| ქალი და მამაკაცი |

ჟურნალი "გუმბათი" და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" იწყებენ ერთობლივ პროექტს, რომელიც ჩვენი მკითხველისთვის დიდი საჩუქარი იქნება. 13 ივნისიდან გამოიცემა ცნობილი ქართველი თანამედროვე მწერლის, აკა მორჩილაძის, 10–ტომეული.
აკა მორჩილაძეს, იგივე გიორგი ახვლედიანს, ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. მას გამოცემული აქვს ოცამდე წიგნი, იგი ავტორია რამდენიმე მხატვრული ფილმის და ტელესერიალის სცენარისა. ოთხჯერ მიღებული აქვს ქართული ლიტერატურული პრემია "საბა", ხოლო მისმა "მამლუქმა" სულ ახლახანს მიიღო პრემია წლის საუკეთესო რომანისთვის.
გვესაუბრება "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" დირექტორი, თინათინ მამულაშვილი.
– ქალბატონო თინათინ, საუბარი დავიწყოთ ახალი პროექტის შესახებ, რომელსაც ჟურნალი "გუმბათი" და თქვენი გამომცემლობა იწყებენ.
– ასეთი ტიპის თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. ადრეც გვქონია ასეთი გამოცდილება. სასიხარულოა, რომ თქვენი ჟურნალი ფართო მასებისთვის თანამედროვე ქართველ ავტორებს ბეჭდავს. მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მწერალი არის აკა მორჩილაძე, რომელთანაც "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" უკვე დიდი ხანია, თანამშრომლობს. ჩვენ მისი წიგნების ერთგვარი ბიბლიოთეკა გავაკეთეთ. რომ შევაჯამეთ, აღმოჩნდა, რომ აკა მორჩილაძის ოცზე მეტი წიგნი გვაქვს გამოცემული. აქედან ათი წიგნი პერიოდულად ჩაიდება ჟურნალ "გუმბათში". ათივე არაჩვეულებრივი დიზაინით იქნება, რომელიც მხატვარ თამაზ ვარვალიძეს ეკუთვნის. ძალიან თანამედროვე და საინტერესო დიზაინი აქვს, რაც სრულიად განსხვავებულია. ვინც აქამდე ნახა, ყველას ძალიან მოეწონა. იმედია, რომ თქვენი ჟურნალის მკითხველებიც კმაყოფილი დარჩებიან.
– პირველი ტომი რა იქნება?
– ეს არის არაჩვეულებრივი რომანი "ძველი გულებისა და ხმლისა", რომელიც ჩემთვის ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ნაწარმოებია. იგი მოგვითხრობს მე–19 საუკუნის ისტორიას და საკმაოდ დრამატული ისტორიაა. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსები პირველად შემოვიდნენ საქართველოში და ჩვენი ქვეყანა რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. რუსები არ იცნობდნენ ქართველებს, არ იცნობდნენ მათ ტრადიციებს, წეს–ჩვეულებებს, ხასიათს და ძალიან ეჭვით უყურებდნენ. იმ დროს ქართველები უფრო გულუბრყვილოები იყვნენ, უფრო პატიოსნები. რუსები ამას სხვანაირად აღიქვამდნენ და თვლიდნენ, რომ ქართველებს ბოროტი განზრახვა ჰქონდათ. შესაბამისად, ეს ყველაფერი გარკვეულ გაუგებრობას იწვევდა. ისტორია იწყება იქიდან, რომ ახალგაზრდა ქართველი აზნაური დაინახავს, თბილისში რუსი ოფიცერი რომელიღაც გამყიდველს დახლს როგორ დაუნგრევს. ოფიცერი ამას იმისთვის აკეთებს, რომ ერთ ქალს თავი მოაწონოს, აზნაური კი შეწუხდება იმით, რომ უსამართლობა მოხდა, უდანაშაულო ადამიანს დახლი დაუნგრიეს. იგი ამ ოფიცერს შეებრძოლება და დუელში მოკლავს. აზნაურს ოფიცრის განზრახ მკვლელობას დააბრალებენ, ჩათვლიან, რომ მან ბოროტი განზრახვით მოკლა რუსი. არადა, ამ დროს იგი პატიოსან მოქალაქეს გამოესარჩლა. ამას მოჰყვება მთელი რიგი პერიპეტიები და აზნაურს დაიჭერენ. შემდეგ გამოუშვებენ იმიტომ, რომ ცნობილი ნათლიები ჰყავდა. მოქმედება ძალიან დინამიურად ვითარდება და ეს ყველაფერი აწყობილია იმ გაუგებრობაზე, რომელზედაც თავიდან მოგახსენეთ, დანარჩენს მკითხველი თავად წაიკითხავს. თან ძალიან ოსტატურად არის აღწერილი ძველი დრო, რომელიც ეხმაურება დღევანდელ დღესაც, რადგან ქართველებს ისევ აქვთ რუსებთან პრობლემები.
– თუ არის ცნობილი, შემდეგი ტომები რა იქნება?
– ეს ჯერ ბოლომდე დადგენილი არაა, ამიტომ დადასტურებით თქმა მიჭირს. ნელ–ნელა აკა მორჩილაძის ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები იქნება გამოქვეყნებული. არ არის გამორიცხული, რომ დროთა განმავლობაში ახალიც დაემატოს. ახლა ბატონი აკა ერთ მოთხრობას წერს, რომელიც, შესაძლოა, ერთ–ერთი ბოლო იყოს ამ სიაში.
– როგორ ფიქრობთ, მკითხველი როგორ მიიღებს ამ ახალ წამოწყებას?
– წესით, კარგად უნდა მიიღოს, მითუმეტეს, რომ ეს არის ავტორი, რომელსაც ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი ნაწარმოები აქვს შექმნილი, არის უაღრესად საინტერესო მთხრობელი. ნებისმიერ დროს ისე კარგად აღწერს, რომ მკითხველი სრულად შეიგრძნობს იმ ეპოქას. ასეთი ტიპის მწერალი ნებისმიერ დროში იშვიათია. ქართველი მკითხველისთვის ამ წიგნების გამოცემა დიდი საჩუქარია, მითუმეტეს მათთვის, ვისაც აკა მორჩილაძე უყვარს.
– ზოგადად რას გვეტყვით აკა მორჩილაძის როლზე ქართულ ლიტერატურაში?
– თანამედროვე ლიტერატურაში იგი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ამას ის პრემიებიც მოწმობს, რომლებიც მას მიუღია. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ასეთი მწერალი არის და, იმედია, ახალ თაობაშიც გამოჩნდებიან მსგავსი ადამიანები. შეიძლება ითქვას, რომ აკა მორჩილაძეს ქართულ ლიტერატურაში თავისი ადგილი უკვე დამკვიდრებული აქვს. მან სულაც რომ აღარაფერი დაწეროს, ისედაც ნათქვამი აქვს თავისი სიტყვა. ოცი წიგნი მწერლისთვის საკმაოდ ბევრია. გარდა ამისა, აქვს გამოუქვეყნებელი წიგნებიც. ასევე, როგორც იცით, მას მიჰყავდა გადაცემა ტელეკომპანია "იმედზე" და მაყურებელს ისტორიის შესახებ მოუთხრობდა. ისტორიული წიგნიც აქვს დაწერილი, რომელიც ჯერ გამოქვეყნებული არაა. ანუ ამ მწერლის შემოქმედება ბევრ განსხვავებულ ნაწარმოებს მოიცავს.
– ალბათ მისი ნაწარმოებების ერთ–ერთი პირველი მკითხველი თქვენ ხართ.
– კი, ნამდვილად. სულ პირველი მკითხველი ალბათ მისი მეუღლეა. შემდეგ კი მე მიგზავნის ხოლმე და ვკითხულობ. საერთოდ, ბატონი აკა ძალიან სწრაფად წერს. თავიდან მოგვიყვება, რის შესახებ უნდა დაწეროს და ორ–სამ კვირაში უკვე დაწერილი აქვს ხოლმე. როდესაც ჩვენთან გამზადებული სახით მოაქვს, იშვიათად, რომ იქ რაიმე შევცვალოთ. მას ნაწარმოების სიუჟეტი თავიდან ბოლომდე კარგად აქვს გააზრებული, გმირები კარგად ჰყავს გამოკვეთილი და ნაწარმოებიც ლაღად იკითხება. ძალიან რთულია მასში რაღაცის შეცვლა. შეიძლება, პატარა შენიშვნა მისცეს რედაქტორმა ან გამომცემელმა, თუმცა უმეტესად ბატონი აკას წიგნებში დიდი ცვლილებები არ ხდება ხოლმე.
– რაიმე საინტერესოს ხომ არ გაიხსენებდით თქვენი ურთიერთობიდან?
– ერთხელ მან მოიტანა წიგნ "სანტა–ესპერანსას" ხელნაწერი. ჩემი აზრით, ეს რომანი ერთ–ერთი საუკეთესოა ქართულ ლიტერატურში. მას ჩვენ მივეცით განსაკუთრებული სახე. ჩაფიქრებული იყო, რომ 36 რვეული უნდა ჩადებულიყო რაიმეში და მისი წაკითხვა სხვადასხვა თანმიმდევრობით შეიძლებოდა. ამავე დროს, ამ რვეულებზე გამოსახული იყო სათამაშო ბანქოს სურათები, თითქოს თითოეული მათგანი ბანქოს ერთ ფურცელს წარმოადგენდა. ვფიქრობდით, რა სახით გამოგვეცა ეს წიგნი და მოვიფიქრეთ, რომ ეს ყველაფერი ჩანთაში ჩაგვედო. რომანი იწყება ასე, რომ ქართველი მწერალი ჩადის კუნძულ სანტა–ესპერანსაზე, რომელიც არ არსებობს, მაგრამ მწერალმა გამოიგონა და ამ კუნძულის ისტორიას აღწერს. ეს მწერალი რადგანაც იმ კუნძულზე ისე ჩადის, როგორც მოგზაური, ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ეს რვეულები მოგვეთავსებინა მოგზაურის ჩანთაში. რამდენიმე გამოცემა სწორედ ასეთი სახით გავაკეთეთ და გერმანელებმაც ასეთი ფორმით გამოსცეს.
ასევე ძალიან საინტერესო იყო წიგნ "მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთზე" მუშაობა, რომელიც თავისი ფორმით არაორდინალურია, ანუ გვაქვს ყუთი და სეიფი ახატია გარედან. მისტერ დიქსლი გამომძიებელია და ამ სეიფში აწყვია საქაღალდეები, რომლებშიც სხვადასხვა მასალებს ინახავს. ეს ორი წიგნი არაჩვეულებრივ სამყაროს ქმნის. მასზე მუშაობაც საინტერესო და საკმაოდ კრეატიული იყო.
– დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და წარმატებებს გისურვებთ.
თეონა კენჭიაშვილი
|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 




