asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რუსეთის საზოგადოების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს ვლადიმერ ვახანიას ვადამდე გათავისუფლების თხოვნით მიმართავენ
თხოვნა
რუსეთის საზოგადოების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს ვლადიმერ ვახანიას ვადამდე გათავისუფლების თხოვნით მიმართავენ

2011-11-29 12:56:00



რუსეთის საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ვლადიმერ ვახანიას პირობით ვადამდე გათავისუფლების თხოვნით მიმართავენ.
პრეზიდენტისადმი მიმართვას ხელს აწერენ მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარე ლუდმილა ალექსეევა, სსრკ-ს სახალხო არტისტი ოლეგ ბასილაშვილი ა.სახაროვის მემკვიდრეობის საზოგადოებრივი კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი კოვალიოვი, მათემატიკოსი, პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იური რიჟოვი, საჯაროობის დაცვის ფონდის პრეზიდენტი ალექსეი სიმონოვი, სამოქალაქო თანადგომის ჯგუფის პრეზიდენტი სვეტლანა განუშკინა, მეცნიერთა დაცვის საზოგადოების პასუხისმგებელი მდივანი ერნესტ ჩერნი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსეი იაბლოკოვი.
მიმართვა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას გუშინ ჩაბარდა, დღეს ვლადიმერ ვახანიას ოჯახმა გაავრცელა.
მიმართვის მიხედვით, ვახანია, რომელიც არის საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე, გაასამართლეს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვის მუხლებით. განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მიმართვაში მოყვანილია 2011 წლის 30 ივნისს გამოქვეყნებული ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ტომას ჰამარბერგის ანგარიში, სადაც გარკვეული ნაწილი ეხება ვახანიას სისხლის სამართლის საქმეს. ანგარიშში ჰამარბერგი დარღვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეჭვქვეშ დგება ბრალდების და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობა.
რუსეთის ინტელიგენციის წარმომადგენლები ვახანიას ვადამდე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებითაც საუბრობენ. პრეზიდენტისადმი მიმართვაში აღნიშნავენ, რომ 2010 წლის 15 დეკემბერს მან მოიხადა სასჯელის ნახევარი, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, თუმცა აღნიშნულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა არსებითად იმ საფუძვლით, რომ ვახანია არ განიცდის რესოციალიზაციას, რადგან არ აღიარებს მისთვის ინკრიმინირებულ დანაშაულს. სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება ვახანიას მიერ გასაჩივრებული იყო სასამართლოში, თუმცა სასამართლომაც არ მიიჩნია საჭიროდ პირობით ვადამდე გათავისუფლება.
მიმართვის მიხედვით, რესოციალიზაცია არ გულისხმობს მსჯავრდებულის მიერ მისთვის ინკრიმინირებული ბრალის აღიარებას.
~არც სამინისტრომ და არც სასამართლომ მსჯავრდებულ ვ.ვახანიას პიროვნების კრიტერიუმის შეფასებისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვახანია მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენისათვის, სასჯელის მოხდის პერიოდში არ მიუღია საყვედური და სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციასთან თავისუფლების აღკვეთის მთელი პერიოდის განმავლობაში აქვს კორექტული ურთიერთობა; ვახანია მანამდე არასოდეს ყოფილა ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ისინი წარმოადგენენ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირებს); ვ.ვახანია არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, რამდენიმე სამეცნიერო აკადემიის წევრი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სტატიის ავტორი. მეცნიერებაში, განათლებაში, კულტურასა და ხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისათვის 2005 წელს იგი დააჯილდოვეს მიხეილ ლომონოსოვის სახელობის პრემიით~, - აღნიშნულია მიმართვაში.
ამასთან, ხელმომწერები შეშფოთებას გამოხატავენ ვახანიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, რომელიც მკვეთრად გაუარესდა მისი დაპატიმრების შემდეგ.
მიმართვის მიხედვით, ვახანიასათვის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილებიდან გავიდა 6 თვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მსჯავრდებულმა კვლავ მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით.
მიმართვის ავტორები მიხეილ სააკაშვილს სთხოვენ, რომ ხელი შეუწყოს და პირადად მიიღოს მონაწილეობა ვლადიმერ ვახანიას პირობით ვადამდე გათავისუფლების საქმეში.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მიხეილ სააკაშვილი
კავშირი ტეგთან: რუსეთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online