asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"დიდი ქართველები" – ეს წიგნი ყველას უნდა ჰქონდეს
"დიდი ქართველები" – ეს წიგნი ყველას უნდა ჰქონდეს
"დიდი ქართველები" – ეს წიგნი ყველას უნდა ჰქონდეს

2011-04-18 14:36:15



ჟურნალი "გუმბათი" იწყებს ახალ პროექტს სახელწოდებით, "დიდი ქართველები". პროექტის მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს იმ ქართველის სახელი, რომელთაც თავისი შემოქმედებით დაგვამახსოვრეს თავი. პირველი წიგნი, რომელსაც "გუმბათი" მკითხველს შესთავაზებს "ექვთიმე თაყაიშვილია", ხოლო ყოველი მეორე წიგნი საქართველოს ერთ–ერთ პატრიარქზე მოგვითხრობს, მაგალითისთვის, მეორე წიგნი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქზე, კალისტრატე ცინცაძეზე მიაწვდის ინფორმაციას მკითხველს. იმისთვის, რომ გაგვეგო საზოგადოების აზრი ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, აზრი ცნობილ ადამიანებს ვკითხეთ. თემაზე უფრო ვრცლად ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნუგზარ კვაშალი:

– ბატონო ნუგზარ, რას ფიქრობთ პროექტზე "დიდი ქართველები"?

– ძალიან კარგი პროექტია, საზოგადოებისთვის სასიკეთო. დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ. მომწონს ისიც, რომ პირველი წიგნი ექვთიმე თაყაიშვილზე იქნება. ამ ადამიანის მსგავსი, 3–4 ახლაც რომ ჰყავდეს საქართველოს, დიდი წყალობა იქნებოდა.

– შეგიძლიათ დაგვისახელოთ რამდენიმე ადამიანი, ვინც, თქვენი აზრით, პროექტ "დიდ ქართველებში" უნდა შევიდნენ?

– ილია მართალი და მისი მსგავსი მართლაც დიდი ქართველები უჩემოდაც შევა ამ პროექტში. ამიტომ ბიძინა ივანაშვილს დავასახელებ, ეს არის ჩვენი დროის ყველაზე ქველმოქმედი ადამიანი, რომლის წყალობითაც საქართველოს ხელოვნება დღეს ფეხზე დგას და არა მარტო ხელოვნება, კინო, სპორტი...

აუცილებლად დავასახელებ ბატონ პაატა ბურჭულაძესაც, როგორც დიდ ქართველს თავისი შემოქმედებითა და ქველმოქმედური საქმიანობით.

პოლიტიკოსებიდან, სამწუხაროდ, ვერავის ვერ გეტყვით. კარგი საქმე ნამდვილად ბევრს გაუკეთებია, მაგრამ არავის გამოუჩენია თავი ისე, რომ აქ დავასახელო.

ქართველ სპორტსმენებსაც შევიყვანდი "დიდი ქართველების" რიგებში, მიხეილ მესხს, რომელიც ფეხბურთის ლეგენდაა.

ვისურვებდი, ანსამბლებზე – "ივერიაზე", "ორერაზე", "სუხიშვილებზე", "ერისიონზე", "რუსთავზე" გამოიცეს წიგნი, მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ეროვნულ საქმეში, თითოეული მათგანი საქართველოს სახეა საზღვარგარეთ.

გოგი ქავთარაძე:

– ბატონო გოგი, როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა შედიოდეს პროექტ "დიდი ქართველების" რიგებში?

– თავად პროექტი ძალიან კარგია. რაც შეეხება დიდ ქართველებს, მიმაჩნია, რომ უნდა შედიოდეს გალაკტიონი, მიხეილ თუმანიშვილი, ოთარ ჭილაძე.

– რა ნიშნით გამოყავით ეს ადამიანები სხვა ქართველი მოღვაწეებისგან?

– გალაკტიონი ამოუცნობი საგანძურია ჩვენს პოეზიაში. სამწუხაროა, რომ მისი ლექსები ისე ვერ ითარგმნება, როგორც ქართულად ჟღერს და რა ემოციასაც ატარებს. ოთარ ჭილაძე იმიტომ დავასახელე, რომ მართლაც სერიოზული მოვლენაა ჩვენს პოეზიასა და პროზაში, მას კიდევ სჭირდება პოპულარობა და "დიდი ქართველების" რიცხვში რომ შევა, ეგებ უკეთ მიხვდეს საზოგადოება იმას, თუ რამხელა ადამიანი გვყავს ჩვენ, ქართველებს.

მარიკა კვალიაშვილი:

– როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია საზოგადოებისთვის პროექტი "დიდი ქართველები"?

– ასეთი წიგნების გამოშვებით უკვდავვყოფთ მათ სახელებს, რომლებმაც საქართველოსთვის ბევრი რამ გააკეთეს. თუ ეს წიგნი მათ ღვაწლს ასახავს, მართლაც არაჩვეულებრივი იქნება.

– თქვენ ვის დაასახელებდით მათ რიგებში?

– მე ჩემი სფეროდან გამომდინარე, ზაქარია ფალიაშვილს, რევაზ ლაღიძეს – გარდაცვლილებიდან. თანამედროვე კომპოზიტორებიდან – ვაჟა აზარაშვილს, მერი დავითაშვილს, ქალბატონ ნუნუ დუღაშვილს, ნუნუ გაბუნიას – მათი შემოქმედების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა.

ჯანსუღ ჩარკვიანი:

– ბატონო ჯანსუღ, რას ფიქრობთ პროექტ "დიდი ქართველების" შესახებ?

– პროექტი მართლა ძალიან მომეწონა, შესანიშნავია.

– თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა შევიდეს დიდი ქართველის სიაში?

– პირველ რიგში, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია ||. მე ვხედავ, უწმინდესის ხელში როგორი მორწმუნენი გახდნენ ქართველები. მისი ეპისტოლეები შემოქმედების ნიმუშებია. ჩვენი პატრიარქი საოცარი ადამიანია. ასევე დავასახელებდი: ივანე ჯავახიშვილს, გალაკტიონსა და ჭაბუა ამირეჯიბს.

– რა ნიშნით გამოყავით ისინი, სხვა ქართველი მოღვაწეებისგან?

– ბევრ ქართველ მოღვაწეს ჩემი სიტყვის გარეშეც აქვს უკვე ადგილი თქვენ მიერ ხსენებულ ტომეულში. რაც შეეხება ზემოხსენებულებს, იმის გარდა, რომ ისინი დიდი შემოქმედები არიან, დიდი პატრიოტები და სამშობლოს მოყვარულებიც არიან. ჯავახიშვილი საქართველოსთვის თავდადებული პიროვნება იყო, რომელმაც თავის სახელზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაგვიტოვა – ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. გალაკტიონი, ყველაზე სუფთა ადამიანი იყო, მის მწერლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ჭაბუა კი არის კაცი, რომელიც საქართველოსთვის არაფერს უშინდებოდა. 85 წელი ჰქონდა მისჯილი პატიმრობა, მან 18 წელი დაჰყო ციხეში. დაგვიწერა ძალზედ ძვირფასი წიგნი "დათა თუთაშხია". კიდევ ლადო ასათიანს დავამატებ ზემოხსენებულ მოღვაწეებს, ადამიანი 26 წლის ასაკში ასეთ სახელს რომ დატოვებ, მართლა დიდი ქართველი ხარ.

ლადო, ბარათაშვილის დონის პოეტია.

რეზო ესაძე:

– რას ფიქრობთ პროექტ "დიდ ქართველებზე"?

– მივესალმები, შესანიშნავი პროექტია.

– შეგიძლიათ დაგვისახელოთ ადამიანი, ვისაც თქვენ შეიყვანდით "დიდი ქართველების" სიაში?

– მონახეთ კარგი გლეხი, რომელიც უვლის მიწას, ოჯახს. სუფთად და პატიოსნად ცხოვრობს და შეიტანეთ მათ რიგებში.

სოსო ლაღიძე:

– ბატონო სოსო, თქვენ ვის შეიყვანდით "დიდი ქართველების" რიგებში?

– ილია ჭავჭავაძეს, აკაკი ხორავასა და მათნაირ გამოჩენილ ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, უკვე ექნებათ ადგილი ამ პროექტში.

საქართველო მდიდარია კინოთი, მხატვრობით და ასე ძალიან შორს წავალთ, მაგრამ მე დავასახელებ: ივანე მაჩაბელს, გრიგოლ ფერაძეს, რევაზ ლაღიძეს, ჯორჯ ბალანჩინს, ანა კალანდაძეს... მიხეილ მესხსა და დავით ყიფიანსაც შევიყვანდი მათ რიცხვში. ეს წიგნი ყველას უნდა ჰქონდეს.

– რა პრინციპით დაგვისახელეთ ეს მოღვაწეები?

– გამორჩეული შემოქმედების მიხედვით. დიდი ადამიანობისთვის დავასახელე ყველა. მათ ღრმა კვალი დატოვეს ჩვენს ცხოვრებაში, ცხოვრების მაგალითი მოგვცეს და ამით დაგვაფიქრეს ჩვენს ქცევებზე, მოწოდებებზე... ეს არის ხალხი, რომლებიც არასდროს დაგვავიწყდება – არ ვივიწყებთ მათ, ვინც ცხოვრებაში რაღაც კვალი დატოვეს.

გიგა ლორთქიფანიძე:

– ბატონო გიგა, შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის ქართველი მოღვაწეები, რომლებიც პროექტ "დიდი ქართველების" სიაში გსურთ, რომ შევიდნენ?

ივანე ჯავახიშვილი, როგორც ისტორიის მეცნიერების ფაქტობრივი ფუძემდებელი და ჩვენი უნივერსიტეტის დამაარსებელი.

კოტე მარჯანიშვილი, ალექსანდრე ახმეტელი, ევგენი მიქელაძე – ეს ის ხალხია, რომლებმაც თავი დაგვამახსოვრეს და ვისურვებდი, რომ "დიდ ქართველებში" შევიდნენ.

თეონა მჭედლიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქართველები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online