asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბოზოიანის დღიური
ბოზოიანის დღიური
ბოზოიანის დღიური

2011-04-14 15:16:51



13

სანამ ელდარი აზერბაიჯანული სოფლისკენ მიმავალ გზას ადგა, ტარიელი და პუარო მეორე პირის სამოძრაო მარშრუტის შესწავლით იყვნენ დაკავებულები.

სახლიდან მოედნამდე მიმავალი გზა მალევე გაიარეს, მით უმეტეს, რომ ბევრი გასავლელი არც არაფერი ყოფილა, იქნებოდა ასე 300 მეტრი, შესაძლებელია, ოდნავ ნაკლებიც კი.

ტარიელმა მშვიდი ადგილი შეარჩია მანქანის გასაჩერებლად.

– რა დრო მოვანდომეთ ამ გზის გავლას? – იკითხა პუარომ.

– ეხლა მე ზუსტად არ დამინიშნავს, მაგრამ სადღაც ორი წუთი იქნება, ღამით უფრო ცოტა დრო დასჭირდება, – მოიბოდიშა ტარიელმა და გულით ინანა, რომ არც მანძილი მონიშნა და არც დრო ჩაინიშნა, რითაც გამოძიების მსვლელობა ოდნავ, მაგრამ მაინც შეაფერხა.

– არა მგონია, რამდენიმე წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, – დააწყნარა პუარომ.

– არ ვიცი, არ ვიცი, – ჩაიბურდღუნა დამნაშავე ტარიელმა.

– ერთი ეს მითხარი, თარიელ, აქედან წასვლა სად შეიძლება?

– ქვევით ნაბერეჟნია, – დაიწყო ტარიელმა და საკუთარი სიტყვებისთვის მეტი დამაჯერებლობა რომ მიეცა, დაღმართისკენ ხელი გაიშვირა, – მარჯვნივ ორთაჭალაა, მარცხნივ – დიღომი, ნაბერეჟნიდან ვარანცოვზეც მოხვდები და პლეხანოვზეც, დიღმიდან დიდუბეშიც შეიძლება გადასვლა, მაგრამ დიდუბე ამ ხიდიდან უფრო ახლოა, იქით საბურთალოა, მერე ვაკე და ვერა, ბოლოს რუსთაველი, მერე აღმართი და ავლაბარი, პირდაპირ ის ქუჩაა, დილით რომ ვიყავით, მოკლედ, გზა ბევრია, გააჩნია, ვინ საით მიდის...

– როცა გზა ბევრია და მისასვლელის არჩევანიც გაქვს, იმ ერთადერთს ირჩევ, რომელსაც შეჩვეული ხარ, – თქვა პუარომ და საკუთარ უბის წიგნაკში რაღაც ჩაინიშნა.

მგონი, მართალი უნდა იყოს ეს კაცი, გაიფიქრა ტარიელ ბოზოიანმა და საბურთალოს ქუჩას გახედა, რომელიც ახლაც ისეთივე გადატვირთული იყო, როგორც სხვა ნებისმიერ დღეს.

14

ქალი რისი ქალია, რამით არ ისარგებლოს.

სანამ ტარიელი და პუარო მნიშვნელოვანი საქმეებით იყვნენ დაკავებულები, ბოზოიანის მეუღლე თინა, მეგობარ ნუნუსთან ერთად, ყავას სვამდა და საკუთარი ქალური პრობლემების შემსუბუქებას ცდილობდა.

ნუნუ და თინა ჯერ კიდევ სამედიცინო სასწავლებლიდან მეგობრობდნენ, სადაც მედდის საპატიო ხელობას ეუფლებოდნენ. მუშაობასაც ერთად განაგრძობდნენ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, იგივე არამიანცში, რომელსაც საუკუნეების მანძილზე დასახელება ბევრჯერ ჰქონდა გამოცვლილი და ჩვენი წინაპრებისთვის ანდრია პირველწოდებულის სახელით იყო ცნობილი. რაღა დიდი ახსნა–განმარტება უნდა იმას, რომ მეგობრებს ერთმანეთისგან დასამალი თითქმის არაფერი ჰქონდათ და საკუთარ გულისნადებს კვირაში ერთხელ თუ არა, თვეში რამდენჯერმე მაინც უზიარებდნენ ერთმანეთს. ოღონდ ეგაა, ქალებმა მეუღლეები, მიუხედავად არაერთგზის შეხვედრისა, ვერაფრით დაამეგობრეს. არც ტარიელსა და არც შალვას ერთმანეთზე გული არ მისდიოდათ. რას იზამ, კაცია და გუნება. მიუხედავად მცირე უხერხულობისა, მანდილოსნების მეგობრობას, ანდა როგორც თბილისში იტყვიან, დაქალობას, ჩრდილი არ ადგებოდა და ისიც ჩვეული გზით მიედინებოდა.

ეს შეხვედრა, როგორც ასეთ შეხვედრებს შეეფერება, პატარა სამზარეულოში შედგა.

– ტარიელს ვეღარ ვცნობ, – ამოიოხრა თინამ.

– რას აშავებს? – დაინტერესდა ნუნუ.

– რას უნდა აშავებდეს? – გაიკვირვა თინამ.

– აბა, რას ერჩი? – კიდევ უფრო გაიკვირვა ნუნუმ.

– ჩემს ამბავს არ კითხულობს, ძალიან გამოცვლილია, ბავშვი რომ გვყავდეს, სულ სხვანაირად იქნებოდა ჩვენი საქმე.

– ქალი ყავს?

– ქალი არა, ისა... ერთისთვის ვერ მოუვლია, ორს გასწვდება, მაგის თავი აქვს?

– აბა, კაცი? – იხუმრა ნუნუმ.

– ეგღა მაკლია. კლიენტი ყავს...

– მაგას სულ კლიენტი ყავს, აბა, სხვანაირად როგორ იქნება, ოჯახი ხომ უნდა არჩინოს.

– კლიენტსაც ხომ გააჩნია?! ერკიულ პუაროს ატარებს.

– ეგ ვინ არის?

– ბელგიელი კერძო დეტექტივი, ინგლისში ცხოვრობს, მაგის გაუხსნელი საქმე არ არსებობს. მიწის გულში რა არის, ისიც კი იცის.

– აქ რა უნდა? – ნუნუმ, როგორც იქნა, რაღაც იგრძნო.

– იძიებს...

– რას?

– ნუ მკითხავ, – თინა გადაიხარა და მეგობარს ყურში რამდენიმე სიტყვა უჩურჩულა, – ეხლა ხომ მიხვდი, რატომაც ვნერვიულობ.

– უიმე! – ესღა მოახერხა ნუნუმ.

– ღამე დარდისგან არა მძინავს...

– კარგად უხდის მაინც?

– ჯერ არაფერი მიუცია, ისე კი პირდება...

– ღმერთმა ქნას.

– ეჰ, არ ვიცი, არ ვიცი... სიგარეტი გექნება.

– აბა, აღარ ვეწევიო?

– გაცლიან?!

არ გაცლიან, გაიფიქრა ნუნუმ, რომელმაც ამ ფიქრს საკუთარი ოჯახის სადარდებელიც მიაყოლა, თუმცა ამის შესახებ მეგობრისთვის არაფერი უთქვამს.

სახლში მობრუნებულ ტარიელს მეუღლე შინ არ დახვდა. დიდ უბედურებას ამას ვერ დაარქმევდა ადამიანი, მაგრამ გარკვეულ უხერხულობას მაინც უქმნიდა ჩვევის ტყვეობაში მოქცეულ კაცს. ერთი ხეირი მაინც ჰქონდა ტარიელის სიმარტოვეს – დღიურის წერაში ხელს აღარავინ შეუშლიდა და აღარც დამალვა დასჭირდებოდა.

დრო არ ითმენდა, არავინ იცის, როდის მობრუნდებოდა თინა და თავზე წაადგებოდა ტარიელს. ამას კი რაც მოჰყვებოდა, ძნელი წარმოსადგენი აღარ უნდა იყოს.

ტარიელმა სანახევროდ შევსებული უბის წიგნაკი გაშალა.

15

გავიარ–გამოვიარეთ.

ის გზა და ის ადგილები დავათვალიერეთ, სადაც იმ ღამით დაცვის მანქანები მოძრაობდნენ.

იმ ღამით მეორე პირი სახლიდან გასულა და იქვე ახლოს, სხვა მანქანაში გადამჯდარა, ეს მომხდარა თორმეტის ნახევარზე. დანარჩენი ისედაც ცნობილია, იგულისხმება პროდუქტის შეძენა და დანიშნულების ადგილზე მისვლა.

ამ უწყინარ ინფორმაციაში უცნაური თითქოს არაფერი უნდა იყოს, მაგრამ პუარო რისი პუაროა, რამე არ გამოჩხრიკოს. ოჯახის წევრებს უთქვამთ, ეგო სახლიდან თორმეტს რომ თხუთმეტი აკლდა, მაშინ გავიდაო, და თორმეტის ნახევარზე როგორღა გადაჯდებოდაო სხვა მანქანაშიო. საქმეს ისეთი პირი უჩანს, ოჯახის წევრები არ უნდა ტყუოდნენ, მატყუარებს დაცვის წევრები უფრო ჰგვანან, რაც, როგორც პუაროს უყვარს თქმა, დასტურდება შემდეგი გარემოებით:

ეს ბინა, კონსპირაციულს რომ ეძახიან, უქირავებია დაცვის წევრს საიდუმლო შეხვედრებისთვის. კაცს არ გაუჭირდება, ქალს კი გაცილებით გაუადვილდება იმის მიხვედრა, თუ რაში იყენებენ ასეთ ბინებს, მოკლედ, ეს ჩვენი დაცვის წევრი ცოლს ატყუებდა. აქედან დასკვნა: კაცი რომ ცოლს ატყუებს, სხვასაც მოატყუებს და მისი სიტყვის დაჯერებაც გაძნელდება. ცოტა საკამათო ამბავი კია, განსაკუთრებით ცოლის საკითხში, მაგრამ მთელ მსოფლიოში ასეთი მიდგომა ყოფილა და ჩვენც უნდა დავემორჩილოთ. ასეა თუ ისე, ბინის ამბავი უკვე დადასტურებულია, ეხლა მთავარი იმის დადგენაა, ეს ჩვენი მეორე პირი ნამდვილად იყო თუ არა ამ სახლში. თუ ანაბეჭდების ამბავს გავიხსენებთ, მგონი, ნამყოფი არ უნდა იყოს, მაგრამ პუაროს ამბავი რომ ვიცი, სხვა რამეს უნდა ფიქრობდეს, მაგის ხასიათისა და გამოცდილების კაცი ეგრე ადვილად არ დანებდება.

ხვალ ელდარს ველოდებით, ჩამოვა და ამბავსაც ჩამოიტანს.

ვნახოთ...

16

შინ დაბრუნებულმა თინამ საკუთარ ქმარს საწოლში მიაგნო. ცოტა ადრე კი იყო ღრმა ძილისთვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ტარიელი სისხამზე უნდა ამდგარიყო და ჩვეულ საქმეს შესდგომოდა, მისი ტკბილი ძილი ასე გასაკვირი აღარ იქნება.

კაცმა რომ თქვას, ასეთი მდგომარეობა თინასაც ხელს აძლევდა, რადგან ბევრ საჩოთირო კითხვას აარიდებდა თავს, თუნდაც ასეთს: სად იყავი? რაზე ილაპარაკეთ? სახლში ვინ იყო? მაგის შტერი ქმარი რას აკეთებდა? ასეთი და ბევრი ამდაგვარი. მართალია, მეორე დილით ამ შეკითხვების დასმა კვლავ ძალაში რჩებოდა, მაგრამ დროის გასვლის გამო სიმწვავესა თუ სიმკვეთრეს ჰკარგავდა და ოჯახური კინკლაობის ალბათობას თითქმის შეუძლებელს ხდიდა. ასე რომ, ამჯერად თინასაც შეეძლო წყნარად ეძინა.

ასეც მოიქცა.

17

ელდარი თითქმის დათქმულ დროს ჩამოვიდა.

შეხვედრა შედგა ჩაიხანაში.

ჩაის დასალევ ადგილს რა გამოლევდა თბილისში. აბასაბადის მოედანი სავსე ყოფილა ამგვარი, პატარ–პატარა ოთახებით. ისე, მოედნის აღმოსავლური დასახელება ალბათ ჩაის დალევასაც გულისხმობდა. ეს სახელი სპარსეთ–რუსეთის ომის დროს აბასაბადის ციხის აღების შემდეგ შერჩენია, იქვე ჰაუპტვახტიც მდგარა და ჩიხიც ბევრი ყოფილა. მერე ვიღაცას ეს ძნელად ამოსათქმელი სიტყვები აღარ მოსწონებია და მოედნისთვის ალავერდოვი შეურქმევია. ნელ–ნელა ესეც გაქრა და ჩაის სურნელიც. დარჩა მხოლოდ ერთი სათავსო, რომელსაც დროდადრო ავსებდნენ აზერბაიჯანელები, ქართველები რომ თათრებს ეძახიან, და ოხშივარმოდებულ სითხეს სვამდნენ.

ელდარიც აქ იცდიდა.

ჩაის წრუპავდა და ზედ ნატეხ შაქარს აყოლებდა. ირგვლივ ისმოდა თათრული ენა, სიცილი და ევროპელი კაცისთვის ძნელად აღსაქმელი ტკბილი სიმღერა. კედლის საათი არსად ჩანდა, დროსთან აქ არავინ მეგობრობდა, ჩაის სმას სიჩქარე არ უყვარს.

– ჩაის ხომ დალევთ? – იკითხა ელდარმა მიკითხვა–მოკითხვის შემდეგ.

– დავლევთ, ხომ დავლევთ? – შეამოწმა ტარიელმა.

– დავლევთ, – თქვა პუარომ და სიტყვას თავის ქნევაც მიაყოლა.

ელდარმა ჯერ ხელი აიქნია, მერე თავის მეორე ენაზე რაღაც დაიძახა და მალე მაგიდასთან მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც მიმტანი ბრძანდებოდა, თუმცა, იმავდროულად, ჩაიხანის მეპატრონეც გახლდათ და ღამღამობით საკუთარი ოჯახის ერთადერთ შემოსავლის წყაროსაც თვითონვე დარაჯობდა.



მამაკაცის გამოჩენას მოჰყვა მაგიდის გადაწმენდა, რა თქმა უნდა, მობერებული ჩვრით, სამი ჭიქის დადგმა, რა თქმა უნდა, შაქრით და მასპინძლის თავაზიანი ღიმილით, რა თქმა უნდა, ოქროს კბილების თანხლებით.

– რა უცნაური ჭიქაა... – გაიკვირვა პუარომ და წელში გაღუნულ სასმისს ხელი შეავლო.

– სითბოს დიდხანს ინახავს, ასაღებადაც მოსახერხებელია, თანაც გრძელ საუბარს უხდება, – ახსნა ელდარმა.

– ქართველები ამით ღვინოს სვამენ, – ჩაერთო ტარიელი.

– მაგის დროც მოვა, – თქვა ელდარმა და ტარიელს ძველებურად თვალი ჩაუკრა.

მთავარ საქმეზე საუბარი გვიანდებოდა.

ელდარი სანახევროდ მაინც ქართველი იყო და ტრადიციას არ ღალატობდა.

პუარო ითმენდა, მისმა პროფესიამ, სხვა ბევრ რამესთან ერთად, მოთმინებაც ასწავლა.

– ელაპარაკე? – ჩაერთო ტარიელი, რომელსაც, როგორც ჩანს, ლოდინი სტუმარზე მეტად ჰქონდა მობეზრებული.

– ველაპარაკე...

– მერე?

– აბა, რა ვიცი, ეს რამდენად გამოგადგებათ... მარტო არ ვყოფილვართ, აქეთ ჩემი ნათესავები იდგნენ, იქით – იმათი, სასაფლაოზე შევხვდით ერთმანეთს, მე არ მენდობოდნენ, შუამავალი დამჭირდა.

– მაინც რაო? – არ მოეშვა ტარიელი.

– მოკლედ რომ გითხრათ, ეგრეა, უბედური შემთხვევის არ სჯერათ.

– მე დეტალები მაინტერესებს, – ხმა ამოიღო პუარომ.

– კი, ბატონო, იყოს დეტალები, – თქვა ელდარმა და სიგარეტს მოუკიდა, – ჩვენთან ეგეთი წესია, ჩვენთან–მეთქი, რომ ვამბობ, დედაჩემის მხარეს ვგულისხმობ, ხომ გესმით... მიცვალებული ოჯახის წევრებმა უნდა განბანონ, ჰოდა, ეს ბიჭი ყურადღებით დაუთვალიერებიათ.

– რამე საეჭვო თუ იპოვეს? – იკითხა ისევ პუარომ.

– თვითონ იძახიან, ვიპოვნეთო... მიცვალებულს ყელზე მკრთალი ზოლი ეტყობოდა, მკერდის თავებზე კი – ნემსის ნაჩხვლეტები.

– თვითონ როგორ ხსნიან ამ ამბავს?

– პლასტირს რომ დააწებებ რამეს, ააძრობ და კვალს დატოვებს, აი ეგეთი... ამით ასკვნიან, მიცვალებულს სისხლი სდიოდაო, – ახსნა ელდარმა.

– ექიმები? იმათ ხომ არ გაუკეთეს რამე? იქნებ დახმარებას ცდილობდნენ?

– გამორიცხულია, პირდაპირ პროზექტურაში მიუყვანიათ, მისი გადარჩენა არავის უცდია.

– ეგ უკვე საინტერესოა, – თქვა პუარომ და უბის წიგნაკში რაღაც ჩაინიშნა.

– კიდევ არის საეჭვო რაღაც, – თითქმის ჩურჩულზე გადავიდა ელდარი, – მიცვალებულს თვალები ღია ჰქონია, გაზით გაგუდვის შემთხვევაში ეს ამბავი ცოტა უცნაურად გამოიყურება.

– გაზი ადამიანს თენთავს, ორგანიზმი დუნდება, ქუთუთოები მძიმდება, თვალი ამ სიმძიმეს ვეღარ უმკლავდება და დახუჭვას ცდილობს, – დაამატა პუარომ.

– ნაღდად ეგრეა, – თავი დააქნია ტარიელმა.

– ფეხსაცმელებზე რა თქვეს?

– ხელოვნურია ეგ ამბავი.

– ეგ როგორ?

– გაგებული რომ გაქვს რაღაც, მაგრამ შენი თვალით არ გინახავს, –Ö დააზუსტა ელდარმა, – ვიღაცას ყურმოკვრით სცოდნია, მუსლიმანები ფეხზე იხდიან და სახლში ისე შედიანო.

– განა ასე არ არის? – საკუთარი ცოდნა შეამოწმა პუარომ.

– როგორც წესი, ასე ხდება, – დაადასტურა ელდარმა.

– წინააღმდეგობა რაღაშია?

– ჯერ ერთი, გარდაცვლილის მამა ამბობს, ჩემი შვილი ფეხზე საკუთარ სახლში შემოსვლის დროსაც არ იხდიდა, სულ ამას ვსაყვედურობდი, მწყინდა და ბევრჯერ გვიკამათია კიდეცო, ასე რომ, სხვაგანაც არ გაიხდიდაო.

– მეორე?

– ფეხსაცმელები არ ჩანს.

– აი, ეგ კი სერიოზულ ეჭვებს ბადებს, – თქვა პუარომ და უკვე გაგრილებული ჩაის მოსმა დააპირა, თუმცა მალევე გადაიფიქრა, სწორედაც რომ ტემპერატურის გამო.

– რას უნდა ნიშნავდეს მაინც? – ჩაერთო ტარიელი.

– იმას, ჩემო თარიელ, რომ ის ბიჭი იქ არ ყოფილა და მერე მიყვანილს ჰგავს, – ახსნა პუარომ.

– რითი ასკვნით? – არ მოეშვა ტარიელი.

– ეს ძალიან მარტივია, აბა, მომისმინეთ. თუკი ადამიანი ბინაში შედის და ფეხზე იხდის, მოგვიანებით კი მას გარდაცვლილს პოულობენ იმავე ბინაში, მისი ფეხსაცმელი ისევ იქ უნდა ელაგოს, სადაც გაიხადა, ასე რომ, ეს ბიჭი შემდეგ გახლავთ მოყვანილი, ფეხსაცმელი კი ან გზაში გაიბნა, ანდა იქ დარჩა, საიდანაც წამოიყვანეს, დროის უქონლობის გამო ამას ყურადღება აღარავინ მიაქცია.

– ოჯახიც ასე ფიქრობს, თავისი ჩანაფიქრი რომ გაემართლებინათ, მოგვიანებით დაურეკეს, სახლიდან გამოიყვანეს, გზაშივე გონება დააკარგვინეს და საწამლავი ნემსით შეუყვანეს, სწორედ ამ ნანემსარების შესახებ საუბრობდა გარდაცვლილის მამა, – თქვა ელდარმა და ხელი იქ დაიდო, სადაც მეორე პირის ვითომდა სტუმარს ვითომდა ნანემსარის კვალი აღენიშნებოდა.

– გაგიჟდება კაცი, რეები ხდება, – აღშფოთება ვერ დამალა ტარიელმა, თუმცა იქვე დაამატა, – იქნებ ის ფეხსაცმელები არეულობაში გაიბნა, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი ხალხი იტრიალებდა ბინაში იმ ღამით?

– ჩემი ძმაკაცი რომ არ იყოს, პროკურატურის თანამშრომელი მეგონებოდა, – გაიღიმა ელდარმა და ტარიელს მხარზე ხელი დაჰკრა, რა თქმა უნდა, მეგობრულად.

– პასუხი ამ შეკითხვაზეც მოინახება, ჩემო მეგობარო, დაკარგვით ყველაფერი შეიძლება დაიკარგოს, მათ შორის, ნივთმტკიცებაც, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სწორედ რომ ფეხსაცმელებს გაუფრთხილდებოდნენ თვალისჩინივით, ამ ამბის მომფიქრებელს ფეხსაცმლის გაუჩინარება არაფერში აწყობდა, ისევ და ისევ საკუთარი მოფიქრებული ამბის დასტურად.

– კაცი რომ დაფიქრდეს, ნაღდად ეგრეა, – თავი დააქნია ელდარმა.

– რომ დაფიქრდეს... – გაიღიმა პუარომ და თითქმის გაციებული ჩაი მაინც მოსვა.

– გაცივდა? – მიუხვდა ტარიელი და საკუთარი ჭიქაც შეამოწმა.

– გავიმეოროთ, აბა, ცივი ჩაი რა ჩაია, – თქვა ელდარმა და დახლს უკან მდგარ მამაკაცს, რომელიც ჭუჭყიანი ჩვრით პატარა ჭიქებს აპრიალებდა, თავის ენაზე რაღაც გასძახა და, სავარაუდოდ, ახალი ჩაის შეკვეთა მისცა.

თუ ერკიულ პუაროს სახის გამომეტყველებით იმსჯელებდა ადამიანი, განთქმული მაძებარი შეხვედრით კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო.

18

მეორე დღეს პალადის მარხავდნენ.

გარდაიცვალა პალადი გვათუა.

პალადის გვარ–სახელი პუაროს არაფერს ეუბნებოდა, ასე რომ, ტარიელის შეფასებას უნდა დაყრდნობოდა, რომელიც მეზობლის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდა. მეზობელი ერქვა, თუმცა სულ მთლად მეზობელსაც ვერ დაარქმევდა ადამიანი, რადგან 300 მეტრის მოშორებით, გერგეთის ქუჩაზე ცხოვრობდა და მის დასახასიათებლად უფრო უბნელი გამოდგებოდა. ეს მაინც არ უშლიდა ხელს ტარიელს, რომ პალადისთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა, მოკლედ, ბოზოიანი გვათუას აქეთ–იქით ატარებდა და ემსახურებოდა. იმას ნურავინ იფიქრებს, თითქოს გვათუას ისე უჭირდა, რომ საკუთარი მანქანა არ ჰყავდა. არც ეგრე იყო საქმე, უბრალოდ, მოქეიფე კაცი გახლდათ და, გარკვეული მიზეზების გამო, განსაკუთრებით ბოლო დროს, საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილებას ერიდებოდა.

პალადი გვათუა, როგორც თბილისში იტყვიან, იყო ნაღდი, ჯიგარი კაცი, აქედან გამომდინარე ყველა სიკეთითა და პრივილეგიით. მისი გაუკეთებელი საქმე ძნელად თუ მოინახებოდა, როგორც ყველა ჯიგარს, უარის თქმა მასაც უჭირდა და დაპირებებს უხვად არიგებდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძველებურად ანგარიშს აღარ უწევდნენ, რაც სამართლიანად გულს სტკენდა კიდეც. სწორედ ამგვარი გულისტკენის ბრალი უნდა ყოფილიყო მისი გარდაცვალება, რაზეც აშკარად არავინ საუბრობდა, მაგრამ პირად საუბრებში არავინ უარყოფდა.

ეს ჯიგრობა მაინც რა უნდა იყოს, იკითხავდა სხვაც და, რა თქმა უნდა, უპირველესად, ჩვენი ქალაქის სტუმარი ერკიულ პუარო.

ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დადგენილი გახლავთ, რომ ჯიგრობა უფრო სულიერი მდგომარეობა უნდა იყოს, ვიდრე სხვა რამ, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს რამდენიმე აუცილებელ შემადგენელ ნაწილს. კერძოდ: უსაქმურობას, ოღონდ არა უფულობას, მიდრეკილებას ლოთობისკენ, ოღონდაც შენიღბულს ლამაზი სიტყვით – სუფრის აკადემია, ასევე მიდრეკილებას უწესრიგობისკენ, ასევე შენიღბულს ლამაზი გამოთქმით – ქუჩის აკადემია. ჯიგარი აუცილებლად უნდა მღეროდეს, ანდა ღიღინებდეს მაინც, დროდადრო დადიოდეს ეკლესიაში, ჰყავდეს მოძღვარი, ასეთივე ყოფილი ჯიგარი, ჰქონდეს იუმორის უცნაური გრძნობა, ახსოვდეს რამდენიმე ნაწყვეტი რამდენიმე ლექსიდან სამშობლოსა თუ დედაქალაქზე, დროდადრო ბილწსიტყვაობდეს მანდილოსნების თანდასწრებით და სხვაზე მეტად უყვარდეს დედა.

ეს არის და ეს.

აი, ასეთი კაცი გახლდათ პალადი გვათუა, ნაღდი ქალაქელი და ტექნიკური სასწავლებლის კადრების განყოფილების უფროსი.

საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ პანაშვიდზე წაუსვლელობა აღარ გამოვიდოდა. კაცმა რომ თქვას, ტარიელს ჭირისუფლებში დგომა ეკუთვნოდა კიდეც, მაგრამ ინგლისელი სტუმარი მისვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. ბოზოიანი თბილისურ ტრადიციებს იშველიებდა, პუარო – უხერხულობას, იყო თავაზიანი კამათი და ასევე თავაზიანი თხოვნა, მით უმეტეს, რომ ჭირისუფლებისთვის პუაროს სტუმრობის ამბავი უკვე ცნობილი იყო. აბა, თბილისში რა დამალულა, ეს რომ საიდუმლოდ დარჩენილიყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თავად მიცვალებული თუ არა, გარდაცვლილის ახლობელ–ნათესავები მოუთმენლად ელოდნენ გამოჩენილი მაძებრის სტუმრობას, რაც პანაშვიდს განსაკუთრებულ ხიბლს შესძენდა. არადა, თბილისური პანაშვიდი სხვა არც არაფერი უნდა იყოს, თუ არა მისვლა–მოსვლის ხიბლი.

ხვეწნამ გაჭრა.

პუარო გატყდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online