asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თავდასხმა სტალინზე
თავდასხმა სტალინზე
თავდასხმა სტალინზე

2011-06-08 14:06:26



დასაწყისი წინა ნომრებში

19

გიორგის და თამთას ქორწილმა ჩუმად ჩაიარა. მხოლოდ ახლობლები დაპატიჟეს. დიდი ლხინისა და დროსტარებისთვის ახლა არავის ეცალა.

ჯვარი გიორგის ნაცნობმა მღვდელმა დაწერათ. ორივეს კარგა ხანია, იცნობდა, ამიტომ მათმა შეუღლებამ გულით გაახარა.

– როგორც იქნა! მომილოცავს, მომილოცავს..

თამთა იღიმებოდა. ამ წუთს ის კარგა ხანია ელოდა. დაქორწინება მათ ხომ ჯერ კიდევ 1921 წლის იანვარში გადაწყვიტეს. ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ანაზდად საქართველოში მე–11 რუსული არმია შემოიჭრა. დაიწყო ომი, ბედნიერ ოცნებასაც წერტილი დაესვა.

გიორგი ფრონტზე მოხალისედ წავიდა. ის და დათა ტაბახმელასთან იბრძოდნენ. რუსების მიერ თბილისის აღების შემდეგ გიორგი საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა. თამთას ასეც უთხრა:

– მორჩა! საქართველო აღარ არსებობს. დამოუკიდებლობის ოთხი წელი დასრულდა. ჩვენ კვლავ რუსეთის ნაწილი ვართ, ბოლშევიკური რუსეთი უფრო საშინელია, ვიდრე მეფისა. ბოლშევიკებს არც ღმერთი სწამთ, არც სამშობლო არც არაფერი. აქ დარჩენა სიკვდილია. ემიგრაციაში მივდივარ, წამოხვალ, თამთა?

– ემიგრაციაში? – თამთამ შუბლი შეიკრა, – სად?

– თუნდაც საფრანგეთში. ჩვენი მთავრობაც ხომ იქაა!

– მე ვერ წამოვალ. მამა უკვე მოხუცდა, პალიკო ჯერაც ბავშვია! როგორ მივატოვო? არა, ვერ წამოვალ.

რამდენს ემუდარებოდა მაშინ გიორგი! რამდენი ეხვეწა, დაუჩოქა კიდეც. არაფერმა გაჭრა:

– მე შენ მიყვარხარ, გიორგი, მაგრამ მამას და ძმას ვერ მივატოვებ!

– მაგრამ თუ დავრჩი, მომკლავენ. ცნობილია ჩემი ეროვნულ–დემოკრატებთან მეგობრობის ამბავი. ბოლშევიკების წინააღმდეგ გამოვდიოდი, სტატიებს ვწერდი. ისინი ამას მაპატიებენ?

– მართალია, შენ უნდა წახვიდე.

– უშენოდ? არავითარ შემთხვევაში. თუ არ წამოხვალ, მეც დავრჩები! მომკლან. უშენოდ სიცოცხლეს აზრი არა აქვს.

გიორგი მართლაც დარჩა. თამთა ამას არაფრით მოელოდა. "მართლა ვუყვარვარ, – გაიფიქრა ქალმა, – აქ დარჩენა მისთვის მართლაც საშიშია. ის კი დარჩა, ჩემ გამო დარჩა."

თამთას ოჯახი გიორგის კარგად იცნობდა. თამთას მამამ გიორგის უთხრა:

– ტყუილად შიშობ, ხელს არ გახლებენ.

– რატომ?

– ბოლშევიკების წინააღმდეგ ბევრი გამოდიოდა. მთელ ქვეყანას ხომ ვერ დაიჭერენ! დამიჯერე, შენ ხელს არ გახლებენ. პირიქით, წითლები ჩვენი ინტელიგენციის მომადლიერებას შეეცდებიან.

ასე მოხდა. გიორგი თავისთვის წყნარად ცხოვრობდა. არავის აწუხებდა, არც მას აწუხებდა ვინმე. თუმცა ერთხელ თამთას გამოუცხადა:

– ოკუპანტებს ვერ შევეგუები. ან ისინი, ან მე! რატომ უნდა თელოს ჩემი მიწა რუსულმა ჩექმამ?

თამთა უმალ მიხვდა, რომ ეს დათას გავლენით მოხდა. დათა უკვე ჩოლოყაშვილის რაზმის მებრძოლი იყო. ეს რაზმი წითელ არმიას თავზარს სცემდა.

გიორგი არალეგალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა. თამთამ ეს იცოდა და სულ უფრო იპყრობდა შიში. ჩეკა უკვე მთელ საქართველოში მძვინვარებდა. ციხეები გამოტენილი იყო. ხალხს ყოველგვარი სასამართლოსა და გამოძიების გარეშე ხვრეტდნენ.

– თამთა, ახლა უფლება არ მაქვს, ხელი გთხოვო. რომ დამიჭირონ და დამხვრიტონ, ქვრივი დაგტოვო?

– მაშ მეც შენ გვერდით ვიქნები.

– თამთა, ეს საშიშია.

– ვიცი, ამიტომაც დაბეჯითებით მოვითხოვ, შენ გვერდით ვიყო.

იმდენი ელაპარაკა, რომ ბოლოს დაიყოლია. თამთაც ორგანიზაციის წევრი გახდა

თითქმის სულ ერთად იყვნენ. 14 წლის პალიკო გიორგის ემუდარებოდა, ქაქუცას შეფიცულებთან წამიყვანეო. თამთა ამის გაგონებაზე კიოდა:

– პალიკო, გაჩუმდი!

– მე რა, ქართველი არა ვარ? ოკუპანტებს რატომ არ უნდა ვებრძოდე?

– მოვა დრო და შეებრძოლები, – სერიოზულად მიუგო გიორგიმ, – ჯერ ადრეა.

– რატომ?

– მერე მამაშენი? განა შეგიძლია, ასეთ დროს მარტო დატოვო?

პალიკო გაწითლდა და თავი ჩაღუნა.

თამთას მამა კი ავად იყო. სახლიდან გარეთ თითქმის ვეღარ გადიოდა. თამთა მამას დასტრიალებდა, გიორგის ძალზე უყვარდა პოლკოვნიკთან საუბარი.

– მენშევიკებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს, – ამბობდა თამთას მამა, – დავიწყოთ იქიდან, რომ ჯარი არ შექმნეს. რატომ? საქართველოს ხომ ბრწყინვალე ოფიცერთა კორპუსი ჰყავდა.

– მენშევიკებს თქვენ თავადებად მიაჩნდით, არ გენდობოდნენ. ედეპე რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში...

– რას იზამდა?

– უწინარეს ყოვლისა, არმიას შექმნიდა. ალბათ იცით, რომ გერმანელები ემუდარებოდნენ, მოგცემთ ფულს, ინსტრუქტორებს, ორი რკინის დივიზია მაინც შექმენითო! ყური არ ათხოვეს.

– ეშინოდათ, უკრაინული ამბები არ განმეორებულიყო, – პოლკოვნიკმა გაიღიმა, – იქ ხომ რადა დაშალეს და ჰეტმანად გენერალი სკოროპადსკი მოიყვანეს.

– ვითომ მართლა არსებობდა ამის საშიშროება?

– არა მგონია. უკრაინაში გერმანელებს პური და ქვანახშირი სჭირდებოდათ. არც ერთი პარლამენტი არ დათანხმდება, რომ უცხო ქვეყანას პური გაატანოს, საკუთარი მოსახლეობა კი დაამშიოს. რადაც ამიტომ დაშალეს. ერთ კაცთან, ანუ გენერალ სკოროპადსკისთან, მოლაპარაკება შეიძლება, ამხელა პარლამენტთან – არა.

– ჩვენთან შეიძლებოდა იგივე განმეორებულიყო?

– საქართველო სურსათით გერმანიას კი არა, საკუთარ თავს ვერ უზრუნველყოფდა! ჩვენ გერმანელებს მივეცით ბაზები, პორტები. გადატრიალებასაც აზრი არ ჰქონდა. გერმანელებიც ამაზე არ წავიდნენ.

– თქვენთვის რომ შემოეთავაზებინათ, მენშევიკები დაამხე და საქართველოს დიქტატორად დაგსვამთო, დათანხმდებოდით?

– არავითარ შემთხვევაში!

– რატომ?

– ეს უზნეობაა. მენშევიკები ნამდვილად არ მომწონდა, მაგრამ ფაქტია: ისინი ქართველმა ხალხმა აირჩია! ჩემი ხალხის წინააღმდეგ წავიდე?

გიორგი დაუფარავი აღტაცებით შესცქეროდა. ხშირად მათი საუბარი გვიან ღამემდე გრძელდებოდა.

– სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ბევრი შემთხვევა გავუშვით ხელიდან, – ამბობდა პოლკოვნიკი, – კარგი, დავუშვათ, გერმანელებს არ ენდობოდნენ, მაგრამ ინგლისელები? მათაც ხომ შესთავაზეს, დაგეხმარებით რკინის დივიზიების შექმნაშიო. ყურიც არ ათხოვეს.

– მართალი ბრძანდებით.

– 1920–ში, როცა წითელი არმია თავს პირველად დაგვესხა, კარგი შანსი მოგვეცა. წითელ ხიდთან კვინიტაძემ რუსებს კუდით ქვა ასროლინა. აზერბაიჯანი აჯანყდა. წითლები განდევნეს განჯიდან. ამასობაში პოლონეთმა რუსეთს დაარტყა. ბოლშევიკები მინსკიდან და კიევიდან განდევნეს. აზერბაიჯანელებთან რომ გავერთიანებულიყავით, ბაქოს ავიღებდით. წითლებს აღარც ჯარისკაცები დარჩათ, არც ტყვია–წამალი. დაზვერვა გვატყობინებდა, თოფებიდან ტყვიის ნაცვლად ტილებს ისვრიანო. ინგლისელებიც გვეუბნებოდნენ, მიდით, დაარტყითო. ჩვენ კი რა მოვიმოქმედეთ?

პოლკოვნიკს თვალები ცრემლით აევსო.

– ლენინიც 7 მაისის შეთანხმებაზე იმიტომ წავიდა, რომ ბაქოს დაკარგვა რეალური გახდა, – თქვა გიორგიმ, – ჟორდანია კი გახარებული იყო, რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა და საზღვრები აღიარაო.

– ნოეს დაავიწყდა, რომ ლენინმა უკრაინასაც განუცხადა, შენს დამოუკიდებლობას ვაღიარებო და თან იქ ჯარი შეიყვანა. მოსკოვში მოლაპარაკებები გრძელდებოდა, წითელი არმია კი კიევს მიადგა.

– ჟორდანია კი თვლიდა, რუსეთმა მაღიარა, ახლა ევროპაც მაღიარებსო, ამიტომაც დემობილიზაცია გამოაცხადა. რუსებზე მეტად მას საკუთარი ჯარისა ეშინოდა.

– საქმეც ამაშია!

ზოგჯერ მათთან დათაც შემოივლიდა ხოლმე. თამთას მამასთან საუბარი მასაც ძალიან უყვარდა. ერთხელ ვერც კი შენიშნეს, ისე დაათენდათ.

20

რატომ მეუბნებოდა ბერია, გიორგიზე დაქორწინდიო? რატომ იჩენს ჩემ მიმართ ასეთ ყურადღებას?"

თამთა გრძნობდა, როგორ ეძალებოდა შეშფოთება.

როცა გიორგი დაიჭირეს, შიშმა შეიპყრო, მამისა და ძმის დაჭერამ სასოწარკვეთაში ჩააგდო. ბერიასაც თანამშრომლობაზე დათანხმდა და ხელი მოაწერა ქაღალდს. ახლა გპუ–ს საიდუმლო აგენტია.

ბერიამ პირობა შეასრულა, მამაც გამოაშვებინა, ძმაც, გიორგიც. გათავისუფლების შემდეგ კი გიორგიმ დაქორწინება შესთავაზა. აკი ბერიაც ამას ეუბნებოდა.

თამთა შიშმა შეიპყრო. ნუთუ გიორგი... ქალს ამის გაფიქრებაზე თმა ყალყზე დაუდგა. შეუძლებელია! გიორგი ამას არ ჩაიდენდა. მერე რა, რომ გაათავისუფლეს? ახლა ბევრს იჭერენ და ბევრსაც ათავისუფლებენ.

იქნებ გიორგის გამოუტყდეს, რომ უკიდურესი სასოწარკვეთის ჟამს გპუ–ს აგენტობას დათანხმდა?

არა! ამით მისი და გიორგის ურთიერთობებიც დამთავრდება! ამასთან, ქალს ლავრენტის სიტყვები გაახსენდა: თუ რაიმე სისულელეს ჩაიდენ, ვერც შენ და ვერც შენს ოჯახს ვერ დავეხმარებიო.

– მაშ მამაჩემს აღარ დააპატიმრებენ?

– არა.

– არც ჩემს ქმარს?

– არა.

– დათას?

– არც მას. არ გჯერა ჩემი? განა ოდესმე მოგატყუე?

მართლაც არ მოუტყუებია. თუ პირობას გატეხავს, ოჯახს დაღუპავს, თუკი არ გატეხავს, ჩეკისტები თავის ანტიქართულ პროვოკაციას დაუბრკოლებლად განახორციელებენ.

თამთამ თვალები დახუჭა და დაიკვნესა.

– ცუდად ხომ არა ხარ? – თითქოს შორიდან მოესმა გიორგის ხმა.

ქალმა თვალები გაახილა.

– არა, ცოტათი გადავიღალე, ესაა და ეს.

ქორწილის შემდეგ გიორგი ცოლეურთან გადავიდა, ახლა ყველანი ერთად ცხოვრობდნენ: ის, თამთა, თამთას მამა, თამთას ძმა პალიკო.

დათა, როგორც ყოველთვის, ანაზდად გამოჩნდა. როცა შეფიცულთა რაზმის წევრი ხარ, ძმასაც კი დაუპატიჟებლად ესტუმრები ხოლმე.

– როგორ ხარ, ძამია?

ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ.

– მისმინე, გიორგი, – დაიწყო დათამ, – ჩვენში არცთუ ხალისით ენდობიან მათ, ვისაც ჩეკა დაიჭერს, შემდეგ კი გამოუშვებს ხოლმე.

– დათა, ჩვენს ძმობას გეფიცები...

– არ გინდა. შენი რომ არ მჯეროდეს, სიცოცხლეც არ ეღირებოდა. ამიტომაც თავდებში დაგიდექი. ქაქუცასაც ასე ვუთხარი, გიორგი არ გვიღალატებს, ამაზე საკუთარი თავით ვაგებ პასუხს–მეთქი.

წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

– შენს ჯგუფში არავინ ჩავარდნილა, – განაგრძო დათამ, – ქაქუცამაც და სხვებმაც შენი დაიჯერეს. ახლა ყურადღებით მისმინე. მნიშვნელოვანი აქცია მზადდება.

დათა გაჩუმდა. გიორგი დაძაბული მისჩერებოდა და კრინტს არ სძრავდა.

– იცი, პოლკოვნიკი ლებედევი ვინაა?

– არა.

– მეფის დროს სამხედრო კონტრდაზვერვაში მსახურობდა, შემდეგ დენიკინთან იყო. ომის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. საქართველოში როვსის ხელმძღვანელობამ მოავლინა.

გიორგი არ განძრეულა. როვსი, ანუ რუსული საერთო–სამხედრო კავშირი, ტერორისტული ორგანიზაცია იყო და საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

– რუს თეთრგვარდიელებზე ჩემი შეხედულება კარგად იცი, – განაგრძობდა დათა, – ყველაზე კარგი რუსი მკვდარი რუსია და სულ ერთია, თეთრი იქნება თუ წითელი. მიუხედავად ამისა, არის მომენტები, როცა მტერთანაც უნდა ვითანამშრომლოთ. როვსელებს საზღვარგარეთ გავლენიანი მფარველები ჰყავთ. მათი წყენინება ახლა არ შეიძლება.

– და რა უნდა ვქნათ?

– ამ ლებედევს გაქცევა უნდა მოვუწყოთ. ეს შენ და შენმა ხალხმა უნდა გააკეთოთ.

– ჩვენ?

– ჰო. ამით ბევრ მოლაყბეს ენას მუცელში ჩავაგდებინებთ, ვინც ბედავს და შენში ეჭვი შეაქვს. ჰო, მართლა, შენთვის ცნობილია ირენ პოზნიაკოვა?

– დიახ. ის ჩემი ცოლის დაქალია და პალიკოს ფრანგულში ამეცადინებს.

– ირენი როვს–ის წევრია. მამამისი პოლკოვნიკი იყო და პერეკოპთან დაიღუპა, ძმაც თეთრგვარდიელი იყო და ასევე დაიღუპა.

– ირენი? ირენი როვს–ის წევრია? საოცარია!

– შენ როვს–ის დავალებით დაგიკავშირდა. ჩვენებმაც სთხოვეს, თვალი სჭეროდა ყველაფერზე, რაც შენს სახლში ხდება.

– მართლა? მაშასადამე...

– ნუ ჯავრობ. ირენს ეს არ დაუმსახურებია. შენზეც და შენს ოჯახზეც მხოლოდ კარგს ამბობს.

– და მაინც, – გიორგიმ სახეზე ხელი გადაისვა, – ჩვენ ის ოჯახის წევრად მივიღეთ, ის კი...

ჩიქოვანი აშკარად აღელვებული იყო. სახე ალეწოდა, თვალები ანთებოდა. დათამ მხარზე ხელი დაარტყა.

– ნუ ღელავ. ხომ იცი, რა დროა. ირენს თქვენთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია. ძალზე ვაჟკაცი, კეთილშობილი და მამაცი გოგონაა. ზოგჯერ მშურს, რომ რუსია და არა ქართველი, – დათამ გაიღიმა.

– და როგორ მოვიქცეთ ახლა? – გიორგი აშკარად ღელავდა.

– ეს ლებედევი აუცილებლად უნდა დავიხსნათ და საზღვარგარეთ გადავგზავნოთ. თუ ვერ დავიხსნით, დახვრეტენ. ის ხომ თეთრების კონტრდაზვერვაში მსახურობდა და უამრავი ბოლშევიკი მოსპო.

– თეთრების კონტრდაზვერვა ჩეკაზე ნაკლებ სისხლიანი როდია.

– ნამდვილად. ლებედევი პირადად აწამებდა ბოლშევიკებს, თხრიდა თვალებს, აგლეჯდა ენას, – დათამ თავი გააქნია, – ერთი სიტყვით, ყელამდე სისხლშია.

– და ასეთი კაცი უნდა ვიხსნათ?

– ჰო. გაქცევას მოვუწყობთ, შემდეგ საზღვარგარეთ გადავაგზავნით.

– ძნელი საქმეა.

– ვიცი, თუმცა ჩვენ ამაზე ბევრად რთული საქმეებიც დაგვიძლევია, სხვათა შორის, ირენიც ამ ოპერაციაში უნდა ჩავაბათ.

– ირენი?

– ჰო, ლებედევი აკი მისიანია. ასე რომ, ეყო უქმად ჯდომა, საქმე აკეთოს!

21

თამთა დაუფარავი შეშფოთებით მისჩერებოდა. ლავრენტი ჩაფიქრებული იყო.

– მაშ, ლებედევის გაქცევას ამზადებენ?

– ჰო, დათას თხოვნით, ამ საქმეში ირენიც ჩააბეს.

– ძალიანაც კარგი.

– რა არის კარგი?

– გათავისუფლების შემდეგ ლებედევი აქ დარჩება?

– არა, საზღვარგარეთ უნდა გადაისროლონ.

ბერია ჩაფიქრებული იყო.

– მე უფრო ირენი მადარდებს. საწყალი გოგო, ამ საქმეში უნდა ჩაითრიონ.

– შენ შენი ვალი მოიხადე. დანარჩენი ჩემი საქმეა.

22

ძერჟინსკი ჩაფიქრებული იყო. კონტრდაზვერვის უფროსმა არტუზოვმა მოხსენება დაამთავრა. ფელიქს ედმუნდოვიჩი ერთხანს გაუნძრევლად იჯდა, შემდეგ თქვა:

– ყველაფერი გათვლილია?

– დიახ, ფელიქს ედმუნდოვიჩ.

წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

– საქართველოში ვითარება სულ უფრო საშიში ხდება, – ყრუდ თქვა ძერჟინსკიმ, – ეს უკვე ცენტრალურ კომიტეტსაც აშფოთებს. ჩემგან ამომწურავ ინფორმაციას მოითხოვენ. არტურ ქრისტიანოვიჩ, საქართველოში გამგზავრება მოგიწევთ.

– გასაგებია, – თავი დახარა არტუზოვმა.

– ეს დაგეხმარებათ, სრულად შეაგროვოთ მასალები იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელთაც საქართველოში ვატარებთ. არ დაგავიწყდეთ, ცეკას დაწვრილებითი ანგარიშით უნდა წარვუდგე.

– ყველაფერი გასაგებია, ფელიქს ედმუნდოვიჩ.

– ახლა რაც შეეხება დეტალებს, – და ძერჟინსკიმ დავალების არსის განმარტება დაუწყო.

23

ნინო და ლავრენტი უკვე ახლო მეგობრები იყვნენ. თვითონაც ვერ შეამჩნიეს, ასე როგორ მოხდა. გოგონა ხალისით უზიარებდა მას თავის განცდებს, ფიქრებს, დაუფარავად ეუბნებოდა, რომ თავს მარტოსულად გრძნობდა. ლავრენტიმაც უთხრა:

– მოდი, სადმე წავიდეთ.

– სად გინდა, წამიყვანო?

ბერიამ ტუჩზე მიიდო თითი. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს დაძაბული ფიქრობსო. ნინოს სიცილი წასკდა.

– რას ჩაფიქრებულხარ?

– უმძიმესი პრობლემა მაქვს გადასაწყვეტი, სად დაგპატიჟო.

– რა პრობლემა ეგაა, – ნინო იცინოდა.

– დავიწყოთ თავიდან: რესტორანში რომ დაგპატიჟო, არ წამოხვალ, სადმე კაფეში გასეირნება რომ შემოგთავაზო, ამაზეც უარს მივიღებ, შეიძლება ვიჩხუბოთ კიდეც, ხომ ასეა?

– ჩხუბი რა საჭიროა, უბრალოდ, თავაზიან უარს მიიღებ.

– მე ეს არ მინდა.

– სიყვარულს როდის ამიხსნი? – ნინომ კეკლუცად გადახარა თავი.

– არასოდეს.

– მართლა? რატომ?

გოგონა იცინოდა. თუმცა მის ხმაში დაუფარავი ინტერესი ისმოდა.

– იმიტომ, რომ არ მიყვარხარ, არც შენ გიყვარვარ, ხომ ასეა?

– ალბათ. შენთან, ლავრენტი, თავს კარგად ვგრძნობ, ესაა და ეს.

– გამომდინარე აქედან, სიყვარულზე ლაპარაკიც უზნეობაა. მეთანხმები?

– გეთანხმები, – ნინო ჩაფიქრდა.

– ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ, მეგობრები და მეტი არაფერი, – ბერიამ ამას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, – ამიტომ გთავაზობ: ჩვენი ურთიერთობაც თავაზიანი და ზრდილობიანი იყოს, ყოველგვარი ზედმეტების გარეშე, შევთანხმდით?

– შევთანხმდით.

– მოდი, კინოში წავიდეთ.

– კეთილი. რაკი მეგობრები ვართ, ჩემს დაქალსაც წამოვიყვან. კინოში მუდამ ერთად დავდივართ.

– წამოიყვანე.

ნინოს დაქალს თამრიკო ერქვა. ერთი კოხტა, ცოცხალი, მკვირცხლი გოგონა იყო. დრო კარგად გაატარეს. როგორც ჩანს, თამრიკოს ბერია მოეწონა, რადგან დამშვიდობებისას ჰკითხა:

– შემდგომში სად წავიდეთ?

– წინადადება შემომაქვს, თეატრში კულტლაშქრობა მოვაწყოთ, – ლავრენტიმ გაიცინა, – ვინაა თანახმა?

ნინომ და თამრიკომ სიცილით ასწიეს ხელი.

– მიღებულია ერთხმად, – ლავრენტი იცინოდა, – მაშ ასე, თეატრში.

შინ ხალისიანი და მხიარული დაბრუნდა. წამით ყველაფერი დაავიწყდა, სამუშაოც, დაკითხვებიც, ყველაფერი. ახლა აღარ სჭირდებოდა არყით გათიშვა, ახლა ბედნიერი იყო.

"ნინო კარგი გოგოა, – გაიფიქრა ლავრენტიმ, – თამრიკოც კარგია, მაგრამ ნინო ჯობია."

ლავრენტი წამოდგა, ფანჯარა გამოაღო. ქუჩაში წითელარმიელთა კოლონა მიაბიჯებდა. ჯარისკაცები ღრიალებდნენ:

"ბელაია არმია, ჩორნი ბარონ, სნოვა გატოვიატ ნამ ცარსკი ტრონ!"

"ღმერთო ჩემო, – უნებლიეთ გაიფიქრა ლავრენტიმ, – ამათ გარეშე ცხოვრება მართლაც მშვენიერი იქნებოდა!"

ლავრენტი შეცბა. თითქოს საკუთარი ფიქრისა შეეშინდაო, ფანჯარა სწრაფად მიხურა, შემდეგ დივანზე დაეშვა და პაპიროსი ამოიღო.

"ამბობენ, თუ მოწევ, დამშვიდდებიო, აქამდე არ ვეწეოდი. იქნებ მოვწიო, დავმშვიდდე და ეს სულელური ფიქრებიც აღარ ამეკვიატებიან", – გაიფიქრა ლავრენტიმ.

ერთი ხანობა უძრავად იჯდა. შემდეგ პაპიროსი მოსრისა და შორს მოისროლა.

24

როგორც ყოველთვის, სტალინი ახლაც მხიარულად შეხვდა. ძმაკაცურად მოუტყაპუნა ხელი მხარზე, შემდეგ დაჯდომა შესთავაზა:

– დაბრძანდით, ფელიქს, ღვინოს არ მიირთმევთ? ნამდვილი ქართული ღვინო მაქვს.

თითქოს მეგობრულად და ფამილარულადაც ექცევა, მაგრამ თქვენობით ელაპარაკება, თვალები უცინის, თუმცა ძერჟინსკი გრძნობს, რომ ისინი სულსა და გულს უბურღავენ. "ამ თვალებს არაფერი გამოეპარება, – გაიფიქრა ძერჟინსკიმ, – თუმცა მეც გუშინდელი ღლაპი არა ვარ. ვნახოთ, ვინ ვის. ახლა კი მთავარია სიმშვიდე, სიმშვიდე და კიდევ ერთხელ სიმშვიდე!"

– გმადლობთ, იოსებ ბესარიონოვიჩ, მაგრამ ხომ იცით, არა ვსვამ. ტუბერკულოზმა გამტანჯა.

– წითელ ღვინოზე უკეთესი წამალი არ არსებობს, ფელიქს ედმუნდოვიჩ. ისე, ჩემი აზრით, დროა, სამკურნალოდ ყირიმს გაემგზავროთ. თუმცა რატომ? აბასთუმანი ყირიმზე ნაკლები როდია, იქ აუცილებლად განიკურნებით.

– საქართველოში ახლა განსაკუთრებული მდგომარეობაა. იქ სამკურნალოდ ჩასვლა შეუძლებელია.

– მართლა? მერე თქვენ, როგორც გპუ–ს შეფი, ამის გამოსასწორებლად რას აკეთებთ?

– ჩეკისტები თავდაუზოგავად მუშაობენ, არც დღე და არც ღამე მოსვენება არა აქვთ. საქართველოში საუკეთესო კადრები გადავისროლეთ. შედეგებიც გვაქვს. განსაკუთრებით მინდა ლავრენტი ბერია გამოვყო.

– ბერია? – სტალინი ჩაფიქრდა, – სადღაც მსმენია ეს გვარი.

– ის საიდუმლო–ოპერატიული განყოფილების უფროსი და საქართველოს გპუ–ს თავმჯდომარის მოადგილეა.

– ჰო, გამახსენდა, – სტალინმა გაიღიმა, – კიდევ რას მეტყვით?

– კონტრრევოლუცია საქართველოში ძალიან გააქტიურდა. ვითარება კრიტიკულია.

– ვიცი, თბილისში ყოფნისას თვალნათლივ დავრწმუნდი, რომ საქართველოს სარეველა მოედო და ის უნდა გადაიხნას. კონკრეტულად ამ მიმართულებით რა კეთდება?

– აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება. ამაში არმიას თავისი როლი მიენიჭება, პარტიულ ორგანოებს თავისი, გპუ–ს – თავისი.

სტალინი ჩაფიქრდა.

– კეთილი, როგორც ბოლშევიკმა და გპუ–ს თავმჯდომარემ, თქვენი მოსაზრებები წერილობით წარმოადგინეთ. მე მხარს დაგიჭერთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სტალინი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online