| ქალი და მამაკაცი |

"პირველი არხის" დილის სახეს, თამუნა მუსერიძეს, უამრავი ტანსაცმელი აქვს, მაგრამ მაინც ამბობს, რომ უკვე ყველაფერი ამოწურა. ზოგი პირდაპირ ეთერში ეცვა, ზოგი საღამოებსა და წვეულებებზე, რომლებიც მიჰყავს ხოლმე. სამოსის საკითხში მდიდარი ფანტაზია აქვს, მაგალითად, მამის ძველი "დუბლიონკა" ისე გადააკეთებინა მკერავს, რომ რობერტო კავალის ბოლო მოდელი გეგონებათ. ამას არც მალავს, პირიქით, ძალიან ამაყობს.
– თამუნა, როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
– სპორტული სტილი მიყვარს, ჯინსები, კედები, თუმცა ვთვლი, რომ არ მიხდება. მგონია, რომ ქალი მაშინ უფრო მეტად იქცევს ყურადღებას და მამაკაცისთვის მაშინ არის მიმზიდველი, როცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია.
– განსხვავებული ბეწვის ჟილეტი გაცვიათ. სად შეიძინეთ?
– ერთ–ერთ ინტერნეტსაიტზე რობერტო კავალის კოლექციაში ზუსტად ასეთი ჟილეტი ვნახე. ფოტო ამოვბეჭდე და მამაჩემის "დუბლიონკა" მკერავთან წავიღე. ზუსტად ისეთი გავაკეთებინე, როგორიც მინდოდა. ორივე მხრიდან შემიძლია ჩავიცვა, სახელოები ცალკე აქვს და, როგორც მინდა, ისე ვიცვამ.
– კაბაში მოხერხებულად გრძნობთ თავს?
– კაბა ძალიან მიყვარს და ბევრიც მაქვს, რადგან კონცერტების წაყვანა ხშირად მიწევს. თქვენი ფოტოსესიისთვის რომ კაბები ჩავიცვი, მაქსიმუმ, ორჯერ მაქვს ჩაცმული. კრემისფერი და შავი კაბა მხოლოდ თითოჯერ მეცვა. საქართველოში არ იმართება ისეთი კონცერტები, სადაც ასეთი კაბების ჩაცმას შევძლებ.
– წვეულებაზე ხომ შეგიძლიათ ასეთ კაბებში გამოწყობილი წახვიდეთ?
– წვეულებაზე ძირითადად მოკლე ან მუხლქვემოთ კაბებს ვიცვამ. რა თქმა უნდა, საღამოზე ჯინსებით არასოდეს მივდივარ და არც გრძელი კაბებით. მირჩევნია, იქაც ისე ჩავიცვა, რომ თავი კარგად ვიგრძნო.
– დრესკოდებს ემორჩილებით?
– დაახლოებით ორი თვის წინ მე და ჩემი მეგობარი, ნია მოზმანაშვილი, ვახო ბიჭიკაშვილის ქორწილში ვიყავით. მოკლე შავი კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა. იქიდან კლუბში წავედით, სადაც გაოცებულები გვიყურებდნენ, მაშინვე კოქტეილები მოგვართვეს. მთელი საღამო თავაწეულები ამაყად ვისხედით. უცხოეთში კლუბებში გამოპრანჭულები მიდიან. ჩვენთან რატომღაც დახეული ჯინსებით და კედებით უნდა წახვიდე, რასაც იმით ხსნი, რომ თავისუფლად იცეკვო. ამ დროს კი თბილისში ცეკვის კულტურა არ არსებობს. არც ერთი კლუბი არაა ისეთი, სადაც ცეკვა შეგიძლია. ვთვლი, რომ საღამოს კაბები სწორედაც კლუბში უნდა ჩავიცვათ.
– რომელი ფერები გიყვართ?
– ძირითადად იმას ვითვალისწინებ, თუ რა ფერებია მოდაში. ჩვენთვის, წამყვანებისთვის, პიჯაკი და პერანგი ყველაზე მომგებიანია. მუდმივად ფერების ცვლაში ვარ, ხან მწვანე მაცვია, ხან – ყვითელი, შავი, თეთრი...
– არის ისეთი ფერი, რომელსაც, რაც უნდა მოდური გახდეს, მაინც არ ჩაიცვამთ?
– არა. აბსოლუტურად ყველა ფერის სამოსს ვიხდენ. მეგონა, სტაფილოსფერს ვერასოდეს ჩავიცვამდი, მაგრამ ამ ფერის ისეთი მაგარი ზედატანი ვიყიდე და ეკრანს ისე მოუხდა, რომ მინდა, ყოველდღე მეცვას. ასევე მეგონა, ვერასოდეს ჩავიცვამდი იასამნისფერს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ფერიც საკმაოდ მომგებიანია ეკრანზე.
– ყველა კაბაზე სხვადასხვა აქსესუარი გაიკეთეთ. როგორც ჩანს, ძალიან გიყვართ.
– აქსესუარებზე ვგიჟდები. ჩემს ყველა კაბას თავისი საყურე და ბეჭედი აქვს. საათიც უამრავი მაქვს.
– სამოსის ფერის მიხედვით იკეთებთ მაკიაჟს?
– თუ წითელი კაბა მაცვია, მწვანე ფერის თვალის ჩრდილს ნამდვილად ვერ წავისვამ. მძიმე მაკიაჟი არ მიყვარს, მაგრამ ჩემი სამსახურის გამო დღეგამოშვებით გრიმის გაკეთება მიწევს. სახის კანი უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ გრიმის გაკეთებამდე კანს ვიტენიანებ. სამწუხაროდ, ამან არ მიშველა. თან მაკიაჟს ეთერიდან გამოსვლის შემდეგაც ვერ ვიშორებ, რადგან მთელი დღე გადარბენებზე ვარ, შეხვედრიდან შეხვედრაზე მივდივარ და მაკიაჟი მჭირდება.
– საყიდლებზე რა სიხშირით დადიხართ?
– თვეში ერთხელ, მაშინ, როცა ხელფასს ვიღებ. შარვლის საყიდლად თუ მივდივარ, უკან მის გარეშე ვბრუნდები. სამაგიეროდ, სხვა ბევრი რამ მაქვს ნაყიდი. დედა მეუბნება, ჯობია ერთი და კარგი ხარისხის იყიდო, ვიდრე ათასი და უხარისხოო. მე სწორედაც რომ ათასი მჭირდება. ეთერში ყოველდღე სხვადასხვა ტანისამოსი მაცვია. ამიტომაც მირჩევნია, შედარებით დაბალი ხარისხის მეცვას და ეკრანზე სხვადასხვა სამოსით გამოვჩნდე, ვიდრე ერთი კარგი პიჯაკი მქონდეს და მაყურებელი იმით მცნობდეს. ისიც უნდა გითხრათ, რომ საყიდლებზე ჩემთან ერთად არავინ დადის. საშინელებებს ჩავდივარ, სრული კოშმარია ჩემთან ერთად მაღაზიებში სიარული. ჰოროსკოპით სასწორი ვარ. შეიძლება ორი ერთნაირი სამოსი დამიდო წინ, ორი საათი უაზროდ ვიჯდე და ვერაფრით ავარჩიო. ამაზე გამყიდველებს საოცარი რეაქციები აქვთ. მერე იძულებული ვხდები, ისეთი რაღაც ვიყიდო, რასაც არასოდეს ჩავიცვამ.
ეს ერთი უკიდურესობაა. ახლა ჩემს მეორე უკიდურესობას გეტყვით. მაღაზიაში შევვარდები, უცებ ჩამოვხსნი რაღაცეებს და პირდაპირ, გაუსინჯავად ვყიდულობ.
– შოპინგი კარგ ხასიათზე გაყენებთ?
– როცა ფული არ მაქვს, მაღაზიაში არ შევდივარ, რადგან დეპრესია მეწყება და მაშინვე იმაზე ვიწყებ ფიქრს, ფული სად ვიშოვო. რომ გითხრათ, ყოველი შენაძენის შემდეგ კარგ ხასიათზე ვარ–მეთქი, ასე არაა. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ყოველდღიური მოვლენაა. ძალიან დიდი სიხარული მომიტანა "ზარას" ფირმის სათვალემ, რომელიც ლიტვაში ვიყიდე. ოქროსფერი სათვალე მომეწონა, მაგრამ იმ წუთში ფული არ მქონდა. მეორე დღეს რომ მივედი, აღარ დამხვდა. ამიტომ შავი ვიყიდე. გზაში "ზარას" ფილიალში შევიარე და ოქროსფერი იქ ვნახე. ვფიქრობდი, რა მექნა, რადგან ისიც ძალიან მინდოდა. ავდექი და ვიყიდე. სამაგიეროდ, დედას გეფიცებით, უფულოდ დავრჩი და ერთი კვირა ერთჯერად სუპებსა და ლიმონიან წყალზე გავატარე. დედას ვერაფრით დავურეკავდი და ვერ ვეტყოდი, ფული გამომიგზავნე, რადგან "ხამი" შვილი გყავს და სათვალეში 300 ევრო გადაიხადა–მეთქი. ამ ფაქტის შემდეგ მსგავსი სისულელე არასოდეს გამიკეთებია.
– ჩაცმასთან დაკავშირებით ვის აზრს ითვალისწინებთ?
– არავისას, მაგრამ, როცა გარეთ გამოსვლას ვაპირებ და მგონია, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზად გამოვიყურები, თუ დედაჩემი შემეკითხება, ამით გადიხარო, მაშინვე ყველაფერი მშხამდება. ცოტა ხნის წინ სიმღერის ჩაწერა გვქონდა. ლამაზი კაბა, ჩექმა ჩავიცვი და გამოსვლის წინ დედამ მკითხა, ასე მიდიხარ სიმღერის ჩაწერაზეო. ამ კითხვას ისე უცნაურად მისვამს, რომ ნერვები მეშლება. მერე ვზივარ, ვფიქრობ, რა ჩავიცვა და უარესი მემართება.
– გიყვართ ისეთი აქსესუარები, სამოსი, რომლებიც მასობრივი არ არის?
– კი. სწორედ ამიტომ ვცდილობ, სამოსი შევიკერო. იმ კაბებიდან, თქვენი ჟურნალის ფოტოსესიისთვის რომ ჩავიცვი, მხოლოდ მოკლე კაბა იყო რობერტო კავალის, წითელი კაბა კი გამოვიწერე. დანარჩენი ნანა მელქაძის შეკერილია. ის მოკლე კაბა კი ჩემმა მეგობარმა გამოიწერა, პატარა მოუვიდა და მე გადმომილოცა. ჩემს სასცენო კოსტიუმებზე ყოველთვის ნანა ზრუნავს.
– სამოსის გამოწერა მოსახერხებელია თქვენთვის?
– არა, სამოსს არასოდეს ვიწერ. ის წითელი კაბაც სრულიად შემთხვევით გამოვიწერე. ჩემი მეგობარი იწერდა რაღაცეებს და ვუთხარი, მე ეს კაბა მინდა–მეთქი. ლოდინი მეზარება. "ხამი" ვარ, ფული თუ იმ დღესვე არ დავხარჯე, არ შემიძლია.
– სამოსი თუ ვერ მოირგეთ, რას უშვრებით?
– ახლა ისეთი გამხდარი ვარ, რომ ჩემს ზომა ტანსაცმელს ვერსად ვშოულობ. ვყიდულობ და მერე მკერავს ვაპატარავებინებ. ზოგი ადამიანი ვერ იტანს, როდესაც სამოსს თხოულობენ მისგან. მე ამაზე არანაირი პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ ხანდახან მავიწყდება, ვის რა ვათხოვე. მერე ყველას ჩამოვურეკავ ხოლმე და ვეკითხები, ჩემი კაბა შენ ხომ არ გაქვს–მეთქი. ამ ინტერვიუს რომელიმე ჩემი მეგობარი თუ წაიკითხავს, ვისაც ჩემი ტანსაცმელი აქვს, ვთხოვ, დამიბრუნოს, ეთერისთვის მჭირდება!
– მამაკაცს როგორ უნდა ეცვას, რომ თქვათ, გემოვნებით აცვიაო?
– თბილისში არსებობს ასეთი ბიჭი, ირაკლი მაქაცარია, იგივე მაქაცა, რომელსაც ყველა ისე იცნობს, როგორც ყველაზე კარგად ჩამცმელს. მე ასეთი გემოვნებით ჩაცმული მამაკაცი საქართველოში არ მინახავს.
– გემოვნებით ჩაცმას რას უწოდებთ?
– ძალიან განსხვავებულად და ორიგინალურად აცვია. თავისი სტილი აქვს ნაპოვნი. კლასიკურად ჩაცმული მამაკაცები მომწონს. ამ ბოლო დროს კლასიკურ ჩაცმულობაზე ვარ გადასული და ბიჭი გვერდით ბოტასით, ჩაჩებით არ უნდა გამომყვეს. არ მიყვარს, როდესაც კაცებს სქელი ქურთუკები აცვიათ.
– ადამიანის ტანსაცმლით შეფასება შეგიძლიათ?
– ტანსაცმლით კი არა, ადამიანს ვერაფრით ვაფასებ. შეიძლება მამაკაცს 2 წელი ვიცნობდე და მერე მივხვდე, რომ თურმე სულაც არ ვიცნობდი. ერთადერთი, ვისაც ვატყუებ, დედაჩემია და თანაც ელემენტარულ რაღაცეებს ვეუბნები, რომ არ ინერვიულოს. სამაგიეროდ ყველა მე მატყუებს.
– არის რამე ისეთი, რასაც არ იცვამთ?
– ძალიან მომწონს დაბალუბიანი შარვლები და ზემოდან კაპიუშონიანი ჟაკეტი. ჩემი ძმა იცვამს და უხდება. მომწონს, როცა გოგონები ბოტებში ჩატანებული შარვლებით დადიან, მაგრამ მე ასეთ ფორმაში გარეთ ვერასოდეს გავალ. ქუჩაში ვერც ელასტიკით და ბოტებით ვივლი, მომწონს, მაგრამ ვერ ვიხდენ. ალბათ ადრე დედაჩემმა მითხრა, არ გიხდებაო და ამიტომ ავიკვიატე. მგონია, რომ ქალი ქალური უნდა იყოს.
– და როგორ ფიქრობთ, ქალს ყველაზე მეტად ქალურს რა ხდის?
– არ მგონია, ქალს დეკოლტე, ელასტიკი ან მოკლე კაბა ხდიდეს ქალურს. ალბათ შინაგანი შარმი უნდა გქონდეს, რაც ქალურობას მატებს. მამაკაცებსაც სწორედ ეს შინაგანი შარმი იზიდავს.
ქეთი დინოშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"მის იუნიორის" და "მის ბიკინის" კონკურსანტები პოდიუმზე ჭრელი კაბებით გავიდნენ
მანიკა ასათიანი მაღალ ქუსლებზე ქმრის ნებართვით დგება
ნათია მაქაცარია სამოსს დღეში სამჯერ იცვლის












კოკო შანელის საზაფხულო რეზიდენცია გასაყიდად გამოიტანეს
მანანა მაჩაბელი: "კოსმეტიკას ყოველთვის იაფფასიანს ვყიდულობდი"
ნატალი პორტმანის სილამაზის საიდუმლოებანი 

ნუკი კოშკელიშვილი: "ვალენტინოს სახლმა რომ დამასახელოს უგემოვნოდ, სტილს მაინც არ შევიცვლი!"
ლიკა ქორქია: "ინტერნეტშოპინგში პელე ვარ!"
ვიქტორია ბექჰემი საბავშვო ტანსაცმელს გამოუშვებს
„მის მსოფლიოზე" ვენესუელას წარმომადგენელმა გაიმარჯვა
გიორგი სუხიტაშვილმა ზაფხული 22 ლარიანი კედებით გაატარა
სალომე კასრაძე: "შინაურ პირობებში თავის მოვლის არ მჯერა!"
მის ბიკინი 2011 თეონა ლაგვილავა: "ჟიური ჩემი ღიმილით მოვხიბლე"
ლია მიქაძე: ” მე წყლის ადამიანი ვარ”
თიკა მახალდიანი მხოლოდ კლასიკას და ქალურობას აღიარებს 


