asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"მის იუნიორის" და "მის ბიკინის" კონკურსანტები პოდიუმზე ჭრელი კაბებით გავიდნენ
"კოლექციიდან მუქი ფერები ამოვიღეთ"
"მის იუნიორის" და "მის ბიკინის" კონკურსანტები პოდიუმზე ჭრელი კაბებით გავიდნენ

2011-06-24 19:48:54



სასტუმრო "ბაზალეთში" 23 ივნისს "მის იუნიორის" და "მის ბიკინის" კონკურსების წინა საფინალო ჩვენება შედგა. ფინალი 27 ივნისს გრიგოლეთში სასტუმრო "ანდამატში" გაიმართება. სწორედ ამ დღეს გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც ჩეხეთში "მის მსოფლიო პრინცესას" კონკურსზე გაემგზავრება. კონკურსში 20 გოგონა მონაწილეობდა, მაგრამ ორგანიზატორის, მაია ზაალიშვილის გადაწყვეტილებით, ორმა მათგანმა კონკურსი დატოვა. "უპასუხისმგებლოები იყვნენ, რეპეტიციებზე ყოველთვის იგვიანებდნენ და ამიტომ გავაგდე", – გვითხრა ქალბატონმა მაიამ. საბოლოოდ გაირკვა, რომ 27 ივნისს 18 კონკურსანტი შეეცდება, ჟიურის თავი მოაწონოს.

"ბაზალეთში" გამართულ ჩვენებას ჟიურის წევრებიც ესწრებოდნენ, მაგრამ, კონკურსის პირობების თანახმად, მათი ვინაობა ყველასთვის გასაიდუმლოებული იყო.კონკურსანტები განსაკუთრებით ღელავდნენ. თუმცა მათ შორის იყო რამდენიმე გოგონა, რომლებმაც ჩვენების ბოლომდე აბსოლუტური სიმშვიდე შეინარჩუნეს. ჩვენ რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.

სოფო ლუხუტაშვილი, 16 წლის:

– არ ვნერვიულობ, რადგან ამ სფეროში მცირე გამოცდილება მაქვს. მოდის კვირეულებზე დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ჩვენებებში მივიღე მონაწილეობა. მინდა, ჩემი გამოცდილება ყველას გავუზიარო. ვცდილობ, პოდიუმზე სიარული ვასწავლო. რაც მთავარია, ვეუბნები, რომ არ უნდა ინერვიულონ. ფინალს მოუთმენლად ველოდები. იმედი მაქვს, ჟიური ობიექტურობას გამოიჩენს. მგონია, რომ გარეგნობასთან ერთად ინტელექტსაც დიდ ყურადღებას მიაქცევენ.

ნათია როზომაშვილი, 21 წლის:

– ვიცი, რომ იდუმალი ჟიურის წევრები დღესვე დაიწყებენ ჩვენს შეფასებას და ცოტა ვნერვიულობ. კასტინგზე აბსოლუტურად გამოუცდელი მოვედი. ყველაზე მეტად პოდიუმზე გავლა გამიჭირდა. მეგონა, სიარული ვიცოდი, მაგრამ თურმე ვცდებოდი. ვნახოთ, რა შედეგებით დასრულდება ფინალი. არ გამოვრიცხავ, რომ ამ სფეროში დავრჩე.

– როგორ ფიქრობთ, ჟიური ყველაზე მეტად რას მიაქცევს ყურადღებას?

– ყველაზე მეტ ყურადღებას მანერებს და გამოხედვას მიაქცევს. ძალიან ძლიერი კონკურსია. ყველას გამარჯვება გვინდა, მაგრამ თუ ვერ გავიმარჯვებ, გამოცდილებას მაინც მივიღებ, ყოველ შემთხვევაში, იმედს არ ვკარგავ და მჯერა, რომ წარმატებას მოვიპოვებ.

გოგონების ჩაცმულობაზე ათმა დამწყებმა დიზაინერმა იმუშავა. მათთვის 56 კაბა შეიკერა. კონკურსანტებმა ჩვენებაზე კოქტეილის და საღამოს კაბები წარადგინეს.

გვანცა გულუა, დიზაინერი:

– მესამე წელია, რაც "მის იუნიორის" კონკურსის მონაწილეებს კაბებს ვუკერავ. ამჯერად 6 კაბა შევკერე. კაბებზე მუშაობისას ძირითადი ყურადღება ფერებზე გავამახვილეთ. ვეცადეთ, ჭრელი კოლექცია შეგვექმნა და მუქი ფერები საერთოდ ამოვიღეთ. ყველა კარგი გოგოა და მათთან მუშაობა არ გაგვჭირვებია. თუმცა როცა რაღაც იდეა მქონდა, ვფიქრობდი, რომელი გოგო უკეთ წარმოაჩენდა პოდიუმზე იმ კაბას.

გოგონები მართლაც შეეცადნენ, ორგანიზატორებისა და დიზაინერების იმედები გაემართლებინათ. საღამოს ბოლოს სილამაზის კონკურსების ორგანიზატორი მაია ზაალიშვილი, დიზაინერები, მონაწილეები და საზოგადოებაც კმაყოფილი ჩანდა. ფინალამდე მხოლოდ რამდენიმე დღეა დარჩენილი. იმედია, ამ რამდენიმე დღეში კონკურსანტები შეძლებენ, დაძაბულობა მოიხსნან, სიარულის მანერა დახვეწონ და პოდიუმზე თავისუფლად გაიარონ.

ქეთი დინოშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online