| ქალი და მამაკაცი |

ქართუ ბანკის განცხადების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი შეგნებულად უკეთებს იგნორირებას კომერციული ბანკის ნებისმიერ სამართლიან მოთხოვნას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ბანკის მდგრადობის უზრუნველყოფას, უპირველესად, სრულიად უსაფუძვლოდ და ძალადობით შელახული ბანკის სახელისა და იმიჯის აღდგენასა თუ უკანონოდ ჩამორთმეული დიდი ოდენობის ფულის დაბრუნებას.
ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა მოითხოვეს დეტალური პირადი ინფორმაცია ყველა იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე, რომელთაც გამოხატეს ბანკისადმი მორალური მხარდაჭერა და გახსნეს ანგარიშები. "რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ხაზგასმულია, რომ თითქოს "მიზანმიმართულად ფერხდება ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ადგილზე მუშაობის პროცესი", რეალობასთან არაფერი აქვს საერთო", – ამბობს ჯავახიშვილი და ეროვნულ ბანკთან ყველა კანონიერი ფორმით თანამშრომლობის მზადყოფნის სურვილს გამოთქვამს, მათ შორის "შემმოწმებელთა ჯგუფისათვის მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შექმნით, რასაც ბანკი აქამდეც შეუფერხებლად ახორციელებდა".
თუ რა ხდება ბიძინა ივანიშვილის ბანკის ირგვლივ, ამის შესახებ "სარკე" ნოდარ ჯავახიშვილს ესაუბრა.
ნოდარ ჯავახიშვილი:
– ხელისუფლებას თითქოს დაავიწყდა სამი კვირის წინ ჩატარებული ოპერაცია (ინტერვიუ ჩაწერილია 1 ნოემბერს. ავტ.). ჯერჯერობით მათგან არაფერი ისმის – არც დაკითხვა მიმდინარეობს, არც იმას ამბობენ, როგორ მიდის გამოძიება, არც ფულის დაბრუნებაზეა ლაპარაკი. სამართალდამცავებიდან არანაირი რეაგირება არ არის. ხელისუფლების მხრიდან კლიენტურაზე ზეწოლა გრძელდება და, აქედან გამომდინარე, ფულის გადინება ხდება, თუმცა საპასუხოდ დაიწყო ჩემთვის სასიამოვნო მოძრაობა. ადამიანები, მცირე შესაძლებლობებით, ცდილობენ, აქტიურად დაუჭირონ მხარი ბანკს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მოძრაობას.
– მაგრამ ეს არ არის დიდი კლიენტურა. უმრავლესობა სიმბოლურ ანგარიშებს ხსნის.
– რასაკვირველია. ჩვენი დიდი კლიენტურის უმრავლესობა ხელისუფლებისგან მართული ბიზნესმენები არიან და ისინი ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ. ამიტომ სხვა ბანკებში ძალიან აქტიურად გადადიან. 20 დღეში ბანკიდან 45 მლნ–მდე გავიდა.
– ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, წაიღონ ის ორმილიონნახევარი დოლარი, რაც ჩამოვართვით, ვინ უშლითო.
– სასაცილო განცხადებაა. ეს რომ ეთქვა საქმეში ჩაუხედავს, მივესალმებოდით, თუმცა ფულს არ გამოვართმევდით. ვინ ვინ და ეროვნულმა ბანკმა კარგად იცის, რომ ჩვენ ფინანსურად არ გვიჭირს, საქართველოს ბანკებს შორის ლიკვიდურობის ერთ–ერთი ყველაზე მაღალი კოეფიციენტი გვაქვს, ანუ რესურსები საკმარისზე მეტი გაგვაჩნია. თვითონ საზოგადოებამ იფიქროს, რატომ გვთავაზობს ეროვნული ბანკი იმას, რაც არ გვჭირდება.
– რატომ?
– ძალიან მარტივია. ერთი მხრივ, გვთავაზობას იმას, რაც არ გვჭირდება, მეორე მხრივ, ხმასაც არ იღებს იმაზე, რაც ძალიან გვჭირდება, ანუ ვითხოვთ ეროვნული ბანკის ფუნქციის სისხლხორცეულად შესრულებას, რომ სასწრაფოდ გაერკვეს ყველაფერში (თუმცა გასარკვევი არც არაფერია) და გააცნოს საზოგადოებას, რომ ჩვენ არ შეიძლება დამნაშავეები ვიყოთ იმ ოპერაციაში, რაც ე.წ. შავი ფულის გათეთრებასთან იყო დაკავშირებული. სამართალდამცავებისგან მოითხოვოს, აღადგინონ სტატუს კვო, დაუბრუნონ ბანკს უკანონოდ წართმეული ფული და ამით გააბათილონ კლიენტურის შიში, რომ ბანკზე ხდება ხელისუფლების ზეწოლა და შეიძლება პრობლემები გაუჩნდეს. კლიენტების ნაწილი სწორედ ამიტომ მიდის, ფიქრობენ, ბანკს სამართალდამცავები ებრძვიან, ესენი ვერ გაუძლებენ და ფული არ დავკარგოთო. კლიენტების უმრავლესობა კი ზეწოლას განიცდის. ამ ყველაფერს ეროვნული ბანკი აკეთებს.
მერე შემომიგზავნეს მაკონტროლებლები, რომლებიც ყველა მოქმედ წესს და კანონს არღევევენ. ბანკის მუშაობას კი არ ამოწმებენ, მიმდინარე ოპერაციებს ვუთანხმებთ. ეს კონტროლია და არა – შემოწმება. ყველანაირად მიშლიან ხელს და ისეთ რაღაცეებს ითხოვენ, რაზეც, იციან, რომ ვერ დავეთანხმები. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მერე გააკეთონ განცხადება, რაზეც უკვე იყო მინიშნებები – "ქართუს" დღევანდელი ხელმძღვანელობა ეროვნულ ბანკთან არ თანამშრომლობსო, მერე კი არ დაეთანხმონ ჩვენი დამფუძნებლის გადაწყვეტილებას გენერალურ დირექტორად ჩემი დანიშვნის თაობაზე. ყველაფერი აქეთ მიჰყავთ.
– რატომ არ უნდა უნდოდეს ეროვნულ ბანკს "ქართუს" ხელმძღვანელად თქვენი დანიშვნა?
– ზუსტად იმიტომ, რომ ხედავენ, ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა გამოცდილ პროფესიონალს და მებრძოლ პიროვნებას, რომ მისი ბიზნესსტრუქტურები ემართა. ეს არის ჩემ წინააღმდეგ ბრძოლაც და ეს უნდათ, გამოიყენონ ივანიშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად. გარდა ამისა, ეტყობა, ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ბანკით ცხოვრობს. თორემ ფულის წართმევა რას ნიშნავს? 4 მილიონით დააქცევენ ივანიშვილს?!
– რამდენად ახლოსაა რეალობასთან ვარაუდი, რომ ფული, რომელიც წაგართვეს, "შავი" იყო?
– ეს ეჭვი შეიძლება დილეტანტებში გაჩნდეს. თუ "ქართუმ" შავი ფული "საქართველოს ბანკიდან" გაიტანა, ჩვენ რა შუაში ვართ?! რატომ "საქართველოს ბანკს" არ ედავებიან?! ხომ შეიძლება მართლა იყო შავი ფული, მაგრამ მე ხომ შეიძლებოდა არც მცოდნოდა?! რატომ გამომატანეს?! თუ იცოდნენ, დაეჭირათ და მე არც შავს წამოვიღებდი და არც – მწვანეს. ეს არის პოლიტიკური ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, თორემ თუ ის ფული "შავი" იყო, "საქართველოს ბანკის" ხელმძღვანელი, გილაური, დაჭერილი არ უნდა იყოს?!
– შეიძლება გადმორიცხული ფული იყო საეჭვო.
– ამათ ნაღდი ფული დააპატიმრეს. ის ხომ "საქართველოს ბანკიდან" წამოვიღეთ? ჯერ მანქანაში ჩატვირთვა არც იყო დამთავრებული, რომ თავს დაესხნენ. საბუთები იყო ჩვენი, თორემ ფული ჯერ კიდევ არ იყო ჩვენი. მე მიჭერ, ფულს ათეთრებდიო და ვისაც "შავი" ჰქონდა, იმას რატომ არ იჭერ?!
– ამიტომ გეკითხებით, იქნებ ის ფულია საეჭვო, რომელიც გადმოირიცხა?
– სასაცილოა! მილიონი დოლარის გადმორიცხვა მოხდა ნიუ იორკის "დოიჩე ბანკიდან" ნიუ იორკის "სითი ბანკში". რა შენი საქმეა, იქ "შავი" იყო თუ "თეთრი"? თუ შენი მონიტორინგის სამსახური უფრო მაღლა დგას, ვიდრე ამერიკის? მოსთხოვე იმას პასუხი! მილიონი ევრო გერმანიის "კომერცბანკის" ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადაირიცხა. დააყენე საკითხი, რომ "კომერცბანკი" ასეთ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწვეა. მე რა შუაში ვარ?!
– ასეთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, არ გეთანამშრომლათ ქართველ სამართალდამცავებთან და გეჩივლათ საერთაშორისო სასამართლოში?
– ეს ყველაფერი წინ გვაქვს, ველოდებით, რომ რაღაც გვითხრან. ეროვნულ ბანკს ხომ არ ვუჩივლებ? მათ ვთხოვ, აღასრულოს საკანონმდებლო ვალდებულება, სადაც უწერია, რომ ის არის ბანკთა ბანკი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს საბანკო სისტემის მდგომარეობაზე. ხმას არ იღებს, რომ საქართველოდან 45 მლნ გავიდა. ვამტკიცებ, რომ ეს გადის ხელისუფლების ზეწოლის შედეგად და ამაზე ხმას არ იღებს. მაკონტროლებლებს მიგზავნის და მეუბნება, დღის მთელი პროცედურა აჩვენე და თუ ამას არ გააკეთებ, არ დაგამტკიცებო. ეს ხომ საბაბის ძებნაა?
– ასე ხომ შეიძლება ეროვნულმა ბანკმა არც თქვენ დაგამტკიცოთ, მერე – არც სხვა. ასეთ შემთხვევაში რა ხდება?
– ყველაფერი შეიძლება, კედელთან რომ მიგვაყენონ და დაგხვრიტონ, ესეც! ამის გამო მიწაში ხომ არ ჩავძვრებით?!
– გაკოტრებისკენ ხომ არ წახვალთ?
– გამორიცხულია! ფინანსურად პრობლემა არ შეგვექმნება. ამათ შეუძლიათ სხვანაირად გვიგრიხონ ხელები. კი, ბატონო, ვნახოთ, მოგვერევიან თუ – არა.
– კიდევ რა შეუძლიათ, რომ გაააკეთონ?
– არანაირი კანონიერი საფუძველი არ აქვთ, უკანონოდ კი ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. შევხვდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის, "ევრობანკის", "შავი ზღვის" ბანკის წარმომადგენლებს და ყველა მხრებს იჩეჩს. ამბობენ, რომ არსად გაუგიათ, ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურა ბანკის ინკასაციის მანქანას თავს დაესხას.
– ბანკისთვის პრობლემის შექმნის შემთხვევაში დახმარება შეუწყდება საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ამით სარგებლობს?
– ყველაზე საინტერესო ესაა. საქართველოს საზოგადოება ძალიან მარტივად იღებს იმას, რომ შეიძლება ბანკს პრობლემები შეექმნას. სხედან და ფიქრობენ, დახმარება ხომ არ შეგვიწყდება, თორემ ჭირსაც წაუღია ივანიშვილის ბანკიო. როდემდე უნდა იყოს საქართველოში ასეთი მათხოვრული ფილოსოფია?! იქნებ უნდა გაინძრე, რომ ის ორგანო, რომელიც ამდენი წელი გაცხოვრებს, ვიღაცამ არ დააქციოს? არ შეუწყდებათ, ბატონო! ბიძინა ივანიშვილი საზღვარგარეთაც რომ წავიდეს, დარწმუნებული ვარ, ამ გაჭირვებულ ხალხს მაინც დააფინასებს, მაგრამ რომ გაფინანსებს, პატარა მორალური ვალდებულება არ გაქვს? ბოლოს და ბოლოს ეს კაცი ვისი სამშობლოსთვის იბრძვის?
– თქვენზე რატომ შეაჩერა ივანიშვილმა არჩევანი? მანამდე გქონდათ რაიმე ურთიერთობა?
– არანაირი. მისი სურათიც არ მქონდა ნანახი. არ მახსოვს, 1995 თუ 1996 წელი იყო, მოსკოვიდან დამირეკა და მითხრა, "ქართუ ბანკს" ვხსნიო. დახმარება სჭირდებოდა. ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "ქართუ ბანკი" საქართველოში დაფუძნდეს, იმიტომ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხარ და მირეკავ, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ფინანსური ზურგის მქონე ბანკი ჩემს სამშობლოს სჭირდება–მეთქი. რასაც ვაკეთებდი ყველა სხვა ბანკისთვის, მასაც იგივე გავუკეთე. მეტჯერ ტელეფონითაც არ მქონია ურთიერთობა. რატომ შეაჩერა არჩევანი ჩემზე? ვფიქრობ, საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც მოვლენებს ადევნებს თვალს, ეს კარგად იცის.
– არჩევანის გაკეთება ძნელი იყო პარტიასა და ბანკს შორის?
– არა, იმიტომ, რომ ჩემმა მეგობრებმა ეროვნული ფორუმის პოლიტსაბჭოში ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, დღეს ქვეყანას სხვა არანაირი შანსი არ აქვს, ეს კაცია გადარჩენის ერთადერთი რეალური იმედი და რადგან ნოდარი სჭირდება, უნდა მივცეთო.
– როგორც ფინანსისტი, პრემიერ გილაურის 10 პუნქტიან გეგმას ქვეყნის გადარჩენისთვის როგორ შეაფასებდით?
– თუნდაც იმიტომ, რომ ფინანსისტი ვარ, ასეთ სისულელეებს კარგა ხანია, აღარ ვკითხულობ. წაიკითხეთ, გააანალიზეთ და თუ რამეს გაიგებთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ!
– ივანიშვილისგან ბევრი ადამიანი ჭორვილას მაგალითის მთელ საქართველოში გადმოღებას ელოდება. საჩხერეში რაც გაკეთდა, რა დახმარებებიც გაიცემოდა, ბიზნესმენის ქველმოქმედება იყო. იმავეს გაკეთება მთელი საქართველოს მასშტაბით პრემიერმინისტრ ივანიშვილისგან, თუკი ის ამ პოსტს დაიკავებს, ჩემი აზრით, გამორიცხულია. ეს ხომ არ იქნება იმედგაცრუების მიზეზი?
– თუ ვინმეს აქვს დედამიწის ზურგზე იმის იმედი, რომ თითს არ გაანძრევს და მაინც კარგად იცხოვრებს, ამას ვერც ერთი ხელისუფლება შეუსრულებს. ივანიშვილი ამბობს, რომ ის ხელს შეუწყობს ქვეყნის აღმასვლას და აშენებას, რაც ქართველი ხალხის ხელით უნდა გაკეთდეს.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
საგადასახადო შეთანხმებაზე შეზღუდვები იზრდება
მთავრობა მზადაა, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შეიტანოს
გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ












ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 მილიონ 700.000 ლარი დაუჯდა
ბაქო-სუფსის მილსადენი მუშაობას შეაჩერებს 

ერგნეთის ბაზრობა იხსნება?
მერაბიშვილი ტურისტებს ითვლის - რატომ შემოდის 4-ჯერ მეტი ვიზიტორი რუსეთიდან?
პრესასა და მასთან თანმხლებ პროდუქციასთან მიმართებაში, ელექტრონული ზედნადები პირველადი მიწოდების შემთხვევაში იქნება საჭირო
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სამტრესტის" ხელმძღვანელს ვერ არჩევს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია
"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ანქვაბმა სოფლის მეურნეობისთვის 250 მილიონი გამოყო 















