| ქალი და მამაკაცი |

2006 წლის 9 ნოემბერს 14 წლის გოგონას – დედისერთა, წარჩინებული მოსწავლის, გვანცა ყუფარაძის – ცხოვრება თავდაყირა დადგა. იმ დღეს თბილისის მე–12 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მის თანაკლასელ თორნიკე ტყემალაძეს 30 ჭრილობა მიაყენეს. საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი სასიკვდილო არ აღმოჩნდა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კი გვანცა დააკავეს, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან 5 წელი – საპატიმროში ყოფნა, ხოლო დანარჩენი 5 წელი – პირობითი სასჯელი.
გვანცამ საპატიმრო რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ის ახლა 19 წლისაა. თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. ამ ხნის განმავლობაში ხან ერთ ინსტანციაში ასაჩივრებდა თავის განაჩენს, ხან პრეზიდენტს მიმართავდა თხოვნით, გამოძიება თავიდან დაეწყოთ, მაგრამ უშედეგოდ.
ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულს ორი საგნით აქვს ჭრილობა მიყენებული. ყუფარაძე კი ვერ შეძლებდა, ორივე საგნით თავად დაეჭრა ტყემალაძე. ექსპერტიზის ეს დასკვნა სასამართლომ არ გაითვალისწინა. საქმე 2 წლის წინ სტრასბურგში გაიგზავნა და მას სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს.
გვანცას სჯერა, რომ სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს. გარკვეული პერიოდი იმ იმედით ცხოვრობდა, რომ ერთ დღესაც სასამართლო მის გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა. საქართველოში ყველა ინსტანციის მოვლის შემდეგ კი შეეგუა იმ აზრს, რომ სასჯელის ბოლომდე მოხდა მოუწევდა, ამიტომ სხვა მიზნები დაისახა და გარკვეულწილად მიაღწია კიდეც. გვანცა ყუფარაძე წელს სტუდენტი გახდა. მან ეროვნული გამოცდები ციხიდან ჩააბარა და სამართლის ფაკულტეტზე მოხვდა.
5 წლის წინ მომხდარ დანაშაულზე, ციხეში გატარებულ წლებსა და თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე გვანცა ყუფარაძე "სარკეს" უამბობს.
– გვანცა, ვიცით, რომ ამაზე საუბარი გიმძიმთ, მაგრამ იქნებ გვიამბოთ, რა მოხდა იმ დღეს, რომელმაც თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
– სკოლაში, სადაც 8 წლის განმავლობაში ვსწავლობდი და მეცხრე კლასის პირველი სემესტრი დავხურე, დანაშაულის მოწმე გავხდი. შემდეგ კი 5 წელი პასუხისგება მომიწია დანაშაულისთვის, რომელიც არ მიღიარებია და არც ჩამიდენია. ამ საქმეში ერთადერთი მოწმე ვიყავი, ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოვლენები ასე განვითარდა. დაზარალებულის და ჩემი ჩვენებები რადიკალურად განსხვავდებოდა. ის არავის ასახელებდა და არ ამბობდა, რა მოხდა. მე კი ყველაფერს ვყვებოდი. ბუნებრივია, ჩვენ ერთმანეთის ჩვენებების შესახებ არაფერი ვიცოდით. მერე მან ჩვენება შეცვალა, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება.
იმ დღეს სკოლის ტერიტორიაზე თორნიკე ტყემალაძე ოთხ პიროვნებასთან ერთად დავინახე. ორმა თორნიკე დაჭრა, ორი კი სიტუაციას აკონტროლებდა. ოთხიდან ორ პიროვნებაზე პასუხისმგებლობა ავიღე, რომ მათი აღწერა შემეძლო.
– ექსპერტიზამ ფაქტობრივად თქვენი გამამართლებელი დასკვნა გამოიტანა.
– ექსპერტიზის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ–ერთი ძირითადი არგუმენტია სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში. ორი დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა იდენტურია. ისინი ხაზგასმით, პირდაპირ წერენ, რომ დაზარალებული ორი მჭრელი საგნით არის დაჭრილი და შეუძლებელია, რომ ეს ერთ პიროვნებას ჩაედინა. ნიშანდობლივია, რომ დაზარალებული მოტივს არ ასახელებს. გაუგებარ სიტუაციაში და გაუგებარი მოტივით ამიყვანეს. დრო დამჭირდა, სანამ გავიაზრე, რატომ მოხდა ეს, როგორ, რის საფუძველზე. საქალაქო სასამართლოს განაჩენის დიდი იმედი მქონდა. პირველი ეტაპი დაახლოებით 6 თვე გაიწელა. დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველივე პროცესიდან გამათავისუფლებდნენ და მეტყოდნენ, უდანაშაულო ხარო.
ყველაფერი დაზარალებულის ჩვენებაზეა აწყობილი. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე, არათუ იურისტი, უბრალო ადამიანიც კი მიხვდება, რომ ამ საქმეში ჩემი ბრალეულობა საეჭვოა. ერთადერთი, რის საფუძველზეც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს, დაზარალებულის ჩვენებაა. მეუბნებოდნენ, შენ თუ არ ჩაგიდენია ეს დანაშაული, დაზარალებული რატომ ამბობს ამასო. ვიტყვი და ჩემს სიტყვებზე პასუხსაც ვაგებ: თორნიკე ტყემალაძის ჩვენების საფუძველზე ძალიან მალე ამიყვანეს და გამასამართლეს.
ორი წელი გახდება, რაც საქმე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში გაიგზავნა. საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამომიტანა, ეს განაჩენი სააპელაციომ უცვლელი დატოვა, უზენაესმა კი წარმოებაში არ მიიღო. ამის შემდეგ გადავაგზავნეთ საქმე საერთაშორისო სასამართლოში.
– შეგიძლიათ, დაწვრილებით გვიამბოთ, რა მოხდა იმ დღეს, როგორ შეესწარით დანაშაულს და რა დაინახეთ?
– როგორც გითხარით, ეს ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. გაკვეთილების დასრულების შემდეგ სახლში მივდიოდი. ამ დროს თორნიკე ტყემალაძის ხმა შემომესმა, რომელიც შველას, დახმარებას ითხოვდა. მასთან იმ მომენტში მივედი, როცა ჯერ კიდევ არ იყო დანაშაული მომხდარი. ვკითხე, რა ხდებოდა, მაგრამ ამის გარკვევის საშუალება არ მომეცა, რადგან ის ოთხი ადამიანი წამებში გაჩნდა იქ – სკოლის ეზოში შესასვლელ კედელზე გადმოხტნენ. ორნი თორნიკეს დანას ურტყამდნენ. ეს ყველაფერი დაახლოებით 3 წუთის ინტერვალში მოხდა. მე ვთხოვდი, რომ თავი დაენებებინათ მისთვის. როცა ყვირილზე გადავედი, კედელზე ისევ გადაძვრნენ, რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ. ამის შემდეგ ერთ–ერთ ქალბატონს სასწრაფოსა და პატრულში დავარეკვინე. ეს ქალბატონი მოწმე გახლავთ. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა დაკითხული და ამ ფაქტს ადასტურებს.
პატრულამდე სასწრაფო დახმარება მოვიდა, თორნიკე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, 10 წუთით მისი მიყვანა რომ დაგვიანებულიყო, გაიგუდებოდა, რადგან ფილტვები დაჩხვლეტილი ჰქონდა. პატრულმა მოწმეთა დაკითხვა დაიწყო. ჩემი დაკავება ამ ფაქტიდან დაახლოებით ოთხ დღეში მოხდა. თავდაპირველად, მოწმის სახით მკითხავდნენ, რადგან საქმის ერთადერთი მოწმე მე ვიყავი. თორნიკეს მიერ მიცემული პირველი ჩვენებით, ის სკოლის ფანჯრიდან ჩამოხტა, რადგან გაკვეთილებიდან სურდა გაპარვა და ჭრილობები მინით მიიღო, რაც აბსურდი იყო. მერე მან თქვა, რომ ის დაჭრეს, მაგრამ არ ახსოვდა, თუ რა ვითარებაში. როცა მან გაიგო, რომ მე ჩვენება მქონდა მიცემული, განაცხადა, რომ დაზიანებები ჩემ მიერ იყო მიყენებული. ჩემი აყვანა შემდეგნაირად მოხდა – გლდანი–ნაძალადევის საგამოძიებო სისტემაში დამიბარეს მორიგ ჩვენებაზე, სადაც უკვე თორნიკე ტყემალაძის ჩვენების საფუძველზე დამაკავეს.
– გვიამბეთ თქვენ შესახებ. როგორც ვიცი, სკოლაში ფრიადოსანი იყავით და უამრავი სიგელიც გაქვთ მიღებული.
– დიახ, მაგრამ არ ვიცი, ეს ჩემი დამსახურება რამდენად არის. დედა პედაგოგი მყავს, მათემატიკოსია. ის ყოველთვის ზრუნავდა იმაზე, რომ კარგი განათლება მიმეღო. პენიტენციალურ სისტემაში იმას მივაღწიე, რომ გამოცდები ექსტერნად ჩავაბარე. ეს ყველაფერი კი დედის დამსახურებაა.
– მამა რას საქმიანობს?
– მამა პროფესიით ეკონომისტი, ინჟინერ–ტექნოლოგია. ბიზნესით იყო დაკავებული.
– ოჯახური, თბილი გარემოდან პატარა გოგონა ციხეში აღმოჩნდით. ამ დარტყმას როგორ გაუძელით?
– პირველ ხანებში სრულ აგონიაში ვიყავი. საქართველოში არასრულწლოვან გოგონათა აღმზრდელობითი დაწესებულება, ციხე არ არსებობს, არც საპყრობილის რეჟიმის ან წინასწარი დაკავების, არც საერთო რეჟიმის ანუ ზონის. ასეთი მხოლოდ ბიჭების დაწესებულებაა. ამიტომ თავდაპირველად 13 კაციან საკანში შემიყვანეს სრულწლოვნებთან, რაც, ბუნებრივია, ჩემთვის ძალიან რთული იყო. 15 კვადრატულ მეტრ ოთახში ამდენ ადამიანს და ჩაკეტილ სივრცეს მიჩვეული არ ვიყავი. ყველა მათგანს საკუთარი შეხედულებები, ინტერესები, მენტალობა ჰქონდა. ამ ყველაფერთან შეგუება ძალიან გამიჭირდა.
– როგორ შეგხვდნენ საპყრობილეში?
– ნორმალურად. იქ ყოფნის პერიოდში პრობლემა არავისთან მქონია. ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მაქვს.
– რა გეხმარებოდათ ამ ყველაფრის გადატანაში?
– მიზანი მაძლიერებდა, რომელიც დავისახე. ეს რომ არა, ჩემი ფსიქიკური მდგრადობა საეჭვო გახდებოდა. ჩემი გეგმა გრძელვადიანია, რაღაც ეტაპამდე უნდა მივიდეს.
– რა გეგმა გაქვთ?
– ძალიან ამბიციური მიზნების განხორციელება. ეს ყველაფერი ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვიდეს, რადგან მე ასეთი ცხოვრების გზა ავირჩიე.
– როგორი იყო ციხეში თქვენი დღე?
– ყოველთვის ვცდილობდი, შინაგანაწესი დამეცვა, რაც ჩემს მოვალეობაში შედიოდა და კანონით რაც იყო გათვალისწინებული.
– ციხიდან სტუდენტი გახდით. როგორ მოახერხეთ, გესწავლათ და ეროვნული გამოცდებიც ჩაგებარებინათ?
– იქ სკოლა არ არსებობდა. 3 წლის განმავლობაში ჩემი მშობლები მიგზავნიდნენ წიგნებს. დედა დავალებებს მიგზავნიდა კონკრეტულ საგნებში – მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში. შემდეგ დაწერილ დავალებებს ამანათის სახით უკან ვუგზავნიდი. კლასგარეშე ლიტერატურასაც ვეცნობოდი. ეს იყო ერთადერთი, რითიც ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნება მოვახერხე.
ჩვენი დიდი თხოვნის და საჩივრის შემდეგ გაიხსნა სკოლა, რომელიც 123–ე საჯარო სკოლასაა მიმაგრებული. 4 წლის პროგრამა ექსტერნად ჩავაბარე, მე–9, მე–10, მე–11 კლასების გამოცდები ერთ ეტაპად გავიარე. ჯამში, 30–მდე გამოცდა გამოვიდა. მე–12 კლასის გამოცდებზე ცაკლე გავედი. ატესტატის აღების შემდეგ, 2010 წელს, მისაღებ გამოცდებზე შევიტანე განაცხადი, მაგრამ, სამწუხაროდ, პლასტიკური ბარათი არ დამზადდა. თან იმ წელს ჩემი მოსახდელი სასჯელის რაოდენობა დიდი იყო და ალბათ ამანაც გარკვეული როლი ითამაშა. 2011 წლის მისაღებ გამოცდებზე ძალიან ადრე დავრეგისტრირდი, თან ძირითადი სასჯელის მოხდამდე 6 თვე მქონდა დარჩენილი. გამოცდები ჩავაბარე და გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე მოვხვდი.
– ეს პროფესიული არჩევანი თქვენმა მდგომარეობამ განაპირობა?
– როცა ადამიანები პენიტენციალური სისტემიდან გამოდიან, ფიქრობენ, ის წლები თუ დღეები დაივიწყონ და რადიკალურად შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. მე ამას არ შევეცდები, ჩემი აზრით, ყოველივეს დავიწყება შეუძლებელია. ეს ძალიან დიდი გადახვევაა მიზნებიდან და რეალობიდან. შეიძლება ჯანსაღმა ადამიანმა შენი პირადი ტრაგედია არ გაიხსენო, მაგრამ ზოგად ტრაგედიებს ვერ დაივიწყებ. ბევრი მიზეზის გამო მე ამ პროფესიის არჩევა მომინდა. თუ ერთ ადამიანს მაინც შევუმსუბუქებ ცხოვრებას, ვიტყვი, რომ ჩემი პროფესია და ცხოვრება ამად ღირდა.
– ბრალის აღიარების შემთხვევაში გპირდებოდნენ, რომ პატიმრობას პირობითი სასჯელით შეგიცვლიდნენ, რაზეც თქვენ, 14 წლის მოზარდმა, უარი თქვით. ეს არასოდეს გინანიათ?
– არა და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! მიუხედავად ამ ტრაგედიისა, ეს ყველაზე დიდი, პირველი, დამოუკიდებელი და ჯანსაღი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში.
– მშობლები რას გირჩევდნენ?
– მშობლები მეუბნებოდნენ, რომ საკუთარ სინდისთან ვყოფილიყავი მართალი. მათ მეტი არაფერი უთქვამთ.
– ერთ წერილში იმედს გამოთქვამდით, რომ თქვენს ამბავს პრეზიდენტი გაიგებდა...
– პრეზიდენტს პირადად მივწერე და არაერთხელ. მისთვის შეწყალება არასოდეს მითხოვია, ვწერდი, რომ საქმე თავიდან გამოეძიებინათ.
– საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ როგორ შეგხვდათ გარემო გარეთ?
– ძალიან თბილად და კარგად მიმიღო ყველამ. მათ ყურადღებას არც იქ ვიყავი მოკლებული და, ასე თუ ისე, ვიცოდი, რა ხდებოდა გარეთ, რა სიტუაცია იყო ოჯახში, ახლობლებში, მეგობრებში და ზოგადად საზოგადოებაშიც. ვცდილობდი, რა ინფორმაციაზეც ხელი მიმიწვდებოდა, გავცნობოდი. რაღაცეები შეცვლილია, მაგრამ მნიშვნელოვნად – არა. ხშირად მითქვამს მშობლებისთვის, რომ იქ ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლაა.
– დახურული სივრციდან გამოსულს საზოგადოებასთან ადაპტაცია ხომ არ გაგიჭირდათ?
– ბუნებრივი იქნებოდა, შემშინებოდა, რომ ამ ყველაფერთან შეგუება გამიჭირდებოდა, მაგრამ მე არ მეშინოდა. ახლა ვცდილობ, დრო არ დავკარგო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც გრანდიოზულის შექმნა შემიძლია. შეიძლება ეს გამაღიზიანებლად ჟღერდეს, რადგან ასეთ ასაკში ასეთ ამბიციას დიდი არგუმენტაცია სჭირდება, მაგრამ ამისთვის მე, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვმუშაობ.
– რას დაარქმევდით იმას, რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდა?
– იმას, რომ შემთხვევითობები არ არსებობს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, სათუთად მზრდიდნენ. როგორც ჩანს, მხოლოდ აღზრდა, დადებითი გარემო და ჯანსაღი საზოგადოება ვერ უზრუნველყოფს და ვერ დააზღვევს ადამიანს, რომ მის ცხოვრებაში ცუდი არაფერი მოხდება. ვერც წარმოვიდგენდი და არც დავიჯერებდი, ვინმეს რომ ეთქვა, სადაც მე გავიზარდე, იმ სკოლაში ასეთი რამე თუ დამემართებოდა.
– ეს შემთხვევა მშობლებისთვის ალბათ ორმაგად რთული იქნებოდა, რადგან დედისერთა ხართ.
– დიახ. თუმცა ის ოპტიმისტური განწყობა, რაც მაქვს, მხოლოდ ჩემი მშობლების დამსახურებაა.
– უნივერსიტეტში ჯგუფელებმა როგორ მიგიღეს?
– მეამაყება, ამ უნივერსიტეტში რომ მოვხვდი. ყველა კეთილგანწყობილი და ყურადღებიანია. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაში ვაპირებ ჩაბარებას, შემდეგ კი დოქტორის ხარისხი მინდა. ყველაფერს გავაკეთებ, რისი გაკეთებაც შემეძლება.
– რომ არა ეს შემთხვევა, აირჩევდით ამ პროფესიას?
– მანამდე არასოდეს მიფიქრია იურისტობაზე, ბიზნესის სფერო მაინტერესებდა.
...
გვანცა ყუფარაძის ადვოკატი, ბატონი რამაზ ხუნწარია, რომელიც მის უფლებებს პირველივე დღიდან იცავდა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და თავისი დაცვის ქვეშ მყოფი გოგონას გამოსვლას საპყრობილედან ვერ მოესწრო. გვანცა ყუფარაძის საქმის შესახებ "სარკემ" განმარტებები იმ იურისტებს სთხოვა, ვინც ამ ისტორიას გაეცნო და შეისწავლა.
თეა წულუკიანი – მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის დარგში:
– გვანცა ყუფარაძეს მსჯავრი ისე დაედო, რომ სისხლის სამართლის მასალებით მისი ბრალეულობა არ დასტურდებოდა. ყუფარაძის საქმეში არაერთი მასალა ადასტურებს, რომ ის უდანაშაულო იყო, მაგრამ არც ერთმა სასამართლომ და, მათ შორი, მოსამართლე დალი მეტრეველმა, თავის განაჩენში არ ახსნა, თუ რატომ გაითვალისწინა პროკურატურის არგუმენტები და არაფრად ჩააგდო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ თორნიკე ტყემალაძე ზურგში ორი სხვადასხვა მჭრელი საგნითაა დაჭრილი.
ტყემალაძის ნაამბობით, გვანცა ყუფარაძემ ის მარცხენა ხელით გააკავა და მარჯვენა ხელით არაერთი მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ყუფარაძეს ეს რომ ჩაედინა, მინიმუმი, სამი ხელი უნდა ჰქონოდა. ამ სიფრიფანა გოგოს ერთი ხელით უნდა გაეკავებინა მისი თანაკლასელი, უფრო ღონიერი ბიჭი და შემდეგ მეორე, დანიანი ხელით მრავლობითი ჭრილობა მიეყენებინა. ტყემალაძეს შეეძლო, ეს პატარა გოგო მოეგერიებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, მან ეს ვერ გააკეთა, რადგან გვანცა კი არ იდგა მის ზურგს უკან, არამედ რამდენიმე ბიჭი, რომელთაგან ერთი აკავებდა, ორი თავს ესხმოდა, მეოთხე კი გვანცა ყუფარაძეს დარაჯობდა, რომ მეგობარს არ მიხმარებოდა. იმ არგუმენტებიდან გამომდინარე, რაც მოგახსენეთ, ეს საქმე აშკარად სასამართლოს შეცდომაა და ეს შეცდომა ტრაგიკული აღმოჩნდა გვანცა ყუფარაძისთვის, ის აბსოლუტურად ყველამ გაწირა, როგორც თანაკლასელმა, თორნიკე ტყემალაძემ, ასევე მასწავლებლებმაც, რათა ხელი დაეფარებინათ უფრო დიდი დანაშაულისთვის, რომელშიც რამდენიმე პირი იყო ჩართული. მიუხედავად ამისა, გვანცა ყუფარაძე არ გატყდა, როდესაც ბრალის აღიარება შესთავაზეს. ეს დღევანდელი ციხის პირობებში ზრდასრულ მამაკაც პატიმრებს უჭირთ, არამცთუ გოგონას.
გვანცას გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში შევხვდი და დავრწმუნდი, რომ ის არ იქნება წარსულით შეპყრობილი და უარყოფითად განწყობილი მათ მიმართ, ვინც ის გაწირეს. მას რჩევა მივეცი და შევთანხმდით, რომ მხოლოდ მომავალზე იფიქრებს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტის წევრი:
– სამართლებრივ შეფასებას მე ვერ გავაკეთებ, რადგან დეპუტატი ვარ და ოფიციალურად ჩამოვშორდი საადვოკატო საქმიანობას. ამის გამო გვანცას ადვოკატიც ვერ ვიქნები. ექსპერტიზის დასკვნით, ჭრილობა სხვადახვა მჭრელი საგნით არის მიყენებული, რაც სასამართლოს უტყუარად უნდა გაეზიარებინა. ორი სხვადასხვა მჭრელი საგნით 30 ჭრილობის მიყენებას გვანცა ფიზიკურად ვერ შეძლებდა. მაშინ მას მსხვერპლი უნდა დაეძინებინა და ისე უნდა მიეყენებინა ჭრილობები. ეს არის ის მთავარი და მნიშვნელოვანი, რასაც, როგორც იურისტი, ვეჭიდები. სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებების იგნორირება მოახდინა.
ეკა ლემონჯავა
|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელი, მეტყველებს, რომ საქართველოს სასამართლოებს დამუკიდებლობა აკლია
მაღალჩინოსანმა პატიმარი გააუპატიურა
მე-10 კლასის მოსწავლემ მე-12 კლასელი მოკლა
სახალხო დამცველი ხათუნა კალმახელიძეს აკრიტიკებს












კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
რას ამბობს კალმახელიძე პატიმრის გაუპატიურებაზე?
საქალაქო სასამართლომ სოსო მანჯავიძეს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ქსნის #15 დაწესებულებაში პატიმარი ხელკეტით გააუპატიურეს
დუშეთში ”ქართული ოცნების” წევრი დააკავეს
მანჯავიძის გათავისუფლება ტყუილია? 





