asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბოზოიანის დღიური
ბოზოიანის დღიური
ბოზოიანის დღიური

2011-04-06 17:05:54



7

გაზის კაცი იქნებ პუაროსთვის ყოფილიყო უცხო, თორემ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ნაცნობ სახეს წარმოადგენდა. გაზის კაცს ქართველები მოფერებით იმ ადამიანს ეძახდნენ, რომელიც მრიცხველის მაჩვენებელსაც ამოწერდა და, ზომიერი გასამრჯელოს ფასად, ამ მრიცხველის ციფრებსაც ისე დააყენებდა, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩებოდა. მართალია, ასეთ საქმიანობას გარკვეული საფრთხე ახლდა თან, მაგრამ ჩვენი ხალხი ამას არ უშინდებოდა და გაზის კაცებთან ერთად გაფუჭება–მოპარვის ხერხებს გულმოდგინედ ხვეწდა.

რადგან სიტყვა ითქვა, უნდა შესრულდეს კიდეც. ასე ყოფილა დიდ ბრიტანეთში, ბელგიასა და იმ ქვეყნებშიც კი, რომლებსაც ძველი თბილისური ტრადიციების არაფერი გაეგებოდათ. ამიტომაც შინ მისულმა ტარიელმა ჩვეულებას უღალატა და მეუღლეს ვახშმის მაგივრად თენგო ჩოლოიანის ბინის ნომერი მოსთხოვა.

– მობილურზე დაურეკე, – წყნარად თქვა თინამ.

– გამორთული აქვს.

– ეგ იმათ აგარაკზე იქნება წასული.

– სახლში უფრო არ ეცოდინებათ, სადაც არის?! – შეაწყვეტინა ტარიელმა მეუღლეს.

– მაგის ცოლმა რა იცის, ეგ რომ იცოდეს, – დაიფრუტუნა თინამ და ხელი გაიქნია.

– რას გადაეკიდე, რა დაგიშავა? – იკითხა ტარიელმა, თუმცა ძალიან კარგად იცოდა ქალებს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოების მიზეზი, რომელიც, როგორც ყოველთვის, უმნიშვნელო რამით გახლდათ დაწყებული, – ნომერი მომეცი, მე თვითონ დავურეკავ.

– დაურეკავ, თორემ რამე არ გაგიკეთოს, მეგობარი მაგათ არ იციან და ნათესავი, აღარავის ცნობენ, ჩემებმა მითხრეს, გვარის გადაკეთება ჰქონიათ ჩაფიქრებული, – განაგრძო თინამ.

– ჩემი საქმის მე ვიცი, – მოჭრა ტარიელმა.

– მაინც რა უნდა სთხოვო?

– ერთ კაცს უნდა შემახვედროს.

– ვის?

– გაზის კაცს.

– რაღა დროს ეგენია, დაგავიწყდა, რამხელა ჯარიმებია მაგის გამო?! – დაფრთხა თინა.

– სულ ჯარიმა როგორ გელანდება, ადამიანო?! – ხმას აუწია ტარიელმა, – იმ კაცის ნახვა უნდა ჩვენს სტუმარს, ვინც მაშინ გაზი გადაკეტა.

– სად გადაკეტა? – საბოლოოდ დაიბნა თინა.

– იმ სახლში, – ხმას დაუწია ტარიელმა და საჩვენებელი თითი ჭერს მიაპყრო.

– უიმე! – შეჰკივლა თინამ და ხელისგული ტუჩებს მიაფარა.

– მიდი, ტელეფონი გამოიტანე, – თქვა ტარიელმა და ახალშეძენილი, საშუალო ზომის ბლოკნოტი გადაშალა, სადაც ვითომდა უნდა შეეტანა კიდეც აღნიშნული ტელეფონის ნომერი.

– ხუთი ლარი მაინც ეღირება ეგ რაღაც, – ბლოკნოტისკენ გაიხედა თინამ და ადგილიდან წამოდგა, – ეგეთი მაიმუნობისთვის კი არ დაინანებს ფულს.

– რა ვქნა, ადამიანო, ძველი სულ დაიხა და კლიენტების ნომრები აღარ გადავიტანო?! – თავი იმართლა ტარიელმა და იმავდროულად იცრუა კიდეც.

რამდენიმე დღეა, ტარიელ ბოზოიანს საკუთარი საიდუმლო გაუჩნდა.

კაცმა რომ თქვას, ამ ამბავს საიდუმლოსაც ვერ დაარქმევდა ადამიანი, უფრო გამოჩენილი ბელგიელი მაძებრის სტუმრობის თაობებისთვის შემონახვის მცდელობას ჰგავდა. მოკლედ, ტარიელს დღიურის წარმოება ჰქონდა გადაწყვეტილი. სწორედ ამიტომ შეიძინა ახალი ბლოკნოტი და შიგ რამდენიმე დღის შთაბეჭდილებაც შეიტანა. რა თქმა უნდა, ტარიელს მწერლისა თუ მწერლობის პრეტენზია არ ჰქონდა და დიდად არც ჩანაწერის ენობრივ დახვეწაზე იწუხებდა თავს, თუმცა აზრის გამოტანას მაინც შეძლებდა დაინტერესებული ადამიანი.

8

ვიყავით შემთხვევის ადგილას.

ადვილად მივაგენით. ვითომ ბინის ქირაობა გვინდოდა, ეგ მე მოვიგონე, აბა პუარომ აქაური ამბები რა იცის. ვიღაც კაცი გამოვიდა, მეზობელი ვარო, მაგრამ ეგ ისე იყო მეზობელი, როგორც მე ისა. მოკლედ, შიგნით არ შეგვიშვეს, მაგრამ პუარომ მაინც მოასწრო ფანჯრების დათვალიერება, ერთი–ორჯერ რკინის რეშოტკებს თავისი ტროსტი მიარტყა კიდეც. თვითონ არაფერი უთქვამს, მაგრამ ეგრევე მივხვდი, რატომაც გააკეთა, მცველების ამბავს ამოწმებდა.

ეგენი იძახდნენ, არადა, ორნი ყოფილან, მაგ სახლში ფანჯრიდან შევძვერითო. ეხლა ეგ როგორ გამოდის, რეშოტკები? რეშოტკები ხელით გაუწევიათ, თვითონ ამბობდნენ. მოკლედ, საქმე ეგრე ყოფილა, ერთ მცველს დაურეკია მეორესთვის, ისიც მოსულა, თავიდან მაგრად უწვალიათ, გაღება უნდოდათ, მაგრამ ვერ გააღეს, მერე კუთხეში ის რეშოტკა ხელით გამოუგლეჯიათ და ის მეორე შემძვრალა ბინაში, მაგარი ჯანი კი ჰქონიათ.

ეხლა პროკურატურა რისი პროკურატურაა, სიტყვაზე დაგიჯეროს, ამდგარან და ექსპერიმენტი ჩაუტარებიათ, იმ მეორისთვის უთქვამთ, აბა, თუ მაგარი ბიჭი ხარ, ეხლა შეძვერი მაგ შენ გამონგრეულ რეშოტკაშიო. ჯერ დაუწყია, გაციებული ვარო, მერე ნეკნი მტკივაო, მერე კიდევ რაღაც, არაფერმა გაჭრა, გინდა თუ არა შეძვერიო, ეგრე უთქვამთ. ისიც ამდგარა და შემძვრალა, უფრო სწორედ, ვერ შემძვრალა, დირკაში ვერ შეეტია.

ეხლა აქედან რა გამოდის?

ის გამოდის, რომ მცველებს მაგ ბინის გასაღები ჰქონიათ და კარიც გასაღებით გაუღიათ, ეგრე ჰგონია პუაროს და მეც მაგ აზრის ვარ.

შიგნითა ამბებიც კარგად ვიცით. მე რა ვიცი, ამ კაცმა მითხრა, ამას კიდევ დაეჯერება, ყველაფერი იცის, ისეთი კავშირები აქვს, ამათ არც დაესიზმრებათ, ასე რომ, რა დამალულა, ეგ რომ დაიმალოს.

ის მეორე პირი იმ სახლში მარტო არ ყოფილა, ერთი თათარი ბიჭი ახლდა. ორი კაცი რომ შეიყრება, თანაც რომ სალაპარაკო აქვთ, პურსაც გატეხავენ და ჭიქასაც ასწევენ. ეგ ყველაფერი გზაში უყიდია ამ ჩვენს მეორე პირს: ერთი ბოთლი კონიაკი, ერთიც შებოლილი ძეხვი, ერთიც ახოტნიჩი, ორი წვენი, სიგარეტი და საღეჭი რეზინა, ჩვენებურად ჟუვაჩკა. თითო ჭიქა დაულევიათ კიდეც, ნარდიც უთამაშიათ და კამათელიც გაუგორებიათ. ეს ყველაფერი ადგილზე დახვედრია ბინაში შესულ დაცვას და სხვა ბევრი რამეც უნახავთ: ის ჩვენი მეორე პირი სავარძელში ყოფილა, თათარი ბიჭი კიდევ – სამზარეულოში. ორივე მკვდარი იყო. გაზის სუნი მდგარა ოთახში, ჩემს მტერს. იმათაც პირველად გაზი გადაუკეტავთ და მერე მიუხედიათ მიცვალებულებისთვის.

გასაკვირი სწორედ რომ მაგ გაზის ამბავი უნდა იყოს, მეც ეგრე მგონია და ჩვენს ბელგიელ სტუმარსაც...

9

ტარიელ ბოზოიანი სულ მთლად თუ არა, ნაწილობრივ მაინც, მართალი გახლდათ.

გაზის დაკეტვა–გაღების ამბავი მართლაც ბევრ შეკითხვას ბადებდა. ამ უცნაურ ამბავს კი მხოლოდ თბილისელი გაზის კაცი თუ მოჰფენდა ნათელს, რა თქმა უნდა, თუ პირს გააღებდა და საუბარს მოისურვებდა. აქ კი ტარიელს პუაროს იმედი ჰქონდა, რომლის ადამიანთან მიდგომის ნიჭს საქვეყნოდ ჰქონდა სახელი გავარდნილი.

შეხვედრა შედგა პლეხანოვზე, ოტტო სიმონსენის აშენებული სახლის პირველ სართულზე, რომელიც, ჟამთა სვლის მიუხედავად, მაინც ინარჩუნებდა ძველ სიდიადეს.

გამზირების, სახლების, ქუჩების და სხვა, ძველი თბილისური ამბების დროდადრო გადმოცემას, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ტარიელ ბოზოიანი მაინც ახერხებდა ხოლმე. ასე რომ, პუაროს საქმიანი ვიზიტი სასიამოვნო ფერებითაც გახლდათ შეზავებული, რაც თბილისის გაცნობა–შესწავლით გამოიხატებოდა. ტარიელ ბოზოიანზე უკეთეს მთხრობელს კი ვერც ინატრებდა ადამიანი.

ამ სახლის პირველ სართულზე ნამდვილი თბილისური მაღაზია იყო განთავსებული, სადაც თითქმის ყველაფერი იყიდებოდა. იქვე შაურმაც მზადდებოდა, რომელსაც გულმოდგინედ თლიდა და შოთის პურში ალაგებდა ყოფილი გაზის კაცი ალმაატა საყვარელიძე.

– გამარჯობათ, – თქვა ტარიელმა და იქვე დაამატა, – ჩვენ...

– ორი შაურმა... კეტჩუპით თუ ისე? – დააზუსტა საყვარელიძემ.

– კეტჩუპი მწარეა თუ ტკბილი? – აჰყვა ტარიელი.

– ნორმალური...

– მაშინ კეტჩუპით, – თავი დააქნია ტარიელმა, ჯიბიდან ათლარიანი ამოაძვრინა და პუაროს გადაულაპარაკა, – უნდა ავიღოთ, სხვანაირად არ გამოვა.

– გემრიელია? – იკითხა პუარომ.

– ბაზრობაზე უკეთესს აკეთებენ, – საქმის ცოდნით თქვა ტარიელმა.

– მზად არის, – თქვა ალმაატამ, რომელსაც ინგლისურის არაფერი გაეგებოდა და ამიტომაც მის ნახელავში ეჭვის შეტანაც კი გულს ვერ დასწყვეტდა.

– ჩვენ... – ისევ დაიწყო ტარიელმა, თუმცა დასრულება არც ამჯერად დასცალდა.

– სახელები საჭირო არ არის, – მოჭრა ალმაატამ.

– გაგაფრთხილეს?!

– გელოდებოდით...

– ის დღე ხომ კარგად გახსოვთ?!

– რომელი დღე? – გაიკვირვა საყვარელიძემ, რომელსაც საკუთარი ხეირი არ ავიწყდებოდა, – ჭამეთ, თორემ გაცივდება და აღარ ივარგებს.

– აი, ის დღე, იმ სახლში რომ გაზი გადაიკეტა, ისინი რომ...

– სახელები საჭირო არ არის, – ისევ გაიმეორა საყვარელიძემ, აქეთ–იქით გაიხედა და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო, – მახსოვს, ეგ დღე რომ არ ყოფილიყო, მე აქ არ ვიდგებოდი.

– მაინც როგორ იყო ეგ ამბავი? – არ მოეშვა ტარიელი.

– იმ ღამეს მორიგე ვიყავი, სამის ნახევარი იყო, ტელეფონმა რომ დარეკა.

– ქალმა დარეკა თუ კაცმა? – იკითხა პუარომ და ეს შეკითხვა წამსვე იყო გადათარგმნილი ტარიელ ბოზოიანის მიერ.

– ეგ არ ვიცი, ჟურნალში სხვამ გაატარა, იმას, ვისაც დაურეკავს, ჯერ გაზის გუგუნის ხმა გაუგია, გამათბობელთან მისულა და დაუწევია, ამან საქმეს ვერ უშველა, კიდევ დაუწევია, მაინც არაფერი გამოვიდა, ამდგარა და სულ გაუთიშია გამათბობელი, მხოლოდ ამის შემდეგ დაურეკავს ჩვენთან და ჩვენც მივედით.

– მერე რა მოხდა? – ჩაეძია ტარიელი.

– ეზოში გავედით, სახლთან ახლოს რეგულატორი დგას, რკინის კარადაში...

– მანდ რა გინდოდათ? – არ მოეშვა ტარიელი.

– გაზი უნდა გადაგვეკეტა.

– ის კარადა გატეხილი ხომ არ დაგხვდათ? – ხმა ამოიღო პუარომ.

– ეგრე იყო, ბოქლომი აღარ ჰქონდა, თუმცა სხვა რამ დაზიანებული არ ყოფილა, შეიძლება ღია დარჩა წინა ბრიგადას, ათასნაირი ხალხი მუშაობს, ხომ იცით...

– მერე?

– გაზი გადავკეტეთ, რამე რომ არ მომხდარიყო.

– რომელ საათზე მოხდა ეგ ამბავი?

– გადაკეტვა?

– ჰო, გადაკეტვა.

– ღამის სამი საათი იყო.

– ყველაფერი ნათელია, – ჩაილაპარაკა პუარომ.

მამაკაცები გაჩუმდნენ.

საუბარს ისეთი პირი უჩანდა, რომ აღარ გაგრძელდებოდა.

ამასობაში შაურმაც დასრულდა, რაც კიდევ უფრო ამყარებდა წასვლის აუცილებლობას, მით უმეტეს, რომ ეს რაღაც შაურმა არც ერთს მოსწონდა და არც – მეორეს.

– ერთი რამე მინდოდა, – უხერხული სიჩუმე ისევ ტარიელმა დაარღვია.

– მოგეწონათ? კიდევ ხომ არ გავაკეთო? – გაიხარა ალმაატამ.

– არა, ძალიან ნოყიერი საჭმელია, სხვა რამე მაინტერესებს... გაზის ტარიფი ხომ არ მოიმატებს?

– თუ ობიექტური აუცილებლობა არ შეიქმნა, იგივე დარჩება.

ალმაატა საყვარელიძის პასუხში ნათლად ჩანდა პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ძველი სამსახურის მონატრება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმ ამბავს, რომ ბუნებაში ყოფილი გაზის კაცი არ უნდა არსებობდეს, ისევე, როგორც ყოფილი ჩეკისტი.

ამ საუბრის შემდეგ ტარიელ ბოზოიანის დღიურში ახალი ჩანაწერი გაჩნდა.

10

ელაპარაკეთ გაზის კაცს.

შეშინებული ჩანს, ეტყობა, რაღაცეები კიდევ იცის, მაგრამ არ ლაპარაკობს. ძველ სამსახურზე გაბრაზებულია, არც ერთგულება დაუფასეს და არც – ამდენი წლის შრომა, შემოსავალიც დაკარგა, კარგი ხელფასი და ერთ–ორი კაპიკი აქეთ–იქიდან. მაგ საქმის ხათრით, საშინელი შაურმაც ვაჭამე ამ პატიოსან კაცს. პუარო რისი პუაროა, ვინმე არ აალაპარაკოს, გასაღებს ყველას მოუნახავს.

გაზის ამბავი მართლაც უცნაურია. ალმაატა სხვა რამეს ყვება, მოწმეებიც ჰყავს და საბუთებიც ინახება მის ძველ სამსახურში. იმათ რომ ჰკითხო, ბინაში ოთხ საათზე შევიდნენ, გაზის გუგუნის ხმა გაიგეს და გადაკეტეს.

ეხლა რა გამოდის?

ერთი საათის წინ დაკეტილი გაზი კიდევ ერთხელ დაკეტეს, იმიტომ, რომ ხმა გაიგეს და სუნი იგრძნეს იმისი, რასაც ვერ გაიგებდნენ და ვერ იგრძნობდნენ.

პუარო იქით იყოს და ამ ამბავს ჩვენი დამწყები ოპერიც ადვილად მიხვდება...

11

– რა კარგი გემოვნება გქონია, თარიელ, რა ლამაზი უბის წიგნაკი შეგიძენია, ტყავის ყდით, სანიშნით, მოსახერხებელი ზომის, ჯიბეშიც არ შეაწუხებს ადამიანს, – თქვა პუარომ და ხინკლის ჭიპები ისე მოხერხებულად მოაგროვა თეფშის კუთხეში, კაცი იფიქრებდა, რომ საქვეყნოდ განთქმული მაძებარი შორეულ ინგლისში მხოლოდ ამ საქმით გახლდათ დაკავებული.

ამ ქმედებით გახალისებულმა ტარიელმა გაიფიქრა, ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერიაო, მაგრამ ბელგიელ მაძებარს სულ სხვა რამ უპასუხა, რასაც სიმართლესთან საერთო არაფერი ჰქონდა.

– ჩემი კლიენტების ნომრები მიწერია...

– მობილურს არ ენდობი? – ჩაეძია პუარო, რომელიც, როგორც წესი, კარგად გრძნობდა მოსაუბრის გულწრფელობას.

– მობილურშიც მაქვს, მაგრამ ტელეფონი ჯდება, ზოგჯერ ურევს კიდეც, ერთხელ საერთოდ მომპარეს და მთელი ნომრები აღსადგენი გამიხდა, ბლოკნოტი რომ მქონოდა, წვალებაც აღარ დამჭირდებოდა.

– წინდახედული კაცი ყოფილხარ, თარიელ, – შეაქო მასპინძელი პუარომ და მორიგ ხინკალს დასწვდა, – მწვანილი მეტი მოსვლიათ, წინა პარტია ჯობდა.

ამ შეფასებამ ტარიელ ბოზოიანი გვარიანად დააბნია და ათასმა დაუჯერებელმა აზრმა გაჰკრა გონებაში, მაგრამ ამ აზრების დახარისხება აღარ დასცალდა, რადგან სტუმარმა ხინკლის გადასანსვლა მოასწრო და ახალი კითხვა შეაგება ტარიელს.

– თქვენი მეუღლე თუ აკეთებს ხინკალს?

– თინა? – გადაამოწმა ტარიელმა.

– სხვაც გყავთ? – იკითხა პუარომ ისე, თითქოს ტარიელის საიდუმლო უკვე ამოცნობილი ჰქონდა.

– როგორ შეიძლება, – იუკადრისა ტარიელმა, – კარგი დიასახლისია, საყვედურს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს ხინკალი არ გამოსდის, ძალიან საწვალებელი რამეა.

– ეგრე ჩანს, – დაეთანხმა პუარო.

– რამე ხომ არ დაგველია, – ტარიელმა საჩოთირო თემიდან თავის დაღწევა სცადა.

– სანამ საქმეს არ მოვრჩები, სასმელს არ ვეკარები, ასეთი ჩვევა მაქვს.

– ლუდი? – არ მოეშვა ტარიელი.

– ლუდი შეიძლება, – დათანხმდა პუარო, თუმცა იქვე დაამატა, – საჭესთან როგორღა დაჯდებით?

– ლუდი რა სასმელია, – იუკადრისა ტარიელმა, – თანაც თუ საჭირო შეიქნა, ტაქსს გავაჩერებთ.

– მიყვარს იუმორიანი ხალხი, მათთან მუშაობას არაფერი სჯობს, – თქვა პუარომ და თეფშის გამოცვლა მოითხოვა.

რამდენიმე ჭიქა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა გულითადი საუბრის გასაგრძელებლად.

– თქვენ თუ გყავთ ოჯახი? – როგორც იქნა, გაბედა ტარიელმა.

– ცოლი არასოდეს მყოლია.

– რაღაც მიზეზი გექნებათ აუცილებლად, – არ მოეშვა ტარიელი.

– მაქვს, – მოჭრა პუარომ და ტუჩებიდან თეთრი ქაფი მოიწმინდა, რომელსაც უხარისხო ლუდი ტოვებს ხოლმე, – ჩემს ქვეყანაში ასე ამბობენ: ცხოვრებაში მხოლოდ ორი არჩევანი გაქვს, ან იყო მარტოხელა და უბედური, ან იქორწინო და სიკვდილს ნატრობდე.

– მაინც რომ მოჰყავთ?

– რას იზამ, ადამიანს ვერც ფიქრს აუკრძალავ და ვერც – წარმოსახვას.

– ეგ რაღა შუაშია? – დაიბნა ტარიელი.

– თავშია, ჩემო მეგობარო, – პუარომ საკუთარ ხმას სევდაც შეაპარა, – ქორწინება ხომ სწორედ წარმოსახვის გამარჯვებაა გონიერებაზე.

ასეთ სიტყვებსა და ასეთ განწყობას, რა თქმა უნდა, არაყი უფრო შეეფერებოდა საკუთარი სიმძიმითა და მწარე გემოთი, მაგრამ განთქმული მაძებარი კვლავ უარზე იდგა. კაცმა რომ თქვას, არც გაემტყუნებოდა, მაინც ევროპელად რჩებოდა და სხვაგვარ ცხოვრებას გახლდათ ჩვეული.

მოკლედ, საქმე არ ითმენდა.

– ერთი ეს მითხარი, თარიელ, ეს თქვენი მეორე პირი რა კაცი იყო?

– იყო რა...

– ვითომ ეგრეა საქმე?! – დაეჭვდა პუარო.

– არა, ეხლა, პირადად მე არ ვიცნობდი, – უკან დაიხია ტარიელმა.

– ხალხი რას ამბობს?

– ხან რას, ხან რას.

– მაინც?

– იმასაც, ამასაც...

– უფრო იმას, არა?

– ეგეთი ჭორებიც დადიოდა... ცოტა ძნელი დასაჯერებელი კია, მაგრამ რა ვიცი, სხვაზე თავი როგორ დავდო?! თბილისს უნდა იცნობდე და ბევრი რამე გასაგები გახდება, ამათ სულ კოჭი უნდა უგორო, თორემ ამოგიჩემებენ და რაღაცაში გაგსვრიან, ამ ქალაქში ყველას ყველაფერს აბრალებენ, შურიანები არიან, წარმატებული ხალხი ეზიზღებათ, თორემ დასაწუნი რა ჰქონდა? მცოდნეც იყო, განათლებულიც, გამოცდილიც, გავლენაც ჰქონდა და შეძლებაც, არც იუმორი დაეწუნებოდა, ბევრი კარგი საქმეც ჰქონდა გაკეთებული, ბოროტსაც არ ჰგავდა, უმეტესობას, მგონი, უყვარდა კიდევ, ვისაც არ უყვარდა, პატივს მაინც სცემდა.

– ბედნიერებაა, როცა შენი ყველას შურს, თანაც ვერაფერს გიშავებენ, – თავი დააქნია პუარომ.

– ვინ რას დაუშავებდა, პირიქით, ბაძავდნენ კიდეც...

– როგორ?

– ხან ხმით, ხან მიხვრა–მოხვრით...

– ბევრი ბაძავდა?

– ვისაც არ ეზარებოდა.

– ადვილი მისაბაძი ყოფილა, – დაასკვნა პუარომ.

– ძალიან.

– საინტერესოა... – ჩაილაპარაკა პუარომ და ცხარე საჭმელს ახლა უკვე ბორჯომი მიაყოლა, – ის თათარი ბიჭი საიდან გაჩნდა?

– ადრე ერთად უმუშავიათ, გამოდის, რომ ერთმანეთს იცნობდნენ, თანაც კარგად, საქმიანი შეხვედრა უნდა ყოფილიყო იმ სახლში, რაღაც სალაპარაკო ჰქონიათ.

– სამსახურში ვერ ილაპარაკებდნენ?

– ეგ კითხვა მეც გამიჩნდა, – თავი დააქნია ტარიელმა.

– იმ თათარი ბიჭის ოჯახს უნდა გავესაუბროთ.

– ეგ ცოტა რთული საქმეა, თბილისში არ ცხოვრობენ.

– შორს არის?

– არც ისე...

– სადაც არიან, იქ ჩავიდეთ, – არ მოეშვა პუარო.

– არ დაგველაპარაკებიან, ისეთი კაცი უნდა ვიპოვოთ, ვისაც მიენდობიან, არ დაფრთხებიან, მათი ენა და წეს–ჩვეულება ეცოდინება, ჩვენთან ეგეთ რამეებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

– ეგეთ კაცს სად ვნახავთ?

– მე მყავს, – სიამაყით თქვა ტარიელმა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი დედაქალაქის უცნაურ ბუნებას.

ამ სანდო ადამიანში ბოზოიანი გულისხმობდა საკუთარ კლასელს, ელდარ ციმაკურიძეს, რომელსაც დედა აზერბაიჯანელი ჰყავდა და ორივე ერის ენა თუ ჩვეულება მშობლიურად მიაჩნდა. მართალია, ტარიელს კლასელი რამდენიმე წლის უნახავი ჰყავდა, მაგრამ მისი უარის წარმოდგენაც კი ჭირდა იმ ძველი დამსახურების გამო, რაც ერთად ათწლიან სწავლა–მეგობრობას ახლავს ხოლმე თან.

ტარიელს გუმანმა არ უმტყუნა.

მოკლედ, არ შემცდარა.

12

შევხვდი ელდარას.

მაგრად გაუხარდა. მაგასთან დასამალი რა მაქვს და ყველაფერი მოვუყევი, პუაროზეც ველაპარაკე. ჯერ არ დამიჯერა, ეგო, კინოს გმირიაო, ცოცხალი როგორ იქნებაო, მე ვუთხარი, თავიდან მეც ეგრე მეგონა, თინასაც არ სჯეროდა, მაგრამ მერე კარგად დავაკვირდი და ნაღდად ეგ არის–მეთქი, მაინც ეჭვის თვალით მიყურებდა. დავპირდი, შეგახვედრებ–მეთქი, მხოლოდ ამის შემდეგ დამიჯერა.

ჩასვლაზე დამთანხმდა, უარი ვეღარ თქვა, ანდა როგორ იტყოდა, რაც მაგას დედაჩემის გამომცხვარი პერაშკი უჭამია. ერთი კი მითხრა, მაგარი სახიფათო საქმე დაგიწყიათო, მაგის ქექვა არავის არ აწყობსო, თანაც, იქნებ მართლაც ეგრე იყო ყველაფერიო. თუ მართლა ეგრე იყო, ვინ მამაძაღლი–მეთქი, წავა ეს კაცი თავის გზაზე და ყველაფერიც დამთავრდება, მაგრამ ხომ უნდა გავიგოთ, როგორ იყო, რა იყო, როდის იყო, საინტერესოა რა, შენ არ გაინტერესებს–მეთქი, ისე რაო, ჩემი თავის ამბავი ვერ გამირკვევია, სხვისას რას გავიგებო, მაგრამ მაინც დამეთანხმა, თანაც იმ სოფელში ნათესავები ელდარასაც ჰყოლია, ასე რომ, წასასვლელი მიზეზიც აქვს. ეს ისე, ვინმე თუ უთვალთვალებს და მერე რამე ჰკითხეს. მოკლედ, ხვალ დილით მიდის და ხვალვე დაბრუნდება უკან.

ვნახოთ, რა ამბავს ჩამოიტანს...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online