asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მაქციები
მაქციები
მაქციები

2011-04-06 17:05:53



კლარკი გაჩერდა, ჟულიეტს გამჭოლი მზერა ესროლა, მერე ბაღში გავიდა და ლორინგის ცხედართან ჩაიმუხლა. მის უსიცოცხლო სახეს კარგა ხანს უცქირა, მერე წამოდგა და ოთახში შემობრუნდა.
– შამბრენ, ახლა უკვე ვიცით, ვინ ვინ არის.
– ნუთუ? – გაიკვირვა შამბრენმა.
– ჟირარი სალივანთან დაკავშირებით მართალი აღმოჩნდა. სემმა, როგორც ჩანს, მისი დანაშაულის მტკიცებულება იპოვა და სალივანს აედევნა, ეგონა რა, რომ ნარკოტიკების ფულზე გაცვლის ადგილს მიიყვანდა.
– ლორინგში აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ? – შეეკითხა შამბრენი.
– რა თქმა უნდა. აბსოლუტურად, – გაბრაზებული ტონით მიუგო კლარკმა.
ჩამოწოლილი სიჩუმე ჟულიეტის მთრთოლვარე ხმამ დაარღვია:
– ალბათ უკეთესი იქნება, შარლს თუ დავუბრუნდები.
კლარკმა და დერეკმა ერთმანეთს გადახედეს.
– მადამ ჟირარის იდეას იზიარებთ? – შევეკითხე მათ.
– ჯერ ჩვენებას უნდა მოაწეროს ხელი, – მომიგო დერეკმა.
– ამას ოტელშიც გააკეთებს. ხომ ხედავთ, როგორი გადაღლილია.
სერჟანტი ისევ ყოყმანობდა:
– მას ჩემს თანამშრომელს გავაყოლებ.
– ჟულიეტს მე გავყვები, – მოვჭერი კატეგორიულად, – მომხდარის შესახებ მისმა ქმარმა ჯერ არაფერი იცის და ვიღაცამ უნდა გააგებინოს.
– ალბათ მართლა არ იცის, – ჩაილაპარაკა გარი კლარკმა.
ჟულიეტი ნელა წამოდგა და კარს მიაშურა, შამბრენმა კი ჩემი მხარდაჭერა სცადა:
– მარკს ალბათ მეტი რამის გაგება შეუძლია. ის და მადამ ჟირარი ხომ მეგობრები არიან.
– გაჰყევით, ჰასკელ, – ნება დამრთო დერეკმა, – იქნებ ახალი შეიტყოთ რამე.
არაფერი მიპასუხია, რადგან გაბრაზებული ვიყავი: ეს ტიპები ჩემში დამსმენს ხედავდნენ, ჟულიეტს კი მხოლოდ თანადგომა სჭირდებოდა.
ქუჩაში რომ გავედით, რომელიღაც პოლიციელს ტაქსი უკვე გაეჩერებინა. ჟულიეტი უკანა სავარძლის კუთხეში მიიყუჟა, მე კი თავი ბედნიერად ვიგრძენი, როცა მის გვერდით მოვკალათდი.
– მე მოვკალი, – თქვა ქალმა ცოტა ხნის შემდეგ და აკანკალდა. მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე და მაგრად მოვუჭირე.
– თქვენ არაფერში ხართ დამნაშავე.
– მან იცოდა, სადაც ვიყავი და ამიტომ მოვიდა. მე რომ მისი დახმარება შემძლებოდა, საფრთხე რომ დიდი იყო, იქნებ...
– ამით არც საფრთხე შემცირდებოდა და არც დიგერი გაბრუნდებოდა უკან.
– არაფერი მესმის, – თავი გააქნია ჟულიეტმა, – თუ მეორე მამაკაცი, როგორც თქვეს, ლორინგია, რა უნდა მომხდარიყო მათ შორის?
– ადრე თუ გვიან ამასაც გავიგებთ, – მივუგე ღრმააზროვნად.
ქალმა ფართოდ გახელილი ლურჯი თვალები შემომანათა:
– იცით, ახლა შარლი რას იფიქრებს? ის იტყვის, რომ მომხდარი მის სიმართლეს ამტკიცებს, ანუ ლორინგმა შეიტყო შეთქმულებაში დიგერის მონაწილეობის შესახებ და სხვა აღარაფერი დარჩენოდა, მისი მოკვლის გარდა.
იმავეს ვიფიქრებდი მეც. ცხადია, არ მსიამოვნებდა, მაგრამ სხვა ახსნას ვერ ვპოულობდი.
– ერთი რამ უეჭველია. დიგერი იმიტომ მოვიდა, რომ თქვენ უყვარდით.
– მეც მიყვარს, – ამოიოხრა ჟულიეტმა, – სიყვარული ავადმყოფობასავითაა, რომლის წამალიც არ არსებობს... მარკ, დამეხმარებით?
– რა თქმა უნდა.
– იქნებ გადარჩეს, ჰა? შემატყობინებთ, როგორ იქნება?
– აუცილებლად, ჟულიეტ. როგორც კი რამეს გავიგებ, აუცილებლად შეგატყობინებთ.
ტაქსი "ბომონდთან" გაჩერდა. მძღოლს საფასური გადავუხადე, ჟულიეტს მანქანიდან გადმოსვლაში მივეხმარე და ლიფტებს მივაშურეთ. ოტელში, როგორც ჩანს, შელდას ბაღში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ.
ჩვენ მე–15 სართულზე ავედით და ჟირარების ნომერს მივაშურეთ. კარი ჟირარმა გააღო და ცოლის დანახვაზე სახე გაუბრწყინდა:
– ჟულიეტ!
ქალი მის მკერდს მიეყრდნო, ჟირარმა კი მე შემომხედა და ალბათ მიხვდა, რაღაც არაორდინარული რომ მოხდა.
– უნდა დაგელაპარაკოთ, – დავარღვიე გაწელილი პაუზა.
– შემოდით.
ჟულიეტი ყელიდან არ მოშორებია ქმარს, სასტუმრო ოთახში კი უჩურჩულა:
– შარლ, მე ჩემს ოთახში გავალ, ყველაფერს მარკი აგიხსნის.
ჟირარმა ცოლი გვერდითა ოთახში შეაცილა და მაშინვე უკან დაბრუნდა:
– აბა, რა მოხდა?
როცა დაწვრილებით მოვუყევი, რაც შელდას ბაღში დატრიალდა, ჟირარმა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, კმაყოფილება მაინც ვერ დაფარა. ბოლოს, ზრდილობისათვის, მაინც მკითხა:
– სალივანს მძიმე ჭრილობები აქვს?
– ძალიან მძიმე.
– მართალი გამოვდექი, თუმცა დიდ სიხარულს მაინც ვერ ვგრძნობ. არ მესმის, ეს ყველაფერი ჟულიეტის თვალწინ რატომ უნდა მომხდარიყო. ის ხომ ამიერიდან თავს მუდამ დამნაშავედ იგრძნობს?
– მუსიე ჟირარ, თქვენს ცოლს, უბრალოდ, არ გაუმართლა, ყველაფერი ასე რომ მოხდა. თქვენ ის უნდა დაარწმუნოთ, ბაღში ატეხილ სროლებში სავსებით უდანაშაულო რომაა.
– მისთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ! – გზნებით შესძახა ჟირარმა, – მაგრამ ეს... ეს სალივანი! მან ხომ ჟულიეტის გული დაიპყრო! დასწყევლოს ღმერთმა მისი თავი!
– ჟულიეტი შოკშია, – შევახსენე ჟირარს, – მას სითბო სჭირდება, ყურადღება და... დრო.
– ვიცი, – ჟირარმა ხელი გამომიწოდა, – ჰასკელ, გმადლობთ დახმარებისთვის.
* * *

როცა შამბრენის კაბინეტში შევედი, გარი კლარკი ჯერი დოდის პატაკს ისმენდა. ვიდრე კლარკი შელდას ბინაში იყო, დოდი თვალს ადევნებდა, რაც "ბომონდში" ხდებოდა.
ჟირარს ნომერი არ დაუტოვებია. ბერნარდელმა, კროლმა და მის ლილი დორიშმა ბარ "ტრაპეციაში" გადაინაცვლეს. მათთან გარეშე არავინ მისულა.
შემდეგ კლარკმა თავის ერთ–ერთ თანამშრომელს დაურეკა და "ვალდორფიდან" დელაკურასა და ლაკოსტას მოყვანა დაავალა.
– ყველას აქ მოვუყრი თავს, – უთხრა მან შამბრენს, როცა ყურმილი დადო, – მათგან აუცილებლად უნდა შევიტყო სიმართლე.
– არა მგონია, ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება იყოს, – შენიშნა შამბრენმა.
– ვითომ რატომ? – წამოენთო კლარკი.
– თუ ლორინგთან დაკავშირებით მართალი ხართ...
– ცხადია, მართალი ვარ!
– მან შეთქმულების გასახსნელად სიცოცხლე გაიღო, თქვენ კი თქვენი საქციელით შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ. ჯერ ზუსტი სვლა უნდა მოძებნოთ და მერე იმოქმედოთ.
– რომელ სვლაზე მელაპარაკებით?
– მე ვიცი ის, რომ თუ თქვენ ზემოჩამოთვლილ ხალხს შეყრით და მათზე ზეწოლას მოახდენთ, ისინი დაფრთხებიან და არანაირი გარიგება აღარ შედგება ანუ იმასაც დაკარგავთ, რასაც ლორინგმა მიაღწია. მისტერ კლარკ, თუ თქვენ ლოგიკით იხელმძღვანელებთ და არა ემოციებით, არის შანსი, წარმატებას მიაღწიოთ. ვიდრე სალივანი ცოცხალია, არსებობს ალბათობა, რომ ის ალაპარაკდება. ხშირად სასიკვდილო სარეცელზე მყოფნი ისეთ რაღაცეებს აღიარებენ, რასაც წლების მანძილზე მალავდნენ. სალივანმა შეიძლება დაგეგმილი გარიგების დეტალები და გვარებიც კი გაამჟღავნოს. თქვენ იქნებ ისიც კი შეიტყოთ, რაც ბაღში სინამდვილეში მოხდა.
– სინამდვილეში? ეს ხომ აშკარაა! სალივანმა ლორინგს სროლა დაუწყო, სემმა კი, თავდაცვის მიზნით, თავადაც ესროლა.
– შესაძლებელია.
– ეს ხომ ქალმაც დაინახა. ის ტახტზე კარისკენ ზურგით იჯდა. მის წინ მჯდარმა სალივანმა დაინახა, ბაღში რომ ვიღაცა იყო. ქალი, ჩემი აზრით, ნახევრად შემობრუნდა, მაგრამ იმას ვერ დაინახავდა, რასაც სალივანი ხედავდა.
– ჰო, მაგრამ...
– ბაღის ქვის მესერზე შეიძლებოდა ხუთი კაცი მჯდარიყო, რომელთაც ქალი ვერ დაინახავდა, სამშენებლო ხმაურის გამო კი ვერც ვერაფერს გაიგონებდა. ხუთი კაცი, ცხადია, აბსურდია, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ შეიძლებოდა კიდევ ვიღაცას გაესროლა, რომელსაც მისის ჟირარი ვერ ხედავდა.
– მე რომ ეს გამოძიება მეწარმოებინა, პირველ რიგში, ბალისტიკურ ექსპერტიზას ჩავატარებდი იმაში დასარწმუნებლად, რომ სემ ლორინგმა ნამდვილად სალივანს ესროლა, სალივანმა კი მას, – შენიშნა შამბრენმა.
– ხომ არ გაგიჟდით?! – შეიცხადა კლარკმა, – გინდათ, დამარწმუნოთ, რომ სალივანს სემი არ მოუკლავს?
– მე მინდა, ვიღაცამ დამიმტკიცოს, რომ სალივანმა ლორინგი მოკლა, ლორინგმა კი სალივანი, – შამბრენი მაგიდას მიუჯდა.
– კარგით. ამას დაგიმტკიცებთ, – შეჰპირდა კლარკი.
შამბრენმა პასუხად მხოლოდ თავი გადააქნია.
შელდას ბინაში მომხდარმა ჩემი ეჭვები საბოლოოდ გაფანტა. ჟირარი მართალი აღმოჩნდა. დიგერმა თავისი მომხიბვლელობით ყველა მოგვატყუა, მათ შორის ჟულიეტიც. ახლა კი შამბრენი ეჭვობს, ყველაფერი ისე არ არისო. მართლაც, ბაღში შეიძლება ვინმე კიდევ ყოფილიყო, რომელიც ჟულიეტს არ დაუნახავს და მშენებლობის ხმაურის გამო ვერც ის გაიგონა, სამნი რომ ისროდნენ.
– კლარკ, – მშვიდად დაიწყო შამბრენმა, – თქვენს ადგილას დელაკრუასა და ლაკოსტას კი არ დავიბარებდი, საავადმყოფოში ლეიტენანტ ჰარდის გამოვიძახებდი და პრესისათვის ერთობლივ განცხადებას გავაკეთებდი. თქვენი საქმეები დახურულია. მან კარდიუს მკვლელი იპოვა, თქვენ კი ნარკოტიკებით მოვაჭრე საერთაშორისო ბანდის მეთაურს მიაგენით. ამით თქვენ მისტერ ბერნარდელისა და მისი თანამზრახველების ყურადღებას მოადუნებთ, რაც, ჩვენ მათ გამოჭერას გაგვიადვილებს.
კლარკი ერთხანს ჩუმად იყო, მერე კი თავი დააქნია და თქვა:
– ჩემი ხელმძღვანელობის თანხმობა მჭირდება. შეიძლება თქვენი მისაღების ტელეფონით ვისარგებლო და ვაშინგტონში დავრეკო?
– რა თქმა უნდა, ოღონდ მანამდე დელაკრუასა და ლაკოსტას გამოძახების ბრძანება გააუქმეთ.
– კარგი, – მიუგო კლარკმა და კაბინეტიდან გავიდა.
მე და ჯერი დოდი ჩუმად ვისხედით, შამბრენი კი თავის ფიქრებში წასულიყო. ბოლოს მან თქვა:
– ზოგჯერ რაღაცა ჭეშმარიტება გგონია, მერე კი ეჭვები გიჩნდება.
– ახლა ისინი თქვენ გაგიჩნდათ? – შეეკითხა დოდი.
– ჰო, ჯერი. აქ რაღაც ისე არ არის. სემ ლორინგი, როგორც ვიცი, გამოცდილი აგენტი იყო. ის ნარკობიზნესს იტალიაშიც ებრძოდა და საფრანგეთშიც. ასეთი ადამიანები მარტო არ მუშაობენ, რადგან ძალიან საშიშია. მათ თავიანთ შტაბ–ბინასთან მუდმივი კავშირი აქვთ და თუ რამე საეჭვო შენიშნეს, მაშინვე ატყობინებენ. ორიოდ წლის წინ ის სალივანს ენდო და ეჭვმიტანილების სიაც კი აჩვენა. მაინტერესებს, შავმა კატამ მათ შორის რატომ გაირბინა.
– ვინ იცის? – აჰყვა ჯერი.
– ეს კლარკმა უნდა იცოდეს, – განაცხადა შამბრენმა, – ის და ლორინგი ერთად მუშაობდნენ და თუ ლორინგმა სალივანზე ეჭვი აიღო, კლარკს არაფერს ეტყოდა? ამგვარი რამ გამორიცხულია.
– ლოგიკურად ჟღერს, – დაეთანხმა დოდი.
– და თუ მან სალივანის დასაპატიმრებლად საკმარისი სამხილები მოიპოვა, მით უფრო არ გაჩუმდებოდა. მაშ, რამ აიძულა ლორინგი შელდას სახლში მისულიყო და მის ბაღში მოსახვედრად მესერზე გადასულიყო?
– იქნებ ლორინგმა ბაღში მანამდე შეაღწია, ვიდრე მადამ ჟირარი შელდას ბინაში მივიდოდა? – შეეკითხა ჯერი.
– შელდას სათვალთვალოდ? – ჩაიცინა შამბრენმა, – მორჩით ხუმრობას, ჯერი.
– იქნებ მადამ ჟირარის სათვალთვალოდ? – არ შეეშვა ჯერი.
– საიდან უნდა სცოდნოდა ლორინგს, მადამ ჟირარი რომ იქ მივიდოდა? მარკის კაბინეტიდან გამოვარდნილმა ქალმა ხომ ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო? ანუ მან შელდას მყუდრო თავშესაფარი სთხოვა, იმან კი თავის ბინაში წაიყვანა.
– კი მაგრამ, ის მესამე ბაღში რაღას აკეთებდა? – ჩემზე რომ აღარაფერი ვთქვა, დოდიც საბოლოოდ დაბნეული ჩანდა, – შელდა თუ არ აინტერესებდა, გამოდის, მადამ ჟირარს უთვალთვალებდა.
– არა. ის სალივანს დარაჯობდა და როცა დაინახა, ბინაში შევიდა, მესერზე გადაძვრა, თავად მას კი ლორინგი უთვალთვალებდა.
– ეს ყველაფერი რებუსს ჰგავს, – შენიშნა ჯერიმ.
– რებუსია თუ კროსვორდი, ასეა, – ეწყინა შამბრენს, – სალივანმა შეამჩნია, რომ ბაღში ვიღაც იყო და რაკი მიხვდა, ამ ვიღაცას მისი მოკვლა სურდა, პისტოლეტი იძრო და გარეთ გავარდა. დაიწყო სროლა. ამ დროს ლორინგიც გამოჩნდა ანუ ჟულიეტის მხედველობის არეში მოხვდა. მან სალივანს კი არა, უცნობს ესროლა, მაგრამ ააცილა. ამ უცნობმა კი სალივანსაც ესროლა და ლორინგსაც, მერე კი მესერს გადაევლო და მიიმალა.
– ანუ სალივანსა და ლორინგს ერთმანეთისთვის არც უსვრიათ, მკვლელობის იარაღი კი იმ მესამესთან ერთად აორთქლდა?
– დასაშვები ვარიანტია.
– მაშ, თქვენ სალივანის გჯერათ, – შენიშნა ჯერი დოდმა.
– მე ლორინგის მჯერა, – შეეპასუხა შამბრენი, – ის კარგი აგენტია და თუ სალივანში ეჭვი შეეპარა, ამას აუცილებლად განაცხადებდა. ჩემი აზრით, ის ერთ–ერთ იმათგანს უთვალთვალებდა, ვინც სიაში ფიგურირებს. სხვათა შორის, სალივანიც იმავე ადამიანს უფრთხოდა.
– ბერნარდელს, კროლს და მის დორიშს ოტელი არ დაუტოვებიათ.
– მაგრამ დელაკრუასა და ლაკოსტას არავინ უთვალთვალებდა, – მიუგო შამბრენმა.
– ჰო, – დაეთანხმა დოდი, – ბაღში შეიძლება ერთ–ერთი მათგანი ყოფილიყო.
– რატომ ჟირარი არა? – ჩავერთე დისკუსიაში, – მან ხომ გვითხრა, თუ სალივანი ჩემს ცოლთან მიკარებას გაბედავს, მაშინვე მოვკლავო?
– მაგრამ ჟირარი ნომრიდან არ გამოსულა, – შენიშნა დოდმა.
– იქნებ რომელიმე თანამშრომელი მოისყიდა და ისე დატოვა ოტელი? – არ ვეშვებოდი ჩემს ვერსიას, – მისტერ შამბრენ, თქვენც ხომ არაერთხელ გითქვამთ, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო?
– ჰო, მაგრამ... არა მგონია, ჟირარს ეს ჩაედინოს, – მომიგო ბოსმა.
– იქნებ ვინმე დაიქირავა, დიგერისთვის რომ ეთვალთვალა?
– ეს უკვე შესაძლებელია, მაგრამ ვინ? – შამბრენმა თავი გააქნია, – მარკ, თქვენ დიგერი მოგწონთ, ჟირარი კი არა, მაგრამ ეს ყველაფერი ემოციებია, ჩვენ კი მხოლოდ ფაქტები უნდა გავითვალისწინოთ.
– არც მესამე კაცის თქვენეული ვერსიაა ფაქტებით დადასტურებული, – გავჯიუტდი მე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online