asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თავდასხმა სტალინზე
თავდასხმა სტალინზე
თავდასხმა სტალინზე

2011-05-16 14:27:23



ნიკა თევზაძე
შესავალი
თბილისი, 1922 წელი. საქართველოს პარტიული ელიტა შეშფოთებულია. სტალინს, რომელიც მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოვიდა, "ელმავალმშენის" მუშებმა დაუსტვინეს. კობამ მუშებს რუსულად მიმართა. სუფთა რუსული მაინც იცოდეს, დალოცვილმა, მაგრამ წავიდა დრო, როდესაც საყვედურს ეტყოდი. ახლა ძალზე მაღლა აფრინდა. ფიქრობდნენ, შესაძლოა (და ალბათ ასეცაა) ეს დროებითიაო, მაგრამ უფროსი უფროსია. მოსკოვიდან ჩამოსულ "ნაჩალნიკს" კი პატივი უნდა სცე. აკი ამბობს ანდაზა: ვირი რომ უფროსად დაგიდგეს, ჰაცე არ შეჰკადროო...
– კობასთვის მეფური სუფრაა გაშლილი, – ჩასჩურჩულა ორახელაშვილმა მახარაძეს, – ყველაფერი კარგად იქნება.
სუფრას მართლაც ჩიტის რძე არ აკლდა. გაისმა ქართული მრავალჟამიერი. ყველამ დაისხა ღვინო. თამადად სტალინი აირჩიეს, რასაკვირველია, ერთხმად.
სტალინს სახე მოღუშვოდა. ეტყობოდა, კვლავ "ელმავალმშენში" მომხდარი ინციდენტის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. "ტოვარიშჩი", – ასე მიმართა მან მუშებს. პასუხად კი სტვენა გაისმა. "რატომ გველაპარაკები რუსულად? რატომ? შენ ხომ ქართველი ხარ!" სტალინი ლაპარაკს განაგრძობდა, სტვენა ძლიერდებოდა. ორატორი ხომ შეკრებილთ კვლავ რუსულად მიმართავდა. ბოლოს სტალინი იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა.
– მიტინგზე ჩემთვის არასოდეს დაუსტვენიათ, პირველად აქ, ჩემს სამშობლოში, დამისტვინეს.
სუფრაზე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. სტალინმა ჭიქა შეავსო და ფეხზე წამოდგა:
– საქართველოს სარეველა მოსდებია! საქართველო უნდა გადაიხნას! – თქვა მან და სასმისი გამოსცალა.
ფილიპე მახარაძეს ყელში რაღაც აუყაპყაპდა. მამია ორახელაშვილმა თვალები დახუჭა და თავისი ჭიქა დაცალა. სხვებიც ასე მოიქცნენ. მიტკალივით გაფითრებულმა მახარაძემაც დალია ღვინო. ამ დროს ვიღაცის ხმა გაისმა:
– სარეველასაც აღმოვფხვრით და საქართველოსაც გადავხნავთ!
ყველამ მისკენ მიიხედა. პენსნეიანი ახალგაზრდა კაცი, რომელიც სუფრას ემსახურებოდა, მაგიდასთან მოვიდა.
– სარეველასაც აღმოვფხვრით და საქართველოსაც გადავხნავთ! – გაიმეორა მან და სასმისი გამოცალა.
სტალინი დაინტერესდა, ვინ იყო ეს ახალგაზრდა. სახელად ლავრენტი ჰქვია, გვარად ბერია გახლავსო, – მიუგეს. სტალინი ჩაფიქრდა:
ლავრენტი ბერია... საინტერესოა... ვინაა, რას წარმოადგენს?
– ჩეკისტია.
– ძალიან კარგი.
სტალინის ტუჩებზე პირველად გაიელვა ღიმილმა.
1
– საქართველოდან ცნობა მივიღე, – ძერჟინსკიმ პაუზა გააკეთა, – თბილისში თურმე სტალინს დაუსტვინეს.
გენერალი ჯუნკოვსკი გაუნძრევლად იჯდა და ძერჟინსკის პირდაპირ თვალებში შესცქეროდა.
– რა საოცარია ცხოვრება, – გაიფიქრა ძერჟინსკიმ, – ჟანდარმთა კორპუსის ექს–შეფი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ჯუნკოვსკი ჩემი მთავარი მრჩეველია! ამას ყველაზე საშინელ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი.
მათი ნაცნობობა ჯერ კიდევ რევოლუციამდე დაიწყო. ძერჟინსკი, როგორც პროფესიონალი რევოლუციონერი, არაერთხელ იყო დაპატიმრებული. ციხე, გადასახლებები, გაქცევა, არალეგალურად ცხოვრება, კვლავ ციხე, ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ამან ჯანმრთელობა შეურყია და გააბოროტა. ოხრანკის თანამშრომლებს ლამის შინაურებივით იცნობდა. "გამარჯობა ფელიქს, მომილოცავს შინ, ანუ ციხეში დაბრუნება," – ასე ეგებებოდნენ მას. რევოლუციის შემდეგ კი ძერჟინსკი თავად გახდა ახალი საიდუმლო პოლიციის შეფი. "სრულიად რუსეთის საგანგები კომისია", შემოკლებით, ჩეკა, – ასე უწოდებდნენ ახალ სტრუქტურას. ძერჟინსკიმ იცოდა, რომ პროფესიონალების გარეშე სპეცსამსახურს ვერ ააწყობდა. ამიტომ ჩეკაში ბოლშევიკებიც მიიწვია, მემარცხენე ესერებიც და ყოფილ ჟანდარმებსაც უხმო. ჯუნკოვსკის პროვინციაში მიაკვლია, მოსკოვში ჩამოიყვანა, კომფორტაბელური ბინით, საკვებით უზრუნველყო და თავის პირად კონსულტანტად დანიშნა. მეფისდროინდელი აგენტურაც შეინარჩუნა: მეეზოვეები, მეკარეები, მეეტლეთა ნაწილი, ოფიციანტები და სუტენიორები ახლა ჩეკაზე მუშაობდნენ. ამიტომაც ახალმა სპეცსამსახურმა მალე ყველა მოწინააღმდეგეს თავზარი დასცა. ჩეკას ხსენებაზე ყველას აკანკალებდა. უმოკლეს ხანაში (1918–22) ძერჟინსკიმ ძლიერი სპეცსამსახური ააწყო, კარგად შეიარაღებული და ფართოდ განშტოებული აგენტურული ქსელით.
– რაზე ჩაფიქრდით, ფელიქს ედმუნდოვიჩ?
ძერჟინსკიმ, თითქოს ხანგრძლივი ძილისგან გამოერკვაო, სახეზე ხელი მოისვა და გაიღიმა:
– არაფერია, ცხრაას თვრამეტი წელი გამახსენდა, როცა მოსკოვში ჩამოგიყვანეთ.
– ჰოო.
– მაშინ ბევრი ამხანაგი ჟანდარმების მფარველობას მაბრალებდა. განსაკუთრებით ზინოვიევი ცხარობდა. ლენინმა კი მხარი მე დამიჭირა.
– საღი გონების კაცია, – ჯუნკოვსკიმ ყავა მოსვა, – ესმის, რომ პროფესიონალების გარეშე სპეცსამსახური ვერ შეიქმნება. უამისოდ კი მალე ჩამოგაგდებენ, მით უმეტეს, ჩვენს დროში.
– შეიძლება, მაგრამ რატომ ცხარობდა ასე ზინოვიევი? ნუთუ არ ესმოდა, რომ...
– მას ჩეკას თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ჰყავდა. ლენინმა კი თქვენ დაგიჭირათ მხარი, რადგან არც ერთ დაჯგუფებას არ განეკუთვნებით. ამის წყალობით, მან შეინარჩუნა ბალანსიც და ხელისუფლებაც.
ძერჟინსკი მოიღუშა. ოჰ, ეს პროფესიონალები, საშინელი ხალხია, ჭკვიანი, ძლიერი, დაუნდობელი. ოდნავ მოდუნდები და ისე შეგახრამუნებენ, გონს მოსვლასაც ვერ მოასწრებ.
– საქართველოდან მაცნობეს, რომ სტალინს მიტინგზე დაუსტვინეს, – ძერჟინსკიმ გარკვევით აგრძნობინა თანამოსაუბრეს, რომ თემის შეცვლა სურდა, – თბილისელმა მუშებმა დაუსტვინეს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ რუსულად მიმართა.
– გასაგებია.
ჯუნკოვსკი იღიმებოდა. ძერჟინსკიმ იგრძნო, რომ ყელში რაღაც ბურთივით მოაწვა.
– რა არის გასაგები?
– ვარშაველ მუშებს რომ რუსულად დაელაპარაკოთ, რას იზამენ?
– ნუთუ სტალინმა არ იცოდა, რომ დაუსტვენდნენ? – ძერჟინსკიმ პაუზა გააკეთა, – ქართველებში ხომ შოვინიზმი ძალზე ძლიერია, არანაკლებ, ვიდრე პოლონელებში.
– სტალინს რუსეთში პირველკაცობა სურს, ის კი ქართველია, ამიტომ უფრო თავგამოდებულ რუსად უნდა გამოჩნდეს, ვიდრე ეთნიკური რუსი.
ჯუნკოვსკი ისევ იღიმებოდა. ძერჟინსკის დაუოკებელი სურვილი დაებადა, რათა მისთვის სახეში გაეწნა. სტალინი ქართველია, მაგრამ არც ის, ძერჟინსკია, რუსი. წმინდა წყლის პოლონელი და შლიახტიჩია, რომელიც სოციალისტური რევოლუციის სამსახურში დგას. ფელიქს ედმუნდოვიჩმა ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით შეიკავა თავი და ყავა დაისხა.
– თქვენ ცდებით, გენერალო. აქ, საბჭოთა რუსეთში, ჩვენ სოციალიზმს ვაშენებთ.
– თქვენ ახალ რუსეთს აშენებთ და ქვეცნობიერად ამას ხვდებით კიდეც, ფელიქს ედმუნდოვიჩ.
– სოციალიზმი კაცობრიობის მომავალია, ის აქ, რუსეთში, იჭედება, – ძერჟინსკი ცდილობდა მშვიდად ელაპარაკა, – ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც არ იქნება არც ექსპლუატაცია, არც – ეროვნული ჩაგვრა. ამაზე ხომ კაცობრიობის საუკეთესო შვილები ოცნებობდნენ.
– ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ პოლიტიკოსი, რომელიც ოცნების ტყვე გახდება, დაიღუპება, – ჯუნკოვსკიმ კვლავ მოსვა ყავა.
– ამით რისი თქმა გსურთ?
– ნუ გწყინთ. გულახდილი საუბარი გვაქვს. ცინიზმი კი გულახდილობის ერთ–ერთი ფორმაა.
– მართლა?
ძერჟინსკიმ ყავიანი ფინჯანი მაგიდაზე დადგა. ჯუნკოვსკი მშვიდად მისჩერებოდა მას.
– კეთილი, რაკი ასეა, გულახდილად ვისაუბროთ, – ძერჟინსკიმ პაუზა გააკეთა, – თქვენ კომუნიზმის გამარჯვების არ გჯერათ, ასეა?
– დიახ, კომუნიზმი უტოპიაა.
– მაშ, რატომ გვემსახურებით?
– სამი მიზეზის გამო. პირველი და უმთავრესი ისაა, რომ, თქვენი წყალობით, ფუფუნებაში ვცხოვრობ, მაქვს კომფორტული ბინა, აგარაკი, არც სასმელ–საჭმელი მაკლია, არც ქალები, თუმცა კი ქვეყანაში შიმშილობაა.
– ამისი მოცემა თეთრებსაც შეეძლოთ.
– მეორეც, როგორც პროფესიონალი, უკვე მაშინ, თვრამეტ წელში, მივხვდი, რომ თეთრები დამარცხდებიან, მათ არ ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერი, არ შეუძლიათ ხალხთან ლაპარაკი, არ გააჩნიათ იდეოლოგია. ზოგს მეფის დაბრუნება უნდა, ზოგსაც – პარლამენტი. ასეთებს ვერც ანტანტა უშველის, ვერც ვერაფერი.
– მესამე მიზეზი?
– აი, ესაა ყველაზე საინტერესო, – ჯუნკოვსკიმ საჩვენებელი თითი მრავალმნიშვნელოვნად ასწია, – ჩვენს დროში ტექნიკა საოცარი სისწრაფით ვითარდება. რუსეთს განახლება სჭირდება, ფეოდალური გადმონაშთებით ეპოქას ვერ დაეწევი. ასეთი საქმე კი პეტრე დიდის მსგავსი მოღვაწის გარეშე შეუძლებელია. ცხონებულ ნიკოლოზ მეორეს პეტრემდე ბევრი აკლდა, ამიტომაც მოხდა რევოლუცია. განმაახლებლის როლიც თქვენ, ბოლშევიკებმა, უნდა იტვირთოთ. ეს თავად ისტორიის მიერაა განსაზღვრული. სწორედ თქვენ დაამყარებთ რუსეთში წესრიგს, დანერგავთ დასავლურ ტექნოლოგიას, შექმნით მძლავრ მრეწველობას, შესაბამისად, ძლიერ არმიასაც. რუსეთიც ზესახელმწიფო გახდება. დიდი რუსეთი, რაზეც ყველა ჩვენგანი ოცნებობს, სწორედ თქვენ მიერ შეიქმნება.
– ჰმ...
ძერჟინსკიმ კვლავ მოისვა სახეზე ხელი. ჯუნკოვსკი მართლაც გულახდილია, თავის მხეცურ ბუნებას არ მალავს. მისი გულახდილობაც ისეთივე დამაჯერებელია, რამდენადაც ამაზრზენი, მაგრამ ასეთ კაცთან საქმის დაჭერა შეიძლება, თუმცა ჯუნკოვსკიმ უნდა იცოდეს, რომ თუ ძერჟინსკი დაიღუპება, არც მას დაადგება კარგი დღე, რომ მათი ბედი მჭიდროდაა გადაჯაჭვული. გენერალი მხოლოდ ამ შემთხვევაში არ უღალატებს.
– მაშ თქვენ თვლით, რომ სტალინს პირველკაცობა სურს? – ძერჟინსკიმ თვალები მოჭუტა.
– დიახ, საქართველოშიც ამიტომ გაემგზავრა. რაკი ხელისუფლება უნდა, დიდი ბრძოლებისთვისაც უნდა მოემზადოს. საქართველო მისი სამშობლოა და ყველაზე საიმედო კადრებიც იქ ეგულება.
– მაპატიეთ, მაგრამ ცდებით. საქართველოში სტალინი ცენტრალურმა კომიტეტმა მიავლინა იქ შექმნილი მძიმე ვითარების გამო.
– ეს მხოლოდ ფორმალური მიზეზია.
– შეიძლება, მაგრამ არა მგონია, რომ სტალინი მომხრეებს საქართველოში ეძებდეს. იქაურ პარტიულ ელიტას ის სძულს. მათი უმრავლესობა ხომ ძველი ბოლშევიკია და ახსოვთ ის დრო, როდესაც კობა მათი ხელქვეითი იყო.
– მე არ მითქვამს, რომ საყრდენს ძველ ბოლშევიკებში ეძებს. კობას იმის ჩვენება სურს, რომ თუ რევოლუციას დასჭირდა, თავის მშობლიურ საქართველოს სასტიკად დასჯის
ძერჟინსკი ჩაფიქრდა.
– იქ, ბანკეტზე, სტალინმა განაცხადა, რომ საქართველოს სარეველა მოსდებია, უნდა გადაიხნასო. ამ დროს ერთმა ახალგაზრდა ჩეკისტმა მიუგო, საქართველოსაც გადავხნავთ და სარეველასაც აღმოვფხვრითო.
– რა გვარია ჩეკისტი?
ლავრენტი ბერია.
სტალინი მას თავის საყრდენად გაიხდის.
2
საკანში ნახევრად ბნელოდა. ბერია ხედავდა ჭერზე თოკით დაკიდებული პატიმრის ფეხებს. ლავრენტის ძალა არ შესწევდა, მისთვის სახეში ჩაეხედა, ამიტომაც სკამზე თავდახრილი იჯდა და მდუმარედ ჩაშტერებოდა იატაკს.
დაკითხვას იანის კრუმინში აწარმოებდა. ლავრენტი ახლაც ვერ მიმხვდარიყო, რატომ ეძახდნენ მას ბულდოგს. ლატვიელი მაღალი, გამხდარი, ქერათმიანი კაცი იყო. საოცრად კეთილი ღიმილი ჰქონდა. მუდამ მშვიდი და დინჯი, ხმას არასდროს აუწევდა, არასდროს ყვიროდა. განა ბულდოგები ასეთები არიან?
"მეტსახელი ნამდვილად არ შეეფერება, – გაიფიქრა ლავრენტიმ, – სამაგიეროდ, ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ კრუმინშმა არ იცის დაღლა და არ იცის, სად აქვს ნერვები".
იანკას (ასე ეძახდა მას ლავრენტი) შეეძლო მთელი დღე და ღამე ემუშავა. ის არ ეწეოდა და არ სვამდა. დაკითხვებისას წონასწორობიდან არასდროს გამოდიოდა. არც მაშინ, როცა პატიმარს სისხლი წამოუვიდოდა, არც მაშინ, როცა ხმამაღლა გმინავდა და შებრალებას ითხოვდა. დაკითხვას მშვიდად, წყნარად განაგრძობდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
"წამებას თითქოს თავისი ქორეოგრაფია აქვს, – გაიფიქრა ლავრენტიმ, – ასე მგონია, რომ კრუმინში წლების განმავლობაში ეუფლებოდა მას, არც ერთი ზედმეტი მოძრაობა ან ჟესტი!"
– მაშ თქვენი გვარი ჩიქოვანია, – თითქოს შორიდან მოესმა კრუმინშის ხმა, – ამ საკითხში ნამდვილად არ ცრუობთ, მაგრამ რატომ არ გინდათ აღიაროთ, რომ იატაკქვეშა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წევრი ბრძანდებით?
– მე უპარტიო ვარ.
– დავუშვათ, მაგრამ ედპ–ს თანაუგრძნობთ, – კრუმინშმა თავი გააქნია, – მეგობრების წრეში გაცხარებით ამტკიცებდით: ჟორდანია უნიათო გამოდგა, აი ედპ რომ ყოფილიყო მმართველი ძალა, რუსებს აქ არავინ შემოუშვებდაო.
– მეგობრებში კაცი რას არ იტყვი!
– შეიძლება, მაგრამ თქვენ პასიური მსჯელობით არ კმაყოფილდებოდით, ჩვენ წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდით.
– მე მხოლოდ სიტყვიერად ვამბობდი, საქართველო ოკუპირებულია და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება–მეთქი.
– დიახ, ამბობდით და მოქმედებდით, იატაკქვეშა კონტრრევოლუციური ცენტრის წევრიც ბრძანდებით. თავი დავანებოთ დისკუსიას, მე მხოლოდ ის მაინტერესებს, სად მალავთ იარაღს.
– არავითარი იარაღი მე არ ვიცი.
– ტყუით, იარაღის საწყობი მეგობრებთან ერთად მოაწყვეთ, საცოლესთან საუბარში კი განაცხადეთ, მალე რუსებს დედას ვუტირებთო.
– კატეგორიულად უარვყოფ.
– ჩვენ გვყავს მოწმეები. არა, ნუ გეშინიათ, საცოლეს თქვენთვის არ უღალატნია. საუბარს კიდევ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. აქედან ორი ჩვენი კაცი იყო.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
– იცით, რით გამოირჩევა კარგი სპეცსამსახური? – ჩაერია აქამდე ჩუმად მყოფი ლავრენტი, – ის ბრიერეის ჰგავს. იცით, ვინაა ბრიერეი?
– არა.
ჩიქოვანს ლაპარაკი უჭირდა.
– ეს ძველბერძნული მითოლოგიიდანაა, – ბერია წამოდგა, – მას ასი თვალი, ასი ყური, ასი ხელი და ასი ფეხი ჰქონდა. ჩვენც ასე ვართ, ამიტომ თქვენი ბრძოლა უაზრობაა, – ლავრენტი კართან მდგარ ჩეკისტებს მიუბრუნდა, – კმარა, ჩამოხსენით!
ლავრენტიმ ბოლო ფრაზა რუსულად წარმოთქვა. ის ხედავდა, როგორ ჩამოხსნეს ჩიქოვანი, როგორ ამოუდგა იღლიებში ორი ბრგე ჩეკისტი და როგორ ჩასვეს სავარძელში. ლავრენტი წამოდგა და ჩეკისტებს რაღაც ანიშნა. მათ ჩიქოვანს ხელები შეუხსნეს.
– ჩაის ხომ არ მიირთმევ? – ქართულად მიმართა ტყვეს ბერიამ.
– ჩაი? – ჩიქოვანმა ხელები მოისრისა, – შენ რა, მასხარად მიგდებ?
– მეცოდები, შე ბრიყვო! თავს ტყუილ–უბრალოდ იღუპავ და იმიტომ.
– არაფერი მესმის, გასაგებად მითხარი.
– შენ წინააღმდეგ იმდენი სამხილია, იმდენი, რომ სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ გულახდილი ჩვენებით შეგიძლია.
– რომ არაფერი ვთქვა?
– მაინც გვიამბობ, რაც გვაინტერესებს, – ლავრენტიმ თავი გადააქნია, – მაგრამ აქედან ვეღარ გახვალ. ჩვენ ხეიბრებს არ ვათავისუფლებთ.
– რაო?
– როდესაც ნამდვილი დაკითხვა დაიწყება, ჩიტივით აჭიკჭიკდები, არა იმიტომ, რომ შეგეშინდა, ვაჟკაცი კაცი ხარ და შენი შეშინება არც ისე იოლია, უბრალოდ, ტკივილს ვერ აიტან, ამას ვერავინ აიტანს. მე არ მინდა...
– რა არ გინდა?
– არ მინდა, რომ ქართველი ვაჟკაცი აწამონ და მოკლან! მსურს დაგეხმარო, მაგრამ შენც უნდა ხელი შემიწყო.
– ჩემი ამხანაგები დავასმინო? საქართველო გავყიდო? არავითარ შემთხვევაში!
ბერია მდუმარედ მიაჩერდა პატიმარს, შემდეგ წარმოთქვა:
– ღმერთია მოწამე. მე ეს არ მინდოდა...
ბერიამ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა კრუმინშს. ლატვიელი წამოდგა. ლავრენტი ერთხანს გაუნძრევლად იდგა, შემდეგ სკამზე დაეშვა.
"საცაა, გული გამისკდება, – გაიფიქრა მან, – რა დახუთულობაა ამ საკანში! ცოტაც და წავიქცევი!"
ბერია ხედავდა, როგორ მივიდა პატიმართან კრუმინში, როგორ გამომცდელად აათვალიერა თავით–ფეხებამდე, როგორ აუთამაშდა კრუმინშს სახეზე თავისი თბილი ღიმილი. ლავრენტის უნებლიეთ ტანში გასცრა. ჩიქოვანიც ენაჩავარდნილი მისჩერებოდა ლატვიელს.
– მაშ არ გინდა, ილაპარაკო, – თითქმის ნაღვლიანად თქვა კრუმინშმა, – ძალიან კარგი.
ლატვიელმა კართან მდგომ ჩეკისტებს რაღაც ანიშნა. ბერია ხედავდა, როგორ გაუკრეს ჩიქოვანს ხელები. "ახლა კრუმინში თავის ლურსმანს ამოიღებს, – გაიფიქრა ლავრენტიმ, – ცეცხლზე გულმოდგინედ გააცხელებს, რათა შემდეგ პატიმარს მკერდზე მიადოს. ღმერთო ჩემო!"
კრუმინში კვლავ უძრავად იდგა, იღიმებოდა. მას ლურსმანი არ ამოუღია. მაგიდიდან ცელოფნის პარკი აიღო, შემდეგ ხელებშეკრულ პატიმართან მივიდა და თავზე ჩამოაცვა.
ლავრენტი ხედავდა, როგორ ბორგავდა ჩიქოვანი, როგორ სურდა წამოდგომა, მაგრამ სკამზე მაგრად იყო მიბმული. შემდეგ კრუმინშმა ნემსი ამოიღო და ტყვეს პირდაპირ ფრჩხილში ჩაასო.
– უუუ!
ჩიქოვანს სურდა ეყვირა, მაგრამ პარკმა მისი ხმა ჩაყლაპა. გრძნობდა, როგორ ეხუთებოდა სული, კეფაში კი საოცარ ტკივილს გრძნობდა, სურდა, პარკი მოეშორებინა, მაგრამ ხელები მაგრად ჰქონდა გაკრული, იმდენად მაგრად, რომ ფრჩხილებიდან სისხლი წვეთავდა, წამოდგომა უნდოდა, მაგრამ სკამზე საიმედოდ დაემაგრებინათ.
– ასე...
კრუმინშმა ფრჩხილიდან ნემსი ამოუღო. მას ყოველი მოძრაობა დამუშავებული ჰქონდა, ზუსტად იცოდა, როდის რა გაეკეთებინა. ლავრენტი წამოდგა და სირბილით გავარდა გარეთ.
დაკითხვა კი თავისი გზით გაგრძელდა.
3
– ქორჩა, მან ყველაფერი აღიარა.
ლავრენტი თითქოს კოშმარიდან გამოერკვაო. ძლივს არჩევდა კრუმინშის სახეს. უფრო სწორად, მის თბილ ღიმილს ხედავდა. ლატვიელი ოთახის შუაგულში იდგა, შემდეგ მაგიდასთან მივიდა, გრაფინიდან წყალი დაისხა და ნელი ყლუპებით შესვა.
– გვითხრა, თუ სადაა იარაღის საწყობი, დაასახელა თავისი თანამონაწილენი, რაც იცოდა, ყველაფერი დაფქვა.
კრუმინშმა კვლავ წყალი მოსვა, ბერია თვალებგაფართოებული მიშტერებოდა მას, შემდეგ ცხვირსახოცი ამოიღო და სიმწრის ოფლი მოიწმინდა.
– ლავრენტი, წამო, დავიძინოთ, პატაკს კი ხვალ დავწერ.
– ჰოო.
– რაშია საქმე, ლავრენტი?
– არაფერია, დავიღალე. მითხარი, იანკა, შენ დედ–მამა გყავდა?
– მყავდა, მამაჩემი ცხრაას ხუთში დახვრიტეს, დედა სამი წელია, რაც გარდამეცვალა.
– და ან ძმა თუ გყავს?
– ერთი და მყავს, გათხოვილია და ლატვიაში ცხოვრობს.
– დამოუკიდებელ ლატვიაში?
– ბურჟუაზიულ ლატვიაში, – მშვიდად შეუსწორა კრუმინშმა, – განა ლატვიისთანა პატარა ქვეყანა შეიძლება, დამოუკიდებელი იყოს?
– ლატვიური სახელმწიფოებრიობის არა გჯერა?
– ამ სამყაროში დამოუკიდებელი არავინაა. ყველაფერს დიდი სახელმწიფოები და ფინანსური ჯგუფები წყვეტენ. პატარა ქვეყნები მარიონეტები არიან. მათ თოჯინებივით ათამაშებენ და, თუ საჭირო გახდა, პაიკივით გაწირავენ ხოლმე. ლატვიის დამოუკიდებლობაც ფიქციაა. ლატვია დასავლეთის კოლონიაა, ლატვიელი მშრომელები კი ორმაგ ექსპლუატაციას განიცდიან.
– ორმაგს?
– მათ საკუთარი და უცხოელი ბატონები ჩაგრავენ, – კრუმინში გაოცებული მიაშტერდა ბერიას, – რაშია საქმე, ამას რატომ მეკითხები?
– უბრალოდ, ისე.
– კაცობრიობის ბედნიერი მომავალი აქ, საბჭოთა რუსეთში იჭედება, – განაგრძო კრუმინშმა, – სწორედ აქ იქმნება ნამდვილი მუშურ–გლეხური სახელმწიფო, სადაც არც შოვინიზმი იქნება, არც – ექსპლუატაცია. მეც გავაკეთე არჩევანი და რუსეთის მხარეს დავდექი, საბჭოთა რუსეთის მხარეს.
– არ გეშინია, რომ შენი ცოდვების გამო ჯოჯოხეთში მოხვდები? – ჩუმად შეეკითხა ლავრენტი.
კრუმინში უნებლიეთ შეცბა, სახე შეუტოკდა.
– შეიძლება, – ხრინწიანი ხმით თქვა მან, – ჩემი ძველი, ახლანდელი და მომავალი ცოდვების გამო ჯოჯოხეთი ნამდვილად არ ამცდება... თეორია კარგი საქმეა, მაგრამ ვიღაცამ ხომ შავი საქმეც ხომ უნდა აკეთოს!
– გასაგებია.
– ჩეკისტები რევოლუციის შავი მუშები ვართ, – კრუმინში წამით ჩაფიქრდა, – შავი საქმეების კეთება გვიწევს, მაგრამ ისტორია გაგვამართლებს, ჩვენ ხომ კაცობრიობას ვემსახურებით.
4
ბერიას დოსიეს ძერჟინსკი პირადად გაეცნო. ფელიქს ედმუნდოვიჩმა რამდენიმეჯერ შეწყვიტა კითხვა და ჩაფიქრდა.
ბერია მართლაც ძალიან ნიჭიერი კაცია. რად ღირს თუნდაც ის, რომ ღარიბი ოჯახის შვილმა მიიღო განათლება. რევოლუცია რომ არა, ალბათ მშვენიერი არქიტექტორი დადგებოდა, ააშენებდა სახლებს, თაღებს, ხიდებს, ექნებოდა ბევრი ფული. ამ შემთხვევაში ალბათ არ შედგებოდა ბერია–ბოლშევიკი, შესაბამისად ბერია–ჩეკისტიც.
ქართველი ამხანაგები მას ამრეზით უყურებენ. ჩეკისტური ელიტის ნაწილს არ მოსწონს, რომ ლავრენტი შავ სამუშაოს გაურბის, პირადად პატიმრებს არ აწამებს, მასობრივ დახვრეტებში არ მონაწილეობს. ლავრენტის საკუთარი ხელით არავინ მოუკლავს, თუმცა უკვე კარგა ხანია, რაც ჩეკაში მსახურობს. სამაგიეროდ, სხვადასხვა კომბინაციების დიდოსტატია. ამიტომაც ბევრი ჩეკისტი ვერ არის ისეთი წარმატებული, როგორიც ბერია. შესაძლოა, ეს ბევრს შურს. ბერია ხომ მათზე სუფთად გამოიყურება, შედეგებიც ბევრად უკეთესი აქვს.
ჩეკისტური ელიტის მეორე ნაწილი ლავრენტის მუსავატელებთან კავშირში ადანაშაულებს. ბაქოში ყოფნისას ბერია მართლაც დაუკავშირდა მუსავატელებს, მაგრამ ეს ბაქოს რევკომის დავალებით გაკეთდა. პარტიამ დააკისრა ორმაგი აგენტის როლი. რამდენად შორს შეტოპა ამ თამაშებში, ამის განსაზღვრა ძნელია. ფაქტია ის, რომ ბაქოს იატაკქვეშეთში დიდი მასშტაბის ჩავარდნები არ მომხდარა. ასევე საეჭვოა ისიც, რომ ბერია ქართულ მენშევიკურ მთავრობასთან თანამშრომლობდა. 1920 წელს ბერია სპეცდავალებით საქართველოში გადაისროლეს, მაშინ ხელისუფლებაში მენშევიკები იყვნენ. სტალინი და ორჯონიკიძე გადატრიალებას ამზადებდნენ. ორჯონიკიძემ მისწერა კიდეც ლენინს, ყველაფერი გამზადებულია და ბრწყინვალედ გამოვაო. ეს არ გამართლდა. როდესაც წითელი არმია საქართველოში შეიჭრა, მის წინააღმდეგ ქუდზე კაცი გამოვიდა. დაგეგმილი გასაბჭოებაც ჩაიშალა, მაგრამ რამდენადაა ბერია ამაში დამნაშავე? მენშევიკურმა მთავრობამ ის ორჯერ შეიპყრო. მენშევიკებმა ლავრენტი გაათავისუფლეს, მაგრამ ვერ შეიტყვეს მათი გვარები, ვისთანაც ბერიას კავშირი უნდა დაემყარებინა. ამ ხალხს კი მნიშვნელოვანი პოსტები ეკავა მენშევიკურ გვარდიაში. ერთი წლის შემდეგ, როდესაც წითელი არმია კვლავ შეიჭრა საქართველოში, ამ ხალხმა უდიდესი წვლილი შეიტანა თბილისზე წითელი დროშის აღმართვაში. გამოდის, რომ ბერიას არავინ გაუცია. აგენტურული ქსელი, რომელიც საქართველოში მოქმედებდა, ხელუხლებელი დარჩა.
– შეიძლება ასეცაა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ბერია ჯაშუშია, პროფესიონალი ჯაშუში! ასეთებს კი დაბადებიდან ვერ ვიტან! კი ბატონო, ჩვენიანია, საჭირო საქმეს აკეთებს, მაგრამ მეძავენიც საჭირონი არიან. მეძავთან შეიძლება ხანმოკლე კავშირი გქონდეს, მაგრამ მას სრულფასოვან ადამიანად ვერასოდეს აღიქვამ! – ეს სიტყვები მამია ორახელაშვილს ეკუთვნის.
ბერია, როგორც ჭკვიანი, დაკვირვებული კაცი, ყველაფერს ამჩნევს, მის მიმართ არსებულ უარყოფით ემოციებსაც გრძნობს. ამიტომაც საჯაროდ განუცხადა სტალინს, საქართველოს გადავხნავთო. ამით ბერიამ სტალინს აგრძნობინა, გავაკეთებ იმას, რასაც მახარაძე, ცოლ–ქმარი ორახელაშვილები, ელიავა, ბუდუ მდივანი, ან ღოღობერიძე არ გააკეთებენ, მე ნებისმიერ შენს დავალებას შევასრულებ, ნებისმიერ შავ სამუშაოს ვიკისრებო. მომენტიც ზუსტად შეარჩია, "ელმავალმშენში" მომხდარი ინციდენტის შემდეგ სტალინი გაცოფებული იყო და ასეთი სიტყვები გულზე სალბუნივით მოხვდა.
"ბერია მართლაც ულაპარაკოდ შეასრულებს ყველა ბრძანებას, – გაიფიქრა ძერჟინსკიმ, – მაგრამ მარტოოდენ ეს სტალინს ვერ უშველის, მხოლოდ ბერიას იმედად შორს ვერ წავა."
ლენინი ავადაა. პოსტლენინური ხანა შორს არაა, გამოიკვეთა ორი ძალა, რომელიც ხელისუფლებაზე პრეტენზიას აცხადებს. პირველია ლევ ტროცკი, რომლის უკანაც დგას რეალური ძალა – არმია. ტროცკის ავტორიტეტი განუზომელია. ლევ დავიდოვიჩი არა მარტო ბრწყინვალე ორატორია. ეს ხომ მან შექმნა წითელი არმია, რომელმაც კუდით ქვა ასროლინა დენიკინს, კოლჩაკს, იუდენიჩს, ინტერვენტებს.
გამარჯვებულ მხედართმთავარს ნაპოლეონური ამბიციები უჩნდება ხოლმე. გამონაკლისი არც ლევ დავიდოვიჩია. უკვე დღეს აქტიურად იღწვის ხელისუფლებაში მოსასვლელად. ამას გააფთრებით ეწინააღმდეგებიან ზინოვიევ–კამენევი. მათ უკან არანაკლები ძალა, პარტაპარატი, დგას. ამ ძალას ტროცკისა ეშინია. ლევ დავიდოვიჩის ხელისუფლებაში მოსვლა ხომ სამხედრო დიქტატურას ნიშნავს, ზინოვიევ–კამენევსაც სადმე სოლოვკების ბანაკში უკრავენ თავს, თუმცა არა, კონტრ–რევოლუციონერებად შერაცხავენ და დახვრეტენ. ტროცკის ცერემონიები არ უყვარს.
ვისთანაა ის, ძერჟინსკი? ზინოვიევ–კამენევთან მას კარგა ხნის მტრობა აკავშირებს. იგივე შეიძლება ითქვას ტროცკიზეც, არმია და საიდუმლო პოლიცია ხომ ერთად ვერასდროს ძოვდნენ. მაგრამ რატომ უნდა მიეკედლოს ვინმეს? ძერჟინსკის უკან ხომ საიდუმლო პოლიცია დგას, ესაა კარგად შეიარაღებული, ფართოდ განშტოებული სტრუქტურა. ძერჟინსკისაც საკუთარი თამაშის თამაში შეუძლია და ის ბეჭებზე დასცემს ყველას – ზინოვიევსაც, კამენევსაც, ტროცკისაც.
სტალინი? ვინაა სტალინი? დროებითი ფიგურა, რომელიც სცენაზე მხოლოდ ტროცკის გასანეიტრალებლად გამოუშვეს. პირველკაცობა უნდა? ჩინებულია! ამ შემთხვევაში სტალინის ერთადერთი პარტნიორი მხოლოდ ძერჟინსკი შეიძლება იყოს, ძერჟინსკი, რომელიც მის მთავარ მტრებთან, ტროცკისთან და ზინოვიევ–კამენევთანაა, დაპირისპირებული. თავის მხრივ, ძერჟინსკისაც სჭირდება სტალინი, დროებით, რა თქმა უნდა. მოვა დრო და ჩამოიშორებს, ოღონდ მანამდე ტროცკის და ზინოვიევ–კამენევის მოშორებაა აუცილებელი.
დათანხმდება კი სტალინი მის პარტნიორობას? აუცილებლად დათანხმდება, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვს. დღეს ძერჟინსკის მხარდაჭერა მას ჰაერივით სჭირდება და ეს გადამწყვეტია. ბერია? მას შეუძლია, ამ სქემაში გარკვეული როლი შეასრულოს, მაგრამ, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის დამხმარე პერსონად დარჩება. კეთილი და პატიოსანი, იმედია, ლავრენტი ფანტაზიებს არ აჰყვება და ბოლომდე პრაგმატული დარჩება. ამ შემთხვევაში გადარჩება, თუმცა, ეს უკვე მისი პრობლემებია.
გაგრძელება შემდეგ ნომერში


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სტალინი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online