| ქალი და მამაკაცი |

ლაშა იმედაშვილი
3
ერთ დილით, მაძებრის ლონდონურ ბინაში, პუაროს საქმის მწარმოებელი, მის ლემანი, როგორც ჩვევად ჰქონდა, ახალმიღებულ კორესპონდენციას ყურადღებით არჩევდა და ახარისხებდა. მოზრდილმა კონვერტმა თავიდანვე მიიქცია მისი ყურადღება. კონვერტს საფოსტო მარკა, რომელზეც დედოფალი იყო გამოსახული, თავდაყირა ჰქონდა დაკრული, რაც, გარკვეული უხერხულობის გარდა, ინგლისში კანონითაც ისჯებოდა და სამშობლოს ღალატს უტოლდებოდა. აქედანვე ჩანდა, კონვერტი უცხოელის გამოგზავნილი უნდა ყოფილიყო, რადგან თავმოყვარე ინგლისელი ამ ყოველივეს, იგულისხმება დედოფლის საფოსტო მარკის ამბავი, არაფრის დიდებით არ იკადრებდა. ის იყო, მის ლემანს საკუთარი აღშფოთება უნდა გამოეხატა და პუაროს მეგობარ–კოლეგისთვის, კაპიტან ჰასტინგსისთვის გაეზიარებინა, რომ ტელეფონის ზარიც გაისმა. კაპიტანი ყურმილს დასწვდა, ერთხანს ილაპარაკა, შემდეგ ყველას მოუბოდიშა და სავარაუდოდ პაემანზე გაეშურა. მის ლემანმა საფოსტო მარკა გადმოაბრუნა, როგორც წესია, ისე დააწება, და კონვერტი ერკიულ პუაროს აახლა.
* * *
ღრმად პატივცემულო მუსიე პუარო!
სერ!
ამ წერილს გწერთ პატარა საქართველოდან.
ვიცით რა თქვენი გულისხმიერებისა და დამნაშავეებთან წარმატებული, დაუნდობელი ბრძოლის შესახებ, ვბედავთ მოგმართოთ თხოვნით, რათა, როგორც გჩვევიათ, ისე გამოიძიოთ ერთი სამწუხარო ფაქტი, რა თქმა უნდა, თქვენთვის შესაფერისი სათანადო ანაზღაურებით.
საქმე იმაში გახლავთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მეორე პირი. ზოგი იმასაც ამტკიცებს, მეორე არ ყოფილა, პირველი იყოო, სხვები ამბობენ, მეორე მეტისმეტია, მესამე უფრო შეეფერებოდაო, მაგრამ ერთ რამეში ყველა თანხმდება, სამეულში ნამდვილად შედიოდა. ასეა თუ ისე, ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და თქვენც გექნებათ გაგონილი.
ყველა სიკვდილის შვილები ვართ და, რა გასაკვირია, ერთ დღეს ეს სამწუხარო ამბავი მასაც გადახდომოდა თავს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უამრავი კითხვა მაინც უპასუხოდ რჩება.
როგორც გვაცნობეს, მეორე პირი ცეომ მოკლა, ანუ გაზმა გაგუდა. ცივი ზამთრისა და უხარისხო გამათბობლების წყალობით, საქართველოში არაერთი ადამიანი დაიღუპა. ყოველივე ამას ყოველგვარი ეჭვის საბაბი უნდა მოესპო, მაგრამ პირიქით კი მოხდა, რადგან სწორედ იმ დროს, როდესაც ეს ამბები ხდებოდა, ხსენებულ ბინაში და, ვგონებ, მთელ კორპუსში, გაზი გათიშული უნდა ყოფილიყო. ეს ერთი ფაქტიც საკმარისია იმისთვის, რომ გამოძიება ხელახლა დაიწყოს, თუმცა ამას არავინ ჩქარობს, ასე რომ, თქვენი იმედიღა დაგვრჩა.
აქვე გაწვდით ყველა იმ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის მოპოვებაც ჩვენ შევძელით, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე.
წინასწარ გიხდით მადლობას.
მადლიერი მკითხველი
* * *
პუაროს უყვარდა ასეთი საქმეები.
სწორედ ისეთი, ერთი რომ გგონია და მეორე აღმოჩნდება, მესამეს რომ მოუფიქრებია და მეოთხე მართავს იმ დანარჩენ სამს. არც დოკუმენტების სიმწირე აშინებდა დიდად, რადგან გაცილებით რთული მდგომარეობიდანაც სრულიად იოლად გამოსულა. ერთხელ, რა თქმა უნდა, გვარიანი სანაძლეოს ხათრით, საქმე სამ დღეში მოამთავრა, ისე, რომ საკუთარი ბინიდან ფეხიც არ გაუდგამს, თუმცა მაშინ მის ლემანი, კაპიტანი ჰასტინგსი და სკოტლანდ იარდის უფროსი ინსპექტორი ჯეიმს ჯეპი უმართავდნენ ხელს, რაც ჩვენს შემთხვევაში სრულიად გამორიცხულ საქმეს წარმოადგენდა სხვადასხვა მიზეზთა გამო, იგულისხმება იურისდიქცია, კონფიდენციალურობა, კონვენცია და სხვა ამგვარ რთულ სიტყვათა ერთიანობა.
მაინც რა ჰქონდა ერკიულ პუაროს?
რამდენიმე ოფიციალური პირის შეფასება და ასევე რამდენიმე პოლიტიკოსის ბრალდება, რომელიც ძიებას ნაკლებად თუ გამოადგება და მხოლოდ სამზარეულოში საჭორაოდ ივარგებს, რაც თავისთავად ქართველების საყვარელი საქმეა და გულის მოფხანის უტყუარ საშუალებას წარმოადგენს.
ამის გარდა: მოწმეთა ჩვენება, მეორე პირის დაცვის წევრის ოჯახური დაკითხვის ფარული ჩანაწერი, ქართველ ექსპერტთა დასკვნა, ამერიკელ სპეციალისტთა მოსაზრება, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე შედგენილი, შემდეგ ქართულად თარგმნილი და პუაროსთვის ხელახლა ქართულიდან ინგლისურზე გადაყვანილი, გაზის გამათბობლის შემოწმების აქტი, ოჯახის წევრთა მოსაზრება და ერთი–ორი ჟურნალისტური გამოძიება, ისიც ზერელე თუ ზედაპირული.
ეს იყო და ეს.
მოკლედ, ეს სევდიანი ამბავი ასე გამოიყურებოდა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით: უკვე ღამეა, სახლიდან გამოსული მეორე პირი მოძრაობის მარშრუტს ცვლის, ქალაქგარეთ აღარ მიემგზავრება, სადაც მას ოჯახი ელოდება, იქვე, სახლთან ახლოს, სხვა მანქანაში ჯდება, ცოტა ხნით მაღაზიასთან ჩერდება, ახლავს დაცვის მხოლოდ ერთი წევრი, რომელიც მისი დავალებით ამ მაღაზიაში, მარკეტს რომ ეძახიან, რაღაც–რაღაცეებს ყიდულობს, კაცმა რომ თქვას, ბევრს არაფერს, ცოტა საჭმელს, ერთ ბოთლ სასმელს და რამდენიმე კოლოფ სიგარეტს. ამის შემდეგ მიემართებიან კონსპირაციული ბინისკენ, სადაც საქმიანი შეხვედრა უნდა შედგეს. მალე სტუმარიც გამოჩნდება, ისინი ბინაში მარტო რჩებიან. რამდენიმე საათის შემდეგ მობრუნებული დაცვის წევრები მათ გარდაცვლილებს პოულობენ, სავარაუდოდ, გაზის უხარისხო გამათბობლის წყალობით, რაც მოგვიანებით ოფიციალური დასკვნით დასტურდება კიდეც.
კაცი რომ დაფიქრდეს, დაუჯერებელიც არაფერია, მით უმეტეს, რომ ხალხი ამ დაუჯერებელს მეტად ეტანება. დაუჯერებელი მხოლოდ იმათთვის იქნება, ვინც ორივე გარდაცვლილს კარგად იცნობდა, მათი ნაბიჯების ახსნა შეეძლო და მათი გულისთქმის ამოცნობა არ გაუჭირდებოდა. რას მიირთმევდნენ, თუკი მიირთმევდნენ საერთოდ, რას დალევდნენ, თუკი დალევდნენ, ანდა რას ითამაშებდნენ, თუკი რამის თამაშს მოინდომებდნენ, მაგრამ ასეთები ცოტანი იყვნენ. ზოგს დარდი სჭამდა, ზოგს შიში და უმცირესობაში დარჩენილთა ხმა არსებულ სურათს ვერ ცვლიდა. წყნარ საუბარში შესაძლოა უმცირესობასაც ემარჯვა, მაგრამ ხმაურში, სადაც ყვირილი ბატონობს, რიცხვით მცირეს გამარჯვება არ უწერია. ყოველივე ეს კიდევ უფრო სარწმუნოს ხდიდა გადმოცემულ ამბავს, რომელიც, დროთა განმავლობაში, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დაიხვეწებოდა, მეტ სიმწყობრეს შეიძენდა, ადამიანთა მეხსიერებაში ფესვებს გაიდგამდა და ისტორიასაც ასევე შემორჩებოდა.
რომ არა ერკიულ პუარო.
4
– მის ლემან, საქართველოს შესახებ თუ გსმენიათ რამე? – იკითხა საღამოს პირზე ერკიულ პუარომ, როდესაც დოკუმენტების ზედაპირული გაცნობა დასრულებულად ჩათვალა.
– ვგონებ, ქვეყანა უნდა იყოს კავკასიაში.
– კავკასიაში? – გაიმეორა პუარომ.
– სადღაც მთებში იქნება ჩაკარგული.
– იმედია, თვითმფრინავი მაინც დაფრინავს თქვენს კავკასიაში?
– დავაზუსტო, სერ? – იკითხა მის ლემანმა, რომელსაც ნამსახურობისა და გამოცდილების ხარჯზე თითქმის უშეცდომოდ შეეძლო უფროსის ჩანაფიქრის ამოცნობა.
– კარგი იქნება, – გაიღიმა პუარომ და ბარგის შეგროვებას შეუდგა.
ყველას გასაკვირად, ლონდონიდან თბილისში პირდაპირი რეისი დაფრინავდა. ასე რომ, სულ რამდენიმე საათში ერკიულ პუარო საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, აღმოჩნდა, სადაც გადაეყარა კიდეც ტაქსის მძღოლ ტარიელ ბოზოიანს, რომელთანაც საუბარში აეროპორტის გზაზე განლაგებული უსახური შენობა–ნაგებობებისგან მიღებული შთაბეჭდილების გაქარვებას ცდილობდა.
ნაწილობრივ საუბარსა და ნაწილობრივ ფიქრში სოლოლაკიც გამოჩნდა, სადაც უნდა დაბანაკებულიყო კიდეც განთქმული მაძებარი, რა თქმა უნდა, კონსპირაციულ ბინაში, ისევ და ისევ მადლიერი მკითხველის დახმარებით.
– ქალაქს კარგად იცნობთ, თარიელ? – იკითხა პუარომ და მანქანიდან გადასასვლელად მოემზადა.
საწყენია ღმერთმანი, თბილისელი ქურთი და ქალაქი არ იცოდეს?!
ტარიელს, რა თქმა უნდა, ბევრი რამის მოყოლა შეეძლო, თუნდაც წინაპრების, ნახშირისა და მადათოვის კუნძულის ამბები, თუნდაც თბილისში ოპერის თეატრის გახსნის ისტორია, როდესაც ქართველებს ტალახიანი ქუჩის გასავლელად კურტნის მუშები დაუქირავებიათ, რათა წარმოდგენაზე მისვლა არ დაჰგვიანებოდათ, ხოლო ტარიელის დიდ პაპას ორბელიანის ქალი მოუგდია ზურგზე, რითაც სათაყვანებელი ქალბატონი ლაფში ამოთხვრისგან გადაურჩენია, თუნდაც ვარანცოვზე გატარებული ბავშვობის, ანდა სოლოლაკის სკოლისდროინდელი ოინბაზობის ამბები, მაგრამ, არა მგონია, ბელგიელ მაძებარს, მიუხედავად ჩაცმულობისა, რომელიც ძველ თბილისის სულს უფრო შეეფერებოდა, ამ საუბრიდან რამე გაეგო, ანდა რამის ფასი სცოდნოდა, ამიტომაც კონკრეტულ შეკითხვას ტარიელმა ასეთივე მოკლე პასუხი გასცა.
– ვიცნობ.
– ძალიან კარგი, – მაძებარი კმაყოფილი დარჩა, – ეს რამდენიმე დღე თქვენი სამსახური დამჭირდება, ძნელია უცხო ქალაქში გზის გაკვლევა.
– დილიდან აქა ვარ! – გაიჭიმა ტარიელი და მანქანიდან სხვადასხვა ზომისა და წონის ჩემოდნების გადმოლაგება დაიწყო.
– კეთილი, – პუარო შეტრიალდა, კარისკენ წავიდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ისევ მძღოლისკენ შემობრუნდა, – საქონელმცოდნე რა პროფესიაა?
ნაღდად მამოწმებს, ისევ აეკვიატა ტარიელს.
– ჩემს ახალგაზრდობაში იყო ეგეთი ხელობა, საქონელს ახარისხებდა, აფასებდა... ტავარავედ, აცენჩიკ, – ისევ რუსულზე გადავიდა ტარიელი, – შემფასებელი, ყველა საქონელს თავისი საქონელმცოდნე ჰყავდა, ხელფასსაც იღებდა და სხვა რაღაც–რაღაცეებიც მოსდიოდა.
ძნელი სათქმელია, რამდენად სწორად გაიგო ეს ყოველივე პუარომ, მაგრამ იმდენს კი მიხვდა, რომ ამ ყველაფერს ადამიანის დაცვასთან არაფერი აკავშირებდა. არადა, მეორე პირის მცველი, რომელიც მას იმ ღამით თან ახლდა, სწორედ რომ ამ პროფესიის ბრძანდებოდა.
ტარიელმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.
პუარომ რაც იცოდა, ჯერჯერობით, საქმის გასახსნელად საკმარისზე ნაკლები გახლდათ.
მოკლედ, ორივეს თავისი გზა ჰქონდა, რომელიც დილამდე არ გადაიკვეთებოდა.
5
ცინა მეუღლეს ასე ადრე არ ელოდა.
– მანქანა დაამტვრიე?
– რაღა მანქანას მიადექი?!
– აბა, ეგრე ადრე რატომ მოხვედი?!
– დილიდან საქმე მაქვს, უნდა გამოვიძინო.
– მაინც რა საქმეა ეგეთი?
– სერიოზულ კლიენტს ვემსახურები.
– ეგ რომელს?
– ერკიულ პუარო, – სიამაყით წარმოთქვა ტარიელმა.
– რას ბოდავ?! ერთი ახლოს მოიწი! – ბრძანა თინამ, ისედაც გრძელი ცხვირი კიდევ უფრო წაიგრძელა და მეუღლეს სახის გარშემო ყნოსვით ერთი წრე დაარტყა.
– აჰა! – მეუღლის დარწმუნება სცადა ტარიელმა და მაძებრის სავიზიტო ბარათი თინას მიაჩეჩა.
– ერკიულ პუარო, კერძო დეტექტივი, – დამარცვლა თინამ, – დიდი ამბავი, ამის დაბეჭდვას რაღა უნდა!
– აჰა, ესეც! – ტარიელმა ჯიბიდან რამდენიმე ინგლისური კუპიურა ამოიღო და მაგიდაზე დაყარა, ეს კიდევ არაფერი, მეუღლეს გამორკვევა არ აცალა და კუპიურას მობილური ტელეფონიც მიაყოლა, რომლის ეკრანზე ორივენი სანდომიანად უღიმოდნენ გამვლელ–გამომვლელებს, რა თქმა უნდა, პურის მოედნის ფონზე.
– მართლა პუაროა, – თინა სკამზე დაეშვა და მობილურს ჩააშტერდა, – ეგ ტყუილად არ იქნება აქ ჩამოსული.
– ეგ ისეთ საქმეზეა, ჩემს მტერს.
ტარიელი მაგიდას მოსცილდა, სარკმელთან მივიდა და თითქმის ქურდულად პატარა ეზოში გაიხედა, სადაც სკამზე მჯდარი, სიცხისგან შეწუხებული ქალი მარაოს ქნევით საკუთარი სხეულის გაგრილებას ცდილობდა.
მწითური სუსანა, ხალხში რომ რიჟას ეძახიან, მთელი იტალიური ეზოს, ბოზოიანების და არა მარტო მათი, წლობით გადაულახავ პრობლემას წარმოადგენდა. უსაქმურობის, მეტად კი სხვისი ცხოვრების ინტერესის გამო, მთელი დღით ეზოში მჯდარ სუსანას ძნელად თუ ვინმე აუვლიდა გვერდს. არადა, რიჟამ თარსი იცის. ამის გამო მეზობლების თავს გადამხდარი ამბები გამუდმებით საბრალო ქალის თმის შეფერილობას ბრალდებოდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჯუმბერ ხარატიშვილის ოჯახში მეზობლების კონსპირაციული შეკრებაც გამართულა, რა თქმა უნდა, რიჟა სუსანას გარეშე. ორსაათიან კამათსა თუ მოსაზრების გაცვლა–გამოცვლას შედეგი მაინც გამოუღია და შეთქმულთა ფიციც მიუღიათ: შინიდან გასვლის წინ, სუსანას გასაგონად, ერთი რამ უნდა ეთქვათ, სინამდვილეში კი სხვა ეკეთებინათ.
უცნაურმა ჩვევამ ასეთივე უცნაური შედეგი გამოიღო, ტყუილ–მართალი ერთმანეთში ისე აირია, რომ ხშირ შემთხვევაში მეზობლები არარსებულ მისამართებსა თუ საქმეებზე ამოყოფდნენ ხოლმე თავს, რითაც წინა დღით შედგენილი გეგმა ირეოდა, დაგვიანების გამო საქმე ზარალდებოდა, რაც ისევ და ისევ სუსანას თმის შეფერილობას ბრალდებოდა. ამისდა მიუხედავად, მეზობლები უკან დახევას არ აპირებდნენ და ჯიუტად აგრძელებდნენ სუსანასა თუ ბედის გაცურების მცდელობას.
– ნათესავები ჰყოლია თბილისში, – სუსანას გასაგონად თქვა ტარიელმა, სარკმელს ფარდა ჩამოაფარა და მეუღლეს თითქმის ჩურჩულით მიუგო, – მეორე პირის საქმეს იძიებს.
– ეგ რომელია?
– პირველი არადა, მეორე.
– იმისი?! – ჩურჩულითვე შეიცხადა თინამ.
– ჰო, იმისი, – მოჭრა ტარიელმა.
– რამე შარში არ გაგხვიოს, მაგას რა ენაღვლება, დაკრავს ფეხს და წავა თავის ინგლისში.
– მეც რა, შოფერი ვარ, კლიენტი დამყავს, დანარჩენი ჩემი საქმე არ არის.
– ფულს რამდენს გადაგიხდის?
– როგორც მოვილაპარაკებთ, ისე იქნება.
– თავიდანვე უნდა გეკითხა, რამე არ მოგატყუოს, ხომ იცი, რა კრიჟანი ხალხია, – ჭკუა დაარიგა თინამ და მეუღლეს ძველი ამბები კვლავ შეახსენა, – გამოგადგა ინგლისური?! გახსოვს, სწავლა რომ არ გინდოდა?! სხვა რამეშიც რომ დაგეჯერებინა ჩემთვის, ეხლა იცი, სად იქნებოდი?!
ნეტავ სადაცა ვარ, იქაც არ ვიყოო, გაიფიქრა ტარიელმა და მეუღლეს აღარ აჰყვა. არადა, ბევრი რამის პასუხი კი შეეძლო, თუმცა არც იმის გამხელა სურდა, რომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშეც მოემსახურებოდა თბილისის სტუმარს. ხუმრობა ამბავი ხომ არ იყო, ერკიულ პუაროსთან ერთად საქმე უნდა გამოეძიებინა, თანაც რა საქმე. ისტორიაში მოხვედრა თუ არა, გაზეთი ან ჟურნალი ნამდვილად არ ასცდებოდა: ტარიელ ბოზოიანი, პატარა ერის დიდი მაძებარი და დიდი ადამიანი!
იკითხება თუ არა?
იკითხება და მერე როგორ.
მართლაც ფულით ხომ არ იზომება ყველაფერი.
6
ტარიელისგან განსხვავებით, ერკიულ პუარომ, ასეულობით ბოლომდე მიყვანილი საქმეების გამო, კარგად იცოდა, რომ ყველაფერი ფულით იზომება, ამის გამო საკუთარი მძღოლის გვარიან პატივისცემასაც აპირებდა, თუკი ტარიელი სათანადო მონდომებასა თუ მოთმინებას გამოიჩენდა.
მეორე დილით ტარიელი სახლის კართან ზუსტად დათქმულ დროს გამოცხადდა.
– დღეს ჩვენი გამოძიების პირველი დღეა, ამიტომაც შემთხვევის ადგილი უნდა მოვინახულოთ, – თქვა პუარომ და მძღოლს ლათინური ასოებით ამოწერილი ქართული ქუჩის დასახელება გადასცა.
მანქანა დაიძრა.
ჯერ დაღმართს ჩაუყვა, მარჯვნივ ჩაუხვია და, როგორც ჩვენში იტყვიან, ნაბერეჟნზე გავიდა, აქედან ათიოდე წუთში გმირთა მოედანს მიაღწია, თერთმეტსართულიანს ჩაუარა, აღმართი აიარა, პეკინიდან ბახტრიონზე გადაუხვია და მალევე აღმოჩნდა საჭირო ქუჩაზე.
ამ მგზავრობას, თბილისური საცობებისა და კიდევ იმის გამო, რომ მთავარი პროსპექტი გადაკეტილი გახლდათ რკინის გალიებით, რომლებსაც გულჩვილი მოქალაქეები მოფერებით საკნებს ეძახდნენ, ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა. ერკიულ პუაროს ეს დრო უქმად არ დაუკარგავს. მას მოსწონდა კონტრასტული ქალაქის შეფერილობა, ძველისა და ახლის ჭიდილი, სადაც არც ძველი მარცხდებოდა ბოლომდე და ვერც ახალი იმარჯვებდა საბოლოოდ.
– მოვედით, – თქვა ტარიელმა და მანქანა ჩრდილში გააჩერა.
ესა და ეს ქუჩა, ესა და ეს ნომერი – ასეთი შელახული აბრა ამშვენებდა იმ სახლს, რომლის ერთ–ერთ ბინაში, როგორც ამბობენ, მეორე პირი გარდაიცვალა და რომლის სტილის, იერის თუ ეპოქის დადგენა პუაროს კი არა, გამოცდილ არქიტექტორსაც გვარიანად გაუჭირდებოდა.
პუარო მანქანიდან გადავიდა და, როგორც ჩვევად ჰქონდა, სახლის წინ ჩქარი ნაბიჯით სიარულს მოჰყვა. გისოსებიანი ფანჯარა მალევე აღმოაჩინა, შესამოწმებლად რკინას საკუთარი ტროსტიც შემოჰკრა და იმაში დარწმუნდა, რაც ამ შემოწმების გარეშეც გადასარევად იცოდა. გისოსებს ზემოქმედების კვალი არსად ეტყობოდა, მხოლოდ რკინას შეპარულ ჟანგსა თუ სიძველეს შეამჩნევდა ზედმეტად დაკვირვებული ადამიანი.
ერთ ტყუილს მეორეს დასაფარად იგონებს კაცი, მეორის გადასარჩენად მესამე ხდება საჭირო, მესამეს მეოთხე წაეხმარება და სიცრუის ჯაჭვიც მზად არის. დაუჯერებლად კი ჟღერს, მაგრამ პუაროს თუ ვენდობით, ნამდვილად ასეა: რაც უფრო გრძელია ამგვარი ჯაჭვი, მით უფრო ადვილი ყოფილა მისი გაწყვეტა.
– აქ რას ეძებთ?! – მკაცრად იკითხა მამაკაცმა და პუარო ფიქრებიდან გამოარკვია.
– ბინის ქირაობა გვინდოდა, სტუმარი კაცია, – ჩაერია ტარიელი.
– უკვე გაქირავდა, – მოჭრა მამაკაცმა.
– გაქირავდა და გაქირავდა, შენ კარგად იყავი, – თქვა ტარიელმა და პუაროს ინგლისურად გადაუთარგმნა, – აღარ აქირავებენ.
ორივენი მანქანისკენ წავიდნენ.
სახლთან მდგარი მამაკაცი არ განძრეულა, ბოლომდე მისდია მზერით უცნაურ წყვილს და მხოლოდ მაშინ დაწყნარდა, როცა ტაქსი ადგილიდან დაიძრა.
– გმადლობთ, – თქვა პუარომ და მძღოლს გაუღიმა.
– იარაღი თუ გაქვთ? – იკითხა ტარიელმა, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ ოდნავ დაბნეული ჩანდა.
პუაროს იარაღი არასოდეს ჰქონია.
უფრო სწორად, ჰქონდა, მაგრამ არასოდეს უტარებია. არც მაშინ, როცა ბელგიის სამძებროში მუშაობდა და არც მაშინ, როცა, პირველი მსოფლიო ომით შეწუხებული, ინგლისში გადმობარგდა საცხოვრებლად.
– იარაღი ჩემს საქმეში ზედმეტ ბარგად მიმაჩნია, – წყნარად თქვა პუარომ.
– ეგ როგორ? – გაიკვირვა ტარიელმა, – ათასი ხიფათია.
– ჩემს სიტყვას ზოგჯერ გაცილებით მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე გასროლას.
– კაცმა რომ თქვას, ეგეც მართალია.
– ეს ადამიანი უნდა მოვნახოთ, თარიელ, – თქვა პუარომ და მძღოლს ქაღალდზე ინგლისურად დაწერილი გვარ–სახელი გადააწოდა.
– რას წარმოადგენს? – დაინტერესდა ტარიელი.
– იმ ავბედით ღამეს სწორედ მაგას გადაუკეტავს გაზი სახლის სიახლოვეს.
– გაზში მუშაობს?
– ალბათ, – დაეთანხმა პუარო.
– ძნელი საქმეა, – შეწუხდა ტარიელი.
– სამსახურში მივაკითხოთ და იქ გავესაუბროთ, – ისე თქვა პუარომ, თითქოს დანაშაულს ინგლისში იძიებდა და არა – საქართველოში.
– არა, ეგრე არ გამოვა, იქ არ დაგველაპარაკება, შეიძლება სამსახურიც დაატოვებინონ, ცალკე უნდა შევხვდეთ.
– როგორ?
– მაგას მე მოვაგვარებ, ჩემი ნათესავი მუშაობს მძღოლად, დაგვეხმარება.
– კეთილი, – პუარო დაწყნარდა და სავარძელს მოხერხებულად მოერგო.
ამ მძღოლში იგულისხმებოდა თენგო ჩოლოიანი.
თენგო იყო ლეგენდარული თბილისელი მეეზოვის, აბო ჩოლოიანის უმცროსი ვაჟი. აბოს ჰქონდა უხეში ცოცხი და ასეთივე გაშეშებული გრძელი ულვაში. სისხამ დილით, როცა იგვებოდა კიდეც ქალაქის ქუჩა–პროსპექტები, ვერა–ვაკის მოსახლეობას აბოს სევდანარევი ხმა აღვიძებდა, რომელიც აღმოსავლური ჰანგის თანხლებით ქართულ ენაზე საკუთარ ლექსს ღიღინებდა:
ჩვენი ქურთის კასები
ყველა კარგი კასები,
დანარჩენი კასები
ყველა ფიდარასები.
ამას მოჰყვებოდა გულიანი სიცილი, ქართული შეძახილი აივნიდან, ზოგჯერ მეორე ხმაც და ერთობლივი ღიღინი.
თქვენი დუხი ბაყაყური არ ვნახო აქა, ესეც აბოს საყვარელი სიტყვა იყო მაშინ, როდესაც ბავშვები ეზოს შესასვლელს სტაკანჩიკი ნაყინის ქაღალდებით ანაგვიანებდნენ. მოკლედ, ნაღდი კაცი იყო ეს ჩვენი აბო. ჰოდა, ნაღდი თუ იყო, ღმერთმა აცხონოს, გინდა ჩვენმა და გინდა თავისამ.
თენგომ მამის ხელობაზე უარი განაცხადა და, როგორც ჩვენში მძღოლებზე იტყვიან, შოფრობა არჩია საგვარეულო საქმიანობას. აგერ უკვე რამდენიმე წელია, დაწესებულების მესამე თუ მეოთხე პირს ერთგულად ემსახურებოდა. ძირითადად მისი ოჯახის წევრებს დაატარებდა აქეთ–იქით, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა, რომ თანამშრომლებთან მეგობრული ურთიერთობა შეენარჩუნებინა. მოკლედ, თენგო თითქმის ყველა გაზის კაცს იცნობდა, იმ მცირედი გამონაკლისის გარდა, რომელიც ასეთ სამსახურებს გამუდმებით ახლავს ხოლმე თან ხშირი როტაცია–ცვლილებების გამო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 
































































