asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მე – თინეიჯერი
მე – თინეიჯერი
მე – თინეიჯერი

2011-04-21 14:57:22



– აუ, სად დაირტყი, ტო, რა მაგარია, – რეზიკომ ხელი წაატანა.

– დღეს ამით მოდი რა, ჩემთან, – სთხოვა ნუკამ, – ან არა, მე მათხოვე და დავიხურავ.

– ჰოლანდიიდან ჩამომიტანა ძმაკაცმა, ჰა, გათხოვებ, მხოლოდ დღეს.

– აბა, მერე რად მინდა? სად ვიარო ამით? – ნუკამ ქუდი დაიხურა და სარკეში ჩაიხედა, – ვგავარ იუბილარს?

– ოზი ოსბორნს გავხარ. მერე ერთ ცოცხალ ღამურასაც მოაჭამე თავი შენს ფართიზე და მძიმე როკის დედოფალი იქნები.

– ჰე, ქენით რამე, – ლალამ ბიჭებს შეხედა.

– რა ვქნათ?

– არ დაკაიფდით?

– პოზდნია.

ბიჭები სავარძლებზე გადაწვნენ.

– ნუკა, შენ რამე დაგემართა?

– მჟავე კიტრი მომინდა.

– მიდი, მაცივარშია. კოკა–კოლაც მოიტანე, რა.

ნუკამ მჟავე კიტრი ქილიდან ამოიღო, თეფშებზე დააწყო და კოკა–კოლას ბოთლთან ერთად გამოიტანა.

– ფეხმძიმედ ხომ არ არის? – გადაუჩურჩულა ლალამ ტატას.

– შიგ ხომ არა გაქვს?

– კაი, რა იყო, ისე ვიკითხე. ვანიკო, მამაშენმა ჩამოიყვანა ბეემვე?

– კი. სემსოტკა. დღეს ალბათ მათხოვებს.

– გათხოვებს რა არი? შენთვისაც ეყიდა რამე. ვგიჟდები მანქანიან ბიჭებზე.

– ახლა დედაჩემს კითხე? თავს მოვიკლავ, რომ უყიდოო, მამაჩემს აგიჟებს.

– ვა, ასეთი ისტერიჩკა დედა გყავს?

– ყველა დედა ისტერიჩკაა, – ვანიკომ ლალას თავი კალთაში ჩაუდო.

– აუ, სანამ მანქანას მიყიდიან, მომეფერე რა თმაზე, ვგიჟდები მაგაზე.

ლალამ ვანიკოს თმაში შეუყო ხელი.

– მე? – იკითხა ვატომ.

– რა, შენ?

– მეც მინდა ეგრე.

– მოდი ჩემთან, – უთხრა ნუკამ.

ვატო ნუკასთან ოთხით მივიდა და მუხლებზე ნიკაპი ჩამოადო.

– ვითომ მე შენი ბატკანი ვარ, მეეე, მეეე.

– ნუ კიკინებ, თორემ გაგპარსავ.

– ისე, მართლა ვარ გასაპარსი.

– შენ მეშვიდე კლასიდან სულ გასაპარსი ხარ, – უთხრა რეზიკომ.

– აბა შენსავით ქოსა ხომ არ უნდა ვიყო.

რეზიკომ ვანიკოს ხელი წაჰკრა. ნუკამ ვატოს თმაში შეუყო ხელი და მოეფერა. მერე ყურთან მიუტანა ტუჩები და ჩასჩურჩულა,

– შენ ხომ მოხვალ ამ საღამოს ჩემთან?

ვატომ თავი დაუქნია.

– მარტო, ხო?

ვატომ ისევ დაუქნია თავი.

– შეგიძლია, ჩემი ბოიფრენდობა ითამაშო?

– აუ, ბიჭებო, სიგარეტს მომიკიდეთ და მომეცით რა, – მიუბრუნდა ვატო ბიჭებს და ისევ ნუკას კალთაში ჩადო თავი.

– რა გითხრა ასეთი? ა? ნუკა, რა უთხარი ასეთი ამ კაცს?

– თქვენი საქმე არ არის.

ნუკა თმაზე მოეფერა ვატოს და ისევ ჩასჩურჩულა.

– შეგიძლია?

– გიყვარვარ?

– არა.

– მაშინ არ შემიძლია.

ნუკამ ვატოს თმას გაუშვა ხელი, ფეხი ჰკრა და იატაკზე დააგორა.

– კარგი, კარგი, ნუკა, ოღონდ ასე ნუ მექცევი და თანახმა ვარ.

– რაზე ხარ, ბიჭო, თანახმა? გაუპატიურებენ?

– წამო რა, ნუკა, წავიდეთ, სტუდიაში დაგვაგვიანდება, – წამოდგა ტატა.

– ჰო, წავიდეთ, ტრუხაა ეგ თქვენი მანაგუაა, თუ რაც არის.

– შენ, ძმაო, ცხენის დოზა გდომებია, – წამოდგა ვატოც.

– შენ მგონი, რაღაცა იმაიმუნე. ოხრახუში მოხარშე, ხომ?

რეზიკო და ვანო სიცილით მიაწყდნენ ერთმანეთს.

– მოწვეს, ტო.

– დიდი რაოდენობით ოხრახუში, სხვათა შორის, აყრუებს, იცოდით?

– ქუდი მიმაქვს, – ნუკამ პლანის ფოთლიანი ქუდი დაიხურა, – კიდე კარგი, ჩემი ძმა აქ რომ არ არის, თორემ მომკლავდა, ამ ქუდით რომ დავენახე. კაი, წავედით, ამ საღამოს ყველას გელოდებით. პაკა.

– გოგოებო, წამოგყვებით, რა... – ლალა წამოდგა და ნუკას და ტატას გაჰყვა გასასვლელისკენ.

– გაქვს სიარულის თავი? ჩვენ სტუდიაში ფეხით წავალთ.

– მაქვს. თუ არ მექნება, კიკის დავურეკავ და მანქანით მომაკითხავს.

– ნახე, რა ქუდით გადის ქუჩაში და კიდევ ამბობს, ტრუხა დამალევინეთო. ნორმალურ ჭკუაზე იზამდა ამას? – ვანიკო ნუკას გაეკიდა და ჩანთა მიაწოდა, – ჩანთა გრჩებოდა. აჰა, და ფრთხილად იყავი, პოლიცია რომ ნახო, ქუდი მაინც შეაბრუნე, არ ნახონ ეგ პლანის ფოთოლი, თორემ შენც დაგიჭერენ, ვატოსაც, მეც და ტრიფონასაც.

ვატომ კარი გააღო თუ არა, კიბეებზე ქშენით ამომავალი ბიჭი შეეჯახა.

– აუ, აქა ხართ, ტო? რატო არ იღებ მერე ყურმილს? გოგოებო, თქვე ჯიგრებო, აქ რას აკეთებდით, გრუპავოი გქონდათ?

– შენს თავს მიხედე, კრეტინო, რა არის, დილიდან მთვრალი რომ ხარ? – ლალამ ბიჭს ხელი აუქნია, რომელიც მის კაბას წაეპოტინა.

– გიო, რა მოხდა? – ვატომ გიორგი მისკენ შემოაბრუნა.

– რა მოხდა და ფული მჭირდება. უნდა მომცეთ.

– რამდენი?

– ხუთასი ლარი, – დააბრეხვა გიორგიმ.

– გაგიჟდი შენ? ხუთას ლარს ვინ მოგცემს, – თქვა ვანიკომ და დაუსტვინა.

– ვინ და შენ, შე ნაბოზარო, ძმაკაცს უჭირს და შენ კიდევ უსტვენ აქა? – გიორგი ვანოს საცემრად გაიწია, მაგრამ წინ რეზიკო გადაუდგა.

– არ გინდათ, არ გინდათ.

– ე, ბიჭო, შენ, რამე არ შეგეშალოს.

– აუ, დავიშალოთ ახლა, თორემ მეზობლები გამოვლენ და ჩემები ყველაფერს გაიგებენ. წამო, წამო, ქუჩაში გავიდეთ.

– რად უნდა ქუჩა და საქმის გარჩევა, ტო, იმას, რომ ძმაკაცს ფული ჭირდება, – წაიჭიმა გიორგი და ბიჭებმა კიბე ჩაირბინეს.

– წამო, წამო და ვიშოვოთ რამე, – ვატომ გოგოებს შეხედა.

– სად მაქვს მაგისთვის მისაცემი ფული, ჯერ კიდევ ჩემი ვალი აქვს, ერთი თვის წინ ორმოცი ლარი გამომართვა და არ დაუბრუნებია, მოვკლავ მაგ სულელს.

– ხო, კაი, მოგცემ, მოგცემ, შე კრიჟანო, – ამოსძახა ქვედა სართულიდან გიორგიმ.

– ახლა ვარ კრიჟანი, შე იდიოტო? – ნუკა დაეწია ბიჭს და მუშტი ჩასცხო ზურგში.

– აუ, არ ვიყო ქურდი, ხომ გაგხეთქე ცემით, – გამწარდა გიორგი და ნუკას დაემუქრა.

– ქურდი არა ტოროლა. ლაწირაკ!

– კანდიდატი ვარ და ჩუ! გაიგეთ? – ხელები გაპარჭყა გიომ.

– ჰო, წამო, წამო, ტო, რას ყვირიხარ! – ვატომ მკლავზე მოქაჩა და თავისკენ შეაბრუნა.

რეზიკომ ტაქსი გააჩერა და ბიჭები მანქანაში ჩასხდნენ. ნუკამ მობილური ამოიღო და ნომერი ნერვიულად აკრიფა.

– რეზიკო, ეგ იდიოტი არ დავინახო ჩემ დაბადების დღეზე, თორემ ყველას გაგყრით, – თქვა და ტელეფონი გათიშა.

4

გოგონებმა გზა ფეხით განაგრძეს.

– ფუ, გული მერევა.

– ვაიმე, რა უნდა ქნა? – ლალამ ნუკას ხელმკლავი გაუყარა, – არ უნდა დაგელია.

– არა, მაგისგან კი არა, იმ კრეტინი გიოსგან.

– მოდი, ჩემს მეგობარს დავურეკავ, ახლახან მანქანა იყიდა და გაგვიყვანს, სადაც გვინდა, – წაიმარიაჟა ლალამ და ტელეფონზე ნომერი აკრიფა. ტატამ ნუკას გადახედა და ჩუმად უთხრა:

– მოუშორებელი ჭირია ეგ, დაგვანებოს რა თავი.

– კიკი, მე ვარ, – წაიკივლა ლალამ ტელეფონში, – ჰო, ჩემო სიცოცხლე, აგერა ვარ რუსთაველზე, გამოხვალ? კაი, საუნჯესთან დაგელოდები.

– ვინ კიკია ეგ? – ჰკითხა ნუკამ.

– როლანდასთან რომ დადიოდა, შარშან დაამთავრა სკოლა.

– მერე მანქანა საიდან?

– საიდან და როლანდას ექვს თვეში დაადო, ვიღაც ბიძასთან დაიწყო სიარული, ოცდათვრამეტი თუ ორმოცი წლის კაცთან და იმან უყიდა.

– ცოლად მოყავს?

– იმას კი უნდა, მარა კიკის არა.

– მერე მანქანა?

– მანქანის გარდა იცი, რა შმოტკებს ყიდულობს? მარა იმან არ იცის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს ჩვენი კიკი დაიქნევს. იმ ბიძას, ეტყობა, მაინც უღირს. მეგობარი კია, არ უნდა ვლაპარაკობდე ამას, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ჯერ იყო და როლანდა იმდენი ახვია, რომ ის ბიჭი დააქლიავა, და მერე უცებ აღარ მოუნდა, გაიგე შენა? ფული არა აქვსო. მოკლედ, პატარა კახპაა რა. აი, მოვიდა. ეეეე, კიკი, აქა ვართ, – ლალამ კიკის მანქანა დაინახა და ხელი დაუქნია.

გოგოები მანქანასთან მივიდნენ და ჩასხდნენ.

– კიკი, გაიცანი, ესენი ჩემი კლასელები არიან, ნუკა და ტატა.

– ნუკა? – კიკი შემოტრიალდა, რადიოს ხმა ჩაუწია და ნუკას შეხედა, – ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, შენი ძმა სანდრო საბერძნეთში რომ წავიდა, ისაა, არა?

– ჰო, წავიდა. იცნობდი?

– კი, მაგარი კაი ბიჭი იყო.

ტატამ ნუკას მუჯლუგუნი გაკრა. კიკიმ გოგონებს სიგარეტის კოლოფი მიაწოდა. ყველამ თითო ღერი ამოიღო, კიკიმ სანთებელაც გადასცა. მოუკიდეს.

– ახლა როგორაა?

– კარგად.

– შენა, აი, ჩემი მობილური, აკრიფე მისი ნომერი და ეხლავე დაველაპარაკოთ, – კიკიმ ნუკას თავისი ტელეფონი მისცა.

ნუკამ ნომერი აკრიფა და კიკის მიაწოდა.

– მიდი, მიდი, ჯერ შენ დაელაპარაკე, მერე მე მომეცი.

ნუკა დაელოდა, სანამ ვინმე უპასუხებდა.

– ეეე, სანდრო, როგორა ხარ? – ნუკას შუბლი გაეხსნა, – ჰო, მე ვარ. რატო არ დამირეკე, დაგავიწყდა? როგორ რა? ჩემი დაბადების დღე... მიდი, მიდი, ახლა თავს ნუ იმართლებ. შენა, აქ ერთი გოგოა, შენთან დალაპარაკება უნდა.

ნუკამ ტელეფონი კიკის გადასცა.

– ეი, აბა, თუ გამოიცნობ, ვინა ვარ... შენი და შემთხვევით ახლა გავიცანი და მანქანაში მიზის. ასე უნდა მეგობრების დავიწყება? კიკი ვარ. ოოო... სანდრო, როდის ჩამოხვალ? მე ჩამოვიდე? ვააა... კაი, მერე კიდევ დაგირეკავ და მოვილაპარაკოთ... იქნებ ჩამოვიდე კიდეც... რას ვშვრები და არაფერს. ახლა ვკატაობთ. კაი, გკოცნი.

კიკიმ ტელეფონი გათიშა.

– ჩვენ აქ გაგვიჩერე, რა, – სთხოვა ნუკამ.

მანქანა სტუდიასთან მუხრუჭების ძლიერი ხმით გაჩერდა. გოგონები გადმოვიდნენ. კიკიმ იქვე ჯიხურში სიგარეტი და კოკა–კოლა იყიდა.

– აბა, გოგოებო, პაკააა, – დაუქნია ხელი ლალამ.

ნუკას მუხლები მოეკვეთა და ხესთან ჩაიკეცა.

– ვაიმე, მიშველეთ, ვაიმე ნუკა.

ქუჩაში მიმავალმა ბიჭმა ნუკას მიუსწრო, დაიჭირა და ხელზე გადაიწვინა.

– დამეყრდენით, ნუ გეშინიათ.

ლალა და კიკიც მოვარდნენ. ნუკამ თვალი გაახილა და გასწორდა. მერე ბიჭს შეხედა.

– როგორ ხართ? – ბიჭმა ნუკას თბილად გაუღიმა.

– კარგად, გმადლობთ.

– რა დაგემართა, ნუკა? გული გაგვისკდა, – შეშფოთდნენ გოგოები.

– რავი, არაფერი, თავბრუ დამეხვა.

– მოიცა, რა თავბრუ... წამო, სახლში წავიდეთ, აი, კიკი წაგვიყვანს, – ტატამ კიკის გახედა.

– რაზეა ბაზარი, გოგოებო, აბა რას ვიზამ, ჩაჯე, ნუკა.

– არა, სტუდიაში უნდა ავიდე.

– რა დროს სტუდიაა, გაგიჟდი? – ლალამ ნუკას ხელი წაავლო, – წამო.

– გამანებეთ რა თავი. მე თვითონ ვიცი, რაც უნდა ვქნა.

ნუკა შენობისკენ წავიდა. ტატა გაეკიდა, თან ლალას და კიკის გამოსძახა, წადით, მე მივხედავო. გოგოები სადარბაზოში შევიდნენ. ბიჭი შეჰყვა, აგაცილებთ, თორემ შეიძლება კიდევ რამე დაგემართოთო.

– არ გვინდა გაცილება, – ტატამ ბიჭს მტრულად შეხედა.

– ჩემი გეშინია?

– არა.

– მაშინ რა მოხდა, მიგაცილებთ. თან მე მარტო ვარ, თქვენ ორნი, მაინც ვერ მოგერევით, – ბიჭმა მერე კიკის და ლალას გახედა, რომლებიც მანქანაში ჩასხდომას აგვიანებდნენ და ხელით ანიშნა, წადით, მე მივხედავო.

– დაგელოდებით, – ეს კიკის იდეა იყო. იფიქრა, ასეთი ბიჭი ხელიდან როგორ გავუშვაო, მაგრამ ბიჭმა ვერ გაიგო, რადგან უკვე სადარბაზოში იყო შესული.

კიკი და ლალა მანქანაში ჩასხდნენ.

– ნახე, რა ბიჭი გამოიჭირა ნუკამ ერთ წამში, – კიკიმ ლალას გადახედა და სიგარეტი მიაწოდა. ლალამ გამოართვა და ეჰ, კაი, წავედითო, ამოიოხრა.

– ნუკა, როგორ შემაშინე, რა დაგემართა? – ტატა ნუკას კიბეზე გვერდით მიჰყვებოდა, თან ცალი თვალი ბიჭისკენ გაურბოდა, რომელიც მათთან ერთად კიბეზე ღიმილით ადიოდა.

– რა დამემართა და ვერ ვიტან მანქანაში სიგარეტის მოწევას, ეგრევე მაკაჩავებს და გულს მირევს.

– აუ, გამიხეთქე რა, გული. რას ეწეოდი შენც.

– მომაწოდა და რა მექნა? მაგას მარტო თავისი თავი გონია მაგარი? მერე იტყოდა, გოიმიაო.

– შენ კიკის ედრები? შენზე ორი წლით უფროსია. ვერ ხედავ, ცხენივითაა. თან ეგ, მგონი, ექვსი წლიდან ეწევა. რომ მივალთ, წამოწექი, – ტატამ ბიჭს გახედა, – თქვენ კიდევ რა გაცინებთ სულ?

– მე არ ვიცინი.

– აბა რას შვრებით?

– ვიღიმი.

ნუკას გაეცინა.

– ტატა, მადლობის მაგიერია? – მერე გაჩერდა და ბიჭს შეხედა.

– მართლა კარგად ვარ უკვე. დიდი მადლობა.

– აბა, ჩაისუნთქე და ამოისუნთქე ღრმად, – სერიოზულად უთხრა ბიჭმა.

ნუკამ ჩაისუნთქა და ამოისუნთქა.

– თავბრუ გეხვევა?

– არა.

– ხელები აწიე მაღლა და უცებ ჩამოუშვი.

ნუკამ გააკეთა.

– დაგეხვა თავბრუ?

– არა.

– ჰოდა, კაი გოგო ხარ. ნუკა, ხომ?

– კი, ნუკა. ეს ტატაა.

– ვა, ნუკა, ტატა, იქ კიდევ კიკი, პუკი, ლაკა, ლუკი...

– თქვენ თვითონ რა გქვიათ?

– მიშა.

ამ დროს სტუდიის კარი გაიღო, იქიდან გოგო გამოვარდა და კიბეზე აღელვებულმა ჩაირბინა. ამათ დანახავაზე არც შეჩერებულა, თითქოს არც დაუნახავსო.

– ეი, უზო, გამარჯობა. რა დაგემართა? – დააწია ნუკამ.

– გამარჯობა. მე წავედი, თავი მტკივა, – უზომ კიბე ჩაირბინა. გოგოები სახტად დარჩნენ.

– ეგეც უზო. მაგარი სახელებია. გოგოებო, თქვენ რომელი პლანეტიდან ხართ? – ბიჭმა ისევ გაიღიმა.

– უზო, ესე იგი, ლუიზა. ნუკა, იგივე ნუნუკა, ლალა – პასპორტში ლიანა, კიკი იგივე ქრისტინე, ტატა კიდევ, თამუნა. საცხოვრებელი ადგილი – დედამიწა. გაიგე, მიშა?

– გავიგე, ტუტუ. აბა, თქვენ იცით.

მიშა გაბრუნდა და წავიდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online