| ქალი და მამაკაცი |

– ეეე, ნელა, ტო, რა დაგემართათ?
– შენ თვითონ რა დაგემართა? ვინ გეკიდებოდა ენაზე, რას ახსენე ეგ ტარიანი?
– როგორ, თუ რა? ბოდიში მოვუხადე ოჯახს, უზრდელი კი არა ვარ. ჩემი გულისთვის სპეცრაზმი დაგადგათ თავს.
– გაჩერდი, თუ ძმა ხარ, შენი გულისთვის სპეცრაზმი კი არა, კლასის დამრიგებელი არ ინძრევა.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ნუკამ უპასუხა.
– ხო, მამა... კი, დავითვალე. ასე, ოცი კაცი ვიქნებით... შენ მოხვალ? ხო, კარგი აბა... დაგლიჯე, იცი? ახლა სად მივდივარ?
ნუკამ ტელეფონს ხელი დააფარა და ტატას გადახედა.
– ახლა სად მივდივართ?
– კინოში.
– კინოში მივდივართ. კაი, პაკა. ტატა, რა გვინდა კინოში?
– აბა, ეს სად გინდა გამოვაფხიზლოთ? ასე სახლში ვერ დატოვებ, შეიძლება აივნიდან გადახტეს.
– რატო?
– შეიძლება ეგონოს, რომ აგარაკზეა და ფანჯრიდან ბაღში ვაშლის მოსაწყვეტად გადაიწიოს.
– კინოში რა გადის?
– ბერტოლუჩის ახალი ფილმია. თვრამეტ წლამდე არ დაიშვებიან.
– მერე?
– ვინ გამოწმებს. წამო.
– მერე დაბადების დღე?
– ჯერ ადრეა, რა გაახურე საქმე? ათ საათამდე ორ ფილმს ვნახავთ კიდე.
ტატა, ნუკა და ვატო კინოდარბაზში დასხდნენ და ბატიბუტის ჭამა დაიწყეს. ვატომ სავარძელზე გადაჰკიდა თავი და თვალები დახუჭა.
– სძინავს? – ტატამ ვატოს სახესთან ხელი რამდენჯერმე ააქნია.
– მგონი.
– ვატო, გძინავს?
– არა. სადა ვართ?
– გუდაურში, კანატკაზე ვზივართ და მაღლა ავდივართ. ვაიმე, ვატო, რატო არ წამოიღე თხილამურები? – ნუკამ ბატიბუტი მუჭით ჩაიყარა პირში და გაიცინა.
– აუ, ჩემი, დამრჩა ტო, სახლში?
– კაი, კაი, შენ დაიძინე, ჩვენ მანამდე პრაკატიდან გამოვიტანთ. ფეხი რა ზომა გაქვს?
– თუ მახსოვდეს, ბოიშვილი ვიყო.
ფილმი დაიწყო. სამოციანი წლების საფრანგეთის რევოლუცია. სამი კინომანი სახლში მარტო რჩება. ტყუპი და–ძმა და ამერიკელი სტუდენტი. რა ჯობია, რევოლუცია თუ სექსი? ბერტოლუჩი ამბობს, რომ სექსი. ტატას და ნუკას არ მოსწონთ და დარბაზიდან გამოდიან.
– ფუ, ბერტოლუჩის დედაც.
– ეს სად მომიყვანე, ტატა? გარყვნილო შენა.
– მე რა ვიცოდი?
– კიდე კაი, ჩემი ძმა თბილისში არ არის, თორე, რომ გაეგო, რაც ვნახე...
– ბერტოლუჩი რა, მანიაკი იყო?
– ეგენი ყველა მანიაკები არიან.
– ეგ ვინ გითხრა?
– ერთი მეგობარი მყავს, მსახიობი. პაზოლინის მტერია. გერმანელებს რომ არ მოეკლათ, მე მოვკლავდიო. ვაიმე, ვატო დაგვრჩა.
გოგონები ქუჩიდან ისევ დარბაზში შებრუნდნენ. ვატოს ეძინა, გააღვიძეს და გარეთ გამოათრიეს.
– რა მოხდა?
– რა და ხიჟინაში მოვედით, ვატო. მოდი, ცხელი ყავა დალიე, თორემ ხომ ხედავ, გაიყინე თოვლში.
– რა თოვლი, ტო? – ვატო თვალებს ატრიალებს, – მაღადავებთ? შენ ვინა ხარ?
– ვაიმე, ტატა, რა ვქნათ? ვერ მცნობს.
– ფეხით ვატაროთ და გამოვა.
– ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ბოიფრენდი დღეს?
– აუ, რა ოცდაათი ლარი გადავყარეთ.
– აბააა... და და ძმა ლოგინში ერთად. მერე დადგებიან და ეს ბანძობა ხელოვნებააო, იტყვიან.
– არა და არი.
– შენ რა იცი?
– პასლედნი ტანგო ვ პარიჟე ამის გადაღებულია.
– ნანახი გაქვს?
– არა, მაგრამ მამაჩემი ამბობდა, გენიალურიაო. ვატო, შენ რას ფიქრობ?
– გოგონებო, ფისი მინდა.
– ვაიმე, ღმერთო, რა დაგიშავე. პამპერსი ხომ გიკეთია, ვატო?
– კაი რა, ნუკა, ნუ ეუბნები, თორემ მართლა ჩაიფსამს.
– ჩაიფსას. აბა, მე გადავაყენო?
– შევიყვანოთ სადმე სადარბაზოში, მივაყენოთ კედელთან და თვითონ იცის.
– მაგიტოა მერე ჩვენი სადარბაზოები აყროლებული.
ტატამ ვატო სადარბაზოში შეიყვანა, კედელთან დააყენა და თვითონ გარეთ გამოვიდა.
– რა ქენი?
– კედელს მივაყუდე.
– ბარემ შარვლის ღილებიც გაგეხსნა... ვაიმე, ტატა, მამაჩემი.
ნუკამ ბუტიკიდან გამოსული მამამისი დაინახა.
– მამა?
– ნუკა? აქ რას აკეთებ?
– არაფერს. შენ?
– მე?
მამა დაიბნა. ბუტიკიდან ქალი გამოვიდა და მათ გვერდით დადგა.
– გურიკო, წავიდეთ?
– მოიცა. ეს ჩემი გოგოა.
– ვაიმეეე. რა გოგო გყოლია. ააა, ის საჩუქარი მისთვის იყიდე?
– რა საჩუქარი, მამა? – გაუხარდა ნუკას.
– მანქანაშია.
ნუკა ტატასთან მივარდა.
– ტატა, შენ ვატოს მიხედე, მე წავედი. საქმე მაქვს.
ნუკამ მამამისს სახლში მანქანით წააყვანინა თავი. ის უცხო ქალი უკანა სავარძელზე უცერემონიოდ მოკალათდა. დაჯდა თუ არა, სიგარეტს მოუკიდა.
– ნუ ეწევით რა მანქანაში, სიგარეტის ბოლზე გული მერევა.
– ვა, რას ამბობ. შენხელები და უფრო პატარებიც უკვე კარგა ხანია, აბოლებენ. ეს რა გოგო გყოლია, გურო. რამდენის გახდი, გენაცვალე?
– ორმოცის.
ქალმა სიგარეტი გადააგდო.
– რატო უზრდელობ, ნუკა? – მკაცრად მოხედა მამამ.
– რატო ვუზრდელობ? ასაკის თქმა უზრდელობაა?
– თექვსმეტის გახდა.
– თერთმეტ საათზე ვხდები. ჯერ არ დავბადებულვარ. რამდენიმე საათი მაკლია.
– ჰო, მართლა, – გურიკომ ბარდაჩოკი გამოაღო და ნუკას ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული ნივთი მიაწოდა. ნუკამ გახსნა და მაჯის საათი ამოიღო.
– მამა, ხომ იცი, რომ საათს ვერ ვიტან?
– ვერ იტან? რატომ?
– რატომ და ტყავი მაჯას მიხეხავს. ალერგია მაქვს. რა, არ იცი?
– აბა, რა გიყიდო? რა გინდა?
– ბინა.
– რა?
– ბინა. ერთი ან ოროთახიანი. მარტო მინდა ცხოვრება.
– რა დროს შენი მარტო ცხოვრებაა.
– შენ არ იცი, რა შემემთხვა?
– რა შეგემთხვა?
– ფეხმძიმედ ვარ.
მანქანა დამუხრუჭდა და გაჩერდა. გურიკომ ჯიბიდან ფული ამოიღო და ქალს გაუწოდა.
– ლალი, სახლში ტაქსით წადი, რა. მე მერე დაგირეკავ.
ლალიმ მაღაზიიდან გამოტანილი პარკები აიღო და მანქანიდან უსიტყვოდ გადავიდა.
– ეს ბოზი ვინაა?
– რა მითხარი, ნუკა?
– გწეწავს, არა?
– შენ რა თქვი, რა ვარო? გამეორებაც კი არ შემიძლია.
– ჰო, ფეხმძიმედ ვარ, ფეხმძიმედ. ყველაფერზე გული მერევა. საჭმელზე, სახლზე, ქალაქზე, ქუჩებზე. ტანსაცმელზე, მაღაზიებზე, სიმღერებზე. ქუჩის ბიჭებზეც კი. ყველას უყვარს, მე კიდე გული მერევა. ვეღარც მაიკლ ჯექსონს ვიტან ამ ბოლოს დროს. პედოფილობაში სდებენ ბრალს. ჰო კიდევ, ის შემძულდა, ბერტოლუჩი.
– მანამდე რა, გიყვარდა?
– არა, მაგრამ დღეს საბოლოოდ შემძულდა.
– კიდე?
– პაზოლინი ხომ მძულდა და მძულდა.
– ეგ საიდანღა იცი, ვინაა?
– შენ გგონია, შტერი ვარ? ყველაფერი ვიცი, რაც ამ ქვეყანაზე ხდება. დავბერდი. აი, უკვე თექვსმეტის გავხდი და მგონია, ორმოცის ვარ იმ ქალივით, მანქანაში რომ გეჯდა. სტერვა. სად აიყვანე, ცირკთან?
– გცემ, ნუკა, და დაბადების დღეც ჩაგმწარდება.
– აი, იმაზეც გული მერევა, რომ იმ ქალის გამო შეგიძლია მცემო.
– სხვა დროს მამას ასე არ ეხუმრო.
– ასე როგორ?
– აი, იმ სიტყვაზე ვამბობ... ვეღარც ვიმეორებ.
– რას ვერ იმეორებ, ჩემი ერთი კლასელი შარშან გათხოვდა და უკვე შვილიც ყავს და მე რომ დავფეხმძიმდე, რა?
– ოხ, ნუკა. რა დაგემართა დღეს? დედაშენმა გადაგრია?
– რა შუაშია დედაჩემი? ეგრევე დედაჩემს რომ ახტები, რა შუაშია ის ქალი? ა? გამაგებინე ერთი? რატო გაცილდი? რა გინდოდა?
გურიკომ მანქანა დაძრა.
– სად მიდიხარ?
– სახლში არ გინდოდა?
– მოგატყუე. ახლა ვიყავი სახლში. ბანდიტები დაგვესხნენ თავს, ორი საათი გაკოჭილები ვყავდით ყველა. მეც, დედაც, ბებიაც, ტატაც, ნანაც. მერე გაიტანეს ნახევარი სახლი და წავიდნენ. რაც ტანსაცმელი მქონდა, სულ წაიღეს. არაფერი არ დამრჩა. აი, ეს ლიფიც კი დედაჩემის მაცვია. იმიტოა, ამხელა მკერდი რო მიჩანს. შენ კიდე გეგონა, რომ გავიზარდე?
– ესე იგი, ბანდიტები, არა?
– არა გჯერა? თან ნანა გააუპატიურეს.
– ვინ ნანა?
– ნანა, ჩვენი მეზობელი, მკერავი.
– თან ფეხმძიმედ ხარ, ხომ?
– არ გჯერა? ასეა, ასე, სულ ფეხებზე გკიდია, ვინ დაგვაყაჩაღებს, შენს ცოლს ვინ ხმარობს.
ნუკამ მამამისის მწარე ხელი იგრძნო ლოყაზე და ტყლაშანის ხმაც გაისმა. მერე მანქანა ბორდიურთან გაჩერდა.
– გადადი. ხვალ დაგელაპარაკები.
– შენი დალაპარაკება არ მიშველის. მე ფსიქოლოგი მჭირდება.
– ხვალ დაგელაპარაკები. დღევანდელ დღეს კი არ ჩაგიმწარებ. გადადი მანქანიდან.
ნუკა მანქანიდან გადავიდა და კარი მიაჯახუნა. მანქანა დაიძრა. ნუკამ ტელეფონზე დარეკა.
– ტატა, სადა ხარ? ვატო რას შვება? ვინ წაიყვანა? ააა? კიდევ კარგი. მე? რას ვშვრები და ქუჩაში მივდივარ ფეხით. სალონში შევალ და თმას გავიკეთებ. შენც იქ მოდი.
10
ნუკა სალონში შევიდა.
– რომელი პარიკმახერია თავისუფალი?
– სტილისტი გნებავთ?
– რაც გინდათ, ის დაარქვით. რომელიმე თავისუფალია?
– გააჩნია, თქვენ რა გნებავთ?
– მე? ლოკონები მინდა გავიკეთო.
– ქორწილი გაქვთ?
– ორშაბათს ქორწილი გაგიგონიათ?
– ყველაფერი გაგვიგონია.
– არა, დაბადების დღე.
– მერე, რად გინდათ ლოკონები? მოდაში არაა. გაგისწორებთ. უფრო მოგიხდებათ.
– თქვენ მე ნუ მასწავლით, რა მომიხდება და რა არა. გეუბნები, ლოკონები მინდა–მეთქი.
– აქ დაჯე.
ნუკა დაჯდა და ტატას დაურეკა.
– ჰა, სადა ხარ? რით ვერ მოაღწიე? ჩქარა მოდი, რა. შენ რა გინდა, მოდი. იქნებ თავის მოკვლა მაქვს გადაწყვეტილი და შენ მინდა, რომ მიშველო?
ნუკამ ტელეფონი გამორთო.
– თუ თავის მოკვლა გაქვთ გადაწყვეტილი, ლოკონები რად გინდათ? – ჩაერია სტილისტი.
– თქვენ რა გქვიათ?
– რაუფა.
– რაუფ, სამშობლო გასაჭირშია. გესმის?
– მესმის, მაგრამ გაჭირვებას ლოკონები არ უშველის.
– აბა, გასწორება უშველის?
– ეგ სხვა საქმეა.
– უჭირს სამშობლოს, რაუფ, გენაცვალე, ძალიან უჭირს.
– დაბადების დღე გაქვს?
– ხო გითხარი.
– მერე, რა ბრაზიანი ხარ?
– აბა, როგორი უნდა ვიყო?
– რავი, აბა?
– ჰოდა, თუ არ იცი, გაჩუმდი და შენი საქმე გააკეთე.
– ვა, შენ რა მაგარი ბლატნოი ვინმე ყოფილხარ.
– ბლატნოი კი არა, მეხუთე ელემენტი ვარ.
– როგორ გინდა თმა, ცოტა ნებრეჟნად თუ დალაგებულად?
– ნებრეჟნად როგორია?
– სექსუალური ვიდი გექნება.
– მინდა.
– გენდომება, მა რა. ნამდვილი ამბავი გითხრა სექსზე, გინდა? ანეკდოტი გეგონება. დეიდაჩემს გადახდა თავს ოცი წლის წინ.
– მინდა.
– მოსკოვიდან რო ტავარი ჩამოქონდათ და აქ მერე ორმაგად ყიდდნენ, გახსოვს? სპეკულიანტობდნენ, რა. თუმცა, შენ საიდან უნდა გახსოვდეს. ბიგუდი მომაწოდე.
ნუკამ მიაწოდა.
– ჰოდა, დეიდაჩემს აქ ვიღაცამ უთხრა, მოსკოვში რაღაც ახალი ტავარია შემოსული, სექსი ქვიაო.
– რას ქვიაო სექსი?
– ტავარსო.
– რა ტავარი იყო ასეთი, ვიბრატორი?
– ეეეე, რა ვიბრატორი. სიტყვა სექსი მაშინ ერთი–ორმა თუ იცოდა საქართველოში. ჰოდა, დეიდაჩემსაც ტავარი ეგონა. იფიქრა, ჩავალ, ბლომად ვიყიდი, გავმდიდრდებიო, გაიგე?
– მეღადავები?
– აუუუ, ეს ვინ ყოფილა. თუ არ გინდა, არ მოგიყვები, გეუბნები, ნამდვილი ამბავია–მეთქი.
– მერე?
– მერე წავიდნენ დეიდაჩემი და მისი დაქალი მოსკოვში, ფულიც წაიღეს და უნივერმაღში მივიდნენ. ვიღაცა გამყიდველ ქალს ეუბნებიან, თან ჩუმად, მაშინ ხო ყველაფერი კარგი ვიტრინაში არ იდო, ჩუმად ყიდდნენ, დახლის ქვეშიდან. და ეუბნება დეიდაჩემი, თან თვალს უკრავს, მაშინ ეგეც საჭირო იყო.
– რა იყო საჭირო?
– თვალის ჩაკვრა. ჰოდა ეუბნება, დევუშკა, მნე ნუჟენ სექსო. იმ ქალმა, რაო, გაგიჟდიო? რა გავგიჟდი, რამდენსაც გინდა, იმდენს გადაგიხდიო, დეიდაჩემმა, თან ბლომად მოიტაო, ყველას წავიღებთ, რამდენიც გაქვთო. ის ქალი მიხვდა, რა გოიმებთანაც ქონდა საქმე და სადღაც სკრიტი ბორდელში გაუშვა. კიდე მაიტა ბიგუდი. ვა, შენ რა სქელი თმა გქონია, ამას რა დაახვევს.
– შენ რა, სადმე გეჩქარება?
– არა.
– ჰოდა, არც მე.
– მაგარი ნასტირნი ვინმე ხარ.
– შენ კიდე ბევრს ლაპარაკობ. შენნაირი პარიკმახერი პირველად ვნახე.
– პარიკმახერი არა, სტილისტი.
– კაი, თუ გინდა, დიზაინერი იყავი. მერე რაო დეიდაშენმა?
– რაო და რომ შევიდნენ ბორდელში, შავ შარვალ–კოსტუმში გაწკეპილი ბაბოჩკიანი ბიჭი მოვიდა. დეიდაჩემმა იფიქრა, ვა, ეს რა მომსახურება ქონიათო და იმასაც უთხრა, სექსი გვინდა მე და ჩემს დაქალსო. კაროჩე, ამათ ეგონათ, ამ სექსს დაულაგებდნენ პოდნოსზე და ისე მოუტანდნენ, გაიგე?
– ღადაობ, არა?
– კლიანუს მამი, ფაიზაღს გიყვები.
– ეს რო ფაიზაღი იყოს, აქამდე ამაზე კინოს გადაიღებდნენ.
– შენ არა თქვი, სამშობლოს უჭირსო, სადა აქვთ კინოს ფული. ჰოდა, ეხლავეო, იმ ბიჭმა. დეიდაჩემს ერთი კი უფიქრია, რა აცინებს ამ საცოდავსო. ალბათ, მაგას გონია, ფული არა გვაქვსო და მიუძახებია, კაკ მნოგო ბოლშეო.
– მერე?
– მერე, გაუყვანიათ ერთი ერთ ოთახში, მეორე – მეორეში და რო დაუნახავთ ლოგინები, მიმხვდარან, რაღაცა ნეტო საქმე იყო და გამოქცეულან.
– მერე როდის გაიგეს, რა იყო სექსი?
– მერე ერთ ჩვენს ნათესავთან მისულან მოსკოვში, იმას ნეგრი სიძე ყავდა, ეთიოპიიდან და იმისთვის უკითხავთ. ჰოდა, იმას უთქვამს, ის არიო, ძინ–ძინო. მაიტა კიდე ბიგუდი. ეს გოგო შენთანაა?
– ჰო, ტატა, აქა ვარ.
ტატა სარკესთან დადგა და ნუკას შეხედა.
– რას იკეთებ, ლოკონებს?
– ჰო.
– შენ სულ დაგოიმდი?
– მამაჩემის ნაშას ქონდა ასე თმა და მეც ეგრე მინდა.
– ის მამაშენის ნაშა იყო?
– ჰო. რა ბანძი იყო, არა?
ტატა გაჩუმდა.
– თქვი, თქვი, რატო გერიდება. რაუფ, ახლა ამ ფენში რამდენი ხანი უნდა ვიჯდე?
– ათი წუთი.
ნუკამ ფენში შეჰყო თავი.
– რას მეუბნებოდი, თავის მოკვლა თუ რაღაც ამდაგვარი მინდაო?
– რა? არ მესმის.
– რაებს ბოდავდი–მეთქი თავის მოკვლაზე?
– ხმამაღლა ილაპარაკე, ხომ ხედავ, რაშიც მაქვს თავი გაყოფილი.
გოგოები აყვირდნენ.
– რა და მართლა ბანძი იყო ის მამაშენის ქალი.
– ბანძი და ჩათლახი. ეგ რო ვუთხარი, სახეში გამარტყა.
– რა? მართლა?
– ჰო.
– დღეს მამაჩემს მაგისთვის სამაგიეროს გადავუხდი.
– როგორ?
– შენ ხო მოგწონს ვზროსლი ბიძები?
– გაგიჟდი შენ?
– არ შეგიძლია წაეფარცქვალო?
– კრეტინი ხარ.
– მაშინ ლიკას დავათრობ და იმას მივუქსევ. მერე მე სურათებს გადავუღებ ჩუმად.
– რა აზრი აქვს?
– რა და მომავალში მორალის კითხვას არ დამიწყებს. შენ რა თქვი, ვატო დედამისმა წაიყვანაო?
– ხო, თურმე თავის დაქალთან ყოფილა სტუმრად, ჩამოდის კიბეებზე და რას ხედავს, მისი შვილი იქვე არ ფსამს? დაავლო ხელი და გარეთ რომ გამოიყვანა, მე მაშინვე ავითესე.
– რაუფ, ხუთი წუთი გავიდა, ვეღარ ვითმენ, გამოვალ რა?
– გამო.
რაუფამ ნუკას ბიგუდები მოაცილა.
– ახლა წითელი პომადა, მწვანე კაბა და ხელში ბალონკა გჭირდება.
– ტატა, შენ რაღაც არ მოგწონს ჩემი სტილი.
– შენ რომ ამ ბოლო დროს უბერავ, ვერ ამჩნევ? წამო, წამო. მაგრამ გზაში არ დამელაპარაკო, ვითომ ჩემთან არა ხარ.
– მოიცა, გადავიხდი.
გოგოები ქუჩაში გამოვიდნენ.
– აუ, ამ თმებს ეს ბათინკები არ უხდება, მათხოვე რა შენი ფეხსაცმელი.
– სახლში გათხოვებ.
– არა, ახლა რა, გთხოვ. დღეს ჩემი დაბადების დღეა და არ გამიტეხო.
გოგოები ტროტუარზე ჩამოსხდნენ და ფეხსაცმელები გაცვალეს.
– ხო მიხდება?
– ვერ გიყურებ.
– წამო, რუსთაველზე კინოს ფოიეში შევიდეთ. იქ კარგი ტუალეტები აქვთ და თმასაც იქ დავისველებ. შენ გგონია, მართლა მომწონს ეს კულულები?
– აბა, მე მაშაყირებდი?
– არა, რაღაც ხომ უნდა მექნა, მამაჩემმა რომ ხელი გამარტყა.
ტატამ თანაგრძნობით შეხედა, მაგრამ ნუკას ეს არ შეუმჩნევია.
11
გოგოები კინოს ტუალეტში შევიდნენ, სადაც მძიმე როკი იყო ჩართული. ნუკამ თავი ნიჟარაში ჩაყო და ონკანი მოუშვა. ამ დროს ახალგაზრდა დამლაგებელი გოგო შემოვიდა და სიგარეტს მოუკიდა.
– რას შვრები, გაგიჟდი?
– გოგონი, რამე პირსახოცის მაგვარი მომიტანე, რა.
– აქ თავის დაბანა როგორ შეიძლება?
– არ იბანს, ისველებს, – წაეხმარა ტატა.
– ყველამ რომ აქ ასე ქნას, მერე?
– კაი, რა ბებიაჩემივით ლაპარაკობ ახალგაზრდა გოგო. პირსახოცი გვიშოვე, რა.
დამლაგებელი არ გაინძრა და მძიმე ნაფაზი დაარტყა. ტატამ ხელი ჩაიქნია და ტუალეტის ერთ–ერთ კაბინაში შევიდა. ნუკამ თმა გაიწურა.
– ეს რა გაქვს ჯიბეში?
– მაკრატელი.
– მათხოვე, რა.
დამლაგებელმა გოგომ მაკრატელი ამოიღო და ნუკას მიაწოდა.
ნუკამ სველი თმა დაგორგლა, ხელში მოიქცია და ძირში გადაჭრა. მერე თავი რამდენჯერმე გააქნია და მოკლე თმა ოვალურად, თან უსწორმასწოროდ ჩამოეყარა შუბლზე. მერე მაკრატელი დამლაგებელს დაუბრუნა.
– გმადლობთ.
– სხვათა შორის, სილამაზის სალონი აქედან ორმოცდაათ მეტრშია.
– სწორედ იქიდან მოვდივარ.
ტატა კაბინიდან გამოვიდა და ხელი გადაიბანა. დამლაგებელმა სიგარეტი წყლით ჩააქრო და გავიდა. ტატამ ნუკას რომ შეხედა, ყბა ჩამოუვარდა. ნუკამ გაიცინა.
– არაფერი არ მითხრა, ჰო, გავგიჟდი. წავიდეთ, თუ გინდა, პიცა ვჭამოთ.
– შენ რომ გიყურებ, არაფერი არ მინდა, – უთხრა ტატამ, მერე ტუჩზე თითი მიიდო და ნუკას ანიშნა, გამომყევიო.
ტატამ ნუკა ერთ–ერთ კაბინაში შეიყვანა, უნიტაზზე დადგა, ნუკასაც ანიშნა, იგივე გაეკეთებინა და გვერდით კაბინაში ტიხარს ზემოდან გადაახედა. მკერდმოღეღილი გოგო და შარვალჩახდილი ბიჭი კედელზე იყვნენ აკრულები და როკის რიტმის ქვეშ სექსი ჰქონდათ გაჩაღებული. ცოტა ხანს უყურეს. მერე გამოვიდნენ. ნუკამ ფოიეს კაფეში ორი პიცა და კოკა–კოლა აიღო.
– ჯერ კიდევ არ გამოსულან, წარმოგიდგენია? რა აქვთ ასეთი დაუმთავრებელი?
– კურდღლები ხომ არ არიან, დააცადე. მე მგონი, იმ ბიჭს ვიცნობ. აბა, დაველოდოთ. სანამ შევჭამთ, ხომ გამოვლენ?
– შენ ვიღას არ იცნობ.
– რა ჩემი ბრალია? – თავი გაიმართლა ტატამ.
ტუალეტიდან ჯერ ის გოგო გამოვიდა და ვითომც არაფერი, ერთ–ერთ მაგიდას მიუჯდა.
– არა, გოგო არ მეცნობა. ისე, კაი ნაშა ყოფილა.
ცოტა ხანში ბიჭიც გამოჩნდა. ტატამ პირზე აიფარა ხელი.
– ვინ არის? გეცნობა? – ჰკითხა ნუკამ.
– მშვილდაძე ნატა გახსოვს მერვე ბედან? სულ ვიღაც ბიჭი რომ აკითხავდა მანქანით და დაქალებიანად ასეირნებდა?
– მახსოვს, მაგრამ იმ ტიპს რომ არ გავს?
– ის არ არის. იმ ტიპს ძმაკაცები მოყვებოდნენ ხოლმე და ერთ–ერთი იმათთაგანია. ერთხელ ნატამ მეც წამიყვანა, მაშინ ეს იჯდა მანქანაში და მე დამეპადხოდა. ბასკინ რობინსში წაგვიყვანეს. გაგვხეთქეს ნაყინების ჭამით.
– არაა ცუდი ვინმე. მერე შენ რა ქენი? თუმცა, რა სისულელე ვიკითხე ახლა. შენ ხომ იმ ერთის იქით არსად იხედები. დეგენერატი ხარ.
– თორემ ამისკენ რომ გამეხედა, რა? მაგას სხვა კი არაფერი უნდა. ასე მიმაყენებდა კინოს ტუალეტში და გამჟიმავდა. მინდა ახლა მე ეს? ვაიმე, გამოიხედა. რა ვქნა, ნივიჟუ ვგლიჯო?
– კაცს ინტიმური ადგილები უთვალიერე და ახლა გინდა ნივიჟუ? არ გამოდის, გიყურებს.
ტატამ გაუცინა და ხელი აუწია. ის ბიჭი წამოდგა და ამათთან მოვიდა.
– ვა, ტატა? როგორ ხარ?
– კარგად. გაიცანი, ეს ნუკაა.
– ნუკა? სასიამოვნოა. მე სერგი ვარ. სად დაიკარგე, ტატა?
– სად უნდა დავკარგულიყავი, შენ თვითონ არ ჩანდი.
– ნატას ხედავ ხოლმე?
– იშვიათად.
ამ დროს ფოიეში რამდენიმე მამაკაცი ხმაურით შემოვიდა. ერთი შუაში დადგა და ხელი მაღლა ასწია.
– მეგობრებო, ერთი წუთით ყურადღებას ვითხოვ.
– ეს ვინღაა? – იკითხა სერგიმ.
– მგონი, პოეტია.
– მერე რა უნდა?
მამაკაცმა განცხადება გააკეთა.
– მეგობრებო, ამ ორიოდე წუთის წინ, ჩვენს სახელოვან მეგობარ პოეტ ჟურულს გაუჩნდა ბიჭი.
ვიღაცამ წაუსტვინა. დარბაზს ირონიულმა ჩურჩულმა გადაუარა.
– ზატო მე ორი წუთის წინ ჩამესახა, ძმაო, და რა ვქნა ახლა, ვიყვირო? – ხმამაღლა თქვა სერგიმ.
ხმაურით შემოსულები ხმაურითვე გავიდნენ.
– არ დაიმხეს, ტო, თავზე მთელი ქვეყანა ამ მწერლებმა და პოეტებმა? შენა, ტატა, დღეს რას აკეთებ?
– ნუკას დაბადების დღეზე მივდივარ.
– ვა, მართლა, ნუკა? სად იხდი, სახლში?
– არა.
– აბა?
– კაფე არმსტრონგში.
– ვა, ყოველდღე იქა ვარ. მოვალ და მოგილოცავ.
– არა, დღეს ყველას არ შემოუშვებენ. კაფეს ვხურავთ.
– მე იქ სვოი ვარ. ნუ გეშინია, მოვალ, მოგილოცავ და მერე ისევ წავალ.
– მე არაფრის არ მეშინია.
– კაი, წავედი, ჩემს გოგოს მივხედო, თორე ცოდოა, მარტო დავტოვე.
– მოიცა, სერგი, ეგ გოგო შენი ცოლია?
– არა, ტო, გაგიჟდი? რა მეცოლება.
– აბა, რა ჩაგესახა ორი წუთის წინ?
– ვიხუმრო არ შეიძლება?
– ისე, გვიან ათავებ. საერთოდ, ასე ხარ ხოლმე?
– რაა?
– არაფერი, პაკააა.
სერგი ცოტა ხნით შეჩერდა და ხან ერთს უყურა, ხან – მეორეს.
– რა იყო? – ჰკითხა ნუკამ.
– მაგარი პრიჩოსკა გაქვს, დედას გეფიცები. ისე, ჯგუფი რომაა, ტატუ, იმ გოგოებს გავხართ. შემთხვევით ლესბიანკები ხომ არ ხართ?
– სერგი, შენ, შემთხვევით, ქალების ტუალეტში ჩაცუცქული ხომ არა ფსამ ხოლმე?
– ააა... აი, თურმე რაშია საქმე. მომწვით? ისე, მე რეპეტეც შემიძლია. წამო, გინდა?
– მაჭამე ეს პიცა, თორე ამერია გული, – ტატამ ნახევრად ნაჭამი პიცა თეფშზე დააგდო.
სერგი წავიდა.
– რამდენი წლისაა ეს სირი?
– ვზროსლია, ოცდახუთის.
– ისე, თუ დააკვირდი, იმ გოგოს ჯენიფერა ლოპესივით ლიაშკები აქვს.
– ეგეთი რომ ქონდეს, რა უჭირს. პროსტო კაი ჯინსი აცვია. გვერდებში გუბკები აქვს დამატებული, იცი?
– ვინ უმატებს?
– ფირმა, რომელიც კერავს. ახლა ეგეთი ლიაშკებია მოდაში. მართლა, რას იცვამ დღეს?
– წარმოდგენა არა მაქვს. წამო, წავიდეთ, სახლში უნდა მივიდე, თორე დედაჩემი აწიოკდება. წამოხვალ შენც?
– არა, მივალ სახლში, ჩემებს დავენახვები, თორე მერე სკანდალს ამიწევენ.
გოგონები ქუჩაში გავიდნენ და ერთმანეთს დაშორდნენ. ნუკა სახლში ავიდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 
































































