| ქალი და მამაკაცი |

მის ბიკინი 2011 – თეონა ლაგვილავა – 20 წლისაა. კონკურსში მის წარმატებას დიდ სიხარულთან ერთად ტკივილიც ახლდა, გული დასწყდა, რომ ბედნიერი წუთები მამასთან ვერ გაიზიარა. თეონა 6 წლის იყო, როცა მამით დაობლდა. ახლა მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი დედაა. თეონა გამოგვიტყდა, რომ ერთი ბიჭის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი, მაგრამ მისი ვინაობა არ გაგვიმხილა. ის აქტიურად იწყებს მზადებას "მის დედამიწაზე" გასამგზავრებლად და წარმატების იმედიც აქვს.
თეონა ლაგვილავა:
– ეს გამარჯვება იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ როცა წამყვანმა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადა, თითქოს არ დავიჯერე, ერთ ადგილას გაუნძრევლად ვიდექი. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავდა. ყველა მათგანს წარმატებებს ვუსურვებ. ძალ–ღონეს არ დავიშურებ, რომ ტაილანდში, "მის დედამიწაზე" ღირსეულად წარმოვაჩინო საქართველო.
– თეონა, თქვენზე ცოტა ვრცლად გვიამბეთ. რას საქმიანობთ?
– დავით გურამიშვილის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვსწავლობ. მეორე კურსის სტუდენტი ვარ. საერთაშორისო ურთიერთობებს და დიპლომატიას ვეუფლები. ბავშვობაში ძალიან მინდოდა ჟურნალისტობა. შემდეგ გავიაზრე, რომ ძალიან საპასუხისმგებლო, რთული საქმეა, მაგრამ მაინც მიმიწევს გული ჟურნალისტობისკენ. ვგრძნობ, რომ ჩემში ზის. თან კარგი ჟურნალისტისთვის ყველაფერი მაქვს – ძალიან ენერგიული ვარ, ბევრი ლაპარაკი და ხალხთან ურთიერთობა მიყვარს.
– როგორ ფიქრობთ, რატომ გახდით ჟიურის რჩეული?
– არ ვიცი, რატომ გამომარჩიეს. ერთადერთი, რაც ვიცი, ჟიური დიდ ყურადღებას აქცევდა ღიმილს და მე მთელი დეფილეს განმავლობაში ვიღიმოდი. ვფიქრობ, სწორედ ჩემი ღიმილით მოიხიბლა ჟიური.
– თქვენ "მის ბიკინი" გახდით. ამ სტატუსით ამაყობთ? ვინმესგან ცუდი დამოკიდებულება ხომ არ იგრძენით?
– არანაირი პრობლემა არ შემქმნია. აქ გასაკვირი და, მით უმეტეს, სასირცხვილო არაფერია. ჟიურის წინაშე საცურაო კოსტიუმით გადიხარ და ისინი შენს ტანს აფასებენ.
– ოჯახის წევრები რას ფიქრობენ თქვენს მოდელობაზე?
– დედისერთა ვარ. სამწუხაროდ, მამა გარდაიცვალა. დედა ერთადერთი ადამიანია, ვის რჩევებსაც ყოველთვის ვითვალისწინებ. ძალიან ჯიუტი ვარ და არავის აზრით არ ვინტერესდები.
– როგორ ფიქრობთ, მამა რა აზრის იქნებოდა თქვენს არჩევანზე?
– ალბათ იამაყებდა. 6 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა და საერთოდ არ მახსოვს. ეს გამარჯვება მას მივუძღვენი.
– რა გაბრაზებთ ყველაზე მეტად?
– ჭორები. ამაზე თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, ახლა ისე აღარ განვიცდი. ჭორების ობიექტი ალბათ ჩემი ხასიათის გამო ვხდები ხოლმე. ძალიან აქტიური ვარ. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ, რადგან მჭორავენ, ე.ი. საინტერესო ადამიანი ვარ. ვფიქრობ, ეს გამარჯვება ჩემს ცხოვრებას შეცვლის, თუმცა პიროვნულად არასოდეს შევიცვლები.
– ყველაზე ლამაზი გოგონას პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– სრული ქაოსია, ბევრი თაყვანისმცემელი მყავს. თითოეულ მათგანთან განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს.
– შეყვარებულიც ხართ?
– მთლად შეყვარებული არ ვარ, მაგრამ ცოტა მიკლია. ძალიან მომწონს. ის დიდ პატივს მცემს. პირველმა მან დამირეკა და გამარჯვება მომილოცა. ისიც სტუდენტია.
"მის იუნიორი 2011" კონკურსზე პირდაპირ აუდიტორიიდან მოხვდა
ნათია როზომაშვილი: "წარმატებას მხოლოდ სილამაზით ვერ მიაღწევ"
მის იუნიორი 2011" – 21 წლის ნათია როზომაშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ნათიას დიდი იმედი ჰქონდა, რომ გაიმარჯვებდა და მისი იმედები გამართლდა კიდეც. ახლა გულმოდგინედ ემზადება ჩეხეთში "მის მსოფლიო პრინცესას" კონკურსზე წასასვლელად.
ნათია როზომაშვილი:
– აქამდე მოსასვლელად ძალიან დიდი გზა გამოვიარე. ამ კონკურსში ბევრი რამ ჩავდე და მიხარია, რომ შრომა დამიფასდა. გამარჯვების იმედი ნამდვილად მქონდა. მგონი, ამ კონკურსის ორგანიზატორის, მაია ზაალიშვილის იმედებიც გავამართლე. ეს გამარჯვება ჩემთვის სტიმულია. ახლა უკვე ვიცი, რა გზას გავყვები.
– თქვენი ერთ–ერთი "გზა" რამდენიმე თვეში ჩეხეთისკენ, "მის მსოფლიო პრინცესას" კონკურსისკენ მიდის. იქ როგორ აფასებთ თქვენს შანსებს?
– ამაზე ლაპარაკი მიჭირს. იმ კონკურსზე წარმატებას მხოლოდ სილამაზით ვერ მიაღწევ. ძალიან უნდა მოვინდომო, რომ გამარჯვებას მივაღწიო. იმედი მაქვს, სამეულში მაინც შევალ. უცხო გარეგნობა მაქვს, დედის მხრიდან რუსული და პოლონური სისხლი მირევია. მამით ქართველი ვარ. ალბათ ეს განსხვავებული იერი ჩემი პლუსი იქნება.
– ნათია, მოგვიყევით თქვენ შესახებ. როგორც ჩემთვის ცნობილია, სტუდენტი ხართ.
– გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტ "ალმა მატერში" ვსწავლობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მესამე კურსი დავხურე. ეს სფერო ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. პირველივე კურსზე მიკროფონით დავდიოდი და სიუჟეტებს ვაკეთებდი.
– როგორც ვიცი, სწორედ უნივერსიტეტში მივიდა ქალბატონი მაია ზაალიშვილი გოგონების ასარჩევად და თქვენ გამოგარჩიათ.
– ლექციაზე ვიყავი, როდესაც მაია ზაალიშვილმა ჩვენი აუდიტორიის კარი შემოაღო. გვთხოვა, გოგონები ფეხზე ავმდგარიყავით. სამი გოგო ამოგვარჩია და გვითხრა, გამომყევითო. არც გვკითხა, გათხოვილები ვიყავით თუ არა. ჩვენ სამს შორის ორს ოჯახი ჰქონდა. ჩემმა ჯგუფელმა გოგონებმა უარი თქვეს მაიას შემოთავაზებაზე. მეც ვერ ვწყვეტდი, რა მექნა. არ ვიცოდი, რომელი სააგენტო იყო, მეშინოდა, რომ არავის მოვეტყუებინე. მერე ერთმა ნაცნობმა მითხრა, საშიში არაფერიაო და ასე მოვხვდი ამ კონკურსში.
– სამომავლოდ რას აპირებთ? როგორ შეუთავსებთ ერთმანეთს მოდელობას და ჟურნალისტობას?
– მოდელობას გარკვეული ასაკობრივი ზღვარი აქვს, ამიტომ ამ პროფესიის გამო ჟურნალისტობაზე უარს არ ვიტყვი. ახლა ცოტას ვნერვიულობ, "მის მსოფლიო პრინცესაზე" რომ მივდივარ. მაიას სააგენტოს ბოლო ორი წელია არც ერთი ნომინაცია არ აუღია და ისიც ნერვიულობს. ძალიან მოვინდომებ და იქნებ ერთ–ერთი საპრიზო ადგილი მაინც შემხვდეს.
– ოჯახის წევრებს რა რეაქცია ჰქონდათ, როცა გაიგეს, რომ სილამაზის კონკურსში მონაწილეობდით? მათგან რამდენად გაქვთ ხელშეწყობა?
– მყავს დედა, ბებია, მამა საზღვარგარეთაა. დედაჩემი ყველანაირად მხარში მიდგას. ყველა ჩემს შეცდომაზე მიმითითებს და ვცდილობ, რომ გამოვასწორო. კონკურსის დღეებში მამხნევებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ჯერ ბავშვი ვიყავი, როცა მამა ამბობდა, რომელიმე სამოდელო სააგენტოში ხომ არ მიგვეყვანაო. ყველაფერი ადვილად ავითვისე. მაია წინ დამაყენებდა ხოლმე და გოგონებს ეუბნებოდა, ნახეთ, როგორ უნდა გაიაროთ პოდიუმზეო. ცანცარა არასოდეს ვყოფილვარ. გრიგოლეთში ჯგუფებად დავიყავით. ერთი ჯგუფი მე ჩამაბარა – შენ მიხედეო. ვგრძნობ, რომ ძალიან მენდობა და მიხარია.
– აქამდე თუ გრძნობდით, რომ თქვენი სილამაზით ყურადღების ცენტრში ექცეოდით?
– სხვების ყურადღება არასოდეს მაკლდა. მართალია, ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ მე არ ვარ შეყვარებული. შეიძლება ვიღაც მომწონებია, მაგრამ შეყვარებული არ ვყოფილვარ.
– გამარჯვების შემდეგ კონკურსანტების დამოკიდებულება ხომ არ შეიცვალა თქვენ მიმართ?
– ძალიან მგრძნობიარე ვარ და ყოველთვის ვგრძნობ შურს. რაც შეეხება იმას, შეიცვალნენ კონკურსანტები ჩემ მიმართ თუ არა, პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ.
ვის აქვს შანსი, "მის სანა 2011"–ის გული დაიპყროს
ნათია ლაბაძე: "ბიჭებს უნდა ეამაყებოდეთ მოდელი შეყვარებული"
ჟურნალ "სარკის" და პორტალ "SANA.GE"–ის გამარჯვებული, "მის სანა 2011" – 19 წლის ნათია ლაბაძე, არ ელოდა, თუ გამარჯვებულებს შორის აღმოჩნდებოდა. ნათია ილია სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტია, მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს. მოდელობა მისი ჰობია, მაგრამ ამ წარმატებამ იმდენად დიდი სტიმული მისცა, ამბობს, რომ ამ საქმეს სერიოზულად მიხედავს.
ნათია ლაბაძე:
– წინა დღეებში სხვა გოგონები ლიდერობდნენ. მე სამეულშიც კი არ ვიყავი. როგორც ჩანს, მონაცემები ბოლო დღეს შეიცვალა. დიდ მადლობას გიხდით! უზომოდ გახარებული ვარ, რადგან მე ხალხმა ამირჩია.
.– სამოდელო კარიერის გაგრძელებას აპირებთ?
– სტუდენტი ვარ, მოდელობა ჩემი ჰობია. კონკურსის ერთ–ერთი ორგანიზატორი, ნუკრი ჯიოშვილი გავიცანი ინტერნეტით, მან შემომთავაზა მონაწილეობა. ამ კონკურსმა ადამიანებთან ურთიერთობა მასწავლა. მომავალ წელსაც მოვსინჯავ ძალებს. არ არის გამორიცხული, მომავალში ჩემს პროფესიას მოდელობაც შევუთავსო. კონკურსზე ყველაზე მეტად დედაჩემი მგულშემატკივრობდა. ერთადერთი, ბებიას არ უნდოდა ამ კონკურსში მონაწილეობა მიმეღო.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– აბსოლუტურად არაფერი, ამ ეტაპზე არავინ მომწონს. ისეთი პიროვნება არც მომეწონება, ვისაც ცუდი დამოკიდებულება ექნება მოდისადმი. ვფიქრობ, უნდა ეამაყებოდეთ კიდეც მოდელი შეყვარებული. ბიჭებთან ვმეგობრობ და მათგან არასოდეს მიგრძვნია უარყოფითი დამოკიდებულება. პირიქით, სულ იმას მეუბნებოდნენ, ძალიან მაგარი ხარ და, აბა, შენ იციო. ყველა მეგობარი დადებითად იყო განწყობილი. არავის უთქვამს, რას აკეთებ, სად მიდიხარო. მათი ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის დიდი სტიმული იყო. ვიღაცას რომ ეთქვა, სისულელეაო, ძალიან იმოქმედებდა ჩემზე. მინდა, ყველას თვალში დადებითი და კარგი ადამიანი ვიყო, მაგრამ ხანდახან არ გამომდის.
ქეთი დინოშვილი, ჟურნალი სარკე. N 27

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"მის იუნიორის" და "მის ბიკინის" კონკურსანტები პოდიუმზე ჭრელი კაბებით გავიდნენ
მანიკა ასათიანი მაღალ ქუსლებზე ქმრის ნებართვით დგება
ნათია მაქაცარია სამოსს დღეში სამჯერ იცვლის












კოკო შანელის საზაფხულო რეზიდენცია გასაყიდად გამოიტანეს
მანანა მაჩაბელი: "კოსმეტიკას ყოველთვის იაფფასიანს ვყიდულობდი"
ნატალი პორტმანის სილამაზის საიდუმლოებანი 

თამუნა მუსერიძე 300 ევროიანი სათვალის გამო ერთი კვირა სუპებს ჭამდა
ნუკი კოშკელიშვილი: "ვალენტინოს სახლმა რომ დამასახელოს უგემოვნოდ, სტილს მაინც არ შევიცვლი!"
ლიკა ქორქია: "ინტერნეტშოპინგში პელე ვარ!"
ვიქტორია ბექჰემი საბავშვო ტანსაცმელს გამოუშვებს
„მის მსოფლიოზე" ვენესუელას წარმომადგენელმა გაიმარჯვა
გიორგი სუხიტაშვილმა ზაფხული 22 ლარიანი კედებით გაატარა
სალომე კასრაძე: "შინაურ პირობებში თავის მოვლის არ მჯერა!"
ლია მიქაძე: ” მე წყლის ადამიანი ვარ”
თიკა მახალდიანი მხოლოდ კლასიკას და ქალურობას აღიარებს 












