asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მე – თინეიჯერი
მე – თინეიჯერი
მე – თინეიჯერი

2011-04-06 17:05:54



ნინო ბასილია



1

– ცხრა დაიწყო, ნუკა!

ნუკა საწოლიდან ზლაზვნით წამოდგა და შარვლის ტოტში ფეხი გაუყარა.

– ნუკა!

– რა, დე?

– მოდი, მამაშენს დაელაპარაკე.

– რომელი საათია?

– ცხრა დაიწყო–მეთქი.

– უთხარი, არ მინდა.

– მოდი, არ ინანებ!

ნუკა შესასვლელში გავიდა, სადაც დედამისს ტელეფონის ყურმილი ეჭირა.

– ვერ გავიგე, თუ ასე გიყვარდა მამაჩემი, რაღას ეყრებოდი?

– ეგ შენი საქმე არ არის. დაელაპარაკე.

ნუკამ ყურმილში ჩაახველა და ცივად თქვა:

– გისმენ.

– ასე უნდა ელაპარაკო მამას?

– რა გინდა, მამიკო? – დაიგრიხა ნუკა და ხმა დაიწვრილა.

– გილოცავ დაბადების დღეს.

– გმადლობ, მამიკო.

– გაიზარდე დიდი და ჭკვიანი.

– სულ ეს არის?

– სად გინდა, რომ დაბადების დღე გადაგიხადო?

– რა? მართლა? არ მატყუებ?

– სად გინდა?

ნუკას ხმაში სიხარული და სითბო ერთბაშად ჩაუდგა.

– კაფე არმსტრონგში.

– ახლა გიყვარვარ?

– როდის არ მიყვარდი, მამა? უბრალოდ, ცუდ ხასიათზე გავიღვიძე, უბრალო საქმე ხომ არ არის? დღეს ერთი წლით დავბერდი, – გამოეცვალა ტონი ნუკას.

– რაებს ლაპარაკობ, გაგიჟდი, ნუკა? რა სიბერე!

– უმამო ბავშვები ადრე ბერდებიან, რა, არ იცოდი?

– რამდენს ეპატიჟები?

ნუკა დაფიქრდა.

– ჯერ არ ვიცი, შუადღისას გეტყვი, კარგი?

– კარგი. დამირეკე.

– მოიცა, მოიცა, მამა, რამდენს გაქაჩავ?

– შენ რამდენიც გინდა.

– ვაააა, შენ თუ ასეთი მაგარი იყავი, დღეს გავიგე.

– აი, ხომ ხედავ, ზოგი ჭირი მარგებელია.

– ანუ ჭირი უჩვენოდ ცხოვრებაა?

– არა, დედაშენთან ერთად.

– კაი, პაკა.

ნუკამ ყურმილი დაკიდა და სამზარეულოში გავიდა. დედამისი მაგიდასთან ღამის პერანგით იჯდა, სიგარეტს ეწეოდა და ყავას სვამდა.

– რაო? – იკითხა და ნუკას შეხედა.

– დაბადების დღეს მიხდის არმსტრონგში.

– არმსტრონგი რომ ძვირია.

– სულ არ მაინტერესებს. წავედი მე სტუდიაში.

– ნუკა, ჯერ სკოლა და მერე გართობა.

– გართობა კი არა, მოვკვდი ტექსტის დაზეპირებით, ორ კვირაში სპექტაკლი გვაქვს.

– გითხარი მე შენ, ჯერ სკოლა–მეთქი.

– კარგი, ჯერ სკოლა, მაგრამ ვერ მიხვდი შენ, რომ სკოლა უფრო აგოიმებს ბავშვებს?

– რას ნიშნავს, აგოიმებს?

– რას და, ყველა მასწავლებელი იმ საშინელი ლ–ებით ლაპარაკობს, შენ რომ ვერ იტან. მერე დაგიჯდები და მეც ისევე დაგელაპარაკები, შენ კიდევ ტვინში სისხლი ჩაგექცევა.

– წუხელ რატომ ტიროდი, ტელეფონზე ვიღაცას რომ ელაპარაკებოდი?

– შენ რა, ყური გქონდა კარზე მოდებული? – იწივლა ნუკამ.

– ტუტუცო, ისედაც ყველაფერი ისმის. რა გატირებდა?

ნუკამ დედამისის ყავა მოხვრიპა.

– არაფერი, დედიკო, ისე, გული ამიჩუყდა რაღაცაზე.

– ჰო, არაფერი უთხრა დედას, დამიმალე ყველაფერი. შენ გგონია, მე არ მქონდა პრობლემები, შენხელა რომ ვიყავი?

– დაიწყო ახლა. შენი და ჩემი პრობლემები... ან შენი დროის და ჩემი დროის პრობლემები ერთნაირია? რატომ სვამ, დედა, უშაქრო ყავას?

– დიეტაზე დავჯექი. შენ გგონია, მე ბებერი ვარ?

ნუკამ დედამისს გაკვირვებული სახით შეხედა.

– აბა, არა?

– ნუკა, იცი, რამდენი წლისა ვარ?

– 38–ის.

– არა, 37–ის.

– მერე, 37 წლის ხალხი წინა საუკუნეებში სიბერით კვდებოდა.

– ვინ გასწავლა ეს?

– ისტორიის მასწავლებელმა. გუშინ, სხვათა შორის, იმ შენმა პაკლონიკმა დაგირეკა და მე ვუთხარი, სახლში არ არის–მეთქი.

– კი მაგრამ, მე სად ვიყავი?

– აბაზანაში.

– რატომ გააკეთე ეს?

– არ მევასება ის ტიპი და იმიტომ. სად ამოჩიჩქნე? რასა გავს. სუფთა ტაფაა.

– შენი საქმე არ არის. მამაშენს მაინც ჯობია. მოიცა, მოდი აქ.

დედამისმა ნუკა ხელით შემოატრიალა და შარვლის უკანა ჯიბიდან დაჭეჭყილი სიგარეტის კოლოფი ამოუღო.

– ცოლად არ მოყავხარ?

– რა შენი საქმეა. ეს რა არის? სიგარეტს ეწევი?

– არა.

– აბა, რატომ გიდევს ჯიბეში?

– უბრალოდ, ვმარიაჟობ. ვითომ ვეწევი.

ზარმა დარეკა.

– თავხედო, წადი, მგონი, მემაწვნე მოვიდა და ორი ქილა გამოართვი. უსინდისო ხარ შენ, მარიაჟობ კი არა, ეწევი. იცოდე, დაგაწიწკნი თმებს.

ნუკამ კარი გააღო.

– ნუკა, დედაშენი სახლშია? – მეზობელი იყო.

– აბა, სად იქნება ამ დილაუთენია? ნანა დეიდა, მაწონი არ მოუტანიათ?

– ჯერ არა, რად გინდა?

– დღეს ჩემი დაბადების დღეა და დედაჩემმა ნამცხვრები უნდა გამიკეთოს.

– ვააა, ჩემო საყვარელო, გილოცავ, შემოგევლე, მპუ, მპუ, – გადაკოცნა.

– გმადლობთ.

– რამდენის გახდი?

– 16–ის.

– მაშინ, ნუღარ მეძახი ნანა დეიდას.

– აბა, რა დაგიძახოთ?

– ნანა, ნანაჩკა, რაც გინდა, დეიდის გარდა. შენ დღეს ქე გამხდარხარ ლამის ჩემხელა.

– 36–ის არა ხართ?

– 35–ის, საყვარელო. დოდოშკი, სიგარეტი გაქვს?

ნანა ლოჯიაში შევიდა, დოდოშკის წინ დაჯდა და დაამთქნარა.

– ჩემთან რას მოდიხარ, აგერ, ამას გამოართვი. მთელი კოლოფი უდევს ჯიბეში.

– ვა, მოწევა დაიწყე, სიცოცხლე?

ნანამ ნუკა თავიდან ფეხებამდე აათვალიერა.

– დაიწყო კი არა, მივასიკვდილებ.

– მართალი ხარ. რა დროს ამის მოწევაა.

– 16 წლის გავხდი, – გააპროტესტა ნუკამ და თავისივე სიგარეტის კოლოფიდან, რომელიც მაგიდაზე იდო, ერთი ღერი ამოიღო, ნანას მიაწოდა და კოლოფი ისევ შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო.

– დღეს გპატიობ, ხვალ თმებით გითრევ, – თითის ქნევით უთხრა დედამისმა, – სად არის მაწონი?

– აი, მაწონი, – ნუკამ ხელი ნანასკენ გაიშვირა.

– რა მაწონი, გაგიჟდი? შენ რა, დოდოშკი, ნამცხვრების ცხობას აპირებს დღეს?

ნანამ სიგარეტს მოუკიდა და პირველივე ნაფაზი ძლიერად მოქაჩა.

– არა, რა დროს ნამცხვრებია, დიეტაზე გადავედი. ამან გითხრა, ნამცხვარს მიცხობსო?

– აბა, ვინ მეტყოდა? მეც არ გამიკვირდა? მაღაზიები სავსეა ნამცხვრებით და რამ გააგიჟა–მეთქი. აუჰ, რა კარგია. გაიხაროს ამის მომგონმა, – ნანამ ჯერ სიგარეტს დახედა, მერე თვალები მილულა და მეორე ნაფაზიც ღრმად ჩაისუნთქა, – წუხელ გამითავდა, ასე, თერთმეტი საათისთვის და მაინცდამაინც წუხელ გამიტყდა ძილი. გარეთაც ვერ გავედი, მეშინოდა. მთელი ღამე ვითმინე, ჭკუიდან კინაღამ გადავდექი. ავდექი და ის საქორწინო კაბა რომ მქონდა შეკვეთილი, ლამის მოვრჩი, მანჟეტებიღა დამრჩა მისაკერებელი. მერე მოგაზომებ, რა. არ უხდი ბავშვს დაბადების დღეს?

– მამამისი უხდის. ნუკა, რას დგახარ და მოგვშტერებიხარ? არ მიდიხარ სკოლაში? გაიხადე ეს საშინელი შარვალი და სხვა ჩაიცვი.

– რატო? – ნუკამ შარვალზე დაიხედა.

– რა რატო, გოგო? შეხედე, წელი სადა აქვს, ბრმანაწლავის ოპერაციის შრამი გიჩანს.

– უნდა ჩანდეს, დედა, ასეა ეს აჭრილი.

– დოდოშკი, მართლა მამამისი უხდის? – ნანამ მზერა შარვლიდან დოდოზე გადაიტანა.

– ჰო. ამ დილით დარეკა.

– საღოლ. სად?

– არმსტრონგში, – ამაყად თქვა ნუკამ და ნანას რეაქციას დაელოდა.

– გაგიჟდი შენ? იქ მარტო შესვლა 20 ლარი ღირს.

– ნუკა, წადი სკოლაში, დავიღალე ამდენი ლაპარაკით. საჭმელი ჭამე?

ნუკამ ზურგჩანთა მხარზე მოიგდო და დედამისის წინ დადგა.

– რა გინდა? ფული ხომ მოგეცი გუშინ?

– რაღაცა გავიწყდება, – ნუკა დედამისს თვალს არ აცილებდა.

– რა?

– საჩუქარი.

– ჰო, მართლა.

დოდოშკი წამოდგა და კარადასთან მივიდა, მაგრამ სანამ გამოაღებდა, გადაიფიქრა და ისევ ნუკასკენ შეტრიალდა.

– მოდი რა, დედი, საღამოს მოგცემ, ან იქ მოგიტან, კაფეში, კარგი?

– კარგი, მაგრამ ვერ გავიგე, რა მნიშვნელობა აქვს, როდის მომცემ, ხომ გათენდა დღევანდელი დღე?

– საზეიმოდ მინდა გადმოგცე.

– კაი. წავედი. ნანა დეიდა, პაკა.

– ა, კიდე, ნანა დეიდაო, – ნანამ კიდევ ღრმად მოქაჩა სიგარეტი და ნუკას მოშიშვლებულ წელს ღიმილით გადახედა.

ნუკა სახლიდან გავიდა და კარი მიხურა. დოდოშკიმ ნანას შეხედა.

– ყავა გინდა?

– მინდა.

– შენ იცი, რომ ტყუილად მივედი კარადასთან? არანაირი საჩუქარი იქ არ დევს?

– რატომ?

– იმიტომ, რომ ფული საერთოდ არ მაქვს. გუშინწინ ის იდიოტი პახმელიაზე მომადგა, თუ არ მომცემ დასალევ ფულს, თავს მოვიკლავო. რა მექნა? რაც მქონდა, ბოლო თეთრამდე მაგას მივეცი. მარტო 5 ლარი დავიტოვე.

– არ გერჩივნა მაგას შენი ქმარი?

– ორივე ერთი ნაგავია. შენ გგონია, ეს ბავშვი ტყუილს ამბობს, ტაფააო? ვსიო, მორჩა, მაგის ფეხი აღარ იქნება აქ. და, საერთოდ, პახმელიაზე კი არა, მგონი, ნაკაიფარი და ლომკაში იყო.

სამზარეულოში ნუკას ბებია შემოვიდა.

– წავიდა ნუკა?

– ჰო, დედა, წავიდა. გტკივა კიდევ ფეხი?

– მტკივა, და, მგონი, თვალში კიდევ უფრო დამაკლდა. დოდოშკი, ძალიან მეშინია, არ ვიყავი სიკვდილისთვის მზად.

– რა დროს სიკვდილია, ნანული დეიდა, კაჟივით ხართ, – დაამშვიდა ნანამ.

– ამას ცხოვრებაში არაფერი სტკენია და ახლა თვალს თუ დააკლდა და პროტრომბინი აეწია, გონია, კვდება. დაჯე, ყავა დალიე.

– ხომ იცი, დოდო, არ მიყვარს ყავა.

– როგორ არ გიყვართ ყავა, ნანული დეიდა? მე მახსოვს, რომ სვამდით.

– ვსვამდი, მაგრამ გადავეჩვიე. შაქარს არ მიყრის შიგ ჩემი შვილი და... რა ვქნა?

– აბა, ნანა, მითხარი, ნორმალურია 6 კოვზის ჩაყრა? სად მაქვს ამის გასაფუჭებელი ყავა. დედა, თუ გინდა დალიე ისეთი, როგორსაც ჩვენ ვსვამთ, თუ არადა, ხვრიპე ის სუროგატი ერთჯერადი ჩაი.

– ვერ გამაღვიძე? ბავშვისთვის დაბადების დღის მილოცვა მინდოდა.

– დაბრუნდება და მიულოცე. წინ მთელი დღე გაქვს.

ნანული დეიდამ თავი გააქნია, თქვენთან ჩემმა მტერმა იკამათაო, ჩაიბურტყუნა და ჩაიდანი ცეცხლზე დადგა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online