asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვისაც დედა ცოცხალი აღარ ჰყავს, ალბათ დამემოწმება, რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო გენატრება დედა და სიყვარულიც უფრო გიცხოველდება მის მიმართ. სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რ
– გაიღვიძე, შვილო, გაიღვიძე, ადექი, ანგელოზების სანახავად წადი! – სიზმარში გამომეცხადა დედაჩემი და თანაც ეს სიტყვები ისე ცხადად ჩამძახა, რომ გავიღვიძე, დედაჩემს დავუწყე ოთახში ძებნა. საწოლ ოთახში რომ ვერ ვნახე, ლოგინიდან წამოვხტი და მთელი სახლი მოვათვალიე
ვისაც დედა ცოცხალი აღარ ჰყავს, ალბათ დამემოწმება, რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო გენატრება დედა და სიყვარულიც უფრო გიცხოველდება მის მიმართ. სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რ

2011-04-04 15:41:38



სწორედ იმედითა და ხალისით სავსემ გავიღვიძე იმ დილით, დედაჩემი რომ დამესიზმრა და როცა გახარებულს უცებ გამახსენდა, რომ დედა ცოცხალი აღარ მყავს და ტყუილად ვეძებ აქეთ–იქით, რატომღაც მაინც არ ჩამიქრა იმ სიხარულის განცდა, სიზმარში რომ დამეწყო და ცხადში გადმომყვა: გაიღვიძე, შვილო, გაიღვიძე, ადექი, ანგელოზების სანახავად წადი! – ჩემდაუნებურად ვიმეორებდი გულში და ყურებში ისევ ცხადად მესმოდა დედაჩემის ხმა.
მიხაროდა. აღგზნებული ვიყავი სიხარულით. თითქოს რაღაც დიდხანს შეგუბებული გამეხსნა სულში და ეს რაღაც იყო გულში დაგუბებული დარდი, რომელსაც ათი წელია დავატარებდი და ვერავისთვის ვერ მეთქვა. ათი წელიწადია, რაც დედაჩემი ამ სოფლიდან წავიდა და წავიდა ისე, რომ ორმოცი დღის განმავლობაში, საავადმყოფოს ვიწრო პალატაში გვერდით ვეჯექი და ის კი მხოლოდ თვალებით მელაპარაკებოდა რაღაცას, დამბლადაცემულს პირიდან ხმა არ ამოსდიოდა და მეტყველება არ შეეძლო
ვის არ უყვარს დედა და ვინ არ ნატრობს ავადმყოფობის ჟამს მის გამოჯანმრთელებას და, რაღა თქმა უნდა, მეც ვევედრებოდი ღმერთს დედაჩემის გადარჩენას, მაგრამ როცა ის თვალებით მელაპარაკებოდა, რაღაც ისეთს ვგრძნობდი, რისი გაფიქრებაც კი ცოდვად მიმაჩნია და დღესაც ცოდვად მომყვება: "ვაითუ ისე გადარჩეს დედაჩემი, რომ მეტყველება აღარ დაუბრუნდეს!" – გამიელვებდა თავში ეს ცოდვიანი აზრი და შიშით ვკანკალებდი, ვეღარ ვუყურებდი დედაჩემს, რატომღაც მეგონა, რომ იგი ჩემს ფიქრს კითხულობდა და თვალები სწორედ ამას მეუბნებოდა: "ნუ გეშინია, შვილო, თუ ჩემი სიცოცხლით ვინმეს შევაწუხებ, წავალ ამ ქვეყნიდან", – და აასრულა კიდევაც ეს; რომ შეატყო, რომ ექიმები ვეღარაფერს შველიდნენ და მეტყველებაც არ უბრუნდებოდა, ჭამა აკრძალა.
ილეოდა დედაჩემი და მელეოდა გული. ნეტავი რამ მათქმევინა მისთვის: დედი, ნუ დადიხარ სათიბად მთაში, გაყიდე ეს საქონელი, თორემ იცოდე, კიდევ თუ დაგარტყა წნევამ, აღარ მოგივლი და აღარც დაგელაპარაკები! – ეს სიტყვები ვითომ შესაშინებლად ვუთხარი მაშინ, რომ თავი გაენებებინა იმ აუტანელი ჯაფისათვის, რასაც დედაჩემი ეწეოდა ყოველდღე. მე ქალაქში ვიყავი გადმოხვეწილი და ცოტა ხნით თუ მივეშველებოდი სათიბზე, დანარჩენი სახლის საქმე დედაჩემის მხრებზე გადადიოდა. გუდამაყრის ხეობაში ზამთარი რვა თვეს გრძელდება და ოცი ძროხის სამყოფ საზამთრო თივას ციცაბო მთებში ამზადებდა დედაჩემი.
– რად გინდა მაგდენი ძროხები, ერთ–ორი არ გეყოფა?! – ვებუზღუნებოდი ალბათ უფრო იმიტომ, რომ თავი გამემართლებინა, რაკი სათიბში ვერ ვეხმარებოდი.
– რას ამბობ, შვილო, ხალხი დამცინებს ორ ძროხას რომ ავყვე–ჩავყვე, სირცხვილია, ცოცხალმა ადამიანმა უმაქნისოდ როგორღა უნდა დავამძიმო დედამიწა?!
– ორი ძროხა არ გეყოფა, აჰა, თუ ჩემი იმედი არა გაქვს, რომ მშიერს არ დაგტოვებ?
– მე როგორ არ მეყოფა, მაგრამ შვილიშვილებს სოფლის სახსარს ხო არ გავუწყვეტ!
– ჰოდა, წამო შვილიშვილებთან.
– ქალაქში რო ვერა ვძლებ ეს ჯანმკვდარი! – ამოიოხრა დედაჩემმა და ისე შეხედა მთებს, თითქოს დააიმედა: ნუ გეშინიათ, თქვენ არ შეგელევით, თქვენთან ერთი დღის სიცოცხლე ერთ საუკუნედ მიღირსო.
დედაჩემი ბუნების შვილი იყო და მართლა არ შეეძლო მთების გარეშე სიცოცხლე. ყველაფერს ელაპარაკებოდა: ხეს, ქვას, ყვავილებს, ფრინველებს. ისინიც თავისებურად რაღაცას ატყობინებდნენ, მოსალოდნელი ამბის ნიშანს აძლევდნენ. ერთი ყვავი ჰყავდა მაცნედ როცა მე უნდა ჩავსულიყავი სოფელში, მიფრინდებოდა ის ყვავი ჩვენს სახლთან და ჩხავილით ატყობინებდა დედაჩემს სასიხარულო ამბავს. ერთ დილითაც ასე უმცნია ყვავს და დედაჩემი საქმეზე აღარ წასულა, რაკი ყვავმა ამცნო ჩემი ჩასვლის ამბავი. რომ დავიგვიანე და არ მივედი, ნაწყენი ხმით გაჰბრაზებია ყვავს დედაჩემი:
– კარგი, კარგი, გაჩუმდი, ხო ხედავ, არ ჩამოვიდა, შენც ტყუილები დაგისწავლია.
– ვის ელაპარაკები, ლელავ?! – გამოლაპარაკებია მეზობელი.
– ყვავს.
– როგორ თუ ყვავს?!
– დილას აქეთია მეუბნება, შენი შვილი მოდისო და მეც საქმეზე აღარ წავე ამის ტყუილების შემყურე.
– ვაი ჩემ თოლებსა! – იმწუთას სხვა მეზობლებში გაქცეულა შეშინებული მეზობელი, მგონი, ლელაი გაგიჟდა, ყვავს ელაპარაკებაო და მეზობლებიც ჩემს სახლთან მოგროვილან. ამასობაში მეც მივედი, ყვავმაც ფრთები აიქნია და ყრანტალით გაფრინდა: ანდე თუ არ მოვიდა, არაფერს რო ამ სოფელში არ მიჯერებთო – დედაჩემმაც გაიხარა, რადგან დიდი ხანი არ ვენახე და ამ ამბის შემყურე მეზობლები კი კინაღამ გაგიჟდნენ.
მე, ჩოხიდან ბურსაჭირისაკენ მიმავალ გზაზე, ერთი მკერდწამოყუდებული კლდის ძირში გამაჩინა დედაჩემმა და ახლაც მახსოვს, ბავშვობაში როგორ მეშინოდა ხოლმე იმ კლდისძირ გავლა. კლდე რაკი გადმოხრილი იყო, ასე მეგონა, ეს–ესაა წამოიქცევა და დამეცემა–მეთქი. იქვე, კლდის ძირში ამოდიოდა დაწყევლილი წყარო, რომელიც წელიწადის ერთსა და იმავე დღეს ამოედინებოდა და ერთსა და იმავე დღეს დაწყდებოდა. ლეგენდის მიხედვით, ამ ადგილას უცხოვრია მკურნალ მოძღვარს, რომელმაც შეიკედლა და მოარჩინა ახალგაზრდა მოხევე ქალი, რომელიც საყვარელმა იმ წყაროსთან მოკლა, ამ ამბავზე კი შემდეგ ალექსანდრე ყაზბეგმა "მოძღვარი" დაწერა, მეორე ლეგენდის მიხედვით კი ახალგაზრდა ბიჭი დასალევად დასწაფებია წყაროს და სწორედ ამ დროს დაუკრიათ თოფი მოსისხლეებს. ძმის სიკვდილით გამწარებულ დას კი ეს წყარო დაუწყევლია, რადგან მისი მიზეზით მოუკლეს ძმა. ეს საიდუმლოებით მოცული წყარო, წამოსაქცევად გამზადებული კლდე და დედაჩემის მონაყოლი: ამ კლდის ქვეშ გაგაჩინეო, ჯერ მაშინებდა, მერე კი იდუმალი გულისძაფებით გამომიბა და ბოლოს ისე მივეჩვიე, სამალავი გავიკეთე იმ კლდეში. ეგ კი არ ვიცი, ვის ვემალებოდი. უშიშრად ავცოცდებოდი შუა კლდემდე და იქ მქონდა ჩემი ციხესიმაგრე, რომელიც ერთ პატარა გამოქვაბულს წარმოადგენდა. მტერი არასოდეს დამსხმია თავს, მაგრამ მე კი ბევრჯერ გავუხეთქე მგზავრებს გული. როგორც კი კლდის ქვეშ მიმავლ ბილიკზე მგზავრი გამოჩნდებოდა, მე გამოქვაბულიდან ჩავძახოდი:
– ვინა ხარ, ვინ?
მგზავრი გაჩერდებოდა.
– რომელი ხარ–მეთქი, არ გესმის შენა?!
– კაცილაი ვააარ!
– მერე და არ იცი, რომ ჩემი შიშით დაბლა ჭიანჭველას არ გაუვლია და მაღლა ფრინველს! – ჩავძახებდი და ისეთ ხმას გამოსცემდა გამოქვაბული, შეშინებული კაცილაი უკანვე გარბოდა ზოგიერთი მუხლებზე დაეცემოდა და შემომძახოდა:
– ეს ერთხელ მაპატიე, დალოცვილო და მეტს აქ აღარ გავივლი!
ხმა გავარდა, ხატი ჰკრძალავს კლდის ძირზე გავლასო და აღარავინ ეკარებოდა იმ გზას, არაგვის მეორე მხარეს გაიკეთა ხალხმა გზა. მეც მოვიწყინე და ჩემმა კლდემაც. დარჩა ისევე იდუმალად, როგორც და–ძმისა და წყაროს ლეგენდა.
სწორედ ამ კლდესთან დაჰფრენია წინ გზაზე მიმავალ დედაჩემს ოფოფი და ბურსაჭირამდე ასე უვლიათ.
– რაო, ოფოფო, რაო, ცუდი ამბავი მომიტანე თუ კარგი? – შეჰკითხვია სათიბიდან მომავალი დედაჩემი და ცოტა კი შეშინებულა, რაკი ოფოფი ცუდი ამბის მაუწყებლად ითვლებოდა მთაში.
ოფოფიც თურმე თავის ენაზე დაელაპარაკა დედაჩემს და მეორე დღეს, როცა შვილიშვილის მახარობლად ჩავუვედი, დედაჩემმა ღიმილით მითხრა:
– ვიცი, ვიცი, ბიჭი გეყოლა და სამახარობლოც სხვამ წაიღო.
– ვინ გითხრა?! – გამიკვირდა, რადგან როგორც კი ქალაქში პირველი ბიჭი მეყოლა, მეორე დილით დედაჩემთან გავიქეცი მახარობლად.
– რა იცი, დედი, ვინ გითხრა?!
– ოფოფმა მახარა.
რაღას ვიზამდი, დამასწრო ოფოფმა, მაგრამ ოთხი წლის მერე კიდევ შემეძინა ბიჭი და ისევ დედაჩემთან გავიქეცი.
–კიდევ დაგასწრო იმ ოფოფმა, ჩემო ბიჭო, კიდევ დაგასწრო! – სიცილით შემეგება დედაჩემი.
ისევ იმ კლდესთან მიმავალს დაჰფრენია წინ ოფოფი და ისევ ისე გასძღოლია წინ.
ერთხელ, ჩემს პატარაობაში, სწორედ ამ კლდესთან მოგვასწრო საშინელმა დელგმამ მე და დედას. მთებს შორის ისეთი ნისლი ჩამოწვა, ორ ნაბიჯზე გზას ვეღარ ვხედავდით. ატყდა ჭექა–ქუხილი. ელვა გააპობდა მღვრიე ნისლს, გამოანათებდა ვიწრო ხეობას და მერე ისეთი ხმით გავარდებოდა ცაზე მეხი, მეჩვენებოდა, რომ მთელი დედამიწა ტორტმანებდა და რატომღაც მომეჩვენა, რომ ვიღაცას ჩემი და დედაჩემის გადაყრა უნდოდა დედამიწიდან, კაბის კალთაზე ჩავაფრინდი და არანაკლებ შეშინებულმა დედაჩემმაც ორივე ხელი შემომხვია, რომ ქარიშხალს არ მოვეტაცნე. ცოტა ხანს ზემოდან მეფარებოდა. კლდის ქვეშ შეფარებას ვერ ბედავდა, ალბათ რაკი გამოქვაბულს ხშირად მეხი ეტანება, მაგრამ ისეთი სეტყვა წამოუშინა, ერთი კუმფხალიც რომ მომხვედროდა თავში, სულს გამაფრთხობინებდა და დედაჩემმაც წამოშვერილ კლდის ქიმს შეაფარა თავი. როგორც წისქვილში სარეკელა, ისეთ ხმაზე ხმაურობდა ხოშკაკალა. ასეთი გაჯავრებული და გულამღვრეული ბუნება ჩემი ამქვეყნად ყოფნის სამი წლის მანძილზე ჯერ არ მენახა. პირდაპირ ჩვენს იქი–აქა ეცემოდა მეხი და დამწვრის სუნი ტრიალებდა ირგვლივ.
– დაგვიფარე, დალოცვილო დედა ღვთიშობელო, შენი მფარველი კალთა გადმოგვაფარე! – პირჯვარს იწერდა დედაჩემი და ბეჭებით მიგერიებდა კლდეზე ასხლეტილ კვერცხისტოლა სეტყვას. მაინც მომხვდა ერთი მარცვალი, თუ იმას მარცვალი ეთქმოდა და ლამის გული წამივიდა.
– ამ კლდის ქვეშ გამახარე, დალოცვილო, ამის დაბადებით და ამ კლდის ქვეშ ნუ გამამწარებ, ნუ გამამტაცებ ხელიდან! – ევედრებოდა ღმერთს დედაჩემი.
მაშინ მართლა ვირწმუნე, რომ თუ დედაჩემი ასე ილოცებდა, ღმერთიც შეწყვეტდა ჭექა–ქუხილს და სეტყვას. გულში მეც დედის ნათქვამ ლოცვას ვიმეორებდი, რომ უფრო მეტი ძალა ჰქონოდა ღმერთთან მისასვლელად.
გაიგონა ღმერთმა ჩვენი ლოცვა. როგორც უცებ წამოუშინა სეტყვამ, ისევე უცებ შეწყდა, მთელი მიდამო რაღაცის მოლოდინში გაინაბა და ეს რაღაცა საშინელი ქუხილი აღმოჩნდა. ჩვენს იქით მდგარ უზარმაზარ მუხას მეხი დაეცა და გულიდან ცეცხლი ამოვარდა. ატკრციალდა მუხა, შავი კვამლი და ცეცხლის ენები მაღლა ამოდიოდა მისი გულიდან. ერთბაშად სადღაც გაქრა ხეობაში ჩამოწოლილი მღვრიე ნისლი. მთელი მიდამო თეთრად იყო გადაპენტილი. ცა გადაიწმინდა და ლურჯად ალივლივდა. როგორც მოსევადებულ ვერცხლის სინზე ოქროს თუმნიანი, ისე აბრჯღვიალდა ზედ ჩამავალი მზე. გამოღმა მთიდან გაღმა მთაზე ცისარტყელა გადაირკალა და დედაჩემი თავშესაფრიდან გავიდა. მე გარეთ გამოსვლის შემეშინდა და უფრო მივეკარი კლდის ძირს.
– გამოდი, ნუღარ გეშინია, – მითხრა დედაჩემმა.
– კიდევ რომ იქუხოს?
– მეტს აღარ იქუხებს.
– სეტყვა რომ ჩამოცვივდეს?
– აღარ ჩამოცვივა.
– რატომ, მეტი აღარა აქვს ღმერთს?
– აქვს, მაგრამ აღარ ჩამოჰყრის.
– რო ჩამოგვაყაროს?
– ცისარტყელა რომ გამოჩნდა, აღარ ჩამოგვაყრის.
– ცისარტყელა არ ჩამოუშვებს? აქეთ–იქით რომ ჩამოყაროს?
– ნუ გეშინია, ცისარტყელა ღმერთის ნიშანია, გვეუბნება, იმედიანად იყავით, აღარაფერს დაგიშავებთო.
მე გაუბედავად, მაგრამ მაინც გამოვედი კლდის ძირიდან და კაბის კალთაზე ხელჩაბღრეული გავყევი დედას ბურსაჭირისაკენ მიმავალ გზაზე. საძოვარ ფერდობებზე სეტყვისაგან დახოცილი ცხვარ–ძროხა ეყარა.
– ვაიმე, ჩემო ძროხებო! – ოხვრა აღმოხდა დედაჩემს.
– იქნებ, იმათაც კლდეს შეაფარეს, დედი, თავი, – ვანუგეშე დედაჩემი.
ბრეზენტის ტოტებში რეზინებგაყრილი შარვალი მეცვა და ისე იყო სეტყვისაგან გაყინულ–გაბერილი, ფხაკაფხუკით მივყვებოდი დედაჩემს.
– შენ რომ სთხოვე ღმერთს, იმიტომ შეწყვიტა სეტყვის ჩამოყრა ციდან, ხო, დედიკო? – დარწმუნებულმა მაინც ვკითხე დედას.
– ხო, შვილო, დაილოცოს ღმერთის განგება.
– მუხის დედამ არ სთხოვა? – ვკითხე ისევ და დანანებით გავხედე მუხას, გულიდან რომ ცეცხლი ამოსდიოდა, – რატომ არ სთხოვა, დედი, მუხის დედამ, ჩემს შვილს ცეცხლი არ მოუკიდოო, ჰა?!
– დედა აღარ ჰყავს მაგ მუხას და იმიტომ, შვილო.
– ვინ მოუკლა?
– კაცმა.
– რომელმა კაცმა?
– ცულიანმა.
– მერე შენ რატომ არ სთხოვე, დედი, რომ მუხასაც არაფერი დაუშაოო, შენ ხომ ყველაფერს გიჯერებს ღმერთი, არც მუხას ესროდა მეხს.
– რა ვიცი, ვეღარ მოვიფიქრე, შვილო, – დანანებით თქვა დედაჩემმა და მე უფრო მაგრად დამწყდა გული, რომ ეს ვერ მოიფიქრა დედაჩემმა.
ფრინველები ნელ–ნელა იწყებდნენ ჭიკჭიკს და როგორც ჩანს, ამით გადარჩენას ულოცავდნენ ერთურთს.
ბურსაჭირში რომ მივედით, სასიხარულო ამბავი დაგვხვდა: ჩვენი სახლის წინ, გორაზე გადმომდგარიყვნენ ჩვენი ძროხები და გამოგყვიროდნენ.
– დაილოცა დედაღვთისმშობლის მადლი! – წამოიძახა დედამ და ფეხს აუჩქარა. მეც გაფხროკებული შარვლის ტოტების ფხაკაფხუკით გავყევი თან.
არაგვზე გადებულ ხიდზე არაგვის შავი ტალღები გადადიოდა ზემოდან. ხიდის წაღებას ცდილობდა გულჯავრიანი არაგვი. აქამდე ზაფხულის გვალვებით მისუსტებულს, ახლა ღონე მოეკრიბა და ლოდებს მიაგორებდა. ჩვენი სახლი მდინარის გადაღმა ფერდობზე იდგა და მეტი გზა არ იყო, იმ ხიდზე უნდა გადავსულიყავით. დედაჩემმა ხელში ამიყვანა, კიდევ ერთხელ შეევედრა ღვთისმშობელს, პირჯვარი გადაწერა და ხიდზე შედგა. არაგვის ტალღებმა თვალი ამიჭრელა. თავბრუ დამეხვა. ნელ–ნელა, მოზომილად მიიწევდა წინ დედაჩემი. ხიდის მორებზე სიპი ქვები ეწყო ზემოდან და თუ ფეხს საიმედოდ არ დაადგამდი, შეიძლება სიპზე გასრიალებულიყავი, რადგან მდინარის ტალღები ზედ გადადიოდა და მოლიპულს ხდიდა. ის იყო, გავაღწიეთ ნაპირამდე, რომ არაგვის ტალღამ ხიდის მორი ჩააგდო და მე და დედა მდინარეში ჩავცვივდით. ნაფოტებივით მოგვიტაცა აღელვებულმა არაგვმა. მე აღარაფერი მახსოვს, იმის მეტი, რომ რაც შეიძლება მაგრად ვებღაუჭებოდი დედას ტანსაცმელზე. ერთ ადგილას ტალღამ ნაპირისაკენ მიგვაგდო და დავინახე, როგორ მორბოდნენ ჩვენი ძროხები ჩვენკენ ყვირილით. დედაჩემმა ლოდს შემოხვია ხელები და ერთსა და იმავეს მიმეორებდა:
– ხელი არ გამიშვა, შვილო, ხელი არ გამიშვა! – მეც, რაც შემეძლო ვებღაუჭებოდი კაბაზე. დედაჩემმა ძალ–ღონე მოიკრიბა და მდინარის ნაპირისაკენ წავიდა, თან ღვთისმშობელს ევედრებოდა, თან მე მეხვეწებოდა, ჩამებღაუჭე, ხელი არ გამიშვაო. წყალი ცივი იყო და ხელებში ღონე მელეოდა. გააღწია, როგორც იქნა, ნაპირზე გააღწია დედაჩემმა და ისე მაგრად ჩამიკრა გულში, კინაღამ დამახრჩო. ჩვენი ძროხები გარს შემოგვეხვიდნენ და ზმუოდნენ. თავსა და მხრებზე დრუნჩებს ადებდნენ დედაჩემს. მოკრიალებულ ვერცხლისფერ ზეცას, ჩამავლი მზის სხივები ოქროსფრად ასევადებდნენ. იმ დღეს სამარადისოდ შემიყვარდა ჩვენი გადამრჩენელი დედაღვთისმშობელი. მერე სადაც რა გამიჭირდებოდა, შეწევნას მას ვთხოვდი და როცა გავიგე, დედაჩემისთვის ბურსაჭირში წნევას დაერტყა, რაღა თქმა უნდა, დედაღვთისმშობელს შევევედრე. სოფელ ჩოხამდე მანქანით მივედი და მერე, თითქმის სირბილით გავუყევი ბურსაჭირისაკენ მიმავალ გზას, მაინცდამაინც ისევ იმ მკერდწამოშვერილ კლდესთან შევხვდი დედაჩემს, რომელიც ნათესავებს სახელდახელოდ საკაცეზე დაეწვინათ და მე რომ დამინახეს, დაბლა დაუშვეს ფრთხილად. მივედი. შემომხედა დედაჩემმა.
– ხომ გითხარი, დედი, რომ გეუბნებოდი, ნუ თიბავ, თორემ წნევა დაგარტყამს და ხმას აღარ გაგცემ–მეთქი. რა ვქნა ახლა, რა ვქნა, ჰა?! – წამომცდა საყვედური და ისევ გავუმეორე:
– რა ვქნა, ჰა?!
– ვეღარ ლაპარაკობს, – დანანებით წამჩურჩულა ნათესავმა. დედაჩემს შევხედე, იმან თვალი ამარიდა და მკერდწამოწეულ კლდეს მიაშტერდა. იმ დღის მერე ორმოცი დღე იცოცხლა საავადმყოფოს ვიწრო პალატაში. მე ვემუქრებოდი, არ დაგელაპარაკები–მეთქი და თვითონ ვეღარ დამელაპარაკა.
პალატაში ჩემი დაც იყო, ჩემი ძალუები და ბიძაშვილებიც, ჩემი დისშვილებიც, დედაჩემი კი რატომღაც სულ მე მიყურებდა, თითქოს ჩემს მოძრაობას იმახსოვრებდა, რომ იმ ქვეყანაზე არაფერი დავიწყნოდა ჩემი, არც ერთი მიმოხრა, არც ერთი დამახასიათებელი ნიშანი ჩემი არსებობისა. არც თავისი დანაპირები დაივიწყა: თუ სიცოცხლის თავი აღარ მექნება, ჩემი შენახვით არავის შეგაწუხებთ, არც შვილებს, არც შვილიშვილებს და არც დედამიწას დავამძიმებ უქმად ყოფნითო. აკრძალა ჭამა და დაილია, დაილია, როგორც ცვილის სანთელი ბნელ ღამეში.
* * *
– საჭმელს რომ არ ჭამ, მოცემული პირობის შეუსრულებლად გინდა დამტოვო ამ ქვეყანაზე? – უსუსურობისა და უმწეობის გასაფანტავად, რაღაც გასამხიარულებელ ამბავს რომ ჩაეჭიდება კაცი, ისეთი უმარილო ღიმილით გავეხუმრე დედაჩემს.
– რა პირობის? – გაოცებული თვალებით მკითხა.
– გახსოვს, "ბაკურხეველი ხევსურის" გადაღებაზე რომ შემპირდი, ეს კინო დაამთავრე და იცოდე, ისე არ მოვკვდები, ერთი პანღური შენც არ ამოგარტყაო. აბა, თუ საჭმელს არ შეჭამ, ღონე სულ გამოგელევა და როგორღა შემისრულებ პირობას?
დედაჩემმა გამიღიმა, მერე ელდამ გადაუარა სახეზე და რატომღაც თვალწინ დამიდგა სწორედ ისეთი შეშინებული, ერთ–ერთი კინოგადაღების დღეს რომ მოვიდა ავტობუსის გაჩერებიდან სახლში, დამიმარტოხელა და ღიმილით მითხრა:
– ეხლა ამოდენა ხალხში ხომ არ შეგარცხვენ და იცოდე, ისე არ მოვკვდები, ერთი პანღური შენც არ ამოგარტყა.
სწორედ იმ დღეს, ჩემს სადებიუტო ფილმში, პანღურების სცენას ვიღებდი. ფილმის გმირები ჩემი ძალუები და ბებიები იყვნენ, მარტო ორი–სამი პროფესიონალი მსახიობი მყავდა გადაღებაზე. თავიდან ძლივს დავითანხმე ფილმში გადაღებაზე ჩემი ძალუები: რას ამბობ, შვილო, ქვეყნის სასაცილოებს ნუ გაგვხდი, რაღა დროს ჩვენი კინოში მასხარაობაა, – იუარეს ჩემი თხოვნა და მანამდე არ დამთანხმდნენ, სანამ დედაჩემი არ შეეხვეწა:
– ე ბალღის გულს ნუ დამიღონებთ და გინდა, წყლის მზიდავად დაგიდგებით საიქიოში!
ყველას უყვარდა დედაჩემი და დამთანხმდნენ. ხან ფეხბურთი ვათამაშე დოლით, ხან მთიდან მთაზე ვარბენინე ეს ხნიერი ქალები და როცა პანღურების სცენის გადაღება შევთავაზე, გადაირივნენ:
– რას ამბობ, შვილო, სად გაგონილა ქალმა კაცს ამოარტყას პანღური!
– კინოში რა უშავს, ძალო!
– როგორ თუ რა უშავს? კაცსა და ქალს შორის კინოშიც უნდა იყოს ხათრი და რიდი, ცხადშიც და სიზმარშიც.
– აბა, რა ვქნა, ეგ რო არ გადავიღო, კინო არ გამომივა.
– ვერა, შვილო, ვერა, მამით არ მოგვდგამს ეგ საქციელი და პაპით, თანაც უცხო კაცია, სადღა გამოგვეყოფა თავი, სტუმარს რომ წიხლი ამოვარტყათ.
ის, ვისთვისაც პანღურები უნდა ამოერტყათ, ჩემი ფილმის მხატვარი იყო და ახლა ის შეეხვეწა: მე არ მეწყინება, ძალიან გთხოვთ, ამომარტყით პანღურებიო.
– აბაიმე, ქალო, აბა ამას უყურე, კიდეც რომ გვეხვეწება! – გაიოცეს ჩემმა ძალუებმა.
მე ისევ დედაჩემისკენ დავყარე ღონე და ისევ ვერ გაუტეხეს დედაჩემს ხათრი, დამთანხმდნენ.
ბებიაჩემი, კოტორიანთ ქალი, გაჯიუტდა:
– აექ ტყვია დამკარით და მე მაგ კაცს პანღურს არ ამოვარტყამ!
– ვაიმე! მღალატობ, ბები?!
– მე კი არა, შენ მღალატობ ამ სიბერეში.
– მე რატო, მე რატო, როდისმე რამე გაწყენინე?
– ეხლა მაწყენინე.
– შენ ხომ მაინც იცი, რომ კინოა და რაც ხდება, თამაშია.
ეს იმიტომ ვუთხარი, რომ მანამდე საკურსო ფილმში ვათამაშე მთავარი როლი და როცა თავის ჩამოხრჩობის სცენას ვიღებდი, ავუხსენი ბებიაჩემს, როგორ უნდა ეთამაშა ჩამოხრჩობის წინ განწირული ადამიანის ტრაგედია.
– შენ მაგ აპარატის გესმის რამე? – მკითხა ბებიამ.
– როგორ არა, ბები, მეტს კი არაფერს მასწავლიან იმ ინსტიტუტში.
– ხოდა, შენ შენს აპარატს მიხედე, მე კიდევ თვითონ ვიცი, რა სახეც უნდა მივიღო ჩამოხრჩობის წინ, განა ერთხელ ჩამომიბია ტყეში ხეზე თოკი და ორჯერა, გაჭირვებას დაუდგეს თვალი, რას არ გაგაბედვინებს, მაგრამ რო მაინც ტკბილია სული?! – მითხრა მაშინ ბებიამ და ისე ითამაშა ეს სცენა, ისე შეიჭრა როლში კინაღამ მართლა ჩამოგვეხრჩო. ახლა კი "ცივ ქვაზე" შედგა ფეხშიშველი ჩოხელივით.
– რატო, ბები, რატო?!
– მაგ კაცს ხო ცოლი ჰყავს?
– ჰყავს, მერე?
– მერე ისა, რომ... – შეყოყმანდა ბებიაჩემი და მეც მივეძალე.
– რა მერე, რა მერე?!
– მერე ისა, რომ ერთიც უადგილო ადგილას ამოვარტყა ფეხი და კაცობა დავაკარგვინო, ცოდვა არ არიან, ან ეგა და ან მაგის ცოლი, ჰა?!
– მაგაზე ნუ დარდობ, ბები, ისეთი ფანერები ამოვაკარი შარვლის შიგნით, არაფერი მოუვა, – დავამშვიდე ბებიაჩემი და რაკი დავითანხმე, შევუდექი გადაღებას.
დედაჩემი ყველაზე გულმოდგინედ ურტყამდა პანღურებს, რომ სხვებისთვის მაგალითი მიეცა და იმათაც მაგრად ამოერტყათ. ათი თუ თერთმეტი დუბლი გადავიღე. საღამოს ქალაქიდან ავტობუსი ამოდიოდა ჩემს სოფელში და რამდენიმე წუთს მოედანზე ჩერდებოდა. დედაჩემმა ჩემი და გააცილა ავტობუსამდე. მძღოლი გადმოსულა და როგორც ჩვევიათ ხოლმე, ჯერ თურმე საბურავებს მიარტყა წიხლი და წაღუნული კაცი რომ დაინახა, არც აცია, არც აცხელა, გაექანა და გულიანად ამოარტყა პანღური. მძღოლი თავისი ავტობუსის ქვეშ შევარდა, მერე გონზე რომ მოვიდა, ქვას წამოავლო ხელი და გამოიხედა; დედაჩემის გარდა არავინ იდგა იქ. მძღოლმა ეტყობა, იფიქრა, გიჟიაო და უფრო შეიყუჟა ავტობუსის ქვეშ. სირბილით მოვიდა დედაჩემი სახლში და სწორედ მაშინ შემპირდა პანღურს.
– ხო გახსოვს? ხო გახსოვს? – ვეკითხები სიცილით დედაჩემს. ის ცდილობს გამიღიმოს, მაგრამ ეტყობა, ამის თავიც აღარა აქვს.
– ერთი წუთი მოდი, შვილო! – პალატიდან გამიხმო მამიდაჩემმა, რომელიც ამ საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო.
– შენ უკვე დიდი ხარ იმ გრძნობის ასატანად, რასაც უდედოდ დარჩენა ჰქვია. აქ ხომ არ მოვკლავთ დედაშენს, შინ წავიყვანოთ. სჯობს, იქ დალიოს სული.
მე მომეჩვენა, რომ იმ წუთას ბურსაჭირის გზაზე წამოყუდებული კლდის ქვეშ ვიდექი, ზემოდან ლოდი გადმოგორდა და რომ არ დამცემოდა, კლდის ქვეშ შევაფარე თავი, იქ დედაჩემი იყო და კაბაზე ჩავებღაუჯე. ეს მაშინ მომეჩვენა, სინამდვილეში კი პალატაში შევვარდნილვარ და დედაჩემს ვეხუტებოდი. მამიდაჩემის მკაცრმა და მოსიყვარულე მზერამ ფეხზე წამომაყენა. მერე გუდამაყრის გზას მივყვებოდით სასწრაფო მანქანით და როგორც ბნელ ღამეში ანათებს ციცინათელა, ისე მინათებდა არსებობას დედაჩემის უმწეო სული.
* * *

მზიანი დღე იყო. ხარები სასაფლაოსკენ მიმავალ აღმართს მიუყვებოდნენ. მარხილზე დედაჩემი ესვენა. სიჩუმეს თითქმის არავინ არღვევდა. მხოლოდ ხარები ფრუტუნებდნენ ხანდახან და ბიძაჩემი ელაპარაკებოდა იმათ:
– ხი, ჰო! თქვენ ტივლებო, თქვენა, როგორ გივლიდათ და დარჩით ეხლა უპატრონოდ.
მერე ვიღაცას გადაულაპარაკა დანანებით:
– ეს ორმოცი დღეა, რაც ამის საქონელი გორაზეა გადმომდგარი და გზას გამოჰყურებენ; საქონელმა თუ ესეთი სიყვარული იცოდა, არ მეგონა.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა და რატომღაც ის მთვარიანი ღამე გამახსენდა, დედაჩემი რომ მომიძღვებოდა ამ ადგილას წინ. მზის ამოსვლამდე უნდა აგვეხვეტა წინა დღეებში ნათიბი ბალახი და მთვარიან ღამეში წამომაყენა დედამ. წინ ის მიდიოდა მხარზე საფორცხველგადებული, უკან მე მივყვებოდი და ჩემი პირველი რომანის "ადამიანთა სევდის" დასასრულზე ვფიქრობდი.
ორი კითხვა მქონდა და ორ პასუხს ვეძებდი: – რა არის სიცოცხლე? და – რა არის სიკვდილი? ორი თვეა, პასუხს ვერ ვპოულობდი ამ კითხვებზე, არადა გადაწყვეტილი მქონდა, ამ კითხვების პასუხებით დამემთავრებინა "ადამიანთა სევდა".
მთებს შორის ცაზე ბადრი მთვარე ანათებს. ჩემ წინ დედაჩემი მიდის და მთვარე მის აჩრდილს აგრძელებს. მთვარემ ასე იცის, ხანდახან ისე დაგიგრძელებს აჩრდილს, უსასრულობაში გადაღუპავს. იმ ღამესაც ასე მოხდა, გააგრძელა დედაჩემის აჩრდილი, რომელიც ჩაუყვა ხევს, მერე იქიდან ამოვიდა, ფერდობს აუყვა, მეორე მთაზე გადავიდა და მთის მწვერვალებს ასცდა. მე უცებ აჩრდილს თვალი მოვარიდე და დედაჩემს შევხედე: გამხდარი, ჯაფით ჩამოლეული, ძალიან უმწეო და უსუსური მომეჩვენა თავის აჩრდილთან შედარებით, უცებ ქვემოთ დავეშვი.
– სად მირბიხარ, შვილო, სად?! – ჩამომძახა დედაჩემმა.
– ვიპოვე! ვიპოვე!
– რა იპოვე!?!
– ადამიანთა სევდის დასასრული! – შევძახე დედას, რომელმაც ალბათ ვერაფერი გაიგო ჩემი ნათქვამიდან, მე კი გიჟივით შევვარდი სახლში და ასე დავამთავრე "ადამიანთა სევდა":
– რა არის სიცოცხლე?
– სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
– სიკვდილი?
– სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.
დავმშვიდდი. დავწყნარდი, თითქოს რაღაც საიდუმლო აღმოვაჩინე ადამიანებისათვის. მერე ისევ აღმართს შევუყევი, რომ დედაჩემს დავწეოდი... აი, ახლაც უკან მივდევ და რატომღაც სურვილი მიჩნდება, დედაჩემის საფლავის ქვაზე დავაწერო როდესმე ეს სიტყვები.
ხარები ისევ ქშუტუნებენ.
– ხი, ჰო! – აგულადებს ბიძაჩემი. დედაჩემი რომ სულს ლევდა, მაშინაც ეგ მაგულადებდა:
– წადი, ძალუებს დაუძახე!
მე სოფელში დავრბოდი.
მერე ჩემი ძალუები აგულადებდნენ სულის გაყრისას დედაჩემს:
– ნუ გეშინია, ლელა, ნუ გეშინია!
და დედაჩემმაც უშიშრად შეაღო სულეთის კარი.
იმ ღამეს კი ერთ–ერთ ძალუას დასიზმრებია ისევ ცოცხალი.
– ყველაფერი მესმოდა, რასაც ჩამძახოდით: ნუ გეშინია, ნუ გეშინიაო! საშიში არც არაფერი ყოფილა, მარტო დარდი გამომყვა, ლუკას ჯემპრს ვუქსოვდი და სახელოები ვერ დავუმთავრე, – დაღონებით უთქვამს სიზმარში დედაჩემს.
– ისე ცხადი სიზმარი იყო, არ შეიძლება ის ჯემპრი სადმე არ იყოს, – იძახდა ძალუაჩემი და სკივრებში ეძებდა ჯემპრს.
– აი! აი, ღმერთო, შე დალოცვილო! – წამოიძახა გაოცებულმა და დაგვანახა დედაჩემის ნაქსოვი ჯემპრი, რომელსაც მართლა სამხრეებთან ჰქონდა წინდის ჩხირები გაყრილი. მერე იმ ძალუამ მოაქსოვა სახელოები ლუკას ჯემპრს. დედაჩემი კი მკერდზე ხელებდაწყობილი მივაბარეთ მიწას. წავიდა ჩუმად, სევდასავით. ვერ დამელაპარაკა. სულეთის ქვეყანაში შეიყოლა ხუმრობით დანაპირები და უკვე ათი წელია მას აქეთ გასული, ასე მგონია, ის დღე არ დაღამებულა, უბრალოდ, რაღაც მოხდა, ვიღაც უხილავმა, რაღაც კინოსცენა გადაიღო ჩვენი მონაწილეობით. მე კი ვიცი, რომ კინოსცენაში ყველაფერს თამაშობენ მსახიობები, მაგრამ ეს ცხადი სცენაა, დედაჩემი მიწაში დავმალეთ, სული კი იმქვეყნად წავიდა და აი, რაღაც მოხდა, დაღამდა და სიზმარში მნახა:
– გაიღვიძე, შვილო, გაიღვიძე, ადექი, ანგელოზების სანახავად წადი! – ისე ცხადად ჩამძახა, თვითონ სიზმარიც კი, ცხადი მეგონა ერთხანს. უცებ გამახსენდა, რომ ამ დილით მთაში უნდა წავსულიყავი და რომ არა ჩემი საზმარი, ავტობუსზე დამაგვიანდებოდა, ის–ის იყო სადგურიდან გასვლას აპირებდა, მე რომ მივედი. შორიდან დავინახე, დაიძრა და რამდენიმე მანძილი რომ გაიარა, გაჩერდა, მძღოლი დაბლა ჩამოვიდა, წაიხარა და ისე ათვალიერებდა ავტობუსის ძირს.
ისევ გამახსენდა დედაჩემი და სიცილით ვკითხე მძღოლს:
– გაგიფუჭდა რამე?
– რა გაცინებს მერე, არაფერიც არ გამიფუჭდა, არ შეიძლება ჩემს მანქანას შევხედო?!
– მაპატიეთ, რაღაც გამახსენდა და იმიტომ გამეცინა, – ბოდიში მოვუხადე მძღოლს და ავტობუსში ავედი.
გუშინ საპატრიარქოდან დამირეკეს და მთხოვეს, წმინდა ნინოს გზაზე მომავალ მლოცველებს დავხვედროდი გუდამაყარში. ათი დღის წინ ისინი მყინვარწვერზე წავიდნენ, რომ ბეთლემის გამოქვაბულში ელოცნათ და იქედან ქვენამთის გადმოსასვლელით გუდამაყარში აპირებდნენ გადმოსვლას. გზაზე მართლა გაუფუჭდა მძღოლს ავტობუსი და თან მე მიყურებდა, თან ბუზღუნებდა:
– ისეთ თვალს დაგადგამენ რო, გაგიფუჭდება, მა რა იქნება!
რამდენიმე კილომეტრი ფეხით ავიარე და საღამო ხანს მივედი ჩოხში. ახალი ჩოხიდან ძველი ნასოფლარისაკენ ვუყევი აღმართს. მთის ფერდზე ჩოხის წმინდა გიორგის ეკლესია გამოჩნდა. ეკლესიის ერთ მხარეს საგვარეულო სასაფლაოა, ცოტა ქვემოთ კი ნახევრად დანგრეული სოფელი ჩოხი, სადაც ჩემი ბავშვობა გავატარე. ახლა აქ ისეთი მდუმარებაა გამეფებული, თითქოს რაღაცა უნდა მოხდეს, მაგრამ არაფერი არ ხდება, მარტო წარსული მახსენდება და ხანდახან ფრინველები გადაიფრენენ ხიდან ხეზე. დედაჩემის საფლავზე ბალახია ამოსული. ამდენი ხანი ქვა ვერ დავადე და ვერც ის დავაწერე:
რა არის სიცოცხლე? და რა არის სიკვდილი?
ხან ფული არ მეყო, ხან – ნებისყოფა, უფრო კი სურვილი და სიყვარული, თორემ რატომ უნდა იყოს ასე მოუვლელი დედაჩემის საფლავი. ხელით ვეფერები მიწას, სადაც ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის სუსტი ძვლები ასვენია. ჩემს პირდაპირ თეთრი ბაზილიკა მოჩანს, მის ზემოთ კი ხატის დარბაზებია, სადაც აღდგომას, ამაღლებას, მარიამობას, გიორგობას, შობას, ახალ წელს და კიდევ სხვა დღესასწაულებს ვხვდებით ხოლმე ჩოხელები, ხატის მოედანზე შესვლა აკრძალულია უდ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: გულახდილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online