| ქალი და მამაკაცი |

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი წევრი - მაგდა ანიკაშვილი პოლიტიკოსების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან "გადაბარგდნენ". მისი თქმით, პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს ბევრი საერთო ნიშან-თვისება ახასიათებთ. სილამაზით გამორჩეული დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქალისთვის წარმატების მისაღწევად, ფიზიკურ გარეგნობას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. გაწონასწორებული ხასიათის მქონე კანონმდებელი არც მაშინ ბრაზდება, როცა ფსევდო-ოპოზიციონერობას აბრალებენ.
მაგდა ანიკაშვილი:
- ბავშვობიდანვე მინდოდა, ჟურნალისტი გავმხდარიყავი. დავიჭერდი კალამსა და ფურცელს ხელში და სატელევიზიო პროგრამას ვადგენდი. ხელოვნებისადმი მიდრეკილი არასდროს ვყოფილვარ. მინდოდა, საჯარო მოხელე ვყოფილიყავი. მაინტერესებდა ტელევიზიის სპეციფიკა, ვოცნებობდი, ტელევიზიაში მემუშავა და ეს ოცნება ამისრულდა კიდეც. დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტის კინო-ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. იმ დროისთვის თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორები, უმეტესად, ტელევიზიაშიც მუშაობდნენ - ზოგი პროდიუსერად, ზოგი კი რეჟისორად. მათგან გავიგე, რომ მეცხრე არხზე დილის გადაცემის წამყვანის ვაკანსიისთვის კონკურსი ტარდებოდა. ასე მოვხვდი ტელევიზიაში. დილის გადაცემა მე და დიტო ტატიშვილს მიგვყავდა. ძალიან საინტერესო და სახალისო გადაცემები გვქონდა. ის პერიოდი ძალიან ლამაზად მახსენდება. შემდეგ იყო ტელეიმედი. თუ არ ჩავთვლი "იმედის" გარშემო 2007 წლის 7 ნოემბერს დატრიალებულ მოვლენებს, ტელევიზიაში ჩემი მუშაობის წლები ძალიან ლამაზად მახსენდება. ვფიქრობ, რომ ტელეკომპანია "იმედი" განსაკუთრებული მოვლენა იყო არა მარტო ჩემს ცხოვრებაში, არამედ იქ მომუშავე ყველა ჟურნალისტისთვის. ტელევიზიის მთელი სისტემა საათივით იყო აწყობილი და ყოველ ჩვენგანს ჩვენი საქმე გვქონდა, რომელსაც დიდი მონდომებითა და შემართებით ვასრულებდით. ძალიან მადლიერი ვარ "იმედის" მაშინდელი კოლექტივის. მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და მრავალი სასიამოვნო მოგონება დამრჩა.
- 2007 წლის 7 ნოემბერი თქვენი პოლიტიკაში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო?
- ტელევიზიის დარბევის დღეს მთელი დღე ეთერში ვიყავი. ჩემი თვალით ვხედავდი, იქ რაც ხდებოდა. ეს ყველაფერი ჩემთვის ემოციურად ძალიან მძიმედ ასატანი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ დღემ განსაზღვრა ჩემი შემდგომი ნაბიჯები. მიმაჩნია, რომ პროფესიული არჩევანი ემოციურ ფონზე არ უნდა გააკეთო. ჩემს შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში პროტესტის ნიშნად გადავინაცვლე, თუმცა, ამ ფაქტმა რაღაც გავლენა, რა თქმა უნდა, იქონია. იმ დროს ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა ტელეკომპანია "იმედი" დატოვა და სხვა არხზე გააგრძელა მოღვაწეობა. მეც მქონდა არაერთი შემოთავაზება, იყო გადაბირების მცდელობაც, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მიმაჩნდა, რომ სადაც ჩემი თანამოაზრეები, თანაგუნდელები იქნებოდნენ, მეც იქ უნდა ვყოფილიყავი. ასე აღმოვჩნდი ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიაში. ვფიქრობდი, რომ სადაც გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი, ლევან ვეფხვაძე, გიორგი რუხაძე, ირაკლი მოსეშვილი იქნებოდნენ, მეც იქ უნდა ვყოფილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, როგორი იქნებოდა მომავალი, როგორ ჩამოყალიბდებოდა პარტია და ა.შ. წამოვედი ტელევიზიიდან და დავდექი ჩემი თანამოაზრეების გვერდით. ამ გადასახედიდან მიმაჩნია, რომ ტელევიზიიდან წამოსვლასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. სადღეისოდ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მე ძალიან მომწონს და მაინტერესებს.
- ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში არაერთი ჟურნალისტი წასულა, რით ახსნით ამ ტენდენციას?
- ჟურნალისტიკაში, განსაკუთრებით კი ტელევიზიაში, მუშაობას თან სდევს პოპულარობა. შემდეგ, როცა საქმიანობას პოლიტიკაში აგრძელებ, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი ხარ და განსაკუთრებულად "ხვდები თვალში". პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც არიან, თუმცა, ისინი საზოგადოებისთვის უცნობებია. მიმაჩნია, რომ ადამიანები პოლიტიკოსებად არ იბადებიან. ჯერ სხვა პროფესიაში ეწევიან საქმიანობას, ხოლო შემდეგ გადადიან პოლიტიკაში. ეს ძალიან ნორმალურია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩემი აზრით, პოლიტიკა და ჟურნალისტიკა ძალიან გვანან ერთმანეთს. უპირველესად იმით, რომ პოლიტიკოსსაც და ჟურნალისტსაც საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირი აქვს. როგორც ჟურნალისტი ურთიერთობს სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებთან და ცდილობს, მათი პრობლემა წინ წამოსწიოს, ასევეა პოლიტიკოსიც.
- როგორ ფიქრობთ, პოლიტიკოსი ქალისთვის სილამაზე რამდენად ხელშემწყობია წარმატებული საქმიანობისთვის?
- მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში და არა მხოლოდ პოლიტიკაში, სილამაზეს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ძალიან ბევრი წარმატებული ქალი ვიცი, რომელიც დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდა და ასევე შეიძლება ითქვას საპირისპირო შემთხვევაშიც. წარმატებული საქმიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შესწევს პიროვნებას ამის უნარი, ცოდნა. შეიძლება ვიღაცამ კეკლუცობაში ჩამითვალოს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ქალის სილამაზეს კარიერაში, საქმეში, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
- როგორი არის მაგდა ანიკაშვილი დედის ამპლუაში?
- პატარა ალექსანდრე უკვე წლისა და 2 თვისაა. მგონია, რომ ყველა დედისთვის თავისი შვილი არის სასწაული. ასევეა ჩემთვისაც. მასთან ურთიერთობისას ხანდახან მინდა, თავშეკავებული ვიყო, რადგან მიმაჩნია, რომ გადაჭარბებული მოფერება და სიყვარულის გამოხატვა ზედმეტია, მით უფრო, ვაჟიშვილის მიმართ, მაგრამ ხშირად ეს არ გამომდის. მინდა დამოუკიდებელი და ვაჟკაცური გაიზარდოს. ხშირად ვკითხულობ ბავშვთა ფსიქოლოგიას და ვიცი, რომ ზედმეტი მოფერება რყვნის ბავშვს. ყოველთვის მეცინებოდა, როდესაც ამბობდნენ, რომ ქართველი დედა განსაკუთრებულიაო. მიმაჩნდა, რომ ნებისმიერი ეროვნების დედა თანაბრად მოსიყვარულე იყო შვილის მიმართ, მაგრამ რაც შვილი შემეძინა და ამას უფრო დავაკვირდი, მივხვდი, რომ ქართველი დედისა და სხვა ეროვნების დედების ურთიერთობები შვილებთან მართლაც განსხვავებულია. ვფიქრობ, რომ ქართველმა დედებმაც შვილებთან ურთიერთობაში ზომიერება უნდა დავიცვათ. როდესაც სამსახურებრივი მივლინებით უცხოეთში ვიმყოფები, ჩემი ოჯახის გარეშე ძალიან მიჭირს. გარკვეული ლიმიტიც კი მაქვს დაწესებული ჩემი თავისთვის. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ 5 დღეს არ გადავაცილო. ალექსანდრე რაც უფრო იზრდება, მით უფრო უჭირს ხოლმე ჩემთან განშორება. მეც ძალიან ვითრგუნები მის გარეშე და ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო მასთან განშორების საათები.
- რამდენად ეკლესიური ხართ, მოძღვარი თუ გყავთ?
- მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ნაკლებად დადიოდა ეკლესიაში. ჩემს ბავშვობაში ყოველდღიური, თუნდაც ყოველკვირეული ეკლესიური ცხოვრება არ არსებობდა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო ხალხმა აქტიურად ეკლესიური ცხოვრება და მეც ქრისტიანული ცხოვრებით შეგნებულად მაშინ დავინტერესდი. 23-ე სკოლა დავამთავრე და იქვე მახლობლად წმინდა მიხეილის საავადმყოფოსთან, მიტოვებული ეკლესიის ნანგრევები იყო, რომელსაც მოსწავლეები შორიახლოს გარს ვუვლიდით ხოლმე. ამ ეკლესიის წარსულით არასდროს დავინტერესებულვართ. შემდეგ, როცა ტაძარი აღადგინეს და დაიწყო მღვდელთმსახურება, კლასელები ტაძარში, წირვაზე ხშირად დავდიოდით. მახსოვს, ჩემი პირველი მოძღვარი მამა კახაბერი გახლდათ. მას ჩავაბარე პირველი აღსარება. გაცნობიერებულიც კი არ მქონდა, აღსარების საიდუმლო რას ნიშნავდა. მახსოვს, მოძღვარმა ისიც კი გვითხრა, რომ მოსანანიებელი ცოდვები შეგვეძლო წერილობითი ფორმით გაგვენდო. ზუსტად არც კი ვიცოდი, რა უნდა დამეწერა. მეგონა, მოძღვრისთვის მხოლოდ ტყუილი და მშობლის გაბრაზება უნდა გამენდო. სამწუხაროდ, ჩემი მოძღვარი საზღვარგარეთ წავიდა და ახლა მომიწევს, სხვა მოძღვარს მივმართო აღსარების ჩასაბარებლად. ვცდილობ, ეკლესიურად ვიცხოვრო, მაგრამ, სამწუხაროდ, გადატვირთული რეჟიმის გამო, მარხვის დაცვას ყოველთვის ვერ ვახერხებ.
- ქრისტიანული სარწმუნოება ადამიანებს ერთმანეთის მიტევებას მოგვიწოდებს, თქვენ რამდენად მიმტევებელი ხართ?
- გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ადამიანს ყველაფერს ვაპატიებ. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და ცალკე განსახილველი.
- როგორი დიასახლისი ხართ?
- ძალიან მიყვარს ნიგვზიანი კერძები და ყველაზე დახელოვნებული ამ კუთხით ვარ. მიყვარს შემწვარი ბადრიჯანი, ბაჟე და ქათმის სალათი, რომელსაც განსაკუთრებულად გემრიელად და მონდომებით ვამზადებ. ოჯახის წევრებიც ამბობენ, რომ ჩემი ნახელავი კერძები ძალიან მოსწონთ. პატარა ალექსანდრეც დედიკოს ნახელავი სადილით კმაყოფილია ხოლმე. ჯერჯერობით, რაც ნაკლებად კარგად გამომდის, ეს ნამცხვარი და ცომეულია. თუმცა, რომ მოვინდომო, ამასაც ვისწავლი. თავისუფალი დროის კრიზისის გამო, სამზარეულოში დიდხანს ფუსფუსი არ მიწევს. როცა თავისუფალი დრო მაქვს, სადილებს სიამოვნებით ვამზადებ.
- ცოტა რამ პოლიტიკაზეც მინდა გკითხოთ. ოპოზიციონერების გარკვეული ნაწილი ქრისტიან-დემოკრატებს ფსევდო-ოპოზიციონერებად მიგიჩნევთ, ხომ არ ბრაზდებით ხოლმე ამგვარ ეპითეტებზე?
- არა, რატომ უნდა გავბრაზდე?! თითოეული ადამიანი ინდივიდია და ამა თუ იმ საკითხის გარშემო, ჩვენი საკუთარი მოსაზრება გაგვაჩნია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქრისტიან-დემოკრატები ფსევდო-ოპოზიციონერები ვართ, ეს მისი პრობლემაა. იმის მტკიცება და ახსნა-განმარტება, რომ ეს ასე არ არის, დროის ფუჭ ხარჯვად მიმაჩნია.
- როგორ აფასებთ ქრისტიან-დემოკრატები საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანის პერსპექტივას, რა მოლოდინი გაქვთ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით?
- ეს წელი მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ის, რაც აქამდე ჩვენი მხარდამჭერებისთვის გაგვიკეთებია, წლის ბოლოს ყოველივე ამ საქმის შეფასება მოხდება. საზოგადოებასთან ყოველდღიურად ურთიერთობისას ჩვენი პარტიისადმი მხარდაჭერასა და პატივისცემას ვგრძნობ. ამდენად, მიმაჩნია, რომ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. რაც შეეხება პარლამენტის ქუთაისში გადატანის პერსპექტივას, მიმაჩნია, რომ ეს არამიზანშეწონილია. გარდა იმისა, რომ ეს დამატებით სერიოზულ ხარჯებს გამოიწვევს, ვფიქრობ, რომ აუცილებელია, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში მდებარეობდეს, იქ, სადაც რაოდენობით ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მიმაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები მხოლოდ ერთეული ადამიანების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს და ამას საქართველოს მოსახლეობა რეფერენდუმით უნდა წყვეტდეს.
- ცოტა ხნის წინ ევროსაბჭოს ექსპერტებს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ირგვლივ არსებული ვითარება გააცანით, რა დაპირება მიიღეთ?
- ის, რომ ილორის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებული პრობლემა ევროსაბჭოს ტრიბუნიდან გაჟღერდა და ჩვენი ევროპელი კოლეგები საქმის კურსში ჩავაყენეთ, უკვე მნიშვნელოვანია, რადგან მიგვაჩნია, რომ მათი დახმარებით ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ მოგვარდება. მათგან მივიღეთ დაპირება, რომ ისინი უშუალოდ ჩაერთვებიან ამ საკითხის მოგვარებაში. ამ ეტაპზე გარკვეული მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან უკვე მიმდინარეობს.
თამარ როსტიაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პატრიარქის საგალობელი პარიზში შესრულდება
როგორ ათრობს მარინა ჯანაშია ხილს
ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ილია მეორე - საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე












გარეჯის მონასტრის ლავრიდან მონასტერ უდაბნოსკენ მსვლელობა მიმდინარეობს
დავით დარჩიაშვილმა გეი აღლუმი დაიცვა
ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს კოლმეურნეობის მოედნისკენ არ უშვებენ 

ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქცია ფილარმონიასთან აქცია ინციდენტით დაიწყო
დევიდ ბექჰემი ბარაქ ობამას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი იატაკზე ზის და პოზირებს
მამუკა არეშიძე: დავით გარეჯს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მალე დატოვებენ
ნინო კალანდაძე უდაბნოს მონასტერს ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიად აცხადებს
დავით გარეჯის წინამძღვარი: ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ერის ღალატია
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს
დავით ბაქრაძე საქართველოს პატრიარქს შეხვდა
პატრიარქი საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებს დაესწრება 



















