| ქალი და მამაკაცი |

19
დათქმულ დროს ბოზოიანიცა და პუაროც პალადი გვათუას სამძიმარზე გამოცხადდნენ.
ამ ფაქტმა შეკრებილ საზოგადოებასა და, განსაკუთრებით, ჭირისუფალთა შორის სრული აღფრთოვანება გამოიწვია. მთლიანი ტექსტის აღდგენა, მცდელობის მიუხედავად, ალბათ შეუძლებელ საქმეს წარმოადგენს, მაგრამ დარდით გათანგული პალადის მეუღლის, რიტას, ემოციური ფონი სწორედ ამგვარი, ანდა მიახლოებით ამგვარი უნდა ყოფილიყო: ადე, ბიჭო, პალადი, შენ რომ კაცი მოგწონდა ტელევიზორში, ის მოვიდა, შენებურად შეხვდი და მოეფერეო.
ამას მოჰყვებოდა ქვითინი და გულის წასვლა.
მოჰყვა კიდეც.
ერკიულ პუარომ პირადად წამოაყენა ჭირისუფალი და, რადგანაც პირველადი დახმარების აღმოჩენის ხერხებს ჯერ კიდევ პოლიციაში გახლდათ დაუფლებული, თვითონვე მოასულიერა. ამით საკუთარი ბედიც გადაწყვიტა – ნათლად ჩანდა, ამ შემთხვევის შემდეგ ვეღარც სასაფლაოზე წასვლას ასცდებოდა და ვეღარც ქელეხიდან დაიძვრენდა თავს.
ასეც მოხდა.
სამგლოვიარო პროცესიას ქალაქის ცენტრში უნდა გაევლო.
გალია–საკნებით გადაკეტილი პროსპექტი გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა მიცვალებულსა და მის თანხმლებ საზოგადოებას, მაგრამ გვარიანი გასამრჯელოს წყალობით ეს პრობლემაც მოგვარდა. რკინის ხუხულები გაიწ–გამოიწია, სამგლოვიარო პროცესიამ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადალახა დემოკრატიის კუნძული და გზა განაგრძო. გალიები ძველ ადგილს დაუბრუნდნენ და ადამიანის შელახული უფლებისთვის თუ დასაბრუნებელი ღირსებისთვის ბრძოლა ჩვეული შემართებით გაჩაღდა.
– ბარემ აიღონ და ეგ იქნება, მაინც აღარ დადის ხალხი, – ჩაილაპარაკა ტარიელმა.
– გიშლის? – დაინტერესდა პუარო.
– მიშლის რომელია, მთელი ტაქსისტები გაწამებულები ვართ, – გული ამოაყოლა ტარიელმა, – კლიენტებიც აღარ ჯდებიან, გრძელი გზა გამოსდით, გრძელ გზას მეტი ბენზინი უნდა, მეტ ბენზინს მეტი ფული, ეს ფული კლიენტს უნდა გამოვართვა, იმას კიდევ ძალიან უძვირდება და ტაქსით მგზავრობა აღარ უღირს, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ეგ ჩემზე ჭკვიანმა ხალხმა ჯერ კიდევ როდის თქვა...
– მერე რატომ არ ეუბნებით?
– ამათ გინდა უთხარი, გინდა ნუ ეტყვი, არ ესმით და მორჩა, – ხელი აიქნია ტარიელმა, – მარტო ერთმანეთს ელაპარაკებიან და მარტო ერთმანეთს უსმენენ, ეგენი, იცი, როგორ არიან?
– როგორ?
– აი, სოფელში რომ მდინარე ჩამოდის და ზედ ხიდი დგას, მერე სიძველისგან ეს ხიდი რომ ჩაინგრევა, ნაწილი იქით დარჩება, ნაწილი კიდევ აქეთ, აქეთ მხარეს ყველაფერია, იქით კიდევ თითქმის არაფერი, ესენი ეუბნებიან, მოდი, ხიდი გავაკეთოთ და, სანამ გავაკეთებთ, თქვენც აქეთ გადმოგიყვანთო, ისინი უარზე არიან, თქვენი გაკეთებული ხიდი არ გვინდა, ჩვენ უხიდოდაც მაგრები ვართ, ხიდი თქვენისთანა ფარჩაკებს ჭირდებათო.
– ფარჩაკი რა არის?
– სუსტი, მშიშარა, გაუბედავი...
– ვერ ყოფილა კარგი სიტყვა, – თავი გააქნია პუარომ, – თარიელ, ისე ხატოვნად აღწერე ყველაფერი, მგონი, რაღაცას უნდა წერდე კიდეც, არ გიცდია?!
– რას ბრძანებთ, სად ტაქსი და სად მწერლობა, – დაიმორცხვა ტარიელმა და გაჩუმება ამჯობინა.
ამ საუბარში, შემდეგ კი სიჩუმეში, სასაფლაოც გამოჩნდა.
სანაქებო ადამიანს სამგლოვიარო სიტყვის გარეშე მშობლიურ მიწას ვერ მიაბარებ.
ამ სიტყვის თქმა ითავა თუ დაევალა ტექნიკური სასწავლებლის ხელმძღვანელს ჯონი კიღურაძეს. მთლიანი ტექსტი დაცულია ტარიელ ბოზოიანის დღიურში, რომელიც, თუ მის სისრულეს ვირწმუნებთ, ჩაწერილი უნდა იყოს დიქტოფონით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყოს გაშიფრული ისევ და ისევ ბოზოიანის მიერ.
აი, ეს ტექსტი:
"ვემშვიდობებით პალადის.
დიახ, ვემშვიდობებით და არა ვეთხოვებით, რადგან მასთან გამოთხოვება შეუძლებელია, მას მხოლოდ შეგიძლია დაემშვიდობო, იმ იმედით, რომ აუცილებლად კვლავ გადაეყრები სადმე.
პალადის გაკეთებული საქმე სანაქებოა, მისი სიყვარული მისაბაძი, მასთან ურთიერთობა დაუვიწყარი.
რამდენი რამ ელოდა წინ – გასაკეთებელი, სათქმელი, საფიქრალი, მაგრამ ბედის უკუღმართობამ გამოგვტაცა ხელიდან. თვით პალადიც კი უძლური აღმოჩნდა სიკვდილთან მარტოდ დარჩენილი.
ძველი დრო რომ ყოფილიყო, დიდუბის პანთეონს დააფასებდა, მაგრამ ვიღას ახსოვს ძველთა დამსახურება, ახლა სხვა გმირები და სხვა საფლავები ჩანან.
გული არ გაიტეხო, ძმაო პალადი, მალე დადგება დღე და შენ კვლავ დაიკავებ შენს კუთვნილ ადგილს ქვეყნის სასიქადულო შვილთა გვერდით.
ხშირად გითქვამს მეგობრებისთვის: უკან მოხედვა არ მიყვარს, რადგან სიკვდილი წინ კი არ გველოდება, უკან მოგვდევსო.
მართლაც რომ უკანმოუხედავად იცხოვრე.
მშვიდობით, მეგრული სიმღერასავით ტკბილო კაცო!"
ეს იყო და ეს.
ამის შემდეგ იყო ქელეხი. თბილისელთა უსაყვარლესი გასართობი. იყო ჩანგლების ჩხარუნი, ჭიქების ჭახუნი, ყბების ქნევა, მსუქანთა ხვნეშა, გამხდართა ოხვრა, მორიდებული ღიმილი, შემდეგ – ხმამაღალი სიცილი, ყოველგვარ შინაარსსა თუ გრძნობას მოკლებული სადღეგრძელოები, ბოლოს კი პურმარილის ხარისხის შეფასება, რა თქმა უნდა, სხვა, ანალოგიურ სუფრასთან შედარების გზით.
თევზი არ ვარგოდა...
რაულის ქელეხში ჯობდა...
რაული?..
ივერის მამა...
მე არ ვყოფილვარ, რაიონში მომიწია წასვლა, მაგის გულისთვის გამებუტა...
კაი კაცო?!
გადაუვლის, ხომ იცი, როგორი ოქროს გული აქვს...
ღვინო, ჯიმის ორმოცზე რომ იყო, ეგეთი უნდა...
ამასაც არაფერი დაეწუნება...
კი, რა უჭირს, მაგრამ გაციებული სულ სხვა იქნებოდა...
არ გვაღირსეს დაჯდომა და, აბა, რა მოუვიდოდა...
– რას ლაპარაკობენ? – დაინტერესდა პუარო და ტარიელს მიაჩერდა იმ იმედით, რომ სრულს თუ არა, საუბრის მიახლოებით თარგმანს მაინც მიიღებდა.
– სადღეგრძელოს სვამენ, – იცრუა ტარიელმა, თუმცა მთლად სიცრუე არ ერქვა ამ ამბავს, რადგან ტარიელმა საკუთარი ქალაქის სახელის დაცვა სცადა.
– თამადის გარეშე?! – დაეჭვდა პუარო, რომელიც ქართული სუფრის წესებში ნელ–ნელა იკვლევდა გზას.
– დარღვევაა, გეთანხმებით, – თავი დააქნია ტარიელმა, – მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თამადას სადავეები ხელიდან გაურბის, თუმცა ასეთი სადღეგრძელოს დალევა ცალკეც შეიძლება.
– მაინც რომლის?
– უდროოდ წასულების.
– განა ყველა გარდაცვლილი უდროოდ არ არის წასული?
– მაგის თქმაც შეიძლება, მაგრამ ამ სადღეგრძელოში, როგორც წესი, ახალგაზრდა ასაკის მიცვალებული იგულისხმება, – დააზუსტა ტარიელმა.
– რამდენი წლის? – არ მოეშვა პუარო.
– ორმოცდაათი, ჰა, ჰა, ორმოცდათხუთმეტი.
– ასეა დადგენილი?
– წყალი არ გაუვა.
– ეგეთი მიცვალებული, ალბათ, მეორე თუ არა, ყოველ მესამე ოჯახს ეყოლება ქალაქში?! – ალღო აუღო ქართველთა ჩანაფიქრს მაძებარმა.
– საქმეც ეგაა, – გაიღიმა ტარიელმა, – რამდენიმე სადღეგრძელოთი მეტი გამოვა, თუ პერსონალურად ჩამოვყვებით, სუფრის გაგრძელება თითქმის უსასრულოდ შეიძლება, თამადას გააჩნია.
– ამ ყველაფერს რაღაც ლოგიკური ახსნა მაინც უნდა ჰქონდეს, მხოლოდ არითმეტიკაში არ იქნება საქმე.
– აქვს, როგორ არა, – დაეთანხმა ტარიელი, – ჯერ ერთი, ოჯახისა და ჭირისუფლის პატივისცემა, მეორეც და, ჩემი აზრით, მთავარი, რაც ხშირად ვახსენებთ მიცვალებულებს, მით უფრო ახლოს ვიქნებით მათთან, ხსენება მახსოვრობაა, მახსოვრობა – არდავიწყება.
– თქვენი თეორიით, ჩემო თარიელ, ისე გამოდის, რომ ყველა ეგენი ცოცხლები ყოფილან? – ეჭვის თვალით შეხედა პუარომ თბილისელ მასპინძელს.
– კი არ გამოდის, ნაღდად ეგრეა, ჩვენ მაგათ ცოცხლებივით ველაპარაკებით, – მოჭრა უკვე ღვინოსთან დაძმობილებულმა ბოზოიანმა, – ჩვენი საფლავები ხომ ნახეთ?! ბინებია რა... ზოგი ერთოთახიანი, ზოგიც ორი, იქვე შუქი, წყალი, ზოგან ტელევიზორიც დგას... აბა, მიცვალებულს სახლი რად უნდა?! გამოდის, რომ ცოცხალი ყოფილა.
– მაშინ ჩვენც დავლიოთ, – თქვა პუარომ და სანახევროდ დაცლილი სასმისი ღვინით შეავსო.
– დავლიოთ... – თავი დააქნია ტარიელმა და ჭიქის მისაჭახუნებლად მოემზადა.
20
თინა ბოზოიანმა ქელეხში წასვლა ვეღარ შეძლო.
თინას ჰქონდა პროზაული მიზეზი – ახალშეძენილმა ფეხსაცმელმა მოუჭირა, მოკლედ, ფეხი ატკინა. ვისაც ეს საშინელი გრძნობა გამოუცდია, ძნელი წარმოსადგენია, საბრალო ქალზე საყვედური წამოსცდეს, თუნდაც ეს საყვედური ქელეხზე წაუსვლელობას ეხებოდეს.
საყვედური არც ტარიელს დასცდენია. ხმა აღარც თინას ამოუღია, რომელიც ლოგინზე მიწოლილი ნატკენი ფეხის დაამებას ცდილობდა, მხოლოდ ერთი სიტყვა გადაუგდო მეუღლეს და ისიც იმიტომ, რომ ტარიელს მისი არსებობა არ დავიწყნოდა.
– ეგ კაცი წასვლას აღარ აპირებს?
– წავა, აბა, აქ ხომ არ დარჩება, – გამოსძახა ტარიელმა და თავის დღიურს მიუბრუნდა, რომლის შევსებაც უკვე ჩვევაში ჰქონდა გადასული.
21
დავმარხეთ პალადი.
რა არის ადამიანის ცხოვრება, ქელეხიდან ქელეხამდე მიმავალი ბილიკი, მაგრამ ამ ქელეხსაც რომ მნიშვნელობა აქვს? განვლილი ცხოვრების საზომიც ხომ ეგ არის? ვინ მოვა, რას იტყვის, როგორ იტყვის, თამადა ვინ იქნება, მოადგილედ ვის შეარჩევს.
ამ მხრივ პალადის ქელეხს არაფერი დაეწუნებოდა, ერთი ეგ იყო, მთავრობიდან არავინ მოსულა, თორემ ძველი მთავრობიდან და კიდევ უფრო ძველი მთავრობიდან ყველა იქ იყო.
პუაროს სტუმრობამ სულ გადარია ხალხი. არადა, თვითონაც რა ამყოლი გამოდგა, ჭიქა არ ჩაუგდია, თავიდან თითქოს არ აპირებდა, ეს მტკივა, ის მაწუხებსო, მაგრამ მერე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ძნელია, ყველა შენ რომ გიყურებს და რაღაცას გთხოვს. სასმელს კარგად იტანს, მაგრამ დიდი მოქეიფე არ უნდა იყოს, ან საიდან იქნება, რა იციან ბრიტანეთში ქეიფის ყადრი. ადრე უფრო კარგად ვსვამდიო, ბელგიას გულისხმობდა, ისე ვუბერავდი, რომ კინაღამ გამრიცხეს დასიდანო. დასი რა არის–მეთქი, ვკითხე. დასიო, ეგრე მითხრა, ბელგიაში პოლიციას ქვიაო, სულ მთლად პოლიცია არ არისო, უფრო საიდუმლო სამსახური შეეფერებაო, აი, მაშინ დავიფიცე, რომ აღარ დავლევდიო, თორემ ისე, გამოგიტყდები და კი მიყვარს ეგ საქმეო. მოკლედ, ნაღდი კაცია.
დალევა მეც მიყვარს, მაგრამ ეხლა მე დალევაზე მეტად საქმე მაინტერესებს. დრო მიდის, შედეგი არ ჩანს, არადა, მთელმა თბილისმა გაიგო ეგ ამბავი.
ამას წინათ ორი მანქანა აგვეკიდა, კარგა ხანს გვდიეს, ნაღდად ჩვენ გვითვალთვალებდნენ, ეგეთი რამე მე არ შემეშლება. ჩემს ქუჩაზეც ვიღაც კაცი ტრიალებს, ტანსაცმელს კი იცვლის, მაგრამ მე მაინც ვცნობ. ეს ყველაფერი პუაროს ვუთხარი, თვითონ არ ნერვიულობს, ეგეთ რამეებს ასეთი რაღაცეები თან ახლავსო, ეგრე იძახის, ვითომ მე ეგეთი კაცი ვარ, ეგ არ მესმოდეს?! მარტო ვიყო, ვინ მამაძაღლი, ოჯახს რა ვუყო?! არადა, მაგას რა ენაღვლება, თინასი არ იყოს, დაკრავს ფეხს და წავა თავის ინგლისში, მე ვიკითხო, ყველაფერს მე ამკიდებენ. მალე დავამთავრებო, თვითონ ეგრე იძახის, ჯერ ფულიც არ გადაუხდია, კაცურად უნდა დაველაპარაკო.
მგონი, თინა მეძახის...
22
თინა მართლაც იძახდა.
უფრო კი მაცდურად აკანკალებდა ხმას და საძინებელში მეუღლის შეტყუებას ლამობდა, რადგან ჯერ კიდევ ჰქონდა ბოზოიანების გვარის გაგრძელების იმედი.
– ექიმმა თქვა, ეს კვირა გამოიყენეთო, – ყურში უჩურჩულა თინამ მეუღლეს და მზითევში მოყოლილი ძველებური ღამის ნათურა გამორთო.
– ვითომ რატომო?!
– პროდუქტიული იქნებაო, – დააზუსტა თინამ.
– მაგას რა ენაღვლება, – ჩაიბურდღუნა ტარიელმა.
– რაო, რას ამბობ? – გამოგონილი ინტერესით იკითხა თინამ და მეუღლეს აეკრო.
– არაფერი, უნდა დავემორჩილოთ–მეთქი, ექიმია და მაგ საქმეში ჩვენზე მეტი მაინც ეცოდინება.
ეს თქვა და გაჩუმდა.
ნათლად ჩანდა, რომ ტარიელ ბოზოიანი ექიმის რჩევასაც დაჰყვა და მეუღლის გრძნობასაც დამორჩილდა.
23
სწორედ იმ დროს, როცა ეს ამბები ხდებოდა, არც ერკიულ პუაროს ეძინა.
გამგზავრების დრო ახლოვდებოდა. საქმე თითქმის დამთავრებული ჰქონდა, მართალია, იყო დარჩენილი რამდენიმე გაურკვეველი საკითხი, მაგრამ ეს, როგორც ხდება ხოლმე, დისკუსიის დროს გადაწყდებოდა. დისკუსიას პუარო ეძახდა იმ შეკრება–თავყრილობას, რომელსაც საქმის გახსნის შემდეგ მართავდა და სადაც დამნაშავის ვინაობას ამხელდა. როგორც წესი, ამ შეკრებას დამნაშავეც ესწრებოდა ხოლმე, ანუ იგივე მკვლელი, მაგრამ ამჯერად, საქმის თავისებურებიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელი გახლდათ, თუმცა ეს მცირე უხერხულობა თავყრილობის მნიშვნელობას მაინც ვერ აკნინებდა.
ეს გაურკვეველი საკითხი ეხებოდა მობილურ ტელეფონებს. უფრო სწორად, იმ განხორციელებულ ზარებს, რომლებიც სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას იქნა გაშვებული ერთი და იმავე პირის მიერ, ან გარდაცვლილის მეშვეობით, ანდა მისი ტელეფონის გამოყენებით.
კაცმა რომ თქვას, ამ ზარებში გასაკვირი არც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: ჯერ ის, რომ ეს საუბრები ერთსა და იმავე დროს, ოღონდ ერთმანეთისგან გვარიანად დაცილებული მანძილიდან მიმდინარეობდა. ეს კიდევ არაფერი, მთავარი მაინც სხვა უნდა ყოფილიყო – ეს საუბრები მაშინ მიმდინარეობდა, როდესაც ის მეორე პირი უკვე გარდაცვლილი ბრძანდებოდა, რა თქმა უნდა, სათანადო სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით.
ეხლა რა გამოდიოდა ამ ამბიდან, ისევ და ისევ ორი სიტყვით: სწორედ რომ სასწაული.
როდის იყო, მკვდარი ტელეფონით ლაპარაკობდა?
პუარომ კარგად იცოდა, რომ ასეთი რამ მაშინ სჭირდება ადამიანს, როცა ამბის დალაგებასა და დროის მოგებას ცდილობს. დროის მოგება კი ხშირად მანძილის მოგებასაც ნიშნავს.
იქნებ არც ეს საუბრები ყოფილა და არც ის მიცვალებული?
ამ ფიქრით შეეგება ერკიულ პუარო გარიჟრაჟსა და ტარიელ ბოზოიანს.
24
–ჩემი წასვლის დრო ახლოვდება, თარიელ, ხვალ ღამით უნდა გავემგზავრო.
– მიბრძანდებით? – შეიცხადა ტარიელმა.
– უნდა წავიდე, სხვა საქმეებიც მელოდება.
– ჩვენი საქმე?
– გახსნილია, – სიამაყით წარმოთქვა პუარომ.
– დამნაშავეც იცით?
– რა თქმა უნდა.
– ვა?! – თბილისურად გაიკვირვა ტარიელმა, – სახელიც გეცოდინებათ?!
– ვიცი და შენც გაგაგებინებ, ოღონდ მანამდე დახმარება მჭირდება.
– მიმსახურეთ.
– ყველა ის ადამიანი უნდა მომიგროვო, ვისაც ამ საქმესთან შეხება ჰქონია.
– ყველა? – დაფრთხა ტარიელი.
– ვისაც ხმას მიაწვდენ და თანხმობას მიიღებ. ასეთი ჩვევა მაქვს, საქმის გასრულებას ასე აღვნიშნავ ხოლმე.
– კი ბატონო, როგორც თქვენ გინდათ, თბილისში სტუმრის სიტყვა კანონია, – გაიღიმა ტარიელმა და იქვე დაამატა, – ახლა რა ვქნათ?
– გავისეირნოთ.
ასეც მოიქცნენ.
ტარიელ ბოზოიანი სტუმრის უპატივცემულოდ გაშვებას და, როგორც ჩვენში იტყვიან, მშრალზე გადატარებას, ისედაც არ აპირებდა, რაც ასახა კიდეც საკუთარ დღიურში, რომელიც, ჩანაწერების სიმრავლის გამო, საცაა გადაივსებოდა, ასე რომ, საქმის დასრულებამ, რომ იტყვიან, ტარიელს პირდაპირ სულზე მოუსწრო.
25
პუარო წასვლას აპირებს.
ჩემი საქმე მოვამთავრეო, ეგრე იძახის, დამნაშავეც ვიცი და როგორ მოხდა, ისიცო.
ამ კაცს ეგრე უპატივცემულოდ ხომ არ გავუშვებთ, თვითონაც მიმანიშნა, ყველას შემახვედრეო, თან ამბავს მოვუყვები, თანაც გამოვემშვიდობებიო.
ხალხის მოგროვებას დიდი არაფერი უნდა, ბოლობოლო ჩვენ შევიკრიბებით, ბელგიური რესტორნის პოვნა კი ნაღდად პრობლემაა. არადა, თუ პატივისცემაა, ჯიგრულად უნდა მოხდეს ყველაფერი, საკუთარი კუთხის საჭმელი მონატრებული ექნება.
ელდარს უნდა დაველაპარაკო, მაგან იცის ეგეთი რამეები. ქვეყანა რესტორნებია თბილისში, ბელგიური როგორ არ იქნება, გადაგვყვა კაცი, ჩვენი გასაკეთებელი საქმე გააკეთა, ხიფათში ჩაიგდო თავი და ერთი რესტორანი რაღაა, ალია ბალია ხუთასი ლარის საქმეა.
რაღაცას ვიპოვით.
26
დიდი მცდელობისა თუ ძებნის მიუხედავად, ბელგიური რესტორნის აღმოჩენა თბილისში შეუძლებელი შეიქნა, სამაგიეროდ, მიკვლეულ იქნა ფრანგული რესტორანი, რაც, ელდარის მტკიცებით, დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს ბელგიურისგან.
ასეთი რესტორანი აღმოჩნდა ვერაზე, ყაზბეგის ქუჩაზე, დაღმართში, ახალაშენებული სახლის პირდაპირ. ძველ ამბავსა და ნაღდ თბილისელებს სწორედაც რომ ეს ძირძველი უბანი შეეფერებოდა საქმეზე სასაუბროდ და თითო ჭიქა ღვინის ასაწევად.
ამ უბანს, უფრო ზუსტად კი ამ ადგილს, ძველად ახალ ჰოლანდიას ეძახდნენ იქ განლაგებული რამდენიმე ნიდერლანდული ტავერნის გამო. ასეთი სასადილო–ტავერნას დამსახურება უნდა იყოს მთელი უბნის სახელი, რომელმაც დროთა განმავლობაში სახე იცვალა, დამოკლდა და იმ სახით შემორჩა, რომელიც დღეს უკვე ყველასთვის არის ცნობილი.
ახლა ვინ ესწრებოდა ამ ისტორიულ შეხვედრას:
ტარიელ ბოზოიანი – ტაქსის მძღოლი.
თინა ბოზოიანი – მედდა.
თენგო ჩოლოიანი – მძღოლი.
ალმაატა საყვარელიძე – ყოფილი გაზის კაცი, ამჟამად შაურმის გამყიდველი პლეხანოვზე.
ელდარ ციმაკურიძე – საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი მშვილდოსნობაში.
ნუნუ ჟღენტი – მედდა.
შალვა კრიხელი – ნუნუს მეუღლე, კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად დროებით უმუშევარი.
რიტა ეზუგბაია – პალადი გვათუას ქვრივი, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი, ამჟამად პენსიაზე მყოფი.
სუსანა ფილოიანი – მეტსახელად რიჟა სუსანა, დაპატიჟებულ იქნა გრძელი ენისა და გამოუვალი მდგომარეობის გამო.
ჯუმბერ ხარატიშვილი – მცირე მეწარმე, პროფესიონალი თამადა.
სოფელში მცხოვრებმა თათრებმა შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, ცალკე დარდისა და ცალკე უნდობლობის გამო.
შეხვედრა, იგივე სუფრა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვეული ოსტატობით გახსნა ჯუმბერ ხარატიშვილმა და რამდენიმე ტრადიციული სადღეგრძელოს შემდეგ, რომელიც გაცნობა–გახურებისთვის ისმევა, სიტყვა გადასცა თბილისის სტუმარს, ერკიულ პუაროს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 
































































