| ქალი და მამაკაცი |

მეორე ოთახიდან დრეიკი გამოვიდა:
– პერი, პიტმა დამირეკა. დამწვარ სახლში გვამი უპოვიათ.
ადვოკატმა რომიანი ჭიქა მაგიდაზე დადგა და დეტექტივს მიაჩერდა:
– კაცის თუ ქალის?
– კაცის. ეტყობა, კარლინის გვამია, რადგან აღწერა ემთხვევა.
– სწორედ მაგის მეშინოდა. კიდევ რა გითხრა?
– ბომბის აფეთქება საათის მექანიზმმა გამოიწვია, რომელიც პირველ სართულზე დენზე იყო მიერთებული და სამ საათზე უნდა ამოქმედებულიყო, რაც მოხდა კიდეც.
– შენობაში შესული ქალი უკვალოდ გაქრა?
– როგორც ჩანს, უკანა კარიდან გაიპარა, თუმცა არავის შეუნიშნავს. პერი, იქნებ ეს ყველაფერი პოლიციისთვის გეცნობებინა?
– ჩემი კლიენტი მაჩერებს, – მიუგო მეისონმა.
– მე კი შეიძლება ლიცენზია ჩამომართვან, – შეახსენა დრეიკმა.
– ეს ჯერჯერობით არ გემუქრება, რადგან ჩემთან მუშაობ. ისე, თუ ლეიტენანტმა ტრაგმა ჩვენი იქ ყოფნა გაიგო, მოგვძებნის და აღარ მოგვასვენებს.
– აბა, რა ვქნათ?
– მოდი, თურქულ აბანოში წავიდეთ. არა მგონია, იქ მოგვაგნოს.
* * *
– ჰო, მართლა, – თქვა დრეიკმა, როცა ზეწრებში გახვეული ის და მეისონი ხის სავარძლებში მოკალათდნენ, – პირველ სართულზე ჩაკეტილი სეიფი უპოვიათ, თანაც ტყვიაგაუმტარი.
– რას ამბობ? – თვალები აენთო მეისონს, – ერთი შიგ შემახედა!
– ეს პოლიციასაც ენდომება.
– პოლ, მე რომ მათ შიფრი ვუთხრა, გაღების პროცესს დამასწრებენ?
– შიფრი? – თვალები გაუფართოვდა დრეიკს, – შენ რა, იმ სეიფის შიფრი იცი?
– დავუშვათ, ვიცი.
– საიდან? ჩემთვის რომ არაფერი გითქვამს?
– ამაზე მერე, – მიუგო მეისონმა, – ახლა კი, შეხედე, ვინ გვესტუმრა.
ამისი თქმა და სქელი მინის კარის გაღება ერთი იყო: საორთქლავში ლეიტენანტი ტრაგი შემოიჭრა, პალტო გაიძრო და დამცინავად ისროლა:
– აი, თურმე სად დამალულხართ!
– კი არ დავმალულვართ, შეგვცივდა და ვთბებით, – შეეპასუხა მეისონი.
– ასე სად შეგცივდათ? ხანძარს რომ აკვირდებოდით, მაშინ?
– სრული ჭეშმარიტებაა, – მიუგო დრეიკმა.
– კი მაგრამ, იქ როგორ მოხვდით? ვინ შეგატყობინათ? – ტრაგმა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და დაცვარული სახე მოიწმინდა, – ო, როგორ ცხელა!
– ჩემი ერთი კაცი იმ სახლს აკვირდებოდა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, მერე კი ეს ამბავი მეისონს შევატყობინე, – მოახსენა დრეიკმა.
– კი მაგრამ, ის კაცი რაღა იმ სახლს აკვირდებოდა? უკვე იცოდა, ხარძარი რომ გაჩნდებოდა? – ჩააცივდა ტრაგი.
– ეს მეც მიკვირს. ალბათ შემთხვევითი დამთხვევა იყო, – ივარაუდა დრეიკმა.
– ასე არ გამოვა! – გაბრაზდა ლეიტენანტი, – თქვენ რაღაც იცით და მიმალავთ! ო, როგორ ცხელა!
– დამალვა რაში გვჭირდება? – გაიკვირვა მეისონმა.
– თქვენ ისიც გეცოდინებათ, კარლინი ვინ მოკლა!
– მოკლა? აკი... – დაიბნა მეისონი.
– ლეიტენანტო, – დაიწყო დრეიკმა, – ჩემი აგენტი მეისონის ოფისში ხვალ დილით პატაკს წარმომიდგენს და იქ ალბათ ყველაფერი ეწერება.
– რომელ საათზე? – შეეკითხა ტრაგი.
დრეიკმა მეისონს შეხედა.
– რვაზე, – თქვა მეისონმა, – ამ დროისთვის...
– კარგი, – გააწყვეტინა ლეიტენანტმა, – ხვალ მეც იქ გავჩნდები და თუ რამეს მატყუებთ, შეიძლება ციხეც არ აგცდეთ! ო, როგორ ცხელა! – დაამატა გახვითქულმა ტრაგმა და საორთქლავიდან გავარდა.
* * *
– აღარ დაბრუნდება? – იკითხა პოლმა.
– არა მგონია.
– პერი, მაინც ვერ ვხვდები, იმ ქალმა საიდან იცოდა, "ოქროს ბატში" რომ იყავი.
– ჩემი აზრით, ის ქმართან ერთად იმავე რესტორანში იყო. მერე მეტრდოტელმა პიერმა ჩემზე მიანიშნა, შინ დაბრუნებულმა კლიენტმა კი რაღაცა მოიმიზეზა, სახლიდან გამოვიდა და დამირეკა.
– ამ ქალის ვინაობა მართლა საინტერესოა, – შენიშნა დეტექტივმა.
– ჰოდა, რაკი დეტექტივიც ხარ და გაინტერესებს კიდეც, მისი ვინაობა სწორედ შენ უნდა გამიგო.
– კარგ ბრძანებებს იძლევი, – თქვა დრეიკმა და ტანის შემშრალება დაიწყო.
– ჩემი კლიენტის ვინაობა ცხრის ნახევრისთვის უნდა ვიცოდე, – დაამატა მეისონმა.
– კი მაგრამ, ტრაგი შენს ოფისში რვისთვის რომ მოვა?
– ასეა, – ჩაიცინა მეისონმა, – ჩემი კლიენტის ვინაობა ლეიტენანტის წასვლის შემდეგ უნდა გავიგო.
* * *
დილის რვა საათზე ლეიტენანტმა ტრაგმა მეისონის კერძო კანტორაში შეაბიჯა და იქ პერი მეისონი, პოლ დრეიკი და დელა სტრიტი დახვდნენ. ტრაგი სკამზე ჩამოჯდა, დელას ერთი–ორი კომპლიმენტი უთხრა, მერე კი მეისონსა და დრეიკს მიუბრუნდა:
– აბა, მოყევით, იმ სახლთან რა გინდოდათ.
– პოლი იქ, თავის აგენტებთან ერთად, ჩემი დავალებით იყო, – თქვა მეისონმა, – მე კი ჩემი კლიენტის ნებით ვმოქმედებდი.
– თქვენი კლიენტი ვინ არის?
– ქალია, ოღონდ ვინ, არ ვიცი.
– მაშ, როგორ დაგიკავშირდათ?
– ტელეფონით.
– თქვენგან რას ითხოვდა?
– ეს უკვე ჩემი საიდუმლოა.
ტრაგი ახლა დრეიკს შეეკითხა:
– სახლს რომ ხანძარი გაუჩნდა, რატომ არ მითხარით?
– არ გიკითხავთ და იმიტომ.
– ახლა გეკითხებით.
– ეს ჩემი აგენტის პატაკში ეწერება, – მიუგო დრეიკმა და ლეიტენანტს ჯიბიდან ამოღებული ნაბეჭდი ფურცლები გაუწოდა.
ტრაგი პატაკს გაეცნო, მერე კი იკითხა:
– იმ ქალზე რას მეტყვით, შენობაში რომ შევიდა?
– რა უნდა გითხრათ? ეტყობა, უკანა კარიდან გაიპარა, – მიუგო დრეიკმა.
– მეისონ, – ტრაგი ადვოკატს მიუბრუნდა, – დღეს დილით თქვენს კლიენტს არ დაურეკავს?
– არა.
– მაშინ დაგირეკავთ. მასთან გასაუბრება მეც მინდა.
– თავად თუ ისურვა.
– მეისონ, საქმე ხომ მკვლელობას ეხება!
– რატომ ფიქრობთ, რომ ეს მკვლელობაა?
– ჩემი შეფის აზრით, პოლიციის ფუნქცია ინფორმაციის შეგროვებაა და არა მისი გავრცელება, – ჩაიცინა ტრაგმა.
– აბა, ისიც გეცოდინებათ, იმ სახლში რომ სეიფი აღმოჩნდა.
ტრაგმა ადვოკატს გამომცდელად შეხედა:
– ეს რაში გაინტერესებთ?
– იქნებ მის გაღებაში მოგხმარებოდით.
– ეს როგორ? – გაუკვირდა ლეიტენანტს.
– ტრაგ, შიფრი, რომელიც ხელში სრულიად შემთხვევით ჩამივარდა, შესაძლოა ამ სეიფის იყოს.
– რომ გკითხოთ, საიდან–მეთქი, მაინც არ მეტყვით, – შენიშნა ტრაგმა, – ამიტომ ჩემთან ერთად გასეირნება მოგიწევთ.
– სად მეპატიჟებით?
– იქ, სადაც სეიფია, რადგან აქ ვერ მოგართმევთ.
– მერე რა მოხდება?
– თქვენ შიფრს მეტყვით, მე კი სეიფს გავაღებ.
– შიფრს ვერ გეტყვით, – თავი გააქნია მეისონმა, – ის მე კონფიდენციალურად მაცნობეს.
– კარგი, კარგი, – წამოდგა ტრაგი, – თავად თუ გახსნით, არც ეს იქნება ურიგო.
* * *
სახლში ბნელოდა და დანახშირებული ხის მძაფრი სუნი იდგა.
– დაიწყეთ, – თქვა ტრაგმა და მეისონს დიდ სეიფზე მიანიშნა.
ადვოკატმა ჯიბიდან თხელი ფანარი ამოიღო და სეიფის დისკს მიანათა. ლეიტენანტი მისკენ ახლოს მიიწია, რომ დაენახა, რას იზამდა. მეისიონი დისკს მაქსიმალურად მიეფარა და შიფრის აკრება დაიწყო, რომელიც ფანართან ერთად ხელში ეჭირა. როცა მორჩა, სახელურს ხელი დააჭირა, მაგრამ სეიფი არ გაღებულა.
– დაამთავრეთ? – შეეკითხა უკან მოდარაჯე ტრაგი.
– ჯერ არც დამიწყია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს სხვა შიფრია.
– ყველაფერს მივხვდი, – თქვა ლეიტენანტმა, – რაკი გიყურებდით, განზრახ სხვა შიფრი აკრიფეთ.
ამ დროს სირენა ახმიანდა. ტრაგი და მეისონი ფანჯარასთან მივიდნენ. პოლიციის მანქანიდან მაღალი, გამხდარი კაცი გამოვიდა და ორი პოლიციელის თანხლებით სახლისკენ გამოემართა.
– ეს კორნინგია. იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ასეთ სეიფებს უშვებს, – განაცხადა ერთ–ერთმა პოლიციელმა, როცა ის სამნი ოთახში შემოვიდნენ.
– მის გახსნას შეძლებთ? – ჯიქურ შეეკითხა ტრაგი.
– შევეცდები, – თქვა კორნინგმა, ჯიბიდან ბლოკნოტი ამოიღო და რომელიღაც გვერდზე გადაშალა, – კარლინს ეს სეიფი ექვსი თვის წინ მივყიდეთ. მას რიგითი ნომერი აქვს და შესაბამისად შიფრიც, რომელიც სპეციალურად ამოვწერე...
– მაშინ დაიწყეთ, გიცდით, – თქვა ტრაგმა.
კორნინგი სეიფთან მივიდა, დისკი რამდენჯერმე აქეთ–იქით გადაატრიალა, სახელურს მიაწვა და... სეიფი გაიღო!
ყველა კარს მიაწყდა: სეიფში არაფერი იყო, დამწვარი ქაღალდების გარდა.
– ეს რა სეიფია? – თქვა ტრაგმა წყენით, – ხანძარი მაღლა იყო, აქ კი ქაღალდები დაიწვა! მე რომ...
– რა სისულელეა, – მოუჭრა კორნინგმა, – სეიფი ცეცხლგამძლეა. ქაღალდების ფერფლი კი შიგ ან დაწვის მერე შეყარეს, ან ისინი სპეციალური რეაქტივით გაჟღინთეს და...
უეცრად ტრაგმა მას ანიშნა, გაჩუმდიო და ადვოკატს მიუბრუნდა:
– მაპატიეთ, მაგრამ თქვენ აქ აღარ გვჭირდებით.
* * *
მეისონმა პოლ დრეიკს აფთიაქიდან დაურეკა:
– პოლ, გამიგე რამე ჩემს კლიენტზე?
– პერი, მოდი, ჯერ მეტრდოტელ პიერისგან დავიწყებ, რომლის გამოკითხვაც შენ დამავალე.
– გისმენ.
– მას შემდეგ, რაც ის გუშინ შუაღამეს რესტორნიდან წავიდა, აღარავის უნახავს. მისამართზე, რომელიც აქ მომცეს, პიერი მხოლოდ ფოსტას იღებს, თავად კი სხვაგან ცხოვრობს, ოღონდ სად, არავინ უწყის.
– მაშ, ვერაფერი შეიტყვე?
– მისმინე. მერე მეგარდერობე ქალს იმ წყვილებზე შევეკითხე, რომლებიც რესტორანში რეგულარულად დაიარებიან, პიერს იცნობენ და იმ საღამოს ადრე წავიდნენ. მან ორი წყვილი გაიხსენა. აქედან ერთ–ერთ მამაკაცს დოქტორს ეძახდნენ და ალბათ ექიმიაო.
– ამ დოქტორის გვარი და მისამართი ჩამაწერინე.
– დოქტორი რობერტ აფტონი, მისამართი ივენრუდი, 2270.
მეისონმა ჩაიწერა და იკითხა:
– მეორე წყვილზე რა გაიგე?
– იმ საღამოს კადილაკით იყვნენ, რომელიც სავარაუდოდ ცოლზე, მირტლ ფარგოზეა დარეგისტრირებული, თანაც საკრამენტოს მისამართზე. შენ თუ მეტყვი, ჩემს ბიჭებს იქაც გავაგზავნი, მეტი რამ რომ შეიტყონ.
– არც კი ვიცი, რა გითხრა. ამ ქალის თანმხლებ მამაკაცზე რა იცი?
– ან მისი ქმარი უნდა იყოს, ან საყვარელი.
– პოლ, სატელეფონო წიგნში იქნებ ის ფარგოები მომიძებნო, რომლებიც ვანს–ავენიუსა და კრამერ–ბულვარის კუთხის აფთიაქთან ახლოს ცხოვრობენ.
– უკვე მოვძებნე. მირტლ ფარგო წიგნში საერთოდ არ არის და იქნებ ოტელში ცხოვრობს. რაც შეეხება აფთიაქთან ახლოს მცხოვრებთ, ასეთი სულ ორია: არტმან დ. ფარგო ლივინგტონ–დრაივზე, 22281–ში ცხოვრობს, რონალდ ფ. ფარგო კი მოკტრიფტ 2830–ში.
– პოლ, შენ ისიც გეცოდინება, აფთიაქთან რომელი უფრო ახლოსაა.
– არტმან დ. ფარგო იქიდან სამ კვარტალში ცხოვრობს, რონალდ ფ. ფარგო კი რვა კვარტალში.
– მაშინ პირველს ვირჩევ. ერთი, მისი მისამართი გამიმეორე.
დრეიკმა გაუმეორა, მეისონმა კი ჩაიწერა.
– ჩაო, პოლ. ერთმანეთს ერთ საათში შევხვდებით.
* * *
მეისონმა მანქანა ლივინგტონ–დრაივის 2281–ის წინ გააჩერა და გადმოვიდა. იქვე ფირნიში შენიშნა წარწერით:
"არტმან დ. ფარგო – უძრავი ქონების გაყიდვის აგენტი"
მეისონმა კარგი მოვლილი გაზონი გაიარა, სახლთან მივიდა და დარეკა. ცოტა ხანში კარი გაიღო და ზღურბლზე საკმაოდ მაღალი, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი გამოჩნდა:
– დილა მშვიდობისა.
– მისტერ ფარგო მინდოდა, – თქვა ადვოკატმა.
– ეს მე ვარ.
– რაღაც საქმეზე მსურდა დაგლაპარაკებოდით.
– შემობრძანდით, შემობრძანდით.
ფარგო სტუმარს ჯერ სასტუმრო ოთახში შეუძღვა, იქიდან კი, სავარაუდოდ, უფრო მომცრო კაბინეტში, სადაც საკმაოდ ციოდა, თუმცა შტორები ჩამოშვებული იყო.
– ახლავე გამათბობელს ჩავრთავ, – თქვა მასპინძელმა, – გუშინდელი წვიმის შემდეგ აქ ჯერ ისევ ცივა.
ფარგომ აპარატი ჩართო, სავარძელში მოკალათდა და ადვოკატს მიმართა:
– დაბრძანდით და მომიყევით, ჩემთან რა საქმე გქონდათ.
მეისონი სკამზე ჩამოჯდა და დაიწყო:
– ნაკვეთიანი სახლის ყიდვა მინდა, ოღონდ საბაზრო ღირებულებაზე იაფად.
– სახლს რისთვის ყიდულობთ?
– მერე მომგებიანად რომ გავყიდო.
– ვიდრე კლიენტს იპოვით, შიგ იცხოვრებთ თუ გააქირავებთ?
– გავაქირავებ.
– გასაგებია, მისტერ...
– გვარს ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა არაფერს ვმალავ.
– კარგით, კარგით, – თქვა ფარგომ სწრაფად, – ვარიანტები კი მაქვს, მაგრამ... ვერ ვიტყვი, რომ იაფად. სერ, ცოტა ხნით თუ დამელოდებით, გავალ და სხვა სიაში იქნებ რამე მოგიძებნოთ.
– ჰო, რა თქმა უნდა.
– ახლავე დავბრუნდები, – ფარგო წამოდგა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.
წამოდგა მეისონიც, ფანჯარასთან მივიდა და შტორი ოდნავ ასწია: მის მანქანას ფარგო ფრთხილად უახლოვდებოდა. "კიდევ კარგი, პასპორტი დავმალე", – გაიფიქრა ადვოკატმა, შტორს ხელი უშვა, მაგიდის უკან მდგარ სეიფს ეცა და შიფრის აკრეფა დაიწყო. "ესაა", – გაიფიქრა მეისონმა, როცა შიგნიდან ჩხაკუნი მოესმა, მაგრამ საქმე აღარ გაუგრძელებია და ის იყო, თავის სკამს დაუბრუნდა, რომ კაბინეტში ფარგო შემოვიდა:
– სია ვნახე. სახლი, რომელსაც ვგულისხმობდი, უკვე გაყიდულია.
– სამწუხაროა, – თქვა ადვოკატმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 






































































































