| ქალი და მამაკაცი |

ლელა + ლევანი
ლელა + ლევანი
მზიული უკვე ოცდაათის გახდა, ობობას ქსელში გაბმულ მწერივით ფართხალებდა, ბოლოს გორგაძეებთან საცხოვრებლად გადავიდა და თავი მევლუდის ცოლად გამოაცხადა; ხეიბარი ქმარი თითქმის ყოველდღე ეკლესიაში დაჰყავდა და უფალს მის გამოჯანმრთელებას ევედრებოდა.
უნდა გენახათ, ეტლში მოკალათებულ მევლუდს რა ბედნიერი სახე ჰქონდა, ხოლო ასეთი მძიმე ავადმყოფის მომვლელ ქალს – რომელმაც მის გამო უზრუნველი ბედის ძიებაზე ხელი აიღო და ბედნიერებაზე უარი თქვა – სახეზე იდუმალი ღიმილი დასთამაშებდა, თითქოს ღმერთმა ამქვეყნად მხოლოდ ხეიბრის მეთვალყურეობა დააკისრა...
მესამე დღეს ლევანმა ჩამომაკითხა, ქობულეთში უშენოდ მომწყინდაო, წაიწუწუნა; ბულვარში გავისეირნეთ, მევლუდის და მზიულის სიყვარულის ისტორია მოვუყევი; ერთხანს ხმა არ გაიღო, მწარედ ჩაფიქრდა, მერე მწყრალად შემომხედა, თითქოს ჩემში იდუმალ დამნაშავეს ეძებდა, თავი სინანულით გააქნია და მოულოდნელი ზიზღით გამოცრა: "არაკაცი, ღორი, უღვთო და სატანა მევლუდი, მან შეგნებულად შეიწირა უცოდველი არსება... ასეთი ბოროტი რომ იყო, ამიტომაც დასაჯა ღმერთმა!..". სიგარეტს მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა. შევწუხდი, თავი უხერხულად ვიგრძენი; "როგორ?" – უნებლიეთ აღმომხდა და გაკვირვებული მივაჩერდი. "როგორ და ისე!" – ღვარძლიანად მომიგო. მერე გონს მოსულივით შემომხედა და მობოდიშებით დასძინა: "სულით ვაჟკაცი რომ ყოფილიყო, უმწეო ქალს ამხელა ტვირთს არ აჰკიდებდა... ეგოისტია და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს... ლაჩარია... მარტოობის ეშინია და მზიულის ებღაუჭება... მისი ღვთისმოსაობით სარგებლობს, ჭეშმარიტად რომ ჰყვარებოდა, საკუთარ გასაჭირს არაფრად ჩააგდებდა და სასურველ ადამიანს თავისუფალი არჩევანის საშუალებას მისცემდა... ვინც ნამდვილად გიყვარს, მის ბედნიერებაზე უნდა იზრუნო და არა შენი უბედურებით მის გაუბედურებას ხელი შეუწყო!..". შემწყნარებლურად გამიღიმა, შემაყოვნა, წელზე ხელი მომხვია და ნაზად მაკოცა – დიდხანს, დიდხანს მკოცნიდა და ისე გარინდულიყო, თითქოს ჩემზე მონდობილს სუნთქვაც ეზედმეტებოდა; თავს ლაღად ვგრძნობდი, მასთან ერთად სადღაც, უსასრულობაში გადაკარგვა მსურდა...
6
ლევანი ბათუმიდან კმაყოფილი დაბრუნდა – ხალისიანად გამოიყურებოდა, ქობულეთში სამი–ოთხი დღე დაჰყო. ზოგჯერ უმიზეზოდ მოიწყენდა ხოლმე. ჩემი ვაჟი თითქმის მთელი დღე ერთობოდა, ცხვირჩამოშვებულს ნაკლებად ნახავდი. ლევანი გოგონების გაცნობას და მათთან დაახლოებას აშკარად გაურბოდა, ხანშიშესულივით იქცეოდა. "წადი, ბიჭო, გაიარ–გამოიარე, გაიხედ–გამოიხედე, ნაშები შეაბი, რას მომჩერებიხარ!" – ხუმრობით ვეტყოდი ხოლმე და შიშველი გოგონებით სავსე პლაჟისკენ გავახედებდი; "იმათ მარტო ცეკვა უნდათ, მე რომ რამე მომინდეს?.." – ხუმრობითვე მეტყოდა და "საბაში" მომხდარ ამბავს იხსენებდა. "დიჯეი გახდი და ყველაფერი გამოგივა!" – მის შეგულიანებას არ ვეშვებოდი. "დიჯეი რომ გახდე, მუსიკალური განათლება უნდა გქონდეს, მე კი სიყვარულის მეტი არაფერი ვიცი!" – მორიდებით მპასუხობდა და გამომცდელად მომჩერებოდა, სისულელეს ხომ არ ვროშავო. თითქმის არავინ მოსწონდა, ყველა ქალში ნაკლს პოულობდა – გასაოცარი დასკვნები გამოჰქონდა, მალულად აკვირდებოდა და მათი უჩვეულო ნიშან–თვისებით უცნაურ პორტრეტს ქმნიდა. "აი, ის გოგონა, ფეხები არაბუნებრივად, გამომწვევი სიურცხვით რომ გაუჩაჩხავს, მიუხედავად მიმზიდველი გარეგნობისა, ზღვის ქაფივით ყალბია და ზერელე, წამიერად აღძრულ ვნებას ანეიტრალებს და უინტერესობას ბადებს; თუ კარგად დააკვირდები, აშკარად შეატყობ, არასრულფასოვნების შეგრძნება აწუხებს, ხოლო ამ ნაკლს გამომწვევი საქციელით ფარავს და, იცით, ასე რატომ იქცევა?..". ჩემს გაკვირვებას ეშმაკური ღიმილით პასუხობდა და დამაჯერებლად დასძენდა: "შეყვარებული არ არის და, იმიტომ!..". მერე სხვა ვინმეზე გადაჰქონდა ყურადღება, ჯერ ჩემთან ერთად მის გარეგნულ თავისებურებებს არჩევდა, აანალიზებდა და დასკვნები ისეთი დამაჯერებლობით გამოჰქონდა, თითქოს ფსიქოლოგიის დარგში მეცნიერულ ნაშრომს ქმნიდა. შემწყნარებლურად მეღიმებოდა, მსიამოვნებდა და ხუმრობით იმ არქეოლოგს ვადარებდი, მიწის წიაღში არსებულ განძს ვარაუდით რომ ეძებს. "აი, იმას ხომ ლამაზი ტანი აქვს და თმაც ჩანჩქერივით დაფრქვევია მხრებზე, კარგად დააკვირდით, მისი ვარცხნილობა მასში დაუდევრობას, საკუთარი თავისადმი უპატივცემულობას და უგემოვნობას ამჟღავნებს, ან როგორ იცინის?.. მასში ხელოვნურობა მეტია, ვიდრე ბუნებრიობა. ასე რომ, იგი სიყვარულის სარკეში არ იცქირება და ამიტომაც ვერ ამჩნევს ნაკლოვან მხარეებს...". ერთხელ ყველაფერში დავეთანხმე და ჩვენგან მოშორებით მდგარ გოგონასკენ მივახედე, ტალღების ხმაურს გარიდებული ვიღაცას ფიჭური ტელეფონით ელაპარაკებოდა. "იმაზე რას იტყვი?.." – გამომცდელად მივაჩერდი. ლევანს ყოვლისმცოდნესავით ჩაეღიმა, მუშტარივით დააკვირდა, როგორც ჩანდა, სავარაუდო შეფასებების თანმიმდევრობაზე ჩაფიქრდა, კარგად შეათვალიერა, ბოლოს რენტგენის ფოკუსივით მოწკურა თვალი, თითქოს უცნობის სულში შეღწევა სცადა. "ეს ნამდვილად შემოქმედის თვალითაა დანახული და ამას შეიძლება სწორი აღმოჩენაც ეწოდოს, რასაც მასზე ფიქრობთ, ჩემთვისაც გასაგებია, უბრალოდ, თქვენს სათქმელს დავადასტურებ, – შეისვენა, თითქოს საკუთარი თავი გადაამოწმა, არაფერში შევცდეო, – მას, ყველაფერთან ერთად, სულის სილამაზეც გააჩნია და ამის შეგრძნების უნარსაც ფლობს, ნამდვილად შეყვარებულია... ეს მისი ლაპარაკიდან და თითოეული მოძრაობიდან ჩანს, მის გამოხედვაშიც შეყვარებულს ამოიკითხავ". ხმამაღლა გამეცინა, კმაყოფილება ვეღარ დავფარე. "თითქოს ყოველწამს სასურველი ადამიანის მოლოდინშია, ამიტომაც კარგად იცნობს თავის თავს, თითქოს საკუთარი სულის სარკეში იჭვრიტება და მისთვის შეუფერებელ წვრილმანებს უმალვე ამჩნევს... ახლაც, ვგონებ, შეყვარებულს ელაპარაკება, ისე ეღიმება, თითქოს ვიღაც ყურის ბიბილოსთან უღიტინებდეს...". ლევანი ყურადღებას აღარ მაქცევდა, აზარტში შესულიყო და მიზანში ამოღებულ "შეყვარებულს" თვალს არ აცილებდა. დათო ჩვენს ფსიქოლოგიურ შეფასებებს ზერელედ უსმენდა და სხვა გოგონას აკვირდებოდა, ალბათ მასში იმ ნიშან–თვისებებს ეძებდა, რომელიც გაცნობისა და მასთან დაახლოების საბაბს მისცემდა.
– შენ ხომ გიყვარს? – მოულოდნელად ვკითხე ლევანს.
– დიახ... – ყოყმანით მომიგო და უჩვეულო მოლოდინით მომაჩერდა.
– დარწმუნებული ხარ, სიყვარულის სარკეში იცქირები და შენში აღმოსაფხვრელ ნიშან–თვისებებს კარგად ხედავ?!
– რა თქმა უნდა, ვხედავ და ყოველთვის ვცდილობ, ყოველგვარი უმსგავსობისგან საბოლოოდ გავთავისუფლდე... ამას დრო უნდა, მთელი არსებით უნდა მიყვარდეს და პასუხისმგებლობას ვგრძნობდე... – თავი დახარა, დარცხვენით ამომხედა, გაუბედავად გამიღიმა, ადგა და ზღვას მიუახლოვდა.
ჩამავალი მზის ბინდბუნდში გახვეული ბიჭის სილუეტს გაოცებული მივჩერებოდი, აშკარად ვგრძნობდი, ეს მარტოხელა, უპატრონო ყმაწვილკაცი ამქვეყნად მხოლოდ სიყვარულისთვის გაჩენილიყო, ის გრძნობა, რომლითაც მის დედ–მამას უნდა ეარსება, მასში თავმოყრილიყო და ლავასავით ქშენდა, მალე ამოხეთქავდა და მთელ დედამიწას შესძრავდა, მზის სიმხურვალეს დააოკებდა – ყინულს გაალღობდა და გულქვა ადამიანებში სინანულის გრძნობას აღძრავდა.
სიყვარულზე განსაკუთრებული წარმოდგენა ჰქონდა, მამრსა და მდედრს, ნაცნობსა და უცნობს, იმის მიხედვით აფასებდა, ვის როგორ უყვარდა, ან შეეძლო თუ არა საერთოდ ყვარებოდა. "დღევანდელობის სენი სიყვარული კი არა, მისი უნიჭოდ განსახიერებაა!" – ამბობდა და სიყალბეს, მიმბაძველობასა და ჭარბი ენთუზიაზმით მოდის აყოლას მომაკვდინებელ სენად თვლიდა.
იმ დღეს მზესუმზირის გამყიდველი ქალი გაიცნო – ხანშიშესულ დედაკაცს ადრინდელი სილამაზის კვალი ჯერაც ეტყობოდა, დანაოჭებული უპეებიდან წყლიან თვალებს მოუსვენრად აცეცებდა, თუ ღირსად ჩაგთვლიდა, ნაღვლიან წარსულს გაგიმხელდა, გულს გადაგიშლიდა, შიგადაშიგ ხუმრობასაც გამოურევდა და გუნებას არ გაგიფუჭებდა. ლევანი უცებ დაიმეგობრა, მიკვირდა, რა საერთო ენა უნდა გამოენახა ცხრამეტი წლის ბიჭთან.
დედაკაცი სოფელ ჩაქვიდან იყო – ღარიბ, მაგრამ პატიოსან ოჯახში გაზრდილი. ქალიშვილობაში თურმე ავ თვალს არ ენახვებოდა, ბევრ ჭაბუკს უყვარდა, მაგრამ მას მხოლოდ ასლან ენდელაძისთვის უძგერდა გული. ჩაუქ აჭარელს მეზობელი სოფლიდან გადმოუკითხავს და პატარიკა ცენტერაძისთვის მეექვსე ქალიშვილის, თვალხატულა მარგოს ხელი უთხოვია. ასლანიკამ თავბრუ დამახვიაო! – სინანულით იხსენებდა ქალი. საპატარძლო ამ დროს თურმე ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა. კურსს დავხურავ და ცოლად მერე გამოგყვებიო, შეჰპირებია სასიძოს, რომელსაც უფიქრია, მარგოში ქალაქელი ჯეელები შემეცილებიანო და თავგადაკლულს დაუჟინია, ქორწილი მალე გადავიხადოთო. მოკლედ, ასლანიკა და მარგო დროზე ადრე შეუღლებულან, ჩაქვში საკარმიდამო შეუძენიათ, ახალი სახლიც აუგიათ და თანმიყოლებით სამი შვილიც გასჩენიათ. ცხოვრობდნენ თურმე ბედნიერად, ქმარი სოფლის მეურნეობის ბრიგადირად მუშაობდა, ხოლო ცოლი – ბაგა–ბაღის გამგედ. ერთ დღეს მარგოსთან ვიღაც მაწანწალა ქალს შეუვლია, გაუბედურებულს, ტანსაცმელშემოფლეთილს, მშიერსა და მწყურვალს მოწყალება უთხოვია. ბაგა–ბაღის გამგეს ბოგანო ქალი შებრალებია, დაუნაყრებია, ბოლოს სახლში წაუყვანია, დაუბანია და სუფთა ტანსაცმლით შეუმოსავს. ქალი მადლიერებისგან ცხარე კურცხლით ატირებულა, მწყალობელს მუხლებში ჩავარდნია და სიკვდილის დღემდე ერთგულება შეუფიცია – ქმარ–შვილი მივატოვე, კაცმა სხვა ქალში გამცვალა, სოფელში თავი მომეჭრა, შეურაცხყოფა ვეღარ ავიტანე და თავმოყვარეობაშელახულმა ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიეო. მარგოს გული დათუთქვია, საბრალო ქალი უნუგეშებია, ჩემს სახლში გაცხოვრებ და ბაგა–ბაღშიც გამოგიძებნი საქმესო. გაუბედურებული ქალი ჩვეულებრივი გარეგნობის ყოფილა, მხოლოდ თვალები ჰქონია ველური და ვერშესაცნობი – გაუნათლებლობაც ეტყობოდა თურმე და ცოტა გონებაშეზღუდულობაც. ასლანიკას ქუჩიდან შემოხიზნულის დანახვაზე სახე დამანჭვია და მარგოსთვის ხმადაბლა უსაყვედურია, ეს აქოთებული დედაკაცი ახლოს არ გამაკაროო. გამუდმებით ჩხუბობდა თურმე, სუფრასთან ნუ სვამ, საშინლად ყარს, სუნთქვა მეკვრისო. ცოლ–ქმრის უთანხმოებას ბოლო აღარ უჩანდა. საგონებელში ჩავარდნილი მარგო მორჩილად ასრულებდა თურმე ქმრის მოთხოვნას, შეკედლებულს შეძლებისდაგვარად არიდებდა. ამასობაში ასლანიკას სხვა ჭია შეჩენია და თანდათან დამშვიდებულა, უწინდებურად აღარ იღრინებოდა, თითქოს უპატრონო ქალის სიბრალულს შეეპყრო. ბოლო ხანს მის გარეშე ლუკმას არ იდებდა პირში – გვერდით მოისვამდა, ულვაშებს აიპრეხდა და კმაყოფილებით ჩაიღიმებდა. ის ქალიც თანდათან გამოკეთებულა, ფერხორცი დატყობია, თეძოები დამრგვალებია და მკერდიც საგრძნობლად გაღვივებია. მარგო კმაყოფილებას ვერ ფარავდა, ქმარს ემადლიერებოდა და ღმერთს მის შენდობას შესთხოვდა, რახან გონს მოეგო და სიკეთის მადლი ირწმუნა, ადრინდელი უმეცრებისთვის ნუღარ დასჯიო. ხოლო შეხიზნული ქალის სახეზე გამკრთალი იდუმალი ღიმილი მადლიერების სანაცვლო ეგონა – თურმე მწარედ ცდებოდა, მისი დამღუპველი, ოჯახის დამანგრეველი და ასლანიკას გადამბირებელი ქალის შესაძლებლობებს ვერ აფასებდა. ერთ მშვენიერ დღეს ასლანიკა და მისი ცოლისგან შეწყალებული ქალი სახლიდან გაპარულან, ქობულეთის ერთ მაღალმთიან სოფელში კარ–მიდამო შეუძენიათ და ერთმანეთისთვის სამუდამო ერთგულება შეუფიციათ. ასე დარჩენილა გაბრიყვებული მარგო სამი შვილის ამარა, რომლებიც რის ვაი–ვაგლახით დაუზრდია და ცხოვრების გზაზე დაუყენებია. ასლანიკა იმ ქალთან ერთად არხეინად ცხოვრობდა, მანდარინის პლანტაციას უვლიდა, კარგი შემოსავალიც ჰქონდა და ოდესღაც საყვარელი ცოლ–შვილის ბედი აღარ ანაღვლებდა.
ის ქალი გარდაცვლილა, კაცი მოხუცებულა, მარტო დარჩენილს კი სიკვდილის შეშინებია და ძველი ბუნაგისთვის მოუშურებია; "რა მექნა, კი არ მიყვარდა ჩემი ქალობის შემარცხვენელი და არსებობის გამმრუდებელი ასლანიკა, მარა მაინც ჩემი შვილების მამა იყო, სოფლისაც შემრცხვა და ვიფიქრე, მოკვდეს თავისი ხელით აშენებულ ოდაში–მეთქი!..". ასე გაუმართლებია მარგოს თავისი შემწყნარებლური საქციელი და, შვილები ზედმეტი გარჯით არ შევაწუხოო, გაგანია სიცხეში მზესუმზირის გაყიდვა გადაუწყვეტია – დაუმადლებელ ლუკმაპურს ვიშოვიო.
ამ ამბის შეტყობის შემდეგ მზესუმზირის გამყიდველი ქალი ჩემს თვალში ერთი–ორად ამაღლდა, მოწიწებით ჩავუვლიდი გვერდს და პატივისცემით ვესალმებოდი: "გამარჯობა, ქალბატონო მარგო!". დედაკაცი სინანულით ჩაიღიმებდა, "ღმერთმა გამარჯვება მოგცეს, შვილო!" – ლოცვას მომაგებებდა და ლევანის შესახებ უსათუოდ მკითხავდა: "ის ღვთისნიერი ბიჭი აღარ ჩამოვა?". შეგნებულად არ ვუჩერდებოდი, "ჩამოვა, ჩამოვა, დეიდა მარგო!.." – დამამშვიდებლად ვეტყოდი ხოლმე და პლაჟისკენ მივიჩქაროდი.
ერთი ქობულეთელი გიჟი იყო – მურთაზ წითლიძე. დიდი ხანია ვიცნობდი და მის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი. იმან ხომ სულ გამიწყალა გული, "ის თბილისელი სად დაიკარგა?" – წარამარა მეკითხებოდა და მანამ არ ჩამომეხსნებოდა, ვიდრე თავმობეზრებით არ ვუპასუხებდი, შეყვარებულმა წაიყვანა და გაისამდე აღარ გამოუშვებს–მეთქი. გიჟი ბურდღუნით გამეცლებოდა. მურთაზს ადამიანების ამოჩემება უყვარდა, რაც მარტო მისი ავადმყოფური მიდრეკილებით არ იყო გამოწვეული, ლევანისგან უჩვეულო სითბო იგრძნო და მასთან განშორება ამიტომაც უჭირდა. სამ დღეში ასე როგორ მოინადირა ამ გიჟის გული, სულ რომ ახსენებს–მეთქი, ვფიქრობდი ლევანზე.
მურთაზს მთელი ქობულეთი იცნობდა და ყველა შემწყნარებლურად ექცეოდა. კარგი ოჯახის შვილი იყო და მუდამ მოწესრიგებული დადიოდა; არაფერს აშავებდა, ე.ი. ქვებს არ ისროდა. ძველი ბიჭების ხსენება უყვარდა, ვიღაც ქუთაისელ კანონიერ ქურდს დაგისახელებდა, თითქოს მასთან ძმაკაცობდა, შარშან ჩემს სახლში ისვენებდაო, ალბათ იმ განზრახვით იტყუებოდა, ვინმეს მთლად ხელიდან წასული არ ვეგონოო; არეულ–დარეულად ლაპარაკობდა, ერთი ამბიდან მეორეზე უპრაკონოდ გადახტებოდა და ნებისმიერ სათქმელს სულელურად ასრულებდა.
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ყოფილა, მასზე უფროსი ბიჭები სუფრის თამადად რომ ნიშნავდნენ. არც სიტყვა–პასუხი ეშლებოდა და არც – ზრდილობა. გარეგნულად მომხიბვლელს, გულადსა და ჯან–ღონით სავსეს ერთი ბერძენი გოგო, ვიოლა ხრისტოპულო უყვარდა. ქობულეთელი ახალგაზრდებისთვის მათი სიყვარული ზნეობის მაგალითს წარმოადგენდა – ვაჟის პატიოსნებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, იცოდნენ, შესაშური სილამაზის ბერძენს არაფერს დაუშავებდა.
ვაჟი კარგი მოჩხუბარიც იყო. თანატოლ ბიჭებს მუდამ მისი იმედი ჰქონდათ, უშიშარია, დაღლა არ იცის და ვერავინ მოერევაო. ადამიანის დაჩაგვრას არავის პატიობდა და ყოყლოჩინებს მისხალს არ უთმობდა. როცა ვიღაც მატრაბეზობდა და თავის წარმოჩენას ცდილობდა, გონს მოსაყვანად ისეთ რამეს ჩაიდენდა, ახირების ხალისს წაუხდენდა და თავმდაბლობას აიძულებდა. თავისუფლად შეეძლო შუშა დაეღეჭა, ჭიქას ისე ჩაკბეჩდა, თითქოს ნაყინის ფირფიტას ატკბარუნებსო და ამას ისეთი მშვიდი გამომეტყველებით აკეთებდა, გემოს გასინჯვა მოგინდებოდა.
როცა სკოლის დამთავრების აღსანიშნავი წვეულება გადაიხადეს, სუფრის თამადა მურთაზი იყო – ყოველ სადღეგრძელოში ახალგაზრდულ გზნებას აქსოვდა, თანაკლასელებისა და პედაგოგების ათწლიანი ურთიერთობის დაგვირგვინებას გულწრფელი სინანულით გამოხატავდა.
წვეულებაზე სტუმრად სამი ბათუმელი ბიჭი იმყოფებოდა. გამომწვევად იქცეოდნენ, იქაურობა აიკლეს, მათ თავხედობას საზღვარი არ ჰქონდა, ლაპარაკს არავის აცლიდნენ, ვითომდა, რახან უცხონი იყვნენ, ყველაფრის უფლება გვაქვსო. სუფრის თამადას მოთმინების ფიალა აევსო, შამპანურით სავსე ბოთლი ფრთხილად აიღო, სტუმრებს მიუახლოვდა, დაძაბულობისა და გამოწვევის გარეშე მათი ყურადღება მიიქცია, "ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს!" – გამანადგურებლად გაიღიმა და შამპანურის ბოთლი თავზე გადაიმსხვრია – ქაფიანი სასმელით გალუმპული სტუმრები სახტად დატოვა. ვიდრე საღსალამათი მურთაზი თამადის ადგილს დაიკავებდა და მორიგ სადღეგრძელოს წარმოთქვამდა, ბათუმელი ბიჭები სუფრასთან აღარ ისხდნენ – წვეულებიდან უხმოდ გაკრეფილიყნენ.
მალე მურთაზი ჯარში გაიწვიეს.
ადრეული შემოდგომის ღრუბლიანი ამინდი იდგა. ზღვა ღელავდა და აქაფებულ ტალღებს ისე მოაგორებდა, თითქოს უკიდეგანო სიღრმიდან ბატკნების ფარას მოიდენისო. ვაჟი ბერძენ გოგონას დამბასთან შეხვდა და შეყვარებულები სანაპიროს გაუყვნენ. "შენ და ზღვას ერთად უნდა გამოგემშვიდობოთ!" – უჩვეულო გზნებით წარმოთქვა ბიჭმა და გოგონას მხარზე მოეხვია.
შეყვარებულებს გული ეთანაღრებოდათ – მათი ურთიერთობა მხოლოდ შორეული მიწერ–მოწერით უნდა განახლებულიყო; "ორი წელი თვალისდახამხამებაში გაირბენს!" – ამშვიდებდა ვაჟი და ქალიშვილის აცახცახებულ თითებს ხელისგულში იმწყვდევდა, იხუტებდა და თმაზე ეფერებოდა. ვიოლას ვაჟის ალერსი თანდათან ამშვიდებდა, შეყვარებულმა დარდი არ გაიყოლოსო, მოჩვენებითად მხიარულობდა.
ცა ავისმომასწავებლად იქუფრებოდა, ვეებერთელა ტალღები გაავებით იფოფრებოდნენ, ზლაზვნით მოიგრაგნებოდნენ, ნაპირს მეხივით აწყდებოდნენ და ბეტონის ჯებირისკენ ქაფმორევით მიირწეოდნენ – წყვილის ფეხებთან ზათქითა და შიშინით ეხეთქებოდნენ. შეყვარებულები წუთიერად შეყოვნდნენ და აბობოქრებულ ზღვას სევდიანად მიაჩერდნენ, ყალყზე შემდგარი ტალღის მოახლოებას უჩვეულო აღტყინებით დაელოდნენ.
ამ დროს ზღვის სიღრმეში უზარმაზარი ტალღა გამოჩნდა, მომაჯადოებლად მოირხეოდა, თითქოს ყოჩობდა და პირველობას არავის უთმობდა, პატარა ტალღებს მონებივით მოიდენიდა. შეყვარებულებმა უნებლიეთ ხელი ხელს ჩასჭიდეს და მონუსხულები გახევდნენ – სასწაულის ხილვის ცდუნება იმდენად შთამბეჭდავი და ყოვლისმომცველი გამოდგა, ადგილიდან აღარ დაიძრნენ. ყველაფერი წამებში მოხდა, ზღვიდან წყლის უშველებელი გორაკი წამოიმართა, ნელ–ნელა ცად ატაცებულ მწვერვალს დაემსგავსა, მერე მოიდრიკა, თავის წიაღში ამობრუნებისა და ხელახალი გატალღების ჟინით აბობოქრებული ნაპირს მოაწყდა, მიწა შეაზანზარა, ქვიშა და ღორღი ერთიანად წამოზიდა, შემზარავი შხუილით მოასკდა ბეტონის ჯებირს და იქაურობას ღვარცოფი დაატეხა – წყვილი წამის უსწრაფესად შთანთქა და მორევში ჩაითრია, სიღრმისკენ გააქანა. ვაჟი რამდენჯერმე ამოყურყუმალავდა, პირი ჭუჭყითა და ქვა–ღორღით გაევსო, ბუნდოვნად გამკრთალ გოგონას სილუეტს გაუაზრებლად წაეპოტინა, თითქოს არაბუნებრივი კივილი ჩაესმა, მერე თითქოს მის მკლავს მისწვდა და ამ დროს ყრუ დარტყმა იგრძნო, ვერაფერი გაარჩია, შეყვარებულს ვეღარ ხედავდა. მიხვდა, ზღვასთან ჭიდილში მარცხდებოდა, საყვარელ არსებას სამუდამოდ კარგავდა, თავგანწირვით გაიბრძოლა, თითებში შერჩენილ კაბის ნაგლეჯს სასოწარკვეთით შეასწრო თვალი და გონება დაკარგა.
კარგა ხნის შემდეგ მოსულიერდა. ხელები გადაყვლეფოდა, სახე დაკაწროდა, შუბლზე ღრმა ჭრილობა აჩნდა, ჯებირის საფეხურებთან გარიყულს მთელი სხეული დაბუჟოდა.
ზღვა აღარ ღელავდა, თითქოს მსხვერპლით დანაყრდა და უმალ დაწყნარდა. ვაჟი წამოიმართა, ზღვას მწყრალად გახედა, მომხდარი გაიაზრა და არაადამიანური ბღავილი აღმოხდა – სანაპიროზე უიმედოდ დაძრწოდა და დაღამებამდე მხეცივით ყმუოდა: ვიოლას უხმობდა, ზღვას გულმოკვლით ევედრებოდა, შეყვარებული დამიბრუნეო.
მურთაზი მეორე დღეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, დიდხანს უმკურნალეს, მაგრამ მის შერყეულ ფსიქიკას ვერაფერი უშველეს.
მას შემდეგ, როცა ზღვა ღელავს, იგი ოთახში იკეტება, ყურებს თითებით იცობს და შიშისგან ცახცახებს, დაწყნარდება თუ არა, მაშინვე ნაპირს მიაშურებს, წინ და უკან ნერვიულად დადის და თავისთვის ვედრებით ბუტბუტებს: "ზღვაო, ვიოლა დამიბრუნე...".
ზღვა ხმელეთის ვამპირიაო, მითხრა ერთხელ გიჟმა და ისე შემომხედა, შეკამათებას აზრი არ ჰქონდა...
ლევანს ტრაგიკული სიყვარულის ისტორია მოვუთხრე, თვალებზე ცრემლი მოადგა, მურთაზი დაუყოვნებლივ გაიცნო და მზის სათვალე აჩუქა, მასთან ერთად პლაჟზე კარგა ხანს დაჰყო, მხიარულ ამბებს უყვებოდა, ხმამაღლა იცინოდა და გიჟსაც აცინებდა.
იმ საღამოს მე და ლევანი კაფეში ვისხედით, წყნარ მელოდიას ვუსმენდით და ცივ ლუდს შევექცეოდით. შორიახლოს ახალგაზრდები ცეკვავდნენ. გაღაჟღაჟებულ ხეივანში წყვილები დასეირნობდნენ, ზოგიერთები ჩაბნელებულ სანაპიროზე ისხდნენ და ზღვის შარიშურში ერთმანეთის კოცნით ტკბებოდნენ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"

"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 