asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"საზღვარგარეთ შეიძლება ტყემალი მომენატროს"
რატი ამაღლობელი პოეტურად მოგზაურობს
"საზღვარგარეთ შეიძლება ტყემალი მომენატროს"

2011-03-30 14:57:05



პოეტი რატი ამაღლობელი საზღვარგარეთ ყოფნისას ფეხით ძალიან ბევრს დადის და ბევრსაც წერს. საქართველოდან შორს, მშვიდ გარემოში, უბრუნდება შეგრძნება, რომ "პოეზიას ყოველთვის აქვს აზრი". სამშობლოში კი ეს შეგრძნება ყოფით პრობლემებშია ხოლმე ჩაკარგული.

მოგზაურობები ძირითადად საქმიან მიზნებთან არის დაკავშირებული – ლიტერატურული შეხვერები, ფესტივალები... მისი პოეზია სხვადასხვა ენაზე ითარგმნება. მიუხედავად იმისა, რომ თვლის, ლექსის ზუსტი თარგმნა შეუძლებელია, მაინც სიამოვნებს იმის მოსმენა, როგორ იკითხება მისი ლექსი უცხო ენაზე.

– რატი, როგორც ვიცი, ახლახან ერთი თქვენი ლექსი გერმანულ ენაზე ითარგმნა.

– ჩემი ლექსები რამდენიმე ენაზეა თარგმნილი, მათ შორის – გერმანულზეც. თავად ფაქტი, რომ პოეზია ითარგმნება, ბუნებრივია, ახარებს ავტორს, თუმცა ვთვლი, რომ პოეზიის ზუსტი თარგმნა შეუძლებელია. როგორც სერვანტესი იტყოდა, თარგმნილი პოეზია გადმობრუნებულ ხალიჩას ჰგავს. როდესაც მე ვთარგმნი, ეს უფრო ლექსის წაკითხვის მცდელობაა, მისი მთლიანი სტრუქტურის და სულის, ანუ ჩემთვის თარგმნა წაკითხვაა და არა მხოლოდ მისი გადმოქართულება.

– საკუთარი პოეზიის საღამო საზღვარგარეთ თუ გაგიმართავთ?

– კი, გამიმართავს პოეზიის უცხოური საღამოები. ძალიან საინტერესოა, როდესაც ენა არ ესმით და არაქართულენოვანი მსმენელი ენის სტრუქტურასთან, მის რიტმთან და მელოსთან (სასიმღერო ლექსი. ავტ.შენ.) გარკვეულ ურთიერთობას მაინც ამყარებს. ცნობილმა რუსმა პოეტმა ლევ რუბინშტეინმა აღნიშნა, რომ პოეზია ყოველთვის გულისხმობს რაღაც უცხოს, ერთი შეხედვით, გაუგებარს და ამავდროულად ახლობელს. ალბათ კარგი პოეზია, აფრიკული ქვეყნებისა იქნება ეს თუ ჩინური, ყოველთვის სასიამოვნო მოსასმენია. საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესოა უცხო ენებზე თარგმნილი ქართული ლექსის მოსმენა.

– რომელ ენაზე ისურვებდით, რომ თქვენი ლექსი ითარგმნოს?

– ჩემი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, სლოვენიურ, ჰოლანდიურ, ლიტვურ და რუსულ ენებზე. სიამოვნებით მოვისმენდი მათ სპარსულ, არაბულ, თუნდაც კავკასიურ ენებზე, მაგალითად, ჩეჩნურზე, აფხაზურსა და ა.შ. მაინტერესებს, როგორი წასაკითხი იქნება, როგორი ჟღერადობა ექნება ამ ენებზე თარგმნილს.

– რატი, რას ნიშნავს თქვენთვის მოგზაურობა?

– მოგზაურობა ნიშნავს ხედვისა და აღქმის გაფართოებას, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუმცა ამ დროს ცოტა ნევროზულიც ვხდები, გარემოს გამოცვლა ყოველთვის გარკვეულ ფობიებთანაა დაკავშირებული. პირადად მე დიდად არ ვარ გარემოს შეცვლის მოყვარული. არიან ადამიანები, ვისთვისაც გარემოს გამოცვლა აუცილებელია, რათა თავი უკეთ იგრძნონ. მოგზაურობა მეტწილად შთაბეჭდილებებით მავსებს, რაც ყოველთვის ერთგვარი სტიმულია როგორც პირადი, ისე შემოქმედებითი ცხოვრებისათვის. ამიტომ ეს პროცესი ჩემთვის უამრავი დატვირთვის მატარებელია. მოგზაურობა გონებას აფართოებს და ბევრად უფრო ინფორმირებული ხდები. მიყვარს მოგზაურობა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გარემოსთან ადაპტაციის პერიოდით მაინცდამაინც მოხიბლული არასოდეს ვრჩები.

– რამდენად ხშირად დადიხართ საზღვარგარეთ?

– ძირითადად პროფესიული მიზნით მივდივარ, პოეტურად ვმოგზაურობ – ფესტივალებზე, ლიტერატურულ კონფერენციებზე... საქმიანი მივლინებები უფრო ხშირია ჩემს ცხოვრებაში. მინდა გითხრათ, რომ ტურისტად იშვიათად ვყოფილვარ სადმე, თუმცა ესეც საინტერესოა. ტურისტულ მოგზაურობებს თავისი ხიბლი და დატვირთვა აქვს.

– არასოდეს გაგჩენიათ სურვილი, უცხო ქვეყანაში დასასვენებლად წასულიყავით?

– საზღვარგარეთ დასასვენებლად თითქმის არასოდეს ვყოფილვარ, ამის ფუფუნება არ მქონია. ალბათ არ უნდა იყოს ცუდი. ვფიქრობ, ამაში საგანგაშო არაფერია, ამის არც დრო, არც მოთხოვნილება, არც შესაძლებლობა არ მქონია. თან, საქმიანი მივლინებები ისეა გადანაწილებული, რომ დამატებით დასასვენებლად საზღვარგარეთ წასვლის სურვილი არ გამჩენია.

– რომელმა უცხო ქვეყანამ დაგაწერინათ ლექსი?

– არის ქვეყნები, სადაც ლექსიც დამიწერია. უფრო ხშირად სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სიმშვიდე და იქაური გარემო მაწერინებს ხოლმე. კარგია ისეთ ქვეყანაში ყოფნა, სადაც შეგიძლია აკეთო ის, რაც გსიამოვნებს. ამიტომ მოგზაურობაში ყოფნისას ხშირად ვმუშაობ ანუ ვწერ. ლექსი დამიწერია ავსტრიაში, რუსეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, იტალიაში... მაგრამ არა როგორც მოგზაურობის ილუსტრაციები და შთაბეჭდილებები. ამ ქვეყნებში პოულობ საჭირო სიმშვიდეს, რომ გადმოსცე ის იდეები, რაც, თუნდაც საქართველოში გაგჩენია და ვერ მოგიხერხებია დამჯდარიყავი და დაგეწერა. მთავარი მაინც განწყობაა, რომელიც ამ ქვეყნებშია და რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: პოეზიას ყოველთვის აქვს აზრი. საქართველოში შეიძლება ეს განწყობა არ იყოს ხშირად, რადგან აქ ყოველდღიური ყოფით ხარ მოცული. ნებისმიერი გასვლა კი გაშორებს ამ ყოფის და ამაოების ვეება მონსტრს, რომელიც გადმუდმებით ჩაგჩურჩულებს: "გინდა დაწერე, გინდა – არა, რა აზრი აქვს?".

– ყველაზე დიდხანს რომელ ქვეყანაში დარჩენილხართ და თუ არსებობს ქვეყანა, სადაც მუდმივად იცხოვრებდით?

– ძალიან დიდი ხნით მოგზაურობა არსად მიწევს. ყველაზე დიდხანს ვენაში ვიყავი, რამდენიმე თვე ვიცხოვრე. არ ვიცი, მუდმივად სად ვიცხოვრებდი. ალბათ, ჩემი ნება რომ იყოს, ვიმოგზაურებდი ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში, იტალიაში, საფრანგეთის სამხრეთში, ლათინურ ამერიკაში. ვიმოგზაურებდი და არა – მუდმივად ვიცხოვრებდი. სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე არც მიფიქრია და არ ვიცი, შევძლებდი თუ არა მუდმივად სადმე ცხოვრებას. მოკლედ, მოგზაურობა მიყვარს, მაგრამ დიდი ხნით დარჩენის სურვილი არ მაქვს ხოლმე.

– ნოსტალგია თქვენთვის ნაცნობი გრძნობაა?

– რასაკვირველია, კონკრეტული ადამიანების მონატრება არის ხოლმე. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ იმდენად დიდი ხნით არსად წავსულვარ, რომ ნოსტალგიას დავეხრჩვე. რა თქმა უნდა, ყოველ წუთს გახსოვს შენიანები, შენი ქვეყვანა და შენი სახლი. სხვათა შორის, ქართული საჭმელიც მენატრება ხოლმე.

– მაგალითად, რა კერძი მოგნატრებიათ?

– მომნატრებია ტყემალი. სასმელიც მომნატრებია, მაგალითად, "ბორჯომი".

– საქართველოსა და უცხო ქვეყნებს თუ ადარებთ ერთმანეთს?

– ბუნებრივია, ვადარებ და სოციალურ–ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი კუთხით საქართველოში მინუსების მეტი არაფერი დამინახავს. ბევრი ნაკლი გვაქვს ამ კუთხით, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია, თუმცა არის ელემენტები, რასაც ვაფასებ და შეუცვლელია, ეს ტემპერამენტისა და ურთიერთობების სფეროა, ამიტომ თავს ყველაზე კომფორტულად სამხრეთში ვგრძნობ, მაგალითად, იტალიელებთან, ესპანელებთან, სამხრეთ ამერიკელებთან.

– არის ქვეყანა, რომელიც მაინცდამაინც არ მოგეწონათ?

– ალბათ ასეთი განცდა არც ერთ ქვეყანაში არ მქონია. არსად წავსულვარ ცუდი განწყობით. მართალია, ცუდი და კარგი ყველგან არსებობს, მაგრამ რომელიმე ქვეყნის რაიმე უარყოფითს ისეთი გავლენა არ მოუხდენია ჩემზე, რომ ცუდი შთაბეჭდილება დამრჩენოდა. ყველა ქვეყანას თავისი დადებითი მხარე აქვს. მოგზაურობის დროს აჯობებს, ეს დაინახო, ვიდრე ცუდი.

– ცნობილი მუზეუმების სტუმარი რამდენად ხართ, როცა უცხოეთში იმყოფებით?

– ჩემი აზრით, ადამიანმა ყველაფერი ერთად უნდა გააკეთოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უნდა დაიძაბოს კაცი, მოსწრებაზე არ უნდა იყოს, თორემ რამე მნიშვნელოვანს აუცილებლად ასცდება, ვერ შეამჩნევს. ნელ–ნელა, როგორც ეტევა დროში, ისე უნდა დაათვალიეროს ქვეყნის ღირსშესანიშნაობაც, მუზეუმიც, ბარიც, რესტორანიც და სხვა საინტერესო ადგილებიც.

– უცხო ქალაქებში ფეხით სიარული თუ გიყვართ?

– ფეხით სიარული მოგზაურობისას აუცილებელია. შეიძლება ასეთ დროს ბევრი ისეთი საინტერესო რაღაც ნახო, რაზეც წარმოდგენაც კი არ გექნებოდა არც მონაყოლიდან, არც წიგნებიდან და არც ფილმებიდან. მიყვარს ფეხით სიარული.

– ევროპული ქვეყნები უფრო საინტერესოა თქვენთვის თუ აზიური ან, ვთქვათ, კარიბის ზღვის აუზის?

– ყველას თავისი დატვირთვა აქვს. არ შევადარებ ევროპასა და აზიურ ქვეყნებს, რადგან სრულიად სხვადასხვა სამყაროებია. ორივე თავისებურად საინტერესო და მიმზიდველია. ორივეგან შეიძლება კარგი დრო გაატარო, თვალსაწიერი გაიფართოვო, ბევრი დადებითი შთაბეჭდილება და განწყობა ჩამოიტანო. მოკლედ, ევროპაც და ეგზოტიკაც ძალიან მიყვარს.

– კომფორტი რამდენად აუცილებელი ფაქტორია, როცა სამოგზაუროდ მიდიხართ? მაგალითად, ყოველთვის იცით, როგორ სასტუმროში იქნებით?

– კარგია, თუ მოგზაურობას კომფორტიც ახლავს, მაგრამ იმის გამო, რომ შეიძლება არაკომფორტული პირობები იყოს, უარს არ ვიტყვი მოგზაურობაზე. არ ვარ ასეთი წუნია. ხანდახან ვიცი, როგორ სასტუმროში მივდივარ, ხანდახან – არა. ასე სპეციალურად არ ვამოწმებ ხოლმე ამ დეტალებს.

– საქართველო კარგად გაქვთ დათვალიერებული?

– დიახ, როგორც ისტორიული, ისე ახლანდელ, ამჟამინდელ საზღვრებში მოქცეული. ერთადერთი, სადაც არ ვარ ნამყოფი, ეს ჯავის ხეობაა და ალბათ ცოტა ხანი კიდევ ვერ ვნახავ. იმედია, ცოტა ხანი.

ანა ნოდია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online