| ქალი და მამაკაცი |

ჰოლში შევიდნენ თუ არა, მათ ადმირალი შემოეგება. ის წამით შედგა, მერე კი დაღლილი ხმით თქვა:
– აი, სად ყოფილხართ... მუსიე პუარო, თქვენთან გასაუბრება მინდა. ჩემს კაბინეტში შევიდეთ, თუ შეიძლება.
პუარო ადმირალს გაჰყვა. მას ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ოფიცერთა კაიუტაში დასაკითხად მიჰყავდათ.
ადმირალმა პუაროს ჟესტით ერთ–ერთი რბილი სკამი შესთავაზა და თავადაც დაჯდა.
– ვწუხვარ, დიანამ რომ ამ ყველაფერში ჩაგითრიათ, – ალაპარაკდა ჩენდლერი, – მესმის, საბრალო გოგო რასაც განიცდის, მაგრამ ეს ჩვენი ოჯახური ტრაგედიაა და ალბათ ხვდებით, გარეშენი რომ არ გვჭირდება.
– მესმის თქვენი, – თავაზიანად შენიშნა პუარომ.
– დიანა ამას ვერ იჯერებს და იქნებ არც მე დამეჯერებინა, რომ არა... – ადმირალმა ამოიოხრა.
– რას გულისხმობთ? – ფრთხილად შეაპარა პუარომ.
– ჩვენ ეს სისხლში გვაქვს. ავადმყოფობას ვგულისხმობ.
– და ნიშნობაზე მაინც დათანხმდით?
ჩენდლერი წამოწითლდა:
– თქვენი აზრით, ეს არ უნდა მექნა? მაშინ ფიქრადაც არ მომსვლია, ყველაფერი თუ ასე შემობრუნდებოდა. ჰიუ დედამისის კოპიოა და ჩენდლერებს საერთოდ არ ჰგავს. ბოლო დრომდე ის აბსოლუტურად ნორმალური იყო.
– ექიმებისთვის არ მიგიმართავთ? – რბილად შეეკითხა პუარო.
– არა და არა! – დაიღრინა ადმირალმა, – ბიჭი ჩემთან უსაფრთხოდაა, ისინი კი, როგორც ველურ მხეცს, ოთხ კედელში გამოკეტავენ.
– თქვენთან ის კი იქნება უსაფრთხოდ, მაგრამ სხვები?
– სხვები? რას გულისხმობთ?
პუაროს არაფერი უპასუხია. მხოლოდ ყურადღებით ჩახედა ადმირალის ნაღვლიან თვალებს. ჩენდლერმა დეტექტივს მზერა აარიდა და მწუხარე ხმით წარმოთქვა:
– მუსიე პუარო, ყველას თავისი საფიქრალი აქვს. თქვენ დამნაშავეს ეძებთ, ჩემი ბიჭი კი დამნაშავე არ არის.
– ჯერჯერობით.
– რას ნიშნავს ჯერჯერობით?
– დრო მიქრის, ყველაფერი იცვლება. იმ ცხვრებზე რას იტყვით?
– მათზე ვინ გითხრათ?
– ჯერ დიანა მაბერლიმ, მერე კი პოლკოვნიკმაც.
– ჯორჯს ენაზე კბილი უნდა დაეჭირა.
– ის თქვენი მეგობარია?
– საუკეთესო მეგობარი, – ხაზგასმით აღნიშნა ადმირალმა.
– თქვენს მეუღლესთანაც მეგობრობდა?
ჩენდლერმა გაიღიმა:
– არათუ მეგობრობდა, ახალგაზრდობაში მგონი, უყვარდა კიდეც, მაგრამ მე ვაჯობე... კაროლინა ჩემი გახდა, მერე რომ დამეკარგა...
მან ამოიოხრა და მხრებიც საცოდავად ჩამოუშვა.
– როცა თქვენი ცოლი დაიხრჩო, პოლკოვნიკი თქვენთან იყო?
– ჰო. როცა ეს მოხდა, ის კორნუანში იყო. მე და კაროლინამ ნავით გასეირნება გადავწყვიტეთ, ჯორჯი კი იმ დღეს შინ დარჩა. დღემდე ვერ გამიგია, ნავი რატომ გადაბრუნდა... ყურეში შევცურეთ თუ არა, ძლიერი მოქცევა დაიწყო... ყველანაირად ვცდილობდი, კაროლინას მივშველებოდი... – ადმირალს ლაპარაკი უჭირდა და დროდადრო ხმაც უწყდებოდა, – მისი გვამი ზღვამ ორი დღის შემდეგ გამორიყა... მადლობა ღმერთს, ჰიუ თან არ გვყავდა. ასე მაშინ ვფიქრობდი, ახლა კი... ღმერთმა მაპატიოს და... ზოგჯერ ვიფიქრებ ხოლმე, იქნებ ჯობდა, საბრალო ბიჭიც დედასთან ერთად მომკვდარიყო...– ისევ ღრმა, უსასოო ამოოხვრა, – მუსიე პუარო, ჩენდლერების გვარიდან ჩვენ უკანასკნელნი ვართ. ჩვენს მერე ლაიდში აღარავინ დარჩება. როცა ჰიუ დიანაზე დაინიშნა, იმედი გამიჩნდა, რომ... ეჰ, აღარც კი მინდა ამის გახსენება.
* * *
ერკიულ პუარო ჰიუ ჩენდლერთან ერთად როზარიუმში იჯდა. დიანა მაბერლი იქიდან ახალი წასული იყო. ახალგაზრდა კაცმა თავისი ლამაზი სახე მოსაუბრისკენ შეაბრუნა:
– იქნებ დაარწმუნოთ, რომ ბედს უნდა შევურიგდეთ. დი მებრძოლია. მას დანებება არ სურს და ჩემი ნორმალურობის ისევ სჯერა.
– არადა თქვენ პირიქით ფიქრობთ.
– თანდათან უარესად ვხდები, რაც დიანამ არ იცის. ის მხოლოდ მაშინ მხედავს, როცა ნორმალურად ვარ.
– თქვენი ცუდად ყოფნა რაში გამოიხატება?
ჰიუ ჩენდლერმა ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო:
– უპირველეს ყოფლისა, სიზმრები მტანჯავს. წინა ღამით, მაგალითად, ჯერ შეშლილი ხარი ვიყავი და სისხლსა და მტვერში ამოსვრილი სადღაც გავრბოდი, მერე უზარმაზარ, ცოფიან ძაღლად ვიქეცი და ჩემს მიახლოებაზე ბავშვები იმალებოდნენ. მერე ვიღაცას ჩემი მოკვლა სურდა. ბოლოს წყლიანი სურა შევნიშნე, მაგრამ დალევა ვერ შევძელი და ამ დროს გამომეღვიძა კიდეც. შეძრწუნებული ვიყავი, რადგან ვიცოდი, ეს ყველაფერი სიმართლე რომ იყო. მუსიე პუარო, წყურვილი მკლავდა და წყლის დალევა ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან ყლაპვა არ შემეძლო!
პუარომ რაღაცა ჩაიბურტყუნა, ჰიუმ კი თვალები ოდნავ მოჭუტა, ხელები მუხლებზე შემოიჭდო, თავი წინ ისე გასწია, თითქოს მისკენ მომავალ ვიღაცას ხედავსო და განაგრძო:
– მაგრამ ისეთი რაღაცეებიც ხდება, რაც სიზმარი არ არის. ზოგჯერ, როცა ვიღვიძებ, საშინელ მოჩვენებებს ვხედავ, რომლებიც ჩემ გარშემო შეგროვილან და საცაა, უნდა მეცნენ. ჩანს, ყველაფერი მემკვიდრეობით მერგო. მადლობა ღმერთს, ეს ამბავი დროზე გავიგე. წარმოიდგინეთ, მე და დიანას შეშლილი შვილი რომ გაგვჩენოდა! – ჰიუ პუაროს ხელს შეეხო, – თქვენ მას ჩემი დავიწყება უნდა აიძულოთ. დიანა ვალდებულია, ასე მოიქცეს. ერთ მშვენიერ დღეს ის სხვას შეხვდება, ვთქვათ, იგივე სტივ გრეჰემს, რომელსაც გაგიჟებით უყვარს. მართალია, გრეჰემი და მისი მშობლები ღარიბები არიან, მაგრამ ჩემი სიკვდილის შემდეგ დიანასა და სტივს ეს პრობლემა აღარ ექნებათ.
– თქვენი სიკვდილი რა შუაშია?
ჰიუ ჩენდლერმა მშვიდად გაიღიმა:
– დედაჩემის ფულები მე მერგო, მე კი ყველაფერს დიანას დავუტოვებ.
– კი მაგრამ, ღრმა მოხუცებულობამდე რომ იცოცხლოთ?
– არა, მუსიე პუარო, ასე დიდხანს სიცოცხლეს არ ვაპირებ, – უცებ ის მკვეთრად შეტრიალდა, – ღმერთო ჩემო, შეხედეთ! იქ, თქვენს უკან, ჩონჩხია... რომელიც ძვლებს იქნევს...
ახალგაზრდა კაცის გაფართოებული თვალები პირდაპირ მზის შუქს მისჩერებოდა. რამდენიმე წამის შემდეგ ის დეტექტივისკენ შემობრუნდა და თითქმის ბავშვის ხმით შეეკითხა:
– თქვენ ვერაფერი დაინახეთ?
პუარომ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– საქმე რომ მარტო მოჩვენებებში იყოს! – შესძახა ჰიუ ჩენდლერმა, – ყველაზე საშინელი ისაა, მთვარეულივით რომ დავბორიალობ და უკვე რამდენჯერმე ჩემს ტანსაცმელზე სისხლის კვალიც შევნიშნე. ცხვრების ისტორიის შემდეგ მამა ღამით საძინებელში მკეტავს, დილით კი ზოგჯერ კარი ღია მხვდება. მგონი, გასაღები სადღაც უნდა მქონდეს დამალული, მაგრამ არ ვიცი, სად, – დაამთავრა ჰიუმ.
– ამ ყველაფრის შემდეგ ვერ ვხვდები, ექიმს რატომ არ მიმართავთ.
– რა ძნელი მისახვედრია? ფიზიკურად ხომ ხარივით ჯანმრთელი ვარ. ოთხ კედელში თუ გამომკეტავენ, ვინ იცის, ჩემმა წამებამ რამდენ ხანს გასტანოს. ამიტომ მირჩევნია, ჩემი ცხოვრება მალევე დამთავრდეს... ვთქვათ, უბედური შემთხვევა თოფის წმენდის დროს ან სხვა რამ ამგვარი.
მან პუაროს გამომწვევი მზერა მიაპყრო. ეს უკანასკნელი ხმადაბლა შეეკითხა:
– თქვენ როგორ იკვებებით, ანუ რას ჭამთ და სვამთ?
ჰიუ ჩენდლერმა თავი უკან გადააგდო და ახარხარდა:
– გგონიათ, საჭმელს ვერ ვინელებ და კოშმარები ამიტომ მაქვს?
პუარომ მშვიდად გაუმეორა:
– რას ჭამთ და სვამთ?
– იგივეს, რასაც ყველა.
– რამე წამლებს თუ იღებთ?
– ღმერთმა დამიფაროს. ფიქრობთ, რომ დაპატენტებული აბები სიგიჟეს შველის?
– მითხარით, ამ სახლში ვინმეს თვალის დაავადება ხომ არ აწუხებს? – კითხვა შეუბრუნა პუარომ.
– თვალები პრობლემებს მამაჩემს უქმნის, ამიტომ ოკულისტსაც ხშირად სტუმრობს.
– ააა, – პუარომ ლოყა მოიფხანა, თითქოს დაიბნაო, – მართალია, რომ პოლკოვნიკმა ფრებიშერმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ინდოეთში გაატარა?
– სრული სიმართლეა. ის იქ არმიაში მსახურობდა და ინდოეთის კულტურამ და ტრადიციებმაც ძალიან გაიტაცა.
პუარომ ისევ "ააა" წარმოთქვა და ფიქრს მიეცა. ბოლოს ჰიუს შეხედა და თქვა:
– ვხედავ, ნიკაპი გაგიჭრიათ.
– საკმაოდ ღრმა ჭრილობაა, – ჰიუმ ნიკაპზე მოისვა ხელი, – ერთხელ, როცა ვიპარსავდი, მოულოდნელად მამა შემოვიდა და შეშინებულმა მაშინ გავიჭერი. ბოლო დროს ნერვული გავხდი, თან ნიკაპზე და ყელზე რაღაცამ გამომაყარა, რაც პარსვის დროს ხელს მიშლის.
– დამარბილებელი კრემი უნდა იხმაროთ.
– უკვე ვხმარობ, პოლკოვნიკმა მომცა. ისე, ჩვენი საუბარი სილამაზის სალონის საუბარს დაემსგავსა. რის გაგებას ცდილობთ?
– ყველაფრის, დიანას რომ დავეხმარო.
– ჰო, ჰო. ძალიან კარგს იზამთ. დაარწმუნეთ, რომ დამივიწყოს. შექმნილ სიტუაციაში ეს საუკეთესო გამოსავალია.
* * *
– მადმუაზელ, გამბედაობა გაქვთ? დიდი გამბედაობა?
– მაშ, ეს სიმართლეა? ჰიუ შეშლილია? – შეჰკივლა დიანამ.
– მე ფსიქიატრი არ ვარ და ვერც დიაგნოზს დავსვამ, – შენიშნა პუარომ, – ადმირალიც და პოლკოვნიკიც ყმაწვილს ასეთად თვლიან. ახლა ჰიუც იგივეს ფიქრობს. თქვენ, მადმუაზელ?
– არა, მე ასე არ ვთვლი და თქვენ ამიტომაც... – ქალიშვილი გაჩუმდა.
– მომმართეთ, ხომ? კარგით. მითხარით, სტივ გრეჰემი ვინ არის?
– სტივ გრეჰემი? – დიანა გაკვირვებული ჩანდა, – უბრალოდ ნაცნობი და მეტი არავინ. მითხარით, ამას რატომ მეკითხებით? რატომ არაფერს მპასუხობთ? გაჩუმებული რად ხართ? რატომ მაშინებთ?
– მეც მეშინია და იმიტომ.
– თქვენც გეშინიათ? – თვალები გაუფართოვდა დიანას.
– ჰო, – ამოიოხრა პუარომ, – მკვლელის დაჭერაზე ძნელი დანაშაულის თავიდან აცილებაა.
– რომელი დანაშაულის? – დაიბნა დიანა.
– მისმინეთ, მადმუაზელ, – პუაროს ტონი მბრძანებლური გახდა, – აუცილებელია, რომ ჩვენ, ორივემ, ღამე ამ სახლში გავატაროთ. შეძლებთ, ოჯახის წევრები დაითანხმოთ?
– ალბათ... მაგრამ ეს რაში გჭირდებათ?
– გთხოვთ, მოთმინება მოიკრიბოთ და ზედმეტი კითხვები არ დამისვათ.
დიანას აღარაფერი უთქვამს, ისე გაემართა სახლისკენ. პუარომ ცოტა ხანს შეიცადა, მერე კი თავადაც სახლს მიაშურა.
ბიბლიოთეკას, საიდანაც ხმები გამოდიოდა, პუარომ გვერდი აუარა და ფართო კიბით მეორე სართულზე ავიდა. იქ არავინ იყო. მან ჰიუს ოთახი ადვილად მოძებნა და შიგ შევიდა. კუთხეში პირსაბანი იდგა, მის თავზე კი, მინის თაროზე, სხვადასხვა ტუბები, ქილები და პატარა ბოთლები ელაგა.
ერკიულ პუარო საქმეს შეუდგა. დრო ცოტა დასჭირდა და ჰოლში დაბრუნება იმაზე ადრე მოასწრო, ვიდრე ბიბლიოთეკიდან აწითლებულ–აღელვებული დიანა გამოვიდოდა.
– მგონი, ყველაფერი რიგზეა, – ის იყო, თქვა ქალიშვილმა, რომ ბიბლიოთეკიდან ადმირალმა გამოიხედა და ჟესტით პუაროს თავისთან უხმო.
– მისმინეთ, მუსიე პუარო, – ამაყად დაიწყო უფროსმა ჩენდლერმა, როცა ის და დეტექტივი სკამებზე ჩამოსხდნენ, – დიანას თხოვნას ალბათ იცნობთ. არ მსურს, არასტუმართმოყვარედ ჩამთვალოთ, მაგრამ არ მესმის, ღამით აქ დარჩენა რაში გჭირდებათ.
– ადმირალო, ამას გარემოებები მაიძულებს, რასაც შეყვარებული ქალიშვილისთვის ვაკეთებ. თქვენ, პოლკოვნიკმა და ჰიუმ რაღაცეები მიამბეთ, ახლა კი ყველაფერში თავად უნდა გავერკვე.
– გასარკვევი არაფერია. ჰიუს ყოველ ღამე თავის ოთახში ვკეტავ. მეტი არაფერი.
– მიუხედავად ამისა, ზოგჯერ დილაობით კარი ღია ხვდება.
– რა თქვით?
– განა თავად თქვენ კარი ღია არ დაგხვედრიათ?
ჩენდლერი მოიღუშა:
– ვეჭვობდი, ჯორჯი აღებს–მეთქი...
– გასაღებს კარებში ტოვებთ?
– არა, იქვე მდგარ ყუთში, საიდანაც დილით მე, ჯორჯი ან ჩვენი მსახური უინზერსი ვიღებთ. კარის ჩაკეტვის აუცილებლობა უინზერსს იმით ავუხსენით, რომ ჰიუ ღამღამობით ძილში დადის. იქნებ მსახური რაღაცას ხვდება კიდეც, მაგრამ პატიოსანი კაცია და ჩვენ არაფერს გვაგრძნობინებს.
– კარს მეორე გასაღებიც აქვს?
– არა, თორემ მეცოდინებოდა.
– იქნებ ვიღაცამ დუბლიკატი გააკეთებინა?
– ჰო, მაგრამ ვინ?
– თქვენმა ვაჟმა თქვა, მეორე გასაღებს სადღაც ვინახავ, მაგრამ არ მახსოვს, სადო.
– კარგით, დარჩით, – მოტყდა ადმირალი, – ოღონდ მხოლოდ თქვენ, დიანას გარეშე.
– რატომ?
– ძალიან სარისკოა. ჰიუ ხომ ავადაა.
– მაგრამ ის დიანას ერთგულია!
– სწორედ მაგიტომ! – შესძახა ადმირალმა, – არავინ იცის, შეშლილი რას იზამს!
– კარგით, ახლა წავალ, – თქვა პუარომ და წამოდგა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 
































































