| ქალი და მამაკაცი |

პირველი ქართველი დიქტორი ქალი, ლია მიქაძე, დღესაც, 75 წლის ასაკში, შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა რაიმე განსაკუთრებულ საიდუმლოს არ ფლობს. როგორც თავად გვითხრა, თავს განსაკუთრებულად არასოდეს უვლიდა. ალბათ იმიტომ, რომ კარგი გარეგნობით დაიბადა, დანარჩენი კი უკვე ცხოვრების წესმა განაპირობა.
– ქალბატონო ლია, რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ კარგად გამოიყურებოდეს?
– არ მესმის, რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, ქალი მოვლილიაო. ქალი რომ დგება, უნდა დაიბანოს პირი და მოწესრიგდეს. მე, მაგალითად, მთელი ცხოვრება პირს საპნით ვიბან და მერე აუცილებლად მკვებავ კრემს ვისვამ. აუცილებლად უნდა მივიღო შხაპი, ისე ტანსაცმელს ვერ ჩავიცვამ. მე წყლის ადამიანი ვარ. ეს არის ჩემი თავის მოვლა. კოსმეტოლოგთან არ დავდივარ, პლასტიკურ ოპერაციებს არ ვიკეთებ, ტუჩებს არ ვიბუშტავ, მოვლა კი ალბათ ამ ყველაფერს გულისხმობს. ზოგს საცოდავად აქვს ტუჩები გადმოტრიალებული დაბერვისგან. ყველა თავისებურად ფიქრობს და უვლის თავს.
– საპონი და მკვებავი კრემი თქვენი კანისთვის თავად შეარჩიეთ?
– მე თვითონ შევუფარდე ჩემს კანს. საერთოდ, მშრალი კანი არ მაქვს, უფრო კომბინირებული ეთქმის. როცა გრიმს ვიკეთებდით და სპექტაკლებში ვთამაშობდით, მაშინ კოსმეტიკის მოსაშორებლად ვაზელინს ხმარობდნენ, რაც საშინელება იყო. ამიტომ სახლში რომ მოვდიოდი, გრიმს საპნით და ღრუბლით ვიცილებდი. შემდეგ თხელი ტონალური შემოვიდა. საერთოდ, ეკრანისთვის, სცენისა და კინოსთვის სულ სხვადასხვა მაკიაჟია საჭირო. ყველაფერს თავისი სპეციფიკა აქვს. მერე უკვე კოსმეტიკის კარგი ფერები შემოვიდა.
– როგორია თქვენი საყვარელი მაკიაჟი?
– თვალების ამოყვანა და ტუჩის საცხი – მეტი არაფერი. დღის ბოლოს მაკიაჟი აუცილებლად უნდა მოიშორო, რადგან ფორები იხურება და კანი ვეღარ სუნთქავს. შეიძლება მკვებავი კრემი წაისვათ ოდნავ და მაკიაჟი ასე მოიშოროთ.
– ტელევიზიაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით. მაკიაჟის მოდა სულ იცვლება. რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ამ კუთხით?
– თავიდან ვიზაჟისტები არ გვყავდა. მე, პირადად, ყველანაირ გრიმს თვითონ ვიკეთებდი. საკუთარი თავის დიზაინერი და ვიზაჟისტი თავად ვიყავი. მხოლოდ ვარცხნილობას მიკეთებდა ჩემი პარიკმახერი ვაჟა მხითარიანი. თავად ვიცი, რა მჭირდება ეკრანზე. მაგალითად, ეკრანზე "რუმიანას" წასმა არაფრით შეიძლება. კანი ერთფეროვანი უნდა იყოს, რომ სინათლე კარგად განაწილდეს. სატელევიზიო კამერებს თავისი სპეციფიკა აქვს. ცხოვრებაში კარგია, როცა ოდნავ "რუმიანა" გაქვს წასმული, მაგრამ ეკრანისთვის აბსოლუტურად არ ვარგა, რადგან ამ დროს ლოყები ჩავარდნილია, ყვრიმალები წინ არის წამოწეული და ძალიან ჩანს. ამ ყველაფერს სწავლა უნდა. მე ვსწავლობდი გრიმის გაკეთებას, ამ საგანს გიორგი სარჩიმელიძე მიკითხავდა.
– დღევანდელი ტელეწამყვანებიდან ვისი ვიზაჟი არ მოგწონთ?
– მე ამას არასოდეს ვუყურებ. ადამიანს, რომელიც ეკრანზე გამოდის, ვუსმენ და არ ვაკვირდები, როგორი ვიზაჟი აქვს ან როგორ აცვია. ვფიქრობ, რომ ადამიანმა, რომელიც თავს უფლებას აძლევს, ეკრანზე გამოჩნდეს, უნდა იცოდეს, როგორი ვიზაჟი სჭირდება, რომ მაყურებელი არ გააღიზიანოს.
– და თქვენ არავინ გაღიზიანებთ?
– მართალი გითხრათ, ქართულ არხებს ძალიან იშვიათად ვუყურებ, თუ რამემ ძალიან არ დამაინტერესა. უფრო შემეცნებით გადაცემებს ვუყურებ. "პირველ არხზე" არის ხოლმე გადაცემა "მონატრება". ეს ჩვენ მიერ გაკეთებული გადაცემაა. ახლა კი ისე აქვთ გაკეთებული, თითქოს მაგათი მომზადებულია. ჩვენი სახელები და გვარები ტიტრებშიც არ წერია, უფრო მეტიც, სატელევიზიო დადგმა "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" კახა კახაბრიშვილმა გააკეთა და ვასო გოძიაშვილი თამაშობდა. ეს დადგმა რომ ეთერში გაუშვეს, ისიც კი არ მიაწერეს, ვისი გადაღებულია. მხოლოდ ეს ეწერა – "საზოგადოებრივი ტელევიზია", არადა ეს იყო "პირველი არხის" მიერ გადაღებული სატელევიზიო სპექტაკლი.
– ეს მართლაც მტკივნეული თემაა, მაგრამ მოდით, ჩვენს რუბრიკას დავუბრუნდეთ. როგორია თქვენი დღის რაციონი? კანისთვის და ზოგადად გარეგნობისთვის ესეც ხომ მნიშვნელოვანია?
– განსაკუთრებული რაციონი არ მაქვს და ამაზე არც არასოდეს მიფიქრია. ჩემმა სამსახურმა მიმაჩვია, რომ ბევრი არ უნდა ვჭამო. სამსახურიდან შუაღამე რომ მოვდიოდი მთელი დღის უჭმელი, არ შემეძლო, მეჭამა და ისე დამეძინა. საკვებს მეორე დილამდე არ ვიღებდი. ფაქტობრივად, დღეში ერთხელ ვჭამდი და ამას ისე მივეჩვიე, რომ ახლაც დღეში ერთხელ ვჭამ. დილას ვსაუზმობ და მეორე დილამდე აღარაფერს ვიღებ. შიმშილის გრძნობა საერთოდ არ მაქვს, ამიტომ ჩემთვის ამ რეჟიმის დაცვა პრობლემას არ წარმოადგენს. ხორცს უკვე 40 წელია, საერთოდ არ ვჭამ. ერთხელ ავად გავხდი და იმის მერე ორგანიზმი ხორცს საერთოდ არ იღებს.
– წონის პრობლემა არასოდეს გქონიათ?
– მე ვიყავი 59–64 კილოგრამი და ამ წონის ფარგლებში ვმერყეობდი ყოველთვის. ახლა ცოტა მოვიმატე, 3–4 კილოთი მეტი ვარ და ეს მაწუხებს. დიდ წონას არ ვარ მიჩვეული.
– წლების განმავლობაში ერთი და იგივე ვარცხნილობა გაქვთ, არასოდეს მოგბეზრებიათ?
– ცვლილებები არ მიყვარს. თან, როცა ეკრანზე ჩნდები და დღეს ერთი ვარცხნილობა გაქვს, ხვალ – მეორე და ა.შ. მაყურებელს ყურადღება ეფანტება. რასაც ტელეწამყვანი ამბობს, ისე ვეღარ აღიქვამს, როგორც საჭიროა. მთავარია, ეკრანზე აკურატულად გამოიყურებოდე. მაყურებელი რომ შემოგხედავს, არ უნდა თქვას, რას ჰგავს, თმა ქაჯივით გაუწეწიაო.
– თქვენი გარეგნობა ეკრანიდან ბევრი ქალისთვის იყო მისაბაძი, თავად თუ გყავდათ მისაბაძი ობიექტი?
– მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ მსოფლიოზე მეტი მაქვს შემოვლილი და ურთიერთობა მქონდა ძალიან ბევრ პოპულარულ ადამიანთან, ვარსკვლავთან, არასოდეს არავისთვის მიმიბაძავს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. მიბაძვა ცუდი რამეა.
– საზღვარგარეთ ყოფნისას უცხოელ და ქართველ ქალბატონებს შორის რა მსგავსება–განსხვავებებს პოულობდით?
– უცხოეთში თავს ძალიან უვლიან, განსაკუთრებით ხანშიშესული ქალბატონები. ყოველთვის დავარცხნილები და გამოპრანჭულები არიან. საღამოს კაფეში სხდებიან, საუბრობენ. მათი შეხედვა გესიამოვნება. ქართველ ქალებს ამის საშუალება არ აქვთ, რადგან ყველაფერი მათ კისერზეა. საქართველოში ახალგაზრდები ახლა უფრო უვლიან თავს, ვიდრე ადრე. ალბათ ამის საშუალებაც გაჩნდა და იმიტომ.
– რა სჭირდება თქვენს თმას, როგორ უვლით მას?
– არაფერი, ერთი ბრენდის შამპუნს და საპონს ვიყენებ და არ ვცვლი, რადგან ყველაზე მეტად მომეწონა და მომიხდა. თმას თავად ვიღებავ. ჩემმა პარიკმახერმა, ვაჟა მხითარიანმა, მოსკოვში საცხოვრებლად რომ მიდიოდა, მასწავლა თმის გაკეთება, შეღებვა. დღეს თავად ვიკეთებ ამ ყველაფერს.
– შინაური რეცეპტები კანისთვის არასოდეს გამოგიყენებიათ?
– დედა კიტრს რომ გაფცქვნიდა, მისი კანით სახეს იწმენდდა. ეს კანისთვის კარგია, კვებავს მას. ხანდახან ნიღბებსაც იდებდა, მარწყვის, პომიდვრის. ეს კარგია, რადგან დროთა განმავლობაში კანს ვიტამინები აკლდება და უხეშდება. ეს ნიღბები კი მის გამოცოცხლებას უწყობს ხელს. ერთი ახლობელი მყავდა, უკრაინაში ცხოვრობდა. როცა ჩემთან სტუმრად მოვიდოდა, შემოსული არ იყო, მეტყოდა, როდის დავიწყებთ ნიღბების დადებასო. აიღებდა კვერცხის გულს, ხაჭოს, ზეითუნის ზეთს, ერთმანეთში აურევდა, თვითონაც იდებდა სახეზე და მეც მადებდა. ის რომ წავიდოდა, რამდენიმე წელი არც კი მახსენდებოდა იმ ნიღბების არსებობა.
– როგორია თქვენი საყვარელი სურნელი?
– მძაფრი სურნელი არ მიყვარს. ჯერ ერთი, დღისით არასოდეს უნდა გამოიყენოთ პარფიუმი, ტუალეტის წყალი დაისხით. პარფიუმი საღამოს წვეულებებისთვის არის განკუთვნილი. ზოგი გვერდით გაგივლის და ისეთი მძაფრი სურნელი აქვს, რომ შეიძლება დაიხრჩო. საერთოდ, ძალიან მიყვარს გერლენის "მაგრიფი", მაგრამ აქ აღარ შემოდის. არ ვიცი, რომელი წლის, მაგრამ ძალიან ცოტა "მაგრიფი" მაქვს შემორჩენილი და განსაკუთრებულ შემთხვევებში ვისხამ.
მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე. N 26

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"მის იუნიორის" და "მის ბიკინის" კონკურსანტები პოდიუმზე ჭრელი კაბებით გავიდნენ
მანიკა ასათიანი მაღალ ქუსლებზე ქმრის ნებართვით დგება
ნათია მაქაცარია სამოსს დღეში სამჯერ იცვლის












კოკო შანელის საზაფხულო რეზიდენცია გასაყიდად გამოიტანეს
მანანა მაჩაბელი: "კოსმეტიკას ყოველთვის იაფფასიანს ვყიდულობდი"
ნატალი პორტმანის სილამაზის საიდუმლოებანი 

თამუნა მუსერიძე 300 ევროიანი სათვალის გამო ერთი კვირა სუპებს ჭამდა
ნუკი კოშკელიშვილი: "ვალენტინოს სახლმა რომ დამასახელოს უგემოვნოდ, სტილს მაინც არ შევიცვლი!"
ლიკა ქორქია: "ინტერნეტშოპინგში პელე ვარ!"
ვიქტორია ბექჰემი საბავშვო ტანსაცმელს გამოუშვებს
„მის მსოფლიოზე" ვენესუელას წარმომადგენელმა გაიმარჯვა
გიორგი სუხიტაშვილმა ზაფხული 22 ლარიანი კედებით გაატარა
სალომე კასრაძე: "შინაურ პირობებში თავის მოვლის არ მჯერა!"
მის ბიკინი 2011 თეონა ლაგვილავა: "ჟიური ჩემი ღიმილით მოვხიბლე"
თიკა მახალდიანი მხოლოდ კლასიკას და ქალურობას აღიარებს 


