asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სალომე კასრაძე:  "შინაურ პირობებში თავის მოვლის არ მჯერა!"
”შვიდი საათის შემდეგ არ ვჭამ”
სალომე კასრაძე: "შინაურ პირობებში თავის მოვლის არ მჯერა!"

2011-07-06 17:30:43



ტელეწამყვანი სალომე კასრაძე თავის მოვლას მხოლოდ სპეციალისტებს ანდობს. არ სჯერა სახლის პირობებში დამზადებული ხილის ნიღბების ეფექტურობის და არც უფროსი თაობის რჩევებს ითვალისწინებს, ამბობს, ასეთი ინფორმაცია ჩემთვის საინტერესო არ არისო. მხოლოდ ორჯერ მიაკითხა კოსმეტოლოგს, სამაგიეროდ, ჰყავს დერმატოლოგი, რომელიც სალომეს სახის კანზე ზრუნავს. მის რჩევებს თითქმის ყოველთვის ითვალისწინებს და კარგ ეფექტსაც იღებს. მხოლოდ ერთხელ არ დაუჯერა, მზეზე გასარუჯად დიდხანს გაჩერდა და ეს სანანებელიც გაუხდა. ტელეწამყვანი კატეგორიული წინააღმდეგია იმიჯის მკვეთრი ცვლილებების, ამიტომ ეკრანზე ყოველთვის საგანგებოდ შერჩეულ სტილში ჩნდება.
– სალომე, სარკის წინ რა დროს ატარებთ?
– დიდ დროს ნამდვილად არ ვატარებ. მხოლოდ მაშინ ვიხედები, როცა სახლიდან გავდივარ ან მაშინ, როცა სადმე ვარ და მაქვს საშუალება, ჩემი თავი სარკეში შევათვალიერო. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, სარკესთან ახლოსაც არ მივდივარ.
– რატომ?
– მჯერა, რომ თუ ჩემს დაღვრემილ სახეს არ დავინახავ სარკეში, უფრო მალე დავდგები კარგ გუნებაზე. სხვათა შორის, მართლა ასე ხდება. შეიძლება ვიტრინაშიც მოვკრა თვალი ჩემს სილუეტს და თუ შევამჩნიე, რომ რაღაც რიგზე არ მაქვს, აუცილებლად ამოვიღებ ხოლმე ჩანთიდან პატარა სარკეს და შევისწორებ მაკიაჟს ან ვარცხნილობას, ან რაც საჭიროა, ყველაფერს.
– გარეგნობაში ექსპერიმენტების ჩატარება გჩვევიათ?
– ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით არასოდეს ვატარებ ექსპერიმენტს, რადგან ყოველთვის ზუსტად ვიცი, რა მინდა და რა მიხდება. შესაბამისად, გარდერობში ყველაფერი მოწესრიგებული და მომარაგებული მაქვს. ზედმეტად ექსტრავაგანტური არც სამოსი მიყვარს, არც მაკიაჟი და არც იმიჯი.
– შესაბამისად, ალბათ წარუმატებელი ექსპერიმენტიც არ გექნებოდათ არასოდეს.
– არა, არ მქონია. სახლიდან ისე არასდროს გავდივარ, რაღაცაზე გული მწყდებოდეს და რაღაც არ მომწონდეს. ზუსტად ვიცი, რა არის ჩემის სტილი და ამიტომ ექსპერიმენტები არ მჩვევია. თან ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გავაკეთო ისეთი, რომ წარუმატებელი იყოს.
– და როგორია თქვენი სტილი?
– სპორტულადაც შემიძლია ჩავიცვა და კლასიკურადაც, ძალიან მომწონს თანამედროვე სტილი.
– მას შემდეგ, რაც გადაცემის წამყვანი გახდით, რამე შეიცვალა თქვენს გარეგნობაში?
– არანაირი ცვლილება არ მომხდარა. საერთოდ, ხშირი ცვლილებები არ მჩვევია.
– თავად შეგიძლიათ თავის მოვლა თუ სპეციალისტის დახმარება გჭირდებათ აუცილებლად?
– თავადაც შემიძლია თავს მოვუარო, თუ ამის აუცილებლობაა, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია, სტილისტს და სპეციალისტს მივაკითხო, რომელთა გამოცდილებასაც ასი პროცენტით ვენდობი.
– თქვენი წარბის, ფრჩხილის კორექცია სტილისტთან ვიზიტს გულისხმობს?
– აუცილებლად! მათ გაკეთებულს უფრო ვენდობი, რადგან ვიცი, ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც მსურს.
– ვარცხნილობასაც სტილისტს ანდობთ?
– სატელევიზიო ეთერისთვის, რა თქმა უნდა, სტილისტის დახმარება მჭირდება. ყოველდღიურად ჩემით ვიკეთებ და ვცდილობ, ბუნებრივი ვარცხნილობა მქონდეს.
– როგორ უვლით თმას?
– განსაკუთრებულად არ ვუვლი. უბრალოდ თმის საშრობს არ ვაკარებ მას. ბუნებრივად ვიშრობ, რაც თმის სიჯანსაღეს უწყობს ხელს. დერმატოლოგის მიერ დანიშნულ შამპუნს ვიყენებ.
– რაც შეეხება კანს, მისი მოვლისთვის ვის მიმართავთ?
– მყავს დერმატოლოგი, რომელსაც ყოველთვის ვეკითხები, რა საშუალებებით მოვუარო კანს. მის რჩევებს ვითვალისწინებ. ზედმეტად მგრძნობიარე კანი მაქვს და თავს ვერ ვაძლევ უფლებას, თავად ავირჩიო, რა მომიხდება და რა არა. კანზე ვერ დავიდებ ყველაფერს. დილით და საღამოს სხვადასხვა ლოსიონს და კრემებს ვიყენებ, რასაც ასევე დერმატოლოგი მინიშნავს. ისინი აუცილებლად ბუნებრივ საშუალებებზე უნდა იყოს დამზადებული, ყოველგვარი ხელოვნური დანამატების გარეშე. მაკიაჟის წასმამდეც აუცილებლად სპეციალურ საცხს ვისვამ, რომ კანი დაიცვას.
– კოსმეტოლოგი არ გყავთ?
– კოსმეტოლოგთან სულ ორჯერ ვიყავი. იმის მერე მასთან ვიზიტის საჭიროება აღარ მქონია. რჩევებს დერმატოლოგი მაძლევს.
– და რა რჩევებს გაძლევთ?
– მითხრა, რომ ძალიან მგრძნობიარე კანი მაქვს და თუ არ მოვუარე, აუცილებლად გამომიშრება. ამიტომ დერმატოლოგი მირჩევს, რომ შხაპის მერე აუცილებლად კანის დამატენიანებელი გამოვიყენო.
– ყოველთვის პირნათლად ასრულებთ მის რჩევებს?
– ყოველთვის ვერ ვითვალისწინებ. ერთხელ, ზღვაზე წასვლის წინ მითხრა, მზეზე დიდხანს არ გაჩერდეო. რა თქმა უნდა, არ გავითვალისწინე და იმდენ ხანს ვირუჯებოდი, რომ ერთ კვირაში მთელი კანი ამიჭრელდა.
– ანუ გარუჯვა გიყვართ?
– ძალიან. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი სისუსტეა. მხოლოდ ზაფხულში ვირუჯები. ზამთარში ბუნებრივ ფერს ვანიჭებ უპირატესობას.
– შეგიძლიათ თავის მოვლისთვის ხილის ნიღბები, ბუნებრივი საშუალებები გამოიყენოთ?
– არა, რას ამბობთ! ხილის ნაფცქვენებს, თაფლს, მაწონს და ა.შ. კანს არ გავაკარებ! სახლის პირობებში ვერასოდეს მოვუვლი თავს. შინაურ პირობებში თავის მოვლის არ მჯერა.
– უფროსი თაობა, როგორც წესი, თავის მოვლასთან დაკავშირებით მსგავს რჩევებს გვაძლევს...
– არაფერი მახსოვს უფროსი თაობის რჩევებისგან, რადგან მათ ყოველთვის იგნორირებას ვუკეთებ. ასეთი ინფორმაცია ჩემთვის საინტერესო არ არის.
– თქვენი წონა რისი დამსახურებაა?
– შვიდი საათის შემდეგ არ ვჭამ. პური ამოღებული მაქვს საკვები რაციონიდან. სხვა ყველაფერს ვჭამ, რაც მომინდება, როცა მინდა და რამდენიც მინდა. მაგრამ უზომოდ არასდროს ვიკვებები. ყოველთვის ვიცი, სად უნდა გავჩერდე, რომ მერე არ შევწუხდე.
– ფაქტობრივად, დიეტაზე ხართ.
– არა, არა, დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, არ დამჭირვებია. ვფიქრობ, რომ ჯანსაღი და ზომიერი კვება ყველაზე კარგი დიეტაა, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა დაიცვა.
– თავის მოვლას საკუთარი ფინანსებით ახერხებთ თუ მშობლების დახმარება გჭირდებათ?
– მხოლოდ ჩემს ფინანსებს ვიყენებ.
– და რა გიჯდებათ, თუ საიდუმლო არ არის?
– ხელფასის მეოთხედი. რომც დამაკლდეს ხელფასი ან მომემატოს, მაინც მისი მეოთხედი დამჭირდება. რიცხვის დაკონკრეტებას აზრი არ აქვს და არც მსურს.
– დაბოლოს, როგორია თქვენი საყვარელი სუნამო?
– ჩემი საყვარელი სუნამო უნდა იყოს ოდნავ გრილი და ოდნავ მოტკბო სურნელის. როგორც წესი, ხშირად ვიღებ სუნამოს საჩუქრად და, რაც მთავარია, ყოველთვის მომწონს ჩემთვის შერჩეული სურნელი.
მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე. N 27


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online