asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ცალთვალა მოწმე ქალი
ცალთვალა მოწმე ქალი
ცალთვალა მოწმე ქალი

2011-05-27 16:05:16



აფთიაქს რომ მიუახლოვდნენ, მეისონი მდივანს შეეკითხა:
– საიდან იცოდა იმ ქალმა, "ოქროს ბატში" რომ ვიყავი?
– თქვენ ცნობილი ადამიანი ხართ. იქნებ ვინმესგან შეიტყო?
– ან თავადაც იქ იყო, დამინახა და მერე დამირეკა.
– ვინმემ იცოდა, "ოქროს ბატში" რომ მივდიოდით?
– მხოლოდ პოლ დრეიკმა. მოწმის დაკითხვის შემდეგ მას დავურეკე და ეს რესტორანი მირჩია, კარგად ამზადებენო.
– პოლი დაურეკავდა? – დაინტერესდა დელა.
– გამორიცხულია, – თავი გააქნია ადვოკატმა, – დრეიკი დეტექტივია და იცის, ენას კბილი როგორ დააჭიროს. აი, მოვედით კიდეც, – მეისონმა მანქანა გააჩერა.
ადვოკატმა რეცეპტურის განყოფილების გამყიდველს საქმის ვითარება გააცნო და ჰკითხა, ასეთი ქალი ხომ არ შეგინიშნავსო.
– იცით, მგონი, აი, იმ კაბინაში შევიდა, სტენდის გვერდით რომაა. კარგად არ დავკვირვებივარ. ჩვენ ხომ სხვა საქმეც ბევრი გვაქვს.
– გასაგებია, – თქვა მეისონმა და სტრიტის თანხლებით მითითებულ კაბინას მიაშურა.
– შეფ, აქ რამდენიმე მონეტა და ქაღალდის ნაგლეჯია, – თქვა დელამ, – ცალ მხარეს "მაინ 9–6450" წერია, რაც, როგორც მახსოვს, "ოქროს ბატის" ნომერია, მეორე მხარეზე კი... – დელამ ქაღალდი შეატრიალა, – უცნაური აღნიშვნებია. იქნებ თქვენ მიხვდეთ რამეს?
მეისონმა ქაღალდს დახედა, რომელზეც გაბმით ეწერა:
IV0-59,3W-38,II0,19,W10
მან ნაგლეჯი ჯიბეში ჩაიდო და თქვა:
– ამაზე მანქანაში ვიფიქრებ, ახლა კი წავედით.
გარეთ ცრიდა. საკმაოდაც ციოდა. მანქანაში როცა ჩასხდნენ, მეისონმა ჯიბიდან ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო, კარგა ხანს დააკვირდა, მერე კი თქვა:
– ჩემი აზრით, სეიფის შიფრი უნდა იყოს. ოსტ აღმოსავლეთია, ვესტ – დასავლეთი, ამიტომ სავარაუდოდ კომბინაცია ასე იკითხება: ოთხჯერ მარჯვნივ 59–მდე, სამჯერ მარცხნივ 38–მდე, ორჯერ მარჯვნივ 19–მდე, მერე მარცხნივ 10–მდე და სეიფიც გაიღება.
– რომელი სეიფი?
– ეს უკვე გამოცანაა, რომლის ამოხსნასაც იმედია, შევძლებთ. იქნებ ამაში კარლინი დაგვეხმაროს?
– მისამართი გახსოვთ?
– რა თქმა უნდა, – მიუგო მეისონმა და პედალს ფეხი დააჭირა.
* * *
– რა ძველი სახლია, – თქვა დელამ, როცა მეისონმა შენობის წინ მანქანა გააჩერა.
– ერთ დროს კარგი იქნებოდა, – შენიშნა ადვოკატმა და მანქანის კარი გააღო.
მათ ცემენტის გზა სწრაფად გაიარეს და მეისონმა ზარი დარეკა. ზღურბლზე მაშინვე გამოჩნდა მომღიმარი მამაკაცი:
– კარგია, რომ მოხვედით. შემობრძანდით, თუ შეიძლება.
მასპინძელი სამოცს გადაცილებული სათვალიანი მამაკაცი გახლდათ, რომელსაც ძველმოდური, გახუნებული ტანსაცმელი ეცვა და სტუმრებს ოდნავ დამცინავად მისჩერებოდა.
– მე მარტოხელა კაცი ვარ, რაც აქაურობასაც ეტყობა, – თქვა კარლინმა, – დამლაგებელი კვირაში ერთხელ მოდის, მე კი ეს საქმე არ მეხერხება, ამიტომ ნუ დამძრახავთ.
– როგორ გეკადრებათ, – თქვა მეისონმა, – ეს ჩვენ უნდა გვაპატიოთ, გვიან რომ გესტუმრეთ, მაგრამ გადაუდებელი საქმეა.
– სასტუმრო ოთახში შევიდეთ... ყავაც მალე იქნება.
ოთახში რამდენიმე ძველი სავარძელი იდგა, ცენტრში კი პატარა მაგიდა წიგნებითა და ჟურნალებით იყო სავსე.
– თქვენს ნებაზე მოეწყვეთ, – მიიპატიჟა სტუმრები კარლინმა, – მე კი ყავას მოვიტან...
მასპინძელი გავიდა, ადვოკატი კი წიგნებით გამოტენილ კარადასთან მივიდა.
– კითხვა ჰყვარებია, – შენიშნა მან, – თუმცა აქ ნამდვილი ქაოსია.
მალე დიდი სინითა და ზედ დაწყობილი ჭიქებით მასპინძელი შემოვიდა და წიგნებით მოფენილ მაგიდასთან დაბნეული შეჩერდა.
– ახლავე მოგეშველებით, – წამოხტა დელა, წიგნები ერთ წყებად დააწყო, კარლინს სინი გამოართვა და მაგიდაზე დადგა.
– შესანიშნავი ყავაა, – შენიშნა მეისონმა, როცა თავისი ყურმოტეხილი ჭიქიდან მოსვა.
– მიხარია, რომ მოგეწონათ, – გაიღიმა კარლინმა, – მარტო რომ ვცხოვრობ, ყველაფრის კეთებას მივეჩვიე, დალაგების გარდა. თან სერვიზიც ძველია და...
– საინტერესო წიგნებიც გაქვთ, – თქვა მეისონმა.
– იცით, წიგნები ჩემი ჰობია. სახლის სარდაფში ერთგვარი ტიპოგრაფია მაქვს და რა წიგნიც მომეწონება, იმის კოპიოს ვაკეთებ, მერე კი ძვირფას ყდაში ვსვამ. ამის გარდა, ფოტოგრაფიაც მიტაცებს და ჩემს გადაღებულ სურათებს ჩემს ბნელ ოთახში ვამჟღავნებ. ეს საქმე ადრე უფრო მიტაცებდა, ზოგადად კი, სილამაზის მოტრფიალე დღემდე ვარ. მისტერ მეისონ, დრო სწრაფად გარბის, მაგრამ ამას ახლა ფილოსოფიურად აღვიქვამ. ჩემ შესახებ საკმაოდ გულწრფელი ვიყავი, ახლა თქვენი ჯერია.
– მისტერ კარლინ, თქვენთან ჩემი ერთი კლიენტის თხოვნით მოვედი, თუმცა არ ვიცი, ვინ არის, – თქვა მეისონმა.
– ანუ მადამ ინკოგნიტოა? – გაიღიმა კარლინმა.
– ასე გამოდის.
– ეს შეუძლებელია!
– გარწმუნებთ.
– კი მაგრამ, მის დაცვას როგორ დათანხმდით?
– გამონაკლისის სახით, – მეისონმა ჯიბიდან გაზეთის ამონაჭერი ამოიღო და კარლინს გაუწოდა, – პირველ რიგში, თქვენთვის ამის გადმოცემა მთხოვეს.
მასპინძელმა ტექსტი წაიკითხა და თქვა:
– აქ ვიღაც ქალზეა ლაპარაკი, ცუდი საქმეების გამო დააპატიმრესო... თუმცა ეს მე არაფერს მეუბნება.
– ამ ქალს არ იცნობთ? – შეეკითხა მეისონი.
– ღმერთო ჩემო! ცხადია, არა!
– მაპატიეთ, მაგრამ... იქნებ ოდესმე ვინმემ თქვენი დაშანტაჟება სცადა?
– არა და არა, – თავი გააქნია კარლინმა, – იქნებ მითხრათ, თქვენმა ინკოგნიტო კლიენტმა ჩემთან რა დაგაბარათ?
– მთხოვა, გადმომეცა, რომ შექმნილ სიტუაციაში თქვენ სხვა კომპანიონი უნდა მოძებნოთ.
კარლინი მოიღუშა:
– მისტერ მეისონ, მე კომპანიონები არ მყავს. რაც შეეხება თქვენს კლიენტს, იმედია, მის ვინაობას შევიტყობ.
– და მერე ჩვენც გვეტყვით, ხომ? – შეეკითხა დელა.
– ჯერ ეს თავად უნდა გავარკვიო, – კარლინმა ყავა მოსვა, – მისტერ მეისონ, ჩვენ ნებისმიერი გამოცანის ამოხსნა შეგვიძლია, მაგრამ ხელს შიში გვიშლის. ჩვენ საშინლად გვეშინია. მთელი ჩვენი ცხოვრება შიშით იმართება.
– სიკვდილის გვეშინია? – იკითხა დელამ.
– არა, საკუთარი თავის, – მიუგო კარლინმა, – ჩვენ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის გვეშინია და ამიტომ ვიყრით თავს ერთად ბანქოს თამაში იქნება, სმა თუ ტელევიზორის ყურება, მაგრამ ეს სხვა თემაა... ჩემი აზრით, თქვენი კლიენტი სხვა კარლინს გულისხმობდა.
– არა, ეს გამორიცხულია, – მიუგო მეისონმა, – ყველაფერი ემთხვევა.
– თქვენს კლიენტს რაღაც შეეშალა. იქნებ სატელეფონო წიგნიდან მისი ნაცნობი კარლინის ნაცვლად ჩემი მონაცემები ამოიწერა?
– არა მგონია...
– ასეა თუ ისე, თქვენი ვიზიტით ძალიან კმაყოფილი ვარ. ის კი არადა, ფოტოსაც გადაგიღებდით, ასე გვიანი რომ არ იყოს.
– დელა, – მეისონმა მდივანს შეხედა, – ჩვენი წასვლის დროა.
– ო, მაპატიეთ. ეს არ მიგულისხმია, – შეწუხდა მასპინძელი, – ჩემთვის გვიანი სულაც არ არის. უბრალოდ, ფოტოს გადაღება დღის შუქზე უკეთესია.
– მაშინ სხვა დროს მოვალთ, – გაიღიმა ადვოკატმა და წამოდგა, – ახლა კი მართლა გვიანია.
წამოდგა დელაც:
– ყავისთვის გმადლობთ, მისტერ კარლინ. შესანიშნავი იყო.
– რაკი არ იშლით, ნება თქვენია, – თქვა მასპინძელმა და ისიც წამოდგა, – თუ კვლავ მესტუმრებით, ძალიან მასიამოვნებთ.
* * *

სტრიტი და მეისონი უკვე მანქანაში ისხდნენ, როცა ამ უკანასკნელმა თქვა:
– აბა, რას იტყვით?
– მე მისი მეშინია, – მიუგო დელამ.
– რატომ?
– არ ვიცი.
– ქალური ინტუიცია?
– შესაძლოა.
– და რას გკარნახობთ თქვენი ინტუიცია?
– მე მგონი, ამ კაცსაც ეშინია.
– ჩვენმა ნათქვამმა იმოქმედა?
– ვფიქრობ, რომ კი. ჩემი აზრით, ეს ადამიანი საშინლად შეშინებულია. რატომ შევჩერდით, შეფ?
– აქ ღამის ბარია და ალბათ ტელეფონ–ავტომატიც იქნება.
– ვინმეს უნდა დაურეკოთ?
– პოლ დრეიკს.
– რისთვის?
– კარლინის სახლს რომ უდარაჯონ. ჩემი აზრით, ჩვენი ვიზიტის შემდეგ იქ რაღაცა მოხდება.
მეისონი მანქანიდან გადავიდა, ბარში შევიდა და დრეიკის დეტექტიურ სააგენტოში დარეკა. რაკი არავინ უპასუხა, პოლს შინ დაურეკა.
– რა ულმობელი კაცი ხარ, პერი! – აღშფოთდა დეტექტივი, – ისე დავიღალე, ფეხზე ძლივს ვდგავარ, თან შუაღამეა, შენ კი მირეკავ.
– პოლ, სასწრაფო საქმეა და ამიტომ გაწუხებ.
– ასეთი რა საქმეა? – დაინტერესდა დრეიკი.
– ახლა მისამართს გიკარნახებ და სასწრაფოდ ჩაიწერე.
– კარგი... ვიწერ...
მეისონმა კარლინის მისამართი უკარნახა, მერე კი დაამატა:
– მანდ სასწრაფოდ შენი ბიჭები უნდა გაგზავნო და თვალი ადევნონ, ვინ შევა და ვინ გამოვა. გასაგებია?
– ჰო, მაგრამ... ასეთ დროს?
– პოლ, შენ ეს არ გაგიჭირდება, – წააქეზა მეისონმა, – ოღონდ გახსოვდეს, მაგ სახლს ორი შესასვლელი აქვს, წინა და უკანა, ამიტომ ერთი მეთვალყურე არ გეყოფა.
– კარგი, პერი. თხოვნა მიღებულია.
– ო კეი, პოლ, – თქვა მეისონმა, – რაც მოხდება, დილით მომახსენებ.
ადვოკატმა ყურმილი დაკიდა, ბარიდან გამოვიდა და მანქანას მიაშურა.
– დაურეკეთ? – შეეკითხა დელა.
– ყველაფერი რიგზეა, – მიუგო მეისონმა, საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა.
* * *

ღრმად ჩაძინებული მეისონი ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამოაღვიძა.
– ალო?
– პერი, შენი შეწუხება ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ... – პოლ დრეიკი ცოცხლად და საქმიანად ლაპარაკობდა.
– თქვი, რა მოხდა.
– კარლინის სახლი იწვის.
– დიდი ხანია?
– 15 წუთი იქნება.
– ახლა რომელი საათია?
– ოთხის ოცი წუთია.
– კარგი. მოვდივარ.
ადვოკატი საწოლიდან წამოხტა, სპორტულ ტანსაცმელში გამოეწყო და შუქი არც გამოურთავს, ბინიდან ისე გავარდა.
ადგილზე რომ მივიდა და მანქანიდან გადავიდა, ირგვლივ ხალხი ირეოდა, მეხანძრეები კი ცეცხლს თითქმის გამკლავებოდნენ. მეისონი დაელოდა, პოლ დრეიკი ოფიცერთან ლაპარაკს როდის დაამთავრებდა, მერე კი ერთ–ერთი სახანძრო მანქანის უკან გაიყვანა:
– პოლ, მოყევი, რა ქენი.
– რამდენიმე აგენტი წინასწარ გავაფრთხილე, აქ რომ მოსულიყვნენ, – დაიწყო დეტექტივმა, – პირველი ორის შვიდ წუთზე გამოცხადდა და საპარადო შესასვლელს ჩაუსაფრდა. შენობაში ამ დროს ბნელოდა. დაახლოებით ორის ნახევარზე სიბნელეს ვიღაც ქალი გამოეყო, საფეხურები აიარა და სახლში შევიდა.
– კარზე დარეკა?
– როგორც აგენტმა თქვა, ან გასაღები ჰქონდა, ან კარი ღია დახვდა.
– ქალი როგორ გამოიყურებოდა?
– ოცდაათს გადაცილებული იქნებოდა, ფიგურაც კარგი ჰქონდა. მეტის თქმა შეუძლებელია, რადგან ლაბადა ეცვა.
– სახლიდან როდის გამოვიდა?
– ეს უკვე ძნელი სათქმელია. არც კი ვიცით, გამოვიდა თუ არა.
– მერე რა მოხდა?
– ორს რომ ათი აკლდა, მეორე აგენტი მოვიდა, სამის ხუთ წუთზე კი მესამე. მეორე სახლის უკანა მხარეს უთვალთვალებდა, მესამე კი, ასე ვთქვათ, რეზერვი იყო, საქმეში საჭიროების შემთხვევაში რომ ჩართულიყო.
– კარგი. ახლა ხანძარზე მომიყევი.
– დაახლოებით ოთხის ხუთ წუთზე შენობაში აფეთქების მსგავსი ხმა გაისმა, მერე კი მეორე სართულის ფანჯრებში ცეცხლი გამოჩნდა. ჩემმა ერთ–ერთმა აგენტმა სახანძრო სამმართველოს შეატყობინა, დანარჩენი ორი კი შენობის წინ და უკან ისევ პოსტზე იდგნენ. შემდეგ, როცა სახანძრო მანქანები მოვიდა და ხალხმაც თავი მოიყარა, აგენტები ბრბოს შეერივნენ.
– ქალი არ გამოსულა?
– ამბობენ, რომ არა.
მეისონი ჩაფიქრდა, მერე იკითხა:
– ხანძარი საიდან დაიწყო?
– მეორე სართულიდან. ისე, მეხანძრეებმა კარგად იმუშავეს და პირველი სართული მთლიანად გადარჩა.
– ერთი შიგ შემახედა, – თქვა მეისონმა.
ამ დროს მათ სახანძრო რაზმის უფროსი, იგივე ოფიცერი მიუახლოვდა:
– თქვენ აქ რა გინდათ?
– ხანძარს ვუყურებთ, – მიუგო ადვოკატმა, – როგორც ჩანს, თქვენმა ბიჭებმა მაგრად იმუშავეს.
– ცეცხლი უკვე ჩააქრეს. ახლა წყალს ასხამენ, ისევ რომ არ აალდეს. მერე კი შიგ შევალთ.
– რისთვის? – იკითხა მეისონმა.
– დაღუპულთა ცხედრების სანახავად.
– ფიქრობთ, რომ მსხვერპლია?
– აბა, ხანძარი თავისით როგორ გაჩნდებოდა? მოკლედ, მე სახლის შიგნიდან დათვალიერება მინდა.
– მეც, – თქვა მესიონმა.
– მეც, – აჰყვა დრეიკი.
– არა, – თქვა ოფიცერმა, – აქ დარჩით. შიგ შესვლა სახიფათოა, მე კი წავალ, უკვე მეძახიან.
მეხანძრეთა შეფის წასვლის შემდეგ მეისონმა დეტექტივს უთხრა:
– პოლ, იქნებ შენი ბიჭები მეზობლებს გაესაუბრონ? მათ რამე ეცოდინებათ.
– ამდენ ხალხში მეზობლებს როგორ გამოარჩევენ?
– სულ უბრალოდ, – გაიღიმა ადვოკატმა, – ამ ხალხს ღამის სამოსზე ექნებათ რამე მოცმული, თან ჯგუფ–ჯგუფად იდგებიან და გამალებული მსჯელობა ექნებათ.
– კარგი, – თქვა დრეიკმა, – აქ დამიცადე.
დამწვარ სახლს ახლა მხოლოდ პროჟექტორები ანათებდა. ალი აღარსად ჩანდა. შენობას კვამლი ასდიოდა და ირგვლივ დანახშირებული ხის სპეციფიკურ სუნს აფრქვევდა.
აღარ წვიმდა. აცივდა. მეისონს შეამცივნა და ინანა, პალტო რომ არ ჩაიცვა. ხალხი ნელ–ნელა იშლებოდა.
ამასობაში დრეიკიც დაბრუნდა.
– ყველაფერი რიგზეა, – თქვა მან, – ჩემი ბიჭები მუშაობენ, მერე კი შინ მეწვევიან და ყველაფერს მომახსენებენ. პერი, აქ საყურებელი აღარაფერია. იქნებ ჩვენც ჩემთან წავსულიყავით? ცხელი რომი არ გვაწყენდა.
– მართალი ხარ, თორემ მაგრად შემცივდა, – მიუგო ადვოკატმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online