asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პენსიონერები დაზღვევას პრეზიდენტის დედის ასაკს უნდა უმადლოდნენ?!
მოსაზრება
პენსიონერები დაზღვევას პრეზიდენტის დედის ასაკს უნდა უმადლოდნენ?!

2011-11-19 00:17:57



შიშს დიდი თვალები აქვს და, ბიძინა ივანიშვილისადმი ხალხის მხარდაჭერის ზრდის პასუხად, ხელისუფლება დაპირებებს გამალებული იძლევა. ამჯერად წინასაარჩევნოდ პენსიონერთა გულის მოგებას ცდილობს, რომელთა ხმები საარჩევნო ყუთში საკმაოდ სოლიდურია. თან ამ ფენას ყველაზე მეტად უჭირს. შესაბამისად, ახალი ძალისკენ მათი ლტოლვა უფრო მეტია. დასაკარგიც არაფერი აქვთ, სამსახურიდან ვერ დაითხოვენ და ვერ დაიჭერენ. ამიტომ მათი გულის მოგების ერთადერთი გზა დაპირებებია.
რას ჰპირდება ხელისუფლება პენსიონერებს? 2012 წლის 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერი 15 ლარიან სადაზღვევო პაკეტს მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ ექიმთან უფასო კონსულტაციების გავლა, გადაუდებელი ოპერაციების 80%–ს და 15 ათას ლარამდე ღირებულ ოპერაციებს სახელმწიფო დაუფინანსებთ, ასევე ექნებათ ქიმიო და სხივური თერაპიით სარგებლობის უფლება 80%–იანი თანადაფინანსებით. პაკეტში შევა წამლის 50%–იანი თანადაფინანსება და 200 ლარიანი ლიმიტით სისხლის და შარდის უფასო ანალიზები.
დაზღვევას ყველა პენსიონერი მიიღებს. ისინი კი, ვინც იმ დროისთვის 67 წელს იქნებიან გადაცილებული, პენსიაზე მიიღებენ კიდევ დამატებით 15 ლარს, ანუ მათი პენსია, სადაზღვევო თანხის ჩათვლით, ჯამში 140 ლარი იქნება. ნიკა გილაურის თქმით, პენსიონერების დაზღვევა მისწრებაა, რადგან კერძო სექტორი პენსიონერებს ჯანმრთელობის დიდი რისკის გამო არ აზღვევს. პრეზიდენტმა საკუთარი დედის მაგალითიც კი მოიყვანა, რომელიც თურმე არც ერთმა სადაზღვევო კომპანიამ არ დააზღვია იმის გამო, რომ 60 წელსაა გადაცილებული. "რამდენიმე ჩემს მეგობარს, ნათესავს რაღაც რომ წამოსტკივდა და დაზღვევა არ ჰქონდათ, საავადმყოფოს ხარჯები 17–18–20 ათას ლარზეც ავიდა. სწორედ ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა და ვუთხარი დედაჩემს, რომ დაზღვეულიყო, თუმცა ვერ დაეზღვია", – განმარტა პრეზიდენტმა.
სექტემბრიდან მიხეილ სააკაშვილს გული საგულეს ექნება. მისი დედაც მიიღებს 15 ლარიან სადაზღვევო პაკეტს, მაგრამ ვერ მიიღებს პენსიაზე 15 ლარიან დანამატს, რადგან მომავალ წელს 67 წლის არ იქნება.
ბიუჯეტის დამტკიცებისას ქრისტიან–დემოკრატების უკმაყოფილების მიზეზი პენსიონერების სწორედ ასეთი დიფერენცირება გახდა. მათთვის გაუგებარია, რა მოტივაცია ამოძრავებდა მთავრობას, როდესაც პენსიონერების ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დაყოფა გადაწყვიტა და დახმარების გაწევა მხოლოდ 67 წელს ზემოთ მყოფი პენსიონერებისთვის ჩადო. მაგდა ანიკაშვილი დაინტერესდა, ნიშნავს თუ არა ეს ინიციატივა, რომ ქალებისთვის და მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი გათანაბრდება და ის 67 წლამდე აიწევს და რატომ არ არიან პენსიის მოსამატებელთა სიაში მარჩენალდაკარგულები, ვეტერანები და ინვალიდები?
პასუხად პეტრე ცისკარიშვილისგან მხოლოდ კრიტიკა მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ოპოზიცია ითხოვს, ხელისუფლებამ ფული დაურიგოს ყველას, ვისი გულის მოგებაც შეიძლება: პენსიონერებს, მრავალშვილიანებს, ვეტერანებს და ა.შ. მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ "გაიზარდა" ოპოზიცია და რატომ ვერ ისწავლა მეტი. მისი თქმით, ოპოზიცია არ ითვალისწინებს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. "ეს ხელისუფლება რომ პენსიებს ზრდიდა, ქრისტიან–დემოკრატები საერთოდ არ არსებობდნენ", – დაასკვნა ნაციონალთა ლიდერმა.
2012 წლის ბიუჯეტზე საქართველოს პარლამენტი ახლა მუშაობს და უფრო უპრიანი იქნებოდა, ეს ცვლილებები წლის დასაწყისიდან შეეტანა, მაგრამ არა! 2012 წლის 1 სექტემბრიდანო. რატომ? აი, ამას უკვე დიდ გამოცნობა არ სჭირდება. იმიტომ, რომ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. წლის დასაწყისში რომ მოუმატონ პენსია და დააზღვიონ პენსიონერები, ეს ხარჯებთანაც იქნება დაკავშირებული და, რაც მთავარია, ოქტომბრამდე მოხუცებს დაავიწყდებათ. სექტემბერში კი დიდი შანსია, მადლიერებმა ხმა არჩევნებში კვლავ ნაცმოძრაობას მისცენ.
2008–2012 წლების მოწვევის პარლამენტის მუშაობის დასასრულს პენსია 125–140 ლარი იქნება, სადაზღვევო პაკეტის თანხის ჩათვლით. ეს მაინც არაა იმ პირობის შესრულება, რომელიც ნაცმოძრაობამ 2008 წლის არჩევნების წინ დადო – 100 დოლარიანი პენსია. ნაცმოძრაობა თავს რუსეთ–საქართველოს ომით იმართლებს. ამბობს, რომ დაპირება არ დავიწყებია, ეტაპობრივად ასრულებს და საპრეზიდენტო ციკლის დასრულებამდე პენსიების ზრდა გაგრძელდება, ოღონდ სადამდე არ დაუკონკრეტებია.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online