asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თიკა მახალდიანი მხოლოდ კლასიკას და ქალურობას აღიარებს
”ძალიან აჭრელება არ მიყვარს”
თიკა მახალდიანი მხოლოდ კლასიკას და ქალურობას აღიარებს

2011-06-30 01:02:31



მომღერალი თიკა მახალდიანი, მიუხედავად თავისი ახალგაზრდა ასაკისა, ყველაზე კომფორტულად თავს კლასიკურ სამოსში გრძნობს და სპორტული სტილისგან თავს შორს იჭერს. მამაკაცების ყურადღებასაც ყველაზე მეტად სწორედ მაშინ გრძნობს, როცა ქალურად აცვია და მაღალ ქუსლებზეა შემდგარი. ამას თავისებურად ხსნის. მისი თქმით, მაღალ ქუსლებიანი ფეხსაცმელებით ქალი ნაზად დადის და ძლიერ სქესს სწორედ ეს სინაზე იზიდავს. თავის სტილსა და გემოვნებაზე თიკა "სარკეს" უამბობს.
თიკა მახალდიანი:
– საყიდლებზე მხოლოდ იმიტომ დავდივარ, რომ გარდერობი განვაახლო. სხვა შემთხვევაში მეზარება, ძალიან მღლის მაღაზიიდან მაღაზიაში გადასვლა. ზოგისთვის კი საყიდლებზე სიარული განტვირთვის კარგი საშუალებაა.
– ყოველთვის ზუსტად იცით, რისი ყიდვა გინდათ?
– თუ გამიზნულად მივდივარ მაღაზიაში, ყოველთვის ზუსტად ვიცი, რისი ყიდვა მინდა. თუ მოხდა და დაუგეგმავად აღმოვჩნდი მაღაზიაში, მაშინ, რაც მომეწონება, იმას ვყიდულობ.
– სამოსის არჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას რას აქცევთ?
– ბრენდებზე გაგიჟებული არ ვარ. ჩემთვის მთავარი ხარისხია. წარმოვიდგენ ხოლმე, რასთან შემიძლია ჩავიცვა. ყველაზე მთავარი მაინც ალბათ ისაა, რომ მოვიხდინო და თავი კომფორტულად ვიგრძნო.
– სხვადასხვა ფერის კომბინაციების გაკეთება გიყვართ?
– ძალიან აჭრელება არ მიყვარს, უპირატესობას დამჯდარ ფერებს ვანიჭებ. მერე რა, რომ ზაფხულია, არ მიყვარს წითლის, ყვითლის და მწვანის არევა. არის ხალხი, ვინც ასეთ სიჭრელეს იხდენს, მაგრამ საკუთარ თავზე არ მომწონს. რა თქმა უნდა, ფერადი სამოსიც მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ შავი ფერის სამოსი გარუჯულ კანს ძალიან უხდება, ნაკლებად ვხმარობ.
– ანუ გიყვართ გარუჯვა.
– ზაფხულს თეთრი კანი არ უხდება. სამწუხაროდ, სოლარიუმშიც დავდივარ, მაგრამ მზეც არანაკლებ საშიშია. ამიტომ არ ვფიქრობ იმაზე, რომ სოლარიუმი ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. თან სისტემატურადაც არ დავდივარ.
– თქვენს ჩაცმულობასთან დაკავშირებით სხვების აზრი რამდენად გაინტერესებთ?
– მარტოს არ მიყვარს საყიდლებზე სიარული. აუცილებლად უნდა მახლდეს ვიღაც. სხვების აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ. საყიდლებზე ძირითადად მეგობრებთან და დედაჩემთან ერთად დავდივარ. სამოსის არჩევაში ისინი მეხმარებიან.
– აქსესუარები რატომ არ გიკეთიათ, არ გიყვართ?
– სიმართლე გითხრათ, აქსესუარებზე არ ვგიჟდები. ყელსაბამები არ მიყ ვარს, მამძიმებს და დისკომფორტს განვიცდი. ძირითადად პატარა საყურეებს და ბეჭდებს ვხმარობ. ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, რომ აქსესუარების დანახვაც არ მინდა. ხანდახან კი ყურიდან არ ვიშორებ საყურეს, ისეთი გადარეული ვარ.
– გარეგნულ იერში რა დეტალს აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას, რომლის გარეშეც სახლიდან გასვლა წარმოუდგენლად მიგაჩნიათ?
– არასოდეს გავდივარ სახლიდან ისე, თუ სუნამო არ დავისხი. გიჟივით ვისხამ ხოლმე. არც ძალიან ტკბილი არომატი მიყვარს და არც – ცივი.
– ყველაზე მეტი რა მოიპოვება თქვენს გარდერობში?
– კლასიკური სამოსი. მიყვარს კაბები, სარაფნები... ზაფხულში ძირითადად სარაფნებით დავდივარ, ჯინსებს ვერ ვხმარობ.
– საღამოს კაბები ალბათ მრავლად გაქვთ.
– ძალიან ბევრი მაქვს. ხშირად მიწევს წვეულებებზე სიარული, ამიტომ ჩემს გარდერობში სხვადასხვანაირ კოქტეილის კაბებსაც იპოვით.
– როგორ უნდა ეცვას ბიჭს, რომ აღნიშნოთ, რა კარგად აცვიაო?
– არ მიყვარს, ბიჭს რომ კოსტიუმი აცვია. გააჩნია, რა სიტუაციაში ვნახავ. მომწონს, როცა ჯინსები და მაისურები აცვიათ. კაცს რომ შევხედავ და წვეტიან ფეხსაცმელს დავუნახავ, მეტირება. რა უბედურებაა!
– ძირითადად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით გხედავთ. არ გიჭირთ სიარული?
– ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს. ვთვლი, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ძალიან მიხდება და თან კომფორტულადაც ვგრძნობ თავს, თავდაჯერებული ვხდები. ვიცი, რომ მაღლებზე კარგად გამოვიყურები. ყოველდღიურად არ დავდივარ მაღალი ქუსლებით. ასეც არ ვიტანჯავ თავს.
– თქვენი ქუსლის მაქსიმალური სიმაღლე რამდენია?
– 12 სანტიმეტრი, მაგრამ ასეთს მხოლოდ სცენაზე ვიცვამ.
– რის მიხედვით არჩევთ კონცერტზე თქვენს ჩაცმულობას?
– გააჩნია, რა სიმღერას ვმღერი და სად ტარდება კონცერტი. რუსთაველის თეატრში და ფილარმონიაში შარვლით ნამდვილად ვერ დავდგები სცენაზე. სიმღერის დროს კლასიკურ სამოსში თავს კომფორტულად ვგრძნობ. სცენას გრძელი კაბა უხდება. ქალაქგარეთ შეგიძლია მაისურით და შარვლით გახვიდე მსმენლის წინაშე, მაგრამ იქაც მოგეთხოვება გემოვნება.
– ქალებისგან ხშირად მსმენია, მამაკაცებისგან კომპლიმენტებს მაშინ ვიღებთ, როცა ქუსლიანი ფეხსაცმელები გვაცვიაო. თქვენ როდის განებივრებენ ძლიერი სქესის წარმომადგენლები კომპლიმენტებით?
– მეც ანალოგიური შემიძლია გითხრათ. მაღალ ქუსლებზე შემდგარი ქალი უფრო ქალურია, ნაზად დადის და ეს მამაკაცებს მოსწონთ. აბა, დათვივით ბაჯბაჯი ვის მოეწონება! ხანდახან გოგოებისგან გამიგია, რა ვქნა, არ მიხდება მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიო. მე თუ მკითხავთ, ყველას უხდება, მთავარია, იცოდე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული. მყავს ნაცნობები, რომლებიც ვერ დადიან, მაგრამ სულ იმას ვეუბნები, რომ ივარჯიშონ და ადრე თუ გვიან ნორმალურად გაივლიან. ზოგ გოგოს კედები ისე უხდება, რომ ალბათ ურჩევნია კიდეც, საერთოდ არ ჩაიცვას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. მე კი თავი ვერ წარმომიდგენია კედებით. სპორტული ჩაცმულობა ჩემი სტილი არ არის.
– საზღვარგარეთულ შოპინგზე რა აზრის ხართ?
– ძალიან მიყვარს. იქ ისეთი მომსახურებაა, რომ მიხარია მაღაზიებში სიარული. თან უფრო მეტი არჩევანია. ყოველთვის ვადარებ ჩვენსა და იმათ მოდას. რუსული მოდა არ მომეწონა. ჩემი აზრით, რუსები ცუდად იცვამენ, თუმცა შემხვედრია ქალი, რომელსაც ისეთი მაგარი ჩანთა სჭერია, რომ სხვა არაფრისთვის მიმიქცევია ყურადღება.
– ყველა ქართველი ქალი ირწმუნება, რომ არ უყვარს სხვებივით ჩაცმა და ინდივიდუალური სტილი აქვს. ამ დროს კი ყველას ერთი მოდელი აცვია. თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, რომ მასისგან განსხვავებულად გეცვათ?
– ძალიან უსიამოვნოა, როცა შენნაირი სამოსი სხვებსაც აცვიათ. ახლა კომბინეზონები შემოვიდა მოდაში და ყველას აცვია. ეს ძალიან ცუდია. 18–20 წლის ასაკის გოგონებს ყველას ერთნაირად არ უნდა ეცვას. მე ხშირ შემთხვევაში ვიკერავ ან ჩემი დეიდაშვილი საზღვარგარეთიდან მიგზავნის.
– თვალშიმოსახვედრად სექსუალურ ჩაცმულობაზე რა აზრის ხართ?
– არ მიყვარს ვულგარულად ჩაცმა. დეკოლტეებს მეც ვხმარობ. მომწონს და მგონია, რომ ძალიან ლამაზია. ქალს რაც ლამაზი აქვს, უნდა გამოაჩინოს. ვისაც მოკლე კაბა უხდება, რატომაც არ უნდა ჩაიცვას?! მთავარია, ეს ყველაფერი ვულგარულობაში არ გადავიდეს.
– ახლა მხოლოდ ლოყები გაქვთ შეფერილი. არ გიყვართ მკვეთრი მაკიაჟი?
– თუ კონცერტი ან გადაღება არ მაქვს, მაკიაჟს არ ვიკეთებ. გარუჯულ კანს "რუჟი" ძალიან უხდება, არც ტუშზე და მკვეთრი ფერის პომადაზე ვამბობ უარს. მკვეთრი მაკიაჟით ვერასოდეს მნახავთ. პომადის და სამოსის ფერებს აუცილებლად ვუხამებ ერთმანეთს.
– პრანჭია ხართ?
– ორი საათი მაინც მინდა მოსამზადებლად. ნახევარი საათი კარადასთან ვდგავარ და ვფიქრობ, რა ჩავიცვა. მინახავს გოგოები, რომლებიც ჩემზე დიდხანს უნდებიან მომზადებას.
– საყვარელი ადამიანი თქვენს ჩაცმულობაში რომ ჩაერიოს და რაიმე აგიკრძალოთ, რას იზამთ?
– ალბათ გავითვალისწინებ. თუ მეყვარება, ანგარიშს გავუწევ, ოღონდ მისგანაც იმავეს მოვითხოვ. ისეთ რაღაცას არც მე ჩავიცვამ, რომ ვინმემ დამიშალოს. ჩემზე კარგად ვინ იცის, რა მიხდება და რა – არა. თუ მოხდა და სცენაზე დამჭირდა გამომწვევად ჩაცმა, მაშინ აუცილებლად ჩავიცვამ. თუ ჩემი პროფესია არ მოეწონება და ვერ შეეგუება იმ აზრს, რომ მომღერალი ვარ, ამიტომ ხან ისეთი სამოსის ჩაცმა დამჭირდება და ხან – ასეთის, მაშინ არ ვიცი, რას ვიზამ.
ქეთი დინოშვილი, ჟურნალი სარკე. N 26


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online