| ქალი და მამაკაცი |

დასაწყისი წინა ნომრებში
* * *
გიბსონმა საფუნთუშესთან ქვაფენილზე გადაუხვია. კონდიციონერი ხმაურობდა, რასაც ემატებოდა უსწორმასწორო ქვაფენილზე საბურავების შრიალის ხმა. პიკის საათის დროს მგზავრობა ყოველთვის უსიამოვნებას იწვევდა და როდესაც ხეივანთან გადაუხვევდა, ძლიერ შვებას განიცდიდა, მაგრამ მხოლოდ არა დღეს.
სადღაც ლინკოლ–გვირაბის მისადგომებთან მხედველობიდან დაეკარგა ვერცხლისფერი "ვოლვო", მაგრამ ახლა უკვე ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. კინი ჭკვიანი ყმაწვილი და გამოცდილი აგენტი იყო. თუ გიბსონმა მოახერხა იმის გარკვევა, თუ სად ცხოვრობს კინი, ალბათ იგივე მოახერხა კინიმაც მის შესახებ.
ავტოფარეხში შესვლისას გიბსონმა გაიფიქრა, პირდაპირ აქ ხომ არ დაესხმებოდა თავს კინი. მან უკანასვლა ჩართო და მანევრირებას შეუდგა, რათა მანქანა თავის მუდმივ ადგილზე დაეყენებინა. ხეივანის მეორე მხარეს ნარინჯისფერი მზე ირეკლებოდა მაღალი შენობის სარკმლებზე. მან გაიფიქრა, მზად იყო თუ არა მოსალოდნელი შეჯახებისთვის. უკანა ხედვის სარკეში იგი ხედავდა ცივ ჩრდილებს და ხეივანში გამვლელი მანქანების უკანა ფარების სინათლეებს. ძრავა გამორთო და რამდენიმე წამი გაუნძრევლად იჯდა. აქ ისეთი სიწყნარე, სიმშვიდე იყო. გიბსონი აქ თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობდა.
* * *
ამ დროს კი ტოცი ჭკუიდან იშლებოდა. რვის ოცი წუთი იყო და ჯერ კიდევ არავინ ჩანდა. ალბათ რაღაც ისე არ გამოვიდა. და ის გიბსონის გამო ნერვიულობდა.
და უცბად კარზე დაჟინებით დააკაკუნეს. ოთხი სწრაფი დარტყმა ერთიმეორის მიყოლებით.
ტოციმ იარაღი ამოიღო და კარს უკან დაიმალა. რატომ აკაკუნებს? რაში დასჭირდა დაკაკუნება?
ამ დროს კაკუნი სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა.
– ეი, აქ არის ვინმე? – გაისმა ხმა გარედან.
უცნობი ხმა იყო და გაბრაზებული კაცის ხმას ჰგავდა. ტოციმ წარმოიდგინა როგორ აღებს კარს და მაშინვე ტყვიების სეტყვა ატყდება თავს.
– ვინ არის?
გული ძალუმად უცემდა.
– პიცა.
– რაა?
– პიცა, პიცა! მე პიცა მოვიტანე ბინაში 6–დ, შემკვეთი – გიბსონი. ყველაფერი სწორეა?
ტოცი წამით ჩაფიქრდა. ეჭვგარეშეა ეს ხაფანგი იყო. მან სწრაფი მოძრაობით კარი ჯაჭვზე ჩაკეტა. შემდეგ კართან გვერდულად დადგა, იარაღის ტარს ხელი მოუჭირა და კარი იმდენად გამოაღო, რის საშუალებასაც ჯაჭვი იძლეოდა. კართან თმახუჭუჭა ზანგი იდგა, ღია ყვითელი ფერის ფორმაში გამოწყობილი. ხელში პიცის დიდი კოლოფი ეჭირა. გიბსონის გვარი მასზე შავი ცარცით იყო გამოყვანილი.
– აიღე, ყველაფრისთვის უკვე გადახდილია.
– რას ნიშნავს: ყველაფრისთვის გადახდილია?
– მომისმინეთ, მე მხოლოდ კურიერი ვარ.
ტოცი არ განძრეულა.
– ეი, მომისმინე, თამაშის დრო არ მაქვს, კარგი? მე მას პირდაპირ აქ დავტოვებ.
ყმაწვილმა კოლოფი იატაკზე დადო და წავიდა.
ტოცი ყუთს მიაჩერდა. ყელი ისე გაუშრა, რომ მწვავე ტკივილი იგრძნო. ლანდო, ბლენი და ნოვიკი. ოჰ ღმერთო.
რამდენიმე წუთის მანძილზე ის უაზროდ იყურებოდა კარის ჭრილში და კარის გაღება არ გადაეწყვიტა, ვინაიდან კოლოფის გახსნის საშინლად ეშინოდა. მაგრამ სიმართლის გაგება მაინც აუცილებელი იყო. მან ჯაჭვი მოხსნა, გარეთ გაიხედა, სწრაფად მოავლო თვალი იქაურობას, ხელში 38 კალიბრიანი ეჭირა. ჰოლში არავინ იყო.
ტოციმ კოლოფი ოთახში ფეხით შეაცურა, შემდეგ კარი მიხურა და ჩაკეტა. სანამ კოლოფს აიღებდა და მაგიდაზე დადებდა, შიშით შეათვალიერა. შემდეგ ბაფთა გახსნა და თავსახური ნელა ასწია.
კოლოფში მართლაც პიცა იდო. მის შუაში კი 38 კალიბრის კოლტი იდო, გიბსონის პირადი იარაღი. სისხისფერ, მოწითალო კეტჩუპზე, რევოლვერი თევზივით მოჩანდა.
ტოციმ რევოლვერი აიღო, რომელზეც ყველის ნაჭრები მიკრულიყო, როდესაც ეს შეამჩნია ხელები აუკანკალდა.
– რა სისაძაგლეა, – ჩაიბურტყუნა ტოციმ.
თავი ოცდამეათე
გიბსონი ოთხზე იდგა, თავი მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი, ნელა სუნთქავდა, რათა რამდენადმე მაინც შეემსუბუქებინა ტკივილი, რომელიც მთელ სხეულში უვლიდა. გათბობის მილზე ხელბორკილით მიბმულს სხვა არაფრის გაკეთება შეეძლო. ძალები დაზოგე, გონებაში ეუბნებოდა საკუთარ თავს. ძალები დაზოგე, მაგრამ რისთვის? რათა რეზინის ხელკეტის კიდევ ერთ დარტყმას გაუძლოს? მან საათს დახედა, უკვე ორმოცდაათი წუთი გასულიყო, მაგრამ მას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ კინი მხოლოდ ახლა იწყებდა.
და სწორედ ამ წამს კიდევ ერთი დარტყმა – და ისევ იმავე მხარში. მას ეჩვენებოდა, რომ მხარი უკვე მოტეხილი ჰქონდა, თუმცა ოდნავი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ როგორ უნდა აღექვა მოტეხილ მხარს დარტყმები.
კინი შავი ფერის ხელკეტს ბალეტის მოცეკვავის დახვეწილობით ხმარობდა: ნელა იწევდა ფეხის წვერებზე, ყოველი დარტყმის წინ, მოიქნევდა და გიბსონს ზურგში აყენებდა დარტყმას – და ამავე დროს უნებური უკუ დარტყმისგანაც თავს იცავდა. კინი არ ჩქარობდა, მიზანმიმართულად ურტყავდა და ზოგჯერ შეჩერდებოდა, რათა ტანჯულისთვის თავისი მეთოდები აეხსნა.
– არასოდეს უნდა იჩქარო დარტყმა, ბერტი! – წარმოსთქვა, მან როდესაც შეჩერდა, რათა უფრო გულდასმით დაემიზნებინა; მორიგი დარტყმა მხარში, – სწრაფი დარტყმები ნაწილობრივ გაუმტკივანებას იწვევს. გარკვეულ რიტმში ვარდები, ხოლო მსხვერპლიც ემზადება დარტყმის მისაღებად დროის მკაცრად გარკვეულ მომენტში. რა თქმა უნდა, ხელკეტი თავის საქმეს აკეთებს და მაშინ, მაგრამ ეს ტკივილი შიშს აღარ იწვევს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის მიზანთან არ გვაახლოვებს. მსხვერპლი კანკალით უნდა ელოდეს, არ უნდა იცოდეს თუ რა წამს დაატყდება თავს მორიგი დარტყმა. მოლოდინის შიში, – აი რა არის მთავარი, ბერტი, – მოულოდნელი დარტყმა გიბსონმა კეფასთან მიიღო. და მან იფიქროს, რომ თითქოსდა მას შეეშვნენ. აუცილებელი მისთვის იმედის მიცემა... შემდეგ კი მისი წართმევა.
გიბსონი იცდიდა, ხედავდა, როგორ წვეთავდა მისი შუბლიდან მომდინარე სისხლი მტვრიან ხის იატაკზე. ის იცდიდა, საკუთარ თავს ჩააგონებდა, რომ ჯერ ყველაფერი არ იყო დასრულებული, უარს ამბობდა ბოლო იმედის თავიდან ამოგდებაზე. და ამ დროს გაუფრთხილებლად, შავი ხელკეტი პირდაპირ მის წინ დაეცა, ხელკეტი, რომელიც ახლა არავის ეჭირა ხელში. და რომელსაც იგი თვითონ თავისუფლად მისწვდებოდა.
გიბსონს ესმოდა, როგორ რბილად გაიცინა კინიმ. მან ხელკეტს გადახედა, ძლივს იკავებდა მისი აღების ცდუნებას. ერთი კარგი დარტყმა და ეს ნაძირალა გაითიშება. ერთი კარგი დარტყმა სახეში. შესაძლოა თვალიც კი ამოუგდოს ბუდიდან.
– აბა, მიდი, ბერტი, გაბედე, აიღე, – ჩაიჩურჩულა კინიმ, – შენ ხომ არც ისეთი ბებერი ხარ. შენ ხომ შეგიძლია საკუთარი თავის დაცვა, ასეა? ჰოდა მიდი აიღე.
გიბსონმა დაუფიქრებლად გაიწვდინა ხელი ხელკეტისკენ, მას სიბრაზე და სიძულვილი ახრჩობდა, მაგრამ სანამ მისი თითები ხელკეტს შეეხებოდნენ, კინის ფეხი მოხვდა ყელსა და მკერდში, მძიმე შავი ძირი, რომელსაც უკვე მთელი საათის სურდა თუ არ სურდა ხედავდა. გიბსონი შეტორტმანდა, თავისუფალი ხელი მკერდში იტაცა, ისეთი ტკივილი იყო, თითქოს ინფარქტი მიიღო. კინიმ მუშტი სახეში ჩასცხო, იმ წამსვე სისხლმა იფეთქა ლოყიდან. გიბსონი ზურგზე დაეცა, ხოლო ხელბორკილი, რომლითაც მარჯვენა ხელით მილზე იყო მიბმული, წკრიალით ქვევით ჩამოსრიალდა.
გიბსონმა ტკივილისგან კინაღამ გონება დაკარგა, მაგრამ კინის სახეს გარკვევით ხედავდა. ნაძირალა ფეხით ნეკნებში ურტყავდა, და გიბსონმა უნებურად სცადა მისთვის ხელი ჩაევლო ძირს დაენარცხებინა, მაგრამ მეტისმეტად იყო დასუსტებული ამისთვის. კინი მას ფეხს შეუჩერებლად ურტყავდა, მისი სიძულვილით ანთებული თვალები კარგად მოსჩანდა მის მიცვალებულივით გაფითრებულ სახეზე, ტუჩებზე ყოველი დარტყმის შემდეგ ღიმილი ესახებოდა. ეს იყო კბილებდაკრეჭილი და უაზრო გამომეტყველების მქონე დობერმანის სიფათი, რომელსაც ახლა გიბსონი ხედავდა მიუხედავად გაუთავებელი დარტყმებისა.
როდესაც გიბსონი გონს მოვიდა, ქუჩაში უკვე ბნელოდა. იგი შეეცადა საათისთვის დაეხედა, მაგრამ იგი დამტვრეული აღმოჩნდა. თავი უსკდებოდა, მთელი სხეული ტკიოდა, ქუთუთოები ერთმანეთზე ეწებებოდა. აი თურმე როგორია, როდესაც ერთ დღეში ორჯერ გგზავნიან ნოკაუტში, გაიფიქრა მან.
ის იატაკზე იწვა, გაინძრა, ზურგით კედელს მიეყრდნო, მაგრამ როგორც კი წამოდგომა სცადა, ტკივილი მაშინვე აუტანელი გახდა. განსაკუთრებით თავის არეში. მას სურდა საფეთქლები მოესრისა, მაგრამ ამის საშუალება ხელბორკილებმა არ მისცა. ის მათ შეცბუნებული და გაოგნებული სახით მიაჩერდა. უბრალოდ აღარ ახსოვდა ისინი.
მან ნელნელა მოახერხა წამოჯდომა, რამაც მას ფანჯრის ჭუჭყიან რაფამდე მიღწევისა და ფანჯარაში გახედვის საშუალება მისცა. მას თვალწინ წარმოუდგა თავისუფლების ქანდაკება, თუმცა მისკენ ზურგით, ხოლო უკანა პლანზე საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი მოჩანდა. თუ თავისუფლების ქანდაკებით იმსჯელებდა, გიბსონი კვლავაც ჯერსიში იმყოფებოდა, სადღაც მდინარე ჯერსი–სიტის ან ბაიონის ნაპირზე მიტოვებულ მაღაზიაში. მას არ მოეწონა, ის რომ მისმა მოწინააღმდეგემ არც კი იზრუნა იმაზე, რათა მას არ გაეგო თუ სად მიიყვანეს. ეს მას ცუდ წინათგრძნობას განაცდევინებდა.
მთელ სახეზე სისხლი ჰქონდა შემხმარი, განსაკუთრებით მარცხენა თვალის ირგვლივ. წყეული ბეჭედი, გაიფიქრა მან.
ის ვერ იხსენებდა, თუ კონკრეტულად როდის დაკარგა გონება, მაგრამ თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, თუ ახლა თავს როგორ გრძნობდა და როგორ იქცეოდა მანამდე კინი, ის ნაძირალა მაშინაც კი აგრძელებდა მის ცემას, როდესაც მას გონება დაკარგული ჰქონდა. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მას გუნი შეარქვეს. გიბსონი იმაზეც კი დაფიქრდა, ანალოგიური წინასწარი დამუშავება თუ გაიარეს ლანდომ, ბლენიმ და ნოვიკმა, სანამ კინი მათ თავებს მოაჭრიდათ. მას გონება აემღვრა, როდესაც სცადა გაეხსენებინა სასამართლო–სამედიცინო ექსპერტის ანგარიში შედგენილი სხეულების დათვალიერების შემდეგ. ყოველ შემთხვევაში მას ჯერ თვალები ადგილზე ჰქონდა.
– ეი, ბებერო, გონს მოხვედი?
გიბსონმა თვალები ასწია. ვიღაც იდგა მის წინ. მას ხელში გასაშლელი ლითონის სავარძელი ეჭირა. უნებურად გიბსონმა თავი დაიფარა.
– ეი, მშვიდად ბებერო, მშვიდად, ამით შენ ცემას არ ვაპირებ, – კაცმა სავარძელი გიბსონის წინ დადგა, – ერთიორჯერ უკვე კარგად მოგცხე. ასე რომ ჯერჯერობით საკმარისია.
გიბსონი სავარძელს მიეყუდა, და ტკივილის მიუხედავად მაინც მოახერხა ჩაჯდომა. ბინდბუნდში მან უცნობის სახის დანახვა სცადა, რომელიც ძლიერი აქცენტით ელაპარაკებოდა. ის დაბალი ტანის, თმახუჭუჭა, გარუჯული სახის კანით, ძაფივით წვრილი ულვაშების ზოლით და მობრჭყვიალე თვალებით. ტანზე მჭიდროდ მომჯდარი მაისური ვერ ფარავდა მის ნავარჯიშევ კუნთებს. ქამარში, პირდაპირ შარვლის შესაკრავთან ავტომატური პისტოლეტი ჰქონდა გაჩრილი. მწვანე ფერის შარვალი ეცვა.
– ეი, ბიჭო, რა ჯანდაბას აკეთებ?
გიბსონმა თავი მიაბრუნა იმ მიმართულებით საიდანაც ხმა გაისმა, გრძელი შენობის მეორე ბოლოსკენ. იქ მაგიდასთან ორნი ისხდნენ. მაგიდასთან ღამის ნათურა იდგა, გაცვეთილი აბაჟურით. გიბსონს მოეჩვენა, რომ თითქოს იგი იმ მხარეს ბნელი გამოქვაბულის სიღრმიდან იყურებოდა.
– გონს მოვიდა, – უპასუხა გიბსონთან ახლოს მდგომმა, – ახლა რა უნდა მოვუხერხოთ?
– არაფერი.
ჯუჯამ ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და თავი დააქნია.
– არ გახსენდები, მოხუცო?
– საიდან?
გიბსონს გაუჩნდა სურვილი ეიძულებინა ეს ნაძირალა საკუთარი კბილებით გაგუდულიყო.
– შენ რა საერთოდ არ გინახივარ? არც გვერდით სარკეში, როდესაც მანქანიდან გადმოხვედი?
– რას გულისხმობ?
– შენი მანქანის საბარგულში ვიყავი, მეგობარო. მას შემდეგ რაც მანქანა გააჩერე, გადმოვძვერი, უკნიდან მოგეპარე და ბუმ! გაგთიშე, მაგარია, არა?
– გინდა მედალი მიიღო კარგი სამსახურისთვის?
– მედალი რისთვის? – მას სახიდან ღიმილი გაუქრა, – რა მითხარი?
გიბსონი გაჩუმდა. მან იცოდა, რომ ლათინოამერიკელებს აცოფებდა ის როდესაც ეჩვენებოდათ, რომ ენის კარგად არ ცოდნის გამო მათ დასცინოდნენ.
– ეი, მანდ რაზე ლაყბობთ?
შორს მაგიდასთან მსხდომნი წამოდგნენ და ახლოს მოსულები იმ სავარძლის წინ შეჩერდნენ, რომელშიც გიბსონი იჯდა. ერთ–ერთი ტანმაღალი იყო, ჩამოსხმული ტანის და ენერგიით სავსე. მეორე ფართო მხარბეჭიანი და აშკარად უფრო ზანტი იყო. თუმცა ორივეს ერთნაირი ირლანდიური სახე ჰქონდა. გრძელი თავები, ჩაცვენილი თვალები. გიბსონმა გაიფიქრა, რომ ალბათ ეს ორნი ძმები იყვნენ.
– ვგონებ ფიქრობს, რომ მაგარი ყმაწვილია, – ჩაიცინა დაკუნთულმა ჯუჯამ, – აბა, ფინი? ვაჩვენოთ, რომ არც მე ვარ ნაკლები?
მაღალმა ყმაწვილმა გაიღიმა, ცხენის კბილები გამოაჩინა, ის იდგა და ოდნავ ირწეოდა.
– ჯერ მაგის დრო არ არის. მისტერ კ–მ გვიბრძანა მის დაბრუნებას დაველოდოთ.
ჯუჯამ მხრები აიჩეჩა, თითქოსდა ოდნავ დაწყნარდა.
– მერე, ეს როდის იქნება?
ფინმა პასუხი ოდნავ შეაყოვნა.
– მან თქვა, რომ გამთენიისთვის დაბრუნდება. რომელი საათია, ლუის?
გიბსონმა შენიშნა, რომ მხარბეჭიან ყმაწვილს ხელში პატარა, თხელი ჯიბის ტელევიზორი ეჭირა.
– მგონი ხუთია. სწორედ ახლა გადაცემაა "ლუსისთან".
პატარა ეკრანის სინათლემ მისი სახე გაანათა, უმთავრესად ყვრიმალები.
– მალე დაბრუნდება, – თქვა ფინიმ, – წავედით.
ის მაგიდასთან დაბრუნდა, და დანარჩენი ორიც მორჩილად უკან მიჰყვა.
ნაძირალები, გაიფიქრა გააფთრებულმა გიბსონმა, მაგრამ გააფრთებისგან კიდევ უფრო მეტად ასტკივდა თავი. ის შეეცადა მშვიდად მჯდარიყო, იმის იმედად, რომ იქნებ ამით ტკივილი შემსუბუქებულიყო. ის ნაძირლებიც წყნარად იყვნენ და სიჩუმეში თავის ტკივილი უმსუბუქდებოდა. გარკვეული დროის შემდეგ იგი მივხდა, რომ მალე გათენდებოდა, ის ახლა იმაზე ფიქრობდა, მათ ტოცის დაჭერაც მოახერხეს თუ არა.
ოდნავ მოგვიანებით გიბსონი ფიქრებიდან ზარის მკვეთრმა ხმამ გამოიყვანა. შენობის მეორე ბოლოში ჯუჯა და ლუისი თავიანთი ადგილებიდან წამოხტნენ და სატვირთო ლიფტისკენ გაიქცნენ. ფინი, მათი მეთაური, აუჩქარებლად მიჰყვა მათ კვალდაკვალ. როდესაც ნელა ამომავალი ლიფტი, როგორც იქნა გაჩერდა, ჯუჯამ ხის ცხაური ასწია და შენობაში მთავარი ნაძირალა გამოჩნდა.
კინიმ ორი დიდი ტომარა მოიტანა, რომელიც ლუისმა მაშინვე გამოართვა. ჯუჯა და ლუისი კინის გარშემო ისე ტრიალებდნენ, როგორც ბავშვები სამსახურიდან დაბრუნებული მამის გარშემო. ფინი მოწიწებით თუმცა ხაზგასმული სიამაყით შეხვდა მოსულს. ბოლოსდაბოლოს თავის გუნდში ის იყო მეთაური.
გიბსონმა გაიგონა, როგორ ურჩია კინიმ ბიჭებს ესადილათ და ჰაერზე გაევლოთ. ფინიმ რაღაც უპასუხა დაბალ ხმაზე, მაგრამ შემდეგ მეგობრებს გაჰყვა და სამივენი ლიფტით ქვევით დაეშვნენ.
გიბსონთან პირისპირ დარჩენილი კინი მისკენ შეტრიალდა. გიბსონის თავს ზევით მდებარე ფანჯრიდან შემომავალი დილის შუქი ამ ოქროს ყმაწვილს ანათებდა, რომელსაც დღეს ქვიშისფერი კოსტუმი ჩაეცვა.
– დილა მშვიდობისა, ბერტ, – მეგობრული ტონით წარმოსთქვა მან, გასაშლელი სკამი აიღო და ფანჯარისკენ წავიდა.
მეორე ხელში ყავიანი ქაღალდი ჭიქა ეჭირა.
თუ ის საკმარისად ახლოს მოვა, დაიფიცა საკუთარი თავის წინაშე გიბსონმა, თვალებში ვეცემი და ნაფლეთებად ვუქცევ მთელ სიფათს.
– ყავა მოგიტანეთ.
კინიმ სკამი დადგა.
– წადი შენი.
კინიმ მხრები აიჩეჩა და სკამზე დაჯდა. მან ფრთხილად გახსნა დაბეჭდილი ჭიქა. გიბსონმა გონებაში შეაფასა მანძილი, რომელიც მათ ერთმანეთისგან აშორებდათ და მიხვდა, რომ მეტისმეტად დიდი მანძილი იყო მოულოდნელი ნახტომისთვის.
– სად არის ტოცი?
კინიმ არაფერი უპასუხა, ჭიქა პირთან მიიტანა. თითზე წამოცმული ბეჭედი თვალის მომჭრელად ბრწყინავდა დილის მზის სხივებში.
– ჩემთვისაც თავის მოჭრას აპირებ?
კინი მოიღუშა.
– ჩვენ ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ არ გადაგვიწყვეტია, ბერტი.
ახლა გიბსონის წინ ზუსტად ისეთი კინი იდგა, როგორიც კანტორაში იყო, – პერსპექტიული საგანგებო აგენტი ბრწყინვალე მომავლით. გუნი ღამის სიბნელეში გაუჩინარდა. გიბსონმა უნებურად პარალელი გაავლო, თუ რამდენად განსხვავდებოდა ამჟამინდელი კინი იმ გააფთრებული ცხოველისგან, რომელიც გასულ ღამეს აწამებდა.
– ამიხსენით რატომ, – თქვა გიბსონმა, რომელიც კინის წარბებს ქვევიდან უყურებდა.
– რა რატომ? რატომ დავდექი მაფიის მხარეს? თუ რატომ მოვკალი ლანდი, ბლენი და ნოვიკი? – ფართოდ გაიღიმა კინიმ.
სიძულვილის შემოტევისგან გიბსონმა კინაღამ გონება დაკარგა.
– ერთიც და მეორეც.
კინიმ თვალები დახუჭა და სიცილი დაიწყო.
– როგორ პასუხს ელით ჩემგან? რას იტყვით სიყვარულზე? როდესაც მიზეზებზე საუბრობენ, ხშირად სიყვარულს ასახელებენ. ასე, რომ ეს სიყვარულის გამო გავაკეთე.
– ჩემი აზრით, ეს იმიტომ გააკეთეთ, რომ მანიაკი ხართ. თქვენ მკვლელობების ტყვეობაში ხართ. თქვენ ავადმყოფი ხართ.
– ეს მეტისმეტად უბრალოა, ბერტი. დაცვა, რომელიც სულიერი ავადმყოფობით აპელირებს, დიდი ხანია მოდაში აღარ არის. შეშლილობაზე მაშინ საუბრობენ, როდესაც სათქმელი მეტი არაფერი აქვთ, ეს თავადაც კარგად იცით.
– მაშინ რატომ?
– რატომ არის რომ ჩვენს დროში ადამიანები რაღაცას აკეთებენ? იმიტომ, რომ მათ ფულს უხდიან, აი რატომ. უბრალო და ნათელია.
– გამოდის, რომ ვარგამ მხოლოდ ფულით გადაგიბირათ?
სანამ ამ კითხვაზე უპასუხებდა, კინიმ გიბსონი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.
– როდესაც ფილადელფიის მაფიაში შემაგზავნეს, მე და ვარგა ერთმანეთის მიმართ ერთგვარ მიზიდულობას ვგრძნობდით. მას ძალიან უნდოდა, რომ მნიშვნელოვანი ფიგურა გამხდარიყო, მაგრამ იცოდა, რომ ფილადელფიის ოჯახში ეს არასოდეს მოხდებოდა, ვინაიდან იქ მას ყველა უბრალოდ ლაწირაკად თვლიდა, რომელსაც გაუმართლა თვით ჟიულ კოლესანოს სიძე რომ გახდა. რიჩის უამრავი საინტერესო ჩანაფიქრი ჰქონდა და მან ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. მან მკითხა, ვიყავი თუ არა თანახმა, მას დავხმარებოდი. მე ვუპასუხე "დიახ", მაგრამ არ გამიმხელია, რომ ფედერალური აგენტი ვიყავი, სანამ მან თავისი სიმამრი არ ჩაუშვა. სანამ ყველაფერს ვაღიარებდი, უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ იგი მართლაც ამომავალი ვარსკვლავი იყო.
– მაგრამ რა ჯანდაბად გენდობოდა მას შემდეგ, როდესაც გიაგო, რომ ჯაშუში იყავით?
– როგორც უკვე გითხარით, ჩვენ სულიერად მონათესავენი ვართ. სხვათა შორის, სწორედ მე ჩავაწოდე აზრი, რომ ნიუ–იორკელი ნათლიმამების მხარეს გადასაულიყო. და მოჭრილი თავებიც ჩემი იდეა იყო, მაგრამ თქვენ აი რისი აღიარება მოგიწევთ, ბერტი. ყველა ჩვენგანს, მე და რიჩის, გვქონდა ის რაც აკლდა მეორეს. მას სჭირდებოდა ძალაუფლება, მე კი ფული. ერთად ჩვენ მივიღეთ ის რაც გვსურდა.
გიბსონმა ზიზღით შეიჭმუხნა სახე.
– რა ნაძირალა ხართ! არ მჯერა, რომ საქმე მხოლოდ ფულშია.
კინიმ ყავა მოსვა.
– დიახ, ეს თქვენთვის გაუგებარია, ბერტი. თქვენ ბერივით ცხოვრობთ, თქვენ არ გაინტერესებთ ნივთები და რაც მთავარია, არ გყავთ შვილები. ფულს თქვენთვის არ აქვს ის მნიშვნელობა, რაც აქვს ჩემთვის.
– კარგით, დავუშვათ. და დედათქვენს რთული ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.
– ძალიან ძვირი ღირს კოლეჯში სწავლა, ბერტი. ჩვენს დროში სრულფასოვანი განათლება 60 ათასი დოლარი ღირს, და ეს მხოლოდ ბაკალავრის დონეზე. ინფლაციის და ჩემი შვილების ასაკის გათვალისწინებით მათი განათლებისთვის ექვსას ორმოცდაათი ათასი დამჭირდება, ხოლო სპეციალური აგენტის შემოსავალი თქვენთვის კარგად არის ცნობილი. თუნდაც ხვალვე რომ დამნიშნონ ფბრ–ს დირექტორად, ამას მაინც ვერ შევძლებ.
– შეიძლება ისინი ტექნიკურ კოლეჯში გაგზავნოთ, ხოლო გოგონებმა დალაქობა ისწავლონ.
მან ეს მხოლოდ იმისთვის წარმოსთქვა, რათა კინისთვის რაღაცით მაინც ეწყენინებინა.
მან ჩაიცინა.
– ეს საჩემო არ არის, ბერტი. არა, ჩემი შვილები მიიღებენ ყველაფერ კარგს. ყოველ შემთხვევაში იმ ყველაფერს რაც თავად მე მქონდა; ვინაიდან, თავად წარმოიდგინეთ, ჩვენს სამყაროში ცხოვრება ყოველ დღე რთულდება და კონკურენცია, რომელთანაც შეჯახება მომავალში მოუწევთ, სულ უფრო სასტიკი ხდება.
გიბსონმა ამის პასუხად, მხოლოდ თავი გადააქნია. ესღა აკლდა, ამ ნაძირალას მიმართ თანაგრძნობა გამოეხატა. უბრალოდ, დაუჯერებელია, როგორ ახერხებენ ასეთი ნაძირალები რაციონალური საფუძვლის ნებისმიერ რამეზე მორგებას, მათ შორის მკვლელობაზე, რათა საქმე მათ სასარგებლოდ შეტრიალდეს. არა მხოლოდ რაციონალური საფუძვლის მისადაგებას, არამედ მის ისე ბუნებრივად და ლოგიკურად წარმოდგენად, თითქოსდა საუბარი ჩვეულებრივ ბუნებრივ მოვლენაზე იყოს. ეშმაკსაც წაუღია მისი თავი.
– დამიჯერეთ, – განაგრძობდა კინი, – რა თქმა უნდა ამ ყოველივეს მიღწევას სხვა გზებით ვცდილობდი, მაგრამ ვარგამ უნიკალური შესაძლებლობა შემომთავაზა, ისეთი როგორიც ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა ადამიანს. მე გადავწყვიტე, რომ ეს მისაღები გადაწყვეტილება იყო ჩემს წინაშე მდგარი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად. მე, ასე ვთქვათ სხვა გამოსავალი არ მქონდა. დარწმუნებული ხართ, რომ ყავა მართლა არ გინდათ? თქვენთვის ერთი ჭიქა მაქვს გადანახული.
გიბსონმა არაფერი უპასუხა. კინის ყურებისგან გული ერეოდა.
კინიმ ხმაურით ამოისუნთქა, ადგილიდან წამოდგა.
– კარგით, თუ თქვენ ეს შვებას მოგგვრით, ბიჭებს ვურჩიე, რომ გარკვეული დროით ხელი არ გახლონ. ჩვენ მანამდე არ შეგეხებით, სანამ თქვენს მეგობარ ტოცის არ ვიპოვით. იმ დროისთვის კი შევეცდები გადავწყვიტო, თუ რომელი მოკვდება თქვენს შორის პირველი, ხოლო მეორემ უყუროს თუ როგორ მოკვდება მისი მეგობარი. თუმცა ისიც შეიძლება, რომ ისეთი რამ მოვიფიქრო, რომ ორივე ერთდროულად მოკვდეთ, ერთმანეთის ყურებით, – მან ყავა ბოლომდე დალია, – ისევ შევხვდებით, ბერტი.
გიბსონმა მიმავალი კინი ნაბიჯების ხმას მიაყურადა. მას ეს ნაძირალა ყველაზე მეტად სძულდა, მათ შორის ვინც კი თავის ცხოვრებაში სძულდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 
































































