asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კრეტის ხარი
კრეტის ხარი
კრეტის ხარი

2011-05-12 15:45:33



როგორც შეთანხმებულები იყვნენ, დიანა პუაროს მანქანაში ელოდა.
სოფლის გზას რომ დაადგნენ, პუარომ მას ადმირალთან საუბრის შინაარსი გააცნო. დიანამ ზიზღით ჩაიცინა:
– ნუთუ ფიქრობს, რომ ჰიუ რამეს დამიშავებს?
პასუხის ნაცვლად პუარომ მას აფთიაქთან გაჩერება სთხოვა – კბილის ჯაგრისი დამრჩა და ბარემ ვიყიდიო.
აფთიაქი სოფლის წყნარ ქუჩაზე მდებარეობდა. დიანა მანქანაში დარჩა. მას მოეჩვენა, რომ ერკიულ პუარო დიდხანს არჩევდა კბილის ჯაგრისს.
* * *
სამზადისი დასრულებული იყო. ახლა მოცდაღა რჩებოდა. პუარო მუხის ავეჯით გაწყობილ უზარმაზარ საძინებელში იჯდა და ღამის სიჩუმეს დაძაბული აყურადებდა.
დილისკენ, როცა ოდნავ ინათა, დერეფნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა. პუარომ საკეტი გასწია და კარი გააღო. შორიახლო ადმირალი და პოლკოვნიკი იდგნენ. ჩენდლერი მოღუშულიყო, ფრებიშერი კი მღელვარებისგან კანკალებდა.
– მუსიე პუარო, იქნებ გამოგვყვეთ, ჰა? – თქვა ადმირალმა.
პუაროც მათ უხმოდ გაჰყვა. მეორე დერეფნის ბოლოში, იმ საძინებლის წინ, რომელიც დიანას გამოუყვეს, ძირს რაღაცა ფიგურა შენიშნა. ახლოს რომ მივიდნენ, დეტექტივმა პირქვე დამხობილი ჰიუ იცნო, რომელსაც ღამის ხალათი და ფლოსტები ეცვა, მძიმედ სუნთქავდა, მარჯვენა ხელში კი გასისხლიანებული დანა ჩაებღუჯა.
– ო, მადონა! – შესძახა ერკიულ პუარომ.
– მგონი, მისთვის არაფერი დაუშავებია... – ჩაიხრიალა ფრებიშერმა და მაშინვე დაიძახა, – დიანა! ჩვენ ვართ! გააღეთ!
პუაროს ადმირალის ამოკვნესა და ჩურჩული მოესმა:
– ჩემი ბიჭი! ჩემი საბრალო ბიჭი!
შიგნიდან ურდულმა გაიჩხაკუნა, კარი გაიღო და დიანა გამოჩნდა. მას მკვდრის ფერი ედო.
– რა მოხდა? ცოტა ხნის წინ აქ ვიღაცა იყო! მომესმა, სახელურს როგორ ატრიალებდა. მერე ფხაჭნის ხმაც გავიგონე, თითქოს კარს ბრჭყალებს უსვამსო.
– კიდევ კარგი, კარი ჩაკეტილი იყო, – შენიშნა ფრებიშერმა.
– ეს მუსიე პუარომ მთხოვა.
– ჰიუ ოთახში შეიტანეთ, – ბრძანა პუარომ.
ადმირალმა და პოლკოვნიკმა უგონოდ მყოფი ჰიუ ასწიეს. მის დანახვაზე დიანამ შეკივლა:
– ღმერთო ჩემო! ეს ხომ ჰიუა?.. ხელში რა უჭირავს?
– დანა, – მიუგო პუარომ.
– თანაც სისხლიანი?
– ჰო, – თქვა ადმირალმა, – ოღონდ, საბედნიეროდ, არა ადამიანის. სისხლი კატისაა. მე ის ჰოლში ვიპოვე ყელგამოჭრილი. მერე, როგორც ჩანს, ჰიუ მაღლა ამოვიდა.
– აქ? ჩემთან? – სასოწარკვეთით შესძახა დიანამ.
– როგორც ჩანს.
ჰიუ დიდ ოთახში სკამზე დასვეს. ის ოდნავ შეინძრა და რაღაცა ამოილუღლუღა. მას ყველა მონუსხული მისჩერებოდა. ბოლოს ჩენდლერმა თვალები გაახილა:
– ჰელოუ! რა მოხდა? რას მომჩერებიხართ? ჩემს ხელში დანას რა უნდა? თანაც სისხლიანს?
მან მზერა იქ მყოფთ მოავლო, მერე კი დიანაზე შეაჩერა:
– ნუთუ დიანას დავესხი თავს?
ადმირალმა თავი გააქნია.
– მითხარით, რა მოხდა! ყველაფერი უნდა ვიცოდე!
და ისინიც მოუყვნენ კატის ამბავს.
პუარო ფანჯარასთან მივიდა და ფარდა გასწია. ოთახში მზის შუქი შემოიჭრა.
– გასაგებია, – მშვიდად წარმოთქვა ჰიუ ჩენდლერმა, მერე წამოდგა, გაიღიმა, გაიზმორა და თქვა, – შესანიშნავი დილაა, არა? წავალ, ტყეში გავისეირნებ, იქნებ კურდღელიც მოვკლა...
ჰიუ ოთახიდან გავიდა. ადმირალმა დადევნება სცადა, მაგრამ ფრებიშერმა შეაჩერა:
– არ გინდა, ჩარლზ. ახლა ეს მისთვის იქნებ უკეთესიც იყოს.
აქვითინებული დიანა საწოლზე დაემხო.
ადმირალმა ჩენდლერმა მთრთოლვარე ხმით თქვა:
– შენ მართალი ხარ, ჯორჯ! ვიცი, რომ მართალი ხარ. ჩემს ბიჭს ნებისყოფა აქვს.
ხმა ფრებიშერსაც აუკანკალდა:
– ჰო... ჰიუ ნამდვილი მამაკაცია.
წამიერი დუმილის შემდეგ ჩარლზ ჩენდლერმა გაკვირვებით შესძახა:
– ჯანდაბას! ეს წყეული უცხოელი სადღა დაგვეკარგა?
* * *

საჭურვლის ოთახში მყოფი ჰიუ ჩენდლერი უკვე თოფს ტენიდა, როცა მხარზე ერკიულ პუაროს ხელის შეხება იგრძნო.
– არა, – თქვა დეტექტივმა მკაცრად.
ჰიუმ მას გაოცებით შეხედა:
– ხელი აიღეთ. ეს თქვენი საქმე არ არის. ნადირობის დროს უბედური შემთხვევა მოხდება და მეტი არაფერი.
პუარომ გაუმეორა:
– არა.
– როგორ არ გესმით? კარი რომ ღია დამხვედროდა, დიანას ხომ ყელს გამოვჭრიდი?
– არა, თქვენ მას არ მოკლავდით.
– კატა ხომ მოვკალი?
– არა. თქვენ არც კატა მოგიკლავთ და არც ცხვრები.
ჰიუმ პუაროს გაკვირვებით შეხედა:
– ვინ არის შეშლილი? თქვენ თუ მე?
– ჩვენ ორივე ნორმალურები ვართ, – მიუგო ერკიულ პუარომ.
ამ დროს საჭურვლის ოთახში ადმირალი და პოლკოვნიკი შემოვიდნენ. მათ დიანაც შემოჰყვა.
ჰიუ ჩენდლერმა ხელები გაშალა და გაოცებით თქვა:
– ეს კაცი ამბობს, რომ გიჟი არა ვარ...
პუარომ ხმამაღლა განაცხადა:
– ბედნიერი ვარ, გაუწყოთ, რომ ჰიუ ჩენდლერი აბსოლუტურად ჯანმრთელია.
ჰიუმ სარკასტულად ჩაიცინა:
– საოცარი ამბავია! თქვენი აზრით, ადამიანი, რომელიც საბრალო კატას ყელს ღადრავს, ნორმალურია?
– გიმეორებთ, თქვენ არავინ მოგიკლავთ.
– მაშ, ვინ მოკლა?
– იმან, ვისაც სურდა, თქვენს შეშლილობაში დარწმუნებულიყავით. თქვენ ყოველთვის ძლიერ საძილე საშუალებებს გაძლევდნენ, თან ხელში გასისხლიანებულ დანას გჩრიდნენ, ის მეორე კი სისხლიან ხელებს თქვენს ტაშტში იბანდა.
– კი მაგრამ, რატომ?
– ის რომ ჩაგედინათ, რისგანაც დღეს გიხსენით.
პუარო ფრებიშერს მიუბრუნდა:
– პოლკოვნიკო, თქვენ კარგა ხანს ცხოვრობდით ინდოეთში. გსმენიათ თუ არა შემთხვევა, როცა ადამიანებს ნარკოტიკების საშუალებით ჭკუაზე განზრახ შლიდნენ?
– ჰო, რა თქმა უნდა. ლენცოფათი მოწამვლა ხშირად ხდება.
– სრული ჭეშმარიტებაა. საქმე იმაშია, რომ ლენცოფას მოქმედი საწყისი ალკალოიდ ატროპინის მონათესავეა, რომელსაც ბელადონადან იღებენ. ბელადონას პრეპარატები გაყიდვაშია, გოგირდმჟავა ატროპინს კი თვალების სამკურნალოდ ხმარობენ. რეცეპტის გამრავლებითა და სხვადასხვა აფთიაქებში წარდგენით დიდი რაოდენობის შხამის მიღება შეიძლება, საიდანაც ალკალოიდის ექსტრაჰირება ხდება, ბოლოს კი, ვთქვათ, საპარს კრემში შერევა. ამგვარი კრემი, როგორც წესი, სახეზე გამონაყარს იწვევს, რაც პარსვის დროს ჭრილობის მიზეზი ხდება. ამ გზით ნარკოტიკი ნელ–ნელა ორგანიზმში ვრცელდება, რასაც ხშირად ყლაპვის გაძნელება და ჰალუცინაციები მოსდევს. მისტერ ჩენდლერსაც სწორედ ეს დაემართა. მე მისი საპარსი კრემის ნიმუში ადგილობრივ აფთიაქში გამოვაკვლევინე.
– ეს ვინ ჩაიდინა? – ხმის კანკალით იკითხა გაფითრებულმა ჰიუმ.
– სწორედ ამის გარკვევას ვცდილობდი. თავიდან დიანა მაბერლი მეგონა, რაკი თქვენი ფული მას უანდერძეთ და შეიძლება თქვენი სიკვდილი მოსდომებოდა, მაგრამ რიგი მოსაზრებების გამო ეს ვერსია მაშინვე უკუვაგდე. საკმაო ფიქრის შემდეგ სხვა შესაძლო მიზეზი წამოტივტივდა. ბანალური სამკუთხედი წარმოიდგინეთ: ორი მამაკაცი და ერთი ქალი. პოლკოვნიკ ფრებიშერს დედათქვენი უყვარდა, მასზე კი ადმირალი ჩენდლერი დაქორწინდა.
– ჯორჯი? ვერ დავიჯერებ! – შესძახა ადმირალმა, ჰიუმ კი უნდობლად იკითხა:
– თვლით, რომ ეჭვიანობა შეიძლება ჩემზე გადმოსულიყო?
– გარკვეულ გარემოებებში ჰო, – მიუგო პუარომ.
აქ უკვე ფრებიშერმა იყვირა:
– ტყუილია! საშინელი მონაჩმახია! არ დაუჯერო, ჩარლზ!
ადმირალმა განზე გაიწია და ჩაილაპარაკა:
– ინდოეთი... ლენცოფა... ჰო, მესმის... ჩვენ კი ყველაფერს მემკვიდრეობით სიგიჟეს ვუკავშირებდით...
პუარომ ხმას აუწია:
– მემკვიდრეობითი სიგიჟე! ჩვენ საქმე მართლა შურისძიებით შეპყრობილ შეშლილთან გვაქვს, რომელიც თავის სიგიჟეს წლების მანძილზე მალავდა! – პუარო გაჩუმდა, მერე კი ფრებიშერს მიაშტერდა, – პოლკოვნიკო, თქვენ უნდა გცოდნოდათ ან გეეჭვათ მაინც, ჰიუ რომ თქვენი შვილია, მაგრამ ამის შესახებ მისთვის არაფერი გითქვამთ. საკითხავია, რატომ?
– მე... მე არ ვიცოდი... – ენის ბორძიკით დაიწყო აღელვებულმა ფრებიშერმა, – უფრო სწორად, ვეჭვობდი, მაგრამ დ...დარწმუნებული არ ვიყავი... მერე კი, როცა ჰიუს გადახრები დაეწყო, ვიფიქრე, ჩენდლერებს დაემსგავსა–მეთქი...
– ანუ თქვენ ვერ შენიშნეთ, ბიჭი რომ თავს წინ ხრიდა და წარბებს ჭმუხნიდა, რაც თქვენი მანერაა. სამაგიეროდ, ეს ჩარლზ ჩენდლერმა დააფიქსირა, თანაც წლების წინ და, როგორც ჩანს, ცოლიც გამოტეხა, თქვენთან რომ უღალატა. უფროსმა ჩენდლერმა შეშლილობის ნიშნები უკვე მაშინ გამოავლინა. ჩემი აზრით, ცოლს მისი ეშინოდა და იქნებ თქვენ ამიტომაც დაგიახლოვდათ. ერთი სიტყვით, ჩარლზ ჩენდლერმა შურისძიება გადაწყვიტა. მისი ცოლი დაიხრჩო. ისინი ნავში მარტონი იყვნენ და ერთმა ღმერთმა უწყის, ეს ყველაფერი როგორ მოხდა. შემდეგ მან ზიზღი ჰიუზე გადაიტანა, რომელიც მის გვარს კი ატარებდა, მაგრამ სხვისი შვილი იყო. პოლკოვნიკო, ლენცოფას იდეა ჩენდლერს თქვენმა ინდურმა ოდისეამ ჩაუსახა, ცხვრების და კატის მოკვლა კი თავად მოიფიქრა, – პუარომ სული მოითქვა და განაგრძო, – იცით, პირველი ეჭვები როდის გამიჩნდა? როცა ადმირალმა ჰიუს ექიმებთან მიყვანაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რადგან ჭეშმარიტი მამა პირიქით მოიქცეოდა, იქნებ ჩემს შვილს რამე ეშველოსო. ჩენდლერს ექიმების ეშინოდა, რადგან გამოცდილი სპეციალისტი მაშინვე მიხვდებოდა, ახალგაზრდა ჩენდლერი რომ სავსებით ნორმალური იყო და არის კიდეც.
– მაშ, ჯანმრთელი ვარ? – აღმოხდა ჰიუს.
– სავსებით, – მიუგო ფრებიშერმა, – ჩვენს გვარში გიჟები არ ყოფილან.
– ეს ყველაფერი სისულელეა, – ღიმილით შენიშნა ადმირალმა და ჰიუს დატოვებული თოფი აიღო, – წავალ, გავივლი, იქნებ კურდღელს წავაწყდე სადმე...
ფრებიშერმა მისი შეჩერება სცადა, მაგრამ პუარო წინ გადაუდგა:
– მგონი, თავად თქვით, მამაკაცისთვის ეს საუკეთესო გამოსავალიაო...
ჰიუ და დიანა უკვე ვეღარავის ამჩნევდნენ, ისე გავიდნენ ოთახიდან.
ორი მამაკაცი, ინგლისელი და ბელგიელი, ფანჯარასთან იდგნენ და იმ გზას გაჰყურებდნენ, რომელსაც უკანასკნელი ჩენდლერი გასდგომოდა.
სულ ცოტა ხნის შემდეგ მათ ტყის მხრიდან სროლის ხმა შემოესმათ.
დასასრული


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online