asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლელა + ლევანი
ლელა + ლევანი
ლელა + ლევანი

2011-05-12 15:45:34



12
თბილისში საგრძნობლად დათბა. მტკვრის ხეობიდან გრილი ნიავი ქრის, ხეები ფოთლებით შეიმოსა, ქალაქის შემოგარენში გორაკებიდან ამდგარი ორთქლი მკრთალი ნისლივით გაწოლილა.
ნაშუადღევს ორბელიანის ბაღში ჩავედი, აუზთან ჩამოვჯექი და მოშორებით მოთამაშე ბიჭუნებს ხალისით მივაჩერდი. ბაღის ქვედა მხარეს მდებარე ძელსკამები ლოთებს დაეკავებინათ, შექუჩებულიყვნენ და წყალნარევ სპირტს სვამდნენ, ხახვსა და პურის ნატეხს ატანდნენ. ყვავილების ბაზართან მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთში ირეოდა, მანქანა გაჩერდებოდა და თაიგულმომარჯვებული მეყვავილეები ალყაში მოიქცევდნენ, შიგ მსხდომთ ხმამაღლა ევაჭრებოდნენ; ღია კაფეში მამაკაცები ისხდნენ და ლუდს შეექცეოდნენ.
ბაღის ზედა მხარეს ლევანი შევნიშნე, კაფისკენ ხელი აწია, ახლავე შემოგიერთდებითო, ლუდის მსმელებს გასძახა და ჩემკენ გამოემართა – ვიდრე მომიახლოვდებოდა, აუზისკენ შევბრუნდი და შადრევნის შხეფებს სახე მივუშვირე.
– ამ ლოთებმა თავი მოგვაბეზრეს, ამათი მორჯულება არ იქნა, რამდენჯერ დავაწიოკეთ, ბაღიდან გავყარეთ, მაგრამ ისევ ბრუნდებიან და აქაურობას ანაგვიანებენ... ყოველდღე ერთი ლოთი კვდება, სიმცირე მაინც არ ეტყობათ, კვლავ მრავლდებიან... – მიკითხვ–მოკითხვის შემდეგ გაღიზიანებით მითხრა ლევანმა და მათ მიმართ სიბრალულიც გამოხატა, – ისე, ცოდვები არიან!..
– ლოთობა მარტო სოციალური სიდუხჭირითა და სისუსტით გამოწვეული სენი როდია, თითოეულის ცხოვრება რომ გამოიკვლიო, დარწმუნდები, ამათი ამჟამინდელი ყოფა ადამიანთა გაუტანლობისა და ამსოფლიური ტრაგიზმის შედეგია... ამათ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიეს და მათი მარცხი მხოლოდ საკუთარ თავთან ბრძოლით არის გამოწვეული. ესენი ნელ–ნელა, უხმაუროდ იკლავენ თავს. ჩემი აზრით, ლოთი ლაჩარი, უნებისყოფო და მშიშარაა. ბევრი მათგანი ადრე ნარკომანი იყო, დამღუპველი უკიდურესობიდან თავის დასაღწევად მეორე უკიდურესობაში გადაეშვნენ. ზოგს ცოლი გაექცა საზღვარგარეთ, უიმედოდ დარჩენილს კი არსებობის შნო არ აღმოაჩნდა, დაიბნა, საკუთარი უმწეობის შეგრძნებას ჭკუიდან რომ არ შეერყია, ხსნა ლოთობაში ჰპოვა. მოკლედ, ხელმოცარული ხალხია. აი, ის, წვერგაბურდული მოხუცი, ცალკე რომ ზის და ნაომარივით თვლემს, სიყვარულში დამარცხებული ქმარია და ამიტომაც აუცრუებია გული...
ამ დროს ერთ, სუფთად ჩაცმულ, "ბლანჟეიან" მამაკაცს, რომელსაც თავი ყოჩივით ეჭირა და ალბათ იმითაც ამაყობდა, დანარჩენი ლოთებისგან ჩაცმულობით რომ გამოირჩეოდა, ვიღაც მიმზიდველი გარეგნობის მანდილოსანი მიუახლოვდა, რუსულად გამოელაპარაკა, გვერდზე გაიხმო, მკაცრი გამომეტყველება მიიღო და სახეში ისეთი გაულაწუნა, ექომ აუზს გადაუარა. ვიფიქრე, დაკა–დაკა ატყდებოდა, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ, კაცი შერისხულივით შებრუნდა, მერე შედგა, თითქოს ლოთი თანამეინახეების შერცხვა და შეპასუხება სცადა, მაგრამ ქალმა ერთიც რომ გაულაწუნა, ხელები თავზე წაიფარა და ნაცემი ბავშვივით მოქუსლა – კუდამოძუებული გარბოდა. ქალი ფეხდაფეხ მისდევდა, ლანძღავდა, ემუქრებოდა, დანარჩენზე სახლში მოგელაპარაკებიო.
ლევანი ლოთებს მისჩერებოდა, რომლებიც გაძევებულ ძმაკაცს ერთხელ არ გამოესარჩლნენ, თითქოს არაფერი შეუმჩნევიათ, წყალნარევი სპირტის დალევას არხეინად განაგრძობდნენ, ერთმანეთს უსმენდნენ და დაცლილ ჭიქებს ხელმეორედ ავსებდნენ.
ბიჭმა კარგა ხნის შემდეგ შემომხედა, ალბათ უკვირდა, ლოთებზე ამდენი საიდან იცისო. სიყვარულში დამარცხებული კაცი რომ ვახსენე, ახლა იმისკენ მიმართა მზერა, გამომეტყველება შეეცვალა და უჩვეულო ცნობისმოყვარეობით მკითხა:
– სიყვარულში რამ დაამარცხა?
– ცხოვრებამ! – მოჭრით ვთქვი.
შეიშმუშნა, რაც იმას ნიშნავდა, პასუხმა არ დააკმაყოფილა და მომლოდინე ინტერესით მომაჩერდა.
– ეს კაცი წლების განმავლობაში ერთ–ერთი სამშენებლო ტრესტის მმართველად მუშაობდა, საყვარელი ცოლი და ორი ვაჟი ჰყავდა. ფული არ აკლდა და გავლენა, ქალაქში მდიდრულად მოწყობილი ბინა ჰქონდა, ქალაქგარეთ კი ფეშენებელური აგარაკი. ცხოვრობდა უდარდელად, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად. 80–იან წლებში, ქვეყანა რომ აირია და ძველი წეს–წყობილება ახლით შეიცვალა, ტრესტის მმართველსაც სადარდებელი გაუჩნდა, უმუშევარი დარჩა. მისი ვაჟები მაშინ სტუდენტები იყვნენ და თავისთავად ხელშეწყობა ესაჭიროებოდათ. ჯერაც ახალგაზრდა ცოლს კი უზრუნველი ცხოვრება წყუროდა. კაცმა ბევრი იფიქრა და ბოლოს კაი ხნის დანაზოგი თანხა კერძო ბიზნესში დააბანდა, რომელიღაც ახალშექმნილ ფირმას სხვა ქვეყნიდან ათი ათასი ტონა საწვავი უნდა შემოეტანა. ერთი სიტყვით, კაპიტალი, რომელზეც მისი ოჯახის ბედი იყო დამოკიდებული, უგზო–უკვლოდ გაქრა, საქმის შუამავალი კი, ვისაც სინამდვილეში პასუხი უნდა ეგო, მოულოდნელად გარდაიცვალა. განსაცდელში ჩავარდნილმა კაცმა ვინ აღარ შეაწუხა: შავები, ოფიციოზის წარმომადგენლები, რეკეტები და რა ვიცი, ქვეყანა ააწრიალა, მაგრამ ამ საქმეს თავი და ბოლო ვეღარ გაართვა – პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. ამასობაში ვაჟებმა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრეს, პოლიტიკაში აღარ გაერივნენ და ბედის საძებნელად რუსეთს მიაშურეს. ბოლო დროს ტრესტის ყოფილ მმართველს ვიღაც ნაპროკურორალი, თაღლითი და ყველა ხვრელიდან განაძრომ–გამონაძრომი ადვოკატი დაუახლოვდა. განსაკუთრებით თავისი კლიენტის მიმზიდველი ცოლის ნდობა მოიპოვა, შეეკრა, ეჟვანი შეაბა და მასთან სასიყვარულო რომანი გააბა, ბედნიერ ცხოვრებაზე ოცნებით თავგზა აუბნია. რქოსანი ქმარი დაარწმუნა, მთელი ქონება ცოლს გადაუფორმე, თორემ წარსულს გამოგიჩხრეკენ და დაგიყადაღებენო. გაბრიყვებულმა ქმარმა საკუთარი ავლადიდება მართლაც ცოლს გადაუმტკიცა და გონს მაშინ მოეგო, როცა ცარიელ–ტარიელი დარჩა – ქალი ყოფილ პროკურორთან ერთად იტალიაში გაიქცა და გაყიდული ქონებიდან შემოსული თანხაც თან წაიღო. საგონებელში ჩავარდნილ კაცს ვაჟებმა შემოუთვალეს, ვერაფრით დაგეხმარებით, ჩვენ თვითონ რუსი ცოლების კალთას ვართ ამოფარებული, თავი ძლივს გაგვაქვსო. ასე აღმოჩნდა ქუჩაში ადამიანი, რომელსაც ერთ დროს გათენება უხაროდა, ცოლ–შვილი უყვარდა, სახელიც ჰქონდა და სიმდიდრეც. ყველაფერი დაკარგა, მაგრამ თავი ვერ მოიკლა და დარდს რომ გამკლავებოდა, ლოთობა დაიწყო...
ლევანი ხმას არ იღებდა, გაუბედურებულ კაცს უჩვეულო თანაგრძნობით მისჩერებოდა. ამ დროს ძნელაძის ქუჩაზე ვიღაც ქალი შენიშნა, დაძაბულად შეირხა და შეთქმულივით მიჩურჩულა: "ლელას დედაა!" მივიხედე, თვალში მომხვდა მაღალი, მხრებში გაშლილი მანდილოსნის სილუეტი, რომელმაც ისე ჩაიარა, ჩვენკენ არ გამოუხედავს.
– არ გესალმება? – განგებ ვკითხე.
– სათოფეზე არ მიკარებს! – სინანულით ჩაეღიმა.
– უნდა ივარგო და მიგიკარებს!
– უვარგისი ვარ? – ხმაში წყენა შევატყვე.
– ცხოვრებას ალღო უნდა აუღო, მარტო კარგი ბიჭობა არ კმარა... წეღან ვთქვი, ლოთების უმრავლესობა ცხოვრებისგან დამარცხებულნი არიან–მეთქი, ჰოდა, ამქვეყნად ადამიანი იმისთვის არსებობს, ყოველგვარ განსაცდელს გაუძლოს, ცხოვრებას მოერგოს და პიროვნებად ჩამოყალიბდეს... სიყვარული თავისთავად არსებობაა და ამის უფლება უნდა მოიპოვო.
– სიყვარულის უფლება ყველას აქვს!.. – ქვეშიდან გამომხედა.
– ლოთებსაც? – გამომწვევად გამეღიმა.
– რა თქმა უნდა! – ნიშნის მოგებით მიპასუხა.
– ცდები... მაგათ რომ ყური დაუგდო, – ძელსკამისკენ გავახედე, ორ–სამ ლოთს თავი მოეყარა და გაზავებულ სპირტს სვამდა, – გაგაოცებენ, ისეთი გზნებითა და პათოსით ახსენებენ მეგობრობას, სიყვარულსა და სამშობლოს, მათ გულმხურვალებაში ეჭვს ვერ შეიტან. სინამდვილეში არაფრის თავი აქვთ, ვერც სამშობლოს დაიცავენ და ვერც მეგობრად გამოდგებიან, ქალის სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...
– მეწყვილე ყველას გამოუჩნდება და მამულისთვის თავდადება ყველა ხელმოცარულს შეუძლია!..
– გეთანხმები... მაგრამ, მთავარი მაინც ის არის, სიცოცხლე უნდა შეგეძლოს, ქვეყნისთვის თავის გაწირვა და მეგობრისთვის სიკეთის კეთება მოწოდებად უნდა გექცეს, სიყვარულის გახანგრძლივების შნო უნდა გქონდეს და იმ წინამორბედი გრძნობის დაფასება უნდა იცოდე, რაც შენი წარმომავლობის საფუძველი გამხდარა...
ლევანი ალმაცერად მიყურებდა.
– სიყვარულსაც უფლება უნდა? – ფიქრიანად ჩაილაპარაკა.
– ვერ ხედავ, რომ გედავებიან? – ძნელაძის ქუჩისკენ გავახედე.
– ამქვეყნად ისე ვერ იარსებებ, არ შეგედავონ... მღვდელს, მწერალს, მხატვარს თუ რეჟისორს არ ედავებიან? – გამომწვევად მკითხა.
ჩამეცინა.
– შემდავებელი ყველას ჰყავს, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინე, მღვდელს ღმერთის სამსახურისთვის შეედავონ, მწერალს წერისთვის და მხატვარს ხატვისთვის, რა სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან!..
ლევანი ჩაფიქრდა.
– ცნობილი პოლიტიკოსი ან ბიზნესმენი რომ გავხდე, მაშინ თუ მექნება სიყვარულის უფლება? – მღვდელსა და შემომქმედს თავი აღარ შეადარა და ამიტომაც სხვებს გადასწვდა.
ისევ ჩამეცინა.
– განა ვინმეს სიყვარულის აკრძალვა შეუძლია?.. უბრალოდ, სიყვარულსაც უფლება, გატანა და შენარჩუნება უნდა... როცა ამქვეყნად შენს საკეთებელს მიაგნებ, რამდენიც უნდათ, იმდენი გედავონ, ვერაფერს დაგაკლებენ... ასე რომ, ცნობილი პოლიტიკოსი კი არა, მეკურტნე რომ იყო, სიყვარულის უფლებას ვერავინ წაგართმევს.
– მე ნამდვილად მოვიპოვებ სიყვარულის უფლებას, მხოლოდ ჩემივე კარნახით და ნებით! – ჯიუტად მომიგო მან და თვალებში უჩვეულო შუქი ჩაუდგა.
ჩვენ თითქოს ერთმანეთს კარგად გავუგეთ, თუმცა იგი ისე დუმდა, ვიგრძენი, ბოლომდე კმაყოფილი არ იყო.
– იმათ ხომ ხედავ?.. – მალე დაარღვია სიჩუმე და კაფისკენ მიმითითა.
მეც თავი შევაბრუნე და დაკვირვებით გავიხედე, ნაცნობები დავლანდე.
– იქ რაფიკა, ავთო დადიანი და ანანია სხედან, ისინი ჩემი უფროსი მეგობრები არიან, ლუდსა და არაყს სვამენ, სიყვარულზე, კაცობასა და პატიოსნებაზე საუბრობენ, – შეგნებულად დავდუმდი, ანანია ზურგით იჯდა, ჩვენი მეგობრობის შესახებ არაფერი ვთქვი, მაინტერესებდა, საით მიჰყავდა ლევანს საუბარი, – ისინი ამ უბნის ყოჩები არიან, არც არავის ედავებიან და არც მოდავეს შეარჩენენ რამეს... ცხოვრებაში ბევრი რამ გადახდენიათ, ზოგჯერ ციხეშიც ხეხავენ ნარს და ზოგჯერ თავისუფლებითაც ტკბებიან, ხან ნარკოტიკს ეტანებიან და ხანაც ღვინოს, სამშობლოც უყვართ და ქალიც, ქიციც იციან და ქიცმაცურიც, ქესეტად არიან თუ მსუყედ, წონასწორობას არასოდეს კარგავენ, ყოველთვის კაცურად იქცევიან და სხვებსაც კაცობისკენ მოუწოდებენ... მშურს მათი და მეამაყება კიდეც... დავიჯერო, მეგობრის, სამშობლოსა და ქალის სიყვარულისთვის მათ ვინმე შეედავება? – ლევანს თვალები უჩვეულოდ უბრწყინავდა, თავისივე წარმოდგენით შეფასებულ ადამიანებს კმაყოფილებით უცქერდა.
– ამათ, ჩემო ლევან, ცხოვრებაში იმდენი ავ–კარგი ნახეს, უკვე ზომიერების ფასიც იციან: ღმერთის წინაშე არ კრთიან, ცოდვის სიმძიმეს არ გაურბიან და არც სიკეთის ჩადენით ყოყოჩდებიან, სინანულიც შეუძლიათ და უკან დახევაც, გადაჭარბებით არაფერს იჩემებენ, ადამიანურ გრძნობებს პატივს სცემენ და სიძულვილშიც ზღვარს იცავენ, საკუთარ სიცოცხლეს საქმეს არ გადააყოლებენ, თავმოყვარეობისთვის კი სასწორზე დადებენ; ხოლო ვინც ზომიერებას იცავს, მან საკუთარი თავის ფასიც იცის და სიყვარულისაც... – ლევანი ისე მისმენდა, მთლად კარგად ვერ მიმხვდარიყო, მომწონდა თუ შეფარულად ვაქილიკებდი მის ნაქებ ხალხს, – ასეთები არასოდეს გალოთდებიან, მოკვდებიან და ცხოვრებაზე ხელს არ ჩაიქნევენ... სწორედ ამგვარი ზომიერებით ინარჩუნებენ ადამიანობას და უკიდურესობაში არ ვარდებიან... ეგერ ის, ზურგით რომ ზის, ჩემი მეგობარია, აქამდე ფათერაკებით, ძმობისა და სიყვარულისთვის ბრძოლით მოატანა, დიდი ქართველი წინაპრის, ანანია სალუქვაძის შვილიშვილია, იმ ანანიასი, რომელმაც საფრანგეთში მიმავალ ჟორდანიას კაიუტაში ბარათი დაუტოვა: "მაპატიე, ნოე, რა ბედიც არ უნდა მეწიოს, სამშობლოს ვერაფრით დავტოვებ!" ასეთი წინაპრის ნაშიერს, ვისაც ამქვეყნად მხოლოდ ქალის სიყვარულისთვის არ უცხოვრია და სამშობლოს კეთილდღეობისთვის თავი დაუდვია, ვერაფერში შეედავები... ასე რომ, თუ გინდა, არ შეგედავონ, სხვა სიყვარულითაც უნდა იცხოვრო... შენც პოტენციური წინაპარი ხარ და, მომავალ თაობას სიცოცხლის ნიადაგი რომ გაუფხვიერო, ყველაფერთან ერთად, შენი ქვეყანა, ღმერთი და საქმე უნდა გიყვარდეს!..
ამ დროს ანანიამ შეგვნიშნა, ფეხზე წამოდგა, ჩვენც მივუახლოვდით, თბილად შეგვეგება, დანარჩენებმა მიიწ–მოიწიეს და მაგიდასთან ადგილი გაგვითავისუფლეს.
"არა, სიყვარულში ზომიერებას ვერაფრით დავიცავ!" – ისეთი მტკიცე და მოულოდნელი გადაწყვეტილებით გადმომჩურჩულა ლევანმა, სახტად დავრჩი, მისი სიტყვები სხვებსაც რომ გაეგონათ, ალბათ ისინიც გაოცდებოდნენ.
13
ეკლესიაში შევედი, ლოცვის შემდეგ მღვდელი მელაპარაკა: "ხშირად ილოცე და სულიერად გაძლიერდები, კუნთმაგარი თუ გინდა იყო, გამაჯანსაღებელი ვარჯიშები უნდა ჩაატარო, სულსაც წვრთნა უნდა, რწმენა და სიყვარული რომ შეინარჩუნო, ღმერთს მუდმივად შენდობა სთხოვე".
უბანში უსტო გამოჩნდა, თავისუფლად დაიარებოდა, პოლიციაში ფული გადამახდევინეს, დაზარალებულს ჩვენება შეაცვლევინეს და თავი დამანებესო. თემოსაც შევხვდი, "ბიჭი შემეძინა!" კმაყოფილმა მითხრა. მივულოცე, მოვუბოდიშე, არაფერი ვიცოდი–მეთქი. "ბიჭო, ამ მაკამ თავი მომაბეზრა! – შეწუხებული გამომეტყველებით შემომჩივლა და დაბნევით დასძინა, – გალია მოთმინებიდან გამოიყვანა, ბავშვს მოგიწამლავო, დაურეკა... საბურთალოზე ბინა ვიქირავე, ხანდახან იქ მიმყავს, მაგის მორჯულება მაინც არ იქნა... ცხოვრებას მიმწარებს!". თანაგრძნობით მივაჩერდი, "რა უნდა, თავის გზაზე რატომ არ მიდის?!". თავმობეზრებით შემომხედა, "შენ გამო ოჯახი დავანგრიეო, ყოველდღე მაყვედრის!". დადუმდა, დაძაბულად ამოიხვნეშა; "შენ რა, მაგის ოჯახის დანგრევაში წვლილი მიგიძღვის?" – ინტერესით ვკითხე. გამომეტყველება შეეცვალა: "არასოდეს არაფერს დავპირებივარ და არც იმედი მიმიცია... ჩვენ შორის ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა!". რაღაცნაირი სინანულით ჩაილაპარაკა. თავი გავაქნიე, ისევ დავდუმდი. თემო თავად ალაპარაკდა, თითქოს ჩემს იდუმალ კითხვას პასუხი გასცა: "არ მიყვარდა, ცოლიც ამიტომ შევირთე, მაშინაც არ მასვენებდა და ახლა გალიასთანაც მინგრევს ცხოვრებას..." ამ დროს უსტო მოგვიახლოვდა, "შენ, ნუ გააწყალე გული, ბიჭო, შენი ქალებით!" – მეგობრულად გაიხუმრა და თემოს მხარზე ხელი დაადო. ორივეს გაგვეღიმა, მერე ორბელიანის ბაღში შევედით და ქალების თემა ცივი ლუდის დალევით შევცვალეთ.
მოგვიანებით ლელას დავურეკე. მოწყენილობა შევატყე, შევწუხდი. დაიჟინა, გეჩვენებაო და მეორე დღისთვის შეხვედრა დამითქვა.
ნარიმანთან შევიარე, ნარდს ვეთამაშები და ცოტას გავერთობი–მეთქი. მასთან სტუმარი დამხდა – ღვინოს შეექცეოდნენ; ტომა დივანზე იჯდა, სიგარეტს ეწეოდა, ქმარს თვალებში შესციცინებდა. ჩემს დანახვაზე გულწრფელად გაიხარეს, მაგიდასთან მიმიპატიჟეს და ოცდაათიოდე წლის მამაკაცი გამაცნეს.
– გიორგი ახალაია, ჩემი მეგობარია! – ამაყად წარმომიდგინა ნარიმანმა და სტუმარს ბეჭზე მსუბუქად შეეხო.
გიორგის ნაღვლიანი თვალები და დასიებული უპეები ჰქონდა; როგორც შევხედე, მაშინვე ვიფიქრე, ცხოვრებას წაუხდენია–მეთქი. გვერდით მივუჯექი, ლოთებისთვის დამახასიათებელი სუნი ვიგრძენი. თითქოს ინტერესით შემომხედა, თუმცა უჩვეულო მობეზრებით დამიქნია თავი, რაც იმას ნიშნავდა, ჩემთვის ყველაფერი სულერთიაო. ერთი შეხედვითაც ჩანდა, არც აღზრდა აკლდა და არც ზრდილობა. ერთი–ორი სასმისის შემდეგ დაკვირვებით ამხედ–დამხედა, თითქოს ჩემმა მოულოდნელმა სტუმრობამ ხელი შეუშალა, ფეხზე წამოდგა, მოგვიბოდიშა, "ჩემი წასვლის დროა!" მობეზრებით ჩაილაპარაკა და ნარიმანს თვალებში საწყალობლად მიაჩერდა, აშკარად რაღაც შეახსენა. "ჰო, ჰო... – ჩაიბუბუნა ნარიმანმა, უხერხულად გადმომხედა, არ იფიქროს, წყალწაღებული მეგობარი მყავსო და გიორგის მეგობრულად უთხრა, – შენთვის არაფერს დავიშურებ!" სასმისი ასწია, დალოცა, ჭიქა გამოცალა და გასასვლელამდე გააცილა, ჯიბეში რაღაც ჩაჩურთა. გიორგი წაბარბაცდა, თავი ძლივს შეიკავა, "ღმერთი გფარავდეთ", ჩაილაპარაკა და თავის გზას გაუყვა.
– ასეთი ბიჭი ქალაქში მეორე არ დადიოდა! – სინანულით ჩაილაპარაკა ნარიმანმა, ჭიქა შეავსო და ისე ჩაფიქრდა, თითქოს გიორგის წარსული გაიხსენა.
– რა დაემართა? – ინტერესით ვკითხე.
– ეხ!.. – ხელი ჩაიქნია, – ყველა გაჭირვებულს გაუმარჯოს!.. – თანაგრძნობით თქვა და ვიდრე სასმელს გამოცლიდა, თვალებით მანიშნა: "რატომ არ სვამ?"
– გაუმარჯოს! – ხმადაბლა გავიმეორე და ჭიქა ნახევრამდე გამოვცალე.
ტომამ სუფრიდან გიორგის თეფში აიღო, სამზარეულოში გაიტანა, მერე ცარიელი სკამი მოიჩოჩა და გვერდით მოგვიჯდა.
– პედაგოგების ოჯახში გაიზარდა, არაჩვეულებრივი დედ–მამა ჰყავს, გლდანის მასივში ცხოვრობენ... – ყვებოდა ნარიმანი და თეფშზე ჩანგალს არაწკუნებდა, – სკოლა და ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა, სამაგალითო ახალგაზრდა გახდა. როცა ეროვნული მოძრაობა გააქტიურდა და ქალაქში მიტინგები გახშირდა, გიორგი, რა თქმა უნდა, კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო ბანაკში აღმოჩნდა. საკუთარმა ნიჭმა და პოლიტიკურმა ალღომ მისი დაწინაურება განაპირობა და ცნობილი ლიდერების ყურადღება მიიპყრო... – ნარიმანი მოულოდნელად დადუმდა, ჩანგალი თეფშზე დადო, ღვინით სავსე ჭიქას დასწვდა და საქართველოს სადღეგრძელო წარმოთქვა, ჩემთვის აღარ შემოუხედავს, დარწმუნებული იყო, ამ სასმისს არ გამოვტოვებდი და კვლავ განაგრძო, – პარტიაში ვიღაც ქმარშვილიან ქალს გადაეკიდა და ბოლოს, თითქოსდა პოლიტიკური მოსაზრებით, მასზე დაქორწინდა... გიორგის პირველ ცოლთან ორი მოზრდილი გოგონა დარჩა. ახალშეუღლებულმა წყვილმა "მარჯანიშვილის" მეტროსთან შეიძინა ბინა და ცხრა თვის შემდეგ ამ ქვეყანას ბიჭიც მოევლინა. ბოლოს ეროვნულ მოძრაობაში განხეთქილება მოხდა და გიორგის პარტია ხელისუფლების გარეშე დარჩა, არჩევნებშიც დამარცხდა და საზოგადოებაში მისი გავლენაც შესუსტდა. პოლიტიკური ენთუზიაზმით შეუღლებული ცოლ–ქმარი უმუშევარი დარჩა. ქალმა მეტი ფხა გამოიჩინა, მიდგა–მოდგა და ვიღაც გავლენიანი მამაკაცის დახმარებით ერთ–ერთი სკოლის დირექტორობას გამოჰკრა ხელი; მერე ის კაცი გიორგის დაუახლოვა, შინ მოიჩვია და ქმრისთვის თვალებში ნაცრის შეყრა ურცხვად დაიწყო. გიორგი გონს გვიან მოეგო, როგორღაც სხვა პარტიაში შესვლა მოახერხა, ბევრი იჩალიჩა, მაგრამ შელახული რეპუტაცია ვერაფრით აღიდგინა. ამასობაში სკოლის დირექტორს უნიათო ქმრის ყურება მობეზრდა, თანაც საყვარელ კაცთან მეტი თავისუფლება მოუნდა და ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი გიორგი სახლიდან გამოაძევა. ცხოვრებისგან გარიყულმა, უიღბლო ქმარმა ლოთობას მიჰყო ხელი, ზოგჯერ ძველ ნაცნობებს გაიხსენებს, გაუვლის და დასალევის ფულს სთხოვს. თუ მისცემ, დაგლოცავს, არ მისცემ, მაინც დაგლოცავს, ასე უბოროტოდ დააბიჯებს და სიცოცხლეზე ხელჩაქნეული სიკვდილს ნელ–ნელა უახლოვდება... ასეა, თუ ბედმა ერთხელ გიმუხთლა, ან თავად გაუშვი ხელიდან, მორჩა, მერე ვერაფრით მოიხელთებ... აგერ, ერთ დროს მე და ტომასაც არ გაგვიმართლა, ცხოვრებას ჩამოვრჩით, მაგრამ ერთმანეთს მხარი ავუბით და წუთისოფლის გაუსაძლისობას ფეხდაფეხ მივყევით... – ტომამ ქმარს ქვეშიდან გახედა, თითქოს შეპასუხება სცადა, მაგრამ გადაიფიქრა და ხელი ღვინით სავსე ჭიქისკენ წაიღო.
– დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს!.. – გატეხილი ქართულით წარმოთქვა და ნარიმანს მრავლისმეტყველად გაუღიმა.
– გაუმარჯოს! – ყრუდ გამოცრა კაცმა და შვებით ამოისუნთქა, მერე თითქოს რაღაც გაახსენდა, ტომას თანაგრძნობით მიაჩერდა, ცარიელი ჭიქა მშვიდად შეავსო და გულწრფელად წარმოთქვა, – ტომას გაუმარჯოს, ჩემს გადამრჩენს! – ჭიქა მომიჭახუნა და სასმისის გამოცლა მთხოვა.
ქალმა ცრემლები გადაყლაპა, დაბნეულად გაგვიღიმა, მადლიერების გრძნობით მოგვავლო თვალი და ვალმოხდილივით დადუმდა.
იმ ღამეს მე და ნარიმანს ნარდი აღარ გვითამაშია.
დილაუთენია ბაჩომ მომაკითხა, ადექი და გამომყევიო, ანერვიულებულმა მითხრა. ლოგინიდან წამოვხტი, სწრაფად ჩავიცვი, ცუდი რამ მენიშნა, ხომ მშვიდობაა–მეთქი, ვკითხე და მასთან ერთად ქუჩაში გავედი. თემომ დარეკა, გალიასთან ვარ მესამე მასივში, რაღაც უსიამოვნება შემემთხვაო, თქვა ბაჩომ და სიგარეტს მოუკიდა. ვაჩნაძის ქუჩაზე იზო დეიდა გველოდებოდა, ქმრისთვის არაფერი მითქვამს, წუხელ ნასვამი მოვიდა და აღარ გავაღვიძეო.
კარი გალიამ გაგვიღო და ისეთი უჩვეულო გამომეტყველებით შეგვიპატიჟა, თითქოს მძინარე ბავშვის გაღვიძებას ერიდებოდა. სასტუმრო ოთახში ფეხაკრეფით შევედით და ხელებში თავჩარგულ თემოს მოულოდნელად წავადექით. ხმაურზე თავი წამოწია და საშინლად დაღლილი, უძილობისგან ამღვრეული თვალები მოგვაპყრო.
– რა მოხდა, დედა?! – შეშფოთებით იკითხა იზომ.
თემურს ერთხანს ხმა არ ამოუღია, აშკარად ყოყმანობდა, თითქოს რაღაცის თქმა უჭირდა, მაინც ვერ გამიგებენო.
– მაკა მოვკალი!.. – ყრუდ გამოცრა, რატომღაც მე შემომხედა, "ხედავ, სადამდე მიმიყვანა?"
გალია აქვითინდა.
იზო დეიდა ერთხანს გაშეშდა, მერე გონს მოეგო და თემოს გვერდით მიუჯდა, მღელვარება არ შეიმჩნია, თითქოს ახლა გაახსენდა აქვე, მეორე ოთახში ბავშვს უნდა სძინებოდა და ირგვლივ მიმოიხედა, სინამდვილეში, სათქმელს ეძებდა, შეკითხვასაც ეკრძალებოდა, უხერხულად არ გამომივიდესო.
– წუხელ დარეკა, საბურთალოზე გამოდიო... – აღსარებასავით დაიწყო თემომ, – გაგულისებული დამხვდა, შენს პირველ ან მეორე ცოლზე ნაკლები რითი ვარო, ბავშვს ვერ გაგიჩენდი თუ დედობას ვერ შევიშნოებდიო, გაუტია და გაუტია, მოთმინება დამაკარგვინა, – ბაჩოს ანიშნა, სიგარეტი მომაწევინეო, ამან მოკიდებული მიაწოდა, ნაფაზი მოწყურებულივით დაარტყა, გააბოლა, კვამლში გაეხვია, – თავი დამანებე, შენი გზა ნახე, ჩემი ცხოვრება მაქვს–მეთქი, ვეუბნებოდი და ერთი სული მქონდა, როდის გავეცლებოდი; შენ გამო ოჯახი დავანგრიე, ყველაფერზე ხელი ავიღე და ახლა ვნახო ჩემი გზაო, წინ გადამეღობა და ისტერიულად აყვირდა... ვერაფრით გავაჩუმე, პირი ვერ დავამუწინე, არადა მის ყოველ სიტყვას ჭკუიდან გადავყავდი, ბოლოს თვალებზე ბინდი გადამეფარა, ყელში ვწვდი, მომშორდი–მეთქი... ჯიქურ მომჩერებოდა და, ცოცხალი თავით არ დაგეხსნებიო, მუქარით ჩურჩულებდა, მკაწრავდა, მკბენდა, მჯიღებს მირტყამდა... გავმხეცდი, რას ვაკეთებდი, აღარ ვიცოდი, მთელი არსებით მინდოდა, გამეჩუმებინა, თავიდან მომეშორებინა და საბოლოოდ გავთავისუფლებულიყავი... მისი გადმოკარკლული, ბუდეებიდან გადმოქაჩული თვალები შურისძიებით მომჩერებოდა, მე კი, მის მზერას რომ გავქცეოდი, ყელში მთელი ძალით ვუჭერდი... ბოლოს თითქოს ჩვარივით გადაიქცა, ტანით მკერდზე ჩამომეკიდა, უმწეოდ შემომხედა და მიტკალივით გადაფითრებული იატაკისკენ ჩაცურდა... აღარ სუნთქავდა, მივხვდი, დავახრჩვე... – თემო ერთ წერტილს მისჩერებოდა, თითებს ისე შლიდა და მუჭავდა, თითქოს ვიღაცას ახრჩობდა, ბოლოს თვალი მოგვავლო და მწარე სინანულით გაიღიმა.
– ახლა სად არის?! – გონს მოსულივით იკითხა იზომ და შემოსასვლელს შიშით გახედა.
– ზეწარში გავახვიე და დივანის ქვეშ დავმალე! – ისეთი საქმიანი გამომეტყველებით უპასუხა თემომ, თითქოს სამხილის გასაქრობად ამაზე უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებდა.
– უიმე!.. – შეიცხადა ქალმა, ლოყაზე ხელი იტაცა, ისე აფორიაქდა, აქაოდა მარტო იმის შიში ჰქონდა, გვამის პოვნა არავინ დაგვასწროსო.
– ჯერ ვერაფერს შეიტყობენ! – დამამშვიდებლად მიუგო თემომ და ბაჩოს სიგარეტი ისევ სთხოვა.
– ახლა ჩემს ნათესავ კაცს დავურეკავ... რახან საქმე წახდა, რჩევას ვკითხავ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და, როგორ მოვიქცეთ, მან უკეთ იცის... – საქმიანი გამომეტყველებით ამბობდა იზო და სათითაოდ ყველას გვაკვირდებოდა, შეცდომას ხომ არ ვუშვებო.
– როგორ, ციხეში საკუთარი ფეხით წავიდე?! – გაოცდა თემო.
– ეს საქმე, შვილო, ბოლომდე მაინც არ დაიმალება, ღმერთს ვერსად გავექცევით და მერე გვიანი არ იყოს, განზრახ მკვლელობა არ დაგწამონ... ჯობს ახლავე ვიმოქმედოთ!.. – ქალი ფეხზე წამოდგა, გალიას ანიშნა, ტელეფონი მომაწოდეო.
– ნუ შიშობ, თემო, ბავშვსაც არაფერს გავუჭირვებ და არც შენ დაგტოვებ უყურადღებოდ! – დამაიმედებლად წარმოთქვა გალიამ და იზოს დამნაშავესავით გაჰყვა.
– დედაჩემი მართალია, მეც გირჩევ, არ გაჯიუტდე! – როგორც იქნა, ხმა ამოიღო ბაჩომ და დასტურის ნიშნად მე შემომხედა.
მაშინვე მხარი ავუბი: "ჩემი აზრით, ასე აჯობებს!"
თემომ თავი ჩაქინდრა და ღრმა ფიქრში წავიდა.
ქალის დაძაბული ხმა ჩვენამდე გარკვევით აღწევდა, ზოგჯერ ჩუმდებოდა, ვიღაცას უსმენდა, რაღაცაში ეთანხმებოდა, "გასაგებია!" მადლიერების გრძნობით ეუბნებოდა. რამდენიმე წუთი ისე გავიდა, მისი ხმა აღარ გაგვიგონია; ბოლოს ოთახში შემოვიდა, დანაღვლიანებულ ვაჟს სინანულით მიაჩერდა, ფრთხილად მიუჩოჩდა, გულზე მიიხუტა და გამამხნევებლად ურჩია:
– უნდა ჩაბარდე, შვილო, ბოლომდე მოგყვებით... ნუ გეშინია!..
– ხო, ხო, ბოლომდე მოგყვებით! – თავის მხრივ კვერი დაუკრა გალიამ.
თემო საბურთალოს რაიონის პოლიციას ჩაბარდა.
იმ დღეს ვერ მოვახერხე და ლელასთან დათქმულ შეხვედრაზე ვეღარ წავედი; მოგვიანებით დავუკავშირდი, მოვუბოდიშე და მომხდარის შესახებ მოკლედ ვაუწყე.
"ხვალ უსათუოდ დამირეკე, შეგხვდები, ჩვენ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს!" – ისეთი კატეგორიულობით მითხრა, რატომღაც თავი თემოს ადგილას წარმოვიდგინე და ხელის თითებზე სულელივით დავიხედე. "შენი მოჭკვიანება არ იქნება!" – ჩავილაპარაკე. თითქოს ისიც მიმიხვდა რაღაცას, ჩაიცინა, "ხიფათს არ გადაეყარო!" გამაფრთხილა და ტელეფონი გათიშა.
შუაღამემდე თვალი არ მომიხუჭავს, თემოზე ვფიქრობდი. ლელას ასეთი რა საქმე უნდა ჰქონოდა ჩემთან, ამის ინტერესიც მკლავდა. ბოლოს ვერც კი გავიგე, ისე ჩამეძინა.
14
ჩვენი ოჯახის ახლობელმა მოსკოვიდან ჩინური ნაგაზი ჩამოგვიყვანა, ბომბორაა, კავკასიურს ჩამოგავს, ოღონდ გაცილებით მშვიდია, იშვიათად აგრესიულობს, გრძელბეწვიანი და მორუხო–მონაცრისფროა. უჩვეულო, მუდამ წყლიანი, უპეებში ჩამჯდარი თვალები აქვს. კი არ ყეფს, ცხენივით ფრუტუნებს, თითქოს ცხვირიდან აცემინებსო; ამ ძაღლის ლურჯი ენა ჩინეთში დელიკატესად, უგემრიელეს ულუფად ითვლება თურმე. ჩუის ვეძახით; ისე შემეჩვია, სულ კუდში დამდევს, ფეხებში მებლანდება, თუ მოვეფერე, მომაბეზრებლად მეტმასნება და ძლივს ვიშორებ. ძაღლი რაღაცით მართლაც ჩინელს ჰგავს. გუშინ ჩიტაძის ქუჩისკენ გავასეირნე, უშიშროების სამინისტროდან ვიღაც ჩინელი კაცი გამოვიდა; ჩუი რომ დაინახა, გაუკვირდა, რაღაც ჩინურად ჩაილაპარაკა, ჯიბიდან ფიჭური ტელეფონი ამოიღო და ძაღლს სურათი გადაუღო, მერე წასასვლელად შებრუნდა. ჩუი ადგილზე გახევდა, ვერაფრით დავძარი, თითქოს დაყრუვდა, ჩინელს საბრალობლად მიაჩერდა. კაცი შედგა, თითქოს რაღაც გაახსენდა, თავი სინანულით დააკანტურა და ძაღლს მოუახლოვდა – ჩინურად გამოელაპარაკა, თავზე ხელი გადაუსვა, დაუყვავა. ჩუი გამოცოცხლდა, აწრიალდა, თვალები აუწყლიანდა, ძირს გაწვა და მიბნედილივით ახვნეშდა, ფეხები მაღლა აიშვირა, გადაგორდ–გადმოგორდა. ჩინელმა კარგა ხანს ანებივრა, ბოლოს შებრუნდა, პატრონს დაუჯერეო, რატომღაც რუსულად უთხრა და ხმაში ბზარი გაერია. ჩუი მობეზრებით დამემორჩილა, ძუნძულით გამომყვა, თავი მიატრიალა და კაცს მანამ უყურა, ვიდრე თვალს არ მიეფარა – დაღამებამდე მოწყენილი იყო და საჭმელსაც არ გაეკარა.
შევედი თუ არა ოთახში, დედამ დამიძახა და სავარძელზე მიმითითა: "დაჯექი, საქმე მაქვს!". ვიგრძენი, მკაცრი და დაძაბული საუბრი მელოდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online