| ქალი და მამაკაცი |

მოდელი მანიკა ასათიანი ყოველთვის ცდილობს, ისე ჩაიცვას, როგორც მის ქმარს, კალათბურთელ ბექა წივწივაძეს მოსწონს. ბექას კი ყველაზე მეტად მაშინ მოსწონს მეუღლე, როცა ის უმაკიაჟოდაა და არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. მანიკა მაღალ ქუსლებზე მხოლოდ მაშინ დგება, როცა განსაკუთრებულ ადგილას მიდის და თან ბექას თანხმობაც აქვს. თავის მხრივ, ხშირ შემთხვევაში მანიკა ბექას გარდერობზე თავად ზრუნავს. აი, ასეთი შეხმატკბილებულობაა ჩაცმის საკითხში ახალგაზრდა ცოლ–ქმარს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთის გემოვნებას ბრმად ენდობიან.
– მანიკა, ზოგი ქალისთვის საყიდლებზე სიარული დამღლელია, ზოგისთვის კი ეს თერაპიაა. თქვენ თუ განიჭებთ სიამოვნებას შოპინგი?
– საყიდლებზე სიარულით არასოდეს ვიღლები, მაგრამ რომ გითხრათ, ეს პროცესი მიყვარს და ყოველდღე მაღაზიებში დავდივარ–მეთქი, მოგატყუებთ. თუ არ მითხრეს, მანიკა, ეს არ გაქვს და აუცილებლად უნდა იყიდოო, ისე არ მივდივარ. ერთი რამის გამო მაღაზიებში წასვლა მეზარება, ამიტომ ერთ გასვლაზე ბევრ რამეს ვყიდულობ. როცა გარდერობს ვაახლებ, კარგ ხასიათზე ვდგები.
– ყოველთვის ზუსტად იცით, როგორი სამოსი გჭირდებათ?
– გადაწყვეტილებებს ძალიან ადვილად ვიღებ, მაგრამ ისეც ხდება, რომ სახლში მოტანილი სამოსი აღარ მომწონს და არ ვიცვამ. მაღაზიებში მარტო სიარულს მირჩევნია, სხვებთან ერთად წავიდე და მათ ვკითხო რჩევა.
– ძირითადად ვისთან ერთად დადიხართ საყიდლებზე?
– ხან ბექა მომყვება, ხან დედაჩემი, დედამთილი, მეგობრები... უმეტეს შემთხვევაში ბევრნი დავდივართ ხოლმე.
– როგორც მოდელი, დიდ დროს უთმობთ გარეგნობას, ჩაცმულობას?
– ქალმა თავს ყოველთვის უნდა მიხედოს. არ აქვს მნიშვნელობა, მოდელია თუ სხვა პროფესიის მქონე. თავს, რა თქმა უნდა, ვუვლი, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ ვიპრანჭები, როცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მივდივარ. ვთვლი, რომ თუ ყოველდღიურად გამოპრანჭული ვივლი, მნიშვნელოვან საღამოზე ეფექტური აღარ გამოვჩნდები. მირჩევნია ყოველდღიურად სადად და ქუჩურ სტილში მეცვას. არც მაკიაჟს ვხმარობ ყოველდღიურად, უპირატესობას მსუბუქს ვანიჭებ. მაკიაჟს ყოველთვის თვითონ ვიკეთებ. ყველა მეუბნება, შენგან კარგი ვიზაჟისტი დადგებაო. მომავალში შეიძლება სერიოზულად დავფიქრდე ამაზე. ეს საქმე ბავშვობიდან მიყვარს. ყოველთვის გამოჭერაზე ვიყავი, რომ ვინმესთვის მაკიაჟი გამეკეთებინა.
– გარეგნობაში ექსპერიმენტები რამდენად გიყვართ?
– ვერ ვრისკავ. ჩემს გარეგნობაში რადიკალური ცვლილება არასოდეს შემიტანია. ჩემი თმის ფერი ისე მომწონს და იმდენად განსხვავებულია, რომ არასოდეს შევიღებავ. ახლახან თმა დავიმოკლე, გრძელი თმა მბეზრდება ხოლმე.
– როგორც აღნიშნეთ, ქუჩური სტილი გიყვართ. იქნებ უფრო კონკრეტულად აგვიხსნათ, რა იგულისხმეთ?
– ჯინსი და მაისური ჩემთვის ქუჩის სტილია. ზედმეტი სისადავე არ მიყვარს. ამიტომ ჩემს ჩაცმულობას ყოველთვის ვაფორმებ აქსესუარებით. ყველაზე მეტად საათები და ჯაჭვები მიყვარს. ხშირად მაცვია დაბალძირიანი ფეხსაცმელი, შორტები, სარაფნები. ხანდახან წვეულებაზეც კი დაბალძირიანი ფეხსაცმლით მივდივარ. ვიცი, რომ ქუსლებზე შემდგარი ქალი ყოველთვის განსაკუთრებულად გამოიყურება, მაგრამ ჩემი სიმაღლის ქალს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აღარ სჭირდება.
– როგორ ფიქრობთ, ქალი ყველაზე ქალური როდის არის?
– მე ქალურად არასოდეს გამოვიყურები, მაშინაც კი, როცა გაპრანჭული ვარ. ქალური შეიძლება 30–40 წლის ასაკში ვიყო. როგორც უნდა მოვინდომო, ზუსტად ვიცი,რომ ამ ასაკში ქალური ვერ გავხდები. ჩემი აზრით, ძალიან ბავშვური ვარ.
– ბექასგან კომპლიმენტებს ყველაზე მეტად როდის იმსახურებთ?
– მაშინ, როცა მაკიაჟი არ მაქვს გაკეთებული და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ მაცვია. ბექას ბუნებრიობა უყვარს. სულ იმას მეუბნება, მაკიაჟითაც მომწონხარ, მაგრამ ბუნებრივი მირჩევნიხარო. დღეს თქვენთვის რომ გამოვიპრანჭე, მითხრა, რა კარგად მოქცეულხარ, მაკიაჟი რომ არ წაგისვამსო. მეუბნება, რომ საკმარისი სიმაღლე მაქვს და მაღალი ქუსლი არაფერში მჭირდება. ძალიან მოვწონვარ, როცა დაბალძირიანი ფეხსაცმელი და სადა სამოსი მაცვია. როგორც ყველა ქმარს, ბექასაც ძალიან მოსწონს, როცა სხვების ყურადღებას ვიქცევ. მის აზრს თითქმის ყოველთვის ვითვალისწინებ. ხანდახან, როცა ვთხოვ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ჩავიცვამ–მეთქი, ნებას მრთავს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემი ქმარი არაფერში მზღუდავს. თვითონაც არასოდეს ვიცვამ ისეთ მოკლე კაბას, რომ ქუჩაში ყველამ მე მიყუროს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ჩაცმულობა მე და ბექას ერთნაირად მოგვწონდეს.
– ესე იგი მთავარი, ვისთვისაც იპრანჭებით, თქვენი ქმარია.
– გაუპრანჭავი და მოუვლელი ცოლი არც ერთ მამაკაცს სჭირდება. ქალმა, პირველ რიგში, ქმარს კი არა, საკუთარ თავს უნდა სცეს პატივი და ყოველთვის ფორმაში იყოს. არ ვამართლებ ქალებს, რომლებიც ბავშვის გაჩენის შემდეგ ფორმაში ჩადგომას არ ცდილობენ. ქალი ყველგან და ყველა სიტუაციაში მოვლილი უნდა იყოს. ამ დროს საკუთარი თავის რწმენა გვიჩნდება და კომპლექსები არ გვაწუხებს. თუ საკუთარი თავი თვითონ არ მოგვწონს, გამორიცხულია, სხვას მოვეწონოთ. განწყობა გარეგნობაზე ყოველთვის მოქმედებს.
– სახლიდან გასვლის წინ არჩევთ სამოსს თუ წინა დღეს უკვე იცით, მეორე დღეს რას ჩაიცვამთ?
– ძალიან კარგი იქნებოდა, წინა დღეს ვგეგმავდე, მეორე დღეს რას ჩავიცვამ. სახლიდან გასვლის წინ მთელი ტანსაცმელი ძირს ყრია და რას ვარჩევ, მე თვითონაც არ ვიცი. წინასწარ არასოდეს ვიჭერ თადარიგს, რაც ძალიან ცუდია. არ შემიძლია, როცა ჩაცმულობაში დისკომფორტს მიქმნის რაღაც. თუ მაინც ისე გავედი გარეთ, რომ რაღაც არ მომწონს, მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვარ.
– რამდენად შეიძლება თქვენზე ითქვას, რომ პრანჭია ხართ, დიდხანს ტრიალებთ სარკის წინ?
– თუ ვიპრანჭები, სარკის წინ დაუსრულებლად ვტრიალებ. ძალიან ნელი ვარ და მაკიაჟის გაკეთებას ერთი საათი მაინც ვუნდები. ოთახიდან რომ გამოვდივარ, ისეთი სადა მაკიაჟი მაქვს, რომ ჩემი ქმარი გიჟდება, ამდენი ხანი მაგის გაკეთებას მოუნდიო. თითო წერტილსაც კი დიდ ყურადღებას ვაქცევ. ერთი არასწორი ხაზის გამო შეიძლება მთელი მაკიაჟი მოვიშორო და თავიდან გავიკეთო. ბექა ორი საათით ადრე მაფრთხილებს, მივდივართ და გაემზადეო.
– ალბათ მისთვის ძალიან რთულია, ამდენ ხანს რომ ალოდინებთ.
– კი, ძალიან რთულია. ბექა რომ არ გაბრაზდეს, ადრე ვიწყებ მომზადებას, მაგრამ, იცით, რა ხდება? რაც უნდა ადრე დავიწყო, მაინც ყოველთვის მაგვიანდება.
– როგორ ფიქრობთ, ქალის მომხიბვლელობის საიდუმლო რა არის?
– ეს ინდივიდუალურია. შეიძლება არც ერთი ნაკვთი ჰქონდეს ლამაზი, მაგრამ ძალიან ეშხიანი იყოს, შარმი ჰქონდეს. ასეთები ბევრ ლამაზ ქალს აჯობებენ. ასე რომ, ყველა ქალს სილამაზის თავისი საიდუმლო აქვს, მაგრამ გააჩნია, ამას როგორ წარმოაჩენს.
– მაშინ ის გვითხარით, თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო რა არის?
– არ ვიცი. ჩემი აზრით, როცა ადამიანი შინაგანად არის ლამაზი, გარეგნულადაც კარგად გამოიყურება. შეიძლება ქალი ვიზუალურად ძალიან კარგი იყოს, მაგრამ თუ მისი შინაგანი სამყარო არ არის ლამაზი, მასთან ურთიერთობა სულაც არ გესიამოვნოს. მე თუ მკითხავთ, როცა ადამიანი ცუდ ხასიათზეა, სახლიდან საერთოდ არ უნდა გავიდეს.
– მანიკა, ყველა ქალს აქვს პატარ–პატარა სისუსტე. თქვენს სისუსტედ რა შეიძლება, რომ ჩაითვალოს?
– ჩემს გარდერობში ყველაფერი თანაბრადაა. როცა უბრალო მაისურის საყიდლად მივდივარ, შეიძლება დავინახო გამოსასვლელი კაბა, რომელზეც გადავირევი და მაშინვე ვყიდულობ. გამოსასვლელ ტანსაცმელზე ნამდვილად მაქვს გართულება. ფეხსაცმელიც ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ მხოლოდ 3–4 წყვილს ვხმარობ. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი მიყვარს – ჩანთები, სათვალეები... ხანდახან სამოსში მენანება კიდეც ფულის გადახდა. შეიძლება რაღაც დავინახო და ძალიანაც მომეწონოს, მაგრამ ისეთი ძვირი ღირდეს, რომ არ ვიყიდო. თან იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება ვიყიდო და მერე აღარც ვიხმარო. არ მიყვარს უაზროდ რაღაცეების ყიდვა. თუ რამეს არ ვიცვამ, სხვებს ვჩუქნი.
– ბექასაც უყვარს შოპინგი?
– კი, როცა საყიდლებზე დავდივართ, დროის შეგრძნებას ვკარგავთ. ძირითადად ერთმანეთისთვის ვარჩევთ რაღაცეებს და ბოლოს ორივე ერთად ვიღლებით. ბექას ცოტა პრეტენზიული ტანი აქვს და თავის ზომის სამოსს ვერ შოულობს. ამიტომ ძირითადად გამოწერით ან საზღვარგარეთ ყიდულობს. საქართველოში არ გვაქვს არჩევანის ფუფუნება.
– ბექა ენდობა თქვენს გემოვნებას?
– ბექასთვის ტანსაცმელს ხშირად მე ვყიდულობ. ახლახან იტალიიდან ბევრი სამოსი ჩამოვუტანე და ყველაფერს კარგად ხმარობს. ერთნაირი გემოვნება გვაქვს. ყოველთვის ვიცი, რა მოეწონება. ძირითადად იმას იცვამს, რაც მე მომწონს. ყველა ქმარი ცოლზეა დამოკიდებული, რადგან კაცებს ნაკლებად აინტერესებთ ჩაცმა და მსგავსი რაღაცეები. როცა მე კარგად გამოვიყურები, გვერდით ისეთი ადამიანი უნდა მყავდეს, რომ არაფრით ჩამომრჩებოდეს.
– როგორ სამოსში მოგწონთ ბექა?
– ყოველდღიურად რომ კლასიკურად ჩაცმულმა იაროს, ნამდვილად არ მომეწონება. მომწონს, როცა კედები და ჯინსები აცვია. კაცს კლასიკურად მხოლოდ ქორწილში უნდა ეცვას. ჩვენს ქორწილში ბექასაც კლასიკურად ეცვა, ოღონდ კოსტიუმში თანამედროვე ელემენტებიც შეიტანა. მომწონს, როცა კლასიკურ პიჯაკს ჯინსის შარვალს და სპორტულ ფეხსაცმელს უფერებს.
– თქვენი საპატარძლო კაბა როგორი იყო?
– სანამ გათხოვება არ გადავწყვიტე, არასოდეს მიოცნებია ქორწილზე, პრინცზე და საპატარძლო კაბაზე. როცა ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი, ძალიან ბევრი ვარჩიე. ჩემ გარშემო ყველა ამით იყო დაკავებული. ბოლოს ორიგინალური კაბა შევარჩიეთ და არა – გრანდიოზული. კაბა ფოტოზე მომეწონა და შევაკერვინე, მაგრამ ასლი არ გამიკეთებია. ერთი კაბის ზურგი მომეწონა, მეორის – წინა ნაწილი... სხვადასხვა კაბიდან ამოვარჩიე შტრიხები და ბოლოს ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა.
ქეთი დინოშვილი ჟურნალი სარკე N 25
|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



თიკა მახალდიანი მხოლოდ კლასიკას და ქალურობას აღიარებს
"მის იუნიორის" და "მის ბიკინის" კონკურსანტები პოდიუმზე ჭრელი კაბებით გავიდნენ
ნათია მაქაცარია სამოსს დღეში სამჯერ იცვლის












კოკო შანელის საზაფხულო რეზიდენცია გასაყიდად გამოიტანეს
მანანა მაჩაბელი: "კოსმეტიკას ყოველთვის იაფფასიანს ვყიდულობდი"
ნატალი პორტმანის სილამაზის საიდუმლოებანი 

თამუნა მუსერიძე 300 ევროიანი სათვალის გამო ერთი კვირა სუპებს ჭამდა
ნუკი კოშკელიშვილი: "ვალენტინოს სახლმა რომ დამასახელოს უგემოვნოდ, სტილს მაინც არ შევიცვლი!"
ლიკა ქორქია: "ინტერნეტშოპინგში პელე ვარ!"
ვიქტორია ბექჰემი საბავშვო ტანსაცმელს გამოუშვებს
„მის მსოფლიოზე" ვენესუელას წარმომადგენელმა გაიმარჯვა
გიორგი სუხიტაშვილმა ზაფხული 22 ლარიანი კედებით გაატარა
სალომე კასრაძე: "შინაურ პირობებში თავის მოვლის არ მჯერა!"
მის ბიკინი 2011 თეონა ლაგვილავა: "ჟიური ჩემი ღიმილით მოვხიბლე"
ლია მიქაძე: ” მე წყლის ადამიანი ვარ” 





