asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლელა + ლევანი
ლელა + ლევანი
ლელა + ლევანი

2011-04-14 15:16:50



6

დათო ვიღაც ახალგაცნობილ გოგონასთან პაემანზე წავიდა.

– სიყვარულში მარცხი თუ გიწვნევია? – ფიქრიანად მკითხა ლევანმა და გამომცდელად მომაჩერდა.

გამეღიმა, მივხვდი, მურთაზისა და ვიოლას ტრაგიკული სიყვარულით შეძრული იყო და არ ღირდა უსიამო შთაბეჭდილების გაღრმავება და ჩემი სენტიმენტალური წარსულის გახსენება, უნდა გამემხიარულებინა.

– ერთხელ, – ღიმილითვე დავიწყე, – თექვსმეტისაც არ ვიყავი, ერთი გოგონა მომწონდა, იქნებ, მიყვარდა კიდეც. ეს ის პერიოდი იყო, როცა თავიდან ბეწვის ქუდის გატაცება, ერთმანეთისთვის ჯინსების გახდა და პირსახოცის ნასკების თხოვებაც ძველბიჭობად ითვლებოდა. ვინც მაშინ გახეხილ ჯინსებს იცვამდა, მაგარი ბიჭის იმიჯით სარგებლობდა. იმ ზაფხულს მამაჩემს თავი გადავჭამე, ჯინსები მიყიდე–მეთქი. დედას შევებრალე და, როგორც იქნა, ქმარი დაიყოლია, ბიჭს ფული მიეციო. კულაშში გავეშურე, ებრაელი გადამყიდველისგან ამერიკული ჯინსის შარვალი ძლივს შევიძინე, თანხა არ მყოფნიდა, დიდხანს ვეღრიტინე, ხელცარიელი არ გამიშვა–მეთქი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მოტმასნილ შარვალში გამოწკეპილი ამაყად დავიარებოდი, ცა ჩემი ქუდი მეგონა და დედამიწა – ქალამანი. გოგო, რომელიც მიყვარდა, ვიცოდი, დეიდამისთან ერთად დასასვენებლად მაღალმთიან ბახმაროში მიემგზავრებოდა. მეც იმავე ავტობუსში ავძვერი და სათაყვანებელი მგზავრის ზურგს უკან მოვკალათდი. როცა ტრანსპორტი სადმე შეყოვნდებოდა, დროს ვიხელთებდი და ძირს ჩამოვდიოდი, თავმომწონედ გავივლ–გამოვივლიდი, შეყვარებულს შემოეხედა და თავისთვის ეთქვა: "აუჰ, ამას რა ჯინსები აცვია!". გოგონა ფარულად მიღიმოდა და შეთქმულივით მითვალთვალებდა. "ცხრაწყაროსთან" ჩვენი ავტობუსი კარგა ხნით შეყოვნდა. მგზავრები ძირს ჩამოლაგდნენ, მთის სუფთა ჰაერსა და ანკარა წყაროს ხარბად დაეწაფნენ. ზოგმა მოხარშული სიმინდი იყიდა და სიამოვნებით გაკბილა. მე ჩემს სატრფოს შევციცინებდი და ციგნებისგან ნაყიდ "მარლბოროს" ვაბოლებდი. ამ დროს, ჩემდა საუბედუროდ, ბახმაროდან მომავალი ავტობუსი მოგვადგა. მგზავრები იქიდანაც ჩამოლაგდნენ და აქეთ–იქით მიმოიფანტნენ. მალე ვიღაც აწოწილი ბიჭი, მოგრძო ცხვირი და მტაცებლის თვალები რომ ჰქონდა, მუშტრის ღიმილით მომიახლოვდა და მოფარებულში გამიხმო – გზადაგზა ჩემს შარვალს მუშტარივით ზომავდა. გვარიანად შემცბარმა, ბუჩქების მიღმა რომ ამოვყავი თავი, იხტიბარი არ გავიტეხე და ყვირილი აღარ ავტეხე, მისი განზრახვა წუხილით მოვისმინე და სასოწარკვეთილებისგან პირი დავაღე, მივხვდი, პატარა ყაჩაღთან მქონდა საქმე და გარშემო მიმოვიხედე, თითქოს გასაძრომი დავძებნე – აქეთ–იქიდან ამომდგარი და ქორივით მოჩერებული მოძალადის ამფსონები რომ შევნიშნე, მაშინ საბოლოოდ დავყარე ფარ–ხმალი და ქამრის აბზინდს ხელით შევეხე. წოწოლამ, ჯინსი გაიხადეო, აგდებით გამიმეორა და თვალები ავისმეტყველად დამიბრიალა. სახეზე ღრმა წუხილი რომ შემატყო, დამცინავად შემომხედა, რას წუწურაქობ, კი არ გართმევ, დაბადების დღეზე მივდივარ, კვირის ბოლოს უკან დავბრუნდები, ბახმაროს ცენტრში "წაკატა" მოიკითხე, მოგასწავლიან და შენს ძინძგლიან შარვალს დაგიბრუნებო. გაძალიანებას აზრი არ ჰქონდა, თავს შევირცხვენდი, ჯინსსაც გამხდიდნენ და თვალზე ლურჯ სოკოსაც ამომიყვანდნენ. ბუჩქებიდან რძისფერი ტილოს შარვლით გამოვიძურწე, იმსიგრძე ტოტები ჰქონდა, ფეხებში მებლანდებოდა, კლოუნს ვგავდი, სად დავმალულიყავი, აღარ ვიცოდი. ჩემი შეყვარებული დაბნეული მომჩერებოდა, ალბათ ფიქრობდა, ამ შეჩვენებულმა ასე უცებ როგორ მოასწრო შარვლის გამოცვლაო. შემრცხვა, მაშინღა მივხვდი, როგორი მშიშარა და უფხო ვყოფილვარ. ავტობუსში ნაცემი ძაღლივით ავძვერი, ფეხები ძლივს ავათრიე და კუთხეში მივიყუჟე, ბახმარომდე ისე ავაღწიე, შეყვარებულისკენ არ გამიხედავს. ერთი კვირა ვეძებდი წაკატას, ჩემი ჯინსები ძილშიც მელანდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, მისი ადგილსამყოფელი შევიტყვე, ერთმა მითხრა, ურეკში ისვენებს და შენი ჯინსებით თბილისელ გოგოებთან დაგულაობსო. ბოღმით ავივსე, ცალკე შარვალი დავკარგე და ცალკე კიდევ შეყვარებული, ეგ ოხერი კი ჩემი ჯინსებით ზღვაზე ნებივრობდა. დაუყოვნებლივ ურეკში გავემგზავრე, ასეთი ნაბიჯის გადადგმა რამ გადამაწყვეტინა, დღესაც არ ვიცი, მასთან მიმსვლელი და შარვლის მომთხოვნი ნამდვილად არ ვიყავი, წინდაწინ ვგრძნობდი, უსიამოვნებას ვერ ავცდებოდი. ნაცნობებმაც გამაფრთხილეს, წაკატა ძველი ბიჭია, მაგისგან ვერაფერს მიიღებ, ჯობს შეეგუო ძღინკიანი შარვლის დაკარგვასო. შარვლის დაკარგვას როგორმე კი შევეგუებოდი, მაგრამ, შეყვარებულს რომ ვკარგავდი, ეს ვისთვისღა შემეჩივლა... ჩემს ჯინსებს თუ დავიბრუნებდი, შეყვარებულსაც გამოვუჩნდებოდი, ვეტყოდი, "ცხრაწყაროსთან" ახლობელი ბიჭი შემხვდა და იმას ვათხოვე–მეთქი. ერთი სიტყვით, ურეკში ალალბედზე წავედი, გულს მაინც შევაჯერებდი. წაკატას მთელი დღე ვუთვალთვალე, ნაშუადღევს პლაჟზე შევნიშნე, ჩემს ჯინსებში გამოპრანჭული ვიღაც გოგონას თავს აწონებდა. მერე მასთან ერთად ნაპირ–ნაპირ გაუყვა, უკან ავედევნე, ჩემს შარვალს ხარბად შევავლე თვალი, იმ შეჩვენებულს საკმაოდ მოკლე ჰქონდა. ფეხდაფეხ ადევნებული ბუჩქებსა და ნაძვის ხეებს ვეფარებოდი, სიმწრის ოფლი მასხამდა. ბოლოს უკაცრიელ სანაპიროზე გავიდა, ჯინსები გაიხადა, იქვე მიაგდო და გოგონასთან ერთად ზღვაში შევიდა – თვალი ძლივს მივაწვდინე, იმსიშორეზე შეტოპა წყვილმა. ტალღებს ჩემამდე ვნებიანი კისკისისა და ყოყოჩი სიცილის ხმა მოჰქონდა. ქვიშაზე გველივით დაგრეხილ შარვალს უჩვეულო შურისძიებით მივუახლოვდი, წაკატას შარვალი სწრაფად გავიხადე და ჩემი ჯინსები ამოვიცვი, თავპირისმტვრევით მოვკურცხლე, მეჩვენებოდა, თითქოს ზღვის სიღრმიდან მუქარის ხმა დიდხანს მომდევდა. მეორე დღეს ბახმაროში გავემგზავრე, ჯინსებში გამოწკეპილი შეყვარებულს გამოვეცხადე და მოულოდნელობისგან სახტად დავრჩი: გოგონა ნაცრისფერ ულაყზე წამოსკუპებულიყო და ლაღად იცინოდა, ვიღაც ბიჭს კი ცხენის სადავე ეჭირა და წინ და უკან დაატარებდა. გვერდით ისე ამიარ–ჩამიარეს, შემოხედვის ღირსიც არ გამხადეს. მხოლოდ ცხენმა დაიფრუტუნა, ვაი, შენს პატრონს უბედურსო. ბიჭს სინანულნარევი შურით გავხედე და ახლაღა შევნიშნე, ჩემზე მაგარი ჯინსი რომ ეცვა, წამით წაკატა ვინატრე, ნეტავ გამოჩნდებოდეს და ამ მატრაბაზს შარვალს გახდიდეს–მეთქი!..

– შარვალი ხომ მაინც შეგრჩა? – სიცილით კვდებოდა ლევანი.

გვიანობამდე ვისხედით, კაფეში ისევ წყნარი მუსიკა ისმოდა...

7

თბილისი აგარაკებიდან დაბრუნებული მოქალაქეებით ნელ–ნელა შეივსო, მზით გარუჯული გოგო–ბიჭები მომრავლდნენ, ხალისიანად დააბიჯებდნენ და ერთმანეთს ზაფხულის შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ.

ეკლესიებს მრევლი დაუბრუნდა, ქალაქს კი ადრინდელი მიმზიდველობა.

ჩემმა მეზობელმა, გაბო სოფრომაძემ, ვისი ველოსიპედითაც თავი გავიმრთელე, სომეხი კარინა მოიყვანა ცოლად; პატარძლის დედა ეროვნებით ბელორუსია, მამა – სომეხი. გადაირივნენ გაბოს მშობლები, სოფრომაძეებს სომხის ქალი გვაკლდაო და სასტიკი წინააღმდეგობის შემდეგ, თავისას რომ ვეღარ მიაღწიეს – გაბოს მამა რამდენჯერმე მიუვარდა კარინას მშობლებს, ჩემს შვილს თავგზას ნუ უბნევთ, ნუ აჯადოებთ თქვენი სომხის გომბიოთიო – ვაჟიშვილზეც ხელი ჩაიქნიეს, თვალით არ დაგვენახოო. დიდი ხვითოა ეს ჩვენი გაბო, უგერგილო ტიპია, არც წყალია და არც ღვინო. მაგის კარინას თავისივე ძმაკაცები ეკურკურებოდნენ, ახლა, ალბათ, დაითრევენ კიდეც. სხვათა შორის, ამ გაბოსაც აჭრელებული ჰქონდა კარინას საცხოვრებელი სახლის კედლები ისარგაყრილი გულებითა და სასიყვარულო წარწერებით. არა მგონია, სიყვარულის ფასი იცოდეს, ერთი ახმახი დოყლაპიაა; ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მთელი უბანი ახლა სოფრომაძეების რძალზე ჭორაობს. წყვილმა სადღაც ბინა იქირავა და თაფლობის ხანას იქ ატარებს.

დღეს ჩვენი უბნელი, კანონიერი ქურდი, კეტე მოკლეს – საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს, გვერდით ცოლი ეჯდა, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

პანაშვიდიდან დავბრუნდი, ლელას დავურეკე და თბილისის ამბები ცხლად მოვუყევი, ბოლოს მთელი სერიოზულობით ვთხოვე, ზღვის ღელვისას სანაპიროზე არ წასულიყო. სიცილით მოკვდა, როცა ღელვაა და კოკისპირული, სანაპიროზე რა ჯანდაბა მინდაო. დავდუმდი, უსაფუძვლო გაფრთხილების გამო შემრცხვა და ქობულეთელი მურთაზისა და ბერძენი ვიოლას ტრაგიკული სიყვარულის ამბავი გამახსენდა, სინანულით ჩამეღიმა, თითქოს ქვეცნობიერად ზღვისადმი შიში დამეუფლა, ლელა არ წამართვას–მეთქი.

ჩვენი უბნის ბიჭებს კეტეს სახლთან მოეყარათ თავი. დაკრძალვის საქმეებს ბაჯო თავკაცობს, სახე ჩამოსტირის, დანა პირს არ უხსნის, ჩემს ხელში გაზრდილი ბიჭი როგორ უნდა დავასაფლავოო, სინანულით ჩივის.

ძმაკაცის სიკვდილს ყველაზე მეტად ელეკო განიცდის, დამწუხრებულია, ბავშვობის მეგობრის მკვლელობა ვერაფრით მოუნელებია. ელეკო გამხდარი და ოდნავ ბეჭებში მოხრილია, უშიშარი გამოხედვა აქვს. ადრე ქუჩის ბიჭი იყო, ახლა უშიშროების სამსახურშია, თუმცა ძმაკაცებისთვის არასოდეს უღალატია, სხვათა შორის, აფხაზეთში წინა ხაზზე იბრძოდა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის სიცოცხლეს არ ზოგავდა...

კეტეს დაკრძალვის დღეს მოულოდნელი ამბავი მოხდა, ელეკომ მის საფლავზე ერთ–ერთი კანონიერი ქურდი იარაღით მოკლა, რომელიც ბეწვზე გადარჩენილ ქვრივს შეუცნია, სწორედ ამან მომიკლა ქმარიო, სასოწარკვეთით დაუჩივლია.

როცა ბიჭებს ქვრივის დაჩივლების შესახებ შეუტყვიათ და სამაგიეროს გადახდაზე სასწრაფოდ უმსჯელიათ, თითქმის ყველას ყოყმანი დატყობია, კანონიერი ქურდის შეხების უფლება არავის გვაქვსო. ბოლოს ელეკო წამომდგარა, "მეგობრობას ყველაფერზე წინ ვაყენებ!" – გადაჭრით უთქვამს და საქმის მოგვარება თავის თავზე აუღია.

ელეკო მალე დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. მთელი ქალაქი ლაპარაკობს, ნამდვილი ძმაკაცობა სცოდნიაო. იმას არავინ ნაღვლობს, კანონიერი ქურდის მკვლელობას რომ არ აპატიებენ – ყოველ ნაბიჯზე საფრთხეს შეუქმნიან.

ლელას თითქმის ყოველდღე ვუკავშირდები და კარგა ხანს ვესაუბრები.

გუშინ დედამისს მოვკარი თვალი, სადღაც მიიჩქაროდა, შემამჩნია, დაკვირვებით შემათვალიერა. დამნაშავესავით გავუღიმე, თითქოსდა შეუფასებელ განძში შეცილებისთვის ხარკი გადავუხადე.

ბაჩო და ნიაზი სამეგრელოდან შემოდგომის მიწურულს დაბრუნდნენ, გარუჯულები არიან, მდინარის პირას ვეყარენით, მთელი დღე ვთევზაობდითო.

თემო ცოლს გაეყარა – შვილზე დარდობს, შეჩვეული ვარ და უმისობა გამიჭირდებაო. ის გოგო კვლავ არ ასვენებს, დღედაღამ კუდში დასდევს. ბოლო დროს მასთან ერთად ვაჩნაძის ქუჩაზეც გამოჩნდა, მეც გავიცანი, მაკა ჰქვია. სუსტი, შავგრემანი და საშუალო ტანისაა, ჯიუტი გამოხედვა აქვს. თემო ავადმყოფურად უყვარს, ეტყობა, ცოცხალი თავით არავის დაუთმობს, მათ შორის ხშირად დაძაბულობა და შეხლა–შემოხლაა. თემო ნერვიულობს, თავიდან მომწყდიო, მობეზრებით უყვირის.

ჯიმშერი ჯარიდან დავაჟკაცებული დაბრუნდა, ახლა ცოლი უნდა შევირთოო, ვალმოხდილივით გამოაცხადა.

უსტო ციხიდან ახალი წლის დამდეგს გაათავისუფლეს, პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალეს. ერთ ადგილზე ვერ ისვენებს, მიდი–მოდის, სულ სადღაც ეჩქარება, ამ ბოლო დროს კოლმეურნის ბაზრის გაყოლებაზე, კომერციულ ჯიხურში ხედავენ ხშირად, გამყიდველი გოგონა მოსწონს და ღამისთევა რომ გაუადვილოს, მასთან ზის და ლაპარაკით ართობს. ზოგჯერ გადაბმულად სვამს, ზოგჯერაც ნარკოტიკს ეტანება – უსამართლობას ვერ იტანს, დაჩაგრულს ექომაგება და ქუჩის ცხოვრებას მეთვალყურეობს, უბანში თუ გაურკვეველი ამბავი ხდება, ერთს დაიძახებს და ყველა მის გვერდით ჩნდება.

გურამჩიკას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, მოსკოვის ნაცვლად დედამისთან, ნიუორკში ამოაყოფინეს თავი. ერთი თვეც ვერ გაძლო, დედამისის საყვარელთან უთანხმოება მოუვიდა და უკანვე გამოაბრუნეს. თუმცა მალევე გაუმართლა, ორი კვირის წინ მოსკოვში გაემგზავრა. ამბობენ, ჩასვლისთანავე ოცნება აისრულა, კანონიერ ქურდად მოინათლაო.

ნანუჩის და დათოს მხოლოდ ერთხელ მოვკარი თვალი, მომეჩვენა, თითქოს ისე კამათობდნენ, ეს ქვეყანა შუაზე ვერ გაუყვიათო – თვალი ავარიდე, უხერხულობა არ იგრძნონ–მეთქი...

ნაახალწლევს ბათუმში გავემგზავრე. წვიმდა, ქუჩები გუბეებით დაფარულიყო. ლელას კაფეში შევხვდი, გამოდარების იმედით კარგა ხანს დავყოვნდით, მერე ღია ცის ქვეშ უაზროდ ვიხეტიალეთ, გავილუმპეთ, ბევრი ვიცინეთ და საღამო ხანს ერთმანეთს სინანულით დავშორდით.

სოფრომაძეებმა გაბოს თანაკლასელი, მთაწმინდელი გუგუშა კარინას მშობლებს მიუგზავნეს, ერთი ამბავი აატეხინეს, თქვენი ქალიშვილი, როგორც გინდათ, ისე ჩამოგვაშორეთო. თვის ბოლოს კი, ყველასათვის მოულოდნელად, ვაჟს და პატარძალს შინ დაბრუნების უფლება მისცეს, არც ვინმეს მილოცვა მიიღეს და არც წვეულება გამართეს – ისე იბღინძებიან, უთუოდ კარინას თავიდან მოშორება აქვთ განზრახული.

ელეკო თურმე ორგანოს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სპეცსაკანში ზის, ხმა დაირხა, საქმე ჩაწყობილი აქვს, მცირე სასჯელს აკმარებენო.

ქალაქში შეიარაღებული დაჯგუფებების თარეში თანდათან შენელდა და ახლა უფრო კვალიფიცირებული, კლანური გაერთიანებების სახე მიიღო: შეიქმნა ვერის, მთაწმინდის, საბურთალოსა თუ ვარკეთილის საძმოები; ისეთი ჯგუფები, როგორიც "კულინარები" და "ბოროტებია", მთელ ქალაქს შიშის ზარს სცემენ. დღე ისე არ გავა, ვიღაცამ ვიღაც არ მოკლას – ყველგან სისხლის სუნი ტრიალებს, გავლენის სფეროების გადანაწილება ხოცვა–ჟლეტის გარეშე არაფრით ხერხდება.

რუსთაველის გამზირს და მის შემოგარენს სამოქალაქო ომის შემზარავი კვალი დღესაც ატყვია, ხშირად მომიტინგეების, დამხობილი ხელისუფლების მომხრეების ყიჟინი ისმის – ხალხის უკმაყოფილება მოთმინების ზღვარს აღწევს. მათხოვრები ბუზებივით მომრავლდნენ, ნაგვის ბუნკერებთან დილაადრიან რიგი დგას, გაწევ–გამოწევაა, ერთმანეთში ჩხუბობენ, არა მე უნდა გავქექო პირველად და არა მეო.

არსებობისთვის დაუნდობელი ბრძოლაა გაჩაღებული, თუ არ იყოჩაღე, ისე გაგპუტავენ, როგორც მესერში გაჩხერილ დედალს.

ამ დროს მე ლელა მიყვარს და სხვა საფიქრალი ნაკლებად მაწუხებს. სამების ეკლესიაში ხშირად შევდივარ, ლოცვებსაც ვესწრები, ვფიქრობ, მოძღვარი ავიყვანო და ცოდვების მონანიებით ვიცხოვრო...

ზამთარი თითქმის მიილია, თებერვალი დადგა და მიწამაც ორთქლი აუშვა.

ამ დილით ლუიზა შემხვდა – ფურცელაძის ქუჩაზე ცხოვრობს, ჯიგარი ქალია; მაწანწალა ძაღლების თავგამოდებული ქომაგია და შეძლებისდაგვარადაც კვებავს, ერთი ჩვეულებრივი ეზოს ძაღლი ჰყავს, ჯილდას ეძახის, ჰოდა, საერთო ჭიშკართან მუდამ ამძუვნებული ძაღლების ზედახორაა, მეზობლებს მოსვენება არ აქვთ, თავი სოფლის ორღობეში ჰგონიათ, ჯილდა რომ ყეფას და წკავწკავს ატეხს, უკმაყოფილოდ ვიშვიშებენ, ლუიზას საყვედურობენ, ბოლოს და ბოლოს, წმინდა ჯიშის ძაღლი მაინც აიყვანე, თორემ ამ წუნკალს მოგიკლავთო, ემუქრებიან. "როგორც ყველა კაცი – კაცია, ასევეა ყველა ძაღლი – ძაღლი!" – მოსწრებულად პასუხობს ლუიზა და ჯილდას უცაცხანებს, მართლაც ნუ გააწყალე გულიო.

თბილად მომიკითხა, შეყვარებული როგორ გყავსო. მერე შეწუხებული სახით შემომჩივლა, ჯილდას მოკვლით მემუქრებიანო. დავამშვიდე, მაგათ არ აჰყვე–მეთქი, შევატყვე, ჩემი თანაგრძნობა ესიამოვნა და ლაპარაკის გუნებაზე დადგა.

– ჩემი ქმარი გაიძახოდა, თავადების მოდგმის ვარ, ჩემს ძარღვებში წმინდა სისხლი ჩქეფსო... ისემც იმას გაუხმეს თავი. თუ გინდა, სიმართლე გითხრა, ძაღლები იმის შემდეგ შემიყვარდა და ადამიანებზე მეტადაც მებრალებიან – წამით შეისვენა, გამომცდელად შემომხედა, უაზრობას ხომ არ ვროშავო და, რაკი ჩემს ტუჩებზე ისევ თანაგრძნობის ღიმილი შენიშნა, ღვარძლიანად განაგრძო, – "თავადის მოდგმის კი არა, პირწავარდნილი ნადირი იყო; სახელმწიფო ტელევიზიაში მუშაობდა, თავი მოსწონდა, ყოყლოჩინობდა, შინ მოსული მონასავით მიმსახურებდა, იმ შეჩვენებულს ბორშჩი და სუპი უყვარდა, ერთს რომ დავახვედრებდი, მეორე რატომ არ გააკეთეო; მომდევნო დღეს, დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, სუპს მივართმევდი, ბორშჩი რატომ არ მომიმზადეო, მისაყვედურებდა, ცხვირს ჩამოუშვებდა და ულუფას გვერდზე მისწევდა. შერისხულივით გავეცლებოდი, კუთხეში მივიყუჟებოდი და საბრალობლად ვქვითინებდი, გაჩენის დღეს ვიწყევლიდი, თავმობეზრებული ვიყავი. ის ოხერტიალი მამაჩემისეულ სახლში ცხოვრობდა და თავს აქეთ მაყვედრიდა; ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო, ერთხელაც ორთავე კერძი მოვამზადე, სუპი რომ მივართვი და ბორშჩი მიხსენა, მაშინვე ცხვირწინ ბორშჩიანი თეფში დავუტრიალე, ჩახეთქე, შე სასიკვდილე–მეთქი, დავუსისინე. სახტად დარჩა, სათქმელი აღარაფერი ჰქონდა, ვიდრე რაიმეს მოიფიქრებდა და ახალ შარს მომდებდა, სწრაფად აიკარ გუდა–ნაბადი და აქედან მოუსვი–მეთქი... სახლიდან კინწისკვრით გავაგდე და, შენი წმინდა სისხლი გაშრა–მეთქი, მივაძახე. მას შემდეგ კაცის სახსენებელი შემძულდა; რა ვქნა, ამ საბრალო ძაღლების მოვლით ცოტათი ვერთობი, წარმოუდგენლად მეცოდებიან!.. – სინანულით დასძინა და იქვე დაცუცქულ ჯილდას ბავშვივით მიუალერსა, ლაქუცად გადაქცეულს პურის ნატეხი უწყალობა.

მოგვიანებით ლელას დავურეკე, სუპის და ბორშჩის ამბავი მოვუთხრე, ბევრი ვაცინე.

მაისის ბოლოს ელეკო ციხიდან გამოუშვეს, რამდენიმე კვირაში ახალ უსიამოვნებას გადაეყარა: სასტუმრო "ივერიის" საბანკეტო დარბაზში მისი ახლობელი ბიჭის ქორწილი იყო. ერთი ზურაა, ცნობილი ბიჭია, ელეკოსთან შელაპარაკება მოუხდა. ამან ხელი მოუქნია, იმან კიდევ, როგორც ქურდის მკვლელს, ისე გასცა პასუხი. იქაურობა დატოვა, რამდენიმე ხანში იარაღით მობრუნდა და ჰოლში მდგარ ელეკოს ცეცხლი გაუხსნა, ბარძაყში დაჭრა, ხოლო ბრმა ტყვიამ შემთხვევით ახალგაზრდა პროკურორის სიცოცხლე იმსხვერპლა; ზურა მას შემდეგ გაქცევაშია, გამოჯანმრთელებული ელეკო კი ქალაქში თავისუფლად დაიარება. ყველა იმას გაიძახის, ეს ბიჭი ნაღდად გიჟია, ზურა ამ ამბავს ცოცხალი თავით არ შეარჩენსო.

საღამოს ნარიმანს ვეწვიე. ჩემს ეზოში ცხოვრობს, რუსი ცოლი ჰყავს, მასზე ათი–თორმეტი წლით უფროსი – ტომა; ნარიმანს პატარაობიდანვე ვუყვარვარ, ხშირად დამიძახებდა, მეგობრულად გამომელაპარაკებოდა, ხან რას მჩუქნიდა და ხან – რას; მამისტოლა კაცის ყურადღება ყოველთვის მსიამოვნებოდა, დროთა განმავლობაში ისე დავუმეგობრდი, ასაკობრივ სხვაობას სულაც არ ვგრძნობდი.

ნარიმანი მუდამ ფულიან ადგილას მუშაობდა და შინ ხშირად ნასვამი ბრუნდებოდა, ეზოში სუფრას გაშლიდა და მეზობლებს მოსალხენად უხმობდა – პირიდან თაფლი გადმოსდიოდა – უშურველობა და ხელგაშლილობა თითქოს ცხოვრების წესად გაეხადა. ეკლესიაში არასოდეს შედიოდა და არც ის შემიმჩნევია, პირჯვარი გადაეწეროს, ისე კი ნამდვილად ღვთისნიერი ადამიანია, ღმერთს მუდამ მოკრძალებით ახსენებს, კაცობრიობამ დღემდე ვერ ისწავლა, როგორ უნდა უყვარდეს მამაზეციერიო; წარმოსადეგი გარეგნობა აქვს, ფხიზელი ზედმეტ სიტყვას არ ამბობს, დალევს და სიყვარულით დნება.

ერთხელ აივნიდან გამომძახა, შემოდი, შენთან საქმე მაქვსო, მაცივარი გამოაღო, შამპანური გახსნა, ტომას შემოგებებულ ფუჟერებში დაასხა, მომიჭახუნა და სიყვარულის სადღეგრძელო წარმოთქვა: ვიცი, რა გრძნობასაც შეუპყრიხარ და ღმერთმა იმედგაცრუებისგან დაგიფაროსო, შთამბეჭდავი პათეტიკურობით მითხრა, თვალები ცრემლით აულიპლიპდა, უპეებში გამოუთქმელი დარდის კვალი დაეტყო. მაშინვე ვიფიქრე, ამ კაცს, ეტყობა, წარსულმა დიდი ტკივილი მიაყენა და სულში მოუშუშებელი ჭრილობა დაუტოვა–მეთქი. დივანზე დასკუპებულ ტომას გავხედე, ჩემს ვარაუდში ნათლად დავრწმუნდი, ქალი ერთ წერტილს ნაღვლიანად მისჩერებოდა, ქუთუთოებზე ცრემლი უციმციმებდა და ტუჩებზე ამოუცნობი ღიმილი დასთამაშებდა. ნარიმანს თითქოს ყელში ბურთი გასჩროდა, სვენებ–სვენებით ლაპარაკობდა, ცოლს დამნაშავესავით გახედავდა – ხანაც წამოენთებოდა, დაჭრილი მხეცივით ბორგავდა, საკუთარ გრძნობებს დიდი ძალისხმევით თოკავდა, თითქოს ცოტაც და, გაგიჟდებაო.

ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს მე და ნარიმანი ერთი ბედის ვარსკვლავზე ვიყავით დაბადებულები, ხოლო მისი საიდუმლოებით მოცული წარსული ჩვენი მეგობრობის იდუმალ საფუძველს წარმოადგენდა. მას მთელი არსებით ვენდობოდი, თითქმის ყველაფერს ვუმხელდი, რჩევას ვეკითხებოდი. "თუ ჭეშმარიტად გიყვარს, საფრთხეს არ უნდა შეუშინდე, უკან არაფერზე დაიხიო, ყველაფერი უნდა შესწირო, სიკვდილი რომ დაამარცხო და სიყვარულში გაიმარჯვოო... – მეტყოდა თვალგაბრწყინებული ნარიმანი და თავს სინანულით აკანტურებდა, გამომცდელად მაკვირდებოდა, მამოწმებდა და შიშობდა, მგულშემატკივრობდა, თითქოს თავის თავს ჩემში ეძებდა, მსგავსებას პოულობდა და ამით საკუთარ წარსულს რევანშს უღებდა.

მოგვიანებით მისი სიჭაბუკისდროინდელი თავგადასავალიც შევიტყვე და მის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემითა და თანაგრძნობით განვიმსჭვალე.

შეძლებულ ოჯახში გაიზარდა. მამამისი ერთ–ერთი მდიდარი მეურნეობის დირექტორი, დედა კი კიროვის რაიონის პირველი მდივანი იყო. დედისერთა ვაჟს საზრუნავი არაფერი ჰქონდა, მაგრამ არასოდეს გაყოყოჩებულა, ზემოდან არავის გადახედავდა, ყოველთვის გულისხმიერებითა და უბრალოებით გამოირჩეოდა. გოგონების გარემოცვაში უჩვეულოდ მორიდებული იყო, დამნაშავესავით იბნეოდა – შესაბრალის გამომეტყველებას იღებდა. ქალიშვილებს თურმე ეცინებოდათ, ნუ მორცხვობ, თვალები გაგვისწორეო, გამომწვევად ეუბნებოდნენ – ენდობოდნენ და ძმასავით უყვარდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა და რუსი დამლაგებლის ქალიშვილი, ოლია, შეუყვარდა, რომელსაც მამა არ ჰყავდა და ღარიბად ცხოვრობდა. გოგონა უბრალოდ იცვამდა და თანდაყოლილი მორცხვობით გამოირჩეოდა. თავდაპირველად მის გარეგნობაში ორიგინალურს ვერაფერს ამჩნევდნენ, როცა ნარიმანს დაუახლოვდა, თვალშისაცემად გამოიცვალა, უჩვეულოდ მიმზიდველი გახდა, თითქოს ყვავილივით გაიფურჩქნა და გასურნელოვნდა. ვაჟის გვერდით მიმავალს ოცნების სამყაროში ეგონა თავი, ცისფერი თვალები ბედნიერებით უელავდა, ისეთ კეთილგანწყობას აფრქვევდა, მხოლოდ სიყვარულისთვის გაჩენილთ რომ ახასიათებთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online