asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მაქციები
მაქციები
მაქციები

2011-04-21 14:57:21



კლარკმა მაშინვე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო:
– სალივანს არავინ არ უნდა მიუახლოვდეს. ვიღაცას მისი ალაპარაკება არ სურს.
– მაგრამ არა ჟულიეტს, – შევეპასუხე.
– მისი ქმარი ლორინგის სიაში იყო.
– მაშინ მარტო წავიდეს. შეიძლება დიგერმა ჟულიეტს უფრო მეტი უთხრას, ვიდრე პოლიციას.
აქ შამბრენიც მომეშველა:
– მარკი მართალს ამბობს. დიგერს ეს ქალი უყვარს, ამიტომ შეიძლება ისეთი რამ უთხრას, რასაც სხვას არ ეტყვის. მგონი, ღირს, ჟულიეტი გავუშვათ.
– თავისუფალი გამყოლი არ მყავს, ეს კი აუცილებელია, – გაჯიუტდა კლარკი.
– მე გავყვები, – სწრაფად მივუგე.
– კარგით, – გატყდა კლარკი, – მე კი ჟირარს ვეტყვი, ოტელიდან ფეხი არ მოიცვალოს.
მიხაროდა, ჟულიეტს რაღაცით მაინც რომ დავეხმარებოდი. ის ისევე მხიბლავდა, როგორც ჩვენი პირველი შეხვედრისას.
* * *
ჭირარების ნომერში რომ დავბრუნდი, ჟულიეტი უკვე მელოდა. მას მსუბუქი პალტო ეცვა, მხარზე კი დიდი ჩანთა ეკიდა. ჟულიეტმა გამიღიმა:
– მარკ, თქვენნაირი ერთგული მეგობარი ჯერ არ გვყოლია.
– მე კი ტყვე ვარ, – მწარე ღიმილით დაამატა ჟირარმა.
– ისინი ყველას უთვალთვალებენ, – ვცადე მისი დამშვიდება, – ელჩსაც კი.
ჟულიეტი ქმარს მიუბრუნდა:
– შარლ, დროდადრო დაგირეკავ.
– აბა, შენ იცი...
მე და ჟულიეტი ვესტიბიულში ჩავედით და მეხუთე ავენიუზე გავედით, თან ცნობისმოყვარეთა მზერა გავიყოლეთ, მათ შორის მაქს კროლისა და ლილი დორიშის, სარეკლამო ბიუროსთან რომ იდგნენ.
– მარკ, – თქვა ჟულიეტმა, როცა ტაქსიში ჩავსხედით, – თქვენი წამოსვლა არცაა აუცილებელი.
– ეს კლარკმა გადაწყვიტა.
– რატომ?
– ბერნარდელი და მისი მეგობრები ხვდებიან, დიგერმა რომ შეიძლება ისეთი რაღაცა გითხრათ, რასაც სხვას არ ეტყვის. სავარაუდოდ, ისინი ამაში ხელის შეშლას შეეცდებიან.
– გასაგებია.
– მაგრამ თქვენ არ ინერვიულოთ. მე, ლეიტენანტი ჰარდი და კიდევ 1–2 პოლიციელი იქვე ვიქნებით და ამას არ დავუშვებთ.
* * *

საავადმყოფოს სპეციფიკური სუნი არასოდეს მიყვარდა. დიგერის პალატა მეორე სართულზე იყო, კართან კი დარაჯად პოლიციელი იჯდა. დაღლილი ჰარდი ჰოლში გველოდა:
– დერეფნის ბოლოში ოთახია და იქ მოიცდით.
– როგორაა? – შეეკითხა ჟულიეტი.
– გონს ჯერ არ მოსულა.
– ლეიტენანტო, როგორც კი რამეს შეატყობთ, გაგვაგებინეთ, კარგი?
– აუცილებლად.
* * *

ჩვენ ორნი ოთახში ვისხედით და ღია კარიდან ვხედავდით, რაც დერეფანში ხდებოდა. ჟულიეტს პალტოს გახდა შევთავაზე, მაგრამ იუარა, რატომღაც მცივაო.
ის გაუნძრევლად იჯდა, მე კი სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი...
თერთმეტის თხუთმეტი წუთი ხდებოდა, სიგარეტი რომ გამითავდა, ამიტომ მორიგე მედდის მაგიდასთან მივედი და ვიკითხე, სიგარეტს სად ვიყიდი–მეთქი.
– პირველ სართულზე, კაფეტერიასთან ავტომატია და იქ, – მომიგო ღიმილით მედდამ.
მისი მაგიდიდან დიგერის პალატასთან მჯდარ პოლიციელთან მივედი და ვუთხარი:
– სიგარეტი გამითავდა და ქვევით უნდა ჩავიდე. თუ შეიძლება, მისის ჟირარს მიმიხედეთ.
– კარგით, – მომიგო მან, – შევეცდები.
ოთახში შევბრუნდი:
– ჟულიეტ, სიგარეტის საყიდლად მივდივარ. თქვენ თუ ინებებთ რამეს?
– მხოლოდ ყავა, თუ შეიძლება.
პირველ სართულზე ჩავედი. კაფეტერიაში საკმაო ხალხი დამხვდა. ავტომატმა ორი კოლოფი სიგარეტი გადმომიგდო, რომლებიც ჯიბეში ჩავიწყვე, მერე კი დახლთან რიგში ჩავდექი, ყავა რომ ამეღო.
ამ ყველაფერში ათი წუთი წავიდა. კაფეტერიიდან რომ გამოვედი, ჟულიეტს მოვკარი თვალი, რომელიც ქუჩაში გასასვლელისკენ მიიჩქაროდა. მაშინვე დავუძახე და მისკენ გავექანე, ის კი მბრუნავ კართან შეჩერდა.
– ჟულიეტ, აქ რა გინდათ?
– უცებ ცუდად გავხდი და ვიფიქრე, სუფთა ჰაერი მომიხდება–მეთქი, – მან კარს ხელი ჰკრა და გარეთ გავიდა.
მეც თან მივყევი:
– ჟულიეტ, კიბეზე ჩამოჯექით და ყავა დალიეთ, – ამ დროს ავად მომზირალი ბერნარდელი შევნიშნე, – ჟულიეტ! უკან შებრუნდით! ჩქარა!
მაგრამ ის არ განძრეულა. სქელუას ხელში პისტოლეტი ეჭირა:
– მგონი, გზის ბოლოა, მადამ, თქვენი ჩანთა, თუ შეიძლება.
მე წინ წავიწიე, მათ შორის რომ ჩავმდგარიყავი.
– თქვენ ნუ ეჩრებით, მისტერ ჰასკელ! თქვენი ჩანთა, მადამ! ვფიქრობ, შიგ ისაა, რასაც ვეძებ. ნუ მაიძულებთ, ძალა ვიხმარო!
– რას შვრებით, ბერნარდელ? – ვცადე მისი შეჩერება, – ქალს მოერიეთ?
– ნუ ხართ იდიოტი, ჰასკელ! თქვენ კი, მადამ, დახმარებას ნუღარ ელით, ის დაკავებულია.
ბერნარდელს ფეხებში ვეცი და ჩვენ კიბეზე დავგორდით. ის ფრანგულად იგინებოდა, მე კი მისი პისტოლეტის მიწვდენას ვცდილობდი. ცალი თვალით შევნიშნე, როგორ ჩაგვიქროლა გვერდით ჟულიეტმა ტროტუარისკენ. მაშინვე მივაძახე, საავადმყოფოში დაბრუნდი და ჰარდი დაგიცავს–მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა.
– სულელო! იდიოტო! – დამიყვირა ბერნარდელმა და თავში პისტოლეტი ჩამცხო.
მე გვერდზე გადავვარდი, ის კი ჟულიეტს დაედევნა. ქალი ტროტუარამდე მისული არც იყო, გზა ხუთმა თუ ექვსმა კაცმა რომ გადაუჭრა. მათ შორის, ჩემდა გასაკვირად, შამბრენიც შევნიშნე.
რამდენიმე კაცი კიბის ზედა საფეხურზეც გამოჩნდა.
ბერნარდელი ჟულიეტთან მივიდა. იმავ წამს დაჭრილი მხეცის ღმუილი მომესმა, რომელიც... ჟულიეტისგან მოდიოდა!
* * *

ჭულიეტის ჩანთაში ჰეროინის პაკეტები ეწყო, რომელიც სულ ათ ფუნტს იწონიდა, მისი ღირებულება კი ორ მილიონ დოლარს შეადგენდა. კაცი, რომელმაც ეს ფული ჟულიეტის ჩანთის იდენტური ჩანთით მოიტანა, საავადმყოფოს მეზობელ ქუჩაზე დააკავეს, სადაც ის ჟულიეტს ელოდა.
ყველაფერი ეს ტაქსიში მიამბეს, როცა "ბომონდში" მივდიოდით. ცხადია, ვბრაზობდი, განსაკუთრებით კი ბერნარდელზე, თავში პისტოლეტი რომ მდრუზა. მან ბოდიში მომიხადა და თავიც იმართლა, სხვა გზა არ დამიტოვეო. ბუნებრივია, ყველამ ყველაფერი იცოდა, მე კი მართლა იდიოტი გამოვდიოდი.
ტაქსი გაჩერდა. როცა მე, შამბრენი და ბერნარდელი ვესტიბიულში შევედით, გარი კლარკი და დელაკრუა შემოგვეგებნენ.
– ყველაფერი დასრულდა, ჟაკ, – ბერნარდელი ელჩს გადაეხვია, – ფული და ნარკოტიკები პოლიციის ხელშია.
– ჟულიეტი? – შეეკითხა დელაკრუა.
– სწორედ ის გაება.
– ძნელი დასაჯერებელია, – თავი გააქნია დელაკრუამ, – მე შარლზე ვეჭვობდი, ჟულიეტზე კი რას წარმოვიდგენდი?
– ახლა შარლის ჯერი დადგა, – თქვა ბერნარდელმა.
– იცის, რაც მოხდა?
– ალბათ არა, – თქვა შამბრენმა.
– მაშინ მასთან უნდა ავიდეთ, – კლარკმა ლიფტს მიაშურა და ჩვენც უკან გავყევით.
კარი ჟირარმა გაგვიღო. 6 კაცის დანახვაზე ცოტა შეცბა, მერე კი ნელა წარმოთქვა:
– ჟულიეტი?
– თამაში დამთავრებულია, შარლ, – მიუგო დელაკრუამ, – ფული და ნარკოტიკები პოლიციაშია.
ჟირარმა ნომერში შეაბიჯა, მერე კი ჩვენსკენ შემობრუნდა:
– მას ნარკოტიკების კონტრაბანდაში დაადანაშაულებენ?
– არა, მუსიე ჟირარ. სემ ლორინგის მკვლელობაში, – მიუგო კლარკმა.
ამის გაგონებაზე მეც ჟირარივით გავშრი.
– ეს სალივანის გამონაგონია? – ჟირარს ხმა აუკანკალდა, – რომელ მკვლელობაზე მელაპარაკებით?
– სალივანი ჯერ ისევ უგონოდაა, – შენიშნა კლარკმა.
– ჩემო ძვირფასო შარლ, – დაიწყო დელაკრუამ, – ამ ბრძოლაში ჟულიეტმა ერთი შეცდომა დაუშვა, რომელიც მისტერ შამბრენის წყალობით აღმოვაჩინეთ.
– შამბრენის წყალობით? – ჟირარი ჩემს ბოსს მიაშტერდა.
– შარლ, შამბრენი რომ არა, თქვენ თავს დაიძვრენდით, – დაიგუგუნა ბერნარდელმა, – ისე, მეც მაინტერესებს, ამ ყველაფრის არსს ის როგორ ჩასწვდა.
– მუსიე ჟირარ, – დაიწყო შამბრენმა, – ადრევე მივხვდი, კარდიუს მკვლელობა ფრანგების ორ დაჯგუფებას შორის ბრძოლასთან რომ იყო დაკავშირებული და ყურადღება თქვენზე გავამახვილე, რადგან უფრო ადრე მოახლემ თქვენს ნომერში სალივანს წაასწრო.
– მაშ, ეს სალივანი იყო? – შესძახა ჟირარმა, – იქ რას ეძებდა?
– იმას, რაც მუდამ მადამ ჟირართან იყო და საგულდაგულოდაც მალავდა. საბაჟოზე ის არც გაუჩხრეკიათ, რადგან ვერავინ იფიქრებდა, პოლკოვნიკ ვალმონის ქალიშვილს ნარკოტიკები თუ აღმოაჩნდებოდა. ეს ხომ ის ვალმონია, ნარკომაფიასთან ბრძოლას რომ შესწირა თავი.
– ჰო, რა თქმა უნდა, – სარკასტულად ჩაიცინა ბერნარდელმა, – ქვეყნის გმირად შერაცხული! სასაცილოა და მეტი არაფერი!
– ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა, მუსიე დელაკრუას ჩვენთვის რაღაცეები რომ გაემხილა, – შენიშნა შამბრენმა.
– თქვენ ვერ გენდობოდით, – მიუგო დელაკრუამ, – თან ჟულიეტის დანაშაულის მტკიცებულებებიც არ გამაჩნდა.
– ამ ქალზე ეჭვი მხოლოდ სალივანმა აიღო, თან მის გადარჩენასაც ცდილობდა, – ჩაურთო შამბრენმა და მე შემომხედა, – მარკ, ახლა ჩვენ ვიცით, ჟორჟ ვალმონი გმირი კი არა, მოღალატე რომ იყო. ის ტერორისტების მტერს თამაშობდა, სინამდვილეში კი მათ ხელმძღვანელობდა. ვალმონი ტერორისტებმა კი არა, იმ მთავრობის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს, რომელსაც მან უღალატა.
– სიტუაცია მაშინ საკმაოდ რთული იყო, – განმარტა დელაკრუამ, – მთავრობამ ვალმონის ღალატის დაფარვა გადაწყვიტა, რადგან ამით უფრო მეტ სარგებელს მოელოდა, ვიდრე მისი დაპატიმრებისგან.
შამბრენმა თავი დააქნია:
– ანუ სალივანი გამოიყენეს, მაგრამ არა მუსიე ბერნარდელმა, რომელსაც ბოროტმოქმედად ვთვლიდით, არამედ ორსახოვანმა ვალმონმა, რომლის სიკვდილის შემდეგ ნარკოტიკების ნაკადი კი არ შემცირდა, პირიქით, გაორმაგდა. საჭირო გახდა ახალი კაცის მოძებნა, რომელიც ვალმონის ადგილს დაიკავებდა. ხომ მართალი ვარ, ბატონებო?
– აბსოლუტურად, – დაეთანხმა დელაკრუა.
– ჩვენ ვთვლიდით, რომ ეს შარლი იქნებოდა, – ბერნარდელმა ჟირარს შეხედა, – ვალმონის ახლო მეგობარი და თანაშემწე ომის წლებში. ჟულიეტზე თავიდან არც გვიფიქრია.
– არც მე, – ყრუდ ჩაილაპარაკა ჟირარმა, – ჟულიეტი ფანატიკოსია. მას მამა ძალიან უყვარდა და მის გამო შურსაც იძიებდა.
– ეს ქალი უნიკალურ პოზიციაში აღმოჩნდა, – შენიშნა შამბრენმა, – თავისი მეგობრის, მუსიე ჟირარისგან ის იგებდა, მტრის ბანაკში რა ხდებოდა, პირადი აგენტები კი ატყობინებდნენ, სალივანი რომ ჭეშმარიტების მიგნებას ცდილობდა. რაღაც მომენტში ჟულიეტმა ეჭვი ჟირარზე მიიტანა და თავის გადარჩენის მიზნით მას ცოლადაც გაჰყვა, მერე კი ყველაფერი გაუმხილა. მუსიე, ასე იყო, ხომ?
ჟირარმა თავი დააქნია.
– რამდენიმე საათის წინ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, – მივმართე შამბრენს.
– რაღაცეები ვიცოდი, მარკ, მაგრამ დამტკიცება არ შემეძლო, – მომიგო მან, – მაგალითად, არასოდეს მჯეროდა, დიგერი რომ ტერორისტების მხარეს იყო. მას ჟულიეტი ძალიან უყვარდა, თუმცა ფიქრადაც არ გაივლებდა, ჟულიეტი რომ დამნაშავეთა მხარეზე გადასვლას სთხოვდა. და კიდევ. სალივანი ლორინგს მაშინ მოკლავდა, თუ ეს უკანასკნელი ჟულიეტის სიცოცხლეს შეუქმნიდა საფრთხეს. ამიტომაც დამებადა შელდას ბაღში მესამე ადამიანის არსებობის ვერსია.
– მაგრამ ექსპერტიზამ თქვენი ვერსია გააბათილა.
– სამაგიეროდ, მკვლელი გვაპოვნინა, – შამბრენმა სიგარეტს მოუკიდა, – უცებ მივხვდი, ჟულიეტი რომ სხვადასხვა მოვლენების ცენტრში იმყოფებოდა. თუნდაც თქვენს კაბინეტში ჩხუბი ავიღოთ. ჟირარს ისე შეეძლო დიგერის მოკვლა, რომ არ დაისჯებოდა. ეს გათამაშებული სპექტაკლი იყო. ხომ მეთანხმებით, ჟირარ?
ჟირარმა ისევ დააქნია თავი, შამბრენმა კი განაგრძო:
– მაგრამ თქვენ ახალი საფიქრალი გაგიჩნდათ, ანუ როგორ გადაგეცვალათ ნარკოტიკები ფულზე. ჟულიეტმა აქაც იპოვა გამოსავალი და შელდას სახლში დაბინავდა, საიდანაც სხვების შეუმჩნევლად ყველაფერს დაგეგმავდა, მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ ის მარტო არ იყო, დაუპატიჟებელი სტუმარი კი ლორინგი გამოდგა. ცივსისხლიანმა ჟულიეტმა ჯერ ლორინგი მოკლა, მერე კი მასთან მისულ სალივანს ესროლა. თავისი პისტოლეტი, რომლითაც ლორინგი მოკლა, სალივანს დააჭერინა და თქვენ, მარკ, მხოლოდ ამის შემდეგ დაგირეკათ.
– ეს ხომ ვარაუდებია, სერ!
– არა, მარკ, – თავი გააქნია ბოსმა, – მე და კლარკმა ჟულიეტის ერთადერთ შეცდომას მივაგენით.
– რა შეცდომას?
– მან, ჰეროინისგან რომ ყურადღება გადაეტანა, მებაჟეებს თავის ძვირფასეულობასთან ერთად პისტოლეტიც წარუდგინა, რომლის სარეგისტრაციო ნომერი და დამამზადებელი ფირმაც საბაჟოზე ჩაიწერეს. სწორედ ამ ჩანაწერით მივხვდით, სალივანის ხელში ჟულიეტის პისტოლეტი რომ იყო. რაც შეეხება ნარკოტიკების გაცვლას, მუსიე ჟირარ, იქნებ მოკლედ გვითხრათ, შემდეგ რა მოხდა?
– ჰო... – ჟირარს სახეზე ფერი აღარ ედო, – ჟულიეტმა შელდას ბინიდან ჩვენს კაცს დაურეკა. ის, ვისაც ფული უნდა მოეტანა, ჟულიეტს იმ ადგილის სიახლოვეს უნდა დალოდებოდა, სადაც სალივანს მიიყვანდნენ...
– მაშინ უკვე ვიცოდი, ეს ქალი რა ჩიტიც ბრძანდებოდა, – ჩაერთო ბერნარდელი, – მას და ჰასკელს ჩუმად მეც გავყევი და საბედნიეროდ, დროზე მივუსწარი. თუმცა ალბათ მაინც გაგვექცეოდა, მისტერ შამბრენი რომ არა, რომელიც იქ დროულად აღმოჩნდა.
– აი, ასე იყო, მარკ, – თქვა შამბრენმა.
– მერე მიურეი კარდიუ?
– ჩვენი ვარაუდი გამართლდა. ლაკოსტა და კროლი ჟულიეტის ორგანიზაციაში შედიოდნენ. კარდიუმ შემთხვევით ჟულიეტისა და ლაკოსტას საუბარი მოისმინა და ტერორისტების გეგმები შეიტყო. ამას ლაკოსტა მიხვდა და კროლს კარდიუს გაქრობა უბრძანა, რაც მან სისრულეში მოიყვანა. ახლა ჰარდიმ ლაკოსტაც და კროლიც დააპატიმრა, – შამბრენი გაჩუმდა, რადგან სათქმელი აღარაფერი ჰქონდა.
* * *

რაღაც დროის შემდეგ მომხდარი დავიწყებას მიეცა, "ბომონდის" ცხოვრება კი ჩვეულებრივად გაგრძელდა.
დასასრული


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online