asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გიორგი სუხიტაშვილმა ზაფხული 22 ლარიანი კედებით გაატარა
როგორია მომღერლის ჩაცმულობა
გიორგი სუხიტაშვილმა ზაფხული 22 ლარიანი კედებით გაატარა

2011-11-04 19:03:07



ჯეოსტარი გიორგი სუხიტაშვილი ირწმუნება, რომ არც მოდურ ჟურნალებს აქცევს ყურადღებას და არც არავის ბაძავს ჩაცმულობაში. მისთვის კომფორტი უპირველესია. და მაინც, ნებით თუ უნებურად, ჩამოუყალიბდა თავისი სტილი, რომელსაც არ ღალატობს.
გიორგი არ თვლის, რომ ადამიანისთვის ტანსაცმელი პირველხარისხოვანი უნდა იყოს. არც იმ აზრს ეთანხმება, რომ მომღერალი სამოსით აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს მსმენელისგან, მაგრამ ეს სცენას არ ეხება. ცდილობს, მისი სცენური სამოსი გამორჩეული იყოს.
– გიორგი, რა დროს უთმობთ საკუთარ თავზე ზრუნვას, შოპინგზე სიარულს?
– მაღაზიებში წასვლას წინასწარ არასოდეს ვგეგმავ. ძირითადად მაშინ მივდივარ, როდესაც რამე ახლის შეძენა მჭირდება. შოპინგომანია ნამდვილად არ მჭირს. არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც სულ მაღაზიებში დადიან სამოსის საყიდლად.
– სამოსის შერჩევა თქვენთვის დამღლელი პროცესია?
– თუ იცი, კონკრეტულად რისი ყიდვა გინდა, მაშინ დამღლელი არ არის. თუ მაღაზიიდან მაღაზიაში უაზროდ დადიხარ და ათვალიერებ, მაშინ, რა თქმა უნდა, დამღლელია.
– ადვილად არჩევთ სასურველ სამოსს თუ ბევრი ფიქრი გიყვართ?
– ჩემი მეგობრები ხშირად აღნიშნავენ, რომ როდესაც მაღაზიაში შევდივარ, მალე ვპოულობ იმას, რაც მინდა. ერთხელ მეგობარ გოგოს ჩანთის ასარჩევად გავყევი. მაღაზიაში ძალიან ბევრი ჩანთა იყო. შევედით თუ არა, მაშინვე ერთ ჩანთას დავადე ხელი და ვუთხარი, ეს უნდა იყიდო–მეთქი. მითხრა, ჯერ კარგად დავათვალიეროთო. ორი საათი მაინც არჩევდა სასურველ ჩანთას, მაგრამ ბოლოს მაინც ის იყიდა, რომელზეც შესვლისთანავე ვუთხარი. ქალები მეწვრილმანეები არიან.
– როდესაც გამყიდველები გცნობენ, სამოსზე ფასს აკლებენ?
– ამ შემთხვევაში ორი უკიდურესობაა. ზოგი აკლებს, ზოგი უფრო ძვირს აფასებს. რატომღაც ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ, რადგან ცნობილი ადამიანი ვარ, ბევრი ფული მაქვს. ზოგჯერ კი ისე უხარიათ ჩემი დანახვა, რომ სამოსს მინიმალურ თანხაში მატანენ. ხანდახან მეუბნებიან, გაჩუქებთო, მაგრამ მე უფასოდ არასოდეს მომაქვს. ასეთი რაღაცეები არ შემიძლია. თუმცა მიხარია, ამით ჩემდამი სიყვარულს გამოხატავენ. მეც მიცდია დადებითი განწყობა სიმღერით გამომეხატა და ვიღაცისთვის მითქვამს, ერთს გიმღერებ–მეთქი.
– თქვენი კოლეგებისგან ხშირად მესმის, რომ მომღერალი აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს მასისგან ჩაცმულობით. თქვენც ასე ფიქრობთ?
– მომღერალი მაშინ უნდა გამოირჩეოდეს მსმენლისგან, როდესაც სცენაზე დგას. სულაც არ ვთვლი საჭიროდ, რომ ქუჩაში ფრაკით უნდა ვიარო და ხალხისგან გამოვირჩეოდე. არსებობს კატეგორია, რომელიც ექსტრავაგანტურად იცვამს, მათთვის ეს კომფორტია. მე ძალიან გამიჭირდებოდა იმის აღქმა, რომ ვინმე ქუჩაში ლედი გაგასავით ჩაცმული ვნახო. ძალიან მიყვარს კედები. კედებსა და ჯინსის შარვალში თავს კარგად ვგრძნობ. არც შარვალ–კოსტიუმსა და ჰალსტუხში ვარ ცუდად. მე პროფესიით მსახიობი ვარ და ჩაცმაზე გართულება ალბათ ამიტომაც არ მაქვს. მსახიობებს დიდად არ აინტერესებთ, რას ჩაიცვამენ. მთავარია, რაც მაცვია, ჩემი ზომის იყოს და სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა.
– შოპინგის დროს რაში არ გენანებათ ფულის გადახდა – აქსესუარებში, ფეხსაცმელში, პიჯაკებში...
– კონკრეტულად ვერ გეტყვით. შეიძლება მომეწონოს მაისური და იმაში გადავიხადო ძვირი. ალბათ მაინც კედებში მაქვს ყველაზე მეტი ფული დახარჯული. ყველაზე კარგად მაშინ ვგრძნობ თავს, როდესაც კარგი შარვალი და კედები მაცვია.
– საყიდლებზე მარტო სიარული გიყვართ თუ ვინმესთან ერთად?
– მარტო სიარული მირჩევნია.
– ანუ სხვების აზრს თქვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
– არ მიყვარს, მეზიზღება კითხვა – "რა მიეცი?". რატომღაც, რაც უფრო ძვირ ფასს იტყვი, მით უფრო აღფრთოვანებულები არიან და გეუბნებიან, ძალიან მაგარიაო. ამ ზაფხულს მე და ჩემმა მეგობრებმა ერთ "ცუნცულა" მაღაზიას მივაგენით. იქ 22 ლარად ძალიან მაგარი კედები ვიყიდე. მთელი ზაფხული იმ კედებში გავატარე. ყველა მეკითხებოდა, საიდან ჩამოატანინეო. შემეძლო ბაქიბუქი დამეწყო და მეთქვა, გამოვიწერე–მეთქი, მაგრამ მე ვეუბნებოდი, 22 ლარი ჩაიდე ჯიბეში, ამა და ამ ადგილას მიდი და იყიდი–მეთქი. ისე, მათიც მესმის, ვინც საქართველოში საერთოდ არაფერს ყიდულობს.
– თქვენი ცოლის აზრს თუ ითვალისწინებთ ჩაცმულობასთან დაკავშირებით?
– პირად ცხოვრებაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, მაგრამ ისე გეტყვით, რომ არავის აზრს არ ვითვალისწინებ.
– როგორი სუნამოები გიყვართ?
– ცივი არომატები მიყვარს. ვერ ვიტან ტკბილ სუნამოებს. ტკბილი, "კეთილი" სუნი რომ ამდიოდეს, შეიძლება საკუთარი თავი შევიძულო.
– თქვენთვის ყველა ფერი მისაღებია თუ ამოჩემებული ფერები გაქვთ?
– კედებს ძირითადად ღია ფერისას ვხმარობ. თუ მოხდა და შავი კედი ვიყიდე, ძირი მაინც უნდა ჰქონდეს თეთრი.
– არის რამე ისეთი მოდელი, რომელსაც არ იცვამთ?
– ვიწრო შარვლებს არ ვიცვამ. ერთადერთხელ მეცვა "იმღერე რამე"–ში და ისეთი უხერხული სასიარულო აღმოჩნდა, რომ შევწუხდი. დაჯდომაც კი მიჭირდა, ფეხებზე ისე მიჭერდა. ვფიქრობდი, არ გაიხეს–მეთქი.
– აქსესუარებიდან რა გიყვართ გამორჩეულად?
– ბეჭდები და სამაჯურები მიყვარს ყველაზე მეტად.
– თუ იცით, სეზონურად როგორ იცვლება მოდა, რა ფერები იწევს წინა პლანზე?
– მოდურ ჟურნალებს არასოდეს ვეცნობი. არ მაინტერესებს, რა ცვლილებებია მოდის ინდუსტრიაში, რა ფერებია აქტუალური. ყოველთვის იმას ვიცვამ, რაც მომწონს. არ ვუყურებ იმას, სხვები როგორ იცვამენ, არავის ვბაძავ.
– რა ფერის სამოსი არ მოხვდება არასოდეს თქვენს გარდერობში?
– ყველა ფერის სამოსი მაქვს. ერთადერთი, არ ვიცვამ ბრჭყვიალა, ოქროსფერ სამოსს. ძალიან მიყვარს კაპიუშონიანი ზედა ჩასაცმელი, ხშირად მაცვია ჩაჩები, კედები, რეპერების სამოსი. მიყვარს კეპები, ცილინდრები. ქუდებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ეს ყველა ჩემმა მეგობარმა იცის და უცხოეთიდან ხშირად ჩამოაქვთ.
– ჩაცმულობაში ორიგინალური კომბინაციები მოგწონთ?
– გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. სამოსის შერჩევა კულინარიას ჰგავს. ხშირ შემთხვევაში კედებზე კლასიკურ პიჯაკს ვიცვამ, მაგრამ ვერასოდეს მნახავთ კლასიკურ ფეხსაცმელზე სპორტული ზედატანი მეცვას. კლასიკური პიჯაკები იტანს სპორტულ ფეხსაცმელს, მაგრამ პირიქით არ გამოდის.
– დიზაინერებისთვის ტანსაცმლის შესაკერად მიგიმართავთ?
– ყოფილა ასეთი შემთხვევები მაშინ, როდესაც მაღაზიაში ვერ მიშოვია ის, რაც მინდოდა. არიან ტიპები, რომლებსაც "პრიმერკაზე" სიარული მოსწონთ. მე მეზარება ასეთი რაღაცეები.
– ეთანხმებით აზრს, რომ გოგო უფრო მეტად უნდა უვლიდეს თავს, ვიდრე ბიჭი?
– არ ვეთანხმები. მეც მისვია ფრჩხილებზე ლაქი. შეიძლება ვიღაცისთვის გადაბმული წარბები ესთეტიკაა, მაგრამ მე ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა გაიკეთოს ბიჭმა წარბები, როდესაც აუშნოებს და ორი წარბის ნაცვლად ერთი წარბი აქვს?! შეიძლება ვიღაცამ ცუდად აღიქვას, მაგრამ მაინც ვიტყვი. ხშირად ირონიულად სვამენ კითხვას, ცისფერებთან მეგობრობო. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რადიკალური ერი ვართ. ტრადიციული ქართველი მამაკაცების სუფრასთან მინახავს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანიც. ერთ დღეს მას ჭიქას უჭახუნებენ და მეორე დღეს აგინებენ. ჩემს ქვეყანაში არასოდეს დავუჭერ მხარს ერთსქესიანთა ქორწინებას, მაგრამ არც იმას დავიწყებ, რომ მახვილით გამოვეკიდოთ და მივაძახოთ, ეე, ბიჭო, რა გაცვია და დავუსტვინოთ. შეიძლება ასეთმა ადამიანმა ქვეყანას უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს, ვიდრე მან, ვინც საღამოს სასმელში გაითიშება და დილით იმაზე იფიქრებს, სად გამოვიდეს ნაბახუსევზე. ყველას აქვს არსებობის უფლება. მიფიქრია, ხომ შეიძლებოდა მე გავჩენილიყავი ასეთი ან ჩემი შვილი იყოს ასეთი. ხანდახან სხვების ადგილასაც უნდა დავაყენოთ თავი. არ შეიძლება ვინმეს ჩაცმის ან სხვა რამის გამო დავცინოთ.
– ქართველების ჩაცმის სტილი, გემოვნება მოგწონთ?
– ახლა ის თაობა მოდის, რომლის სტილიც შეიძლება მომეწონოს. ჩვენს პროფესორ–მასწავლებლებს თუ დავაკვირდებით, ხშირად არ მოგვწონს მათი ჩაცმულობა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ზოგმა ძალიან მაგრად გამოწყობილმა ადამიანმა წიგნის სწორად დაჭერაც კი არ იცის, სამაგიეროდ კარგად ერკვევა მოდის სფეროში. ვფიქრობ, რომ როდესაც ტელევიზიაში ხალხს იწვევს გადაცემებში, უნდა აუხსნან, როგორი ჩაცმულები მივიდნენ. სტუმარი გადაცემაში საოცარი კოპლებიანი კაბით არ უნდა იჯდეს. ასეთი საკითხები მოსაწესრიგებელი გვაქვს. ამ თემაზე შემიძლია სამი დღე გაუჩერებლად ვისაუბრო.
– სახლიდან გასვლამდე რა დრო გჭირდებათ თავის მოსაწესრიგებლად?
– დილით როგორც კი ვდგები, მაშინვე ყავას ვადუღებ. ყავის ჭიქით და გაზეთით ან ჟურნალით შევდივარ საპირფარეშოში. ჩემი ან ჩემი მეგობრების ინტერვიუებსაც იქ ვკითხულობ. მერე ვიბან, ვიპარსავ, ვიცვამ და გამოვდივარ. დილით ვვარჯიშობ. სამი საათი მაინც მჭირდება, სახლიდან რომ გავიდე. წესრიგი ძალიან მიყვარს.
– პლასტიკურ ოპერაციებზე რა აზრის ხართ?
– მეუბნებიან, რომ ქართული ცხვირი მაქვს. მე ძალიან მომწონს, არასოდეს შევუცვლი ფორმას. მე თუ მკითხავთ, ქალბატონებმა პლასტიკური ოპერაციები სხვადასხვა ქვეყანაში უნდა გაიკეთონ. არ შეიძლება, ყველა ოპერაცია ერთმა ადამიანმა გააკეთოს. ისე ჰგვანან ერთმანეთს, რომ, ვინ ვისი ცოლია და ვინ ვისი საყვარელი, ვერ გაიგებ.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online