asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლელა + ლევანი
ლელა + ლევანი
ლელა + ლევანი

2011-04-21 14:57:22



7

ყარიმანი და ოლია ერთმანეთს ხვდებოდნენ და თბილისის ქუჩებში დასეირნობდნენ. მათი სიყვარულის ამბავმა მალე ნარიმანის მშობლების ყურამდე მიაღწია. ყველაფერი დაწვრილებით გამოიკვლიეს, ოლიას წარმომავლობითა და სოციალური მდგომარეობით აღშფოთებულებმა დამლაგებელ ქალს ახლობელი კაცი მიუგზავნეს – შენი ქალიშვილი ჩამოგვაშორე, თორემ საარსებო წყაროს გადაგიკეტავო; ასეთი მუქარის შემდეგ ვაჟსაც მკაცრად გამოუცხადეს, იმ რუსის გოგოზე ხელი აიღე, ან კიდევ ჩვენს მშობლობაზე თქვი უარიო ბიჭი გაჯიუტებულა, ორ ცეცხლშუა მყოფი რამდენიმე დღე შინ არ მისულა. დედამისმა ახლა გოგონას თავისი გვარის წარმომადგენელი მიუგზავნა: შენი ტოლი და შესადარი ნახეო, შეურაცხყოფილი ოლია მწარედ ატირდა, სკოლას თავი დაანება და დედას გადაჭრით სთხოვა: აქაურობას გამარიდე, თორემ მოვკვდებიო. საგონებელში ჩავარდნილმა დამლაგებელმა ქალიშვილის რუსეთში გაგზავნა გადაწყვიტა. ნარიმანმა თავბედი დაიწყევლა, შეძლებულ ოჯახში რატომ დავიბადეო და, ოლიასთან პირობა დადო, სიკვდილის დღემდე არ მიგატოვებო, მშობლებს კი დაუპირისპირდა – ურჩად განუცხადა, ოლიას ცოცხალი თავით არ მივატოვებო. მალე გოგონას გამგზავრების ამბავი შეიტყო, რკინიგზის სადგურს მაშინვე მიაშურა და უჩვეულო მოლოდინით შემკრთალი შეყვარებული გულში ჩაიკრა. "შენთან ერთად მოვდივარ!" – გადაჭრით უთხრა. ოლიას თავი სიზმარში ეგონა, მალე გამოფხიზლდა, შიშით მიიხედ–მოიხედა, ვიღაც ბოროტმა ერთად ყოფნის ბედნიერება არ წაგვართვასო. ამასობაში ბაქანზე ორი ჯეელი გამოჩნდა – შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები – პირდაპირ წყვილთან მიიჭრა, გოგონა გზიდან უხეშად ჩამოიშორეს და ვაჟს მილიციის განყოფილებაში წაყოლა უბრძანეს. ნარიმანი ყველაფერს მიხვდა, მშობლების მოგზავნილთ წინააღმდეგობა გაუწია, საიმისო არაფერი დამიშავებია, მილიციის განყოფილებაში გამოგყვეთო. ამასობაში თბილისი–მოსკოვის სამგზავრო მატარებელი ბაქანიდან დაიძრა, ბიჭი გამწარდა, არაადამიანურად დაიღრიალა და სიჩქარე აკრეფილი მატარებლის დაწევა განიზრახა – მოძალადეთაგან თავი ვერაფრით დაიხსნა, გაძალიანდა. ამ ამბავს უმწეო ოლია ტამბურიდან უთვალთვალებდა, ხელებშებოჭილ სატრფოს აცრემლებული თვალებით ემშვიდობებოდა და გრძნობდა, საყვარელ ადამიანს ვეღარასოდეს ნახავდა. ნარიმანი შეყვარებულის ვაგონს თვალს არ აშორებდა, ბოლოს მისი არსება საშინელი პროტესტის გრძნობამ შეიპყრო, თავის დახსნას ერთხელაც შეეცადა, გაქანებულ მატარებელს შევახტები და ოლიასთან ერთად შორეულ რუსეთში გადავიკარგებიო, მაგრამ წინააღმდეგობა კვლავ ვერ დაძლია, გამხეცდა, უიმედოდ ამოიგმინა... ოლიას სამუდამოდ ვკარგავო, გაიფიქრა და, უჩვეულო ძალა მოიჭარბა, ერთ–ერთი თანამშრომლისგან ხელი გაითავისუფლა, მეორეს წაუბიძგა და ბაქანზე დაანარცხა, რაღაცნაირად მოახერხა და წაქცეულს ტყავის ბუდიდან "მაკაროვი" ამოაცალა, ვიდრე მეორე თანამშრომელი გონს მოეგებოდა და განაიარაღებდა, გაუაზრებლად ისროლა, მჭიდი თითქმის ბოლომდე დაცალა, მერე პისტოლეტი გვერდზე მოიქნია, მატარებლის ბოლო ვაგონს სინანულით გახედა და იქაურობას სირბილით გაეცალა – რკინიგზის სადგურის ტერიტორიიდან ვეღარ გააღწია, მილიციის თანამშრომლებმა ოპერატიულად იმოქმედეს და ადგილზე დააკავეს.

გასროლის შედეგად ერთი თანამშრომელი მძიმედ დაიჭრა. დაკავებული გაასამართლეს და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმარმა მშობლები სათოფეზე არ გაიკარა, სატრფოც დაკარგა და ცხოვრების ხალისიც.

სასჯელისგან გათავისუფლების შემდეგ საკუთარი თავი ხელში აიყვანა და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო: ბინა შეიძინა და სამსახურიც გამონახა. სულ გულჩათხრობილი დადიოდა, ძმაკაცები როცა ცოლის შერთვაზე ჩამოუგდებდნენ სიტყვას, სინანულით ეღიმებოდა და თავს მობეზრებით აქნევდა. ბოლოს ტომა გაიცნო და ცოლად შეირთო. მათი წარსულის შესახებ სიტყვა არ დასცდებოდა.

ნარიმანის უიღბლო სიყვარულის ამბავი რაღაცით ქობულეთელი მურთაზისა და ბერძენი ვიოლას ტრაგიკულ ისტორიას მაგონებს: ქობულეთელ ვაჟს შეყვარებული გოგონა აბობოქრებულმა ზღვამ წაართვა, ნარიმანს კი რუსი ოლია ახლობლებმა დააკარგვინა; ერთი სტიქიამ არ დაინდო, მეორე – საკუთარმა მშობლებმა...

ნარიმანს ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა, "ყავით გაგვიმასპინძლდი!" – ტომას გასძახა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ნარდის თამაში შემომთავაზა. ყავაზე უარი ვთქვი, ნარდი კი გავშალეთ და კამათლები ავახმაურეთ. "ლელა თბილისში გადმოდის საცხოვრებლად!" – ცოტა ხნის შემდეგ ჩავილაპარაკე და შაშის კარი ჩავკეტე. გამომცდელად შემომხედა, აუჩქარებლად მკითხა: "უყვარხარ?!" – მხრები ავიჩეჩე, რაც ჰოსაც ნიშნავდა და არასაც. "გაუფრთხილდი, მის სიყვარულს გაუფრთხილდი!" – კარგა ხნის შემდეგ დაარღვია დუმილი და დუიაქე დასვა, დარდიანად ამოიხვნეშა – ადგა, განჯინიდან კონიაკის ბოთლი გამოიღო, ჭიქებში დაასხა, ერთი მე მომაწოდა და რაღაცნაირი კმაყოფილებით წარმოთქვა: "ლელას გაუმარჯოს!". თითქოს რუსეთში გადახვეწილი ოლია იგულისხმა და სულმოუთქმელად გადაჰკრა; "დღესაც უყვარს!" გავიფიქრე და ტომას დამნაშავესავით გავხედე.

იმ საღამოს ნარიმანს ნარდში თითქმის ყველა ხელი მოვუგე.

თბილისში ახალი ამბავი გახმაურდა: ელეკო უგზო–უკვლოდ გაქრა; ბოლო დროს ნარკოტიკს ეტანებოდა, წამლის ასაღებად "ბარიგასთან" მიდიოდა, ვიღაცეებმა თურმე "ბეემვე"–ში ჩაისვეს და მას შემდეგ აღარავის უნახავს, ყველა იმას ვარაუდობს, მოკლულიაო. მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე ხანში ძებნილი ზურა დაიჭირეს, პროკურორის მკვლელობას ედავებიან, სავარაუდოდ, სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან, არა მგონია, ელეკოს გამო ბევრი აწვალონ, მის წინააღმდეგ ისედაც საკმარისი სამხილი აქვთ. აქებენ, ვაჟკაციაო.

ასეა, ზოგი მეგობრის სიყვარულს ეწირება, ზოგიც – ქალის.

8

ბათუმში წვიმა მომაბეზრებელი გახდა. რკინიგზის სადგურიდან მთელმა ოჯახმა გამომაცილა, მზიულიმაც მომისწრო. თვალცრემლიანმა მოხუცებმა, არ დაგვივიწყოთო, შემომჩივლეს. მზიულიმ გამამხნევებლად გამიღიმა და ყურში ჩამჩურჩულა: "იმ შენს ლევანს მიხედე, ვიდრე ორ ფეხზე დადის!". სიცილი წამსკდა, მამაჩემმა ჯერ გაკვირვებით შემომხედა, მერე მხარი ამიბა და ჩემი ხათრით გაიცინა. მზიული მატარებლის გასვლამდე გამომეთხოვა, მომიბოდიშა, ხომ იცი, მევლუდის ამბავი, მარტო ვერ ვტოვებო.

თბილისში დილაუთენია ჩავედი. ლევანს წინა დღით ველაპარაკე, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, დიდუბის სადგურში თუ დამხვდებოდა. მოულოდნელად კუპეს კარი გაიღო, ზღურბლზე ჯერ ყვავილები გამოჩნდა და მერე – ლევანი, სიხარულისგან ისეთი ხმა აღმომხდა, მგზავრები პირღია მომაჩერდნენ. დიდხანს ვერ ვილაპარაკებდით – მატარებელი წუთი წუთზე რკინიგზის ცენტრალურ სადგურში შევიდოდა. ნაჩქარევად დამემშვიდობა, ვარდების თაიგული ხელში შემატოვა და სხვა ვაგონში გადავიდა. ბაქანზე დედაჩემს, ბიძაჩემს და ჩემს უფროს მეგობარს, ინეზას მოვკარი თვალი. "როგორ მომნატრებია ჩემი დედიკო!..". ყვავილების არსებობა სულ დამავიწყდა, ბიძაჩემს სამგზავრო ჩანთასთან ერთად ხელში შევაჩეჩე და მშობელს კისერზე ჩამოვეკიდე. "ჩემო კუდრაჭა!" – სიყვარულით მომეალერსა და თავი მიაბრუნა, თვალზე მომდგარი ცრემლი არ შეიმჩნია. მერე ინეზას მივვარდი, "შე ქალო, როგორ გალამაზებულხარ?" – შეთქმულივით გავუღიმე და ფუნჩულა ლოყაზე ვაკოცე – უცხოური სუნამოს სუნი ვიგრძენი. "შენს სიყვარულზე სხვა დროს მიამბე!" – ჩავჩურჩულე და ბიძაჩემს მივუბრუნდი. ინეზა სიცილით მოკვდა, გადმობირების მცდელობამ გაამხიარულა. გიგამ, გასათხოვარი გოგო დამდგარხარო, ღიმილით მითხრა და დედაჩემს დამნაშავესავით გახედა. ამ დროს სავაჭრო ჯიხურს ამოფარებული ლევანი შევნიშნე, გაფაციცებით მითვალთვალებდა, თითქოს რაღაცას მანიშნებდა. წამით გავშეშდი, თვალი არ შეასწრონ–მეთქი, ვიფიქრე და დედას მივუტრიალდი, ვიდრე რაიმეს მკითხავდა და ჩემს დაბნეულ პასუხს დაეჭვებით მოისმენდა, ყვავილების შესახებ მოხერხებულად ვიცრუე: "ჩემთან ერთად კუპეში ბათუმელი გოგონა მგზავრობდა, თურმე დაბადების დღე ჰქონდა, შეყვარებულმა გამოაცილა და ყველას ჩამოგვირიგა". ინეზას ფარულად გავხედე. დედამ თვალები მოწკურა, ვარდებიდან მზერა ბაქანზე გადაიტანა და გარშემო მიმოიხედა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ლევანი არ დალანდოს–მეთქი. "ბიჭიც ამას ჰქვია, აბა, მარტო შეყვარებულისთვის ხომ არ იზრუნებდა!.." – კვერი დამიკრა ინეზამ და ბიძაჩემს თაიგული გამოართვა, სიამოვნებით დაყნოსა. დედაჩემმა მეგობარ ქალს ნიშნისგებით გახედა, "წავედით!" – დაფარული მღელვარებით თქვა და მკლავზე ხელი მომკიდა.

მანქანას ბიძაჩემი მართავდა, დედა რაღაცაზე ფიქრობდა, ხოლო ინეზა სარკმელში იცქირებოდა, დროდადრო ყვავილს ყნოსავდა და ტუჩებზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. ახლობელ ადამიანებს შორის ვიჯექი და ნათლად ვგრძნობდი, მთელი არსებით მათზე ვიყავი დამოკიდებული, თუმცა სინდისი სულაც არ მქენჯნიდა, ცოტა ხნის წინ რომ ვიცრუე და, ვინ იცის, მომავალშიც რამდენ ტყუილს ვიტყოდი. მათთან თამაშს ვიწყებდი და ეს თამაში უჩვეულო რწმენას მმატებდა, დამოუკიდებელ აზროვნებას მიყალიბებდა. სიყვარულის შენარჩუნებისთვის ვცრუობდი და საკუთარ თავთან მართალი ვრჩებოდი – ასე მეგონა, რასაც მოვიმოქმედებდი, ღმერთი მაპატიებდა. სინამდვილეში დასამალი არაფერი მქონდა, ყველამ იცოდა, ლევანს ვუყვარდი და იმასაც გრძნობდნენ, არც მე ვიყავი მის მიმართ გულგრილი. თუმცა ისე იქცეოდნენ, თითქოს ვერაფერს ხედავდნენ და ეს ამბავი სულაც არ აწუხებდათ. ასეთი რამ აზრადაც არ მოსდიოდათ – თვალთმაქცობდნენ და ამ იდუმალ ორთაბრძოლაში გამოცდილებას იშველიებდნენ. დედაჩემი ტაქტიანად იქცეოდა, მისი უპირველესი ამოცანა ახლობელი ადამიანების გადაბირება და თანამოაზრედ გახდომა იყო. ჩემს ფარულ სტრატეგიას კი ამ ადამიანების ხელიდან გამოცლა და შეთქმულებაში ჩათრევა წარმოადგენდა. ხომ დაინახეთ, დედაჩემმა პირველი მარცხი რკინიგზის სადგურში როგორ იწვნია: ინეზა შეთქმულებაში ჩავითრიე და ჩემს მხარეს გადმოვიყვანე!.. მან კარგად იცოდა, ყვავილები ვისგანაც მივიღე. ჩემი და ინეზას იდუმალ კავშირს ამის შემდეგ ვერავინ დაარღვევდა – მით უფრო, მისი საიდუმლო ვიცოდი და გულწრფელად ვუთანაგრძნობდი: ცოლშვილიანი კაცი უყვარდა და ამ ამბავს ვერავის ეუბნებოდა, ქმარშვილიან ქალს ამის მორალური უფლება არ ჰქონდა. გაკიცხვის კი არ ეშინოდა, საჭორაოდ გახდომას ერიდებოდა, თორემ დაქალებს არ უმალავდა და არც იმას უფრთხოდა, მეგობრები გამყიდიანო. მე მისი ტოლი არ ვიყავი და შემეძლო, დაუფიქრებლად წამომეროშა. დარწმუნებული ვარ, ამასაც არ ინაღვლებდა და არც გამინაწყენდებოდა, უბრალოდ, მოსწონდა, მის სახიფათო ურთიერთობას ჩემს სასარგებლოდ ვიყენებდი და პირში წყლის დაგუბებას ვაიძულებდი. ქვეცნობიერად ვამართლებდი, იმ კაცთან ყმაწვილქალობის სიყვარული აკავშირებდა, მართალია, გათხოვდა, მაგრამ წარსული ვერაფრით დაივიწყა. ახლაც სასიამოვნო გარეგნობის ქალია, მისი ახალგაზრდობის სურათს რომ ნახავ, მაშინვე გაიფიქრებ, ისეთი გამომეტყველება აქვს, უსათუოდ შეყვარებულიაო. იმხანად მართლაც უყვარდა კასპელი გიორგი მაზმიაშვილი. ინეზას მშობლებს თავი გაუგიჟებიათ, ღარიბს და ღატაკს როგორ გაგაყოლებთო და იმდენი მოუხერხებიათ, ქალიშვილი ვიღაც უნიჭო არქიტექტორზე დაუქორწინებიათ. სამხედროდან დაბრუნებულმა და სიყვარულში ხელმოცარულმა კასპელმაც შეირთო ცოლი და წარსულს ისიც გამოეთხოვა. მას შემდეგ თითქმის ოცი წელი გავიდა, ერთხელაც გიორგი და ინეზა ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ – გულთბილი მიკითხვ–მოკითხვის შემდეგ ცოტა ხნით ბაღში გაისეირნეს, ძელსკამზე ჩამოსხდნენ და ძველი სიყვარული მორიდებით გაიხსენეს, უნებლიეთ მინავლული გრძნობა გააღვივეს და თავდაპირველი სურვილით აღენთნენ, განახლებულ სიყვარულს მთელი არსებით მიეცნენ. ახლა გიორგი აღარ იყო ღარიბი და უქონელი, თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და ქალაქში სამოთახიანი ბინაც ჰქონდა – მხოლოდ ერთ რამეზე სწყდებოდა გული: სიჭაბუკეში უსამართლოდ მოექცნენ, საყვარელი გოგონა ჩამოაშორეს, არ დაინდეს და აიძულეს, ფხიანობა გამოეჩინა, არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც დაემტკიცებინა, ინეზას სიყვარულის ღირსი იყო და არ დაუჯერეს. ბოლოს მისი წუხილი ღმერთმა შეიწყნარა და ოცნებაც აუხდა, საყვარელი არსება დაიბრუნა. ინეზა დაუფარავად ამბობდა, ქმარი რომ არ მიყვარდა, ამაში გიორგისთან შეხვედრამ საბოლოოდ დამარწმუნაო. ერთი ქალიშვილი ჰყავდა, მისი კეთილდღეობისთვის ყირაზე დგებოდა.

რკინიგზის სადგურიდან რატომღაც სულხან–საბა ორბელიანის ქუჩაზე მივედით, ყველანი შეთქმულებივით დუმდნენ, თითქოს რაღაცას მიმალავდნენ. ჩვენი მანქანა ახალაშენებული კორპუსის წინ გაჩერდა. გულმა რეჩხი მიყო, სიხარულის მოლოდინი ვიგრძენი, მაგრამ დედაჩემს კითხვის თვალით მაინც შევხედე. "გადმოდი, შვილო, ახალი საცხოვრებელი გაქვს!" – ამაყი ღიმილით მითხრა და მანქანის კარი გააღო, ძირს აღარ გადავუშვი, მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე.

ჩვენი ოროთახიანი გემოვნებით გაწყობილი ბინა, ქუჩიდან მეხუთე სართულზეა და, რაც მთავარია, მისი სარკმლები პირდაპირ მამადავითის ეკლესიას და მთაწმინდის თვალწარმტაც ხედებს გაჰყურებს. თაიგული დიდ საყვავილეში მოვათავსე, ეკლესიას გავხედე და პირჯვარი გადავიწერე.

ახალ ბინას მალე შევეთვისე, ქუჩაში გასვლა აღარ მინდოდა. დედაჩემის ერთი დაქალი, ნონა და მისი ქალიშვილი, ხათუნა, თითქმის ყოველღამ ჩვენთან მოდიოდნენ, ყავას შეექცეოდნენ და თბილისურ ამბებს ყვებოდნენ. მოგვიანებით საგანგებოდ გამოპრანჭული ინეზაც შემოგვიერთდებოდა და ისეთ რამეს გვიამბობდა, სიცილით ვიხოცებოდით.

ლევანი ალბათ თავს მოუსვენრად გრძნობდა, უბანში დაეხეტებოდა და ჩემს გამოჩენას მოუთმენლად ელოდა.

ბიძაჩემს ორი პატარა გოგონა ჰყავდა. ბიცოლა გარეგნობითაც მომწონდა და ადამიანურობითაც. მისი ნახვა მოვიმიზეზე, პატარებიც მომენატრნენ და, თუ არ მოვესიყვარულე, გული გამისკდება–მეთქი. დედამ ცოტა იყოყმანა, როგორც იქნა, დამთანხმდა და ბიძაჩემთან ორი დღით გამიშვა. საღამო ხანს მოვახერხე და ალექსანდრეს ბაღისკენ გავისეირნე, მოვიხედე და ფეხდაფეხ ადევნებული, კმაყოფილებისგან გაბადრული ლევანი არ შევნიშნე!.. ბაღში შევედით და ძელსკამზე ჩამოვსხედით. სიხარულს ვერ ამჟღავნებდა, დაბნეულობა რომ დაეფარა, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა, საზურგეზე შემოსკუპებული წყვილის საქციელი აღიზიანებდა "უზრდელები არიან, ჰგონიათ, ყველაფრის უფლება აქვთ!" – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა. მხარი ავუბი: "არც მე მომწონს ცხვირსა და ჭიპში რგოლგაყრილი თანატოლები!" – ვთქვი და ღიმილით მივაჩერდი. მოულოდნელად სიცილი აუტყდა, ძელსკამზე დამახედა, წაიკითხეო. "მაგარი ბიჭი ვარ, დამირეკე". მეორე წარწერითაც დავინტერესდი: "მეც მაგარი გოგო ვარ, შენ დამირეკე". რა თქმა უნდა, იქვე ტელეფონის ნომრებიც ამოეტვიფრათ.

– ხომ არ დაგვერეკა? – ხუმრობით იკითხა ლევანმა და სიგარეტს მოუკიდა.

– რა დროს შენი მოწევაა? – უკმაყოფილოდ შევხედე.

– სანერვიულოს მეტი რა მაქვს! – მრავალჭირგამოვლილივით მომიგო და თვალებში თბილად მომაჩერდა.

შევცბი.

– ალბათ იმას დარდობ, მისაღებ გამოცდებს ჩავაბარებთ თუ არა? – მოჩვენებითი მღელვარებით გავექილიკე.

– დარწმუნებული ვარ, ჩაირიცხები! – დამაიმედა.

– შენ არ ემზადები უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად? – წინდაწინ ვიცოდი, რა პასუხსაც გამცემდა, აღარ დავაცადე და გამაღიზიანებლად დავძინე, – თუმცა ქუჩის ბიჭები სწავლაზე როდი ფიქრობენ?

– ჩემი ბიჭობაც შენი სიყვარულია და განათლების მიღებაც! – ისეთი გზნებით მომიგო, სიამოვნებისგან მთელ ტანში გამცრა, შემომხედა, თავი მხარზე მომადო და ლოყაზე მაკოცა, – მეშინია, შენთან დაშორების მეშინია!.. – გადამდები შეშფოთებით ჩაილაპარაკა.

– ნუ გეშინია! – ხმის კანკალით დავამშვიდე, საპასუხოდ მეც ლოყაზე ვაკოცე.

– ერთადერთი, რისთვისაც ამქვეყნად ვარსებობ და რისი იმედიც მაქვს, შენი სიყვარულია! – თავი დახარა და მიწას ამოუცნობი დუმილით დააჩერდა.

– რამე არ დააშავო და ჩემს სიყვარულს არ დაკარგავ! – სიცილით ვუთხარი, გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი.

– ეე!.. – მობეზრებით აიქნია ხელი, მასაც გაეცინა, – ვიცი, ვიცი, ვისი გავლენაც გალაპარაკებს! – გამომწვევად დასძინა.

კარგა ხანს გავერთეთ. ბოლოს ერთმანეთს ჩუმად ვაკოცეთ და გუდიაშვილის ქუჩაზე დავცალცალკევდით. ბიძაჩემს არაფერი უკითხავს, დედაშენმა დარეკაო, მხოლოდ ეს მითხრა და საძინებელში გავიდა.

დედამ დილაუთენია მომაკითხა, უკმაყოფილება არ გამოუხატავს, ბიცოლას რაღაც მოუყვა, ბევრი აცინა, მერე ჩემთან ერთად ჩაი დალია და ახალ ბინაში წამიყვანა. მთელი თვე წიგნებში თავჩარგულმა გავატარე – მოცლა არ მქონდა. ბოლოს გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და სამედიცინო ინსტიტუტში ჩავირიცხე. ბიძაჩემმა ხუთასი დოლარი მაჩუქა. დედამ, ინეზამ, ნონამ და ხათუნამ საზეიმო შეხვედრა მომიწყვეს, წარმატება მომილოცეს და ტკბილეულით გამიმასპინძლდნენ. ინეზამ ვიღაც ხელაძის ამბავი გაიხსენა, სიცილს ვერ იკავებდა, გაოცებულები მივჩერებოდით, ვიდრე თხრობა არ დაასრულა, რა აცინებდა, ვერაფრით მივხვდით.

– ერიჰა... ისეთი კუდაბზიკა ქალიშვილი ჰყოლია დემნა ხელაძეს, ნუღა იკითხავთ, ცხოვრებისგან გამეტიჩრებული გოგო თურმე ყველას საკუთარ ნებაზე ატრიალებს... თუმცა ფული მაგათ არ აკლიათ და ქონება, – სიცილი წასკდა, თითქოს წინდაწინ შეგვამზადა, ნახეთ, რა მოუვიდა დემნა ხელაძესო, – ერთი სასიძო შეურჩევიათ, ტელევიზიაში ცნობილი გადაცემის წამყვანი, აბა, ნაკლებს როგორ იკადრებდნენ! – ისევ გაიცინა, – მშობლების არჩევანით ქალიშვილიც დაინტერესებულა, ცნობილი ჟურნალისტი ნამდვილად არ მაწყენდაო. დემნას პლეხანოვზე სამოთახიანი ბინა შეუძენია და წყვილისთვის გასაღები უბოძებია, რესტორან "არაგვში" ისეთი ქორწილი გადაუხდია, სუფრას ჩიტის რძეც არ კლებია, ქალაქის რჩეული საზოგადოება მოუწვევია, – ახლა ინეზამ სერიოზული გამომეტყველება მიიღო, ჩვენ კი სიცილისგან ვიჭაჭებოდით, – ჰოდა, დემნამ ახალშეუღლებულები თაფლობისთვის გასატარებლად ესპანეთში გაამგზავრა, – ინეზა აფხუკუნდა, მივხვდით, კურიოზულ დასასრულს მიუახლოვდა, – ერთი კვირის თავზე ხელაძის ქალიშვილს მამისთვის შემოუთვლია, სასწრაფოდ მოვფრინავთ და აეროპორტში დაგველოდეო. გულგახეთქილი დემნა სიძე–პატარძალს პირდაპირ ტრაპთან შეგებებია, სასურველი წყვილისთვის თვალი რომ მოუკრავს, შვებით ამოუსუნთქავს. "ამ იმპოტენტს ვის გამაყოლე?" – უკმაყოფილოდ ჩაულაპარაკია ქალიშვილს და სახტად დარჩენილი მამის წინაშე განრისხებული დადუმებულა. კაცს მუხლები მოჰკვეთია, კინაღამ წაქცეულა, "შენი მარტო კაცობა მინდოდა და ისიც თუ არ გქონდა, ვერ თქვი, შე ოჯახქორო?!" – გამწარებით გამოუცრია, ქალიშვილისთვის ხელი მოუკიდია და ცნობილი ტელეწამყვანი ზიზღით მიუტოვებია. წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდებოდა დემნა ხელაძე?.. – დასძინა ინეზამ და სიცილით გადაბჟირდა.

– უარესის ღირსია, ის დემნა ხელაძე! – არ შეიბრალა მშობელი ნონამ და ხათუნას მრავლისმეტყველად გახედა.

– თორემ თქვენ გაიმეტებთ ქალიშვილებს უბრალო წრიდან გამოსული სასიძოსთვის? – ინეზამ ნიშნისმოგებით შეათვალიერა დედაჩემი და ნონა, მერე მზერა მე მომაპყრო, შეთქმულივით გამიღიმა.

– სწორედაც... უვარგისი და უქონელი სიძისთვის არ გამიზრდია შვილი! – გაწიწმატდა დედაჩემი და საყვედურით შემომხედა, ინეზას რატომ გაუღიმეო. ხმა არ გამიღია.

– მასე ფიქრობდნენ ხელაძეებიც და აკი ხელში ცისფერი სიძე შერჩათ! – ნევრებმომშლელად გადაიკისკისა ინეზამ.

მეც გამეცინა.

– დემნას ქალიშვილს მაგით არაფერი დაშავებია, იმ უბედურმა ბიჭმა იკითხოს, თორემ ის გოგო გაუთხოვარი არ დარჩება! – გამომწვევად თქვა დედაჩემმა და ინეზას დასერიოზულება აიძულა.

– გამოდის, რომ თქვენ, ქალბატონებო, სიყვარულს ანგარიშს არ უწევთ, შვილის ბედს თქვენსავე ნებაზე წყვეტთ! – ინეზამ კარგა ხნის შემდეგ დაარღვია დუმილი და დაქალებს უკმაყოფილოდ გადახედა.

– უყვარდეს, ბატონო, ეს მისი პრობლემაა, თუ შვილი არ დამიჯერებს, კისერიც უტეხია!.. – გადაჭრით დასძინა დედამ და ნონას მრავლისმეტყველად მიაჩერდა.

– შენ დაუჯერე მშობლებს, როცა თხოვდებოდი? – არ ცხრებოდა ინეზა.

დედამ მწყრალად გააქნია თავი.

– თუ არ დავუჯერე, საკადრისადაც დავისაჯე! – სინანულნარევი ირონიით წარმოთქვა და სიგარეტს მოუკიდა.

– სიყვარულს ჯიბრში ჩადგომა ვერაფერს აკლებს, პირიქით, ამყარებს. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს, ის განქიქებასა და უარყოფითად მიდგომას ვერ ეგუება, – თითქოს საკუთარი გამოცდილება მოიშველია ინეზამ, ნონას და დედაჩემს თვალებში ჯიქურ შეხედა.

– ძნელია, ერთდროულად დედაც იყო და შვილისთვის შეუფერებელი სიყვარულის მხარდამჭერიც, ე. ი. ვერ იმეტებდე და თან მის დაღუპვასაც შეუწყო ხელი!.. – მშვიდად წარმოთქვა ნონამ და იმანაც სიგარეტს მოუკიდა.

– თუკი შვილს თავდავიწყებით უყვარს?! – თითქოს თავის თავს ჰკითხა ინეზამ, ხმაში სინანული გაერია.

– თუკი ეს სიყვარული შვილისთვის დამღუპველია და ამას დედის გუმანით გრძნობ? – იქით შეუბრუნა კითხვა ნონამ და გამომცდელად მიაჩერდა.

ინეზა დადუმდა, თითქოს არენა დედაჩემს დაუთმო.

– მე ის ქალი არ ვარ, ვინმეს ქონებას და სოციალურ შესაძლებლობებს დავხარბდე... მართალია, ძალიანაც მინდა ყოველმხრივ განათლებული და საზოგადოებისთვის მისაღები სიძე, მაგრამ, ხელაძეების არჩევანი იქით იყოს და, უქნარა, გამოუსწორებელი, ნარკომანი და ყურშეუსმენელი ნამდვილად ვერ გახდება ჩემი შექების ღირსი, თუნდაც ჩემს ქალიშვილს გაგიჟებით უყვარდეს! – დამაბნეველი ინტერესით მაკვირდებოდა დედა. ბოლოს გამომცდელად იკითხა: "თუ მშობლის გული ცუდს გრძნობს, მაშინ როგორღა უნდა მოიქცეს?" – თვალებში ცრემლი აუციმციმდა, ინეზას უკმაყოფილოდ მიაჩერდა.

ერთხანს დუმილი ჩამოვარდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online