asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მაქციები
მაქციები
მაქციები

2011-04-14 15:16:50



– პირიქით, – თავი გააქნია შამბრენმა, – ჩემი აზრით, ლორინგსაც და სალივანსაც ვიღაცა მესამემ ესროლა.
ტელეფონმა დარეკა. ყურმილი დოდმა აიღო, მოუსმინა და ყურმილს ხელი მიაფარა:
– ჟირარმა ბერნარდელს მთელი ისტორია მოუყვა.
დოდმა ყურმილი დადო და მისაღებში გავიდა, მე კი შამბრენმა მიხმო:
– ჰარდის დაუკავშირდით და სთხოვეთ, დიგერთან არავინ მიუშვას. არიან ადამიანები, მისი ალაპარაკება რომ არ სურთ.
რამდენიმე წუთში ჰარდის დავუკავშირდი და შამბრენის თხოვნა გადავეცი.
– მაგაზე ნუ იღელვებს, – მომიგო ჰარდიმ, – რაც შეეხება ალაპარაკებას, გამორიცხულია, რადგან ძლივს სუნთქავს.
– შამბრენის აზრით, შეიძლება სამმა გაისროლა. მას ბალისტიკური ექსპერტიზის მონაცემები აინტერესებს.
– სისულელეა, – მომახალა ჰარდიმ, – რასაც ალბათ ექსპერტიზაც დაადასტურებს.
ყურმილი დავდე თუ არა, მისაღებში ბერნარდელი შემოვიდა:
– შამბრენი თავისთანაა?
– ჰო.
– დიგერი როგორაა?
– ჯერჯერობით ცოცხალია, თუმცა ვერ ლაპარაკობს.
– მისტერ ჰასკელ, იცით, ამ დღეში რატომაა?
– სამი ჭრილობის გამო.
– თავის სიცოცხლეს არაფრად აგდებს და იმიტომ, – მომიგო ბერნარდელმა და კაბინეტში შევარდა.
* * *

მერნარდელს მეც შევყევი. მის დანახვაზე გარი კლარკი სიბრაზისაგან გაწითლდა – ბერნარდელი მისთვის ნომერ პირველი დამნაშავე იყო და იმიტომ.
– ალბათ დამწუხრებული მეგობრის გასათამაშებლად მოხვედით, – გამოსცრა კლარკმა.
– მოდით, შეურაცხყოფაზე დროს ნუ დავკარგავთ, – ბერნარდელი წყენას არ აპირებდა.
– მომისმინეთ, – დაიწყო კლარკმა, მაგრამ ბერნარდელმა აღარ აცალა:
– დიგერი ჩემი მეგობარია. ცხადია, განვიცდი, რაც მოხდა და ისიც ვიცი, რასაც ჩვენზე ფიქრობთ.
– დასამალი არაფერია, – თქვა კლარკმა, – პრესისათვის განცხადებას ვამზადებთ.
– შიგ კი ჩაწერთ, რომ ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ბანდის მეთაური დაიჭირეთ, რომელმაც, თქვენი აზრით, კარდიუც მოკლა და ვალმონიც. გგონიათ, ამით ნამდვილი დამნაშავეების ყურადღებას მოადუნებთ და მახეში იოლად გაებმებიან? ეს ხომ ბავშვობაა და მეტი არაფერი.
– ეს მე მოვიფიქრე, – ჩაურთო შამბრენმა.
– ჰოდა, ძალიან გამაკვირვეთ, – ბერნარდელი წამით გაჩუმდა, მერე კი განაგრძო, – თქვენ მე მთავრობის მოწინააღმდეგედ და არამზადად მთვლით, რაშიც ვერც გადაგარწმუნებთ. მე დიგერის ბედი მაღელვებს, ამიტომ ოფიციალური განცხადება უნდა გავაკეთო. თუ მკითხავთ, რაღა ასეთ დროსო, გიპასუხებთ: დღეს სიცოცხლე ძალიან გაუფასურდა. აქ დიგერსაც ვგულისხმობ, კარდიუსაც, ლორინგსაც და საკუთარ თავსაც. ასე რომ, სხვა შემთხვევა იქნებ აღარც მომეცეს.
– გინდათ თქვათ, რომ საფრთხე გემუქრებათ? – ეჭვით შეეკითხა კლარკი.
– რა თქმა უნდა. თანაც ორივე მხრიდან. ამიტომ მინდა, ჩვენება მოგცეთ.
– გისმენთ, – თქვა კლარკმა.
– მე და დიგერი ავტომობილებმა დაგვაახლოვა. ის, ასე ვთქვათ, კრავი აღმოჩნდა მგლების ხროვაში. ჭკვიანმა ადამიანმა უნდა იცოდეს, სიმართლე და პატიოსნება ყოველთვის რომ არ იმარჯვებს. მე ეს ვიცი და ახლა ამიტომაც მეშინია, დიგერი კი უფრო შორს წავიდა, რადგან არ ეშინოდა. როცა ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, შენი მექანიკოსი ლანგლო ნარკოტიკებს ასაღებსო, მასთან წავედით, მაგრამ მისი მოკვლა მოესწროთ.
– ალბათ თქვენი ბრძანებით, – ჩაურთო კლარკმა.
– იქნებ ასეც იყო, რადგან არ მინდოდა, დიგერისთვის ჩემი ნამდვილი სახე მეჩვენებინა. როცა მას ზოგადი სურათი გავაცანი, ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლაში მონაწილეობა მოისურვა და მეც, როგორც მათმა მეთაურმა, დიგერი პოლკოვნიკ ვალმონთან გავგზავნე, ნარკობიზნესის დაუძინებელ მტერთან. რატომ? იმიტომ, რომ ბრიყვი დიგერის მეშვეობით ვალმონის ჩანაფიქრების კურსში ვყოფილიყავი. ასე არის არის, მისტერ კლარკ?
– განაგრძეთ, – პირქუშად მიუგო მან.
– მოკლედ, დიგერი ვალმონის თანაშემწე გახდა და ერთხელ მისი სიცოცხლის გადარჩენასაც კი შეეცადა, მაგრამ ამ მცდელობამ მხოლოდ უსიამოვნება მოუტანა, რადგან ჟულიეტ ვალმონმა მის ერთგულებაში ეჭვი შეიტანა და ამას ალბათ შარლ ჟირარიც დაამტკიცებდა, მე რომ დიგერი ყალბი ალიბით არ მეხსნა.
– ეს რატომ გააკეთეთ? – შეეკითხა შამბრენი.
– უდანაშაულო იყო და იმიტომ, მაგრამ სანაცვლოდ უარესი მივიღე. აწ განსვენებული ლორინგის "დახმარებით" მან დაიჯერა, რომ მისი მტერი ვიყავი. ვთქვათ, დიგერი მართლა გამოვიყენე, მაგრამ კარგად ვიცოდი, ის რომ სწორ გზას აცდა. დღეს ის ჭეშმარიტებას შეეჯახა და ამიტომაც მიიღო ტყვიები. ასეა თუ ისე, დიგერი ისაა, რადაც თავს ასაღებს. თქვენმა ლორინგმა ეს იცოდა და სჯეროდა კიდეც მისი.
– ამიტომაც მოკლეს, – ამოიხრიალა კლარკმა.
– ძვირფასო კლარკ, ლორინგი დიგერს არ მოუკლავს. ამგვარი რამ შეუძლებელია. ლორინგი მისი მეგობარი იყო, დიგერისთანა ადამიანები კი მეგობრებს არ კლავენ.
– მაშ, ვინ მოკლა?.. და როგორ? – შეეკითხა კლარკი.
ბერნარდელმა ამოიხვნეშა:
– კლარკ, მკვლელი სხვაგან უნდა ეძებოთ. დიგერი, როგორც ვთქვი, უწყინარი კრავია მხოლოდ.
– თქვენ იცით, ლორინგი ვინ მოკლა? – ბერნარდელს ახლა შამბრენმა დაუსვა კითხვა.
– რომც ვიცოდე, მაინც ვერ გეტყოდით. მისტერ შამბრენ, საცაა, ჰეროინი მილიონ დოლარებზე გადაიცვლება. ამ გაცვლაში მკვლელი შეიძლება არსებით როლს თამაშობდეს, მისი დაკავება კი, ჩემი აზრით, გაცვლის მომენტში უნდა მოხდეს. ბატონებო, რომელ ბანაკსაც გნებავთ, იმას მიმაკუთვნეთ, ერთი რამის კი ნამდვილად მჯერა, მე ჩემი ქვეყნის სიკეთისთვის ვიბრძვი.
– დიგერი რომ ალაპარაკდეს? – შეეკითხა შამბრენი.
– კარგი დაცვა დაუყენეთ.
– მკვლელის დასახელება რომ შეძლოს, – ჩაიცინა კლარკმა, – ამ თქვენმა უცოდველმა კრავმა?!
– როგორც ჟირარის ნათქვამიდან გავიგე, მისთვის ზურგში არ უსვრიათ. მან დაინახა, ვინც ესროლა.
შამბრენის მაგიდაზე ტელეფონი აწკრიალდა. როცა ყურმილი აიღო, ვიფიქრე, საავადმყოფოდან რეკავენ და სამწუხარო ამბავს ეტყვიან–მეთქი. შამბრენი ერთხანს ჩუმად იყო, მერე გმადლობთო, თქვა და ყურმილი აპარატზე დადო.
ვიცოდი, რასაც იტყოდა, ის კი ჩუმად იყო.
– რაც მსურდა, ყველაფერი ვთქვი, – გაიღიმა ბერნარდელმა, – მგონი, ჩემი მეგობრის უდანაშაულობაში ცოტათი მაინც დაგარწმუნეთ.
– უნდა დამეპატიმრებინეთ, – ჩაილაპარაკა კლარკმა.
– ვიცი, ამას რომ სიამოვნებით გააკეთებდით, მაგრამ ვერაფერში მადანაშაულებთ. კლარკ, თქვენ ჩემი ალიბი ხართ, რადგან რაც ამ მიწაზე ვარ, თვალს არ მაშორებთ, – ბერნარდელმა თავი დაუკრა შამბრენს და კაბინეტიდან გავიდა.
კლარკმა ხმადაბლა შეიგინა:
– ვიცი, რომ დამნაშავეა, სამხილები კი არ გვაქვს!
– მგონი, დიგერის დასახმარებლად მოვიდა, – შევნიშნე მე.
– უფრო საკუთარი თავის, – მომიჭრა კლარკმა.
– ჰარდიმ დარეკა, – თქვა შამბრენმა, – ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგები მივიღეთო.
– მერე რაო? – შეეკითხა კლარკი.
– სემ ლორინგს და სალივანს ერთმანეთის პისტოლეტებიდან ესროლესო. მესამე პისტოლეტი არ ყოფილა.
– ამას თავიდანვე ვამბობდი! – შესძახა კლარკმა, – აღარ მიკვირს, ბერნარდელი რომ სალივანს იცავს. ისე, ექიმები რას ამბობენ?
– ყველაფერი ძველებურადაა.
– მაშ, თქვენი ვერსია არ დადასტურდა, – დაუბრუნდა წინა თემას კლარკი.
– ჰო, არ დადასტურდა, – დაეთანხმა შამბრენი.
– როგორც ჩანს, მე აქ დარჩენა და ფულის ნარკოტიკებზე გაცვლის ლოდინი მომიწევს, ჰარდი კი საავადმყოფოში სალივანის ალაპარაკებას დაუცდის.
– პრესისათვის განცხადებაზე რას იტყვით?
– რაღა აზრი აქვს? ბერნარდელმა იცის, რომ ეს სიყალბეა.
– ყველა ხომ ბერნარდელივით გამჭრიახი არ არის? ჩემი აზრით, საჯარო განცხადება მაინც არ გაწყენთ და შეიძლება გარკვეული დივიდენდებიც მოგიტანოთ.
– მგონი, მართალი ხართ, – უხალისოდ დაეთანხმა კლარკი, – მაგრამ ბერნარდელი, სავარაუდოდ, გაცვლას მაინც გადადებს.
– იქნებ ეს კაცი სინამდვილეში ისეთი არც არის, როგორადაც თქვენ თვლით?
– მორჩით, რა, შამბრენ, – თავი გადააქნია კლარკმა, – თავად აღიარეთ, რომ სალივანის შემთხვევაში შეცდომა დაუშვით. ახალი შეცდომების დაშვება რაღაში გჭირდებათ?
– შევეცდები, აღარ გავიმეორო, – ცივად მიუგო შამბრენმა.
* * *

შელდა თავიდან არ გამომდიოდა. იმ დროისათვის მის ბაღში დატრიალებული ტრაგედიის ამბავი ალბათ მთელმა ოტელმა იცოდა. როგორი ასატანია, როცა ერთი ადამიანი მოკლულია, მეორე კი სიკვდილის პირასაა და ეს ყველაფერი შენს ბაღში მოხდა? ამაში შელდა ალბათ საკუთარ თავს ადანაშაულებდა.
ვიდრე კლარკი პრესკონფერენციას ამზადებდა, ჩემს კაბინეტს მივაშურე.
შელდა იქ დამხვდა. ის ერთიანად გაფითრებულიყო, ჩემს დანახვაზე კი წამოხტა, თავი მკერდზე მომადო და აქვითინდა.
– შენი ცრემლების გარეშეც ბევრი საქმე გვაქვს, – ვცადე გაღიმება.
– მარკ...
– ყველაფერი ვიცი. ჟულიეტი შენს სახლში წაიყვანე, მერე კი დიგერს უთხარი, იქ რომ იყო. დამნაშავე შენ ხარ.
მან ხელი მკრა:
– გაგიჟდი? ჟულიეტი მართლა მეცოდება. ასე გიყვარდეს კაცი, რომელიც ბოლოს ნაძირალა აღმოჩნდა. ისე, როგორაა?
– ჯერ ცოცხალია.
– დიგერს როგორ ვენდობოდი. ამიერიდან მამაკაცების აღარაფერი მჯერა. არადა, როგორ უყვარდა ჟულიეტს.
– იქნებ ეს უკეთესიცაა. ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა.
– მარკ, მე დიგერისთვის არაფერი მითქვამს. როგორც ჩანს, მადამ ჟირარმა თავად დაურეკა.
– მას არ დაურეკავს.
– მაშინ დიგერმა საიდან გაიგო?
შელდამ კარგი კითხვა დასვა. ვიღაცამ მახე დააგო. ალბათ ბერნარდელმა.
– ჩემი ცოლად შერთვა იმაზე ადრე მოგიწევს, ვიდრე ვვარაუდობდი, – დაამატა შელდამ.
– ეს როგორ? – სქელუა ფრანგი მაშინვე დამავიწყდა.
– აბა, იმ სახლში ხომ ვეღარ ვიცხოვრებ, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა?
– გათხოვებისთვის კარგი საბაბია.
– მარკ, რატომ ხარ ასეთი მოსაწყენი?
ჩვენი რამდენადმე აბსურდული დიალოგი ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა.
– მისტერ ჰასკელ? – შარლ ჟირარის ხმა მაშინვე ვიცანი, – იქნებ რამდენიმე წუთით ჩვენთან ამოსულიყავით?
– კარგით. ახლავე ამოვალ.
– საავადმყოფოდან რა ისმის?
– ახალი არაფერი.
– გმადლობთ, მისტერ ჰასკელ, დრო რომ გამონახეთ.
– უკვე მოვდივარ.
ყურმილი რომ დავდე, შელდამ ჩაიფხუკუნა:
– ზარმა გვიშველა.
* * *

კარი ჟირარმა გამიღო. რომ შევხედე, შემეცოდა, ისე დაბერებულად გამოიყურებოდა.
– მობრძანდით, მისტერ ჰასკელ.
ჟულიეტი სასტუმრო ოთახის ფანჯარასთან იდგა და გარეთ იცქირებოდა.
– ძნელია აქ ყოფნა, როცა არ იცი, რა ხდება, – დაიწყო ჟირარმა, – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჟულიეტს შეემთხვა. მან მამა დაკარგა, ახლა კი ეს ორმხრივი სროლა, რაც ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ ლორინგმა იმ სამხილებს მიაგნო, რასაც ჩვენ ბოლო სამი წელი ვეძებთ. რაღაცით დახმარება ჩვენც შეგვიძლია, მაგრამ არავინ გვაკითხავს და არც არაფერს გვეკითხებიან.
– მართლა მძიმე დღე იყო, – ვაღიარე მე, – ახლა კარდიუს მკვლელთან ერთად ლორინგის მკვლელსაც ეძებენ. ისე, თუ რამე მნიშვნელოვანი იცით, შეგიძლიათ შამბრენის კაბინეტში დარეკოთ და კლარკს დაელაპარაკოთ.
– აქ ისე ვარ, როგორც ჩიტი გალიაში! – შესძახა ჟირარმა.
ვერ ვხვდებოდი, ჟირარმა რატომ დამიბარა, მაგრამ აქ ჟულიეტი ალაპარაკდა:
– მარკ, საავადმყოფოში უნდა წავიდე.
– დიგერის ნახვა გინდათ? მის პალატაში რომ არავის უშვებენ?
– ვინ არ უშვებს, ექიმები? – ჟულიეტი შემოტრიალდა.
– ექიმებიც და პოლიციაც. თუ ის გონზე მოვა და ალაპარაკდება, პირველ შეკითხვებს ლეიტენანტი ჰარდი დაუსვამს.
– მეც იქ უნდა ვიყო! – შესძახა ქალმა, – მე რომ მისი ნათესავი ვყოფილიყავი, უპრობლემოდ შემიშვებდნენ. მან წამითაც რომ მოიხედოს და მე დამინახოს, მაშინვე უკეთესად გახდება. თავს ვერასოდეს ვაპატიებ, დიგერმა რომ დამიძახოს, მე კი აქ ვიჯდე, ოტელის ნომერში.
– თქვენ მასთან არ შეგიშვებენ, – გავიმეორე.
– თუ საავადმყოფოში ვიქნები და დამიძახებს, აუცილებლად შემიშვებენ.
– ჟულიეტი თვლის, რომ... ის სალივანისათვის... ყველაზე ახლობელი ადამიანია, – ძლივს ამოღერღა ჟირარმა.
– ძვირფასო მარკ, ხომ ხედავთ, შარლი რა კეთილშობილი ადამიანია? მან რომ ჩემს შესახებ ვიღაცას სთხოვოს, ზურგს უკან დასცინებენ, ხოლო თუ ამას თქვენ გააკეთებთ, ყველაფერი იოლად მოგვარდება.
– კარგით, – დავაქნიე თავი, – რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. საავადმყოფოში ალბათ არის მნახველთა ოთახი, სადაც თქვენ მოცდას შეძლებთ. კლარკს ახლავე დაველაპარაკები, მერე კი დავბრუნდები.
გაგრძელება შემდეგ ნომერში


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online