოლის სახელზეა დარეგისტრირებული, – მიუგო ფარგომ, – აბა, რას იტყვით? ყიდულობთ?
– მე კი თანახმა ვარ, მაგრამ...
– გინდათ, თქვენს ცოლსაც დაათვალიერებინოთ?
– ცოლს არა, – თქვა მეისონმა, – ერთი ახალგაზრდა ქალია, რომელიც...
– ნუღარ გააგრძელებთ. ყველაფერი მესმის, – გაიღიმა ფარგომ.
– მასთან ერთად ოდნავ მოგვიანებით შემოვივლი და...
– ნება თქვენია, – მოუჭრა ფარგომ, – ოღონდ წინასწარ დამირეკეთ, შინ რომ ვიყო, თორემ გასვლა მიწევს ხოლმე.
– აუცილებლად, – მიუგო ადვოკატმა და გასასვლელს მიაშურა.
* * *
მეისონმა პოლ დრეიკს იმ აფთიაქიდან დაურეკა, საიდანაც იდუმალი კლიენტი ელაპარაკა.
– ჰელოუ, პოლ. თავისუფალი ხალხი გყავს?
– რამდენიმე უკვე ჩემს ოფისშია. რატომ მეკითხები?
– მგონი, კვალს მივაგენი, პოლ. ჩემი შიფრი ფარგოს სეიფს მოერგო, ამიტომ ხალხი მჭირდება, ფარგოს სახლს რომ უთვალთვალონ.
– თვლი, რომ იქიდან გაქცევას ლამობს ვინმე?
– ალბათ თავად ფარგო. ის ჩემს მანქანას მიეპარა, მაგრამ პასპორტი წინასწარ დავმალე, ხოლო თავი კლიენტად გავასაღე, ვითომ მისი სახლის ყიდვას ვაპირებდი, რაზეც აშკარად წამოეგო. გაქცევას კი მაინც აპირებს.
– ეს მან გნახა რესტორანში?
– არა, მისმა ცოლმა, რომელზეც მითხრა, დილით აეროპორტში მივიყვანე, საკრამენტოში, დედამისთან რომ გაფრენილიყოო, რაც არ მჯერა.
– რატომ?
– პოლ, მის გარაჟთან, გზაზე, მანქანის ერთი ნაკვალევი შევნიშნე, არადა, რაკი ნაწვიმარი იყო, თუ ამ კაცმა ცოლი მართლა ადრე გააცილა და მერე უკან დაბრუნდა, მინიმუმ, ორი ნაკვალევი მაინც უნდა ყოფილიყო.
– აბა, შენი აზრით, მისი ცოლი სად არის?
– შეიძლება უკვე მოკლულია.
– მერე გვამი?
– წარმოდგენა არა მაქვს. ისე, ცოლის საძინებელში ფარგომ არ შემიყვანა, არეულობააო. არადა, როცა იმ კართან ვიდექით, მომეჩვენა თუ მართლა, თითქოს შიგნით ვიღაცა იყო და კარზე ყურმოდებული გვისმენდა.
– იქნებ მისი ცოლი იყო?
– არა მგონია.
– კარგი, პერი. ჩემი ბიჭები მალე იქ გაჩნდებიან. შენ სად იქნები?
– მეც შორიახლო, ჩემს მანქანაში. იქნებ თავადაც შევნიშნო რამე, – მიუგო ადვოკატმა და ყურმილი დაკიდა.
* * *
მეისონმა მანქანა იმ ადგილას გააჩერა, საიდანაც გარაჟიდან გამომავალი გზა ჩანდა, სიგარეტი გააბოლა და დრეიკის აგენტებს ლოდინი დაუწყო.
ორიოდ ნაფაზის დარტყმა მოასწრო, გარაჟის მხრიდან უკანა სვლით მომავალი კადილაკი რომ დაინახა, რომელიც მთავარ გზაზე შემობრუნდა და სწრაფად გაიჭრა წინ. მეისონმა თავისი მანქანა მაშინვე დაძრა და კადილაკს გამოედევნა, მაგრამ ვერ ხედავდა, მის საჭეს ვინ უჯდა. წინამ მდევარი იგრძნო და სიჩქარეს მოუმატა. ასევე მოიქცა ადკოვატიც, მაგრამ დაწევამდე ჯერ შორს იყო.
უეცრად კადილაკმა გვერდზე შეუხვია და თვალს მიეფარა. იმავ წამს მეისონის მანქანას მოტოციკლი გაუსწორდა, ჰაერში კი სირენამ დაიწივლა.
– გვერდზე გადადექი! – მოისმა გვერდიდან.
მეისონს სხვა გზა აღარ ჰქონდა, სვლა შეანელა და ტროტუართან გააჩერა. თავისი მოტოციკლი მოძრაობის სამსახურის ოფიცერმაც გააჩერა, გადმოვიდა და მეისონს მიუახლოვდა:
– ასეთი სიჩქარე დაუშვებელია! საცაა ავარიას მოახდენდით.
– წინა მანქანას უნდა დავწეოდი...
– შიგ ვინ არის?
– იმ საქმესთან დაკავშირებული ადამიანი, რომელსაც ვიძიებ.
– დეტექტივი ხართ? მართვის მოწმობა მაჩვენეთ.
მეისონმა გაუწოდა.
– აა, პერი მეისონი... ადვოკატი... მაშინ მხოლოდ გაფრთხილებით შემოვიფარგლები, სხვა დროს კი უფრო ნელა იარეთ.
– გმადლობთ, – თქვა მეისონმა, – მითხარით, აქ მანქანას შემოვაბრუნებ?
– აკი წინა მანქანას მივდევო?
– მივდევდი, – მეისონის ხმაში სარკაზმი გაისმა.
ოფიცერი ამ სარკაზმს იქნებ ვერც მიხვდა, მოტოციკლს მოაჯდა და იქაურობას გაეცალა...
* * *
ფარგოს სახლთან დაბრუნებულმა მეისონმა სხვა მანქანა შენიშნა. თავისი გააჩერა, გადმოვიდა და მძღოლთან მივიდა:
– თქვენ... დრეიკმა გამოგგზავნათ?
– საიდან იცით? – გაუკვირდა აგენტს.
– მე ადვოკატი მეისონი ვარ და დრეიკს ვთხოვე, რომ...
– გასაგებია, – მოუჭრა აგენტმა.
– დიდი ხანია, აქ ხართ?
– ხუთი წუთი იქნება.
– სახლიდან ვინმე გამოვიდა?
– არც გამოსულა და არც შესულა.
– კარგით. ასე გააგრძელეთ. მე კი წავალ, დასარეკი მაქვს.
* * *
მეისონმა თავის ოფისში დელა სტრიტს დაურეკა:
– დელა, ახლავე ტაქსი აიყვანეთ და ჩემთან მოდით.
– სად ხართ?
– იმ აფთიაქში, საიდანაც ინკოგნიტო კლიენტმა დამირეკა.
– ათ წუთში მანდ ვიქნები, – შეჰპირდა დელა.
* * *
როცა სტრიტი აფთიაქში შევიდა, ადვოკატი სტენდიდან აღებულ ჟურნალს ათვალიერებდა.
– შეფ, რა ხდება? – დელა მეისონს მიუახლოვდა.
– სახლს ვყიდულობ, – მიუგო მეისონმა, – თქვენ კი, ცხადია, ხუმრობით, ჩემი საცოლე უნდა იყოთ. ამის გათამაშებას შეძლებთ?
– თუ საჭიროა, შევეცდები, – გაიღიმა დელამ, – სახლს ვისგან ვყიდულობთ?
– არტმან დ. ფარგოსაგან, თან ავეჯით და იაფად.
– ახლა მის სახლში მივდივართ?
– ჰო... ოღონდ თუ შევაღწიეთ. ცოტა ხნის წინ იქიდან კადილაკი გამოვიდა, რომელსაც ან თავად ფარგო მართავდა, ან სხვა ვინმე, ვთქვათ, მისი საყვარელი.
– ეს კაცი უცოლოა?
– არა, ცოლიანი.
– ქალი ახლა სად არის?
– როგორც ფარგომ თქვა, საკრამენტოში გაემგზავრა დედასთან, თუმცა გამორიცხული არ არის, მისი გვამი კადილაკში იყოს.
– ო, ღმერთო, – შესძახა დელამ, – მაშინ წავიდეთ, რაღას ვუცდით?
* * *
მეისონმა ზარი დარეკა და დაელოდა, მაგრამ შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. მერე ისევ დარეკა. ისევ უშედეგოდ.
– შეფ, მგონი, კარი ღიაა, – თქვა დელამ, – იქნებ შევიდეთ, ჰა?
– დელა, იცით, უცნაურ გარემოებათა გამო იმ სეიფის შიფრი მაქვს, რომელიც ფარგოს საკუთრებაა.
– მართლა?
– რაკი კარი ღიაა, მგონი, შესვლა ღირს... – მეისონი კარს მიაწვა, რომელიც ცოტაზე გაიღო და ადვოკატს საშუალება მიეცა, შიგ ოდნავ შეეხედა, – მგონი, შიგ ვიღაცა წევს და ადგომას არ აპირებს. ალბათ ჯობს, შესვლა უკანა მხრიდან ვცადოთ.
– თქვენ, რა, სახლში ძალით შეჭრას ლამობთ? – მოისმა ამ დროს უკნიდან ლეიტენანტ ტრაგის ხმა.
– აქ საიდან გაჩნდით? – ბრაზით შეეკითხა მეისონი.
– მის სტრიტის კვალს გამოვყევი, თორემ ისე ვერც მოგაგნებდით, – გაიღიმა ტრაგმა, – კარს არ გიღებენ თუ რა ხდება? და საერთოდ, აქ რა გინდათ?
– ამ სახლს ვყიდულობ, – მიუგო ადვოკატმა.
– მის მფლობელს უკვე ელაპარაკეთ?
– ჰო. დღეს დილით.
– რამე საეჭვო არ შეგინიშნავთ?
– არაფერი.
– კარგი. რაკი აქედან ვერ შევდივართ, იქნებ გარაჟის მხრიდან ვცადოთ?
ის იყო, გარაჟისკენ მიმავალ გზას დაადგნენ, ტრაგი შეჩერდა და თქვა:
– აქ ცოტა ხნის წინ მანქანას გაუვლია. საინტერესოა, წავიდა თუ მოვიდა.
გარაჟი ღია დახვდათ, ის ცარიელი იყო.
– ვიღაცას წაუყვანია, – შენიშნა ტრაგმა და დაამატა, – ეს კარი კი, მგონი, შიგ შეგვიყვანს. მომყევით, თუ შეიძლება.
მათ ჯერ სამზარეულო გაიარეს, მერე კი ჰოლში მოხვდნენ.
– ოი! – შეჰკივლა დელამ, – კართან ვიღაცა გდია!
ვიდრე იქ მივიდოდნენ, იმ კაბინეტის წინ გაიარეს, სადაც სეიფი იდგა. ლეიტენანტმა და მეისონმა იქითკენ გაიხედეს და გაღებული სეიფი და მიყრილ–მოყრილი ქაღალდები შენიშნეს.
ტრაგი უცებ ადვოკატს მიუბრუნდა:
– მეისონ, იქნებ მითხრათ, აქ რას ეძებდნენ?
ადვოკატმა გაკვირვებისგან მხრები აიჩეჩა და თავი გააქნია.
ტრაგი ჯერ კიბესთან მივიდა, მერე კი შემოსასვლელ კართან:
– ეტყობა, მეორე სართულზე მოკლეს, კიბეზე სისხლის კვალია... მეისონ, ერთი აქ მოდით. იქნებ იცნოთ, მოკლული ვინ არის.
ადვოკატი კართან მივიდა, გვამს დახედა და თქვა:
– ეს არტმან დ. ფარგოა, ამ სახლის მეპატრონე, რომელსაც დილით ველაპარაკე და ფასზეც შევუთანხმდი.
– მეისონ, ადრე კარლინი მოკლეს, ახლა კი ფარგო, ანუ ადამიანები, რომელთა სახლებითაც თქვენ ინტერესდებით. თან ამ სახლებს დრეიკის აგენტებს უსევთ ანუ უთვალთვალებთ. თქვენ, რა, ამ მკვლელობებს სპეციალური განრიგით აწყობთ?
– არ მესმის, რას გულისხმობთ.
– მე კი მესმის, – ხმას აუწია ტრაგმა, – თქვენ საეჭვო კაცი ხართ, რადგან წინასწარ იცით, მკვლელობა სად უნდა მოხდეს!
– მოკლედ, გულთმისანი ვარ, – ჩაიცინა მეისონმა.
– ხუმრობის ხასიათზე არ ვარ! – დააფიქსირა ლეიტენანტმა, – ახლა იმავე გზით გადით და ჩემს მანქანაში დამელოდეთ, მე კი მანამდე აქაურობას დავათვალიერებ!
* * *
ვიდრე ლეიტენანტ ტრაგის მანქანამდე მიაღწევდნენ, ადვოკატსა და მის მდივანს შორის შემდეგი დიალოგი გაიმართა:
– ეტყობა, აინტერესებს, აქ როგორ მოვხვდით, – შენიშნა დელამ.
– ჯერ ვერაფერს ვეტყვი.
– რატომ?
– ვფიქრობ, ჩემი კლიენტი სწორედ მისის ფარგოა, – თქვა მეისონმა, – თუმცა არა მგონია, დღეს მისი ნახვა შევძლო.
– თქვენი აზრით, ფარგომ ცოლი მოკლა?
– ადრე ასე ვფიქრობდი, ახლა კი დავიბენი. ფარგო ვიღაცამ იქნებ თავის დაცვის მიზნით მოკლა, ეს ვიღაცა კი შეიძლება ცოლიც ყოფილიყო და საყვარელიც.
– დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი კლიენტი მისის ფარგოა?
– თითქმის, – მიუგო მეისონმა და ტრაგის მანქანის კარი გამოაღო, – სალამი, ოფიცერო!
საჭესთან მჯდარმა ოფიცერმა ისე გამოხედა მოსულებს, სალამი არ დაუბრუნებია.
ის იყო, დელა მეისონის გვერდით დაჯდა, რომ სახლს სირენების ხმამაღალი წივილით პოლიციის რამდენიმე მანქანა მოადგა. გამოჩნდნენ რეპორტიორებიც და ფოტოგრაფებიც, მერე კი ცხედრის წასაღებად დამკრძალავი ბიუროს ფურგონიც მოვიდა.
ბოლოს სახლიდან სწრაფი ნაბიჯებით ტრაგი გამოვიდა და თავის მანქანაში ოფიცრის გვერდით დაჯდა:
– მაპატიეთ, მეგობრებო, ამდენი რომ გალოდინეთ. ახლა კი, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, სამმართველოში წავალთ და ჩვენებას ჩამოგართმევთ.
– ამის გაკეთება აქ არ შეიძლება? – შეეკითხა დელა.
– არა, – მიუგო ტრაგმა, – იქ სტენოგრაფისტი გვყავს და ყველაფერს ჩავიწერთ.
* * *
ტრაგმა მეისონი და დელა თავის კაბინეტში შეიყვანა, დასხდომა შესთავაზა და სტენოგრაფისტს უხმო.
– აბა, – დაიწყო მან, როცა თავის მაგიდას მიუჯდა, – მეისონ, მოგვიყევით, ფარგოს სახლთან რამ მიგიყვანათ.
– ჩემი იდუმალი კლიენტის შესახებ თქვენ უკვე იცით...
– ჰო, ჰო, – დაეთანხმა ტრაგი, – თუმცა მის ვინაობას არ მიმხელთ.
– თავადაც არ ვიცი და თქვენ როგორ გაგიმხელთ?
– იქნებ ეს მისის ფარგოა?
– შესაძლოა.
– ის ახლა სად არის?
– ვფიქრობ, მკვდარია.
– კიდევ ერთი გვამი?
– ასე გამოდის.
– რატომ ფიქრობთ, რომ მკვდარია?
– ფარგომ მითხრა, დილით საკრამენტოში გაფრინდაო, რაც არ მჯერა, რადგან გარაჟიდან მანქანა არ გამოსულა.
– ჩემი აზრით კი, მანქანა გამოვიდა.
– მართალია, რადგან ახლა იქ აღარ დგას და მის საჭესთანაც, ცხადია, ვიღაცა ზის.
– იქნებ იცით, ვინ?
– თუ ფარგოს ცოლი მართლა მკვდარია, მაშინ ალბათ მისი საყვარელი.
ამ დროს კარი გაიღო, კაბინეტში სერჟანტი შემოვიდა, ტრაგს წინ რაღაც ფურცელი დაუდო და უკან გაბრუნდა. ტრაგი ფურცელს დააკვირდა, სახე მოეღუშა, თავი ასწია და თქვა:
– მეისონ, ფარგოს სეიფში რას ეძებდით? აქ წერია, რომ დისკზე თქვენი თითების ანაბეჭდი ნახეს.
– ალბათ რაღაცა შეცდომაა, – მიუგო ადვოკატმა, – სეიფში არც შემიხედავს.
– მე კი მგონია, თქვენი კლიენტის დავალებით რაღაც დოკუმენტს ეძებდით, რომლის გადამალვაც როგორღაც უკვე მოახერხეთ. ასე არ არის?
– ცხადია, არა. ლეიტენანტო, მთავარი, რისი თქმაც შემეძლო, უკვე გითხარით. რაც შეეხება დეტალებს, ნუღარ ჩამეძიებით, რადგან ამან შეიძლება ჩემი კლიენტი დააზარალოს.
– ჩვენ სიმართლე გვაინტერესებს და არა თქვენი კლიენტის ინტერესები!
– მართლა? – ჩაიცინა მეისონმა, – თუ ასეა, ერთ რჩევას მოგცემთ და, იმედია, გაითვალისწინებთ.
– თქვენ რა უნდა მირჩიოთ? – დამცინავად შეეკითხა ტრაგი.
– ფარგოს კადილაკი მისი ცოლის სახელზეა დარეგისტრირებული. თქვენ მისი ნომრის გაგება არ უნდა გაგიჭირდეთ, ამიტომ შეგიძლიათ მთელი ქვეყნის მასშტაბით მისი ძებნა გამოაცხადოთ და თუ ბედი გაგიღიმებთ და იპოვით, პირველ რიგში, მის საბარგულში უნდა ჩაიხედოთ.
– რჩევისთვის გმადლობთ, – მიუგო ტრაგმა, – რაც თქვენ თქვით, ამას უკვე ვაკეთებთ. ახლა კი შეგიძლიათ წახვიდეთ. თავისუფლები ხართ, ოღონდ ჯერჯერობით.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 






































































































