| ქალი და მამაკაცი |

"ქართული ოცნება", როგორც პოლიტიკური პარტია, პოლიტიკურ სივრცეში თებერვალში გამოჩნდება. ბიძინა ივანიშვილის გუნდში ამბობენ, რომ ამ პერიოდისთვის და საარჩევნო კამპანიისთვის სერიოზულად ემზადებიან და მათი პასიურობა ამითაა განპირობებული. სამაგიეროდ, ზეაქტიურ რეჟიმშია გადასული ნაციონალური მოძრაობა მთელი რესურსებით, მათ შორის – ტრადიციული უწესო მეთოდებით: ბრძოლით, მოწინააღმდეგეების დაშინება–დაჭერით, გადაბირებით, აგენტების შეგზავნით... თუმცა ხელისუფლების ძირითადი ყურადღება მაინც ივანიშვილის ფულზეა გადატანილი. მილიარდერის მიერ პარტნიორებისთვის გადარიცხულ 4.400.000–ს რომ ვერ შესწვდნენ, რამდენიმე დღის წინ "ქართულ ოცნებას" 2.000.000 ლარი დააბრუნებინეს უკან, ივანიშვილი ერთი ჯიბიდან იღებს და მეორეში იდებს, ეს რა წესიაო, თქვეს. თურმე სხვისი ჯიბიდან რომ იღებ და საკუთარში იდებ, ის უფრო კარგი წესი ყოფილა, მაგრამ კანონი და სამართალი ვის ხელშიცაა, გამარჯვებულიც ისაა. ჩვენთან კი ეს ბერკეტები ვის უპყრია ხელთ, ყველამ კარგად იცის.
უკვე გარკვევით ჩანს, რომ ივანიშვილის არა მხოლოდ პარტიაში, არამედ მის სახელთან ასოცირებულ ყველა კუთხე–კუნჭულში უმკაცრესი კონტროლი იქნება. პოლიტიკას, მით უმეტეს საარჩევნო კამპანიას, დიდი ფული სჭირდება.
როგორ აპირებს ბრძოლას "ქართული ოცნება" ასეთი ფინანსური შეზღუდვების პირობებში? ეს იყო პირველი კითხვა, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის წევრს, ირაკლი სესიაშვილს დავუსვით.
ირაკლი სესიაშვილი:
– ერთია, რომ პარლამენტმა მიიღო დრაკონული კანონი, რომელიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაა მიმართული. კანონი ბუნდოვანია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და, რაც მთავარია, ამ კანონის ფარგლებში დააწესეს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც დემოკრატიულ მიდგომებს სცილდება. კონტროლის პალატა, რომელსაც ევალება საბიუჯეტო ხარჯების კონტროლი, ამ შემთხვევაში არის სადამსჯელო ორგანო, მიმართული ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
კარგად ხვდებით, რომ მის ამ ახალ ფუნქციებს გამოიყენებენ არა – თანაბრად, არამედ ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ. ამას რომ არ ემატებოდეს მიკერძოებული სასამართლოს პრობლემა, შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა ჩვენ წინააღმდეგ მიმართული უკანონო მიდგომები, მაგრამ, როცა მთელი სახელმწიფო ადმინისტრაცია იმას ცდილობს, რომ სააკაშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება, როცა საქმე გვაქვს ძალაუფლების უზურპაციასთან, თავის დაცვა შეუძლებელია. ამიტომ გვიწევს არაორდინარულ ვითარებაში თავის გატანა, მაგრამ ჩვენი ძალა არის არა იმაში, რა ფინანსებს დავხარჯავთ, არამედ რამდენად სწორად გავაჩენთ იმედებს და რამდენად სწორად მოვახდენთ მათ რეალიზებას. გადამწყვეტი ფაქტორი ფინანსები კი არა, ისაა, რომ ამ პოლიტიკურ მოძრაობას სათავეში უდგას არაჩვეულებრივი ადამიანი, ღირსეული პატრიოტი, ვის ირგვლივაც ერთიანდებიან პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები და ვის მიმართაც საზოგადოების მხრიდან არის მაღალი ნდობა.
– ხშირად ისმის კითხვა, ეს მაღალი ნდობა და იმედი ფუჭად ხომ არ ჩაივლის.
– საზოგადოების დიდი ნაწილი ჩვენგან დიდ აქტივობას მოითხოვს. ამაზე ბატონმა ბიძინამ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი აქტივობა უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს. არ გვინდა, რომ ჩვენი ძალები და საზოგადოების მოტივაცია ფუჭად გავისროლოთ, ვიმოქმედოთ მხოლოდ მოქმედებისთვის. ჩვენი ქმედებები უნდა მოვაქციოთ სწორ სტრატეგიაში, გავთვალოთ ყველა რისკი და ჩვენი შესაძლებლობები, სისტემურად უნდა გავიმართოთ და სწორ დროს სწორად გამოვიყენოთ ძალები. მინდა, საზოგადოება დავამშვიდო, ჩვენი არააქტივობა გამოწვეულია არა იმით, რომ არ შეგვიძლია, არ გვინდა ან არ ვიცით, რა უნდა ხალხს, არამედ იმით, რომ ყველა ქმედება სწორად დავგეგმოთ.
– უფრო კონკრეტულად, რა იგულისხმება სწორად დაგეგმვაში?
– დღეს რომ დავიწყოთ განსაკუთრებული აქტივობა, შემოდგომამდე, ანუ არჩევნებამდე, ამხელა მუხტს ვერ შევინარჩუნებთ. განა იმიტომ, რომ ჩვენ გავჩერდებით, არამედ იმიტომ, რომ ხალხი დაიღლება. ამიტომ აქტიურობას დავიწყებთ საარჩევნო პროცესის დროს, მაგრამ მანამდე მოსახლეობისგან დისტანცირებას არ ვაპირებთ. ვემზადებით იმისთვის, რომ, როცა რეგიონებში მოსახლეობასთან შესახვედრად გავალთ, მიშა სააკაშვილის მსგავსად კი არ გავცეთ ცრუდაპირებები და გამოგონილი ციფრები ვუთხრათ, არამედ რეალობიდან გამომდინარე ველაპარაკოთ.
ექსპერტების მუშაობისას გამოჩნდა, რომ ქვეყანაში ყველა მიმართულებით კატასტროფული ვითარებაა. 2003 წელთან შედარებით ყველა დარგში რეიტინგი დავარდნილია. სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში კატასტროფული მდგომარეობაა, ასეთივე ვითარებაა დემოგრაფიული თვალსაზრისითაც. ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი იქნება ის, რომ ხალხს ვეტყვით მხოლოდ სიმართლეს; მხოლოდ იმას დავპირდებით, რისი შესრულებაც გარანტირებული ექნებათ; მხოლოდ იმ წინადადებებს წარვუდგენთ, რომლებიც განხორციელდება.
– ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი პენსიაა, რის მიხედვითაც ისაზღვრება ჩვენთან ხელისუფლების დამოკიდებულება სოციალური სფეროსადმი. რას დაპირდებით ხალხს, ხელისუფლებაში თქვენი მოსვლის შემთხვევაში რამდენი იქნება პენსია?
– კონკრეტიკა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია. კვლევის პროცესში ვართ, თუმცა მიმაჩნია, რომ მხოლოდ პენსიაზე აპელირება არასწორია და ეს სააკაშვილის პროპაგანდაა. მთავარი ის კი არ არის, პენსია რამდენი იქნება, მთავარია, ისეთი გარემო შევქმნათ, რომ ქვეყანაში დოვლათი შეიქმნას და ყველას შეეძლოს თავისი ცოდნით სამუშაოს შოვნა და ოჯახის ღირსეულად რჩენა. იმის მიუხედავად, რომ წინ რთული პერიოდი გველის, დარწმუნებული ვარ, კრიზისიდან მალე გამოვალთ და ჩვენი საზოგადოება იმაზე მეტს მიიღებს, რასაც წინასაარჩევნოდ დავპირდებით.
– ირაკლი, ხმები დადიოდა, რომ თქვენი პარტია იანვრის ბოლოს უნდა დაფუძნებულიყო. რამე პრობლემები ხომ არ შეიქმნა?
– არანაირი. პარტიის დაფუძნება დაკავშირებულია როგორც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენასთან, ისე ტექნიკურ საკითხებთან. პირველ რიგში, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის კონცეფციის შემუშავებით ვართ დაკავებული.
– რას უპასუხებთ მოსაზრებას, რომ ივანიშვილის პარტიის დაფუძნებაში გარეშე პირები, სხვა პარტიის წევრები ერევიან?
– მცდარი ნათქვამია. ასეთი ინფორმაციები მიზანმიმართულად ვრცელდება, პროპაგანდა მუშაობს. უშიშროების სამსახურები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათ მოვალეობაში შედის, ჭორები გაავრცელონ, ამით დააკნინონ ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, იმიჯი. პარტიას ბატონი ბიძინა ივანიშვილი ქმნის და ამასთანავე შეიქმნება ერთიანი ძლიერი პოლიტიკური ალიანსი. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ეს ალიანსი კიდევ უფრო გაფართოვდეს და ერთიანი ფრონტი შეიქმნას.
– ეს ითქვა არა ჭორების სახით, არამედ ყოფილმა ომბუდსმენმა, ნანა დევდარიანმა თქვა, "ქართული ოცნებიდან" იმიტომ წამოვედი, რომ იქ რესპუბლიკელები წყვეტენ ყველაფერსო.
– ნანა დევდარიანი განაწყენებულია. მამუკა არეშიძემ საკუთარ თავზე აიღო ის გაუგებრობა, რაც მოხდა. სამწუხაროა, რომ ქალბატონი ნანა ჩვენზე განაწყენდა და პრესიდან ცდილობს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. იმ ხუთ დღეში, რაც აქ იყო, იმ პროცესებში არ იყო ჩართული, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, შესაბამისად, არ იცის და რასაც ამბობს, მონაჭორია. თუ ნანა დევდარიანი ხვდება, ვინ ღუპავს ქვეყანას, არა მგონია, ამ ხელისუფლების რეალური ალტერნატივის დისკრედიტაცია სწორი იყოს. ამიტომ ვურჩევ, დაფიქრდეს და პირად წყენას ქვეყნის ბედი არ გადააყოლოს.
– როცა ცილს დაგწამებენ, ქრთამი აიღე, როცა ცეესკო–ს თავმჯდომარე იყავიო, გასაგებია, რომ განაწყენდები.
– მაგაზე ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი.
– დევდარიანს არეშიძეზე არაფერი უთქვამს. თქვა, საქართველოს მოსახლეობას პროამერიკელი ლიბერალი რესპუბლიკელები რომ სდომებოდა, მათ მისცემდა ხმას, თუ იგივე ორიენტაცია უნდა ჰქონდეს "ქართულ ოცნებას", ივანიშვილის პარტიის შექმნა რაღა საჭირო იყოო. თქვენი ორიენტაცია მართლა ცალმხრივად პროამერიკულია?
– ბიძინა ივანიშვილი არის არა ფორმალური ლიდერი ამ პოლიტიკური ორგანიზაციის, არამედ მმართველი და გადაწყვეტილების მიმღები საკუთარ გუნდთან და პარტნიორებთან ერთად. ის პოლიტიკა, რომელიც ალიანსის ფარგლებში იქნება განსაზღვრული, იქნება ერთიანი ხედვა. არ შეიძლება პროამერიკელებად, ანტიამერიკელებად, პრორუსებად ან ანტირუსებად დაყოფა. ჩვენ ვართ რეალისტები და მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვნახოთ სწორი გზა, რომელიც ქვეყანას სწრაფად განავითარებს. ხელისუფლების პროპაგანდა, რომ შეიძლება საგარეო პოლიტიკა დაყო პრორუსულად ან პროამერიკულად, არასწორია. ამით არამც და არამც კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას. ეს ხელშეუხებელია, რადგან ისტორიულად და კულტურულად ჩვენი ერი ისწრაფვის თავისუფლებისკენ, დემოკრატიული ღირებულებებისკენ. ჩვენი ორიენტირი არის არა უბრალოდ თქმა, რომ ვართ პროდასავლურები, არამედ იმ ღირებულებების დამკვიდრება, რაც დემოკრატიის გარშემო ერთიანდება.
– ეროვნულ ფორუმთან კონსულტაციებს რითი ვერ დაადგა საშველი? მართლა იმავე, ე.წ. ინდივიდუალურ ფორმატს სთავაზობთ, რასაც ძიძიგურს და დავითაშვილს, რომ სანიკიძეს, შარტავას და შავიშვილს ჩაწერთ სიაში, ოღონდ პარტიის გარეშე?
– ვიცი, რომ თქვენს მკითხველს ეს ძალიან აინტერესებს, მაგრამ პრაგმატულები ვიყოთ. ჯობია, შედეგებს დაველოდოთ. ბატონმა ბიძინამ სწორად თქვა, რომ არც ერთი ქართველი არ არის დასაკარგი და ეს სააკაშვილმა გაიმეორა. ეტყობა, იმდენად აწუხებს ივანიშვილი, რომ მისი არც ერთი ინტერვიუ წაუკითხავი არ რჩება და თავში ჩაებეჭდა. როცა რომელიღაც ადამიანის მიმართ არის ნეგატიური აზრი, რატომ არიან "ქართულ ოცნებაშიო", რა ვქნათ?! ეს არის საქართველო. ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები. ზოგიერთ შემთხვევაში ვიზიარებთ მათ აზრს, ზოგჯერ არ მოგვწონს ვიღაცის წარსული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა ვკრათ. თუ ვინმე დამნაშავეა, მათ მიმართ სამართლებრივი პროცედურები უნდა ხორციელდებოდეს, თუ დამნაშავეები არ არიან, მათთვის ჩირქის მოცხება სიძულვილის გამოვლინებაა, რაც ასევე ამ ხელისუფლების იდეოლოგიის ნაწილია – მოსახლეობის მტრებად და თავისიანებად დაყოფა. ამ ქვეყანაში ჩვენთვის არ არსებობენ მტრები, მათ შორის – სააკაშვილის ხელისუფლებაშიც. სხვა საქმეა არჩევანი. ნახავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პოლიტიკურ პარტიაში გააკეთებს სწორ არჩევანს და შექმნის ისეთ გუნდს, რომელიც ღირსეული ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული.
– თავად ივანიშვილმაც დაყო ოპოზიცია მტრებად და მოყვრებად.
– წინასაარჩევნო პერიოდში ვართ. დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. ჩვენ საქმე არ გვაქვს ისეთ არჩევნებთან, რომლის დროსაც პოლიტიკური სკამების დაკავება უნდა მოხდეს. საქმე გვაქვს რეჟიმთან, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია, ქვეყანა აქცია საბჭოთა ციხედ, დაამკვიდრა ბოლშევიზმი, უარი თქვა დემოკრატიაზე და ოპონენტებს ებრძვის ძალის გამოყენებით. ასეთ პირობებში, არა მგონია, პოლიტიკური კინკლაობის დრო იყოს.
– საუბრის დასაწყისში თქვით, ივანიშვილი არაჩვეულებრივი ადამიანიაო. დადის ხმები, რომ ის ენისამყოლი და ეჭვიანია.
– გითხარით, რომ მუშაობენ სპეციალური სამსახურები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურებიან. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული პროექტია, ჩაუვარდათ, არავინ დაიჯერა; ვერანაირი ფინანსური დარღვევა ვერ აღმოუჩნიეს, რომ ქვეყნიდან გაეძევებინათ; მოქალაქეობა ჩამოართვეს – არაფერი გამოუვიდათ; მისი გუნდის წევრებს დაემუქრნენ – არ გაჭრა. რაღაც ხომ უნდა გააკეთონ? ახლა მის პიროვნულ თვისებებზე გადავიდნენ. იმ ადამიანზე, რომელსაც ამდენი სიკეთე აქვს ქვეყნის წინაშე გაკეთებული, არა მგონია, დაიჯერონ, ეჭვიანიაო.
– წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას როგორ აპირებს თქვენი ლიდერი? სასახლიდან?
– ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ გარეთ არ გამოდის. გამოდის კიდეც და შეხვედრებსაც ესწრება, სტუმრადაც დადის რეგიონებში. უბრალოდ, სააკაშვილისგან განსხვავებით, ამას პიარისთვის არ იყენებს. ივანიშვილს ყველაფრის მიმართ ადამიანური დამოკიდებულება აქვს. არ არის აუცილებელი, ყველაფერი კამერების თანდასწრებით მოხდეს.
– რას ატყობთ, აუღო ალღო პოლიტიკას?
– ძალიან მალე და ეფექტურად. ეს თამამად შემიძლია გითხრათ, არა, როგორც მისი გუნდის წევრმა, არამედ, როგორც ექსპერტმა. მოკლე დროში ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ლიდერად, რაც ასევე არის ჩვენი იმედის და მოლოდინის გამაძლიერებელი.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი












იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს 

ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
დღეს ამაღლებაა
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება
კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ 


















































































































