asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლელა + ლევანი
ლელა + ლევანი
ლელა + ლევანი

2011-05-05 16:19:58



10

დათო და ნანუჩი ერთმანეთს დაშორდნენ. ბიჭი გიჟს ჰგავს, სამებასთან დამინახა, მოვიდა, ქვაზე ჩამოვსხედით. არაფერი მიკითხავს, აღსარებაზე ვფიქრობ–მეთქი, ვუთხარი და მოძღვრის ვინაობაც დავასახელე. მოწონების ნიშნად თავი დამიკრა, სიგარეტს მოუკიდა, ისეთი დამძიმებული ჩანდა, უხერხულობას ვგრძნობდი. "ლელას ვთხოვ და ნანუჩის ყველაფერს აუხსნის..." – ვეღარ მოვითმინე, თანაგრძნობით გავუღიმე. არაო, თავი გაიქნია. "ისე გამოიყვანეს, თითქოს ნანუჩისა და მის თაყვანისმცემელს შორის ჩორტი ჩავაგდე... სადაც გასაწყვეტია, იქ გაწყდეს!.." – კარგა ხნის შემდეგ გამოცრა, ხელი ჩაიქნია და ნაღვლიანად გააბოლა.

ამ დროს ერთი ჩემი ნაცნობი ბიჭი მოგვიახლოვდა – საშკა ტოროშელიძე. გადამკოცნა, დათოს ხელი ჩამოართვა და საკუთარი ვინაობა ამაყად დაუსახელა. მართალია, საშკასთან არ ვძმაკაცობდი, მაგრამ კარგი დამოკიდებულება მაკავშირებდა, შორიდან ლელასაც იცნობდა და ჩვენი ურთიერთობის ამბავიც იცოდა.

– ცოლი ხომ არ მოიყვანე? – უადგილოდ მკითხა.

– რა დროს ცოლის მოყვანაა!.. – არც ისეთი კმაყოფილებით ვუპასუხე და დათოს სიგარეტი გამოვართვი.

– ისევ შეყვარებული ხარ?! – საქმედალეულივით შემომიჩნდა.

რატომღაც დათოს შევხედე და მის თვალებში სიმშვიდე რომ ამოვიკითხე, მეც მშვიდად მივუგე:

– ვარ, ძამიკო, ვარ!.. – სიგარეტს მოვუკიდე და გავაბოლე.

– ერთი შენნაირი შეყვარებული ვიცი, ვერელია, ამიკოს ეძახიან! – უკბილოდ იხუმრა საშკამ, ხმაში შეფარული ცინიზმი გაერია და ქუჩაში მიმავალ გოგონას ავხორცულად გააყოლა თვალი, – იფ, რა ნაშაა!.. – ხარბად დასძინა.

მე და დათომ ერთმანეთს მრავლისმეტყველად გადავხედეთ, თითქოს ვერელი ამიკოთი დავინტერესდით.

– იმ ამიკოს კი არ ვიცნობ, უბრალოდ, ნაცნობი გოგონა უყვარს! – ისევ დაცინვა გაერია ხმაში.

– საიდან იცი? – გამომწვევად იკითხა დათომ, ისე შეაგულიანა, თითქოს რასაც ამბობდა, ტყუილი იყო.

– ის გოგო ჩემი მეზობელია, ქეთი... ბავშვობიდან მევასებოდა, ისეთი თეძოები და მკერდი აქვს, ეშმაკს გადააცდენს! – გადამდები ვნებიანობით აგვიხსნა საშკამ.

დათომ სიგარეტის ნამწვი გვერდზე მოისროლა. მე უხერხულად შევიშმუშნე, თითქოს ვიგრძენი, საშკა რაღაც სისულელეს წამოროშავდა.

ამასობაში ვაჩნაძის ქუჩიდან ნიაზი შემოგვიერთდა, მოგვესალმა, საშკაც გაიცნო, ამოვისუნთქე, ვიფიქრე, მეშველა, პლეხანოველი დაწყებულ საუბარს აღარ გააგრძელებს–მეთქი.

– ის გოგო ამას წინათ ეზოში შემხვდა, შენთან რაღაც საქმე მაქვსო, – თითქოს ჩემს ჯიბრზე დაიწყო საშკამ, – ვიფიქრე, ალბათ ვიღაცამ აწყენინა და დახმარება უნდა მთხოვოს–მეთქი, ნახევარი საათის შემდეგ კარზე მომიკაკუნა, – პლეხანოველი ნევრებმომშლელად დადუმდა, დათოს სიგარეტი სთხოვა, იმანაც უხალისოდ გაუწოდა, ნიაზი მაინცდამაინც ახლა დადუმდა, სიტყვა რომ ჩამოეგდო, საშკას შეგნებულად გავაჩერებდი, – ჰოდა, ოთახში შევიყვანე, ნამტირალევი ჩანდა, შეწუხებული თვალებით მომაჩერდა და წინდაწინ მომიბოდიშა, ბიჭების ბუნება ჩემზე უკეთ იცი და რჩევა უნდა გკითხოო... რას მებოდიშები, ერთ ეზოში გაზრდილები ვართ–მეთქი, შევაგულიანე, დივანზე დავსვი და გვერდით მივუსკუპდი, მოსასმენად მოვემზადე, თან მის მკერდს ვუჭვრეტდი, ნეტავ ხელში მომაჭმუჭნინა–მეთქი, – ამ დროს სამების ეკლესიიდან მღვდელი გამოვიდა, თავი დაგვიკრა და ხმამაღლა დაგვლოცა, – "ვერელ ამიკოს ვუყვარვარ, წელიწადია ერთმანეთს ვხდებით, სამი დღის წინ ვაწყენინე, აღარ მირეკავს..." – ტკეპნა–ტკეპნით ამბობდა ქეთი და ნერვიულობისგან თითებს იმტვრევდა. – "ასეთი რა მოხდა?" – მოჩვენებითი გულისხმიერებით ვკითხე და თანაგრძნობის ნიშნად მუხლზემოთ ხელი დავადე. არ შემკრთალა, მთელი არსებით ამიკოზე ფიქრობდა. "კინოთეატრ ამირანში თანაკურსელ ბიჭთან ერთად დამინახა, იეჭვიანა, დავურეკე, ყველაფერს აგიხსნი–მეთქი, მაგრამ არ მომისმინა... მოკლედ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე და რა გზას დავადგე..." – აფლუკუნდა ქეთი და ცრემლებად დაიღვარა; "ერთი წელი ხვდებოდით?!" – ვკითხე და ხელის თითები წელქვემოთ შევუცურე; დაბნეულად შემომხედა, ვიდრე გონს მოეგებოდა, დივანზე გადავაწვინე... გამიძალიანდა, თევზივით აფართხალდა, ვიყვირებო, დამემუქრა. დაგუდული კედლებია, ხმას ვერავის მიაწვდენ–მეთქი, იმედი გადავუწურე და საცვალი შემოვახიე, ამიკოს დედაც ვატირე, ბავშვობიდან მევასები–მეთქი, ყურში ჩავჩურჩულე და მისი ქორფა მკერდი თითებში მოვიმწყვდიე... აუჰ, როგორ არ დამკაწრა, დამკბინა, მაგრამ მაინც ვერ გამექცა, ბოლოს სიამოვნების ცრემლები ღვარა... ქალწულთან არასოდეს მიცხოვრია, სამოთხე ყოფილა, ძმაო... სისხლი რომ დაინახა, თვალები გაუფართოვდა, მერე ვედრებით შემომხედა და სასოწარკვეთილმა მისაყვედურა. მას შემდეგ ორჯერ შევხვდი, თავი მოიკლა და აღარ დამნებდა. ამიკოს აღარ ახსენებს, აწი ცოლად აღარ წამიყვანსო, შემომჩივლა. წაგიყვანს–მეთქი, დავაიმედე და სახლიდან გავაგდე...

საშკას რაღაცის თქმა კიდევ უნდოდა, მაგრამ დათომ არ დამასწროს–მეთქი, ისეთი ვთხლიშე სიფათში, ცხვირიდან სისხლი თქრიალით წასკდა. ერთმანეთს აღარ ვაცლიდით, სამივე უმოწყალოდ ვცემდით, "კაცი კი არა, ახვარი ყოფილხარ!" – გამწარებით დავძახოდით. თვალებგადმოკარკლული მოგვჩერებოდა, თითქოს უკვირდა, ამათთვის რა დამიშავებია, ასე სასტიკად რო მისწორდებიანო. ბოლოს წიხლქვეშ გავიგდეთ, თავზე ხელები წაიფარა და ყვირილი მორთო: "მიშველეთ, მკლავენ!". მთელი უბანი გარეთ გამოეფინა, ზოგმა ხმამაღლა გაგვლანძღა, ხულიგნები გვეძახა, ახლავე პოლიციას გამოვუძახებთო.

იმ დღესვე ვერის უბანში წავედით, იქაურ ბიჭებში ამიკო ვიკითხეთ, დავადგინეთ, შევხვდით, გავიცანით და ბაღში გავნაპირდით – ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ყველაფერი პირდაპირ ვუთხარით.

ამიკო პატიოსანი ბიჭი გამოდგა, ერთხანს შერისხულივით დუმდა, სიმწრით ოხრავდა, ცრემლებს ყლაპავდა, ბოლოს მადლიერებით შემოგვხედა და დღეიდან ჩემი ძმები ხართო, გულწრფელი კმაყოფილებით მოგვიგო.

"იმ პლეხანოველზე გული არ დაგწყდეს, ერთი კვირა ლოგინიდან ვეღარ ადგება! – დავამშვიდეთ. "ქეთის მივხედავ!" – ყველაფერს მიგვიხვდა, სინანულით გაიქნია თავი და სათითაოდ გადაგვეხვია.

ერთი კვირის შემდეგ უბანში ლამაზ გოგოსთან ერთად მოგვაკითხა. "გაიცანით, ეს ქეთია, ჩემი საცოლე!" – ამაყად წარგვიდგინა და კაფეში დაგვპატიჟა.

ამიკოსა და ქეთის შერიგების ამბავმა ძალიან გაგვახარა.

სამების ეკლესიის მღვდელთან, მამა ალექსისთან, კარგი ურთიერთობა მაკავშირებს, ჩხუბის შესახებ მკითხა და მეც აღარ დავუმალე. შეწუხდა: "ეს რა ჩაუდენია იმ უღვთოს!" – პირჯვრისწერით თქვა, რაღაცნაირი კმაყოფილებით შემომხედა და "უფალმა შეგიწყალოს"–ო, დამლოცა.

სოფრომაძეებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს, რძალი სახლიდან გააგდეს – გამკიცხავი საბაბით თავიდან მოიშორეს. სოფრომაძეების რძალყოფილმა მალე წამლის ბარიგობა დაიწყო. გაბოს დასიცხულ კუროსავით დაუღია პირი და ახალ საცოლეს ეძებს, ამჯერად ალბათ მშობლების რჩევასაც გაითვალისწინებს.

ბებიაჩემი პენსიაში გავიდა, მზესუმზირით ვაჭრობა დაიწყო, დილიდან დაღამებამდე კოლმეურნის მოედანზე დახეტიალობს და პურის ფულს შოულობს. რაღაც უნდა ვიღონო, თორემ თუ დაუძლურდა, მერე რა მეშველება.

ბაჩოს სულ ამერიკის საელჩოსკენ უჭირავს თვალი, ერთი გოგო უყვარს, არაფერს ვეკითხები, თუ საჭიროდ ჩათვლის, ყველაფერს მეტყვის.

თემო მესამე მასივში დადის, ღამით ვიღაც რუს გალიასთან რჩება, შეგნებული ქალიაო, იზო დეიდამ მითხრა. ის მაკა დღესაც არ ასვენებს, სულ კუდში დასდევს. ამას წინათ თემო შემხვდა, "გალია ფეხმძიმედაა, ამ მაკამ კიდევ სისხლი გამიშრო, რაღაც გზებით მისი ტელეფონის ნომერი შეიტყო, წარამარა ურეკავს, ჩემი ქმრის ბავშვი მოიშორე, შე გათახსირებულოო, მოთმინებიდან გამოყავს, ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს!" – შეწუხებული სახით დასძინა.

ჯიმშერიმ ცოლი შეირთო, მალე ბავშვიც შეეძინება.

ნიაზი კი "ვორონცოვისკენ" დაეჩვია სიარულს, იქ, სადღაც, ბინა იქირავა, ერთი გოგო უყვარს და იმასთან ერთად ცხოვრობს.

დათო ვიღაც კონსერვატორიის ქერათმიან სტუდენტს გადაეკიდა, თითქმის ყოველდღე ინსტიტუტში აკითხავს, მერე სადღაც იკარგება, საყვარელ გოგონასთან ერთად გვიანობამდე უჩინარდება, უბანში საერთოდ ვერ ვხედავ.

წუხელ გურამჩიკა მამასთან ერთად მოსკოვიდან ჩამოფრინდა. უბნის ბიჭებმა პატარა შეხვედრა მოვუწყვეთ, "მეგრელებში" სუფრა გავშალეთ და წავუქეიფეთ. მაგარი ზმანები ეცვა, კისერს, მაჯას და თითებს ოქროს მსხვილი ნაკეთობები უმშვენებდა. ღვინოს არ სვამდა, წამლის კაიფში იყო, ძვირადღირებული მობილურით წარამარა საუბრობდა, ვიღაცებს შეხვედრებს უნიშნავდა. დათო რატომღაც არ გამოჩენილა. გურამმა ერთი–ორჯერ გაკვირვებით იკითხა, რატომ არ მოვიდა, რამე ხომ არ შეემთხვაო. სუფრას უსტო თამადობდა, სიყვარულის, ძმობისა და პატიოსნების სადღეგრძელოებს მთელი გრძნობით წარმოთქვამდა.

დილით სადალაქოში შევედი, გურამჩიკა თმას იკრეჭდა, სასწრაფოდ მოსკოვში მინდა გავემგზავრო და აეროპორტამდე გამაცილეო, – სარკიდან მთხოვა. ამ დროს სადალაქოში გურამის მამა შემოვარდა, განრისხებული ჩანდა. "მოსკოვში წასვლა არ გაბედო, თორემ ყოფას გიტირებ! – შვილს თვალები დაუბრიალა – როგორც კი მარტო დაგიგულებენ, ეგრევე დაგათოხლავებენ!". კანონიერ ქურდებს გულისხმობდა. გურამჩიკა ხმას არ იღებდა. დალაქი გაშეშებული იდგა. აღარ იცოდა, მაკრატელი ჯიბეში ჩაედო თუ თმა გაეკრიჭა. არც მე ვინძრეოდი, შვილის ბედით აფორიაქებულ მამას გაოცებული მივჩერებოდი. ბოლოს გურამი ადგა, სარკეში თმა გაისწორა და მშობელს დამნაშავესავით გაჰყვა.

მეორე დღეს ფანჯარასთან მომდგარი ვნახე, ნიკაპი ხელისგულზე ჩამოედო და თვალი დატუქსულ ბავშვივით გაშტერებოდა. შემებრალა, ერთხანს ვერ შემამჩნია, ბოლოს უხერხულად გამიღიმა. ამ დროს დათო მოგვიახლოვდა, მოგვესალმა და თბილად მოგვიკითხა. "შემოდით, რას უდგეხართ?" – გურამმა შინ შეგვიპატიჟა და ფანჯარას მოშორდა, კარი გაგვიღო, დათოს გადაეხვია და დივანზე ფეხმორთხმით მოკალათდა. "ნანუჩის და შენი ურთიერთობა როგორ არის?" – მრავლისმეტყველი ღიმილით იკითხა, დეიდაშვილის სახელი ფარული საყვედურით ახსენა, თითქოს ძმაკაცს რაღაცისთვის მოუბოდიშა. "ბავშვია, მაგას გონზე მოყვანა უნდა!" – თითქოს გამოსავალი თვითონვე ნახა და სიგარეტს მოუკიდა. დათომ არაფერი თქვა, მხრები აიჩეჩა, სახეზე დაეტყო, ამ თემაზე საუბარი არ სიამოვნებდა.

– ბარიგა თუ გეგულებათ, წამალი ავიღოთ და გავიჩხიროთ! – შემოგვთავაზა გურამმა და ცხვირი მოიფხანა.

– წამალთან არაფერი გვესაქმება! – ჩემი სათქმელიც დათომ უთხრა.

გურამჩიკა დადუმდა, უაზროდ გაუშტერდა თვალი.

– რა ვქნა, დედის სიყვარული არ ვიცი... პატარა ვიყავი, მამას გაეყარა, თავისი ცხოვრება ააწყო... ქალია, ვერასოდეს გამიგებს. ხან ერთ ბებიასთან ვიზრდებოდი, ხან – მეორესთან. როცა მამაჩემის სახლში ვიყავი, მთელი სანზონის ბიჭები კუდში დამდევდნენ, პატივს მცემდნენ და საჩუქრებით მანებივრებდნენ, მამაჩემის ხათრით სურვილებს მისრულებდნენ, მის სახელს მორიდებით ახსენებდნენ... მოკლედ, სულ მეამაყებოდა, ასეთი მამა რომ მყავდა... ყველგან მისი სახელი მმფარველობდა და არსებობას მიადვილებდა. ასე გავხდი მასზე დამოკიდებული, მისი გზა ვარჩიე, პირველობა მომინდა, მამისნაირი ავტორიტეტი უნდა მქონდეს–მეთქი, დღედაღამ ამას ვოცნებობდი... აგერ, დათოს მამამ, – ამ დროს ჩამქრალ სიგარეტს მოუკიდა და მზერა ჩემკენ მომართა, – რა არ იღონა, უნივერსიტეტში მოგაწყობო, შემპირდა, კარგი ბანკირი გახდი და შენი შესაძლებლობები სულ სხვა მხარეს მიმართე, მამაშენის გაკვალული გზით ნუ გაიადვილებ არსებობასო, თუკი მამაშენი სიკეთეს თესავს და ადამიანების პატივისცემას იმსახურებს, არც ის დაგეკარგება სადმეო. არ დავუჯერე, ამერიკიდან მოსკოვში გავიქეცი და მამის გზას დავადექი – მეც ქურდი გავხდი. ყველაფერში მას მივბაძე, წამლის კეთებაც დავიწყე, ორი ქორწინებაც და განქორწინებაც მოვასწარი... არც ერთი ცოლი მიყვარდა, ორივე ფულის გამო შევირთე. ახლა ნარკოტიკის გარდა არაფერს ვეთაყვანები და არც არაფერი მაინტერესებს, – დათოს დამნაშავესავით მიაჩერდა, – მამაჩემს ახლა ეშინია, გამოუცდელია და ქურდებთან იაღლიში არ მოუვიდესო, ათასი მტერი მყავს და შენით მიპირებენ გაფუჭებასო. ჩემი იმედი არ აქვს, იცის, სინამდვილეში, სხვა ტიპი ვარ და ქურდობისთვის არ გავჩენილვარ, ამიტომაც ვერ ეტევა საკუთარ კანში... უკვე გვიანია, უკან ვეღარ დამაბრუნებს... მე მას მივბაძე და მის ავტორიტეტს ამოვეფარე, ახლა მისი პიროვნების დანამატივით ვარ!.. – მოულოდნელად დადუმდა, კარს მიაყურადა, ვინმე არ მისმენდესო, მერე მომდევნო სიგარეტს მოუკიდა და ისეთი შვებით გააბოლა, თითქოს აღსარება თქვა და მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდა.

დათო დაძაბულად დუმდა, ძმაკაცს თანაგრძნობით მისჩერებოდა. ამ დროს მოულოდნელმა სევდამ შემიპყრო, დედის სიყვარული არც მე ვიცოდი და, უფრო მეტიც, მამის სახელი სულაც არ მეამაყებოდა, მისგან მშობლური არაფერი მახსოვდა. გურამის კარგად მესმოდა და ვგრძნობდი, გულში რა ბალღამიც უდუღდა. უცებ ლელა გამახსენდა და სულში სინათლის შემოჭრა ვიგრძენი, კმაყოფილებისგან გამაჟრჟოლა, თითქოს საკუთარ თავს ზემოდან გადმოვხედე, ჩემ გვერდით კი ლელა დავინახე და ყოველგვარი შიში დავძლიე. ღმერთო ჩემო, მე იგი მთელი არსებით მიყვარდა და სიყვარულში პირველი ვიყავი – ეგ იყო ჩემი ბედისწერაც და დიდების მწვერვალიც...

ამის შემდეგ თვე არ გასულა, რუსეთიდან გურამისა და მამამისის ცხედრები ჩამოასვენეს – მკვლელებმა მამა ბინაში დაცხრილეს, შვილი კი მანქანაში ჩაისვეს და შუბლგახვრეტილი ტყეში დააგდეს. კაცს თითებში სიმწრის ნიშანი, საკუთარი თმის ბღუჯა აღმოაჩნდა... მიცვალებულები სანზონაში, საგვარეულო სახლში დაასვენეს.

ჩარგლის ქუჩა სავსე იყო ხალხით; მე და დათო მოტირალთა პროცესიას შევერიეთ და განსვენებულებთან ძლივს შევაღწიეთ, თალხად მოსილი ნანუჩი ჰოლში იდგა და ვიღაც ახლობელ ქალს დამწუხრებული სახით უსმენდა. დათოს დანახვისას თითქოს შეცბა, მოსაუბრეს ზრდილობიანად გაეცალა და ჭირისუფლის ადგილი დაიკავა, გაიტრუნა. ეტყობოდა, ჩვენგან მისამძიმრებასა და თანაგრძნობის გამოხატვას დაელოდა. დათო მღელვარებას ძლივს ფარავდა, ძმაკაცის ტრაგედიას ახლა შეყვარებულის ნახვა დაემატა და მთლად დაიბნა – საქციელი წაუხდა და დაწყვილებულ კუბოს ისე შემოუარა, თავი არ აუწევია.

უნებლიეთ, ნანუჩის ნაღვლიან, განაწყენებულ მზერას წავაწყდი.

მამისა და შვილის ცხედრები თბილისის ზღვისკენ წაასვენეს. სამგლოვიარო დინებას ფეხით მივუყვებოდით. ნანუჩის ნაღვლიანი გამოხედვა არც სასაფლაოზე გამომპარვია, სამარის პირას დასვენებული დეიდაშვილის ცხედრიდან აქეთკენ გამოურბოდა თვალი. დათო გაოგნებული დასჩერებოდა ძმაკაცის უკანასკნელ სახეს და ნანუჩისკენ ისიც მალულად იხედებოდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს შეყვარებულები ახლობელ ადამიანთან ერთად სამუდამოდ დაკარგულ სიყვარულსაც გლოვობდნენ.

11

თბილისში ცივი ზამთარი დადგა, ახალი წელი ახლოვდება. გუშინ ბათუმში დავრეკე, შინაურები მოვიკითხე და იქაური ამბები შევიტყვე: მზიულის მამამთილი გარდაცვლია. საწყალი ქალი, ახლა ოჯახის სიმძიმე მარტო მას დააწვება, მევლუდსაც უნდა მოუაროს და მტერ–მოყვარესაც პასუხი გასცეს.

ლევანს ფიჭური ტელეფონით ველაპარაკე. უხასიათობა შემატყო, ჩამაჯინდა, ხომ არაფერი შეგემთხვაო. ჩემი დაქალის უზნეობის ამბავს ხომ არ მოვუყვებოდი, პირში წყალი დავიგუბე, უბრალოდ, გადაღლილი ვარ–მეთქი.

ერთი ჯგუფელი მყავს, რუსკა ამაღლობელი, გაცნობის დღიდან დავახლოვდით და ერთმანეს შევეთვისეთ. გარეგნობა არ აკლია და კარგ ოჯახშიც აღზრდილია. მეგობრობაში არაფერი შეშლია, თუმცა ამ ბოლო დროს ისეთი რამ ჩაიდინა, ყველაფერზე წარმოდგენა დამაკარგვინა. ერთ უფროსკურსელს, ბათო სურმავას, უყვარდა თუ მასთან ურთიერთობით ერთობოდა, არ ვიცი. ამ ბიჭის გამო თავმოყვარეობაზე ხელი აიღო და უკადრებელი რამ ჩაიდინა. ბათოს მამა რომელიღაც მსხვილი კორპორაციის თავმჯდომარეა და, რა თქმა უნდა, ვაჟიშვილს არაფერს აკლებს – ოცი წლის ბიჭი ინსტიტუტში ახალი "მერსედესით" დასრიალებს. რუსკას სულ ვაფრთხილებდი, ეგ ბათო გაყოყოჩებულია, შენს სიყვარულს ნაკლებად გაიგებს–მეთქი. იხტიბარს არ იტეხდა, ყურს არ მიგდებდა და ბათოს მანქანით წინ და უკან დასეირნობდა. ერთხელ მათ წრეში აღმოვჩნდი და წყვილის საქციელს დავაკვირდი. აშკარად დავრწმუნდი, ერთმანეთი კი არ უყვარდათ, თითქოს აზარტულ თამაშში ჩართულიყვნენ და თითოეული მათგანი საკუთარი მიზნისკენ მიისწრაფვოდა. "რუსკა, იცოდე, ცეცხლს ეთამაშები, ვაჟის შესაძლებლობებს ეხარბები, მან ეს კარგად იცის და ისიც გეთამაშება, შენი გაცურება უნდა, წადილს აისრულებს და მიგაგდებს... დაიმახსორე, ამ თამაშში უსათუოდ დამარცხდები!" – არაერთხელ ვუთხარი და, გონს მოსასვლელად, კიდეც გავუბრაზდი. არაფერი შეისმინა, ბათოსთან ტორღიალი თავდაჯერებით განაგრძო და მთელი ინსტიტუტის საჭორაო გახდა. მთლად სულელი არ მეგონა, ბათოს თავს ადვილად არ გააბრიყვებინებს–მეთქი. "თუ ერთმანეთი გვიყვარს, ეს მარტო ცოლქმრობით როდი დადასტურდება, მთავარია, ერთად ვიყოთ და მაგის დროც დადგება", – უთქვამს ბათოს და რუსკასთვის სექსუალური კავშირი შეუთავაზებია. "თუ ნამდვილად გიყვარვარ, ამას ოჯახის შექმნით უფრო დამიმტკიცებ", – უპასუხია რუსკას და დამაიმედებლად გაუღიმია. ბათო ამის შემდეგ ქალიშვილს სათოფეზე არ გაეკარა, სულ საქმეს იმიზეზებდა, მამაჩემმა რაღაც დამავალაო და სადღაც გარბოდა. ბოლოს მესამეკურსელ გოგონას დაუახლოვდა, ხელს გადახვევდა და აუდიტორიებში მასთან ერთად მიმოდიოდა, რუსკას გულზე ხეთქავდა – აეჭვიანებდა. "ყურადღება არ მიაქციო, ნერვიულობად არ ღირს!" – ვურჩევდი რუსკას, მაგრამ – ამაოდ, დარდობდა და მოსვენებას ვერ პოულობდა.

ჩვენს კურსზე ერთი ბორჯომელი ბიჭი სწავლობდა, მორიდებული და უპრეტენზიო – ზაზა არველაძე, ათასში ერთხელ თუ ამოიღებდა ხმას. მას საქციელის წახდომამდე მოსწონდა რუსკა. მის დანახვაზე წითლდებოდა, მონუსხულივით შესციცინებდა. ბუნებით ჩუმი და მუდამ სამეგობროდ განწყობილი ბიჭი გულისნადებს ვერ ამხელდა და რუსკას უიმედოდ შესტრფოდა.

მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა: რუსკა ბორჯომელს დაუახლოვდა, ბოლო დროს სულ ერთად იყვნენ, თითქოს რაღაც საიდუმლო გაუჩნდათ, შეთქმულებივით ჩურჩულებდნენ. "რა ხდება?" – გაკვირვებით ვეკითხები რუსკას. "თხა თხაზე ნაკლები, მგელმა შეჭამა!" – ნიშნისგებით მპასუხობს იგი და თვალებიდან შურს აფრქვევს. მივხვდი, ბორჯომელით ბათოს უხდიდა სამაგიეროს – გამოწვევა სურდა.

– კი, მაგრამ ამ საწყალ ბიჭს რას ემართლები? – უკმაყოფილება არ დავუმალე რუსკას.

– მე საკუთარი ინტერესი მამოძრავებს და, გთხოვ, შენს საქმეს მიხედო! – გაღიზიანებით მომიგო.

– ის ხომ მსხვერპლია... სიმართლე არ გითხრა?! – ხმაში წყენა გამერია.

– ეს ჩემი პირადი საქმეა და ამაზე პასუხს თავადვე ვაგებ! – გადაჭრით მითხრა.

– ეს უზნეობაა და ცხვირს რომ წაიტეხ, ყველაფერს მერე მიხვდები!.. – მოთმინების ფიალა ამევსო.

– შენი ზნეობრიობით თავი ნუ მომაბეზრე! – ხელი ჩაიქნია და აშკარად მაგრძნობინა, ამ თემაზე საუბარი არ მსურსო.

რამდენიმე დღის შემდეგ მთელ ინსტიტუტში მოულოდნელი ამბავი გახმაურდა: რუსკა და ბათო გაიპარნენ!.. ჩემი ჯგუფელები ყოყმანითა და ეჭვით შეხვდნენ რუსკას გაბედნიერებას და ქვეცნობიერად საპირისპირო ამბის შეტყობინებას დაელოდნენ. ბორჯომელი ცოცხალმკვდარი დაიარებოდა, აუდიტორიაში ნაცემივით მოიძურწებოდა და თვალებში ვერ გვიყურებდა – ყველას გვეცოდებოდა, მაგრამ, რა გვექნა, რითი გვენუგეშებინა?..

ჩვენი წინათგრძნობა მალე გამართლდა: ბათოს მამამ გაპარულ წყვილს აგარაკზე მიაგნო, დაუყოვნებლივ რუსკას მშობლებს დაუკავშირდა და კატეგორიულად განუცხადა, თქვენს ქალიშვილს რძლად ვერ დავისვამ, ბიჭმა ჯერ უნდა ისწავლოს და დაოჯახებაზე მერე იფიქროსო. ბათომაც მამის მორჩილება გამოამჟღავნა – მის ნებას დაჰყვა და რუსკას გამო თავი აღარ გამოიდო. ქალიშვილის მშობლებს სხვა რაღა ექნათ, გაჩუმება არჩიეს, თავი მოგვეჭრებაო, მით უფრო, ძალადობას ადგილი არ ჰქონია და, ამ მხრივ, არც რუსკა გამოთქვამდა პრეტენზიას.

გულწრფელად შემეცოდა. მივაკითხე, სასოწარკვეთილი დამხვდა, თავს არ ვიცოცხლებო, შემომჩივლა.

რამდენიმე დღის შემდეგ ინსტიტუტში გამოჩნდა. ყველა გაგვაოცა, თავი ისე ეჭირა, თითქოს სანატორიუმიდან დაბრუნდა. სახეზე იდუმალი ღიმილი დასთამაშებდა – ეშმაკური ჩანაფიქრის მაუწყებელი. ვიფიქრე, ამას თუ ბორჯომელისთვის ეჟვნის შებმა აქვს განზრახული, მაშინ სამუდამოდ დავკარგავ–მეთქი. ისემც ყველაფერი აგიხდეთ, როგორც ჩემი ვარაუდი გამართლდა: ამ ჩემმა დაქალმა ბორჯომელი ნელ–ნელა შემოირიგა, თავბრუ დაახვია და იმდენი მოახერხა, დეკემბრის ბოლოს მასზე ჯვარი დაიწერა – არნახული ქორწილი გადაიხადეს. წვეულებაზე მისვლა არც მიფიქრია, ჯგუფელებმა მისაყვედურეს, შენ რაღას ნაღვლობ, ეს ქვეყანა ვის გაუსწორებიაო.

გუშინ რუსკა ქიმიის კათედრაზე შემხვდა, გამოწვევად შემომხედა. "გაბედნიერებას არ მილოცავ?" – მრავლისმეტყველი ღიმილით მკითხა. "მომილოცავს!" – წყნარად, დამნაშავესავით ჩავილაპარაკე და გულში გავიფიქრე, შენს ქმარს რომ შევხვდები, იმას გაუბედურებას მივულოცავ–მეთქი. ცივად გავეცალე, აშკარად ვაგრძნობინე, მისი ნდობა აღარ მქონდა და აღარც პატივს ვცემდი.

ბავშვობაში სხვაგვარად ვფიქრობდი. არ მეგონა, მოზრდილები ასეთი ორპირები და ორგულები თუ იყვნენ. რუსკას რომ ვიხსენებ, საშინელი მელანქოლია მეუფლება, უჩვეულო დაღლას ვგრძნობ, თითქოს საკუთარი თავი მაღიზიანებს – ცხოვრების იმ წესებს ვერაფრით ვეგუები, რასაც სხვები ეთვისებიან. იმასაც ვხვდები, მომავალში გამიჭირდება, მეშინია, გულგრილმა და გრძნობებზე მოთამაშე ადამიანებმა ჩემს სიყვარულს ღვარძლითა და ეშმაკობით ზიანი არ მიაყენონ. თითქოს გარიყულივით ვარ, ზოგჯერ ყველაფერი მბეზდება, ეს მეტიჩრული, ზღვარგადასული ტელეგადაცემები და ათასი სისულელით აჭრელებული ჟურნალ–გაზეთები ნერვებს მიშლის. ირგვლივ ყველაფერი უფასურდება – უზნეობა ზნეობად საღდება. ამ ბოლო დროს უჩვეულო აზრი ამეკვიატა, ვიდრე უხამსობასთან ჭიდილში არ დავმარცხებულვარ და გადამდები, საყოველთაო ზედაპირულობით არ დავავადებულვარ, ლევანიკოს სიყვარულს უნდა ჩავეჭიდო, მასთან ერთად შორს გაქცევაზე ვოცნებობ – უკაცრიელ ადგილას დავსახლდებით და ყველასგან მივიწყებულნი ბედნიერად ვიცხოვრებთ.

ერთხელ ლევანს ჩემი აკვიატებული ოცნება გავანდე და გამომცდელად ვკითხე: "რა აზრის ბრძანდებით, ბატონო ჩემო?..". "შენთან ერთად ჯოჯოხეთში წამოვალ და ეს ჩემთვის სამოთხე იქნება!" – დამამშვიდებლად მომიგო, თბილად გამიღიმა და ფიქრიანად დასძინა: "თუმცა საზოგადოებისგან თავარიდება ეგოისტობაა და მეტი არაფერი... უგუნურები უნდა ვიყოთ, გარიყულებმა ვიარსებოთ, პირიქით, ჩვენი სიყვარული სამაგალითო უნდა გავხადოთ, ყველას დავანახოთ, ამქვეყნად სიცოცხლე მხოლოდ სიყვარულისთვის ღირს!..".

კარგა ხანს ხმა არ გავიღე, დავფიქრდი, ბოლოს სერიოზულად ვკითხე: "ჭეშმარიტ სიყვარულს საზოგადოება ყოველთვის უპირისპირდება და ხშირად ეს დაპირისპირება ტრაგიკულად მთავრდება... მსხვერპლის გაღება საჭირო რომ გახდეს?.." – ლევანს ხმამაღლა გაეცინა, ხელზე მაკოცა და გამოცდილივით მითხრა: "დიახ, სიყვარული მართლაც მსხვერპლს მოითხოვს და ამისთვის ჩვენც მზად უნდა ვიყოთ!" – დაკვირვებით შემომხედა, თითქოს შემამოწმა, ვეთანხმებოდი თუ არა. "მე სიყვარული და სიცოცხლე მინდა!" – უნებლიეთ წამომცდა, შინაგან კარნახს ავყევი და ჩემივე ხმის სიუცხოვემ თვითონვე გამაკვირვა. მისთვის აღტაცება არ შემიტყვია, მხოლოდ გაიღიმა, შემაჩერა, ირგვლივ მიმოიხედა და პასუხის ნაცვლად ხანგრძლივი კოცნით დამამშვიდა.

მისი სიტყვების დიახაც მწამდა, მაგრამ ზოგჯერ მეჩვენებოდა, თითქოს ქარის წისქვილებთან მებრძოლი რაინდი იყო – ვგრძნობდი, მთელი არსებით ვუყვარდი, საკუთარ სიცოცხლეს მანაცვალებდა და არც ჩემს სოციალურ შესაძლებლობებს დახარბდებოდა. ისიც კარგად იცოდა, დედაჩემი ჩვენს ურთიერთობას თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა, ამიტომაც მისი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა ზოგჯერ საგონებელში მაგდებდა, სამსახურსა თუ სწავლის გაგრძელებაზე არ ფიქრობდა, ჩვენი მომავლის უზრუნველყოფას რა სახსრით მოახერხებდა, ამის წარმოდგენა მიჭირდა. ვიწრო, საკუჭნაოსავით ბინაში ცხოვრობდა და ერთი მარჩენალი, მზესუმზირის გამყიდველი ბებია ჰყავდა, რომელიც პურის ფულს ძლივს შოულობდა.

როცა ამაზე დავფიქრდებოდი, საყრდენს ვკარგავდი, მართლაცდა გამოქვაბულში ხომ არ ვიცხოვრებდით, ფოთოლშემოსილები კენკრითა და ველური პანტით ხომ არ დავნაყრდებოდით?..

"რომეო და ჯულიეტა ყოფით პრობლემებზე სულაც არ წუხდნენ!" – ღიმილით მიპასუხა, როცა ჩემი სადარდებელი შევაპარე. "ისინი მდიდრები იყვნენ და მეორეც, ცხოვრებას ვეღარ მოესწრნენ, თორემ შვილები გაუჩნდებოდათ, იფიქრებდნენ კი არა, ყირაზეც დადგებოდნენ!" – წყენაშეფარვით მივუგე და მის რეაქციას დაველოდე. ერთხანს ხმა არ გაიღო, ბოლოს თვალმოწკურვით შემომხედა და ნაღვლიანად მკითხა: "მდიდარი რომ ვიყო, მომავლის შიში გექნებოდა?" – სიგარეტს მოუკიდა. შევიშმუშნე, ჩიხში მომწყვდეულივით ავცქმუტდი: ყოველთვის ვგრძნობდი, სოციალური პირობები მის არსებაზე დამთრგუნველად მოქმედებდა, გულშემატკივარი და ხელის გამმართავი არავინ ჰყავდა. "სისულელეს ნუ მეკითხები, სიმდიდრე და ქონება აქ არაფერ შუაშია, როგორიც ხარ, ისეთივე მიყვარხარ!" – ვუსაყვედურე და სხვა საზრუნავის თავარიდებაში დავადანაშაულე. "უპატრონო კი ვარ, მაგრამ შენი სიყვარული ყველაფერს შემაძლებინებს, ბოლოს და ბოლოს, კაცი მქვია და ცხრა ტყავში გავძვრები!" – დამამშვიდებლად მომიგო, ოპტიმისტური განწყობით თავისი თავიც დააშოშმინა; "თუ დროზე არ იზრუნე, მერე გვიანი იქნება!" – საშველი აღარ მივეცი და წამიერად ჩაფიქრებულს გამოფხიზლება ვაიძულე.

ისეთ ასაკში ვიყავით, ყველა საჭირბოროტო საკითხი მალევე გვავიწყდებოდა, ამქვეყნიური საზრუნავი ნაკლებად გვადარდებდა, სულის თავისუფლებას მეტ უპირატესობას ვანიჭებდით და ჩვენს სიყვარულს მომავლის რწმენით ვასაზრდოებდით...

დროდადრო მაინც ვეძლეოდი საფიქრალს, ვგრძნობდი, თუკი ლევანი უპასუხისმგებლო ცხოვრებაზე ხელს არ აიღებდა, მაშინ მის სიყვარულზე მე უნდა ამეღო ხელი, სხვანაირად ორივე დავიღუპებოდით, ყველაფერი ძვირად დაგვიჯდებოდა – წმინდა გრძნობას ვეღარ შევინარჩუნებდით. გონიერებისთვის დროზე უნდა მოეხმო, თორემ ამყაყებულ ჭაობში აღმოვჩნდებოდით, ვერც ოჯახს შევქმნიდით და ჩვენს ურთიერთობას გაუტანლობად, მომაბეზრებელ კინკლაობად ვაქცევდით.

წუხელ უგუნებოდ ვიყავი. მე და დედაჩემი ტელევიზორს ვუყურებდით. ამ დროს ზარის ხმა გაისმა, კარი გავაღეთ, ზღურბლზე ცოცხალმკვდარი ინეზა გამოჩნდა – მისმა გამომეტყველებამ დაგვაფრთხო, ბუნებით მხიარული ქალი დამწუხრებულ ჭირისუფალს ჰგავდა, სავარძელში მკვდარივით ჩაესვენა და გულმოკლულმა ამოიხვნეშა.

– რა მოხდა, შე ქალო?! – წუხილით იკითხა დედამ და უჩვეულო მოლოდინით მიაჩერდა.

– გიორგი მოკვდა!.. – ძლივს გამოცრა ინეზამ.

– როდის და როგორ? – შეიცხადა დედამ.

– წუხელ, ავარიაში... კოჯორში ერთად ვიყავით, გვიან დავბრუნდით, სახლთან მოშორებით ჩამომსვა, თვითონ კასპში, ცოლ–შვილთან წავიდა და გზაში... – ნაწყვეტ–ნაწყვეტ ამბობდა და ცრემლად იღვრებოდა, – მორჩა, ჩემი ქალობა დასრულდა... ჩემი სიყვარული სამუდამოდ დასამარდა... ამქვეყნად უგულოდ უნდა ვიცხოვრო... მართალია, სხვას ეკუთვნოდა, მაგრამ ზეზეულად ევლო, ცოტა ხნით მაინც მეგრძნო ქალობა... ჯერ არ ვარ მოხუცი... დატირების უფლებაც არ მაქვს, თქვენთან თუ მოვიოხებ გულს, ნამდვილ სიყვარულს დამნაშავესავით უნდა გამოვეთხოვო... ღმერთო, რატომ არის ცხოვრება ასე უკუღმართად მოწყობილი?.. – მწარე სინანულით დასძინა ინეზამ და არა მარტო საყვარელი ადამიანის დაკარგვა გამოიტირა, არამედ ის ცხოველმყოფელური გრძნობაც, რაც იმ ადამიანთან აკავშირებდა და რაც იმ ადამიანივით ერთხელ ეწვია.

ცრემლს ძლივს ვიკავებდი, დედაჩემიც თანაგრძნობით გატრუნულიყო.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online