asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თავდასხმა სტალინზე
თავდასხმა სტალინზე
თავდასხმა სტალინზე

2011-05-23 14:42:46



დასაწყისი წინა ნომერში

5

საშა გეგეჭკორისა და ბერიას მეგობრობა 1920 წელს დაიწყო. ორივენი ქუთაისის ციხეში ისხდნენ. ბერია ლაკერბაიას გვარით იჯდა. ეს ლავრენტის მეორე პატიმრობა იყო. მენშევიკებს გამორჩათ, რომ ლაკერბაია ერთხელ უკვე ჰყავდათ დაკავებული. ეს 1920 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა ლავრენტი გასაბჭოებული აზერბაიჯანიდან საქართველოში საიდუმლო დავალებით გადმოისროლეს. წითელი არმია საქართველოში შემოსაჭრელად ემზადებოდა. ბერიაც კონტაქტში უნდა შესულიყო არმიასა და სახალხო გვარდიაში მოკალათებულ საბჭოთა რუსეთის აგენტებთან. როცა რუსული წითელი არმია შემოიჭრებოდა, ამას "მშრომელთა აჯანყება" უნდა მოჰყოლოდა. ყოველივე კი მენშევიკების დამხობითა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით უნდა დასრულებულიყო.

ასეთი იყო რუსული სქემა, რომელსაც განხორციელება არ ეწერა. ბერია შეიპყრეს. წითელი არმია მართლაც შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ ამას არავითარი აჯანყება არ მოჰყოლია. აგრესიაც მოგერიებულ იქნა. დაპატიმრებულმა ბერიამ მოახერხა გამომძიებლების დარწმუნება, უბრალო წითელი ჯაშუში ვარო. ამიტომ, როცა საქართველოსა და რსფრ–ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა და რუსეთის ელჩმა კიროვმა დაპატიმრებული კომუნისტების გათავისუფლება მოითხოვა, ამ სიაში ლავრენტიც მოხვდა. გათავისუფლებულ ქართველ ბოლშევიკებს რუსეთში ან საბჭოთა აზერბაიჯანში ასახლებდნენ. ბერიამ მოახერხა და საქართველოში დარჩა. მალე, ლაკერბაიას გვარით, მან მუშაობა რუსეთის საელჩოშო დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ ის აზერბაიჯანში გააგზავნეს. ლავრენტის არც ამჯერად გაუმართლა. ის საქართველოს ხელისუფალთა ხელთ აღმოჩნდა. ამჯერად ქუთაისის ციხეში მოათავსეს. მენშევიკები სიფრთხილეს იჩენდნენ, რადგან ლაკერბაია რუსეთის საელჩოს თანამშრომელი იყო. თავის მხრივ, კიროვი მის გამოსახსნელად ყველაფერს აკეთებდა.

ლაკერბაიას ჭეშმარიტი ვინაობის დადგენა მენშევიკებმა ვერ შეძლეს. ვერც იმის დადგენა მოხერხდა, რომ ცოტა ხნის წინ ეს კაცი უკვე დაკავებული ჰყავდათ. ნოე ჟორდანია დარწმუნებული იყო, რომ 7 მაისის ცნობილი ხელშეკრულება საქართველოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა. მას რუსეთთან ურთიერთობის გართულება არ სურდა, ამიტომ მალე კიროვის პროტექციამ შედეგი გამოიღო და ლაკერბაია გაათავისუფლეს. ციხიდან გამოსული ლავრენტიც უმალ აზერბაიჯანში გაემგზავრა.

ბერიას სამუდამოდ დაამახსოვრდა მხიარული, მუდამ ოპტიმისტურად განწყობილი საშა გეგეჭკორი. საშა უკვე სტაჟიანი რევოლუციონერი იყო, მაგრამ ახალგაზრდა ლაკერბაიასთან თავი უბრალოდ ეჭირა. არ ყოყლოჩინობდა, არ აგრძნობინებდა, რომ ბოლშევიკურ წრეებში მასზე ბევრად მაღალი მდგომარეობა ეკავა, ტოლივით ეპყრობოდა, ძმაკაცურად მხარზე ხელს უტყაპუნებდა და ეოხუნჯებოდა.

– წიე, რას ჩამოგიშვია ცხვირი? სახეზე ზეთი რატომ ჩამოგდის? შეყვარებული მოგენატრა?

უკვე გასაბჭოების შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. საშა ქართველი ბოლშევიკების ერთ–ერთი ლიდერი იყო, ლავრენტი – ახალგაზრდა, პერსპექტიული ჩეკისტი. ბერიამაც მას თქვენობით მიმართა. საშა შეიშმუშნა:

– მოდი, შევთანხმდეთ: ეს ამხანაგო და თქვენ სხვისთვის შეინახე, შენთვის ძველებურად საშა ვარ! გეიგე, წიე?!

საშა ცნობილი მექალთმანე და ყომარბაზი გახლდათ. ეს არ უშლიდა ხელს, ქართველი ბოლშევიკების ერთ–ერთი ლიდერი ყოფილიყო. თუკი ცოლ–ქმარი ორახელაშვილები აშკარად გამოხატავდნენ ლავრენტისადმი ზიზღს, საშა მას ყოველნაირად იცავდა და ეხმარებოდა. ამიტომ, როდესაც საშამ შეუთვალა, საღამოს ჩემთან გამოდიო, უმალ გეგეჭკორების ბინისკენ გაემართა. კარი ახალგაზრდა გოგონამ გაუღო.

– გამარჯობათ, ბატონი საშა შინაა? – ბერიას სახეზე მორცხვი ღიმილი აუთამაშდა.

– დიახ, დიახ, მობრძანდით, – გოგონა იღიმებოდა, – თქვენ ლავრენტი ბრძანდებით, არა?

– დიახ, საიდან მიცნობთ?

– ბიძაჩემთან ერთად ქუთაისის ციხეში იჯექით, – გოგონა იცინოდა, – მე და ვერა ხშირად მოვდიოდით მის სანახავად.

– წიეს გაუმარჯოს! წიეს! – გაისმა საშას ხმა, – შემო, კაცო, რას დაყუდებულხარ? ნინო ვერ იცანი?

ბერიამ ყურადღებით შეათვალიერა გოგონა. წაბლისფერი თმა, შავი თვალ–წარბი, ტანადი, სახის სწორი ნაკვთებით. "მართლაც როგორ გაზრდილა, – გაიფიქრა ლავრენტიმ, – გაზრდილა და დამშვენებულა".

– ვერ ვიცანი, – გულახდილად აღიარა ლავრენტიმ.

– მისი სახელიც დაგავიწყდა, არა?

– არც ეგრეა საქმე, – გაიღიმა ბერიამ, – სახელად ნინო ჰქვია, ასეა ხომ?

– ასეა! – სიცილით დაუდასტურა გოგონამ.

– თქვენ გაზრდილხართ, ნინო, გაზრდილხართ და დამშვენებულხართ, – გულწრფელად თქვა ბერიამ.

გოგონამ გაიცინა და წამოწითლდა. საშა იცინოდა:

– დრო ძალიან სწრაფად გარბის, უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებ, – საშამ ხელები გაასავსავა, – ნინიკო, – მიუბრუნდა გოგონას, – მე და ლავრენტის პატარა საქმე გვაქვს, რაიმეს ხომ არ მოგვიმზადებ?

– სიამოვნებით, ძია საშა.

– გთხოვთ, ნუ შეწუხდებით, – ახლა ლავრენტის დამორცხვების ჯერი დადგა, – ერთი წუთით შემოვირბინე, იქნებ არ ღირდეს.

ნინომ პასუხად გაიცინა და სირბილით გავარდა სამზარეულოში. საშამ ღიმილით გააყოლა თვალი.

– საწყალი ობოლი ბავშვი, ჩემ მეტი ახლობელი არავინ ჰყავს, – გეგეჭკორმა ამოიოხრა, – კმარა, ჩემს კაბინეტში შევიდეთ, შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს.

ამ სიტყვებით საშა სწრაფი ნაბიჯით შევიდა კაბინეტში. ლავრენტი უხმოდ მიჰყვა. საშა სავარძელში მოკალათდა და ბერიას მოპირდაპირე სავარძლისკენ მიუთითა. ლავრენტი უხმოდ დაჯდა.

– მითხარი, ენაზე კბილის დაჭერა არ გასწავლეს? – დაიწყო გეგეჭკორმა, – ყოფილი იატაკქვეშელი, აზერჩეკას უფროსის მოადგილე, ბავშვივით ლაყბობ?! არა, ნამდვილად გამაგიჟებ!

– რაშია საქმე? – ბერია გრძნობდა, როგორ ძალუმად აუჩქროლდა გული.

– კიდევაც რომ მეკითხება! ვიღაც ლატვიელთან გულახდილობანას თამაშობს! კონტრრევოლუციურ კითხვებს სვამს! შენ რა, გააფრინე?

"აი, თურმე რა! – გაიფიქრა ლავრენტიმ, – ჩემი და იანკას საუბრის შესახებ შეიტყვეს. საინტერესოა, ვისგან? ახლობლად თითქოს არავინ იყო."

– ის, ლატვიელი, ჩემი მეგობარია, – ლავრენტიმ თავისი ჩახრინწული ხმა ძლივს იცნო, – აქამდე ერთმანეთისგან დამალული არაფერი გქვონდა. კონტრრევოლუციური არაფერი მითქვამს, უბრალოდ, გულისნადები გავუზიარე.

– გიგიჟდი? – საშამ ტაში შემოჰკრა, – ჩეკისტს, თანაც ლატვიელს, გულისნადები გაუზიარე? გაგიფრენია და ეგაა!

– მაშ ეს კრუმინშმა დამაბეზღა?

– მათ ენაზე ამას ხელმძღვანელობის ინფორმირება ჰქვია, პატაკი დაწერა, ლავრენტი ბერია ამასა და ამას მეუბნებოდაო.

– ნაძირალა!

– ეგრე ცალსახად ნუ განსჯი. უბრალოდ, ჩეკისტია და წესიერებაზე საკუთარი შეხედულებები აქვს. მის წარმოდგენაში ადამიანები ცუდებად და ძალიან ცუდებად იყოფიან. შენი გულახდილობაც პროვოკაციად ჩათვალა.

ლავრენტის სურდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვა ყელში გაეჩხირა.

– მე ბოლშევიკი ვარ, აქაური მეშჩანების აზრით, სამშობლოს მოღალატე, – თითქოს შორიდან მოესმა საშას ხმა, – დაე, რაც უნდათ, ის იფიქრონ, ისტორია განსჯის, რომ მართალი ვარ, – საშამ პაუზა გააკეთა, – მაგრამ ჩემსა და კრუმინშს შორის უდიდესი განსხვავებაა. მე პოლიტიკას ვაკეთებ, ის კი – შავ საქმეს. ჩემთვის ცნებები მეგობარი, ნათესავი, ახლობელი წმინდაა, კრუმინშისა და მისთანებისთვის კი ცარიელი სიტყვებია. შავმა საქმემ შავი მენტალიტეტი ჩამოუყალიბა. დაძმაკაცებას პროვოკაციად აღიქვამენ, აქაოდა, განგებ მიძვრება, რათა რაღაც–რაღაცეები დამცინცლოსო.

ლავრენტის სურდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ნინო შემოვიდა. ხელში ლანგარი ეჭირა, რომელზეც ღვინო, ჭიქები და ხაჭაპურით სავსე თეფშები ეწყო.

– გმადლობთ, გმადლობთ, – ლავრენტი ფეხზე წამოდგა და ნინოს თავი დაუკრა.

გოგონამ ყველაფერი პატარა მაგიდაზე დაალაგა და სწრაფად გავიდა. გეგეჭკორი და ლავრენტი კი მაგიდას მიუსხდნენ.

– ასე რომ, დაიხსომე, – საშამ ღვინო დაისხა, – კრუმინში და მისნაირები დისტანციაზე უნდა გყავდეს. მათ შენში ძალა უნდა იგრძნონ, გესმის? შენ კი რას აკეთებ? დაკითხვებზე ლამის ისტერიკა გემართება, განა ასე შეიძლება?

– რა ვქნა, არ შემიძლია, – აღმოხდა ლავრენტის, – გამიგე, არ შემიძლია.

– რა არ შეგიძლია?

– ადამიანის წამების ხილვა! სხვა რამეზე ხომ უარს არ ვამბობ, ღმერთო ჩემო...

– წამებას არავინ გაიძულებს, ამას სხვები გააკეთებენ, თანამდებობით ეს არც მოგეთხოვება, მაგრამ ბრიყვულ შეკითხვებს თავი უნდა დაანებო!

– შევეცდები.

– წამებას კი მშვიდად უნდა უყურო, შენი ჭეშმარიტი ემოციები ვერავინ უნდა შენიშნოს, მით უმეტეს, ახლა.

ლავრენტიმ ცხვირსახოცი ამოიღო და სიმწრის ოფლი მოიწმინდა.

– რაო, მოხდა რაიმე?

– მოხდა, ლავრენტი, მოხდა. შენით სტალინია დაინტერესებული. აკი ბანკეტზე გამოაცხადე, საქართველოს გადავხნავო. გამაგებინე, რა ბზიკმა გიკბინა?

ბერიამ თავი ჩაქინდრა და იატაკს ჩააშტერდა.

– ახლა საიდუმლო–ოპერატიული განყოფილების უფროსად და გპუ–ს თავმჯდომარის მოადგილედ ხარ დანიშნული. სტალინს აინტერესებს, რისი გამკეთებელი ხარ.

– მე?

– ეს ერთი საათის წინ გადაწყდა. ხვალ ამას ოფიციალურად გაცნობებენ.

ბერიამ სახეზე ხელი გადაისვა.

– და ყველაფერი ბანკეტზე ნათქვამმა სიტყვამ განაპირობა?

– არა. შენ კარგად იმუშავე ბაქოში, მენშევიკურ ციხეშიც ღირსეულად მოიქეცი, არავინ გაეცი. აზერჩეკას უფროსის მოადგილის პოსტზე ფანტასტიკურ შედეგებს მიაღწიე, აქ, საქართველოშიც, რამდენიმე სერიოზული ოპერაცია წარმატებით ჩაატარე. ასე რომ...

საშამ არ დაამთავრა, ბერია სათქმელს ისედაც მიუხვდა. ლავრენტი ერთ–ერთი მათგანია, ვისაც საქართველოს გადახვნა მიანდეს, მეტიც, ამ საქმეში მას ერთ–ერთი მთავარი როლი ენიჭება. ლავრენტი აცახცახდა, ტანზე ოფლმა დაასხა.

– საშა, – ყრუდ თქვა ბერიამ, – არ შეგიძლია, ჩეკადან სადმე სხვაგან გადასვლა მომიხერხო?

– ეს ძნელია, ლავრენტი, ძალიან ძნელი. ვინც ერთხელ გახდება ჩეკისტი, სიცოცხლის ბოლომდე ჩეკისტად უნდა დარჩეს.

– საშა, გევედრები, – ბერიას თვალები ცრემლებით აევსო, – გევედრები, დამეხმარე. რატომ მე უნდა ვაკეთო ეს ყველაფერი? ჩეკისტობა ჩემი მოწოდება როდია, პირიქით, ყველაფერი ეს ჯოჯოხეთია, გამიგე, საშა!

გეგეჭკორი დაუფარავი გაოცებით მიაჩერდა, ბერია კი განაგრძობდა:

– გასაბჭოების შემდეგ ბაქოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დავიწყე სწავლა. პარალელურად აზერჩეკაში ვმუშაობდი, საშინლად დაკავებული ვიყავი, მაგრამ მაინც ბეჯითად ვმეცადინეობდი. ჩემზე კარგი სტუდენტი კურსზე არ იყო, გევედრები, დამეხმარე.

– მაინც რით დაგეხმარო?

– რევოლუციას ხომ მხოლოდ ჩეკისტები არა სჭირდება. განათლებული სპეციალისტები არანაკლებ საჭირონი არიან. ბოლშევიკი–სპეცები ხომ თითებზე ჩამოსათვლელნი გვყავს!

– კაცურად მითხარი, რა გინდა?

– მსურს, მენავთობე–ინჟინერი გამოვიდე. მინდა, სასწავლებლად საზღვარგარეთ გამაგზავნონ, მაგალითად, ბელგიაში. იქ შეძენილ ცოდნას ხომ რევოლუციას მოვახმარ, დამეხმარე, ძმაო!

– ვეცდები.

– შენ მართალი ხარ, ჩეკადან წასვლა ძნელია, ძალიან ძნელი, ვინც ერთხელ გაება ამ თამაშებში, სიკვდილამდე ვეღარ გამოძვრება, მაგრამ ხომ არსებობს გამონაკლისიც? გემუდარები, დამეხმარე, დამეხმარე!

უკანასკნელი სიტყვები ბერიამ ჩურჩულით წარმოთქვა. საშას უნებლიეთ ტანში გასცრა. ლავრენტის ხმაში რაღაც საოცარი განწირულობა იგრძნობოდა.

– კეთილი, – საშას სახე სერიოზული ჰქონდა, – დაპირებით ვერაფერს დაგპირდები, მაგრამ ვეცდები, გულით ვეცდები, რაიმე გავახერხო.

– გმადლობთ, გმადლობთ, – ლავრენტი უკვე ცრემლებს ვეღარ იკავებდა.

– მადლობას ნაადრევად მიხდი, ჯერ არაფერი გამიკეთებია, დაპირებითაც არაფერს დაგპირებივარ.

– შენ ძალ–ღონეს არ დაიშურებ და დამეხმარები, მადლობაც ამიტომ გითხარი.

გეგეჭკორმა გაიცინა, შემდეგ ბოთლს დასწვდა და ლავრენტის ღვინო დაუსხა:

– გასინჯე, ნამდვილი ქართული ღვინოა! აბა, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ოჯახში, გაგიმარჯოს, ლავრენტი!

6

ჩიქოვანის დაკითხვაზე ბერიამ ჯერჯერობით უარი განაცხადა. რა საჭიროა აჩქარება, მთავარია, ჩიქოვანი გატყდა და თანამშრომლობაზე დათანხმდა. საუბარს მერეც მოვასწრებთ, მანამდე ჩიქოვანმა საქმით უნდა დაამტკიცოს, თუ რა შეუძლია.

– მარტო ზის? – შეეკითხა კრუმინშს ბერია.

– არა, საკანში სხვებიც არიან.

– კონტრრევოლუციონერები?

– ჰო.

– დაე, დაუმეგობრდეს, ესაუბროს და დაწვრილებითი პატაკები ჩაგაბაროთ. პირადად ადევნეთ თვალ–ყური, შემდეგ წერილობითი ანგარიში წარმომიდგინეთ, – ბერიამ პაუზა გააკეთა, – დავალება გასაგებია?

– დიახ.

– შეგიძლიათ წახვიდეთ.

კრუმინში გავიდა, ლავრენტი კი ფიქრს მიეცა. საცაა, ჩიქოვანის საცოლე თამთა შემოვა. როგორც ყოველთვის, ცრემლმორეული შეეხვეწება დახმარებას. თამთა თავადის ქალია. მამამისი მეფის არმიის პოლკოვნიკი იყო. ბევრი ქართველი ოფიცრის მსგავსად, თავისი სამსახური დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას შესთავაზა. რატომ? ნუთუ ვერ ხედავდა, რომ მენშევიკები არ ენდობოდნენ. ოჰ, ეს ინტელიგენცია! ზეცაში დაფრინავენ, პრაგმატული აზროვნების ნატამალი არ გააჩნიათ. მათი ტრაგედიაც აქედანაა.

ლავრენტიმ ვერც შენიშნა, როგორ გაიღო კარი. მდივანმა თამთას მოსვლის შესახებ მოახსენა. "შემოვიდეს", – მაშინალურად მიუგო ბერიამ. თავი მხოლოდ მაშინ ასწია, როდესაც თამთა ზღურბლზე გამოჩნდა.

– მობრძანდით!

ლავრენტი უნებლიეთ ფეხზე წამოდგა. თამთა ძალიან ლამაზი იყო. მაღალი, ტანწერწეტა, შავი თმები და შავი წარბები მომხიბვლელ იერს აძლევდნენ. მთელს მის ფიგურაში იყო რაღაც ამაყი, ის, რაც ლავრენტის აიძულებდა, უნებლიეთ ფეხზე წამომდგარიყო:

– თამთა, ღმერთო ჩემო! დაბრძანდით, გთხოვთ!

ლავრენტი ჯარასავით დატრიალდა, თითქოს თამთა მასთან სტუმრად ყოფილიყოს მოსული და ისიც მოვალე იყო, არისტოკრატი ქალისთვის ესიამოვნებინა. თამთა გაუნძრევლად იდგა, სახეზე ზაფრანის ფერი ედო, შემდეგ წაიჩურჩულა:

– მამა დაიჭირეს.

– რაო?

– მოვიდნენ და წაიყვანეს, მასთან ერთად, ჩემი პატარა ძმაც წაიყვანეს.

– რატომ?

– აბა რა ვიცი, მამა არაფერშია დამნაშავე, ძმა კი სულ 14 წლისაა.

– დაბრძანდით, თამთა, – ბერიამ ქალს სკამზე მიუთითა, – წყალს ხომ არ მიირთმევთ?

თამთა უღონოდ დაეშვა სკამზე. ლავრენტიმ გრაფინიდან წყალი დაუსხა.

– დალიეთ, მოგიხდებათ.

– რა უბედურებაა, უბედურება! ჯერ საქმრო დაიჭირეს, ახლა მამა და ძმა. ღმერთო ჩემო! – ქალმა სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა.

– დამშვიდდით, თამთა, დამიჯერეთ, თქვენ გამო გული მტკივა. ძლიერ მსურს დაგეხმაროთ, მაგრამ...

– დამეხმაროთ? თქვენ?

– დიახ.

– ჩეკისტს სურს, რომ მე, მეფის არმიის პოლკოვნიკის ქალიშვილს, დამეხმაროს?!

– არ გჯერათ? ქართველთა ტრაგედიაც ამაშია. ერთმანეთს ვექიშპებით, ერთმანეთისა არ გვჯერა.

– რატომ მიგდებთ მასხარად? – ქალს თვალები ცრემლებით აევსო, – დღეს ძალა თქვენს მხარესაა, შეგიძლიათ ყველაფერი მაკადროთ, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც.

– მე რომ არა, გიორგი კარგა ხნის დახვრეტილი იქნებოდა.

– რაო?

– დიახ, დიახ, დახვრეტილი, – ბერიამ უკანასკნელ სიტყვას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, – კლასთა ბრძოლა, ჩემო თამთა, დაუნდობელია. გიორგი კი ექსპლუატატორთა და მჩაგვრელთა მხარეს დგას. ეროვნულ–დემოკრატებს შეეკრა, იარაღის საწყობი მოაწყო, მისი ძმა კი ჩოლოყაშვილის ბანდის წევრია.

– ძმა კი არა, ბიძაშვილი.

– ქართველებში ხომ ეს ერთი დედ–მამის შვილობას ნიშნავს!

– თქვენ ქართველი ხართ?

– ჩემი გვარია ბერია, მე მეგრელი, ანუ პირველი ხარისხის ქართველი ვარ, – ლავრენტიმ გაიღიმა.

– მაშ რომელ კლასთა ბრძოლაზე მელაპარაკებით?! რუსეთი ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა და მისი ოკუპაცია მოახდინა. ქართველი ხალხი, მიუხედავად იმისა, გლეხი იქნება თუ თავადი, დამპყრობელს ებრძვის.

– ჩვენ, ქართველი ბოლშევიკები, ვიღა ვართ?

– მოღალატენი ყველა ერსა ჰყავს.

– მაშ ჩვენ მოღალატენი ვართ, – ბერიამ ნაღვლიანად გააქნია თავი, – ასეე...

– დიახ, დიახ, – თამთას თვალები რისხვით აენთო, – შეგიძლიათ დამხვრიტოთ, ჩამომახრჩოთ, მაწამოთ! ჩეკისტისგან სხვას აბა რას უნდა მოელოდე!

– თქვენს ჩამოხრჩობას არავინ აპირებს. იცით, რა ვქნათ? ვილაპარაკოთ ისე, როგორც სერიოზულ ადამიანებს სჩვევიათ, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე. მე ჩემს არგუმენტებს წარმოგიდგენთ, თუკი მათ გაბათილებას შეძლებთ, სიამოვნებით გადმოვალ თქვენს მხარეს, შევთანხმდით?

ქალმა გაოცებული მზერა მიაპყრო. ეტყობოდა, რომ ამას არაფრით მოელოდა.

– დავიწყოთ თავიდან. თქვენს თეზისს, რომ რუსეთმა საქართველო დაიპყრო, ვეთანხმები.

– რაო?

– დიახ, თქვენ სწორად ბრძანეთ. 1921 წლის თებერვალში რუსეთმა საქართველო დაიპყრო.

თამთას გაოცებისაგან თვალები შუბლზე აუცვივდა. "რაღაცას მიპირებს, მაგრამ რას? სურს მალაპარაკოს, შემდეგ კი ციხეში გამისტუმროს? ალბათ ასეა. თუმცა ახლა დასაკარგი აღარაფერი დამრჩა. რაც უნდა, ის მიქნას. თუკი დამაპატიმრა, პირში მივახლი, რომ არაკაცი და ნაძირალაა, შემდეგ სახეში შევაფურთხებ."

– მაგრამ მოდით დავაზუსტოთ. საქართველო საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო, ის ძირეულად განსხვავდება იმ რუსეთისგან, რაც 1801 წელს იყო.

– ვერაფერი გავიგე.

– 1801 წელს საქართველოში მეფის რუსეთი შემოვიდა. მას საქართველო მხოლოდ კოლონიად სჭირდებოდა. 1921 წელს კი საქმე წითელ რუსეთთან გვქონდა, ანუ იმ რუსეთთან, რომელსაც სოციალიზმის აშენება სურს.

– ეგ მხოლოდ სიტყვების რახარუხია.

– სოციალიზმი ექსპლუატაციისაგან თავისუფალი საზოგადოებაა, – ბერიამ თამთას რეპლიკას ყურადღება არ მიაქცია, – სადაც არც სოცილური ჩაგვრა იქნება, არც ეროვნული. ალბათ დამეთანხმებით, რომ 1801 წელს რუსეთმა ყოველივე ქართულის მოსპობა დაიწყო. ჩვენ პირიქით, ყოველივე ქართული გავაღვივეთ.

– აბა, რაებს ლაპარაკობთ?

– დამამტკიცებელი ფაქტები გინდათ? კი, ბატონო! ქართული უნივერსიტეტი შოვინიზმის მთავარი ბუდეა, მაგრამ ის არ დახურეს. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, კვლავაც სამთავრობო დონეზე ვზეიმობთ. მეფის რუსეთმა ქართული ეკლესია მოსპო და რუსი ეგზარხოსი დასვა. ჩვენ ეკლესია არ მოგვისპია, თუმცა ის ჩვენ წინააღმდეგ აქტიურ აგიტაციას აწარმოებს. განვაგრძო? ქართული ჯარი იყო და არის. ქართული თეატრი ძლიერდება და ევროპულ დონეს მიაღწია. მასში ისეთი ტიტანი მოღვაწეობს, როგორიც მარჯანიშვილია. ალბათ ნახეთ მისი "ფუენტე ოვეხუნა."

– "ცხვრის წყარო" ლოპე დე ვეგას პიესის მიხედვით დაიდგა.

– ჰო, ასე წერია აფიშაზე. სინამდვილეში ეს კოტე მაყაშვილის პიესაა, რომელმაც ლოპე დე ვეგას ნაწარმოები თარგმნა, ანუ გადააკეთა. შეცვლილია მთელი სიუჟეტი, რამაც პიესის დედაარსი შეცვალა.

– მარჯანიშვილმა ხომ "ცხვრის წყარო" კიევშიც დადგა.

– მისი კიევური დადგმა მთლიანად მასების სოციალური პროტესტის ჰიმნი იყო. თბილისური დადგმა კი ე.წ. "ქართული ეროვნული მოძრაობის" ჰიმნია. რად ღირს თუნდაც ის, რომ კომანდორს ორჯონიკიძის ულვაშები აქვს, მეფე ფერდინანდი ლენინს მოგვაგონებს, დედოფალი იზაბელა კი – კრუპსკაიას.

– როგორც ვხედავ, მარჯანიშვილის დაპატიმრებასაც აპირებთ.

– არავითარ შემთხვევაში! მან დიადი საქმე დაიწყო და მას ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ.

– თქვენ შეუწყობთ ხელს?

– ჩვენ, საბჭოთა ხელისუფლება. რატომ მიყურებთ ასეთი გაოცებით? ვერაფერს ხვდებით?

– გამოგიტყდებით, ვერა, – თამთა გაოცებას ვერ მალავდა.

– ჩვენ ქართული ეროვნული სულის მოსპობა არ გვინდა. პირიქით, ქართული კულტურის აყვავებისთვის ვზრუნავთ და ვიზრუნებთ. აკი სოციალიზმიც ამას ნიშნავს: არავითარი ეროვნული და სოციალური ჩაგვრა.

– კი, მაგრამ ქართველთა უმრავლესობა თქვენი წინააღმდეგია.

– სამწუხაროდ ასეა.

– მაშ აღიარებთ, რომ ასეა?

– ღმერთო ჩემო, ამას რა აღიარება უნდა! ქართველთა უმრავლესობა გვებრძვის. ეს კი ძალიან საშიშია.

– საშიში? ვისთვის?

– საფრანგეთის დიდი რევოლუცია, ჩემო თამთა, პროგრესული მოვლენა იყო. მან ფეოდალური წყობა უფრო პროგრესული ბურჟუაზიული წყობილებით შეცვალა. ვანდეის მოსახლეობამ ეს ვერ გაიგო და რევოლუციის წინააღმდეგ იარაღით ხელში აღსდგა. ახლაც მსგავსი სურათია. რუსეთში სოციალისტური რევოლუცია მოხდა, რამაც კაპიტალისტური წყობა უფრო პროგრესულით შეცვალა. მოვა დრო და ევროპელებიც ჩვენი გზით წავლენ. ქართველთა უმრავლესობას კი ეს არ ესმის.

– ანუ, გინდათ მითხრათ, რომ...

– იცით, რა თქვა თავის დროზე რობესპიერმა? რევოლუცია რომ გადარჩეს, ვანდეა უნდა მოვკლათო. იაკობინელებმაც იქ სისხლის ტბა დააყენეს. ახლაც არიან ამხანაგები, რომლებიც ამბობენ: საქართველო კავკასიის ცენტრია, თუკი მას დავკარგავთ, მთელს კავკასიას დავკარგავთ, ეს კი იმას ნიშნავს რომ უახლოეს პერსპექტივაში რუსეთშიც საბჭოთა ხელისუფლება დაემხობაო. ამიტომ, თუკი რევოლუციის გადარჩენა გვინდა, საქართველო უნდა მოვკლათო.

ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

– მე კი ეს არ მინდა, თამთა! არ მინდა, რომ საქართველო მოკლან! მეც ხომ ქართველი ვარ!

– როგორ თუ მოგვკლან? ევროპა ამას არ დაუშვებს. აკი საფრანგეთმა გვცნო!

– ეჰ, ჩემო თამთა! კაცი იხრჩობოდა და მეორე ეუბნებოდა, გიცანი ბიძია, გიცანიო! ცნობის მაგივრად აჯობებდა ერთი–ორი კრეისერი გამოეგზავნათ. მათ ეს არ გააკეთეს, რატომ? ევროპა ოთხწლიანი მსოფლიო ომით გადაიქანცა, დასავლეთმა ჩვენზე უარი განაცხადა, ამიტომაც ერთა ლიგაში არ მიგვიღეს.

– მაშ ასეა, – თამთას თვალები ცრემლით აევსო.

– ჰო, ჩემო თამთა! საქართველო, როგორც ყოველთვის, მიატოვეს. მათ თავიანთი პრობლემები აქვთ, ჩვენთვის არ სცხელათ. საფრანგეთი შორსაა, ინგლისი კიდევ უფრო, ამერიკა საერთოდ სხვა კონტინენტზეა. რუსეთი კი აქვეა, გინდა არ გინდა, ის შენი მეზობელია.

– მართალია.

თამთამ ამოიოხრა.

– ან თეთრი დროშა აღიმართებოდა თბილისზე, ან წითელი, – ყრუდ თქვა ბერიამ, – მე წითელს ვამჯობინებ. თუ რატომ, ეს დაწვრილებით აგიხსენი. თუკი რაიმე კონტრარგუმენტი გაქვს, სიამოვნებით მოვისმენ, – ლავრენტის ხმა წყნარად ჟღერდა, თვალები კი ნაღვლით ჰქონდა სავსე.

– არ ვიცი, – თამთას ხმა აუკანკალდა, გეგონებოდათ, საცაა აქვითინდებაო.

– შენ ახლა შენი მამის, ძმისა და საქმროს ბედი უფრო გაინტერესებს, – ლავრენტი შეიშმუშნა, – გასაგებია. ვეცდები დაგეხმარო, მაგრამ შენც უნდა ხელი შემიწყო.

– მე? ღმერთო ჩემო, თუკი რაიმე შემიძლია.

– თქვენი ოჯახი ძველი ქართული ოჯახია, თქვენა ხართ ის, ვინც ერის სულიერება უნდა შემოინახოს. იცი, რა განსხვავებაა ერსა და ხალხს შორის?

– არა.

– ერი ისაა, ვინც სულიერ და ნივთიერ ღირებულებებს ქმნის, ხალხი კი ის, ვინც ამას მოიხმარს.

– ეს მარქსის განმარტებაა?

– ეს ჩემეული განმარტებაა. ახლა ხომ ხვდები, რატომ მინდა დაგეხმარო?

თამთა სდუმდა.

– კარგი, მომიყევი, რატომ დაიჭირეს შენი ძმა და მამა.

– პალიკომ, ჩემმა ძმამ, რაღაც ფურცლები მოიტანა. მამამ უთხრა, გადააგდეო, მაგრამ არ დაუჯერა. ჰოდა, ჩეკისტებმაც იპოვეს ეს ფურცლები, ეტყობა, ვიღაცამ დაგვაბეზღა.

– ვინ?

– აბა, რა ვიცი. ჩვენს დროში კედლებსაც კი ყურები აქვთ.

– იარაღი ხომ არ უპოვიათ?

– არა.

– ძნელი საქმეა, მაგრამ ვეცდები, დაგეხმარო. მითხარი, გჯერა ჩემი?

ქალი სდუმდა.

– თამთა, გჯერა ჩემი?

ქალმა თავი ასწია და ჩეკისტს თვალებში შეხედა. ლავრენტიმ მის მზერას თვალი გაუსწორა.

– მჯერა, – წაიჩურჩულა თამთამ.

– მაშ რიგიანად მოვილაპარაკოთ. აქ არა. ეს ის ადგილი არაა, სადაც მეგობრული საუბრები შეიძლება. მოდი, სხვაგან შევხვდეთ, კარგი?

7

დაკითხვისთვის ბერია გულმოდგინედ მოემზადა. რამდენიმე ჭიქა არაყიც გადაჰკრა. ახლა უკვე მშვიდად შესცქეროდა პატიმრის წამებას, ჯალათს აქეზებდა კიდეც:

– აბა მიდი, მაგრად მიარტყი! ეგა ხარ სულ? აი ასე! კარგია.

პატიმარი კერკეტი კაკალი გამოდგა. გასისხლიანებული იატაკზე ეგდო, კვნესოდა, მაგრამ ჩეკისტებისთვის აუცილებელ ჩვენებას არ იძლეოდა. კრუმინშს სახიდან სიმწრის ოფლი ჩამოსდიოდა. მუშაობაში ახლა მას თათარი აბდულა და სომეხი ვართანაც ეხმარებოდნენ. ყველა არაქათგამოცლილი იყო, ყველას ოფლი წურწურით სდიოდა.

– მოემზადეთ!

ექიმმა იატაკზე გაშხლართული პატიმარი კიდევ ერთხელ გულდასმით გასინჯა, შემდეგ ლავრენტისთან მივიდა და ჩასჩურჩულა:

– ვერ გაუძლებს, მოკვდება.

– მორფი გაუკეთეთ, რომ კიდევ ერთ დაკითხვას გაუძლოს.

– ვერ გაუძლებს.

ბერია ერთხანს ჩაფიქრებული იყო, შემდეგ ნელი ნაბიჯით კარისკენ გაემართა. ზღურბლთან შეჩერდა.

– შეგიძლიათ, შინ წახვიდეთ და დაიძინოთ, – უთხრა მან აბდულას და ვართანას, – თქვენ კი, კრუმინშ, ჩემს კაბინეტში გიცდით.

საშა გეგეჭკორთან საუბრის შემდეგ ლავრენტი ლატვიელს ოფიციალურად ეპყრობოდა, დაკითხვებისას თავის ემოციებს აღარ ამჟღავნებდა, თუმცა საამისოდ არყით იმხნევებდა თავს. ლავრენტი გრძნობდა, როგორი გაოცებით და შიშით უმზერდა ახლა კრუმინში. ძალიან კარგი. ისეთებს, როგორიც კრუმინშია, უფროსის უნდა ეშინოდეთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებიან მისდამი ლოიალურნი.

– დაბრძანდით, იანის, – ბერიამ ლატვიელს სკამზე მიუთითა, – ექიმმა მითხრა, კლიენტი მეტ დაკითხვას ვეღარ გაუძლებსო. მე კი ეს ვაჟბატონი ცოცხალი მჭირდება.

– ხვალ შეგვიძლია დაკითხვა განვაახლოთ?

– რა თქმა უნდა, – ლავრენტიმ გაიღიმა, – მაგრამ იქნებ მის ასაჭიკჭიკებლად უფრო მარტივი საშუალებაც არსებობს? შესაძლოა, დროში ცოტათი გაწელილი, მაგრამ არა უშავს.

– მაპატიეთ, ვერ მიგიხვდით.

– ჩვენი საერთო ნაცნობი გიორგი ჩიქოვანი როგორაა? – მოულოდნელად შეეკითხა ბერია.

– არა უშავს. ჩემი ყველა დავალება წუნდაუდებლად შეასრულა.

– მაშ მოდით, უფრო რთული დავალება მივცეთ, ამ სუბიექტთან ერთ საკანში მოვათავსოთ. ვნახოთ, რა გამოვა.

– რისკი დიდია, – კრუმინში ჩაფიქრდა, – ძალიან დიდი.

– გეთანხმებით, ამიტომ ყველაფერს პირადად ადევნეთ თვალი. ვნახოთ, ჩვენი გიორგი რისი მაქნისია. ეს დავალება მისთვის ბოლო გამოცდა იქნება, და თქვენთვისაც.

კრუმინშს სახე შეუტოკდა.

– მზადდება ახალი სერიოზული ოპერაცია, მასში, შესაძლოა, გიორგი ჩიქოვანი ჩავაბათ. თქვენ მას მეურვეობდით და წერილობითი პატაკები წარმომიდგინეთ მისი კარგი მუშაობის შესახებ, – ლავრენტიმ გაიღიმა, – ახლა საქმეში ვნახოთ, თქვენი გიორგი რისი მაქნისია.

8

კარი ამჯერადაც ნინომ გაუღო. ლავრენტიმ თავაზიანად გაიღიმა:

– შეიძლება?

– მობრძანდით.

– ბატონი საშა შინაა?

– არა, მაგრამ მალე მოვა. მობრძანდით, დაელოდეთ.

ლავრენტი ბინაში შევიდა. ნინო დიდ ოთახში შეუძღვა.

– მობრძანდით, ბატონო ლავრენტი, დაბრძანდით.

– ბატონები აღარ გვყავს, – გაიღიმა ლავრენტიმ და დაჯდა.

– ჰოო.

ნინოს თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, ცდილობდა, სტუმართან არაფერი შემჩნეოდა, მაგრამ ამაოდ.

– აკი თქვენც თქვით, ბატონი საშაო.

– ქართულში სიტყვა "ბატონო" თავაზიანობის გამომხატველია.

– ჰოდა მეც ამიტომ მოგმართეთ ასე.

– ხომ არ აჯობებდა, შენობით მოგემართათ? მე და საშა ხომ მეგობრები ვართ. იქნებ ჩვენც დავმეგობრდეთ.

– ვნახოთ.

– ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, ამიერიდან შენობით მომმართოთ. თქვენ, თუ გნებავთ, თქვენობით მოგმართავთ.

– კეთილი, მაგრამ ქალისა და მამაკაცის მეგობრობა...

– ჩემთვის შენ უმცროსი და ხარ, მეტი არაფერი, – ლავრენტი მარტივად და ბუნებრივად გადავიდა "შენობით" ლაპარაკზე.

– კარგი, ლავრენტი, – ნინო შეეცადა გაეღიმა.

– გაწუხებს რაიმე? – ბერიამ გოგონა თავით ფეხებამდე აათვალიერ–ჩაათვალიერა, – ვინმემ გაწყენინა?

– არა, არა.

– მაშ თვალები რატომ გაქვს ნამტირალევი? მოხდა რაიმე?

– ვერამ მცემა.

ვვრა საშა გეგეჭკორის მეუღლე გახლდათ.

– მასთან შეგუება ძნელია, – ამოიოხრა ნინომ, – ანჩხლია! ანჩხლი!

– რატომ გცემა?

– სტუდენტურ დემონსტრაციაში მონაწილეობა მივიღე. ბრანდსპოიტებით დაგვშალეს. შინ თავით ფეხებამდე გალუმპული მოვედი.

– დემონტრაციაში? რომელ დემონსტრაციაში?

– ჩვენ, ქართველი სტუდენტები, საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ გამოვდივართ.

– ჰოო....

– ვერამ დამინახა თუ არა, მკითხა, რაშია საქმეო. ყველაფერი ვუამბე, მან კი ქამარი აიღო და მირტყა, თან მიყვიროდა, აი, შე უმადურო, საშა გეგეჭკორის ოჯახში ცხოვრობ, ჩვენს პურს ხეთქავ და ჩვენ საწინააღმდეგო დემონსტრაციებში კი მონაწილეობო!

– შენც ფიქრობ, რომ საქართველო ოკუპირებულია?

– აბა რა! გა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სტალინი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online