| ქალი და მამაკაცი |

თავდასხმა სტალინზე
თავდასხმა სტალინზე
დასაწყისი წინა ნომრებში
9
ბერია საწოლზე გულაღმა იწვა, ცდილობდა დაეძინა, მაგრამ ამაოდ.
"დილას სამუშაოზე უნდა ვიყო, – გაიფიქრა ლავრენტიმ, – ორ საათს მაინც წავთვლიმავ, თორემ მთელი დღე გამოთაყვანებულივით ვიქნები."
თვალები დახუჭა და ასამდე თვლა დაიწყო. რული მაინც არ ეკარებოდა.
საშას სიტყვები გონებიდან არ შორდებოდა. დიახ, ბელგიაში სასწავლებლად წასვლა შესაძლებელია, მაგრამ საამისოდ ცოლი უნდა ჰყავდეს.
"ცოლი, სასწრაფოდ უნდა ვითხოვო ცოლი."
ქორწინება იოლი საქმე როდია, ლავრენტის არაერთი საყვარელი ჰყავს, მაგრამ დაოჯახებისთვის ეს საკმარისი არაა. ამისთვის სიყვარულია საჭირო, ნამდვილი სიყვარული, როდესაც გულის რჩეულისთვის ცეცხლსა და წყალში გადავარდები.
"კი, მაგრამ არსებობს ასეთი სიყვარული? წიგნებში იცოცხლე, ამაზე ბევრს წერენ, მაგრამ წიგნი ერთია, რეალური ცხოვრება კი სხვა."
ლავრენტიმ თვალები დახუჭა. თვალწინ წარმოუდგა მშობლიური მერხულა, თავისი ღარიბი, მაგრამ საოცრად მეგობრული ოჯახი. თვალწინ წარმოუდგა დედა, კეთილი, შრომისმოყვარე, მორწმუნე ქალი.
– გახსოვდეს, შვილო, ამქვეყნად სამი რამაა ყველაზე ძვირფასი: ღმერთი, სამშობლო და ოჯახი.
მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მას, ლავრენტის, განათლება მიეღო. დედა კერავდა, მამა წელებზე ფეხს იდგამდა, იმაზეც წავიდა, რომ სახლი გაყიდა, თავად ოჯახთან ერთად პატარა ჯარგვალში გადასახლდა, ოღონდაც ლავრენტის ესწავლა. ბერიაც სკოლაში პირველი მოსწავლე იყო, ბაქოს პოლიტქნიკურ სასწავლებელშიც ვერავინ ეცილებოდა.
ბაქო... ამ ქალაქმა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ლენინის შრომებსაც იქ გაეცნო, მარქსისტული წრის წევრიც გახდა. მარქსისტული წრე... ეს მართლაც ხმამაღლაა ნათქვამი. სინამდვილეში მეგობრები იკრიბებოდნენ, მარქსისა და ლენინის ნაშრომებს არჩევდნენ, კამათობდნენ, რეფერატებს წერდნენ. ზოგჯერ კამათი ისე ხმამაღალი იყო, რომ ხმა ქუჩაშიც ისმოდა. ლავრენტისთვის ეს ცელქობაც იყო და დასვენებაც. ახალგაზრდას ხომ ამის გარეშე არ შეუძლია.
რევოლუცია ანაზდად მოხდა. ჯერ მეფე ჩამოაგდეს, შემდეგ – დროებითი მთავრობა. რუსეთში ქაოსი დაიწყო, მრავალეროვან ბაქოში კი ყველა ერთმანეთს წაეკიდა. ლავრენტის სიმპათიები ბოლშევიკების მხარეს იყო. მას, როგორც ღარიბი ოჯახის შვილს, გულზე მოხვდა ლენინის სიტყვები: ვინც არარაობა იყო, ყველაფერი გახდება! დღეს, როდესაც ამას იხსენებდა, მწარედ იღიმებოდა:
"მაშინ მართლაც თავში ქარი მიქროდა!"
რევოლუცია რომ არა, ახლა უკვე არქიტექტორი იქნებოდა, იშოვიდა ფულს, იყიდდა სახლს, დედ–მამას თავისთან წაიყვანდა, ეყოფათ, რაც ოფლი ღვარეს, დაე, სიბერე მაინც დალხენილი ჰქონდეთ. ქუჩაში ჰალსტუხითა და კოსტიუმით ივლიდა. "ნახეთ, ღარიბმა ბიჭმა რას მიაღწია?! – იტყოდა მასზე ყველა. გოგონებიც ხალისით იმეგობრებდნენ. ქართველი არქიტექტორი, ქართველი ინტელიგენტი! ასეთს ხომ ყველა პატივს სცემს.
რევოლუციამ ყველაფერი ეს ჩაშალა. ბერია–არქიტექტორის ნაცვლად ბერია–ბოლშევიკი შედგა. პარტიის რიგებში სწორედ ბაქოში გაწევრიანდა. მალე პარტიამ მუსავატისტთა კონტრდაზვერვაში შეღწევა დაავალა. ორმაგი აგენტი, ასეთი იყო მისი როლი, ასე გადაწყვიტა პარტიამ.
აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. საქართველოც, თუმცა ლავრენტის ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა. ასეთი პატარა ქვეყნები დამოუკიდებელნი ვერ იქნებიან. ყველაფერი ეს დროებითია. როგორც კი რუსეთში ქაოსი დასრულდება, ამ ქვეყნებზე კონტროლიც აღდგება. ბაქოზე ან თბილისზე რუსული დროშა აუცილებლად აღიმართება, საკითხავი მხოლოდ ისაა, თეთრი ფერის იქნება თუ წითელი. თეთრი რუსეთის გამარჯვება მეფისდროინდელი წესების აღდგენას ნიშნავს. ლენინის რუსეთში კი ყველას მაქსიმალური სუვერენიტეტი მიეცემა. სოციალური პრობლემებიც გადაწყდება. მართლაც, თუკი არავინ გავიწროებს, ეროვნული კულტურა ვითარდება, კლასობრივი ანტაგონიზმიც არ არსებობს, ვიღას მოუნდება დამოუკიდებლობა?
– კი, მაგრამ ქართული სახელმწიფოებრიობა? მას ხომ ათასწლოვანი ისტორია აქვს! შენ რა, მისი არ გჯერა?
ასეთი კითხვა ლავრენტის ცხრაას ოცში დაუსვეს. მაშინ თბილისში საიდუმლო დავალებით შემოგზავნეს. ერთ–ერთ კონსპირაციულ ბინაზე საქართველოს კომპარტიის ერთმა ხელმძღვანელმა შესჩივლა, მენშევიკებმა ხალხი შოვინიზმის შხამით მოწამლეს, ჩვენს აგიტაციასაც ყურს არავინ უგდებსო. ბერიამ გაიღიმა:
– ეს როგორ? განა ჟორდანია თავის დროზე ილია ჭავჭავაძეს არ აკრიტიკებდა?
– ეს ადრე იყო. ახლა ნოე ხელისუფლებაშია და თანამდებობა გაუტკბა.
– ნამდვილად.
– შენ, ლავრენტი, გჯერა ქართული სახელმწიფოებრიობის?
– იმ ფორმით, როგორც ამას ჟორდანია გვაწვდის, არა! ქართული სახელმწიფოებრიობა მხოლოდ სოციალისტური რესპუბლიკების კავშირშია შესაძლებელი! რასაც ახლა ვხედავთ, ამაზრზენია! სასაცილო და ამაზრზენი!
ლავრენტის ამისი მაშინაც სჯეროდა და ახლაც სჯერა. როდესაც თბილისის თავზე წითელი დროშა აღიმართა, სიხარულისგან ტიროდა:
– მორჩა! საქართველო ნორმალურ გზას დაადგა.
გასაბჭოებას ბერია ბაქოში შეხვდა. ცნობამ, მალე სამუშაოდ თბილისში გადაგიყვანენო, უზომოდ გაახარა, თუმცა ეს სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ქართველებმა წითელი არმიის შემოსვლა ოკუპაციად აღიქვეს. ბერიას, როგორც ჩეკისტს, თავისი ერის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა.
– საქართველოს სარეველა მოსდებია! საქართველო უნდა გადაიხნას! – ეს თავად სტალინის სიტყვებია.
საშა მართალია, რა ეშმაკად ჩაერია მაშინ ამ საუბარში და ყველას თვალწინ განაცხადა, საქართველოს გადავხნავთო! რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკე გამოვიდა, რაღა! მახარაძე, ორახელაშვილები, ყველანი გაოცებისგან გაფართოებული თვალებით შესცქეროდნენ. სტალინის აქამდე მოღუშულ სახეზე კი პირველად აისახა ღიმილი. ახალგაზრდა ჩეკისტი მან სამუდამოდ დაიმახსოვრა.
"ახლა სურს, რომ ჩემი ქვეყანა მართლაც გადავხნა! – დაიკვნესა ლავრენტიმ, – ვაი, ნანა".
ნუთუ არ შეიძლება, რომ სტალინი საქართველოში კვლავ ჩამოვიდეს? მასზე მოეწყობოდა თავდასხმა, ამას თავად ბერია მოაწყობდა და საქმესაც თავად გახსნიდა. ეს არაა ძნელი. იატაკქვეშა ორგანიზაციებში ჩეკისტების აგენტურა უხვადაა. გულწრფელი პატრიოტები კი საკმაოზე მეტნი არიან, აუცილებელია, ერთი გულუბრყვილო იდეალისტი გამოარჩიო, დაარწმუნო, რომ ის არის სამშობლოს მხსნელი და სტალინის მოკვლა დაავალო. ის უბედურიც შეუდგება სამზადისს, აინუნშიც არაა, რომ ჩეკისტები ყველაფერს აკონტროლებენ. როდესაც ყველა სამზადისი დამთავრდება, ჩეკისტები სწორედ მაშინ სტაცებენ ხელს. სამხილი საკმაოზე მეტია, საბრალოსაც ტრიბუნალს გადასცემენ, მას კი, ვინც საქმე გახსნა, ტერორისტი დააკავა და ამხანაგ სტალინის სიცოცხლე იხსნა, დააჯილდოებენ.
– აბა, ლავრენტი, მითხარი, რა გინდა, – ჰკითხავს გადარჩენილი და მადლიერი სტალინი.
ბერია მხოლოდ ერთ რაიმეს სთხოვს, რათა ბელგიაში სასწავლებლად გაუშვან. მისი მოწოდება ინჟინერ–მენავთობეობაა. კი, მაგრამ აკი არქიტექტორობა გსურდა, – შეეკითხება ღიმილით სტალინი. ეს ადრე, ამხანაგო სტალინ, ახლა მენავთობეობა მსურს, ბაქოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პირველი კურსიც დავხურე, მართლა? – გაოცებული შეეკითხება სტალინი, – რამდენადაც მახსოვს, აზერჩეკას თავჯდომარის მოადგილე იყავი. ლექციებზეც დადიოდი? აი, ეს მესმის! და სტალინი ნებას დართავს, სასწავლებლად ბელგიაში წავიდეს. ლავრენტიც მოშორდება პარტიზანული ომის ცეცხლში გახვეულ საქართველოს, წავა ბელგიაში, ისწავლის, ამასობაში ეს ჯოჯოხეთიც დასრულდება, ცხოვრება კალაპოტში ჩადგება, ბელგიიდან კი ლავრენტი ნამდვილ ინჟინრად დაბრუნდება. ამიერიდან რევოლუციას, როგორც ინჟინერი–მენავთობე, ისე ემსახურება. შავი საქმეები კი კრუმინშებმა აკეთონ, მათ ეს უკეთ ემარჯვებათ.
ლავრენტიმ ფანჯარაში გაიხედა. ირიჟრაჟა. უკვე ადგომის დროა. სამუშაოზე დღესაც გამოუძინებელი წავა.
10
გიორგი ჩიქოვანმა დავალება ბრწყინვალედ შეასრულა. კრუმინშმა ლავრენტის ყველაფერი დაწვრილებით მოახსენა:
– კერკეტ კაკალს საკანში ჩავუსვით. გიორგიმ მისი ნდობა დაიმსახურა. დამეგობრდნენ. კაკალმაც გული გადაუშალა.
კრუმინში დადუმდა. მიტკალივით გაფითრებული ბერია ერთხანს გაუნძრევლად იჯდა. შემდეგ სახეზე ხელი გადაისვა და ლატვიელს ისე შეხედა, გეგონება, დიდი ხნის ძილისაგან გამოერკვაო.
– რა ბრძანეთ?
– ჩიქოვანმა დავალება ბრწყინვალედ შეასრულა.
– ძალიან კარგით, იანის. შეგიძლიათ წახვიდეთ.
კრუმინშმა თავი დაუქნია და კარისკენ გაემართა. ამ დროს ბერიას ხმაც მოესმა:
– ხვალ დილისთვის ჩიქოვანის თაობაზე დაწვრილებითი პატაკი მომიმზადეთ! გასაგებია?
– დიახ, ლავრენტი პავლოვიჩ.
11
სტალინთან საუბარი ძერჟინსკიმ გულდასმით გააანალიზა. როგორც მოსალოდნელი იყო, კობასთან საერთო ენა ძალიან ადვილად გამოძებნა.
"დაიწყო, – გაიფიქრა ძერჟინსკიმ, – დიდი თამაში დაიწყო."
ფელიქს ედმუნდოვიჩმა ფიქრიანად გადაისვა წვერზე ხელი.
გარკვეული ნაბიჯები ძერჟინსკიმ ერთი წლის წინ გადადგა. ლენინი უკვე ავად იყო, მაგრამ შრომის უნარს ჯერაც ინარჩუნებდა და პარტიის ხელმძღვანელობასაც განაგრძობდა. ფელიქს ედმუნდოვიჩმა კონტრრევოლუციასთან ბრძოლის ახალი გეგმა წარუდგინა:
– წითელი ტერორი შეჩერებულია, დაიწყო ნეპი. ჩვენც ამ ახალი ვითარების მიხედვით უნდა ვიმუშაოთ. კონტრრევოლუცია ომში დამარცხდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფარ–ხმალი დაყარა და კაპიტულაცია გამოაცხადა.
ლენინი ინტერესით უსმენდა, ძერჟინსკი კი განაგრძობდა:
– აუცილებელია შეიქმნას კონტრრევოლუციურ ორგანიზაციათა მთელი ჯაჭვი, რომლის სათავეშიც ჩვენი ხალხი იდგება. ამოცანა მარტივია: ქვეყნის შიგნით დარჩენილი ყველა ანტისაბჭოელის მიზიდვა, ემიგრაციასთან კონტაქტებზე გასვლა. პარალელურად მტრულ სპეცსამსახურებთან დაკავშირება, მათი გპუ–ში საგანგებოდ მომზადებული დეზინფორმაციით გაბერვა. ამ მიზნით მიზანშეწონილია სპეციალური ბიუროს შექმნა.
ლენინი ერთხანს მდუმარედ უსმენდა. შემდეგ შეეკითხა:
– რა მიმართულების კონტრრევოლუციური ორგანიზაციების შექმნას ვარაუდობთ?
– ნებისმიერის. მონარქისტული, სავინკოვური, ნაციონალისტური. მიზანშეწონილია ჩვენს სამთავრობო სტრუქტურებში კონსპირირებული ოპოზიციური ჯგუფების შექმნაც. მაგალითად, ძველი სპეცები შექმნიდნენ იატაკქვეშა ორგანიზაციას, რომელსაც ეყოლებოდა ხალხი მთავრობაში. არმიის ზედაფენაშიც აღმოცენდებოდა იატაკქვეშა ორგანიზაცია. ყველაფერი ჩვენს კონტროლქვეშ მოხდება.
– და რას მოგვცემს ეს?
– მივიზიდავთ ქვეყანაში დარჩენილ ყველა აქტიურ ანტისაბჭოელს. გავალთ საზღვარგარეთულ კონტაქტებზე. შედეგად მთელი კონტრრევოლუციური მოძრაობა ჩვენს კონტროლზე მოექცევა.
– ანუ გპუ–ს შეფი თავის ტრესტს ქმნის, არა? – ლენინმა გაიღიმა, – ნეპმა ჩვენს სახელოვან ჩეკისტებზეც იმოქმედა. რუსეთში ტრესტები სოკოებივითაა მოდებული. ჩეკისტებიც თავიანთ ტრესტს ქმნიან.
ოპერაციასაც ოფიციალურად "ტრესტი" ეწოდა.
ამრიგად, ლენინმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, თამაშის დაწყების ნება მისცა. ამიტომ სავალდებული არაა, სტალინმა ყველაფერი იცოდეს. "ტრესტი" მისი, ძერჟინსკის, პირმშოა, მისი მმართველიც ის, ძერჟინსკი, იქნება და არავინ სხვა.
"ტრესტმა" უნდა უზრუნველყოს გპუ–ს შეფის გავლენის გაზრდა. "ტრესტის" მეშვეობით, მთელი ეს ვეებერთელა ქვეყანა ხელში ეყოლება. დადგება დრო და "ტრესტის" ბაზაზე ალტერნატიული იატაკქვეშა მთავრობა შეიქმნება, რომელიც გპუ–ს შეფ ფელიქს ძერჟინსკის ნებაზე იხტუნებს. როცა ვითარება მომწიფდება, მშვიდად, წყნარად სახელმწიფო გადატრიალებაც განხორციელდება. მართვის მთელი სადავეებიც მისი, ძერჟინსკის, კონტროლქვეშ მოექცევა.
საქართველოში დაძაბული მდგომარეობაა. პარტიზანები არ ცხრებიან. კარგი და პატიოსანი. ასეთ ვითარებაში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, ძალიან ბევრი რამის.
12
ბერიამ დოსიე გვერდზე გასწია და ჩაფიქრდა. "ასე ნამდვილად შევიშლები!"
რაც უფრო უღრმავდებოდა დოსიეს, მით უფრო უსიამოვნო ფიქრები ეძალებოდა.
ჩიქოვანები, უძველესი ქართული ოჯახი. მორწმუნე, პატრიოტული, კეთილშობილი ხალხი. ახლა მათი მოდრეკა, ჩეკისტურ თამაშებში ჩაბმა უნდა მოხდეს და ეს მან, ლავრენტი ბერიამ, უნდა გააკეთოს.
გიორგი ჩიქოვანი. ლავრენტის სამუდამოდ დაამახსოვრდა მისი დაკუნთული ტანი და ამაყი გამოხედვა. გიორგიმ იურიდიული განათლება პეტერბურგში მიიღო, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში. არავითარი პარტიის წევრი არ გახდა. როცა ეკითხებოდნენ, რატომო, პასუხობდა:
– ჩემი პარტია საქართველოა!
ეროვნულ–დემოკრატებს თავისი ბიძაშვილის, დათას, წყალობით დაუახლოვდა. მეგობრობდა გიორგი გაბაშვილთან, სპირიდონ კედიასთან, გვაზავასთან, ვაჩნაძესთან. პარტიის რიგებში არ გაწევრიანებულა, თუმცა კედიამ ეს არაერთხელ შესთავაზა. გიორგი პასუხობდა:
– დიდი მადლობა, მაგრამ ჩემი პარტია საქართველოა!
დათა ედპ–ს წევრი იყო. ბიძაშვილისგან განსხვავებით, ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა. ექიმებმა უთხრეს: ყველაზე უებარი წამალი სპორტია, თუ გინდა, ავად აღარ გახდე, უნდა ივარჯიშოო. დათაც ბევრს ვარჯიშობდა. იყო კარგი ტანმოვარჯიშე, მოკრივე, მოჭიდავე. ცხენსაც ბრწყინვალედ დააჯირითებდა და სნაიპერივით ისროდა. გიორგისგან განსხვავებით, მარტო საზოგადოებრივ მოღვაწეობას არ სჯერდებოდა:
– ეს საკმარისი არაა! ერს გადარჩენა სჭირდება, გესმით? გადარჩენა!
დათას მთელს არსებაში იყო რაღაც ასკეტური, ფანატიკური. ბავშვობაში გიორგი უფრო ჯანსაღი იყო, ჯირითიცა და ბურთაობაც უფრო სწრაფად აითვისა. დათამ იხტიბარი არ გაიტეხა, დილაუთენია დგებოდა, დარბოდა, ვარჯიშობდა.
– მოვკვდები და ხვალ სამოცჯერ ავიზიდები, ზეგ სამოცდაათჯერ, მაზეგ ასჯერ.
თავდაპირველად ეს სასაცილოდაც არავის ჰყოფნიდა, მაგრამ როცა დათა მართლაც აიზიდა ასჯერ, თვალები ჭყიტეს. შემდეგ დათამ ჭიდაობაში საუკეთესო ფალავანებიც დაამარცხა. გიორგი ამას ვერ ახერხებდა, დათამ მას ბევრად აჯობა.
– ერს გადარჩენა სჭირდება! ეს კი მხოლოდ ბრძოლითაა შესაძლებელი!
პირველი მსოფლიო ომის დროს დათამ რუსის ჯარში მობილიზაციას თავი აარიდა, საზღვარგარეთ წავიდა, რათა გერმანელებისთვის სამსახური შეეთავაზებინა. გერმანულ არმიაში უკვე დაწყებული იყო ქართული ნაწილების ფორმირება. დათაც ამ ნაწილებში ჩაეწერა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იარაღით იბრძოდა. 1918 წლის 26 მაისის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. როგორც ედპ–ს წევრი, მენშევიკებს მკაცრად აკრიტიკებდა. როცა საქართველოში დენიკინელები შემოიჭრნენ 1919 წელს, ფრონტზე მოხალისედ წავიდა.
– მენშევიკები ჭირსაც წაუღია, მაგრამ ამას ახლა არა აქვს მნიშვნელობა! ჩვენ მენშევიკებს კი არა, საქართველოს ვიცავთ.
1921 წელსაც ასე მოიქცა, როცა წითლებმა თბილისი აიღეს, ქვეყანაში დარჩა და პარტიზანებს შეუერთდა. დათა ჩოლოყაშვილის რაზმის მებრძოლი გახდა. გიორგი თბილისში დარჩა. ის არალეგალურ ჯგუფს მეთაურობდა. დათა დედაქალაქში არალეგალურად ჩამოდიოდა. მისი მეშვეობით, გიორგის ჯგუფს ჩოლოყაშვილის რაზმთან სისტემატური კონტაქტი ჰქონდა.
ახლა ნავარაუდევია, ყველაფერი ეს ჩეკისტური ინტერესებისათვის გამოიყენონ. გიორგი უკვე მოტეხეს. ეს ოდესღაც ამაყი, ლაღი კაცი ახლა გპუ–ს საიდუმლო აგენტია. ციხეში საკონტროლო დავალებები უნაკლოდ შეასრულა. გიორგის სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ ჩეკისტებზე იმუშაოს. საშინელებაა.
"საქართველოში რაღაც საშინელი მზადდება. აქაურობას მართლაც გადახნავენ."
ბერიამ თავი გააქნია. შემდეგ ცხვირსახოცი ამოიღო და გაოფლიანებული შუბლი მოიწმინდა.
13
თამთა დაძაბული მისჩერებოდა. ლავრენტიმ ნელა დაასხა ჭიქებში ყავა. შემდეგ სკამზე დაეშვა.
– მიირთვი, თამთა.
– გმადლობთ.
– ნუ ხარ ასეთი დაძაბული. აკი გითხარი, ცუდი არ მინდა–მეთქი.
თამთამ უმწეოდ მიმოიხედა. ათი სიკვდილი დაამთავრა, სანამ აქ, გპუ–ს კონსპირაციულ ბინაში, მოვიდოდა. სხვა რა უნდა ექნა? მამა დაჭერილია, ძმაც, გიორგიც. გამოსავალი აღარ დარჩა.
– საქმეები, მგონი, კარგადაა, – ლავრენტიმ ყავა მოსვა, – ნუ მიყურებ ასე. არაფერს დაგიშავებ, კაცურ სიტყვას გაძლევ.
თამთამ უმწეოდ ამოიოხრა, ისე გამოიყურებოდა, როგორც მახრჩობელა გველის წინ მჯდომი კურდღელი. ლავრენტი ალერსიანად იღიმებოდა.
– კაცურ სიტყვას გაძლევ, არაფერს დაგიშავებ, პირიქით, მინდა დაგეხმარო.
– კარგი, კარგი.
– მაგრამ თუ შენც არ დამეხმარე, არაფერი გამოვა.
– ვერ გავიგე.
– დავუშვათ, შენი მამა და ძმა ხვალ გამოუშვეს, ვინაა თავმდები, რომ ძმა ახალ სისულელეს არ ჩაიდენს? მეორედ ასე ვეღარ გადარჩებით.
– აბა, რა ვიცი.
– თუ მათ თვალ–ყურს ადევნებ და ყველაფერს დროზე მაცნობებ...
– რაო?
თამთა ერთხანს დამბლადაცემულივით იჯდა, ვერც ინძრეოდა და ვერც ხმას იღებდა. თვალ–ყური ადევნე ღვიძლ ძმასა და მამას. ჩვეულებრივ ენაზე ეს ჯაშუშობას ნიშნავს, ანუ მან მშობელი მამა უნდა დააბეზღოს.
"ვინმეში ხომ არ გეშლები?! შენნაირი ვიგინდარა გგონივარ, თუ რა?!" – თამთას პირზე სწორედ ეს სიტყვები ეკერა. ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით შეიკავა თავი.
არა! არა! ამის თქმა არაფრის დიდებით არ შეიძლება! ამით ხომ მამასაც და ძმასაც საბოლოოდ დაღუპავს. მასაც არ აცოცხლებენ, მაგრამ ეს არაფერია. საკუთარ თავს კიდევ გაწირავ, მაგრამ მამა და ძმა? არა, არა!
– რა გინდათ ჩემგან?! – ამოიკვნესა ქალმა, – რა გინდათ ჩემგან?! – თამთამ სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა.
ბერია ერთხანს გაუნძრევლად იჯდა. შემდეგ დინჯად დაასხა გრაფინიდან წყალი და ქალს მიაწოდა.
– დამშვიდდი, მე მხოლოდ შენი დახმარება მინდა, მაგრამ მარტო ამას ვერ შევძლებ.
– გემუდარები, მაგას ნუ მთხოვ, – ქალმა მავედრებელი მზერა მიაპყრო, – ოღონდაც მაგას ნუ მთხოვ და თუ გინდა, – თამთას თვალები კვლავ ცრემლით აევსო...
– თამთა, დამიჯერე, ამის გარეშე არაფერი გამოვა, გულით მინდა, მაგრამ დახმარებას ვერ შევძლებ.
– რა საშინელ დროში ვცხოვრობთ, – აღმოხდა თამთას, – ღმერთო ჩემო!
ქალი კვლავ ატირდა.
ლავრენტი ერთხანს დაფიქრებული შესცქეროდა, შემდეგ უჯრიდან ფურცელი და კალამი გამოიღო.
– ჩვენი ურთიერთობა წერილობით უნდა გავაფორმოთ, ასეთია წესი, თუ დამიჯერებ, ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი დამშვიდდი, შენი ახლობლების ბედი შენზეა დამოკიდებული.
14
სამსახურში ლავრენტი გაფითრებული დაბრუნდა. შეკითხვებზე მთვარეულივით პასუხობდა. უფროსმა ჰკითხა, შეუძლოდ ხომ არა ხარო.
– უბრალოდ გადავიღალე, – მიუგო ბერიამ.
– მაშ შინ წადით, დაისვენეთ, ადამიანის ფერი აღარ გადევთ, – უპასუხა უფროსმა, – ხვალ კი გელით, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
ლავრენტი უხმოდ წამოდგა და გავიდა. ერთი სული ჰქონდა, კარი გაეჯახუნებინა, მაგრამ თავი შეიკავა.
შინ მისვლამდე დუქანში შეიარა და არაყი იყიდა. მერე სახლში მივიდა და სასმელს პირდაპირ ბოთლიდან დაეწაფა. არაყმა სასიამოვნოდ დაუარა მთელს სხეულში. ლავრენტი უღონოდ დაეშვა სკამზე.
თამთა... ბერიას ახლაც თვალწინ ედგა მისი გაფითრებული სახე, ხმა, რომელშიც საოცარი განწირულობა ჟღერდა. "გემუდარები, მაგას ნუ მთხოვ", ასე თქვა ქალმა. ლავრენტი კი შეუბრალებელი იყო. "მაგის გარეშე არაფერი გამოვა, ვერ დაგეხმარები". თამთამაც ბოლოს თანამშრომლობის ხელწერილი დაწერა. ამიერიდან ის გპუ–ს აგენტია და უშუალოდ ლავრენტი ბერიას განკარგულებაში გახლავთ.
ლავრენტი კვლავ არყის ბოთლს დასწვდა და გადაჰკრა. თამთას მამა და ძმა ხომ მისი, ბერიას ბრძანებით დააპატიმრეს. ეს ხომ ბერიას აგენტმა მიუგდო თამთას ძმას არალეგალური ფურცლები. სულელმა ბიჭმაც ისინი სიხარულით აიტაცა და შინ მიიტანა. თამთა ახლაც თავს იმტვრევს, ვინ დამასმინაო. არავისაც არ დაუსმენია, ყველაფერი თავიდან ბოლომდე ბერიას ინსპირირებული იყო.
მართალია თამთა, საშინელ დროში ვცხოვრობთ. განსაკუთრებით ისაა ამაზრზენი, რომ შეურყვნელი ვეღარავინ გადარჩება. ვინც ბოლშევიკებს სულს არ მიჰყიდის, განადგურდება. ნამდვილი ქართული ოჯახები თავიანთი ღირსებით, ზრდილობით, პატრიოტიზმით და მორწმუნეობით გაქრებიან და მათ ადგილს კონფორმისტები დაიკავებენ, ისინი, ვინც მხოლოდ კარიერისა და პირადი კეთილდღეობისთვის ირჯებიან.
– ამას ვაკეთებ მე, საბჭოთა უშიშროების ორგანოების ერთ–ერთი ხელმძღვანელი საქართველოში, – ამოიკვნესა ლავრენტიმ, – რატომ, რისთვის მომივლინა განგებამ ასეთი სასჯელი?
ლავრენტი გაუხდელად დაჯდა დივანზე. რამდენიმე წუთში ის ძილმა შეიპყრო.
15
ოპერაციის გეგმა უფროსებმა დაამტკიცეს. გიორგი ჩიქოვანი გათავისუფლების შემდეგ თავის ყოფილ თანამებრძოლებთან კონტაქტს აღადგენს, რაშიც ბიძაშვილი დათა დაეხმარება. ჩიქოვანი ერთ–ერთ მთავარ როლს ასრულებს გპუ–ს კომბინაციაში, რომლის მიზანიც კონტრევოლუციური მოძრაობის ლიკვიდაცია გახლავთ.
– ვინძლო მთავარი ბანდიტის ჩოლოყაშვილის შეპყრობაც შევძლოთ.
– ეგ რთულია, – ბერიამ თავი გააქნია, – თუმცა უდავოა ერთი: მოძრაობა, რომელსაც ჩოლოყაშვილი მეთაურობს, განადგურებული იქნება.
– თავად ის?
– ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შევიპყროთ და გავასამართლოთ, მაგრამ ეს ძალიან ძნელია. შესაძლოა, ლიკვიდირებულ იქნას, ან ემიგრაციაში გადაიხვეწოს.
– ცუდია, თუმცა მთავარი მისი ბანდის ლიკვიდაციაა.
– ჩოლოყაშვილი და მისნაირები საქარველოში ვეღარ იბოგინებენ! – მტკიცედ მიუგო ბერიამ.
– ღმერთმა ქნას, ღმერთმა ქნას...
უფროსის კაბინეტიდან გამოსული ლავრენტი ერთხანს კიბესთან შეჩერდა, გრძნობდა, როგორ უდუნდებოდა დაძაბული კუნთები.
16
– თამთა, ხვალ შენს მამას და ძმას გამოუშვებენ.
ლავრენტიმ ყავით სავსე ჭიქა პირთან მიიტანა. თამთას სახე გაუბრწყინდა.
– უღრმესი მადლობა, – გულწრფელად აღმოხდა ქალს, – უღრმესი მადლობა.
თამთას თვალებზე ცრემლები მოადგა. ბერიამ თვალები დახარა და თითქმის ჩურჩულით თქვა:
– გიორგისთან როდის დაქორწინდები?
– ის ხომ ციხეშია.
– თუ მეტყვი, რომ ცოლად გაყვები, ეს მის გათავისუფლებას დააჩქარებს.
თამთა გაოცებული და შეშინებული მიაჩერდა მას. ლავრეტის თავი არ აუწევია, ისე განაგრძო:
– თამთა, დამიჯერე, ჩემთვის ეს ჯოჯოხეთია, ნამდვილი ჯოჯოხეთი, მაგრამ საქმეს ასე სჭირდება, სხვაგვარად ვერ დაგეხმარები.
– კარგი, კარგი.
ქალს თვალები კვლავ ცრემლებით აევსო.
– კიდევ აი, რა: გთხოვ, გაიხსენო, შენს ნაცნობებს შორის უკანასკნელ ხანს ვინმე ახალი ხომ არ გამოჩენილა?
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
– თამთა, – ლავრენტიმ თავი გააქნია, – აქ შეკითხვებს მე ვიძლევი.
– ბატონო ლავრენტი...
– გთხოვ, ასე ნუ მომმართავ, ბატონები აღარა გვყავს.
– აბა, ამხანაგო დაგიძახოთ? რაღაც ენა არ მიბრუნდება.
– უბრალოდ, ლავრენტი დამიძახე და შენობით მომმართე, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.
– რაღაც უცნაურია ჩვენი მეგობრობა.
– გეთანხმები, მაგრამ ყველაფერს, რასაც ახლა ვაკეთებ, შენსა და შენი ოჯახის გადასარჩენად ვაკეთებ. ამ ცხოვრებას შენზე უკეთ ვიცნობ, სხვაგვარად ვერ გადარჩები.
თამთა ფიქრიანი მზერით მიაჩერდა ჩეკისტს, უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა.
– მაშ მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ: შენს ნაცნობებს შორის ვინმე ახალი ხომ არ გამოჩენილა?
– გამოჩნდა, – თამთამ პაუზა გააკეთა, – მას ირინა სობოლევა ჰქვია.
– აჰა, ვინაა, რას წარმოადგენს?
– აკი გითხარით, ამას საქმესთან კავშირი არა აქვს–მეთქი.
– შენობით მომმართე, გთხოვ.
– მას ირინა სობოლევა ჰქვია, – განაგრძო თამთამ, – ერთი თვის წინ შემთხვევით გავიცანი. ჩემს ძმას უცხო ენებში ამეცადინებდა.
თამთამ თვალები დახუჭა, ლამის ჩურჩულით ლაპარაკობდა, ბერიას კი ძალა არ შესწევდა, მისთვის შენიშვნა მიეცა და ეთქვა, ხმამაღლა ილაპარაკეო.
– როდესაც ვერის ხიდზე გადავდიოდი, ჩემი ყურადღება ახალგაზრდა და საოცრად ფერმკრთალმა ქალმა მიიპყრო, – თქვა თამთამ, – მისი განწირული მზერა ახლაც თვალწინ მიდგას. უნებლიეთ შევჩერდი. რამდენიმე წუთს ერთმანეთს მდუმარედ შევცქეროდით, შემდეგ ქალმა მომმართა, მადმუაზელ, ფრანგული ენის გაკვეთილები ხომ არ გჭირდებათო.
– და თქვენი ნაცნობობაც ასე დაიწყო?
– დიახ. ფრანგული კარგად ვიცი, მაგრამ ჩემი ძმა... ირენი მას ამეცადინებდა და ჩვენს სახლში დადიოდა. ესაა სულ.
– ირენი?
– დედამისი ასე ეძახდა.
– შეგეძლო, ძმისთვის ფრანგული შენც გესწავლებინა.
– მე დაკავებული ვარ, თანაც უკეთესია, თუ უცხო ენას მასწავლებელი ასწავლის.
– მერე რას იტყვი, კარგი მასწავლებელია?
– ძალიან! ერთი–ორჯერ მათ გაკვეთილსაც დავესწარი. თავისი საქმე იცის.
– შენ მასთან მეგობრობდი, ასეა ხომ? – ლავრენტიმ კვლავ მოსვა ყავა.
– დავუშვათ, მერე რა?
– თამთა, მე უმიზეზოდ შეკითხვებს არა ვსვამ.
– დიახ, ვმეგობრობდი. რამდენიმეჯერ მის სახლშიც ვიყავი. დედამისიც გავიცანი, ნამდვილი რუსი ინტელიგენტია.
თამთა წამით გაჩუმდა, შემდეგ ღრმად ამოიოხრა და განაგრძო:
– ირენის მამა ოფიცერი იყო და პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა. ძმამაც კადეტთა კორპუსი დაამთავრა. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ მამამ ირენი და დედა თბილისში ჩამოიყვანა, თავად კი ფრონტზე წავიდა.
– ფრონტზე? ვის წინააღმდეგ?
– ირენმა მითხრა, მამაც და ძმაც დენიკინის არმიაში მსახურობდნენო.
– გასაგებია.
– მამისგან რამდენიმე წერილი მიიღეს, ძმა კიევთან დაღუპულა. მამამ ბოლო წერილი 1920 წელს მოიწერა. ამის შემდეგ მისგან ჩამი–ჩუმიც არ ისმის.
ლავრენტი ერთხანს უძრავად იჯდა. შემდეგ ნელ–ნელა ყავა მოწრუპა.
– რაიმეთი თავი ხომ უნდა ერჩინათ. უცხო ქვეყანაში მარტო დარჩნენ, არც ფული, არც ნათესავები. დედას ცხოვრებაში არ უმუშავია. ირას რესტორანში ოფიციანტის ადგილი შესთავაზეს. დათანხმდა, აბა, რა ექნა, მაგრამ მალე გამოაგდეს.
– რატომ?
– ერთ–ერთი მდიდარი კლიენტი აეკიდა, გინდა თუ არა, ღამე ჩემთან გაატარეო. ირამ სილა გააწნა, დირექტორმა კი...
– გასაგებია.
– ამის შემდეგ ოჯახებში დადიოდა, ბავშვებს უვლიდა, ალაგებდა, სადილს ამზადებდა. თავი ძლივს გაჰქონდა, ამიტომაც შევთავაზე სამუშაო. ესაა და ეს.
– ხომ არაფერი შემოუთავაზებია?
– ღმერთო ჩემო! ირას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს! ერთი უბედური და ძალიან წესიერი გოგოა!
– კარგი, კარგი, განაგრძე მასთან მეგობრობა, თუ რაიმე გთხოვა, დათანხმდი, შემდეგ კი ყველაფერი მომახსენე.
17
– ჩიქოვანი, ს ვეშჩამი!
გიორგიმ ყურებს არ დაუჯერა. ერთხანს გაუნძრევლად იდგა, თანამესაკნემ მაგრად წაჰკრა ფერდში მუჯლუგუნი.
– ჩიქოვანი, ს ვეშჩამი!
გიორგი გველნაკბენივით წამოხტა და თავისი ბარგი–ბარხანა შეკრა. თანამოსაკნემ გამამხნევებლად მოუთათუნა ხელი. ვიღაცა რაღაცას ეუბნებოდა. გიორგის არაფერი ესმოდა, ვერაფერს ხვდებოდა და მხოლოდ მექანიკურად პასუხობდა.
როდესაც ციხის კართან მიიყვანეს, თავბრუ დაეხვა. ძლივს შეიკავა თავი, რომ არ დაცემულიყო. შემდეგ რაღაცამ გაიჩხარუნა, წამიც და გიორგი ქუჩაში აღმოჩნდა.
– ღმერთო ჩემო!
თვალებზე ცრემლები მოადგა. ყელში რაღაც ბურთივით მოაწვა. ცოტაც და ბავშვივით აღრიალდებოდა.
– გიორგი!
ქუჩის მეორე მხარეს თამთა იდგა. გიორგიმ დაინახა, როგორ გადმოკვეთა ქუჩა და მისკენ წამოვიდა. წამიც და ერთმანეთს გადაეხვივნენ.
18
საშა ახლაც შინ არ დახვდა. ნინომ სასადილოში შეიპატიჟა. ლავრენტი დაჯდა.
– ვერა სადღაც წავიდა, – ნინომ ბრაზიანად გადააქნია თავი.
ლავრენტიმ მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ ნინო ლამაზი იყო. "იმ გოგონების რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც სევდაც და გაბრაზებაც უხდებათ, – გაიფიქრა ბერიამ, – საოცარია, აქამდე როგორ ვერ შევნიშნე".
– ნინო, ვერამ კიდევ გაგაბრაზა?
– მამადლის, რომ მის პურს ვჭამ, მიყვირის.
– საშას რატომ არაფერს ეუბნები?
– ეს ხომ ენატანიობაა!
"კარგი გოგო ყოფილა", – გაიფიქრა ლავრენტიმ და ნინოს აშკარა ინტერესით მიაჩერდა.
– შენც ადექი და გათხოვდი. მაშინ ვერას სამუდამოდ მოშორდები.
– რომ გათხოვდე, უნდა გიყვარდეს, – ნინო ჩაფირქდა.
– არ მითხრა, შეყვარებული არა მყავსო.
– არ მყავს.
– ნუთუ ასეთ ლამაზ გოგონას არავინ მოსწონს? ოღონდაც მოინდომე და...
ნინომ გაიცინა.
– ჩემი თავი ლამაზად სულაც არ მიმაჩნია.
– დამიჯერე, ძალიან ლამაზი ხარ, – ლავრენტიმ გაიღიმა.
– ადრე ერთი ბიჭი მომწონდა, მაგრამ...
– რა მაგრამ?
– ჩვენ შორის ყველაფერი დასრ

კავშირი ტეგთან: სტალინი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"

"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 