| ქალი და მამაკაცი |

63 წლის ციური გაგუა ერთი წლის წინ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებს ხელი უკვე ჩაქნეული ჰქონდათ. დანით აჩეხილი, სისხლისგან დაცლილი ქალი მაშველებმა სახლში გამოკეტილი იპოვეს. ეს ამბავი წელიწადნახევრის წინ მოხდა.
ქალბატონი ციური ერთადერთ ვაჟიშვილთან და მეუღლესთან ერთად თბილისში, გლდანში ცხოვრობს. 2010 წლის 31 მაისს სახლში მარტო იყო, როცა მასთან ოჯახის ახლობელი, მეზობლად მცხოვრები ბიჭი მივიდა. ციურიმ სახლში დანდობილად შეუშვა მეზობელი, მერე კი საშინელება დატრიალდა...
– ინჟინერი ვარ, მაგრამ არ ვმუშაობ, პენსიონერი ვარ. ჩემი მეუღლე მეზღვაურია, ჩემი შვილი – ეკონომისტი, – გვიამბობს ქალბატონი ციური, – ჩემი შვილი, თენგო, შუადღის პირველ საათზე სამტრედიაში წავიდა, ჩემი მეუღლეც დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა. სახლში მარტო ვიყავი. ცოტა ხანში მეზობლად მცხოვრები, ჩემს შვილთან ერთად გაზრდილი ბიჭი, ზურა ამოვიდა და მთხოვა, თუ შეიძლება ცოტა ხნით შემოვალ, კომპიუტერი მჭირდებაო. უარი არ მითქვამს, რადგან ჩემს შვილთან ხშირად მოდიოდა ხოლმე. ცოტა ხანში ოთახში შევაკითხე, ჩამქრალ მონიტორთან იჯდა... უცებ წამოხტა, ცხვირ–პირზე მომიჭირა ხელი, მგუდავდა. მსხვილი ბიჭია, 130 კილო მაინც იქნება. სიმწრისგან ხელზე ვუკბინე, გამიშვა და თავში დარტყმა დამიწყო. ყელიდან ოქროს ძეწკვი და ჯვარი ჩამომწყვიტა. ფანჯარა ღია იყო, ყვირილი დავიწყე, მიშველეთ–მეთქი, მაგრამ ხელი მკრა და იატაკზე დამაგდო. შამფურივით მახვილთავიანი საგანი ეკავა და ხელზე, ფეხზე, მკერდზე, ფილტვთან, კისერში, ყელში, ყურის ძირში ყველგან მირტყამდა... ერთი სიტყვით, ჩემი მოკვლა უნდოდა. ოროთახიან ბინაში ვცხოვრობთ და იქ რამის მოძებნა არ გაუჭირდებოდა. გონება ერთი წამით არ დამიკარგავს, მაგრამ სისხლისგან დავიცალე.
– თქვენი ყვირილის ხმა ვერავინ გაიგონა?
– ხმა რომ არ გასულიყო, სამზარეულოს კარი გამოკეტა. ვეხვეწებოდი, შვილად მიგიღე, ოღონდ არ მომკლა და არსად ვიტყვი, წადი–მეთქი. არა, უნდა მოგკლა, ფული სად გაქვსო, გაიძახოდა. პენსიით ნაგროვები ფული მქონდა. მანამდე ბევრჯერ მოსულა, ფული უსესხია ჩვენგან, ბავშვისთვის მინდაო, ხან 20 ლარი, ხანაც 15 ლარი მიგვიცია. ვუთხარი, სადაც მქონდა. მერე მოვიდა და მითხრა, ოქრო სად არისო. მაშინ მე დანა არ დამინახავს, მაგრამ გამომძიებელმა დანაც იპოვა. მერე თავადაც აღიარა, დანაც მქონდაო. ჭრილობები თავის არეშიც მქონდა. საბოლოოდ 58 ჭრილობა მომაყენა. გულმკერდის არე ახლაც დაბუჟებული მაქვს. ფილტვი გამიხვრიტა.
– როგორ გადარჩით, ვინ გიპოვათ?
– ხრიალი დავიწყე, უკვე ვკვდებოდი, ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობდი. სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ მეტყობოდა. ეგონა, რომ მოვკვდი. რეზინის ხელთათმანები ამოიღო, ყველაფერი გაწმინდა, კომოდის უჯრა გამოაღო, გასაღები ამოიღო, ყველა შიგნითა კარი გამოკეტა. მერე შემოსასვლელი კარიც ჩაკეტა და წავიდა. სანამ გავიდოდა, შემოვიდა და წიხლები მირტყა. სანამ ჩემთან მოვიდოდა, თურმე გვერდით მეზობელს ჰკითხა, შენი შვილი სად არის, რას აკეთებსო. იმ ქალმა უპასუხა, კომპიუტერთან ზის, ყურსასმენები აქვს გაკეთებული და მუსიკას უსმენსო. თვითონ ის ქალი კი მაღაზიაში მიდიოდა. ასე რომ, მიხვდა, ჩემს ყვირილს ვერავინ გაიგებდა, ყველაფერი წინასწარ გათვალა. სანამ ჩემთან მოვიდოდა, სხვა მეზობელს დაუნახავს, რომელმაც მერე გვითხრა, ვიღაც ბიჭი კიბეებზე შეშლილი სახით ამოდიოდა, შემეშინდა და უკან გავყევიო. დაუნახავს, რომ ჩემთან შემოვიდა.
ამასობაში ჩემი შვილი, თენგო, მობილურზე და სახლის ტელეფონზე მირეკავდა, მაგრამ მე იატაკზე ვეგდე, განძრევა არ შემეძლო. ბიძისთვის უთქვამს, დედაჩემი აქამდე ორმოცდაათჯერ დამირეკავდაო. მერე ნათესავს დაურეკა, დედაჩემთან მიდი, ეტყობა, რაღაც უჭირს, ტელეფონს არ იღებსო. ისიც სამსახურიდან მაშინვე წამოვიდა. მეზობლის ქალიც დაბრუნდა მაღაზიიდან და კარზე კაკუნი დაიწყეს. იქიდან ვყვიროდი, მიშველეთ–მეთქი. თურმე ხმა გადიოდა, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდნენ. ნათესავმა, გიორგიმ, მაშველები, სასწრაფო დახმარება, საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
მაშველები ჩვენს ბინაში მეზობლის აივნიდან შემოვიდნენ, გარეთ მყოფებს უთხრეს, ყელი აქვს გამოჭრილი, მაგრამ ცოცხალიაო. სისხლის გუბეში ვიწექი. შემოსასვლელი კარი გასაჭრელი გახდა, დაახლოებით 40–45 წუთი მის გაჭრას მოუნდნენ.
სანამ ისინი მოვიდოდნენ, ვფიქრობდი, რომ ვკვდებოდი და ვერც ვერავინ გაიგებდა, ვინ მომკლა. იატაკზე სისხლს მოვუსვი ხელი და დავწერე: "ზურამ მომკლა". მერე სასწრაფოც შემოვიდა.
რეანიმაციულ განყოფილებაში სუნთქვის მართვის აპარატზე ვიყავი შეერთებული, ხმა აღარ მქონდა. ბევრი ოპერაცია გამიკეთდა. ჩემები რომ ტიროდნენ, ექიმმა უთხრა, სასწაულები არ ხდება, იმდენი ჭრილობა აქვს, არ ვიცით, სად რომელი მოვძებნოთო. ყველა ღონე იხმარეს, რომ გადავრჩენილიყავი.
– მართლაც საოცარია, როგორ გადარჩით 58 ჭრილობით ცოცხალი.
– ეს სასწაული იყო. წარმოიდგინეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თითქმის ყველა ორგანო დაზიანებული მქონდა. უმოწყალოდ დამჩეხა. მკლავები დღემდე დაბუჟებული მაქვს, ტუჩები გვერდზე მომექცა. ჩემს გადარჩენას მხოლოდ და მხოლოდ უფალს ვუკავშირებ. სასწრაფო და მაშველები რომ შემოვიდნენ, ეტყობა, უკვე იმქვეყნად მივდიოდი, მეჩვენებოდა, რომ სამზარეულოში გავედი და სტუმრები მე მივიღე.
– ამ შემთხვევის შემდეგ რწმენა გაგიძლიერდათ?
– მანამდეც მორწმუნე ვიყავი, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ უფლის რწმენა უფრო გამიძლიერდა, რადგან ჩემს გადარჩენას სხვას ვერაფერს ვუკავშირებ. დიდხანს ხმაც კი არ მქონდა, თუ რამის თქმა მინდოდა, ვწერდი. მაშინ ერთადერთი მიზანი მქონდა, რომ გაეგოთ, ვინ მომკლა. ეს რომ დავწერე, ცოტა იმედი მომეცა. ვლოცულობდი, უფალს ვთხოვდი, არ მომკლა, ჩემს შვილს დედა უნდა–მეთქი. დილით ჩემი შვილი რომ გავაცილე, ვილოცე:" უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისავ, შემიწყალე მე ცოდვილი!". ეს ლოცვა ვთქვი. ძირს რომ ვეგდე, მაშინაც იესოს ლოცვას ვამბობდი. სწორედ ამან გადამარჩინა.
– რა შეგრძნება გქონდათ, როცა გააცნობიერეთ, რომ გადარჩით?
– იმდენად მიხაროდა, ცოცხალი რომ ვიყავი, იუმორის გრძნობა მოჭარბებულად მქონდა. ამ ყველაფრის გადატანაში უფალი და ჩემი ახლობლების სიყვარული დამეხმარა. მაშველებმა და ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს. ფაქტობრივად, მკვდარი ვიყავი, წვეთი სისხლი აღარ მქონდა. მხოლოდ გონება არ დამიკარგავს. რომ დამძინებოდა, ტვინიც გამეთიშებოდა და მოვკვდებოდი. გადარჩენის – არა, მაგრამ იმის იმედი მქონდა, რომ ვინც ასე მომექცა, იმას იპოვიდნენ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩემი შვილისთვის ვცოცხლობ. შვილის მეგობარმა გამწირა და უფალმა გადამარჩინა.
– ვინ არის ეს პიროვნება, ვინც ასე გაგიმეტათ?
– დედამისი საზღვარგარეთ მუშაობს. მამამისი ჩემ სანახავად მოვიდა, იტირა, შენი მდგომარეობა სჯობს იმას, როგორშიც ახლა მე ვარო. ძალიან შემეცოდა. მისი შვილი დააკავეს და 18 წელი მიუსაჯეს.
ეკა ლემონჯავა

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელი, მეტყველებს, რომ საქართველოს სასამართლოებს დამუკიდებლობა აკლია
მაღალჩინოსანმა პატიმარი გააუპატიურა
მე-10 კლასის მოსწავლემ მე-12 კლასელი მოკლა
სახალხო დამცველი ხათუნა კალმახელიძეს აკრიტიკებს












კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
რას ამბობს კალმახელიძე პატიმრის გაუპატიურებაზე?
საქალაქო სასამართლომ სოსო მანჯავიძეს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ქსნის #15 დაწესებულებაში პატიმარი ხელკეტით გააუპატიურეს
დუშეთში ”ქართული ოცნების” წევრი დააკავეს
მანჯავიძის გათავისუფლება ტყუილია? 






















































































