asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მე – თინეიჯერი
მე – თინეიჯერი
მე – თინეიჯერი

2011-05-05 16:19:59



7

მიშა და გოგონები ოპერაში შევიდნენ.

– მოიცა, მოიცა, ესენი ვინ არიან, მიშა? – გამოიქცა კარისკაცი.

– ჩემთან არიან, ვასო ძია.

– რო არ შეიძლება?

– კაი რა, ვასო ძია. ჩუმად იქნებიან. ხომ იქნებით ჩუმად?

– ვიქნებით.

კულისებში ბნელოდა. ნუკა რაღაცას წამოედო.

– სიჩუმე კულისებში! – დაიყვირა ვიღაცამ.

– ვინ ყვირის?

– ჩუუუ. რეჟისორი.

– შენ ეი, დადექი მანდ და არ გაინძრე, სანამ მედეა შენთან არ მოვა, – რეჟისორი ყვირილით აძლევდა სცენაზე მდგომ მსახიობებს შენიშვნებს.

– დადექი, ბიჭო, არ გესმის? აუ, რა კრეტინებთან მაქვს საქმე! ეი, მედეა, შენ დაიწყე. გააღე გოგო პირი, თუ შეგიძლია, თუ არა და წადი, თავი გამანებე. ქორო, ამოიღეთ ხმა, ახლა უნდა შეხვიდეთ. თქვენ პატრონი არ გყავთ? სიმღერა არ იცით?

ნუკა და ტატა კულისებში იდგნენ და სცენას უყურებდნენ. რამდენიმე მამაკაცი და ქალი დაბნეული დადიოდა სცენაზე და სიმღერას ცდილობდა.

– რატომ ემორჩილებიან ასეთ რეჟისორს?

– აბა, რა ქნან? გააგდებენ, თუ არ დაემორჩილებიან.

– ვინ არის?

– მაესტროა. კაი, წავედი მე, შუქს დავაყენებ. თქვენ აქ დამელოდეთ.

მიშა რკინის კიბეზე ფრთხილად აცოცდა. რეჟისორი ყვირილს განაგრძობდა.

– წამოდით თქვენ... აი, თქვენ, თქვენ, ორნი რომ დგახართ მანდ, ბრიყვებივით, თქვენი შემოსვლაა. წამოდით, რას ინაზებით ქალებივით. ფუუუ, ედრანა მატ, ვინ არის ეს ხალხი. გაინძერით, კაცო, არ გესმით?

ნუკა უცებ სცენაზე გავიდა და რეჟისორის მხარეს გაიხედა. კულისებში ტატას სისხლი გაეყინა.

– ვინ არის ეს ბავშვი. რა გინდა, გოგო, სცენაზე, – რეჟისორი იმავე ტონალობით განაგრძობდა.

– რა გაყვირებთ? – ნუკამ შუბლი მოიჩრდილა და თვალი დარბაზის სიღრმეს გაუშტერა.

– ვის ეუბნება? – იკითხა რეჟისორმა.

– თქვენ გეუბნებით, თქვენ! რას ბღავით და აშინებთ აქ ხალხს? ვინ მოგცათ უფლება, ასე ელაპარაკოთ ადამიანებს? მე რომ ამათ ადგილას ვიყო, ერთ წუთსაც არ გავჩერდებოდი სცენაზე, მაგრამ... ესენიც არიან, რა. რას ითმენთ? რას იმცირებთ თავს? – ნუკამ მომღერლებს გახედა.

– ვინ არის ეს გოგო? ვინ შემოუშვა სცენაზე? გაეთრიე ახლავე აქედან, ლაწირაკო შენ. ვასოოოო.... დაუძახეთ ვასოს. ან კი არ დაუძახოთ, პირდაპირ გააგდეთ სამსახურიდან!

– იდიოტო. წავალ, აბა, აქ რომ მომისაჯო, ვერ გავჩერდები.

ნუკა სცენიდან გამოვიდა. ტატამ ხელი ჩაავლო და გასასვლელისკენ წაათრია.

– გაგიჟდი შენ? რა ბზიკმა გიკბინა?

გზაში შეშფოთებული, ხანშიშესული, გამხდარი ვასო მორბოდა.

– რა მოხდა, გოგოებო, ხომ არ იცით?

– მგონი, რეჟისორს რაღაცამ უკბინა, ვასო ძია, – სერიოზული სახით უთხრა ნუკამ.

– უკბინა? ვაიმე, როგორ თუ უკბინა. მამკლავს.

გოგოები გარეთ გამოცვივდნენ.

– მოიცათ, ეე... – მიშა იყო.

– კაცი, რომელიც ამდენ რამეს ითმენს, კაცი არ არის.

– ვა, აბა რა უნდა ქნან საცოდავმა მომღერლებმა?

– სხვათა შორის, ეს შენც გეხება, – ნუკამ თითი გულზე ატაკა მიშას.

– მე ჩემი საქმე მაქვს, იმათ თავისი. ჩემთვის რომ ეყვირა, წამოვიდოდი.

– კი არ უნდა წამოხვიდე, უნდა ცემო.

– რა უნდა ვცემო? ორასი კილოა.

– მაშინ უნდა უკბინო. ასე: ავ, ავ – ნუკამ დაიყეფა და მიშას მკლავზე უკბინა.

– აუ, შენ რა მაგარი ყოფილხარ. რითი წყნარდება შენი დაქალი?

– კოკა–კოლა უყიდე, – ურჩია ტატამ.

– გინდა კოკა–კოლა?

– ფული გაქვს?

– არა.

– მაშინ, მინდა.

მიშა ჯიხურთან გაჩერდა.

– ვალია დეიდა, სამი კოკა მომეცი და იმ ჩემს ვალს დაამატე, კარგი?

– ავიდა შენი ვალი ოც ლარამდე. როდის უნდა მომიტანო?

– როცა ნისია მოკვდება ამ ქვეყანაში.

– მოკვდა, ბატონო, უკვე და პანაშვიდიც გადაუხადეს, – ვალიამ ბოთლებს საცობები მოხსნა და მიშას მიაწოდა.

– ჯიგარი ხარ, ვალია დეიდა, ხომ იცი, ამ უბანში არაფერი გაგიჭირდება.

– წადი, შე მარიაჟო, შენ.

მიშას გაეცინა და თვალი ჩაუკრა.

– ჯიგარია, – უთხრა გოგოებს და ბოთლები ჩამოურიგა, – ჩქარა დალიეთ, სანამ ცივია.

ნუკამ ბოთლი მოიყუდა, მაგრამ ამ დროს მას უცხო ბიჭი მივარდა, გულზე ჩამოკიდებული ტელეფონი ჩამოგლიჯა და გაიქცა.

– ვაიმე, – იკივლა ნუკამ.

– უხ, შენი!

მიშამ ბოთლი გაზონზე მოისროლა და ბიჭს გაეკიდა. გოგოებიც მიჰყვნენ. ბიჭი გამვლელებს ეჯახებოდა, მაგრამ მაინც გარბოდა. მიშაც ეჯახებოდა გამვლელებს, მაგრამ მაინც მისდევდა. ნუკა და ტატა მიშას მიჰყვებოდნენ, კიოდნენ და ისედაც დამფრთხალ გამვლელებს უფრო მეტად აშინებდნენ.

– დაიჭირეეეთ... ჩემი ტელეფონიიიი... დააგდე ტელეფონი, ბიჭოოო!

ბიჭი თაღიან სახლში შევარდა და შიდა ეზოებით სადღაც გაძვრა. მიშა გაჩერდა. მას გოგოები მიესივნენ.

– გაიქცა?

– ჩუ. მოიცათ.

– ვაიმე, რა ვქნათ?

– ჩუმად, ტუტუ.

მიშა გვერდით ეზოში გავიდა და ფეხაკრეფით მიუახლოვდა აგურის კედელთან დადგმულ რკინის ურნებს, შეიხედა და იქვე ჩაცუცქულ ბიჭს დააცხრა თავს.

– მოიტა ტელეფონი, შე ნაბიჭვარო.

– წადი შენი!

ბიჭმა წინააღმდეგობა გაუწია. ამ დროს გოგონებმაც მიირბინეს. ბიჭმა ტელეფონი დააგდო და მიშას ხელიდან დაუსხლტა.

– ნაბიჭვარი ეს, – ნუკამ ტელეფონი გახსნა და შეამოწმა.

– მუშაობს?

– კი. რა ქნა, წარმოგიდგენია?

– რას გიკიდია მერე შენც გულზე? არ იცი, რომ მაგაზე ნადირობენ? შენი გულისთვის შარში უნდა გაეხვიოს ადამიანი.

– აბა, სად წავიღო?

– ჩანთაში.

– ჩანთებსაც რომ იტაცებენ?

– მაშინ ჯიბეში. ნახე, რამდენი ჯიბე გაქვს, პილოტის კაბინაში მგონია თავი. ლიოტჩიკი ხარ, ტო?

– აუ, მიშა, შენ რა მაგარი ყოფილხარ.

– შენც, ტუტუ.

– შენ რომ არ ყოფილიყავი, მაგარი გავბანძდებოდით.

– რატო, ტო? ასეთი რამე ვის არ მოსვლია.

– ხო, მაგრა ტეხავს. თან დღეს ჩემი დაბადების დღეა, თან დედაჩემს ისედაც ვეღარ ვეტყოდი, კიდე ტელეფონი მიყიდე–მეთქი. ეს უკვე მეორეა. ამის წინა დავკარგე, – ნუკამ ტელეფონი ისევ კისერზე ჩამოიკიდა.

– შენი დაბადების დღეა?

– ხო.

– მართლა, ტუტუ?

– ხო, რა იყო?

– აუ, რა საჩუქარი გავაძრე შენთვის.

– რა საჩუქარი?

– ჩემი თავი არ არის საჩუქარი? იქ რომ გული არ წაგსვლოდა, ხომ ვერ გამიცნობდი?

– შენ რა ამბიციური ყოფილხარ?

– ვხუმრობ, რა იყო.

ეზოდან ისევ ქუჩაში გამოვიდნენ. ამ დროს ნუკას ტელეფონმა დარეკა.

– ჰო, დედა... სად და რუსთაველზე, რა მოხდა? ვინ? ვატო? კაი, მოვდივარ. კი მაგრამ, ჯერ ადრე არ იყო? მე ეგ სახლში არ დამიბარებია. კაი, ტაქსით მოვალ.

ნუკამ ტელეფონი გამორთო და ტატას შეხედა.

– თუ გახსოვს, მე რა ვუთხარი ვატოს, სად მოდი–მეთქი?

– სად და არმსტრონგში.

– მერე ეგ სად მისულა, თურმე?

– სად?

– ჩემს სახლში, თან დედაჩემმა, რაღაც ჭირს, დროზე მოდიო.

ნუკამ მიშას შეხედა.

– მოხვალ ამ საღამოს არმსტრონგში?

– რატომ?

– ხომ გითხარი, დაბადების დღე მაქვს–მეთქი.

– ააა...

– ეს რას ნიშნავს, კის თუ არას?

– ეს ნიშნავს გაოცებას და თანხმობას, – მიშამ გოგოებს გაუღიმა.

იქვე, წითელი ტაქსი გაჩერდა და გოგონები მანქანას მისცვივდნენ. მიშას არც დამშვიდობებიან, ისე ჩასხდნენ.

8

მანქანა დაიძრა და ტატამ უკანა ფანჯრიდან გახედა მიშას.

– რას აკეთებს?

– ლაღიძეში შედის. ვიღაცა ნახა და გადაკოცნა. გახედე შენც, აქეთ მაინც არ იყურება.

ნუკამ მიიხედა, მაგრამ მიშას უკვე ხალხი ეფარებოდა.

– აუჰ, კაი ტიპია, არა?

– არი, რა.

– რას ნიშნავს, არი რა? – იკითხა ნუკამ აგრესიულად.

– იმას, რომ უკეთესებიც მინახავს. ისე, ცუდი ბიჭი არ ჩანს.

– უკეთესი ვინაა, ის შენი თავტვლიპა?

– რა გინდა შენ, ნუკა? ჰო, მე ჩემი თავტვლიპა მირჩევნია. ისე, ცნობისთვის, უბრალოდ, დაბალზე აქვს თმა აღებული, თორემ ტვლიპა არ ქვია მაგას.

– მერე, ცოლი რომ ჰყავს და შვილიც რომ გაუჩნდება ახლა?

– ყავდეს რა. მე მაგისგან არაფერი მინდა.

– დებილი ხარ და იმიტომ. გაგონილა, ქალი ორი წლის ასაკიდან ერთი კაცის მეტს ვერავის ხედავდეს? – ნუკამ ცხვირზე გაჰკრა თითი ტატას.

– რა ვქნა, ასეთი ვარ.

– და ელოდე ახლა, როდის გაცილდება იმას და როდის მოგიყვანს შენ ცოლად.

– გეყოფა, თორემ წავალ.

– ახურებული იყო, თვრამეტი წლისამ რომ მოიყვანა ცოლი?

– გამიჩერეთ, რა! – სთხოვა ტატამ მძღოლს.

– არ გაუჩეროთ, – მკაცრად უთხრა ნუკამ და ისევ ტატას მიუბრუნდა, – ისე, მაინც რა არის, არა, ბედი? დღეს ვატოს ვეუბნებოდი, ჩემი ბოიფრენდობა ითამაშე სტუმრებთან–მეთქი და ახლა, აგერ მიშა გამოძვრა საიდანღაც. რაღად მინდა ვატო. აუ, ხელისგული მექავება.

– მიიღებ დღეს საჩუქრებს, რა გენაღვლება. დედაშენმა რა გაჩუქა?

– საღამოს მომცემს. ვატო რამ აიყვანა ნეტავი ჩემთან. თან იცოდა, რომ სახლში არ ვიქნებოდი.

– მგონი, უკვე როლშია, იცი?

– აუ, დედაჩემი თუ გააბრუა, ის თქვი. როგორ ფიქრობ, მოვეწონე მიშას?

– კი.

– როგორ ხვდები?

– იმიტომ, რომ მე სულ ტუტუს მეძახდა და შენ – ნუკას.

– აბა, რა უნდა დაეძახა?

– რომ არ მოწონებოდი, ნუნუ. ვინ დაგარქვა ეს სახელი?

– მამაჩემმა. დედამისის სახელია. მაგარი ქალი ყოფილა. აქ შედით ეზოში და გამიჩერეთ.

ტაქსი ეზოში შევიდა. ნუკამ მობილურით დარეკა.

– დე, ფული გადმომიგდე, ტაქსით მოვედი. ორი ლარი, მეტი არ უნდა.

– ორი ცოტაა, – გამოხედა ტაქსისტმა.

– დე, სამი ლარი... შენ არ მითხარი, ტაქსით წამოდიო? მე რაც მქონდა, დილით დავხარჯე... რაში და საჭმელი ვჭამე. თუ მოვმკვდარიყავი შიმშილით?

გოგონები მანქანიდან გადმოვიდნენ. ნუკამ მიწაზე გადმოგდებული ფული აიღო და მძღოლს მისცა.

– ისე, ორი ლარიც საკმარისი იყო თქვენთვის. რაღაც ხუთასი მეტრი გამოიარეთ.

– გაიარე რა, გოგონი, – ხელი აუქნია მძღოლმა.

მანქანა ეზოდან გავიდა. ნუკა და ტატა ლიფტში შევიდნენ. ნუკა თითის წვერებზე აიწია. ლიფტის ჭერზე ოთხკუთხედად ამოჭრილი სარკმელი ასწია და ხელები მოაფათურა.

– რას ეძებ?

ნუკამ ყაზბეგის კოლოფი ჩამოიღო.

– ხედავ, სად ინახავენ ტარიანს უბნის ბიჭები?

– დადე მერე უკან, შენ რად გინდა?

– მოვლენ და აღარ დახვდებათ. პლანი ექნებათ და სიგარეტი – არა. იწრუწუნონ.

– ვრედნობ?

– არა, რატო? ჩვენებს მივცემ და გაუხარდებათ.

ნუკამ ზარი დარეკა. კარი ნანამ გაუღო. ხელში ნემსი და ძაფი ეჭირა, კისერზე სანტიმეტრი ჰქონდა ჩამოკიდებული.

– მოდით, მოდით, რა განახოთ.

ოთახის შუაგულში შინდისფერ საპატარძლო კაბაში გამოწყობილი დოდო იდგა, თავზე შინდისფერი ცილინდრი ეხურა, აწეული კაბის კალთებიდან ნაცრისფერი ბოტასები მოუჩანდა.

– ვაიმე, დოდო დეიდა, როგორ გიხდებათ, რა სხვანაირი ხართ, – ტატამ დოდო გადაკოცნა.

– კაბა მაინც ჩამოიწიე, დაიფარე ეს ბოტასები, – ნანამ კაბის კალთები დააწევინა.

– გრძელი მაქვს და უშნოდ დგება, – დაიჭყანა დოდო.

– ეს რა ავანგარდული კაბაა, – ტატა ხელით ამოწმებდა ნაჭერს.

– არატრადიციულია, ხო?

– მაგარია.

– დე, შენ რა გეცვა შენს ქორწილში?

– არ გამახსენო. ხომ იცი, ვერ ვიტან ჩემი ქორწილის გახსენებას.

– რატომ, დოდოშკი? მოიცა, მოიცა, მკლავი ასწიე, აქ გავკერო.

– რა რატო? ჩემი ქმარი ჯერ დილიდან დაიკარგა, არც უთქვამს, სად მიდიოდა, მერე სახლში მთვრალი მოვიდა, თან ქორწილამდე ნახევარი საათით ადრე. მაშინ კი არ იყო ეს მობილური ტელეფონები. მოვკვდი ნერვიულობით და მის მეჯვარეს ვთხოვდი, შენ დამიდექი ქორწილში გვერდით, ვითომ შენ ხარ ნეფე–მეთქი. აბა, რა მექნა? ჩამეშალა სამასკაციანი ქორწილი? უი, მართლა, ნუკა, ვატოა ლოჯში. მგონი, მთვრალია. ჩაის სვამს.

– მთვრალი? როდის მოასწრო?

– და კიდევ, მგონი, უყვარხარ, – გაიცინა დოდომ.

– როდის მერე ვუყვარვარ?

– მგონი, ამ დილიდანო, რაღაც ამდაგვარს ბოდავდა. ვერც დავაწვინე, რომ დამეძინებინა.

– ბებია სად არის?

– ბაზარში.

ნუკა ლოჯში გავიდა. ტატა დოდოს ვერ აცილებდა თვალს.

– როგორ გიხდებათ, დოდო დეიდა. ეს ცილინდრი თქვენია?

– არა, კლიენტის. ინგლისში უყიდია მის ქმარს და ამას უნდა, ქორწილში დაიხუროს.

– აი, რა მაგარი გამოგონებაა. ისე, ეს თქვენი ბოტასებიც მაგრად უხდება ამ კაბას. რაღაც ყველაფერი ერთად ისეთი არაორდინალურია, რომ...

– რა რომ?

– ემ–ტი–ვის დაჯილდოების ცერემონიალზე მგონია თავი.

– მე მგონი, ის პატარძალი წითელი კედების ჩაცმას აპირებს. დედამისი მეხვეწება, გადააფიქრებინეო, მაგრამ არავის უჯერებს, – თქვა ნანამ.

– აუ, ძაან მაგარია.

– ტატა, მოდი აქ, – გაისმა ნუკას ხმა.

ტატა ლოჯში გავიდა. დოინჯშემორტყმული ნუკა მაგიდასთან იდგა, ვატო ჩაის ლამბაქიდან ხვრეპდა. ტატამ ჩანთას დაბლა დააგდო. ვატომ ჩანთას შეხედა, გაიცინა, ხელი გაიშვერა და დაუძახა.

– ოი, კაატუნია. ციფ, ციფ. აქ რამ მოგიყვანა, ფისო?

– რა ფისო, ვატო, გაგიჟდი? – ტატამ ჩანთას დახედა და ისევ ზურგზე მოიგდო.

– ვა, ზურგზე შემოგახტა, ტო?

– ვატო, სად ხედავ შენ აქ კატას?

– ვა, ნუკა, შენც დაბრმავდი? კატას ვერ ხედავთ, ტო? ჯერ ერთი, კატა კი არა, ფისოა ეს. ციფ, ციფ, ციფ. ნუკა, კარაქი მომე, რა.

ნუკამ მაცივრიდან კარაქს გადმოიღო და მაგიდაზე დადო. ვატომ დანით პატარა ნაჭერი მოჭრა და პურზე გადაუსვა.

– მთვრალი ხარ თუ მოწეულში? ა, ვატო, მთვრალი ხარ?

– ცოტა დავლიეთ კიდეც.

– მანამდე რა ქენი? მოწიე, ხომ?

– სულ ორი ნაფაზი შემხვდა, ნუკა, რა მოხდა? ტატა, ჩაი არ გინდა?

– არა. რა დროს ჩაია.

– შენ იცი, დედაჩემმა რომ გაიგოს, რა დღეშიც ხარ, რა სკანდალი აიწევა?

– რა დღეში ვარ, ნუკა? რა დღეში? მშია და ვჭამ. ვაიმე, აი, ისევ.

ვატო ადგა და სკამის გვერდით ფეხი იატაკს დაარტყა.

– მოვკალი.

– რა მოკალი?

– ტარაკანა. ძაან დიდი ტარაკნები გყავთ. აი, კიდევ, ვახ ჩემიიი...

ვატო წამოდგა და რამდენიმე ადგილს დაარტყა ფეხი.

– აი, აი, აი.

– ვაიმე. ჰალუცინაციები აქვს. რა ვქნათ, ტატა?

– ბევრი ჩაი დალიოს. აბა, მეტი რა უნდა ვქნათ? სასწრაფოს ხომ არ დავუძახებთ? დაიჭერენ.

ამ დროს ოთახში ნუკას ბებია შემოვიდა.

– ნუკა, ბებო შემოგევლოს, გილოცავ დაბადების დღეს. ამ დილით ისე წახვედი, ვერც კი გაკოცე.

ბებიამ ნუკა გადაკოცნა და ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული ნივთი მიაწოდა. ნუკამ გახსნა. რამდენჯერმე ვატოსაც გახედა. ვატო მშვიდად ხვრეპდა ჩაის და პურზე კარაქსაც უსვამდა.

– ვაიმე, რა ლამაზია, ბებო, – ნუკამ ბებო გადაკოცნა და ოქროს ბეჭედი თითზე მოირგო, – საიდან?

– ჩემი ბროში გადავადნე და ოქრომჭედელს გავაკეთებინე. ტატა, გენაცვალე, დაჯექი შენც, გასადილებ. რა არის, შუადღისას რომ ჩაის ასმევთ ამ ბიჭს? ვატო არ არის ეს?

– ვატოა, კი.

– ვატო, ბორშჩი არ გინდა, ბებო?

– როგორ არ მინდა. ჩაი უკვე გამითავდა. თქვენ აქ საიდან გაჩნდით, ნანული ბებია?

– აბა, სად უნდა ვიყო, შვილო?

– ეგვიპტეში.

– რა მინდა, ბებო, ეგვიპტეში?

– როგორ, სფინქსები, პირამიდები...

– ცოტა ნასვამია, ნანული ბებია. მთვრალია, – მდგომარეობა გამოასწორა ტატამ.

– არა უშავს, საღამომდე გაუვლის. კი მაგრამ, სკოლაში არ იყავით?

– ყველა გაკვეთილი გაცდა დღეს, – თქვა ნუკამ.

ვატომ სერიოზული სახით შეხედა ბებიას.

– ყველაფერი არა. გეოგრაფია ჩაგვიტარდა, ნანული ბებო. მასწავლებელს ვუთხარი, რომ მათ, ვისაც უნდათ, რომ თავიანთი ქვეყნის პატრიოტები გახდნენ, უნდა იბრძოლონ.

– რისთვის, შვილო?

– რისთვის? აი, მაგალითად, თუნდაც იმისთვის, რომ აღარ შეიძლება მკვდრების ჰორიზონტალურად დამარხვა. ადგილი მიაქვთ ბევრი. ვერტიკალურად ვინც თავს დაიმარხავს, ისაა სწორედ პატრიოტი. ადგილი დარჩება ეკონიმიკას ქარხნებისთვის. აი, მე, მაგალითად, ანდერძს დავწერ, ვერტიკალურად დამმარხონ.

– ჯობია, დაგწვან, სულ არ დაგჭირდება არაფერი, – უთხრა ნუკამ და ვატოს კარაქი ააცალა.

– ვაიმე, ვაიმე, რას შვრები? – ვატომ კარაქის დაბრუნება სცადა.

– ბორშთან კარაქიანი პური კუჭს შლის.

– ნუკა, ხმლიანი კაცები რომ იდგნენ შემოსასვლელში, წავიდნენ? – იკითხა ვატომ.

– სად იყვნენ ხმლიანი კაცები? – ბებიას ფერი წაუვიდა.

– შემოსასვლელში, ნანული ბებო. მონღოლებს გავდნენ, პატარები, შავები, დიდთავიანები, და ელოდებიან, მარტო როდის დავრჩებით, რომ ყელი გამოგვჭრან. ფუჰ, პარაზიტები. ფუჰ, ფუჰ!

ვატომ ბორში ვეღარ ჩაყლაპა და ისევ უკან გადმოასხა, თეფშში.

– მაგრამ თქვენ რომ ტარაკნები გყავთ, ასეთი არსად მინახავს, – დაამატა მაშინვე.

– რა გყავთო, ნუკა?

– არაფერი, ბებო, მიდი ნახე, დედას რა ლამაზი კაბა აცვია. დე!

– რა იყო?

– აჩვენე ბებოს კაბა?

– არა. მოვიდეს.

– მიდი, ბებო. გაგიჟდები, ისეთია.

– ნანული ბებია, თქვენ ნუ გეშინიათ, მე ყველა ტარაკანა მოგიკალით. აწი მორჩა მაგათი გულავი აქ, – თქვა ვატომ.

– დიდი მადლობა, გენაცვალე. აბა, შენ იცი, – ბებია ღიმილით გავიდა.

ნუკამ ვატოს თავში წამოარტყა.

– მე რომ დედაშენი ვიყო, ცემით გაგხეთქავდი.

– ტატა, უთხარი, ნუ მირტყამს.

– ნუ ურტყამ, ნუკა, თორემ ხომ ხედავ, ჭკუაზე არ არის და შეიძლება ხელიც შემოგიბრუნოს.

– დამისხი რა, კიდევ ბორში, – ვატომ ნუკას თეფში გაუწოდა. ამ დროს ზარის ხმა გაისმა. ნუკამ ვატოს თეფში გამოართვა, ქვაბთან ახლოს დადგა და კარის გასაღებად წავიდა.

– ვაღებ!

ოთახში სამი სპეცრაზმელი შემოვარდა. რამდენიმე სადარბაზოში დარჩა.

– გაიწიეთ, ხმა არ ამოიღოთ. დადექით კედელთან, ჩქარა, ჩქარა. ყველანი დადექით კედელთან. მამაკაცები სად არიან?

– ვაიმე, ვინა ხართ, ღმერთო ჩემო, რა გინდათ ჩვენგან? ვინ მამაკაცები? ვის ეძებთ?

– ნუ ისულელებთ თავს, არ გაინძრეთ, სანამ არ გეტყვით.

– სად გაგონილა ასე შემოვარდნა, რა წესია ეს?!

– სად არიან, არ იტყვით?

– ჩემი ქმარი სახლში არ არის. ვაიმე ნუკა, ბავშვი არ შემიშინოთ, გაიგეთ? თქვე მხეცებო, რას ნიშნავს ეს?

სპეცრაზმელები ლოჯში შევარდნენ. ვატო კედელთან მიაყენეს და გაჩხრიკეს.

– რა დავაშავე? რა დავაშავე?

– სად არიან თქვენი მდგმურები?

– ვინ მდგმურები? – ნუკას ფერი წაუვიდა.

– არაბები არ ცხოვრობენ თქვენთან?

– ვინ არაბები? დედა, ვინ არიან არაბები?

– აჰ, არაბები? ეგენი დაბლა სართულზე ცხოვრობენ ნაქირავებში. ვაიმე, არ გამისკდა გული?

ნანა სავარძელში ჩაჯდა.

– წყალი მომიტანეთ ვინმემ.

ერთ–ერთმა პოლიციელმა კარი შემოაღო, გარეთ გაიხედა და დანარჩენებს ანიშნა, დაბლა ჩასულიყვნენ.

– სართული შეგვეშალა, იქ შედით.

– ტატა, რა ხდება, გამაგებინე, ძალიან გთხოვ, – ვატო თვალებს დაბნეული აცეცებდა.

– ვსიო, გიჭერენ.

– მე? რატო?

– რატო და ლიფტში ტარიანი დაუმალავს ვიღაცასო. ეჭვი შენზე აიღეს.

– აუ, ჩემი, ის ტარიანი მე შევინახე, – წამოიყვირა ვატომ, – ვაიმე, ახლა გული ამერევა, ნერვიულობაზე ვიცი.

– ჩუ, შე დებილო, – ტატამ პირზე დააფარა ხელი, – ნუკა, მოდი აქ. ვატოს გული ერევა.

– აერიოს. ტუალეტი ეგერაა.

ვატო ტუალეტში შევარდა.

– უკაცრავად, ქალბატონო, თქვენ დღეს ქორწილი გაქვთ? – ჰკითხა მაღალმა სპეცრაზმელმა დოდოს.

– დიახ, ქორწილი მაქვს და აი, რა დღეში ჩამაგდეთ. სად შეიძლება, რომ ვიჩივლო ამგვარი დარბევისთვის, ა?

– ასეთი უცნაური საქორწილო ტანსაცმელი პირველად ვნახე. ცილინდრით უნდა იყოთ ქორწილში?

– თქვენი საქმე არ არის.

– უკაცრავად. წავედით, ბიჭებო. კიდევ ერთხელ გვაპატიეთ. ბედნიერებას გისურვებთ.

– ის არაბები რა, ტერორისტები არიან? – ნანამ ძლივს ამოიღო ხმა.

– რიცინის ლაბორატორია აქვთ, – მობრუნდა ერთ–ერთი.

– ლაბორატორია სახლში?

– მარტო სამზარეულოც საკმარისია, ქალბატონო. დიდი ადგილი მაგას არ უნდა. წავიდეთ, ბიჭებს მივეხმაროთ. უკვე აუყვანიათ. გოგოებო, გვაპატიეთ.

– ისა, უკაცრავად... – ტუალეტიდან გამოსულ ვატოს რაღაცის თქმა მოუნდა.

– არ გაინძრე, – ტატამ სახელოზე დაქაჩა.

ვატო ისევ ტუალეტში შებრუნდა. ყველა პოლიციელი გავიდა.

– სპეცრაზმი იყო, – თქვა დოდომ.

– ვინც გინდა იყოს, ვინ არიან ეს სულელები, გაგონილა ასე ხალხის დაშინება? ნუკა, ბებო შემოგევლოს, ხომ კარგად ხარ? ამ ბავშვს არ დააცადეს დაბადების დღის გადახდა.

დოდომ კაბა გაიხადა.

– მოიცა, რა დოდოშკი, ჯერ არ დამიმთავრებია.

– შენ ნორმალური ხარ, გოგო? კიდე კაბის თავი გაქვს? მომაძრე, შენი ჭირიმე, ეს ყველაფერი, სად მაქვს ამის ნერვები, – დოდომ ცილინდრი ტახტზე მოისროლა.

– დე, ჩვენ წავედით.

– სად წახვედით? ვერ ხედავ, რა ხდება გარეთ?

– რა ხდება ისეთი? შეეშალათ სართული. მორჩა. ქალმა ამდენი რევოლუცია გადაიტანე ჩვენს ქვეყანაში და ამან შეგაშინა? – ნუკა დედას ჩაეხუტა.

– შენ იცი, რა არის რიცინი?

– რა და ქოლგით ჩხვლეტა, ფილმი, გახსოვს? პიერ რიშარი რომ ქოლგის წვერს შეურჭობს ვიღაცას და ის ვიღაც კვდება, აი, იმ ქოლგის წვერში რიცინი იყო.

– შხამია, დოდო დეიდა, – დაასკვნა ტატა.

– მერე, შხამი როა, ხომ შეიძლება თქვენთვისაც რამე ექნათ იმ არაბებს? მიაქირავე ახლა ბინა ყველას.

– შხამი კი არა, რომ არ ავფეთქდით ყველა, მადლობელი არა ხარ? – ნანამ დაბლანდული კაბა დაკეცა და პირჯვარი გადაიწერა.

– ვატო სად არის?

ნუკამ ტუალეტში შეიხედა. ვატო უნიტაზზე იჯდა და შეშინებული თვალებს ატრიალებდა.

– გამო, წავიდნენ.

– ვა, გადავრჩი?

ვატო გამოვიდა და დოდოს ფეხებში ჩაუვარდა.

– ჩემი ბრალია, დოდო დეიდა, ყველაფერი, მაპატიეთ, ჩემი ბრალია. უსინდისო ვარ მე და, რაც გინდათ, ის მიყავით.

– რა დაგემართა, ვატო? რა არის შენი ბრალი?

– მე შევინახე ტარიანი ლიფტში. რა ვიცოდი, თუ ეგენი ყველგან იქნებოდნენ. ლიფტშიც კი თავისი ხალხი ყავთ. ყველგან მაგათი თვალებია, სიგარეტი ვერ მოგიწევია ადამიანს. ეწევი, ეწევი და ვდრუგ – თვალები. მე მაგათი დედა რო ვატირე.

– რა ტარიანი, ვატო? რა თვალები? – დოდო გაკვირვებას ვერ მალავდა და ვატოს თმაზე ეფერებოდა.

– მე ჩავაგდე თქვენი ოჯახი ასეთ დღეში, ჩემი ბრალია ყველაფერი. მაპატიეთ, ქალბატონო დოდო, ნანული ბებია, უღირსი ადამიანი ვარ. სად წავიდე, არ ვიცი, რა გავაკეთო, არ ვიცი.

ნუკამ და ტატამ ვატოს იღლიაში მოჰკიდეს ხელი, ფეხზე წამოაყენეს და კარისკენ წააფორთხიალეს.

– ხომ გითხარი, მთვრალია–მეთქი. ნუკა, რა უნდა ვუყოთ ახლა ამას? დააწვინე შენს ოთახში, დაიძინოს.

– გზაში გამოვაფხიზლებთ.

ნუკა, ტატა და ვატო გავიდნენ.

– რაო, რა ტარიანიო? – გაიკვირვა დოდომ და ნანას გადახედა.

– არ ვიცი, ეგ შენ უნდა იცოდე, შენი შვილის მეგობარია.

– მოვკლავ.

დოდო სადარბაზოში გავარდა, მაგრამ ლიფტი უკვე დაბლა ჩადიოდა.

– მოეთრიოს სახლში.

– ნუკას რას ერჩი?

– ერთი, ეს დაბადების დღე ჩავამთავრო და მერე მე ვიცი, რასაც ვერჩი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online