asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ცალთვალა მოწმე ქალი
ცალთვალა მოწმე ქალი
ცალთვალა მოწმე ქალი

2011-05-19 15:49:12



ერლ სტენლი გარდნერი



ღამის ცა მოქუფრულიყო. ცრიდა.

ვანს–ავენიუსა და კრამერ–ბულვარის კუთხეში მდებარე სადღეღამისო აფთიაქი, სადაც წამლების გარდა ბარიც იყო, ჟურნალ–გაზეთების სტენდიც და სატელეფონო ჯიხურიც, იქვე მდებარე კინოთეატრის ბოლო სეანსის მაყურებლებს ელოდა, რომლებსაც აქ ძირითადად ბარი აინტერესებდათ.

სეანსის დამთავრებას აღარაფერი აკლდა, როცა აფთიაქში ქალი შევიდა და სატელეფონო ჯიხურს მიაშურა. მან თაროზე ხელჩანთიდან ამოღებული ქაღალდის ნაგლეჯი და რამდენიმე ხუთცენტიანი დადო, ერთი მონეტა ჭრილში ჩაუშვა და ნომერი აკრიფა. ქალი დაძაბული ჩანდა და ცალი თვალით ბართან შეჯგუფულ ახალგაზრდებს გასცქეროდა, თითქოს ვიღაცას ეძებსო.

– ალო, გისმენთ, – მოისმა ყურმილში მამაკაცის ხმა.

– თქვენთან, დარბაზში ადვოკატი პერი მეისონი ზის ახალგაზრდა ქალთან ერთად... მისტერ მეისონთან სასწრაფო საქმე მაქვს. თუ თქვენ არა, ტელეფონთან იქნებ მეტრდოტელმა პიერმა უხმოს?

– კარგით, ყურმილი არ დაკიდოთ.

ორ წუთსაც არ გაევლო, ქალს ადვოკატის ხმა რომ მოესმა:

– მეისონი გისმენთ.

– მისტერ მეისონ, ფანქარი გაქვთ?

– მაქვს.

– მაშინ მისამართს გიკარნახებთ და სასწრაფოდ ჩაიწერეთ!

– კი, მაგრამ...

– ეს ძალიან სასწრაფოა, გთხოვთ, ნუ აყოვნებთ!

– ვიწერ.

– მედფორდ დ. კარლინი, 6920, უესტ ლორენდო. ჩაიწერეთ?

– ჩავიწერე.

– ფული უკვე მიიღეთ?

– რომელი ფული?

– პაკეტით 570 დოლარი და გაზეთის ამონაჭერი გამოგიგზავნეთ.

– არ მესმის, ვინ ხართ და ჩემგან რას ითხოვთ.

– ჩემი ვინაობა არც დაგაინტერესებთ, რაც შეეხება თხოვნას, მისტერ კარლინს გადაეცით, რომ სხვა კომპანიონის პოვნა მოუწევს. მისტერ მეისონ, ეს სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია და დრო არ უნდა დაკარგოთ... ოი!..

ქალი გაჩუმდა და აფთიაქში შემოსულ ოცდაათიოდე წლის მამაკაცს შეშფოთებული მზერა მიაპყრო. ვიდრე კაბინას დატოვებდა, ყურმილი ხელიდან გაუვარდა, კედელს მიეხეთქა და შნურზე დაიწყო ქანაობა...

ქალი უკვე პრესის სტენდთან იდგა, თითქოს ჟურნალებს ათვალიერებსო, მერე კი გვერდზე შეტრიალდა:

– აჰ! შენ ხარ?

– გეძებდი, – თქვა მამაკაცმა.

– მე... შენ ყველაფერი დაამთავრე?

– ჰო. თან ნაკლებ დროში, ვიდრე ველოდი.

– იცი, აქ კბილის პასტის საყიდლად შემოვედი და სტენდთან შევყოვნდი.

– ჰოდა, იყიდე შენი პასტა და წავედით აქედან.

›š

მეისონმა მაგიდასთან მჯდარ თავის მდივან დელა სტრიტს უხმო და როცა მივიდა, უთხრა:

– იქნებ გამიგოთ, ამ ტელეფონზე ახლა საიდან დამირეკეს. ქალი იყო, შეშინებულს ჰგავდა.

– ახლავე, შეფ, – დელამ აპარატზე დაფიქსირებულ ნომერს დახედა და კომუტატორისკენ გაემართა.

როცა დაბრუნდა, მეისონი დახლთან იდგა და სატელეფონო წიგნს დასცქეროდა.

– შეფ, ვანს–ავენიუსა და კრამერ–ბულვარის გადაკვეთაზე რომ აფთიაქია, იქიდან დარეკეს. იმ ქალმა რა გითხრათ?

– ვინმე მ. დ. კარლინის სასწრაფოდ ნახვა მთხოვა. მისი მისამართია 6920, უესტ ლორენდო. დელა, იქნებ ამ წიგნში მომიძებნოთ?

– რა თქმა უნდა, – დელა სატელეფონო წიგნის ფურცვლას შეუდგა, ცოტა ხანში კი განაცხადა, – არის ასეთი. მისი ტელეფონია რივერვიუ 3–2322. დაურეკავთ?

– მოგვიანებით, ოღონდ ნომერი ჩაიწერეთ.

სტრიტი ასეც მოიქცა, მერე კი იკითხა:

– ქალი ძალიან აღელვებული იყო?

– უფრო მეტიც, პანიკაში.

– თქვენგან რა უნდოდა?

– კარლინს გადაეცით, სხვა კომპანიონი მოძებნოსო. თან დაამატა, პაკეტით ფული გამოგიგზავნეთ და მალე მიიღებთო. მერე უცებ ლაპარაკი შეწყვიტა და მგონი, ყურმილი ხელიდან გაუვარდა. არ ვიცი. იქნებ გონება დაკარგა და იმიტომ?

– ახლა რა ვქნათ?

– ჩვენს მაგიდას დავუბრუნდეთ, ვითომ არაფერი მომხდარა.

ცოტა ხნის შემდეგ მათ მაგიდას სიგარეტების გამყიდველი ქალიშვილი მიუახლოვდა. მას მოხდენილი ფიგურა ჰქონდა და ძალზე დეკოლტირებული, მოკლე კაბა ეცვა.

– სიგარეტს არ ინებებთ?

– ერთი კოლოფი "რელიეფი" იყოს, – თქვა ადვოკატმა და ქალიშვილს ხუთდოლარიანი გაუწოდა. მერე კი, როცა სიგარეტი ჯიბეში ჩაიდო, დაამატა, – ხურდა არ მინდა.

– ო, რა კეთილი ხართ... ასეთი თანხა...

– რა ხდება? – მეისონი გამყიდველს მიაჩერდა, – განა ფასზე მეტს სხვებიც არ გჩუქნიან?

– ჰო, მაგრამ... მაქსიმუმ დოლარს, – მიუგო ქალიშვილმა და უცებ თვალები ცრემლებით აევსო.

– ჩამოჯექით, ჩამოჯექით, – შესთავაზა დელამ.

ქალიშვილი ჯერ უარზე იყო, სამსახურს დავკარგავო, ბოლოს კი სკამის კიდეზე მაინც ჩამოჯდა.

– აბა, მოგვიყევით, რა გაწუხებთ, – თქვა მეისონმა.

– ეს დიდი ხნის პირადი ისტორიაა და დროდადრო თავს მახსენებს, – გამყიდველი წამით შეყოვნდა, მერე კი სტრიტისკენ შეტრიალდა, – თქვენ ქალი ხართ და დედა–შვილის ურთიერთობას უფრო გაიგებთ.

– თქვენს შვილს სჭირს რამე? – შეეკითხა მეისონი.

– ჩემი გოგონა ახლა ალბათ კარგადაა... – ამოიოხრა ქალიშვილმა, – ის მამამისმა მომპარა და ვიღაცეებს მიჰყიდა. ეს რომ გავიგე, კინაღამ გავგიჟდი...

– ვინც შვილი მოგპარათ, მართლა მამამისია? – დაინტერესდა მეისონი.

– არა, – მცირე ყოყმანის შემდეგ თქვა ქალმა, – მამამისი მოკვდა.

– შვილის მოძებნა რატომ არ სცადეთ? – ჩაერთო დელა.

– საქმე ისაა, რომ ჩემს სისხლს, ამერიკულთან ერთად, იაპონურიც ურევია. თუ კარგად დამაკვირდებით, ამას თავადაც შენიშნავთ.

– მართალია, – თქვა მესიონმა, – ეგზოტიკური სახე გაქვთ, თვალების ჭრილიც იაპონური. მერე ეს რა შუაშია?

– ღარიბ–ღატაკ იაპონელს შვილის მოძებნაში ვინ დაეხმარება? ცხადია, არავინ.

– თქვენი გოგონა რამდენი წლისაა? – შეეკითხა დელა.

– ახლა ოთხის იქნება. სულ პატარა იყო, როცა...

ფრაზა მეტრდოტელ პიერის ძახილმა შეაწყვეტინა:

– სიგარეტების გამყიდველო, ახლავე აქ მოდით!

– ახლა მომხვდება! დიდი მადლობა, რომ მომისმინეთ! – შესძახა ქალიშვილმა, წამოხტა და მეტრდოტელისკენ გაემართა.

– საბრალო, – თქვა დელამ, – თქვენს ადგილას მის დახმარებას შევეცდებოდი.

– რას გულისხმობთ?

– შვილს მოვაძებნინებდი.

– იქნებ გოგონა ძალიან კარგადაცაა და არც დედა ჩანს ზედმეტად დამწუხრებული.

– აბა, ცრემლებს რატომ ღვრიდა?

– ეს ყველა ქალს ეხერხება. თანაც იმანაც დამაეჭვა, აქ იმ იდუმალი ზარის შემდეგ რომ გამოგვეცხადა.

ამ დროს მათ მაგიდას მეტრდოტელი მიუახლოვდა:

– მაპატიეთ, მუსიე... მგონი, თქვენ ადვოკატი პერი მეისონი უნდა იყოთ...

– სწორედ ასეა, ოღონდ კარგი იქნება, თუ თქვენი ღამის კლუბის სხვა კლიენტები ამას არ შეიტყობენ, – გაუღიმა მეისონმა.

მეტრდოტელმა დელა სტრიტს გახედა და შეთქმულივით გაიღიმა:

– რასაკვირველია, მუსიე. თქვენთან მხოლოდ ამ პაკეტის გადმოსაცემად მოვედი.

მან პაკეტი მაგიდაზე დადო, მეისონმა კი მოსულს ცივად შეხედა:

– ეს საიდან გაქვთ?

– ჩვენს შვეიცარს შიკრიკმა გადასცა.

– ეს შიკრიკი ვინ არის?

– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. შვეიცარს ხომ არ ვუხმო?

– კარგი იქნება, – თქვა ადვოკატმა და როცა პიერი წავიდა, პაკეტი ფრთხილად გახსნა.

– ეს იმ ქალისგანაა! – შესძახა დელამ ფულისა და გაზეთის ამონაჭერის დანახვაზე.

– წვრილი კუპიურებია, – თქვა მეისონმა, – და მხოლოდ ორი ორმოცდაათიანი.

– ეტყობა, ის ქალი თანდათან აგროვებდა.

– დელა, ყველაფერი პაკეტში ჩააბრუნეთ. ჩვენკენ მოდიან.

მათ მაგიდას პიერი და შვეიცარი მიუახლოვდნენ.

– აი, შვეიცარი, მუსიე, – თქვა მეტრდოტელმა და მაგიდას მხოლოდ მას შემდეგ გასცილდა, რაც მეისონმა მადლობასთან ერთად ათი დოლარიც გადაუხადა.

– მოყევით, პაკეტი ვინ გადმოგცათ, – მიმართა ზორბა ტანის უნიფორმიან შვეიცარს ადვოკატმა.

– მოკლედ, მანქანა შევნიშნე და მივედი. შიგ ვიღაც ტიპი იჯდა, რომელმაც პაკეტი გადმომცა და მთხოვა, ეს თქვენს რესტორანში რომ პერი მეისონი ზის, იმას გადაეცითო. თქვენ შორიდან კი გიცნობდით, მაგრამ პაკეტი მაინც პიერს გადავეცი.

– შიკრიკმა რა ქნა?

– რა უნდა ექნა? მანქანა გააქროლა.

– ნომერი ხომ არ დაგიმახსოვრებიათ?

– ნომერი არა, მაგრამ, მგონი, ოთხკარიანი შევროლე იყო, მუქი ფერის.

– იმ კაცს ხომ ვერ ამიწერთ?

– ჩვენს კლიენტს არ ჰგავდა. გაცვეთილი პიჯაკი ეცვა, ასაკით კი სამოცს მიღწეული იქნებოდა.

მეისონმა შვეიცარსაც ათდოლარიანი გაუწოდა:

– ეს მის სტრიტია, ჩემი მდივანი. თუ კიდევ რამეს გაიხსენებთ, ჩვენს ოფისში დაგვირეკეთ.

– აუცილებლად, მუსიე. შევეცდები, – შეჰპირდა შვეიცარი და კარს მიაშურა.

მეისონი მდივანს მიუბრუნდა.

– დელა, ახლა კი კარლინს უნდა დავურეკოთ.

– ასე გვიან?

– ეს აუცილებელია, – მიუგო შეფმა და დელას ტელეფონისკენ გაუძღვა.

ქალიშვილმა აპარატში მონეტა ჩაუშვა, ნომერი აკრიფა და მეისონს შეხედა:

– ილაპარაკებთ?

– არა, თქვენ, – მიუგო შეფმა, – თქვენი ნაზი ხმა კარგი უვერტიურა იქნება.

დელამ კეკლუცად გაიღიმა და ყურმილი მოიმარჯვა:

– ალო? ეს მისტერ კარლინია? ძალიან კარგი. მისტერ კარლინ, უნდა მაპატიოთ, ასე გვიან რომ გაწუხებთ... ჯერ არ გძინავთ? მით უკეთესი, მისტერ კარლინ... მე? მე ადვოკატ მეისონის პირადი მდივანი ვარ, მის დელა სტრიტი... ახლა კი გთხოვთ, მისტერ მეისონს მოუსმინოთ.

– მისტერ კარლინ, ვწუხვარ, ასეთ დროს რომ გაწუხებთ...

– ეგ არაფერი, – მოისმა ყურმილში, – ღამის ორ საათამდე არასოდეს ვწვები.

– მისტერ კარლინ, ერთ გადაუდებელ საქმეზე სასწრაფოდ უნდა შეგხვდეთ, თანაც დღესვე ანუ ღამეს.

– საიდან რეკავთ?

– რესტორან "ოქროს ბატიდან". თქვენამდე ალბათ ორმოც წუთში მოვალ.

– ძალიან კარგი. დაგელოდებით, მისტერ მეისონ, მანამდე კი ყავას მოვადუღებ. მე მარტოხელა კაცი ვარ და სტუმრები ძალიან მიყვარს. მარტო მოხვალთ თუ...

– ჩემს მდივანს წამოვიყვან.

– შესანიშნავია, მისტერ მეისონ. მოუთმენლად გელით.

მეისონმა ყურმილი დაკიდა და თქვა:

– მგონი, ზედმეტად თავაზიანია. იქნებ ამ ზარს ელოდა კიდეც? კარგი. დელა, მაგ ამონაჭერში რა ამოიკითხეთ?

– ვინმე ელენ ჰემპტონი შანტაჟში ამხილეს და 18 თვით ციხეში ჩასვეს. ის და მისი თანამონაწილე, როგორც ჩანს, გამომძალველები იყვნენ.

– თარიღი თუ ჩანს?

– არა. ქაღალდი ან დიდი ხნისაა, ან მზეზე იდო დიდხანს, რადგან სიყვითლე დაჰკრავს.

– კარგი, დელა. მაგას მერე მივხედავ, ახლა კი უნდა წავიდეთ.

– ვისთან, შეფ? კარლინთან?

– არა, – მიუგო მეისონმა, – ჯერ აფთიაქში შევიაროთ. იქნებ იქ შევიტყოთ რამე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online